რა ფერის იქნება ბათუმის ახალ სტადიონზე გულშემატკივართა სკამები – დისკუსია ფეისბუქში


“მხოლოდ თეთრი და ლურჯი” – „დინამო ბათუმის“ ფანები ითხოვენ, ბათუმის ახალ სტადიონზე მხოლოდ ამ ორი ფერის სკამები დამონტაჟდეს. ამ თემაზე დისკუსია ფეისბუქში დაიწყო.

ბათუმში 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონს შპს „სტადიონი“ აშენებს.  შპს „სტადიონის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც გულშემატკივართა სკამები თეთრ, წითელ და ლურჯ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ფოტოს სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრები წერდნენ, რომ ახალ სტადიონზე სკამები მხოლოდ ლურჯი და თეთრი ფერის უნდა იყოს და წითელი ფერი ზედმეტია. მოგვიანებით  შპს „სტადიონის“ ოფიციალური გვერდიდან ფოტო წაშალეს, თუმცა დისკუსიამ ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ფანკლუბის გვერდზე გადაინაცვლა.

„ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით შევხვდით სტადიონის მშენებლობას და მადლობა სახელმწიფოს ამისთვის. შპს „სტადიონის“ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ფოტოები, რომლებზეც სტადიონის სკამები სამ ფერში იყო. როდესაც შევამჩნიეთ, რომ იქ იყო წითელი სკამების ჩანაფიქრი, ჩვენი პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. ჩვენ არანაირი გართულება არ გვაქვს ფერთან, თუმცა თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის „ბათუმის დინამო“ და ამ დროის მანძილზე ჩვენი ფერები ლურჯი და თეთრია. მიღებული სტანდარტია – გუნდის ფანები და გულშემატკივრები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან ის ლოგო, რომელ გუნდსაც ქომაგობენ. უკვე დასრულებული სტადიონის ტრიბუნაზე სკამის ფერი უნდა იყოს ლურჯი და თეთრი, იმიტომ, რომ ეს „ბათუმის დინამოს“ ფერია.

ჩვენ გვესმის, რომ სტადიონი „დინამო ბათუმის“ საკუთრება არაა, მაგრამ არსებობს ფაქტები, სადაც გულშემატკივრების აზრი გაითვალისწინეს. შორს რომ არ წავიდე, იგივე „დინამო არენა“ არ არის „დინამო თბილისის“ საკუთრება, საქართველოს საკუთრებაა, თუმცა „დინამო არენას“ ტრიბუნები გადაწყვეტილია ლურჯ და თეთრ ფერებში,“ – ამბობს ლუკა სირაბიძე „ბათუმის დინამოს“ ოფიციალური ფანკლუბის – „შავი ზღვის მეკობრეების“ წევრი.

რა ფერის იქნება ტრიბუნებზე განთავსებული სკამები ახალ სტადიონზე, ამ კითხვით შპს „სტადიონის“ დირექტორის მოადგილეს, ჯემალ ბოლქვაძეს მივმართეთ.

ჯემალ ბოლქვაძის მტკიცებით, ამ ეტაპზე გულშემატკივართა სკამების ფერი პროექტით განსაზღვრული არ არის.

„პროექტით არ არის გათვალისწინებული როგორ მოეწყობა, რა კონფიგურაციით იქნება და რა ფერის იქნება სავარძლები. პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლები, ისეთი, როგორიცაა: გეომეტრიული ზომები, მასალის ხარისხი და ა.შ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება, თუ რა ფერის იქნება სავარძელი, როგორ განლაგდება, მიღებული არაა. არც სავარძლების მოწყობის სამუშაოებია დაწყებული, რადგან არ არის დასრულებული ტრიბუნის მოწყობა, რაზეც უნდა დამაგრდეს ეს სავარძელი,“ – ამბობს ჯემალ ბოლქვაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ სავარძლების ფერი შერჩეული არ აქვთ, როგორ გაჩნდა სამი ფერის სკამები სტადიონზე და შემდეგ რატომ წაშალეს ამის ამსახველი ფოტო ოფიციალური გვერდიდან, ჯემალ ბოლქვაძე განმარტავს:

„მშენებელი კომპანია ალბათ შესაბამისი პარამეტრის სავარძლებს არჩევს და შეიძლება ერთი-ორი ცალი დამონტაჟებული იყოს. ფოტოს წაშლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, გაურკვევლობა რომ გამოიწვია, თითქოს  სკამების მონტაჟი დაიწყო“.

შპს “სტადიონის” მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული ფოტო, სადაც თეთრი, წითელი და ლურჯი ფერის სკამები ჩანს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი