რა ფერის იქნება ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა სკამები – დისკუსია ფეისბუქში

“მხოლოდ თეთრი და ლურჯი” – „დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟდეს. ამ თემაზე დისკუსია ფეისბუქში დაიწყო.

ბათუმში 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონს შპს „სტადიონი“ აშენებს.  შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც გულშემატკივართა სკამები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ფოტოს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრები წერდნენ, რომ ახალ სტადიონზე სკამები მხოლოდ ლურჯი და თეთრი ფერის უნდა იყოს და წითელი ფერი ზედმეტია. მოგვიანებით  შპს „სტადიონის“ ოფიციალური გვერდიდან ფოტო წაშალეს, თუმცა დისკუსიამ ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ფანკლუბის გვერდზე გადაინაცვლა.

„ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით სტადიონის მშენებლობას და მადლობა სახელმწიფოს ამისთვის. შპს „სტადიონის“ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ფოტოები, რომლებზეც სტადიონის სკამები სამ ფერში იყო. როდესაც შევამჩნიეთ, რომ იქ იყო წითელი სკამების ჩანაფიქრი, ჩვენი პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. ჩვენ არანაირი გართულება არ გვაქვს ფერთან, თუმცა თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის „ბათუმის დინამო“ და ამ დროის მანძილზე ჩვენი ფერები ლურჯი და თეთრია. მიღებული სტანდარტია – გუნდის ფანები და გულშემატკივრები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან ის ლოგო, რომელ გუნდსაც ქომაგობენ. უკვე დასრულებული სტადიონის ტრიბუნაზე სკამის ფერი უნდა იყოს ლურჯი და თეთრი, იმიტომ, რომ ეს „ბათუმის დინამოს“ ფერია.

ჩვენ გვესმის, რომ სტადიონი „დინამო ბათუმის“ საკუთრება არაა, მაგრამ არსებობს ფაქტები, სადაც გულშემატკივრების აზრი გაითვალისწინეს. შორს რომ არ წავიდე, იგივე „დინამო არენა“ არ არის „დინამო თბილისის“ საკუთრება, საქართველოს საკუთრებაა, თუმცა „დინამო არენას“ ტრიბუნები გადაწყვეტილია ლურჯ და თეთრ ფერებში,“ – ამბობს ლუკა სირაბიძე „ბათუმის დინამოს“ ოფიციალური ფანკლუბის – „შავი ზღვის მეკობრეების“ წევრი.

რა ფერის იქნება ტრიბუნებზე განთავსებული სკამები ახალ სტადიონზე, ამ კითხვით შპს „სტადიონის“ დირექტორის მოადგილეს, ჯემალ ბოლქვაძეს მივმართეთ.

ჯემალ ბოლქვაძის მტკიცებით, ამ ეტაპზე გულშემატკივართა სკამების ფერი პროექტით განსაზღვრული არ არის.

„პროექტით არ არის გათვალისწინებული როგორ მოეწყობა, რა კონფიგურაციით იქნება და რა ფერის იქნება სავარძლები. პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, ისეთი, როგორიცაა: გეომეტრიული ზომები, მასალის ხარისხი და ა.შ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება, თუ რა ფერის იქნება სავარძელი, როგორ განლაგდება, მიღებული არაა. არც სავარძლების მოწყობის სამუშაოებია დაწყებული, რადგან არ არის დასრულებული ტრიბუნის მოწყობა, რაზეც უნდა დამაგრდეს ეს სავარძელი,“ – ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ სავარძლების ფერი შერჩეული არ აქვთ, როგორ გაჩნდა სამი ფერის სკამები სტადიონზე და შემდეგ რატომ წაშალეს ამის ამსახველი ფოტო ოფიციალური გვერდიდან, ჯემალ ბოლქვაძე განმარტავს:

„მშენებელი კომპანია ალბათ შესაბამისი პარამეტრის სავარძლებს არჩევს და შეიძლება ერთი-ორი ცალი დამონტაჟებული იყოს. ფოტოს წაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, გაურკვევლობა რომ გამოიწვია, თითქოს  სკამების მონტაჟი დაიწყო“.

შპს “სტადიონის” მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული ფოტო, სადაც თეთრი, წითელი და ლურჯი ფერის სკამები ჩანს

 

ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის

ევროკავშირი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 16-17 წლის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი მარტის ჩათვლით შეუძლიათ.

„სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც  ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე,“- ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ხორციელდება „ახალ სკოლაში“ თბილისში (საქართველოში) და მოიცავს ორწლიან სასწავლო კურსს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს იწყება.

„უნიკალური სადიპლომო პროგრამა აერთიანებს ბაკალავრის საერთაშორისო პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ევროპული სკოლების სისტემის მიერ ინსპირირებული სპეციალიზებული სწავლებით.

შერჩეული სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს მრავალენოვან და მულტიკულტურულ გარემოში, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნის გასაღრმავებლად.

სტუდენტებს, ასევე, ექნებათ წვდომა მდიდარ კლასგარეშე პროგრამასთან და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის კონფერენციებში ევროკავშირის საკითხებზე. სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპათმცოდნეობაში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ავრცელებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადები უნდა წარადგინონ  ვებსაიტის – www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2019 წლის პირველი მარტის 12:00 საათამდე (უნივერსალური გლობალური დრო, +4:00).

შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებსა და ინტერვიუებს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2019-2020 სასწავლო წლის სტიპენდიატების ჩამონათვალი გამოცხადდება 2019 წლის მაისის ბოლოს.

 

ძლიერი ქარის გამო ბათუმში სახურავები და ხეები დაზიანდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა. „წაიქცა სამი და დაზიანდა რამდენიმე ხე-მცენარე.

ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები,“ – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ მერიის სამსახურები. „ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ახორციელებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე“.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ის სარჩელით დაზარალებულის სტატუსის მიუღებლობას აპროტესტებს, რაც მას ამ დრომდე არ აქვს. სარჩელის კიდევ ერთი ავტორი ქობულეთის მუსლიმური პანსიონია, რომელიც ასევე არ მიიჩნია სახელმწიფომ დაზარალებულად – სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქობულეთში პანსიონი ამ დრომდე დაკეტილია. მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორიგის ცენტრი“ დაიცავს.

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომლებითაც პირს დაზარალებულის ან დაზარალებული პირის უფლებამონაცვლის სტატუსს ანიჭებენ.

„მეორე მხრივ კი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის მონაწილეობას არსებითად ზღუდავს… დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას, რასაც პრაქტიკაში, პროკურორი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის საფუძვლად იყენებს ხოლმე. შესაბამისად, დაზარალებულისთვის გაურკვეველი რჩება სტატუსზე უარის თქმის მიზეზი,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების და სწავლების მონიტორინგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავს აქციებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭების კუთხით საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღო. ამ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეს შეუძლია პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, როცა ის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ეტყვის.

ამინდის პროგნოზი: ბათუმში ქარიანი ამინდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება

დღეს, 16 იანვარს, ბათუმში დასავლეთის ქარი უბერავს, პერიოდულად – 20-25 მეტრი წამში. სინოპტიკოსების ცნობით, ქარიანი ამინდი ბათუმში დღეს და შესაძლოა, ხვალაც შენარჩუნდეს.

დღეს, საღამომდე, შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, ხვალ, 17 იანვარს კი, სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის სუბტროპიკულ ზონაში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5  – 10 გრადუსი  
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10  გრადუსი 
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, კვირის ბოლოს, 18-19 იანვარს, ბათუმში გამოიდარებს და მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ამავე თემაზე: ბათუმში ორი ადამიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა

________________________________

მთავარ ფოტოზე: დღეს, 16 იანვარს, ძლიერმა ქარმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიის ბანერი დააზიანა. გურამ მურვანიძის ფოტო

ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი სკოლა აშენდება – 2,6-მილიონიანი ტენდერი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად 2 696 300 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერის პირობების მიხედვით, სკოლა 2019-2021 წლებში უნდა აშენდეს.

პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 2019 წლის 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება.

სოფელ ბეღლეთში სკოლა აჭარის განათლების ქვეპროგრამის -„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში შენდება.

ხულოს სოფელ ბეღლეთის ახალი საჯარო სკოლის პროექტი

ბათუმში ორი ადამიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს,  მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინანაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მოქალაქეები საკუთარი სახლის სახურავიდან ჩამოვარდნენ.

ისინი სავარაუდოდ სარემონტო სამუშავოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც ძლიერი ქარი დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით ფატზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გაქცევას 6 წელი ვგეგმავდი – კანადაში ემიგრირებული არაბი გოგოს ამბავი

გოგონა საუდის არაბეთიდან, რაჰაფ კუნუნი ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში იმალებოდა,  სამშობლოში რომ აღარ დაბრუნებულიყო. ამ ფაქტმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყრო იმ შეზღუდვებისკენ, რასაც საუდის არაბეთში განიცდიან ქალები.

18 წლის რაჰაფ კუნუნმა უარი განაცხადა ქუვეითში გაფრენაზე, სადაც მას ნათესავები ელოდნენ. გოგონა აცხადებდა, რომ ისლამს განუდგა, რის გამოც, შინ დაბრუნების შემთხვევაში, ახლობლები მოკლავდნენ. 11 ნოემბერს მან კანადაში მიიღო თავშესაფარი.

კანადას შეაფარა თავი ასევე რვა თვის წინ საუდის არაბეთიდან გაქცეულმა 24 წლის სალვამ და მისმა 19 წლის დამ. მათი გაქცევის ისტორია სალვასგან BBC-მ ჩაიწერა:

ექვსი წელი ვგეგმავდით გაქცევას. ამისთვის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობაა საჭირო. ამ დოკუმენტების მიღება მხოლოდ მეურვის ნებართვითაა შესაძლებელი. საბედნიეროდ, ეს მოწმობა მქონდა, ოჯახი შეთანხმდა გაეფორმებინა, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი.

მქონდა ორი წლის წინ მიღებული პასპორტიც, რომელიც ინგლისურის გამოცდების ჩასაბარებლად გავაკეთე. თუმცა პასპორტი ჩემს მშობლებს ჰქონდათ და როგორღაც უნდა დამებრუნებინა.

გასაღები ძმისგან მოვიპარე და პასპორტის ასლის გასაკეთებლად გავედი, ოჯახის უფროსების თანხმობის გარეშე გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მშობლებს ეძინათ და ამ მომენტით ვისარგებლე. ეს დიდი რისკი იყო. მშობლებს რომ გამოვეჭირე, დიდი უსიამოვნებები მექნებოდა.

გავაკეთე ჩემი და ჩემი დის პასპორტების ასლები. სანამ მამას ეძინა მისი ტელეფონიც ავიღე. შევედი საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და მამის ანგარიშში შევედი, მის მიერ მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნაცვლად ჩემი ნომერი ჩავწერე. ამის შემდეგ მისივე ანგარიშიდან დავეთანხმე მამის სახელით ჩემი და ჩემი დის გამგზავრებას უცხოეთში.

ღამით გავიქეცით, მაშინაც ყველას ეძინა. საშინელება იყო. მანქანის ტარება არ ვიცოდით და ტაქსი გამოვიძახე. საბედნიეროდ, საუდის არაბეთში ტაქსის თითქმის ყველა მძღოლი უცხოელია და ჩვენი მარტო მგზავრობაც მძღოლს უცნაურად არ მოსჩვენებია. ერ-რიადთან ახლომდებარე აეროპორტისკენ გავემართეთ. ვინმეს რომ ვეცანით, მოგვკლავდენ.

უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს საავადმყოფოში ვმუშაობდი და ფული შევაგროვე ბილეთისა და გერმანიის ტრანზიტული ვიზისთვის. ასევე საუდის არაბეთში უმუშევრობის ხელფასიც მერიცხებოდა გარკვეული პერიოდი და ეს თანხაც დავამატე დანაზოგს.

გერმანიაში ჩავფრინდით, მანამდე თვითმფრინავით არ მემგზავრა. შესანიშნავი იყო! ბედნიერებას და შიშს ერთად ვგრძნობდი…

როცა მამამ შენიშნა, რომ შინ არ ვიყავით, პოლიციაში დარეკა, მაგრამ გვიანი იყო. პოლიციელები მამასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, სინამდვილეში კი ჩემთან ხვდებოდნენ. თვითმფრინავი რომ დაეშვა, მამაჩემისთვის მიწერილი მათი მესიჯები მომივიდა.

საუდის არაბეთში ცხოვრება არ არის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შინ დავბრუნდი, სადაც მთელი დღეები არაფერს ვაკეთებდი. საშინელებებს გვეუბნებოდნენ სახლში, რომ კაცები ჩვენზე უკეთესები არიან, რომ აუცილებლად უნდა გვემარხა და გვაიძულებდნენ გველოცა.

გერმანიაში იურიდიულ სამსახურს მივაკითხე კონსულტაციის მისაღებად და თავშესაფრისთვის განაცხადის გასაკეთებლად. დოკუმენტები შევავსე და ჩემი ისტორია მოვყევი.

კანადა ავირჩიე, რადგან ვიცოდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყანაა. ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს. როცა ტორონტოში ჩავფრინდით და კანადის დროშა დავინახე, თავისუფლების სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

ახლა მონრეალში ვცხოვრობ დასთან ერთად, თავს კარგად ვგრძნობთ, არავინ არაფერს გვაიძულებს.

საუდის არაბეთში მეტი ფულია, მაგრამ აქ ცხოვრება სჯობს, შინიდან გასასვლელად სხვისგან ნებართვა არ გვჭირდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მინდა. შემოდგომის ფერები და თოვლი მიყვარს, ფრანგულს ვსწავლობ, თუმცა ძალიან რთულია. ველოსიპედის ტარებაც ვისწავლე, ციგურებით სრიალიც და ცურვაც.

ახლა უკვე მაქვს შეგრძნება, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის რაღაცას თავად ვაკეთებ. ოჯახთან კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ ალბათ ყველასთვის ასე სჯობს. ვგრძნობ, რომ აქაურობა უკვე ჩემი სახლია, აქ უკეთესია.

 

წყარო: BBC

2018 წლის ბოლოს აჭარის მთავრობაში 400 ათასამდე ლარი ჯილდოს სახით მიიღეს

აჭარის მთავრობის სტრუქტურებში მომუშავე საჯარო მოხელეები, რომლებმაც, მათივე ხელმძღვანელების შეფასებით, კარგად იმუშავეს, 2018 წლის ბოლოს ფულადი ჯილდოთი წაახალისეს. აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინისტროში, საერთო ჯამში, ფულადი ჯილდოს სახით 365 საჯარო მოხელეზე 400 000 ლარამდე გაიცა. ე.წ. ჯილდო, რომლის გაცემასაც კანონი ითვალისწინებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აპარატის უფროსს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს არ მიუღიათ.

მთავრობიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, „დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისა და მიმდინარე წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს მხოლოდ დაბალი რანგის საჯარო მოხელეები. როგორც მთავრობიდან მიღებულ წერილში განმარტეს, საჯარო მოხელეები მათივე ხელმძღვანელებმა ქულებით შეაფასეს.

აჭარის მთავრობის აპარატში 98 საჯარო მოსამსახურეზე ფულადი ჯილდოს სახით სულ 103 034 ლარი გაიცა.  შვიდმა საჯარო მოხელემ მიიღო -100%-იანი, ოცმა – 75%-იანი, თორმეტმა – 60%-იანი, ორმოცდახუთმა – 50%-იანი, თოთხმეტმა კი 40%-იანი ჯილდო. კიდევ ოთხ პირს კი ჯილდო საერთოდ არ მიუღია – ცუდად მუშაობის გამო თუ რაიმე სხვა მიზეზით, ამაზე მთავრობის განმარტება არ გვაქვს.

აჭარის განათლების სამინისტრომ 2018 წლის დეკემბერში, საჯარო მოხელეებზე ჯილდო გადაანაწილა წლიური ხელფასის 6 და 6,20%-ის ოდენობით, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, წლიური ხელფასის 3,40% – 6,70%-ის ფარგლებში. საერთო ჯამში განათლების სამინისტროში 58 საჯარო მოხელეზე გაცემულია 69 208 ლარი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროს თანამშრომლებზე სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით, ფულადი ჯილდოს სახით, 56 თანამშრომელზე გაცემულია 61 841 ლარი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლების წახალისების მიზნით 30-60 პროცენტიანი ჯილდოები გასცა, სულ გაცემულია 57 860 ლარი 62 საჯარო მოხელეზე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი ჯილდო 95- მა საჯარო მოხელემ მიიღო, ჯილდოს  სახით  95 771 ლარი გადაანაწილეს.

წინასაახალწლოდ დააჯილდოვეს ბათუმის მერიის თანამშრომლებიც. ფულადი ჯილდო არ მიუღია მხოლოდ მერს, ვიცე-მერს და მოადგილეებს. ბათუმის მერიაში 174 თანამშრომელზე 154 986 ლარი გაიცა.

ჯილდოები არ გაუციათ აჭარის უმაღლესი საბჭოში.

ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებში დღეიდან, 15 იანვრიდან, სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ სისტემის ამოქმედებით, აღნიშნულ ქალაქებში მდებარე სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პირველ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.

„აღნიშნული სიახლე საშუალებას აძლევს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეს წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა: პაციენტის ანამნეზი, გადატანილი დაავადებები და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები, ქრონიკული დაავადებების არსებობა, მედიკამენტების მოხმარება და სხვა. 

აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მისაღებად,“ – აცხადებს სამინისტრო.

ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის ეტაპობრივად გახდება.

[checklist]

  • 2019 წლის პირველი მაისიდან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სტაციონარული  ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში;
  • 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ასეთი ვალდებულება ექნებათ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს, ხოლო
  • 2020 წლის პირველი იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება [გარდა ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლებისა] ვალდებული იქნება, აღნიშნულ ელექტრონულ სისტემაში გადასცეს ინფორმაცია ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

[/checklist]

ამ თემაზე:

15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

მთავარი ფოტო: ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან

ბათუმში ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ

ბათუმელი ადვოკატები მოსამართლეების დამატებას ითხოვენ. კოლექტიური განცხადების განხილვა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო. როგორც საბჭოს პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ განცხადებას ბათუმში მომუშავე 31 ადვოკატი აწერს ხელს.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მოსამართლე მოვა. მთავარია, ვინმე დაინიშნოს. ფაქტია, რომ მოსამართლეები ვადებს არღვევენ, რადგან ბევრი საქმე აწერიათ, ჩვენ კი კლიენტები გვყავს განაწყენებული, რადგან ვერ ხდება საქმეთა განხილვა თავის დროზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 5 მოსამართლე უნდა დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს,“ – გვითხრა ადვოკატმა თინა იმნაძემ, რომელიც განცხადებას აწერს ხელს.

რატომ არ მოაწერეს ხელი ამ მოთხოვნას სხვა ადვოკატებმა და ხომ არ ეკუთვნით ამ მოთხოვნის ინიცირება კონკრეტულ მოსამართლეებს, რომლებსაც მუშაობა ბათუმის სასამართლოში სურთ? – თინა იმნაძე ირწმუნება, რომ ინიციატივა ადვოკატებს ეკუთვნით და თავდაპირველად განცხადება ადვოკატმა შოთა ჯიბლაძემ მოამზადა.

„უბრალოდ, ყველა ადვოკატი ვერ ვიპოვეთ, ვერ მივწვდით. დარწმუნებული ვარ, ყველა ადვოკატი ეთანხმება ამ მოთხოვნას,“ – ამბობს თინა იმნაძე.

ადვოკატების განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 24 დეკემბერს გაიგზავნა. საკითხის განხილვა გუშინდელი, 14 იანვრის სხდომის დღის წესრიგშიც იყო შეტანილი, მაგრამ საკითხის განხილვა გადაიდო.

 

 

კვლევა: რუსეთის მოსახლეობის გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის დათხოვნის მომხრეა

2018 წლის დეკემბრის გამოკითხვების შედეგად რუსეთის მოსახლეობის 53% მხარს მედვედევის მთავრობის დათხოვნას უჭერს – სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები „ლევადა-ცენტრმა“ გამოაქვეყნა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კრემლის მოწინააღმდეგე 53 % მაქსიმალური მაჩვენებელია იმ დროის განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს.

რუსეთის მთავრობის დათხოვნის მომხრე იქნებოდით თუ მოწინააღმდეგე? – ეს გამოკითხვა„ლევადა-ცენტრმა“  2002 და 2012 წლებშიც ჩაატარა. ამ პერიოდში რუსეთში იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისი და არჩევნების დარღვევების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა 2011 წლის ბოლოსა და 2012-ის პირველ ნახევარში.

„ლევადა-ცენტრი“ აქვეყნებს ასევე გამოკითხვის შედეგებს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რითაა უკმაყოფილო მოსახლეობა და რა არ მოსწონს ხალხს რუსეთში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში.

რუსეთის მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილობას ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის გამო გამოთქვამს. გამოკითხვა 2018 წლის 13-19 დეკემბერს ჩატარდა 136 სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. გამოიკითხა რუსეთის 1600 მოქალაქე.

რა არის თქვენი ძირითადი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ? – ამ კითხვაზე 2018 წელს გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა ასე გადანაწილდა:

ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის- „ლევადა ცენტრის“ 2018 წლის ნოემბრის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოკითხული რუსეთის  მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 55%-მა მიიჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და ფასების ზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

გამოკითხულთა 37%-მა ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და ფასების ზრდაზე პასუხისმგებლად ხელისუფლება და მინისტრთა საბჭო დაასახელა, 21%-მა კი, პრემიერ- მინისტრი, დიმიტრი მედვედევი.

პოლიტოლოგი კონსტანტინე კალაჩევი გამოკითხვის შედეგებს კრემლის ოფიციალური ინფორმაციის საპირისპირო სურათად მიიჩნევს, რის მიხედვითაც  პუტინი ტრადიციულად მხოლოდ დადებით მოვლენებზეა პასუხისმგებელი.

პუტინისა და მედვედევის ხელისუფლების რეიტინგი რუსეთის მოსახლეობაში მკვეთრად დაეცა 2018 წლის ივნისში დაანონსებული საპენსიო რეფორმის შემდეგ. რეფორმა საპენსიო ასაკის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს – ქალები რუსეთში პენსიას სამომავლოდ 55-ის ნაცვლად 60 წლიდან მიიღებენ, მამაკაცები კი 60-ის ნაცვლად 65 წლიდან.

6,4 მილიონი ლარი ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მოსაწესრიგებლად – ტენდერი

ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში 6 471 900 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

გიორგი ბრწყინვალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 390 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება.

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული. ანუ, ტენდერში ღირებულების წარდგენა ხდება მხოლოდ ერთხელ, ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში და შეთავაზებული ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ [ვაჭრობის ძირითად დროში] და არა ვაჭრობის დამატებით რაუნდებში.

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან; საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

სარეაბილიტაციო ქუჩის სიგრძე არის 1865 გრძ.მ, სავალი ნაწილის სიგანე – 8 მ, სავალი ნაწილის ფართობი 30 068 კვ/მ, ტროტუარების სიგანე ცვალებადია, საშუალოდ 3,5 მ.

[highlight color=”red”]არსებული სიტუაცია [ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით]:[/highlight] „გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა მდებარეობს ე.წ. „ჭაობის“ უბანში. იგი იწყება სულაბერიძის ქუჩიდან და მთავრდება ოძელაშვილის ქუჩასთან. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ქუჩაზე გზის საფარი მოწყობილია გასული საუკუნის 80-იან წლებში. მისი ფუძე მოწყობილია ღორღით, რაც დაზიანებულია. აღენიშნება ჯდენები და ორმოები, საფარი გამოფიტულია და მთლიანად ასაღებია. ვინაიდან ქუჩას არ გააჩნია გამართული სანიაღვრე არხები, ატმოსფერული ნალექების დროს მოდინებული წყლების ძირითად ნაწილს „იწოვს“ არსებული გრუნტი, ხოლო დარჩენილი წყალი გროვდება გზის ზედაპირზე გუბეების სახით. ქუჩის ორივე მხარეს განთავსებულია საცხოვრებელი სახლები და ეზოები. სახლებთან მისასვლელ გზაზე გაჩენილია ორმოები. გზის ზოგიერთ მონაკვეთს გააჩნია ბორდიურები და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარი, რაც ძლიერაა დაზიანებული და საჭიროებს რეაბილიტაციას“.

– – – – – – – – –  –

„ჭაობის უბანში“ სხვა, 8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ 2018 წლის ივლისშიც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებული შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი. სამუშაოები იმ მიზეზის გამო ვერ დაიწყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს ტენდერი შეაჩერა.

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები „ჭაობის უბანში“ მდებარე ქუჩების სარეაბილიტაციოდ კი 2015 წელს ჩატარდა. კვლევის დეტალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გიორგი ბრწყინვალის ქუჩა ბათუმში
მთავარი ფოტო: გიორგი ბრწყინვალის ქუჩა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კონკურსი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის დასაფინანსებლად

აჭარის  განათლების სამინისტრომ ქვეპროგრამის – „სწავლა საზღვარგარეთ“ ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდებიან აჭარაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე  პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე  სწავლობენ.

ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დახმარება გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს  2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

რატომ ელის ყოფილი მოსამართლე იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას ამჯერად?

ირაკლი შავაძე ისევ მოსამართლეობას აპირებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელის. მან მოსამართლეობის კონკურსში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა კენჭისყრისთვის საბჭოს წევრებს ჯერ არ მოუცლიათ.

„ჩემი საკითხი პრობლემატურია, ამიტომაც არაფერს გამოვრიცხავ…“ – ეჭვობს ირაკლი შავაძე, რომელსაც მოსამართლეობის უფლებამოსილება 4 იანვრიდან შეუწყდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ირაკლი შავაძე გასული წლის თებერვალში დაუპირისპირდა, როცა მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ მოსამართლედ გამწესებაზე უარი უთხრა. ირაკლი შავაძე მაშინ სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე ისაუბრა. „იმიტომ არ დამნიშნეს, რომ არ ვარ კოლექტიური მურუსიძე,“ – ამბობდა ის.

რა შეიცვალა ამჯერად და რატომ მიიღო ირაკლი შავაძემ მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობა? – „დასაკარგი მაინც არაფერი მაქვს. ახლა უმუშევარი ვარ… ერთხელ თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ სახლში წასვლის არ მეშინია. თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისევ უარს მეტყვის, მაშინ მოვძებნი სხვა სამსახურს. შესაძლოა, ისევ ადვოკატი გავხდე,“ – გვითხრა ირაკლი შავაძემ.

კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე ირაკლი შავაძემ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ყოფილი მოსამართლის სარჩელს დააკმაყოფილებს, კანდიდატებს ვეღარ ეტყვიან დაუსაბუთებლად უარს მოსამართლის პოზიციის დაკავებაზე.

„გამოვიდა, რომ მე ვაკმაყოფილებდი კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დამნიშნეს… უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამაც უარი მითხრა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ჩემს სარჩელს დააკმაყოფილებს, გამოვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი არ გადაამეტა უფლებამოსილებას, არამედ საკანონმდებლო ნორმა იყო პრობლემური და ამიტომ ვერ მოხდა ჩემი უვადოდ გამწესება,“ – განმარტავს ირაკლი შავაძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, უვადო მოსამართლედ დანიშვნის წესი, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ნებისმიერს შეუძლია, თუკი ის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსის შედეგებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილიც ელოდებიან. დავით მამისეიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში  სურს მოსამართლეობა, თამარ ბეჟანიშვილს – ხელვაჩაურის სასამართლოში.

 

 

კრიპტომატი ბათუმის Black Sea Mall-ში განთავსდა

ბათუმში „კრიპტომატმა“ მისამართი შეიცვალა. ამიერიდან კრიპტოვალუტის ბანკომატით სარგებლობა მომხმარებელს სავაჭრო ცენტრ „Black Sea Mall“-ში (სავაჭრო ცენტრი „კარფურის“ მიმდებარედ. მის: ტბელ აბუსერიძის #20) შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ (Cryptomat) ეს არის კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და დღეის მდგომარეობით თბილისში 5, ხოლო რეგიონებში – თელავი, ქუთისი, ბათუმი – 3 აპარატს ფლობს.

კრიპტომატი კრიპტოვალუტების – ბიტკოინი (BTC), ლაითკოინი (LTC), ეთერიუმი (ETH) და ბიტკოინ ქეში (BCH) – შეძენა-განაღდების ოპერაციების წამებში განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მისი საშუალებით ერთჯერადად მაქსიმუმ 14 000 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტის განაღდება არის შესაძლებელი. შეძენის მინიმალური ზღვარი კი 10 ლარია.

„ჩემს შვილს ქმარი ეუბნებოდა, რომ უყვარს და ვერ გაშორდება, მუშტი ურტყა“ [ქალზე ძალადობა]

„ჩემს შვილს ქმარმა მუშტი თავში 25-ჯერ ჩაარტყა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, სისხლჩაქცევები,“ – გვიყვება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედა, რომლის ვინაობასაც არ ვამხელთ. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე პროკურატურას ნაცემი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია.

ქალის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. ბრალდებულ კაცს გამოძიება ამ დრომდე ეძებს.

ნაცემი ქალის დედის მონათხრობის მიხედვით, ცოლ-ქმარი ნოემბრის დასაწყისში დაშორდა ერთმანეთს, რის შემდეგაც ყოფილმა ქმარმა ქალზე ფიზიკურად იძალადა.

„ორი წლის წინ დაოჯახდნენ, მაგრამ დაშორდნენ, შვილი არ ჰყავდათ… ფიზიკურად არ ძალადობდა, მაგრამ ერთად ცხოვრების დროს ავიწროებდა, ემუქრებოდა,“ – გვიყვება ნაცემი ქალის დედა. – „დაშორდნენ, მაგრამ ოფიციალურად ხელი გაწერილი არ ჰქონდათ. ვიფიქრეთ, ახალი წლის მერე მივალთ და მოვაგვარებთ ამ საქმეს-მეთქი. 8 იანვარს ჩემი შვილი სამსახურიდან მუქარით გამოიყვანა და მანქანით უპირებდა გატაცებას. ეუბნებოდა, რომ უყვარს და ვერ გაშორდება. თმებში სწვდა და 25-ჯერ ჩაარტყა თავში მუშტი… ამას თვითმხილველები ჰყავს და იმედი მაქვს, ყველაფერს დაადასტურებენ. წასული მანქანიდან გადმოხტა ჩემი შვილი. ის 25 წლისაა და ახლა ამბულატორიულ მკურნალობას გადის. მუქარები წინა თვეშიც იყო. 25 დეკემბერსაც ტელეფონზე დაურეკა და აიძულა შეხვედროდა. შემაკავებელი ორდერი გამოსცა პოლიციამ და ამის მიუხედავად მაინც იძალადა“.

დაზარალებულის სტატუსის მისაღებად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პროკურატურას გუშინ, 14 იანვარს, მიმართა. გამოძიება ოჯახში ძალადობის და ადევნების მუხლითაა დაწყებული. დაზარალებულის ოჯახი ასევე ითხოვს ბრალდებულმა თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც აგოს პასუხი.

 

 

მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანსია თოჯინების თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მხატვარ-მძერწავისა და   მხატვარ-კონსტრუქტორის ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV 25 იანვრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: puppettheatre@outlook.com

აუცილებელი მოთხოვნაა, კონკურსანტს გააჩნდეს შემოქედებითი პორტფოლიო, რომელიც თან უნდა ერთვოდეს CV-ს ფოტომასალის ან დოკუმენტის სახით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებსაც.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს.

H1N1 – 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აჭარაში

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონზე აჭარაში H1/N1 ვირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, აქედან ხუთი პაციენტი ვერ გადაარჩინეს. ცენტრში განმარტეს, ასევე, რომ აჭარაში გრიპის გავრცელების სტატისტიკა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, ჰოსპიტალურ სექტორში ისევ ორასამდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 20 პაციენტია მოთავსებული.  ბოლო დღეებში შემცირებულია ამბულატორული მიმართვიანობა.

გრიპის გავრცელების მონაცემებს მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელება 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის ორი კვირის მონაცემებით, თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. თუმცა დაავადებათა გავრცელება ჩამორჩება 2016-2017 წლის სეზონის პიკური მდგომარეობის მონაცემებს.

გრიპისა  და  გრიპისმაგვარ  ამბულატორიულ  შემთხვევათა  (ILI)  განაწილება კვირის მიხედვით,  აჭარა,  2018-2019,   2017-2018,    2016-2017,    2015-2016 – წლების მონაცემები

მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2019 წლის პირველი და მეორე კვირის მონაცემებით 391-სა და 395-ს შეადგენს, რაც 31-35-ით ნაკლებია 2016-2017 წლის სეზონის პიკურ მაჩვენებელთან [426] შედარებით.

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ინციდენტობა კვირის მიხედვით [100 000 მოსახლეზე], აჭარა, 2016-2017 და 2018-2019 წლების გრიპის სეზონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ წლის პირველ კვირაში, გრიპითა და გრიპისმაგვარ დაავადებათა 377,  გასულ კვირას კი 338 ჰოსპიტალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აჭარაში  საერთო ჰოსპიტალიზაციის 31 პროცენტია. ეს რაოდენობა 2016-2017 წლების ანალოგიურ მონაცემებს სჭარბობს.

გრიპისა და გრიპისმაგვარ ჰოსპიტალურ შემთხვევათა [SARI] განაწილება, აჭარა,
2018-2019, 2017-2018, 2016-2017, 2015-2016 – წლების მონაცემები.

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

 

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაქურდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევა 13-14 იანვრის ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვთხრეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული ქურდობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი გახდა. მან ამ პოსტზე ერმილე მესხია შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ახალი რექტორი უნივერსიტეტის ექვსწევრიანმა აკადემიურმა საბჭომ სრული მხარდაჭერით აირჩია. მაია ჭიჭილეიშვილს პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის უნივერსიტეტი მოემზადოს ავტორიზაციისათვის. 2020 წლის პირველ იანვარს გადის ვადა. ახლა იწყება ავტორიზაციისთვის შეფასების ანგარიშის შევსება,  ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გასაგზავნად. ასევე მნიშვნელოვანია, პროგრამების აკრედიტაცია. ხუთმა პროგრამამ გაიარა 2018 წელს აკრედიტაცია,  დარჩენილია როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამები და აი, ამ პროგრამების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება უპირველესი ამოცანა,” – ამბობს მაია ჭიჭილეიშვილი “ბათუმელებთან”.

ახალი რექტორის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი მოემზადოს ახალ შენობაში გადასასვლელად, რომელიც ექსპლუატაციაში წელს უნდა შევიდეს.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობა და რემონტი უკვე დასრულებულია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნივერსიტეტისთვის 2017-2018 წლებში 3,5 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება “ენერგო-პრო ჯორჯიაზეა” დამოკიდებული, რომელიც ამ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ ახერხებს.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა [ფოტო]

 

 

ღამის თავშესაფარში დღისითაც დარჩებიან, თუმცა სადილის გარეშე

ზამთრის პერიოდში ღამის თავშესაფარში მყოფ ადამიანებს  ადგილზე დარჩენა დღისითაც შეეძლებათ. ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, გუშინ, 14 იანვარს, თავშესაფარში სტუმრობის დროს თქვა. მერმა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებს საახალწლო ნობათი და ტკბილეული გადასცა.

ბათუმის მერიის თავშესაფარი მხოლოდ ღამის გათევას ითვალისწინებს. ბენეფიციარებმა საუზმის შემდეგ შენობა დილის 10 საათამდე უნდა დატოვონ. თავშესაფარში ამჟამად სულ 50 ადამიანია.

„არ ვიცი, რამდენი გამოთქვამს სურვილს. ნებისმიერს შეუძლია დარჩეს. ამისთვის ცალკე ოთახი გვაქვს გამოყოფილი, სადაც მათ დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა,“ – განმარტავს ასლან გელაძე, ბათუმის მერიის სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსი.

ასლან გელაძის თქმით, ოთახი, სადაც თავშესაფრის ბენეფიციარები დღისით დარჩებიან, კეთილმოწყობილი არ არის. სოციალური სერვისების სააგენტოს უფროსი დახმარებას ბიზნესმენებისგან ელის.

„მთავარია, ამ ოთახში არის გათბობა. ჩვენ გვინდა სკამების შეძენა, ბიზნესმენებს მინდა ეს ვთხოვო. ხაზინა რომ გაიხსნება, შესაძლოა ჩვენ თვითონ შევიძინოთ ეს ავეჯი. მინდა, ტელევიზორიც დავუდგა,“ – გვითხრა ასლან გელაძემ.

თავშესაფარში დღისით დარჩენილ ადამიანებს სადილი არ ერგებათ.

ამავე თემაზე:

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ღამით ბათუმის ქუჩებში მიუსაფარ ადამიანს ვხედავთ

 

ბათუმში გაავდრდება – მთაში მოსალოდნელია თოვა და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი – ქარბუქი.

იქროლებს დასავლეთის  მიმართულების ქარი 10-1 5მ/წმ, დღის მეორე ნახევარში – ზოგან 20-25 მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7  – 12  გრადუსი  
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5  გრადუსი 
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 17 იანვარს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში – თოვა, ზოგან ძლიერი. 18 იანვარს კი გამოიდარებს.

_________________

მთავარ ფოტოზე: თოვლიანი დღე ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ქობულეთს ბათუმის ნაგავსაყრელი ნარჩენების უფასოდ განთავსებაზე უარს ეუბნება

ბათუმის ნაგავსაყრელი უარს ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების უსასყიდლოდ შეტანაზე და „ქობულეთის სანდასუფთავებას“ ფულის გადახდას სთხოვს. ქობულეთში შეგროვებული ნარჩენების განთავსებაზე უარს აცხადებენ ფოთისა და ოზურგეთის სოფელ მერიის მუნიციპალური ნაგავსაყრელები.

„2019 წლის პირველი თებერვლიდან დაგვიდგა საჭიროება გავაფორმოთ ხელშეკრულება ბათუმის ნაგავსაყრელთან, რადგანაც მოვახდინოთ ნარჩენების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ვერსად ნაგვის გატანა და წარმოშობს დიდ პრობლემებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებასთან დაკავშირებით.“ – აღნიშნულია „ქობულეთის სანდასუფთავების“ იმ განაცხადში, რომლითაც ის შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას სთხოვს.

„ქობულეთის სანდასუფთავების“ გათვლებით, მომდევნო 11 თვეში დაახლოებით 21 700 კუბური მეტრი ნარჩენების გატანას გეგმავენ და ამ ნარჩენების ბათუმის ნაგავსაყრელზე განთავსებისთვის 41 230 ლარი იქნება საჭირო.

„ქობულეთის სანდასუფთავებას“ არ გააჩნია ნაგავსაყრელი, სადაც  მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგროვებულ ნაგავს განათავსებს, ამიტომ უკვე 2 წელია ნაგავი ოზურგეთის, ფოთისა და ბათუმის ნაგავსაყრელებზე გააქვთ.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი გადამამუშავებელი ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა [სოფელ ცეცხლაურთან – ავტ.], რომელიც მოემსახურება დასავლეთ რეგიონს, ამიტომ დროებითი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორიის გამოყოფა [ამ ახალი ნაგავსაყრელის გახსნამდე] ვერ მოხერხდა, რადგანაც ქობულეთი არის ტურისტული ზონა და ტერიტორიის ნახევარი არის დაცული ტერიტორიების ნუსხაში შესული,“ – აღნიშნულია შესყიდვების გვერდზე.

ბათუმის ნაგავსაყრელი, რომელიც ადლიაში მდებარეობს, აუცილებლად დასახურია, რაც ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობამდე ვერ ხერხდება.

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ განაცხადეს, რომ ბათუმის ნაგავსაყრელს ოპერირებას ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია, შპს „სევერი“ უწევს. შესაბამისად, „ქობულეთის სანდასუფთავებამ“ ნარჩენების ბათუმის ნაგავსაყრელზე განთავსებისთვის თანხა შპს „სევერს“ უნდა გადაუხადოს.

 

მთავარი ფოტო: გადავსებული ურნები ქალაქ ქობულეთში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ორი ავტომანქანა დაიწვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. ცეცხლი ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანებს გვიან ღამით გაუჩნდა. დაშავებული არავინაა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადაც, თუმცა ავტომანქანების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე.

 

 

ქალაქში 50 ძველი მოსაცდელი ახლით ჩანაცვლდება – ბათუმის მერია

ბათუმში, რამდენიმე ადგილზე, მოსაცდელი კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით დაიდგა 50 ახალი მოსაცდელი, ხოლო ამდენივე ძველი და ამორტიზებული მოსაცდელის ახალი კონსტრუქციით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ასევე იგეგმება 20 ახალი მოსაცდელის დამონტაჟება იმ ადგილებში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაა, მაგრამ არ დგას მოსაცდელი.

ბათუმში, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, მუნიციპალური ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზე იყო განთავსებული.

მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება გორგილაძის ქუჩაზე ბათუმში / აქ, როგორც მერიაში აცხადებენ, მოსაცდელის ახალი კონსტრუქცია უნდა დამონტაჟდეს.

 

სამი დეპუტატი აჭარიდან: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი/ლევან ბეჟანიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების სიას მხარს არ დაუჭერს. ის ამბობს, რომ კანდიდატებიდან  მისთვის რამდენიმე მიუღებელია, თუმცა სახელებსა და გვარებს არ აკონკრეტებს: ვისზეც ძირითადად არის წინააღმდეგობა, მათ ვგულისხმობო.

ნუკრი ბეჟანიძემ ამ გადაწყვეტილებას თავისი ამომრჩევლის დაკვეთა უწოდა. გარდა ამისა, პარლამენტარის განმარტებით, ასეთი დამოკიდებულების მიზეზი წარდგენილი კანდიდატების  „საქმიანობა და განვლილი ცხოვრებაა“.

პარლამენტში წარდგენილი სია მიუღებელია ბათუმის კიდევ ერთი მაჟორიტარისთვის, ფატი ხალვაში ამბობს, რომ უარყოფითი პოზიცია უმრავლესობაში ბევრს აქვს: „ეს სია უნდა გადაიხედოს და კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვროს. საგაზაფხულო სესიისთვის უკვე გამოიკვეთება პოზიცია.“

ფატი ხალვაში ასევე იხსენებს წინა ხელისუფლების პირობებში მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, კარგად ახსოვს, თუ როგორ განიხილავდნენ მოსამართლეები მისი ძმის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეს.

აბა, ის სია რა მოსაწონი იყო? – ასეთი რეაქცია ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების შესახებ პარლამენტარ სვეტლანა კუდბას. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კანდიდატების ახალ ნუსხას ელოდება: „იქნება ახალი სია, შევისწავლი და გადავწყვეტ, დავუჭერ თუ არა მხარს, ძველი სია უკვე აღარაა ძალაში. ყველას ვერ ვიტყვი, მაგრამ იქ იყვნენ ისეთები, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი იყვნენ. კიდევ კარგი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ და ახალ სიას ველოდებით“.

მიუღებელი იყო თუ არა ილია ნაკაშიძისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების სია? – ვიცე-სპიკერი ამას არ აკონკრეტებს. მან გვითხრა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. მისი თქმით, საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებამდე, „უფრო კანდიდატების მორალურ მხარეზე იყო საუბარი, კონკრეტული სახელებით და გვარებით საუბარი არ ყოფილა, ეს იყო კულუარული, ემოციური საუბარი… დიახ, წარსულზე, რა თქმა უნდა. იმაზე, თუ რა პირობებში მუშაობდა, იყო იძულებული თუ არ იყო იძულებული – ღრმად არ გვქონდა შესწავლილი ეს საკითხი. ვნებათაღელვა რომ დაიწყო საზოგადოებაში, შემდეგ დღის წესრიგიდან მოიხსნა“.

დაუჭერს თუ არა მხარს წარდგენილ კანდიდატებს იმავე შემადგენლობით ანზორ ბოლქვაძე – მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი? – ის ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ფრაქციასთან ერთად მიიღებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა.

ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი

 

 

საფრანგეთში მცხოვრები ქართველების საჩუქარი ბავშვებს ყოფილი 25-ე ბატალიონის დასახლებიდან

„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ფინანსური დახმარებითა და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის მეცხრე შესახვევში, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 229 ბავშვმა დღეს, 14 იანვარს, პერსონალური საახალწლო საჩუქარი მიიღო.

„დღეს რა ვჭამოთ? – ბავშვები 25-ე ბატალიონიდან“ – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“ გასული წლის ოქტომბერში მოამზადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასოციაცია – „ქართველები საფრანგეთში“ წარმომადგენლები. სწორედ აქედან დაიწყო საქველმოქმედო აქციის ორგანიზება, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო.

ასოციაციას დასახლებაში მცხოვრები ბავშვების სახელობითი სია გადაეცა. ამ სიის მიხედვით, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ბათუმში, 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის გამოაგზავნეს. საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ამ საჩუქრებთან ერთად გამოაგზავნეს თანხაც, რითაც ბავშვებისთვის წიგნების, სათამაშოებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა მოხერხდა.

ასოციაცია “ქართველები საფრანგეთშის” მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საჩუქარი 229 ბავშვს გადაეცა

„აქციაში მონაწილეობა საფრანგეთში მცხოვრებმა 100-მდე ადამიანმა მიიღო. უღრმესი მადლობა ყველა მათგანს, არ არსებობს მცირე და დიდი წვლილი, მათ გარეშე ეს აქცია არ იარსებებდა. უღრმესი მადლობა ყველას შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებული მადლობა, “ბათუმელებს” და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“, ასევე “ქართველები საფრანგეთში” ასოციაციის გულშემატკივარს თბილისში, თეო ლორთქიფანიძეს. მათ თავდაუზოგავი და უანგარო შრომა გასწიეს, რათა 229 ბავშვს განსაკუთრებული საჩუქარი მიეღო საახალწლოდ,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი, ასოციაცია „ქართველები საფრანგეთშის“ წარმომადგენელი.

ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისთვის განკუთვნილი საჩუქრები

ასოციაცია „ქართველები საფრანგეთშის“ აქტივობების მიზანია საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ინტეგრირება საფრანგეთში და საქართველოში მყოფ ქართველებთან ურთიერთობის შენარჩუნება.

„თავდაპირველად, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველს, ზაზა ფუტკარაძეს გაუჩნდა იდეა შეექმნა ჯგუფი ფეისბუქზე, საფრანგეთში მცხოვრები ქართველებისთვის. დღეს ჯგუფი 17 000 წევრს ითვლის.

2016 წლიდან “ქართველები საფრანგეთში” ასოციაციად დავარეგისტრირეთ და ეს სივრცე უამრავი ადამიანისთვის არის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის, დახმარების, საფრანგეთში ინტეგრირების საშუალება. ასოციაციის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან აქტივობებს საფრანგეთსა და საქართველოში, მაგალითად, პარიზში არალეგალურად მყოფ ქართველებს ფრანგული ენის სწავლების უფასო კურსს უტარებს ფრანგი პედაგოგი, ქართველ შშმ პირებს უფასოდ ემსახურება ტაქსი პარიზში, ასევე, თარჯიმნის უფასო მომსახურება და სხვ.

ასოციაციას ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი გადამზიდავი კომპანია „იბერია სერვისი”, რომელიც უსასყიდლოდ აგზავნის ასოციაციის ტვირთს საქართველოში. საქველმოქმედო აქციები უკვე ჩავატარეთ: ხევსურეთში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, თბილისში, ქართლში და არასდროს არ გავჩერდებით“, – ამბობს სალომე საძაგლიშვილი.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” თანამშრომლები ანაწილებენ სახელობით საჩუქრებს 229 ბავშვისთვის
ასეთ სახლებში ცხოვრობენ ბავშვები ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე
ასეთ სახლებში ცხოვრობენ ბავშვები ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აბონენტებს წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდებათ

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 14 იანვარს, 00:00 საათიდან, 15 იანვრის 05:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას, კობალაძისა და კაჩინსკების ქუჩების მონაკვეთში.

შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი წყალმომარაგების მილზე არსებული დაზიანებაა, რის შესახებაც წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა.

„აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152“ – აცხადებენ კომპანიაში.

 

ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში –  ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები – ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეების, რ.ლ.ლ-ს, ლ.ნ.-ს და მ.ნ.-ს კუთვნილი ხელბარგების დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული [47 აბი] და ფსიქოტროპული [37 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ბათუმის მერი: ბათუმის პორტში საშიში ნივთიერებების ადგილი არ არის

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას ამერიკულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის, რომლის საფუძველზეც, ბათუმის პორტში მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი უნდა აშენდეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია.

ხელმოწერის ცერემონიაზე „ჰილტონში“ იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც. შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით მან კომენტარი „ბათუმელებთან“ გააკეთა.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მაღალი საფრთხის შემცველი ნივთიერებების შემთხვევაში, მერია მოითხოვს გაცილებით მკაცრ რეგლამენტს და რეგულაციებს. „თუმცა, ვფიქრობ, რომ ბათუმის პორტში საშიში ქიმიური ნივთიერებების ადგილი არ არის“.

ლაშა კომახიძის თქმით, 18 იანვარს ბათუმის საკრებულოში ახალ ტერმინალთან დაკავშირებით იგეგმება სპეციალური პრეზენტაცია როგორც საკრებულოს წევრებისთვის, ასევე, ყველა დაინტერესებული წრეებისთვის.

„მერიაში შემოსულია მოთხოვნა ნებართვაზე პორტში კარბამიდის, იგივე შარდოვანას საწყობის აშენებასთან დაკავშირებით. არქიტექტურის სამსახურის მიერ მოთხოვნილ იქნა დამატებითი, ე.წ. სქრინინგის საბუთი ეკოლოგიის მიმართულებით, გარემოს დაცვის სამინისტროდან თუ რამდენად არის შესაძლებელი ტერმინალის მშენებლობა და რა კატეგორიას განეკუთვნება ეს მშენებლობა.

თუ ის არის მაღალი საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება, მაშინ ის გადის მეხუთე კატეგორიაში და ამ შემთხვევაში ბათუმის მერია საერთოდ არ არის კომპეტენტური მისი მშენებლობის. მაგრამ თუ ის ამ კატეგორიაში არ გადის, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ გარემოს დაცვის სტანდარტებით“, – აცხადებს ლაშა კომახიძე.

მერის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ კარბამიდზე, რომელიც არ მიეკუთვნება საფრთხის შემცველ ქიმიურ ნივთიერებას.

„ეს არის მაღალეფექტური სასუქი. საკითხის გაშლა ხდება სოციალურ ქსელებში იმ კუთხით, რომ თითქოს საუბარია გოგირდზე, ამონიუმის ნიტრატზე და ა.შ. მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ჩვენთან შემოსულ განცხადებაში საუბარია მხოლოდ კარბამიდზე, რომელიც რეალურად არის სასუქი“.

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით პირადადაც მოიძია ინფორმაცია ინტერნეტში. „ეს ნივთიერება არ არის ფეთქებადი და მაღალი საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერება, ეს არის სასუქი, რომელიც მრავლად შედის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს“.

მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის ხელშეკრულება 1 კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა

დღეს, 14 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონში“ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდეს.

ხელშეკრულება ტერმინალის მშენებლობაზე უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის უკვე გაფორმდა. ეს კომპანიები ერთობლივად განახორციელებენ ინვესტიციას ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად.

ცერემონიას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები.

„ამ კონკრეტული პროექტით გაცილებით გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც აქამდე იყო, რადგან დღემდე ღია წესით ხდებოდა მინერალების დამუშავება, ამის შემდეგ კი ყველაფერს გავაკეთებთ დახურული წესით და ეს იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ სტანდარტებთან, რომელსაც ითვალისწინებს როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სასტუმრო „ჰილტონში“, 14 იანვარს ხელი მოეწერა შეთანხმებას ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მისი განცხადებით, ამ ტერმინალის მშენებლობა ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს, ეკოლოგიურ ზიანს არ მიაყენებს: „გაკეთდება მაქსიმუმი, რომ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია და თითოეული ბათუმელისთვის ნათელი გახდება, რას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის“.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, აქ საუბარია არა მარტო იმაზე, რომ ამერიკული კომპანია „ტრამმო“ განახორციელებს პირდაპირ ეკონომიკურ ინვესტიციას, არამედ იმაზეც, რომ ამ კომპანიის ტვირთები მოიზიდოს საქართველომ:

„ეს მომგებიანი იქნება საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც გადაზიდავს ტვირთებს. ამავე დროს, ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ეს პროექტები შესრულდეს უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტებით. ჩვენ საქმე გვაქვს საერთაშორისო მოწინავე კომპანიასთან, რომელსაც აქვს არაერთი ასეთი ტერმინალი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში და ეს კომპანია ცნობილია იმით, რომ ასეთ პროექტებს მაღალი სტანდარტებით ახორციელებს და ეს მისცემს სხვა ქვეყნებს მაგალითს, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში“.

თორნიკე რიჟვაძე და გიორგი ქობულია ახალი ტერმინალის მშნებლობის ხელმოწერის ცერემონიაზე

კომპანია Trammo-ს პრეზიდენტის ედვარდ ვაინერის განცხადებით, კომპანია უზრუნველყოფს როგორც ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში.

ტვირთების ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბათუმის პორტის გენერალურმა დირექტორმა მურად ჯუმადილაევმაც. მისი თქმით, ტვირთები საფრთხეს არ შეუქმნის ქალაქის ეკოლოგიას.

Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენლის განცხადებით, „ეს იქნება ჭკვიანი ტერმინალი, რომელიც საქართველოს აუწევს სტატუსს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“.

მისი თქმით, კომპანია არ აპირებს მხოლოდ ერთ პროექტზე შეჩერებას – ის ჩამოაყალიბებს საქართველოში კერძო ოპერატორს, რომელსაც ექნება საკუთარი ვაგონები და ლოკომოტივები,  ტვირთებს რომ მოემსახუროს.

„ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას ისევ ქართულ ქარხნებში. დაახლოებით ათას ვაგონზე და 14 ლოკომოტივზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონა მინერალური სასუქის გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

ხელშეკრულების გაფორმება სასტუმრო „ჰილტონის“ ფოიეში ერთმა მოქალაქემ გააპროტესტა.

ახალი ტერმინალის მშენებლობა ამ ფორმით გააპროტესტა მოქალაქე ვალერიან მებუნიშვილმა „ჰილტონში“.

„აქ, მთავარია, მოსახლეობის პოზიცია. მე აქ ვარ ერთი, მაგრამ ჩემს უკან ბევრი დგას. ბათუმი არის ტურისტული ქალაქი და ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვით, მას ეს ფუნქცია დაეკარგება. ბევრ უცხოელს, რომლებმაც ბინები შეიძინეს ბათუმში, აშფოთებთ ამ ტერმინალის მშენებლობა. ეს პროექტი დანიშნულებას უკარგავს ჩვენს ქალაქს და ნუ გავრისკავთ“, – განაცხადა ვალერიან მებუნიშვილმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ამ ტერმინალის მშენებლობას ის და მისი თანამოაზრეები ბათუმის პორტში დიდი საპროტესტო აქციით 20 იანვარსაც გამოეხმაურებიან.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა ორჯერ გახდა საპროტესტო აქციის მიზეზი, ამ პროექტს სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც აპროტესტებენ.

 

კონკურსი შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიამ შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი სამეტაპიანია და ის წარდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ ტესტირებას და შემდეგ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას ითვალისწინებს. შვიდივეს მერია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანს.

ვაკანტურია მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა – ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში. ხელფასი 1300 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს და ინგლისურს B1 დონეზე.

საკონკურსო თემატიკა შეირჩევა საქართველოს კანონმდებლობიდან: მითითებულია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და კიდევ რამდენიმე კანონქვემდებარე აქტი.

ვაკანტურია, ასევე, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის, მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის – რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა – არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საკითხებში. ხელფასი ამ შემთხვევაშიც 1300 ლარია. საჭიროა ერთწლიანი გამოცდილება, კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მერია კონკურსის წესით შეარჩევს მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტსაც, ხელფასი ამ პოზიციაზე 1400 ლარია. მოთხოვნები თითქმის იგივეა. გარდა ამისა, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ეკონომისტის განათლება.

მერია ეკონომისტს ან ფინანსისტს აიყვანს ასევე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

კონკურსია გამოცხადებული ასევე მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე – ხელფასი 1400 ლარი.

გამარტივებული კონკურსია გამოცხადებული სპეციალისტის შესარჩევად ახალგაზრდულ განყოფილებაში, ამ პოზიციაზე ხელფასი 900 ლარია.

პიროტექნიკის აფეთქების გამო 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს

წუხელ, 13 იანვრის საღამოს, ბათუმში ორ მოზარდს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ 11 წლის ბიჭი ხელის მტევნის დაზიანებით ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს. თუმცა, ბავშვის ახლობლის თქმით, მისი თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი: „დაზიანებული აქვს ორი თითი და ხელის გულზე აქვს ჭრილობა, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება“.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მეორე შემთხვევაც წუხელ მოხდა ბათუმში. სამედიცინო ჯგუფმა 12 წლის ბიჭი „ოცნების ქალაქიდან“ ანგისაზე, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მნიშვნელოვანი დაზიანებები არ ჰქონდა. ხელზე ნახეთქი ჭრილობებით იქნა ჰოსპიტალიზირებული“, – გვითხრეს სასწრაფოში.

 

აჭარაში ამინდი 16 იანვრიდან გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

დღეს, 14 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლში და მაღალმთიანეთში, ძირითადად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის  21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: ღამით 1-6, დღისით 8-13 გრ.სითბო, მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5  გრადუსი სითბო.

შავ ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე:  7-12 დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა: 8.5 გრადუსი.

15 იანვრის შემდეგ, სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარაში ამინდი შედარებით გაუარესდება. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა.

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

„სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.

თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი, მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში,“-ნათქვამია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან.

„სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“.

Exit mobile version