მთავარი,სიახლეები

თებერვალში საკითხავი 10 ბესტსელერი

06.02.2019 •
თებერვალში საკითხავი 10 ბესტსელერი

2019 წლის დასაწყისისთვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორის არის როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე, ქართულენოვანი წიგნები. აქტიური მკითხველები ხშირად ბესტსელერებს სკეპტიკურად უყურებენ და რეალურადაც ყველას საუკეთესო წიგნების საკუთარი სია აქვს. თუმცა თუ  ქართველი მკითხველის არჩევანს ენდობით, მაშინ ამ ათეულიდანაც აარჩევთ რამეს წასაკითხად.

გამომცემლობების – „ინტელექტი”, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, „დიოგენე” და „წიგნები ბათუმში”  – ინფორმაციით, 2019 წლის თებერვლის დასაწყისის მონაცემებით, ბესტსელერების სია საკმაოდ გრძელია, ჩვენ მათგან ათ საუკეთესოს გთავაზობთ:

 

ამ რომანში ყველა კვდება

„ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

 

ჩინუა აჩებე „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს” – მთარგმნელი: გვანცა ჯობავა

„ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“ კოლონიზაციის პროცესის მუქი საღებავებით დახატვის გამო მალაიზიისა და ნიგერიის მთავრობებმა აკრძალეს. მართალია, აშშ-ში წიგნი ოფიციალურად არასდროს აკრძალულა, თუმცა 2012 წელს გასაჩივრდა წიგნში შესული რასისტული ელემენტების გამო. რომანში პირუთვნელად, შეულამაზებლადაა აღწერილი ნიგერიული ტომის ცხოვრება მე-19 საუკუნის მიწურულს, კოლონიზაციამდე, და მას შემდეგ, რაც პირველმა ევროპელებმა ამ მხარეში დადგეს ფეხი. წიგნი, რომელიც პირველად 1958 წელს გამოქვეყნდა – ორი წლით ადრე, ვიდრე ნიგერია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, სრულადაა დაცლილი კოლონიამდელი ეპოქის გაიდიალებისგან და გვიხატავს სამყაროს, რომლისთვისაც ძალადობა, ომი და გაჭირვება უცხო არ არის”, – გამომცემლობა „ინტელექტი”.

 

თამარ გეგეშიძე „სული-ჩიტი”

„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის სადებიუტო რომანი, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნია.

ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება”, – გამომცემლობა „ინტელექტი”

 

ვიტოლდ გომბროვიჩი „პორნოგრაფია” – მთარგმნელი: ქეთი ქანთარია

„ვიტოლდ გომბროვიჩი პოლონელი მწერალია, რომელსაც მეოცე საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში, ხელოვნებაში, – ალბათ, ზოგადად, აზროვნებაში. პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის, ქვეყნის მსახურების გარშემო – გომბროვიჩმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა.

რომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის, მათთვის უჩვეულო ,,სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს, რაღაც ახალ რეალობას ქმნის, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს – რისთვის, რატომ – იმიტომ, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს, სადღაც არის აბსოლუტური მშვენიერება, ახალგაზრდობა, თავაწყვეტილი სიცოცხლე… ომის, გამოფიტულობის, უსურვილობის ატმოსფეროში”, – ქეთი ქანთარია. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”

 

დათო გორგილაძე „ღმერთი სამსახურშია” 

„წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ”, – გამომცემლობა „ინტელექტი”.

 

ვიქტორ პელევინი  „GENERATION „პ” ” – მთარგმნელი: შოთა იათაშვილი

„პელევინის საკულტო რომანი „Generation „პ“ 1990-იანი წლების რუსეთზე, მის სოციალურ და პოლიტიკურ რეალიებზე მოგვითხრობს. ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი „პეპსის თაობას“ უწოდებს. იგი „მზიური“ საბჭოთა ყოფიდან უცებ აღმოჩნდება სრულიად ახალ, სასტიკ რეალობაში. კაცი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ მთარგმნელობა დაუსახავს, უცებ თავს ამოყოფს რეკლამისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

 

 ნორა იკსტენა „დედის რძე” – მთარგმნელი: მზია კობერიძე

“დედის რძე” წიგნების ახალი სერიის, “საკუთარი ოთახის” პირველი წიგნია. სერია „საკუთარი ოთახი“ ქალ ავტორებს გააერთიანებს. ქალებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს თავიანთი საქმითა თუ სიტყვით ხელი შეუწყვეს თანასწორობის საკითხების წინ წამოწევას, ქალებისთვის უფლებების მოპოვებას, მათ გააქტიურებას. ქალების, რომლებიც არაერთი სხვა ქალისთვის გახდნენ შთაგონების წყარო, მათი წიგნები კი იქცა ახალი ტალღების, ახალი მოძრაობების სათავედ. ეს ნაწარმოებები – მნიშვნელოვანი, აქტუალური ნაწარმოებები – შეგვახსენებენ, რომ მსოფლიოში თანასწორობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია, რომ არსებობს უამრავი ქალი, რომელთა ხმა უბრალოდ არ ისმის, რადგან ისინი გამომწყვდეულები არიან ტრადიციების, ადათების, ძალადობის, სიღარიბის, აუნაზღაურებელი და უჩინარი საშინაო შრომის, დისკრიმინაციული კანონების მარწუხებში”, – გამომცემლობა „წიგნები ბათუმში”.

 

თემურ ბაბლუანი – „მზე, მთვარე და პურის ყანა“

 

 

„ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი”, – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

 

მილან კუნდერა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” – მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი

„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი  – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა.

რომანის გმირები 1960-1970-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს”, – გამომცემლობა „დიოგენე”.

 

ჯულიან ბარნსი „ერთადერთი ამბავი” – მთარგმნელები: ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე

„უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება – მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება”, – გამომცემლობა „დიოგენე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: