მთავარი,სიახლეები

კაზინოების წილი ბიუჯეტში

01.08.2017 • 5056
კაზინოების წილი ბიუჯეტში

ბათუმის სამორინეებს გასულ წელს 680 600 ვიზიტორი ეწვია. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – 517 256 (ვიზიტორთა 76 პროცენტი) უცხოელი იყო, დანარჩენი კი – საქართველოს მოქალაქე. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებია. ბათუმში ამ დროისთვის ცხრა კაზინო მუშაობს, თბილისში – ხუთი.

სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში სოლიდური თანხა შედის. რადგან ყველაზე მეტი კაზინო ბათუმშია განთავსებული, შევეცადეთ დაგვეთვალა, თუ რა შემოსავალი რჩება სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს უშუალოდ კაზინოებისგან. აღმოჩნდა, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი თანხა სწორედ ბათუმის ბიუჯეტში შედის.

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების (გრანტების გარდა) თითქმის 27 პროცენტი კაზინოების მიერ გადახდილი თანხა იყო. ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოს ბიუჯეტში – 1,3 პროცენტი, ხოლო თბილისის ბიუჯეტში – 2,3 პროცენტია. კაზინოებიდან შემოსავლები აჭარის ბიუჯეტშიც შედის, რამაც გასულ წელს მთლიანი შემოსავლების 4,5 პროცენტი შეადგინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „რეგიონის ეკონომიკისთვის სათამაშო ბიზნესს გააჩნია ფისკალური (შემოსავლები ბიუჯეტში), საინვესტიციო, ტურიზმის ხელშემწყობი, დასაქმებითი და ზოგადეკონომიკური ეფექტები“.

შემოსავლების სამსახურის შესაბამისი რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, სათამაშო ბიზნესში ქვეყნის მასშტაბით სულ 246 (ბათუმში – 56) ნებართვაა გაცემული, აქედან უშუალოდ სამორინეს მოწყობაზე მხოლოდ – 21. ამ 21 ნებართვიდან ნახევარზე მეტი – 11, ბათუმში მდებარე კაზინოებზეა გაცემული; ოთხ-ოთხი ნებართვაა გაცემული თბილისსა და წყალტუბოში, ხოლო თითო – სიღნაღსა და ყაზბეგში.

ბოლო მონაცემებით, ბათუმში 2017-2021 წლებში კიდევ 7 კაზინო უნდა გაიხსნას, ძირითადად იმ ობიექტებში, რომლებიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამორინეს ამოქმედების ვალდებულებით გაასხვისა.

ამავე სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს აჭარაში, კერძოდ ბათუმში, 13 სამორინე ფუნქციონირებდა, მათგან 3 – არასრული წლით; სამორინეებში სათამაშო მაგიდების რაოდენობა იყო 139, ხოლო სათამაშო აპარატების რაოდენობა – 1 254. სამინისტროს მონაცემებით, ბათუმის სამორინეებში გასულ წელს დასაქმებული იყო 2 500-ზე მეტი ადამიანი.

ბათუმში ამ დროისთვის 9 კაზინო მუშაობს.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

სათამაშო ბიზნესის ნებართვების რეესტრის მიხედვით, ორ კომპანიას 2021 წლამდე აქვს ნებართვა კაზინო ამუშაოს ბათუმში, თუმცა დღეს ეს კაზინოები („კამპიონე“ და „პეგასი“) არ ფუნქციონირებენ. ბათუმში აღარ ფუნქციონირებს ასევე კაზინო „პრეზიდენტი“. მასზე ნებართვა ამ დროისთვის გაცემული აღარ არის.

ბათუმში გასულ წელს კაზინოებს ამუშავებდნენ შპს „UniPlay“ და „გოლდენ გეითი“, თუმცა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ კომპანიებს მიმდინარე წლის დასაწყისში თავიანთი განცხადების საფუძველზე გაუუქმდათ სამორინეს მოწყობის ნებართვები.

„ჩვენ არც ნებართვის გამცემი ორგანო ვართ და არც კვლევას ვაწარმოებთ. გვაქვს ის მონაცემები, რასაც გვაწვდიან შესაბამისი სამსახურები. ამდენად, არ ვიცით ესა თუ ის კაზინო რატომ არ ფუნქციონირებს“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა სამინისტროში.

ადგილობრივ ბიუჯეტში კაზინოებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და ბათუმის მერიამ განსხვავებული მონაცემები მოგვაწოდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, კაზინოებიდან თითქმის 1 მილიონი ლარით მეტია შესული ბათუმის ბიუჯეტში იმ მონაცემთან შედარებით, რაც მერიამ მოგვაწოდა.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ სამინისტროს ინფორმაცია უშუალოდ კომპანიებისგანაც აქვს, მათ კი საგადასახადო კოდების მიხედვით დააჯამეს: „შესაძლებელია, ამა თუ იმ კომპანიამ კაზინოსგან გადასახადი სხვა კოდით გადაიხადა, შესაბამისად, ეს უშუალოდ კაზინოებისგან მიღებულ შემოსავალში ვერ აისახა. მთლიანობაში კი ის თანხა (1 მილიონამდე ლარი) რაც სხვაობა იყო, ქალაქის ბიუჯეტში შემოსულია“.

სათამაშო ბიზნესს ხელს სახელმწიფო ლიბერალური პოლიტიკის გატარებით და მთელი რიგი შეღავათების დაწესებით უწყობს. თუმცა დღეს ყველა სამორინე იხდის იმ გადასახადს, რასაც სხვა ტიპის ბიზნესი, მაგალითად, მოგების, საშემოსავლო (რასაც უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტში იხდიან), თუმცა, სამორინეს ოპერატორი გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. ამასთან, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეს ბიზნესი ზოგან აკრძალულია, ზოგან კი მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული.

მიუხედავად არსებული საგადასახადო შეღავათებისა, კაზინოები, ძირითადად, მაინც ბათუმსა და თბილისში მუშაობს. ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი, რომ სათამაშო ბიზნესი შესაძლოა სპეციალურ ზონებში ყოფილიყო ნებადართული. თუმცა სათამაშო ბიზნესის მფლობელები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ეს კაზინოების დახურვას გამოიწვევდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა თუ, ზოგადად, ბიუჯეტის შემოსავლებზე.

აჭარის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „საქართველოში და საკუთრივ აჭარის რეგიონში, სათამაშო ბიზნესს გააჩნია შემდეგი უპირატესობები – სათამაშო ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობა; ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ბიზნესში; მეზობელ ქვეყნებში არსებული აკრძალვა სათამაშო ბიზნესზე; ლიბერალური სავიზო პოლიტიკა; მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო“.

განსხვავებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ქვეყნის მასშტაბითაც. კაზინოების შემთხვევაში, 2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმში სამორინეს ერთი მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 24 ათასი ლარია, თბილისში კი – 40 ათასი ლარი. რაც შეეხება სათამაშო აპარატებს, ბათუმში თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი 2 600 ლარია კვარტალში, თბილისში კი – 4 ათასი ლარი.

2017 წლის პირველ სამ თვეში უშუალოდ კაზ­ინოებიდან საქ­ართ­ვე­ლოს ბიუჯ­ეტში ჩაირიცხა 7,5 მილიონი ლ­არი, თბილისის ბიუჯეტში – 6,7 მი­ლ­იონი ლარი, ბათუმის ბიუჯეტში – 7 მილ­იო­­ნამდე ლარი.

რაც შეეხება საქართველოს სახე­ლმწიფო ბიუჯეტს, იმ კომპანიებს, რომ­ლებსაც სამორინეს მოწყობის ნე­ბართვა აქვთ, მიმდინარე წლის სამ თვეში დამატებით გადახდილი აქვთ 28,4 მილიონი ლარი. თუმცა, ამ თანხასთან დაკავშირებით, საქ­ართველოს ფინ­ანსთა სამინისტროში „ბათუმელებს“ გან­უმარტეს, რომ „გა­დამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამ­დენიმე საქმიანობას ან ფლობდეს რა­მდენიმე ნებართვას და მის მი­ერ გადახდილი თანხები არ უკავში­რ­დე­ბოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს, შესაბამისად, მოკლ­ებუ­ლი ვა­რთ შესაძლებლობას მოგ­აწ­ო­დოთ ინფორმაცია, მხოლოდ სამ­ორ­ინ­ე­ე­ბ­ი­დან შემოსული თანხების შე­სახებ“.

იმ კომპანიებს, რომლებიც სამ­ო­რ­ინეს ამუშავებენ, 2016 წელს საქ­ართველოს ბიუჯეტში გადახდილი ჰქო­ნდათ 91 მილიონამდე ლარი, რო­მე­ლიც დიფერენცირებულად ფინ­ან­ს­თა სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა. იგივე გადამხდელებს დამატებით 20,3 მილ­იონი ლარი შარშან გადახდილი ჰქ­ო­ნდათ, როგორც მოსაკრებელი უშ­უ­ალოდ სამორინეს სათამაშო მაგი­დე­ბიდან.

ბათუმის კაზინოებს ყველაზე მეტი მომხმარებელი კვლავ თურქეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ჰყავს. სამორინეებში განსაკუთრებით პოპულარული თამაშები პოკერი, ბლექ ჯეკი და რულეტი ყოფილა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას გაიზიარებენ, სათამაშო ბიზნესი უფრო მოტივირებული გახდება, მეტი ადამიანი ჩამოიყვანოს უცხოეთიდან“, – აცხადებს ალექსანდრე სახელაშვილი, რომელიც „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადების თანაავტორია. ინიციატივის მიზანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებაა.

კანონპროექტის ავტორების თქმით, თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღება საშუალებას მისცემს ლუდომანებს, პირადი განცხადების საფუძველზე (სავარაუდოდ, იუსტიციის სახლში), გარკვეული პერიოდი ნებაყოფლობით დაიბლოკონ თავი ნებისმიერი აზარტული ტიპის დაწესებულებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირა, რომ ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს მსგავსი ტიპის კანონპროექტზე.

ალექსანდრე სახელაშვილის თქმით, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სათამაშო დაწესებულებების ვიზიტორთა 70-80% არის ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ შემოსავალის 80%-მდე სწორედ ტურისტებზე მოდის, რადგან ისინი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ. სახელაშვილის თქმით, მას ეს მონაცემები უშუალოდ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებისგან აქვს.

„ფინანსთა სამინისტრო აპირებს ერთიანი პაკეტის წარმოდგენას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით და ამ პაკეტში მოიაზრებენ თვითაკრძალვის მექანიზმის შემოღებასაც. ჩვენ შევთავაზეთ იდეა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ მექანიზმმა… გვითხრეს, რომ ჩაგვრთავდნენ პროცესში, თუმცა ამ დრომდე არავინ დაგვკავშირებია. თვითაკრძალვის იდეას ყველა უჭერს მხარს, მათ შორის სათამაშო ბიზნესიც“, – აცხადებს ალექსანდრე სახელაშვილი.

რა პაკეტზე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო და როგორ აისახება ეს უშუალოდ კაზინოების ბიზნესზე? – ამ კითხვით ფინანსთა სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ რაიმე კომენტარს თუ განცხადებას ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.

„საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის (სათამაშო ბიზნესის) მიმართ ლიბერალური პოლიტიკა, რადგანაც აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. ასევე აუცილებელია სახელმწიფომ მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე ეს დარგი სახელმწიფოს მიერ არ არის კარგად შესწავლილი და არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა. რთულია იმის თქმა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აზარტული თამაშებიდან მომდინარე სერიოზული უარყოფითი გარეგანი ეფექტები. შესაბამისად, არაგონივრული იქნება ამ ბიზნესზე დამატებით რაიმე შეზღუდვის დაწესება, რასაც, გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 2015 წლის ანგარიშში.

ტურიზმის სპეციალისტი ზვიად ელიზიანიც მიიჩნევს, რომ რადგან მოთხოვნა არის ამ სეგმენტზე და მას დადებითი მხარეც აშკარად აქვს, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური თანმდევი ეფექტები, რაც ახლავს ამ ბიზნესს და მაქსიმალურად გააძლიეროს პოზიტიური მხარე.

„კაზინოს ტურიზმი ცალკე სეგმენტია, რომელსაც კონკრეტული კლიენტურა ჰყავს. თუ აკრძალავ, მოთხოვნა ბაზარზე დარჩება და ეს სეგმენტი გადაინაცვლებს სხვაგან. სტიმულირებაზე თუ აიღებს აქცენტს ქვეყანა, შეიძლება პიარ ან/და მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩადება ამ სეგმენტის, რათა უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. მართალია, ვინც სათამაშოდ ჩამოდის, მათთვის უმთავრესი სწორედ კაზინოში თამაშია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, შეიძლება დამატებითი, მათზე მორგებული სერვისები შესთავაზო. ვთქვათ, ტურები, ან რაღაც ივენთები და ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყანამ“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რეგიონს რეკლამას უწევენ საერთაშორისო ბაზრებზე, ყველა ტურისტული მიმართულებებით, მათ შორის კაზინოების სეგმენტის კუთხითაც.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რეგიონში ჩამოსული უცხოელი ტურისტების საშუალოდ 10,7% აჭარაში სტუმრობის მიზეზად აზარტულ თამაშებს ასახელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგია, ეს არის სფერო, რომელსაც თან ახლავს გარკვეული უარყოფითი გარეგანი ეფექტები, როგორიცაა: აზარტულ თამაშებზე არაჯანსაღი დამოკიდებულება და თანხმლები ფინანსურ/სოციალური პრობლემები; არასრულწლოვანთა ჩართულობა. ასევე, ერთ-ერთ საფრთხეს ფულის გათეთრების მაღალი რისკი წარმოადგენს“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ Moneyval-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი) 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის ზრდის ფონზე საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები სათანადო ყურადღებით არ ახდენენ ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგს.

„ამ ეჭვს აჩენს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, 2010 წლიდან დღემდე (2015 წლამდე) ფულის გათეთრების მცდელობის შემთხვევებზე გამოძიება არ წარმართულა“ – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში. მიმდინარეობდა თუ არა 2015 წლიდან დღემდე ფულის გათეთრებაზე გამოიძიება, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება აზარტულ თამაშებზე არაჯანსაღ დამოკიდებულებას, კვლევაში ხაზგასმულია, რომ „საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს. შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რაც აზარტული თამაშებიდან მომდინარე რისკებს შეისწავლიდა და გამოავლენდა პრობლემის სიმძიმეს“.

კანონით კაზინო ფიზიკურ პირს 100%-ით უნაღდებს მოგებულ ფსონებს. მიუხედავად ამისა, ბათუმში ადგილი ჰქონდა არაერთ შემთხვევას, როცა კონკრეტულმა კაზინომ მოთამაშეს მოგებული თანხა საერთოდ არ მისცა. ზოგიერთი ასეთი დავა კაზინოსა და მოთამაშეს შორის სასამართლოში გრძელდება.

[checklist]

  • სამორინეს მოწყობაზე ნებართვას შემოსავლების სა­მსახური გასცემს. ქვეყნის კანონმდებლობით საქა­რთ­ველოს მთელ ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის სან­ებართვო მოსაკრებელი წელიწადში 5 მილიონი ლარია. თუმცა არის გამონაკლისებიც.
  • მაგალითად, ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქო­ბუ­ლეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში სანებართვო მოსაკრებელი 250 ათასი ლარია; ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – წელიწადში 100 ათასი ლარი;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავი­სუფ­ლ­დ­ება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე, დაბა ბაკუ­რია­ნი­სა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავი­სუფ­ლდება ასევე ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახალაშენებული არა­ნაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანა­კლიასა და სოფელ განმუხურში ახალაშენებული არ­ანა­კლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამო­რინეს მოწყობა. ახალაშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამო­რინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის გან­მავლობაში.
  • ნებართვის მისაღებად მაძიებელმა შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა მო­სა­კრ­ებლისგან გათავისუფლებული ტერიტორიისა).

[/checklist]

სამორინეს მოწყობის შემთხვევაში ასევე საჭიროა:

მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღ­ნი­შნული უნდა იყოს: სამორინეში არსებული სათამაშო მა­გ­იდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნო­მრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მი­თითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამ­ორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის წესები; სა­მორინეში მიმდინარე თამაშების წესები; პრეტენზიის განხილვის ვადა; სამორინეს სათამაშო ჟეტონის ნიმუშები; ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობასა და წა­რ­მომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, დამ­ფუ­ძნე­ბლ­ის/პარტნიორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნას­ამართლობის შესახებ ცნობა.

[highlight color=”red”]გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: