მთავარი,სიახლეები

ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს

16.11.2018
ორი მოსამართლე ბათუმის სასამართლოს დატოვებას აპირებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე სხვა სასამართლოში გადასვლას აპირებს. საუბარია დავით მამისეიშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა, ასევე, თამარ ბეჟანიშვილზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2011 წლიდან განიხილავს.

დავით მამისეიშვილი და თამარ ბეჟანიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობენ, მათ იუსტიციის საბჭო 24 ოქტომბერს გაესაუბრა. კონკურსის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. კენჭისყრის თარიღი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჩაუნიშნავს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, დავით მამისეიშვილს თბილისის საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს; თამარ ბეჟანიშვილი კი ხელვაჩაურის სასამართლოში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

ოფიციალურად ეს პოზიციები აქვთ მითითებული თამარ ბეჟანიშვილს და დავით მამისეიშვილს.

რატომ გადაწყვიტა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დატოვება ორმა წამყვანმა მოსამართლემ – „ბათუმელებს“ სასამართლოს კანცელარიაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მოსამართლეები კომენტარს არ გააკეთებენ.

ადვოკატების თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილი გახდება. იგი აქამდე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ხვიჩა კიკილაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა “გიორგი მიქაუტაძის საქმეზე”. მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია და იგი კონკრეტულ ცოლ-ქმარს მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავებოდა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა გიორგი მიქაუტაძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატების თქმით, ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე თამარ ბეჟანიშვილი გახდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: