დღეს, 30 სექტემბერს, ვარშავაში, მზია ამაღლობელს გადასცეს პოლონეთის მთავრობის დაარსებული ლეხ ვალენსას „სოლიდარობის პრიზი“.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და თავად ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი პოლონური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი.
მზია ამაღლობელის სახელით, პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან ჯილდო „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო.
„წელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადაეცა მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს, სიტყვის თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, მან ჯილდო პირადად ვერ მიიღო, რადგან 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება.
თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს ძალიან კარგად იცის“ – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე
ლეხ ვალენსას სოლიდარობის პრიზი
მზია ამაღლობელის დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა ლეხ ვალენსა.
„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია.
ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო – მზია ამაღლობელს.
ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი. 2025 წელს მას პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“, — დაწერა ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში.
ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს დაარსდა.
ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.
პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).~
„ის ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს. ხალხს არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად რაიმეს ცდილობდა ხალხისთვის.
სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს.
აი, სტალინს რომ წერდნენ სასოწარკვეთილები ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და შემდეგ თვითონ მოხვდნენ ციხეებში – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“ – ასე განმარტა ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების მოტივს.
პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა 30 სექტემბერს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც პრემიერობის დროს საკუთარ მიღწევებს გაუსვა ხაზი და წერილის ბოლოს ხალხს ჰკითხა:
ვის ესაუბრება ამ წერილებით ღარიბაშვილი რეალურად? მართლა ხალხის აზრი აინტერესებს თუ ვინმე სხვა ჰყავს მხედველობაში, როცა ხალხს მიმართავს? – ამ თემაზე „ბათუმელების კითხვებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი პასუხობს:
„ალბათ პირველ რიგში ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს.
ხალხს ის არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად ცდილობდა, ხალხისთვის გაეკეთებინა რაიმე. აკეთებდა იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებდა და ცდილობდა, წინასწარ განეჭვრიტა და გაეკეთებინა ის, რაც ივანიშვილს მოეწონებოდა.
ახლაც ასეა, მე მგონი, უბრალოდ ახსენებს საკუთარ თავს, რომ აი, ასეთი და ისეთი დამსახურება მაქვსო.
ერთი მხრივ, ვერ დავუჭერ მხარს ვერანაირ დისკრიმინაციას, მათ შორის რაიმე სახით პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავებას და მათ გასამართლებას და ასე შემდეგ, მაგრამ, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მის დროს ზუსტად იგივე ხდებოდა და მთლიანობაში არაფერი შეცვლილა.
პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა „ქართული ოცნების“ მმართველობის წესში.
ეს იქიდან ჩანს, რომ, პრინციპში, არც ღარიბაშვილი, არც ახლანდელი პრემიერი და „ქართული ოცნების“ არცერთი პრემიერი საქართველოში არ ატარებს თავის საკუთარ პოლიტიკას. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უკვეთავს.
ამიტომ ახლა აქ საუბარია შიდა კლანურ ბრძოლებზე, რომელიც, პრინციპში, ხალხის ზურგზე არ უნდა გადავიდეს და არც არავის სადარდებელი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით.
უნდა ვიდარდოთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები, ნებისმიერის, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, არ არის ბოლომდე დაცული და ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, გააჩნია წვდომა სამართლიან სასამართლოზე.
ღარიბაშვილის დროს დააკავეს დიპლომატები, საგარეო სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტები დავით გარეჯის საქმეზე, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარეს ციხეში, აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხმა და პირდაპირ ღარიბაშვილის მითითებით მოხდა ეს.
უსამართლობას თვითონაც ჩადიოდა ძალიან ბევრის მიმართ, ხომ სწორია?!
ძალიან ბევრის, თუ გნებავთ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პრეზიდენტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით… შეიძლება უდანაშაულოები არ იყვნენ, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკური მოტივით მათ ბევრად უფრო მაღალი სასჯელები მიუსაჯეს და აშკარა იყო პოლიტიკური დევნა.
ახლანდელ რიტორიკაში, მის საუბარში, არ ისმის აპელირება კონკრეტულად იმ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ. ლაპარაკია, როგორ დაჩაგრეს პირადად, რა კარგი მმართველი იყო თვითონ და რა ცუდი მმართველები არიან ახლა.
ეს არაადეკვატური საუბარია, ჩემი აზრით, არ არის არანაირი გულახდილობა ამაში, პლუს არანაირი სინანული არ ჩანს მის საუბარში და რწმენა იმისა, რომ ვთქვათ, რომ დაბრუნდეს, მაგალითად, ხელისუფლებაში, ოდესმე უკეთესად მოიქცევა, რომ ამ გაკვეთილს მიიღებს.
კახა გოგოლაშვილი
ამ წერილებით რის მიღწევას ცდილობს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს შეახსენოს თავი? მის გარეშე ხომ ისედაც ვერ მიიღებდნენ ღარიბაშვილის დაკავების გადაწყვეტილებას და ივანიშვილს კარგად მოეხსენება, სადაც არის ახლა ღარიბაშვილი?
ყურადღებას იქცევს.
ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რამდენად სტაბილურია. ესაა ადამიანი, რომელიც იყო, პრინციპში, მომხვეჭელი და ხელისუფლებას და ძალაუფლებას იყენებდა გამდიდრებისთვის, თანაც ეგონა, რომ ეს არასდროს არ დამთავრდებოდა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ივანიშვილის ზურგი და ფიქრობდა, რომ მარტივია ივანიშვილის უკან ყოფნა – მთავარია აჩვენო მას და უმტკიცო [ივანიშვილს], რომ ხარ ლოიალური და მისი ერთგული სამუდამოდ.
აღმოჩნდა, რომ ეს ერთგულება არ ყოფილა საკმარისი.
რა თქმა უნდა მას ექნებოდა ფსიქოლოგიური შოკი ამის გამო. ღარიბაშვილის ეს საუბარი უკვე არ შეიძლება ჩაითვალოს სრულად რაციონალურად, აქ ძალიან დიდი ნაწილი არის ემოციური… შეიძლება ითქვას, ნაკლებად გასაგები ლოგიკურად.
აშკარაა, რომ ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ არც ისე კარგადაა დაგეგმილი მისი ეს აქცია, რასაც ჰქვია ეს წერილები და ასე შემდეგ.
უბრალოდ, სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს. აი, სტალინს რომ წერდნენ ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და მერე თვითონ მოხვდნენ ციხეებში. ისინი ალბათ ასეთივე წერილებს სწერდნენ სასოწარკვეთილები – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“.
ფსიქოლოგიურად ვერ გადაუხარშავს, მე ასე მგონია.
წერილის ბოლოს ღარიბაშვილი კითხვას სვამს – „ხალხს მინდა ვკითხო, ჩემი გადადგომის შემდეგ გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მდგომარეობაო“. ასე ცდილობს იგი კობახიძის შემოყვანას ამ ამბავში?
რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს აბრალებს კობახიძეს, მაგრამ აბრალებს კობახიძეს ივანიშვილის წინაშე და არა ხალხის წინაშე.
ის ვერ იტყვის – „ივანიშვილს მინდა ვკითხო, ჩემზე უფრო კარგი მმართველი და შენი ხელის ბიჭია კობახიძე თუ არა?“
დაახლოებით ასეა სინამდვილეში ეს კითხვა, მაგრამ ის იყენებს სიტყვა „ხალხს“. სინამდვილეში მან იცის, რომ არც ხალხს აინტერესებს ეს კითხვა და არც თავად აინტერესებს ხალხის აზრი, იმიტომ, რომ არც არასდროს აინტერესებდა.
როცა გამოდიოდა და რაღაცებს იგონებდა, იგივე დავით გარეჯზე ან ახალგაზრდებს ბრალს დებდა გადატრიალებების მცდელობებში და თითქოს რაღაც შეთქმულების თეორიებს ავრცელებდა ტელევიზიით, მაშინ ხალხის აზრი აინტერესებდა?! პირიქით, ხალხს იქეთ ახვევდა თავის აზრს. ახლაც ასეა.
სინამდვილეში, სიტყვა „ხალხით“ ჩაანაცლა „ივანიშვილი“. გულახდილად რომ დაეწერა, დაწერდა: „ბატონო ბიძინა, რატომ მჩაგრავთ მე, განა კობახიძის მუშაობა უფრო ნაყოფიერია და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს მეტად, ვიდრე ჩემი მუშაობა იყო?“ დაახლოებით ეს არის კონტექსტი სინამდვილეში.
როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს, თუ მისი მიზანი, რაზეც აქვს გათვლა, ვერ შესრულდა? შეიძლება, მაგალითად, კობახიძის წინააღმდეგ უფრო მეტი თქვას?
შესაძლებელია, დიახ.
აქ შეიძლება იყოს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. შეიძლება ივანიშვილსაც მოსწონს, რომ ის აი, ასეთ წერილებს წერს, იმიტომ, რომ კობახიძე ჰყავს დაძაბულ მდგომარეობაში და ღარიბაშვილმაც იცის, რომ ივანიშვილს სიამოვნებს, როცა თვითონ წერს კობახიძის საწინააღმდეგოს, ოღონდ ივანიშვილზე ნუ იტყვის ნურაფერს.
მაგ შეცდომას არ დაუშვებს, ამდენი ინტუიცია გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ კობახიძეზე შეეცდება, რომ ასეთი რაღაცები წეროს და ივანიშვილიც, ალბათ, არ დაუშლის ამას.
ივანიშვილს რომ ნდომოდა, უბრალოდ დაურეკავდა ციხეში და დაელაპარაკებოდა. ეტყოდა, თუ გინდა შეგიმცირდეს სასჯელი, ჭკუით მოიქეცი და დაანებე თავი რაღაცების ჯღაბნას მაქედანო, მაგრამ ამას არ ეუბნება, არ უკრძალავს. რომ აუკრძალოს, ხვალვე გაჩერდება, რა თქმა უნდა და ერთ სიტყვასაც არ დაწერს.
ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავად ივანიშვილიც აძლევს ამას მწვანე შუქს, რომ მან წეროს და წეროს კობახიძის წინააღმდეგ.
შეიძლება უფრო მწვავეც გახდეს და შეიძლება მართლა უფრო კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტულ თემებზე გადაიტანოს საუბარი, ეს არ არის გამორიცხული.
რასაც შეიძლება შემდეგ ლოგიკურად მოჰყვეს უკვე კობახიძის წასვლაც?
არ ვიცი. შეიძლება წასვლა და შეიძლება უბრალოდ მეტად დაძაბული და უფრო, ასე ვთქვათ, მონდომებული იმუშავებს კობახიძე იმისთვის, რომ მართლა არ გადაუხვიოს არანაირად ივანიშვილის მოთხოვნებს, არ გაივლოს თავში არაფერი, დაუმორჩილებლობის აზრი და ასე შემდეგ.
კობახიძეს ეს საინფორმაციო ნაკადი, რომელიც მოდის ღარიბაშვილისგან, დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება, დამატებით.
30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.
მზია ამაღლობელსლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა.
მზია ამაღლობელის ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაარსდა 2014 წელს.
ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.
პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).
ლეხ ვალენსა პოლონეთის ცნობილი მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტია. მას 1983 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში.
მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა პატიმრობაში. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის შეტევის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო და 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.
პოპოვს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.
მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, ვინაიდან სხდომაზე ადვოკატი არ ჰყოლია, უცნობია, ისარგებლებს თუ არა ალექსანდრე პოპოვი ამ უფლებით.
სასამართლო პროცესს თბილისში ესწრებოდა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი.
პოპოვმა დანაშაული აღიარა. მას საქართველოში ბინა აქვს ნაყიდი და ითხოვდა, მისი რემონტის დასრულებისა და საქართველოში ცხოვრების უფლება მიეცათ.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, №9 სამარშრუტო ხაზზე სატრანსპორტო საშუალებების როტაცია განხორციელდება.
კერძოდ, 1-ელი ოქტომბრიდან №9 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.
№9 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ქათამაძის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ბარათაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – მაჭავარიანის ქ. – ი. ჯავახიშვილის ქ. – მესხის ქ.
უკუმიმართულება:
მესხის ქ. – მაჭავარიანის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – ბაგრატიონის ქ. – გრიბოედოვის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ქათამაძის ქ.
„აღნიშნული ცვლილება სატრანსპორტო საშუალებების ხაზებს შორის ოპტიმალური გადანაწილებისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით ხორციელდება“ – წერს „ავტოტრანსპორტი“ ფეისბუქზე და დასძენს, რომ როტაციის ფარგლებში, Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლება უკვე განხორციელდა №7 და №7ა სამარშრუტო ხაზებზეც, სადაც მომსახურებას Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ახორციელებენ.
„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ციხეში მყოფი „ოცნების“ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი წერილით „კობახიძეს ესპარინგება“.
ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი ციხიდან 29 სექტემბერს გაავრცელა, სადაც საზოგადოებას „შეახსენა“, რა ვითარებაში დაიკავა თანამდებობა მეორედ, 2021 წლის თებერვალში. ღარიბაშვილი წერს, რომ მაშინ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი, პანდემია და ვაქცინების დეფიციტი იყო, საუბრობს ჩაკეტილ ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ბიუჯეტის დეფიციტსა და ლარის კურსზე. მისი მტკიცებით, 2021 წელს „ჩამოშლილი ხელისუფლება“ ჩაიბარა და მალევე „დაასტაბილურა“ ვითარება.
ირაკლი მელაშვილი
რის მიღწევას ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერილების გამოქვეყნებით? – ამ კითხვაზე ირაკლი მელაშვილმა ასე გვიპასუხა:
„ჩემი აზრით, ეს წერილი იყო მიმართული საზოგადოებისადმი და პირადი პოლიტიკური კამპანიის დაწყებას ჰგავს, როდესაც ადამიანი თვითონ აქებს საკუთარ თავს და საზოგადოებას ახსენებს თავის დამსახურებას.
ზუსტად საპირისპირო შინაარსის წერილის დაწერა შეიძლება ღარიბაშვილზე. რა გაფუჭდა მის დროს — ასეთი წერილის დაწერაც შეიძლება.
ეს პოლიტიკური კამპანია არ ვიცი ვის მიმართ არის მიმართული. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ახსენებდეს თავს, რომ რა კარგი პრემიერი ჰყავდა და რა ცუდია ახლანდელი. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებში აწარმოებს თავის კამპანიას.
ის, ისევე როგორც ყველა, ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, ამჟამად არავინ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და ამ სიტუაციაში ღარიბაშვილი პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს დალაგებული იყო და ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი… ანუ, ეს ყველაფერი არის, სინამდვილეში, თავის შედარება კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა არის იზოლაციაში, ფაქტობრივად.
აი, ამით ცდილობს ღარიბაშვილი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის იმის თქმას, რომ ის იყო „ოცნების“ ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი.
გახარია მოღალატე იყოო, წერს მაგასაც, კობახიძემ აი, ასეთ დღეში ჩაგვაგდოო. ბოლოში ხომ კითხვით ამთავრებს, კმაყოფილი ხართ, ახლა რაც ხდება? – ანუ კობახიძეს ესპარინგება ის და არა ივანიშვილს ან სხვა ადამიანებს, რომლებმაც მის დაჭერაზე გადაწყვეტილება მიიღეს. პირადად კობახიძესთან აქვს სპარინგი ამ წერილით გამართული.
ამ წერილის შინაარსიც არის ეს.
საინტერესო იქნება ახლა კობახიძე რას უპასუხებს ამ წერილზე“.
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.
შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს.
„არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის.
13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მოიპოვებს.
ამასთან, „არალმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 41 250 ლარი უნდა გადაიხადოს.
წითელი წრით მონიშნულია ის ადგილი სადაც „არალი“ ანდეზიტს [ვულკანური წარმოშობის ქანი] მოიპოვებს
შპს „არალი“ ხულო-ზარზმის გზაზე ამჯერად მხოლოდ მეწყრული ადგილების აღდგენაზე მუშაობს.
„მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდობის აღდგენის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე“ კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „არალსა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა 15 204 999 ლარზე.
„მეწყრულ ადგილებში“ სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღემდე მიმდინარეობს. ამავე პორტალის მონაცემებით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის ჯამში 12 443 178 ლარია გადახდილი.
აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე დაიდო გეოლოგიური დასკვნაც იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოები იყო.
რაც შეეხება მთლიანად ხულო-ზარზმის პროექტს. ამ გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.
პრობლემის მიზეზი კი ისევ „მეწყრული მონაკვეთები“ ყოფილა, რასაც „არალის“ მიერ შესრულებული თუ შესასრულებელი სამუშაოები ეტყობა აღარ შველის.
„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს“. – ეს განცხადება „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 2017 წლის 17 სექტემბერს გააკეთა.
ქალი ფეხბურთელების ნაწილი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და კოლეგას, რომელიც საკუთარი კლუბის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
საუბარია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ 20 წლის ფეხბურთელზე, რომელმაც საფეხბურთო კლუბის მფლობელს, 32 წლის ბიზნესმენ მეჰმეთ უიარის გასული წლის დეკემბერში უჩივლა. 9-თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2026 წლის 22 სექტემბერს, ბიზნესმენი გაამართლეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
იმ დროს, როცა მოსამართლე გიორგი არველაძე მეჰმეთ უიარის გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა, დარბაზში იმყოფებოდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი გოგო, რომელიც განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
გუშინ, 29 სექტემბერს, უნდა გამართულიყო მატჩი ქალთა საფეხბურთო კლუბებს – „ნიკე ლუსოსა“ და „ლანჩხუთს“ შორის, თუმცა „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა უარი თქვეს მატჩში მონაწილეობაზე და სტადიონი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
იმავე დღეს, მოგვიანებით, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს 20 წლის კოლეგას.
დღეს, 30 სექტემბერს, მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველი ქალი ფეხბურთელები სხვა გუნდებიდან:
„ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფეხბურთზე მეტი გააკეთა. მატჩი დაიწყო, ბურთი გათამაშდა და შემდეგ მოედანზე გაჩნდა ბანერი: „მოძალადის მხარდამჭერი მოძალადის თანამონაწილეა.“ ამის შემდეგ გოგოებმა მოედანი დატოვეს.
ეს არ ყოფილა უბრალოდ მატჩის ჩაშლა, ეს იყო პასუხი დუმილზე. როცა ძალადობის შესახებ არსებობს მძიმე ბრალდებები და ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი კვლავ რჩება ფეხბურთის სამყაროში გავლენიან ფიგურად, დუმილი ყველასთვის ერთნაირი არჩევანი აღარ არის.
გოგოებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ასეთ გარემოში თამაში მათთვის მიუღებელია. მათ არ დაუყვირიათ, არავისთან ჩხუბი არ დაუწყიათ, უბრალოდ გაშალეს ბანერი და წავიდნენ.
ზოგჯერ ყველაზე ხმამაღალი პროტესტი სწორედ მაშინ არის, როცა მოედანს ტოვებ. ეს იყო მათი თანაგუნდელის, მეგობრის და პირველ რიგში, ადამიანის გვერდით დგომა.
ფეხბურთი ვერ იქნება ადგილი, სადაც შედეგი ადამიანის ღირსებაზე მაღლა დგას. ძალადობაზე დუმილი ნეიტრალიტეტი არ არის და ფეხბურთი არ უნდა იცავდეს ძალადობას, ფეხბურთმა ადამიანი უნდა დაიცვას“, – დაწერა სოციალურ ქსელში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბათუმის“ ფეხბურთელმა, ნათია წოწერიამ.
ერთობლივი მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდმაც. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს კლუბ „ლანჩხუთს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპორტში ქალთა უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა მსგავსი შემთხვევების დროს.
„ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც პატივისცემა, უსაფრთხოება და ერთმანეთის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.
ძალადობას არ აქვს ადგილი ფეხბურთში და მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში. ჩვენ ვდგავართ ძალადობის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის წინაშე დგას და სამართლიანობისთვის იბრძვის.
დღეს ჩვენი გუნდი ლანჩხუთის გვერდითაა. გვჯერა, რომ ასეთ დროს დუმილი გამოსავალი არ არის. საჭიროა ერთიანობა, მხარდაჭერა და მკაფიო პოზიცია. არა ძალადობას! კი უსაფრთხო და ღირსეულ სპორტს!”, – წერია ხობის „კოლხეთის“ ქალთა გუნდის განცხადებაში.
ინდივიდუალური განცხადებები გაავრცელეს თავად კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა ქალებმაც. მაგალითად, კლუბის კაპიტანი, ნინი ჩხარტიშვილი წერს, რომ ამაყია მისი გუნდის გადაწყვეტილებით, რომელმაც „3 ქულას“ და ჩემპიონობას „ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომა ამჯობინა“.
„15 წელია ფეხბურთში ვარ. საზღვარგარეთაც მითამაშია, ეროვნულ ნაკრებში დღემდე ვარ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა კლუბიდან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. მსგავსი რამ არც მინახავს და არც გამიგია… რაც დღეს ხდება ეს არის სრული მარაზმი!
როგორ შეიძლება ყველაფერი და ყველა ფულით იყიდო?! მოგმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფაქტზე დუმს და უფრო მეტიც. ვიღაც თურქ მილიარდერს ამართლებთ (ისეთ ადამიანს, ვისაც მის ქვეყანაში პატივს არ სცემენ) ადამიანები არ ხართ? არ გეშინიათ არაფრის? არ გეშინიათ უფლის?
არ გეშინიათ, რომ ხვალ თქვენ ან თქვენი მეგობარი მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ? როგორ შეგიძლიათ უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხომ არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში? მრცხვენია ყველას მაგივრად, ვინც დუმს… მეცოდებით გულწრფელად.
ღმერთმა ყველას აპატიოს… სიტყვები არ მაქვს და ვერ ვფიქრობ ამ თემაზე საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ხმის ამოღება… სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართალს, თორე დღეს ფულს ვერ აჯობებ .. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. არა ძალადობას!”, – წერს ნინი ჩხარტიშვილი.
„ლანჩხუთის“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ლიზი მწყერაშვილმა „TST სპორტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გაგრძელდება პროტესტის მსგავსი ფორმით გამოხატვა, „სანამ ზომებს არ მიიღებენ“.
„პირველ რიგში ჩემი გუნდელის გვერდით ვდგავარ მეც და ჩემი გუნდიც, რაც აისახა დღევანდელ „თამაშზეც“.
არავის ადარდებს ფეხბურთი როდესაც მოძალადეები არიან და უსამართლოები.
ჩვენ ადამიანობა გაგვაჩნია და ასეც გაგრძელდება, სანამ ზომებს არ მიიღებენ“ – განაცხადა მწყერაშვილმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ქალთა ნაკრების წევრია.
მომხდარს 29 სექტემბერს გამოეხმაურა ქალთა მოძრაობა. მათი შეფასებით, „ლანჩხუთის“ ქალი ფეხბურთელების გადაწყვეტილება არის „მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი ძალადობაგამოვლილი კოლეგა ქალის მიმართ და მკაფიო პოზიცია ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ”.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, საჯაროდ უპასუხონ არსებულ კითხვებს და უზრუნველყონ ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოება.
რა ხდება?
„ნიკე ლუსო“ 2025 წელს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნავი წვეულების შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც 32 წლის ბიზნესმენის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა.
ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით, მოწმეები არიან ამავე კლუბის წევრები ან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული ბრალდებულზე. შესაბამისად, ადვოკატს ეჭვი შეაქვს მათი ჩვენების სანდოობაში.
გარდა ამისა, ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო განხილვების პერიოდში თანაგუნდელები „უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავდნენ დაზარალებულად ცნობილი გოგოს მიმართ, მათ შორის, მატჩების დროს.
მეჰმეთ უიარის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბიზნესმენის პატიმრობას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს.
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საემიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
LIVEX 2026 აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ADNEC) 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ურბანული გარემოსა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი, სადებიუტო გამოფენა აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აბუ-დაბის პრინცისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მისი უმაღლესობა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით იმართება. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, მათ შორის 1,500-ზე მეტ ინვესტორსა და 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს.
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, One Development, ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე $200 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.
“ONE Development” არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომლის სათავო ოფისი აბუ-დაბიში მდებარეობს, ხოლო ძირითადი შოურუმები — აბუ-დაბისა და დუბაიში. კომპანია პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი AI-ინტეგრირებული დეველოპერი და ცნობილია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული მიდგომით უძრავი ქონების განვითარების მიმართ.
კომპანიის ფლაგმანური პროექტია Laguna Residence, რომელიც დუბაიში, City of Arabia-ში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამს შეადგენს და იგი პოზიციონირებულია როგორც რეგიონის პირველი სრულად AI-ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსი. პროექტი მოიცავს დიდ ლაგუნას პოდიუმის დონეზე, ორ მაღალსართულიან კოშკს და 40-ზე მეტ ცხოვრების სტილზე, ველნესსა და სოციალურ გამოცდილებებზე ორიენტირებულ ინფრასტრუქტურულ და გასართობ სივრცეს.
კომპანია ასევე აქტიურად ფართოვდება სტუმარმასპინძლობის სექტორში. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ არტისტ Amr Diab-თან თანამშრომლობით, ONE Development-მა შექმნა საკუთარი სტუმარმასპინძლობის ბრენდი — ONE/AD, რომლის ფარგლებშიც წარადგინა DO Hotels.
„ბათუმი განვითარების სრულიად ახალ, ამაღელვებელ ეტაპზე გადადის, „ამბასადორი აილენდი“ კი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ ამგვარი მნიშვნელობის მქონე, ახალი მიზიდულობის ცენტრის ფორმირებაში. აღნიშნული პარტნიორობით, ONE Development სიამაყით უერთდება პროექტს საკუთარი ხედვითა და გამოცდილებით — გამორჩეულ პროექტს, რომელიც რეგიონის ამბიციურ პერსპექტივას ნათლად ასახავს. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევქმნათ ისეთი გრძელვადიანი ღირებულება, რომელიც თაობებს დარჩება და ხანგრძლივ სარგებელს მოუტანს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“, – განაცხადა ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.
„საერთაშორისო პარტნიორობები იმ მოდელის ფუნდამენტური ნაწილია, რომელსაც ამბასადორის კუნძულზე ვნერგავთ. ჩვენ ვქმნით პროექტს, რომელიც იზიდავს ძლიერ გლობალურ აქტორებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამყვან გლობალურ კომპანიებთან პარტნიორობა და პატივია ONE Development-ის მასპინძლობა, რომელთან პარტნიორობითაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტში ერთობლივად გრძელვადიან ღირებულებას შევქმნით კუნძულზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ინტეგრირებული პირველი კომპლექსი აშენდება. ONE Development-თან გაფორმებული შეთანხმება სწორედ ამ ფაქტის ნათელი დადასტურებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მზარდ საერთაშორისო ნდობას პროექტის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ“. – აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების მოსაზიდ მძლავრ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, რასაც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ინტეგრირებული საინვესტიციო პაკეტები და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე არსებული ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული საინვესტიციო გარანტიები უზრუნველყოფს.
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს თიბისის ბარათებით გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე.
ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50%-ს ყოველი გადახდისას დაიბრუნებენ.
შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისის ბარათი, აიღეთ მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან, 30 წამში და იმგზავრეთ თიბისისთან ერთად ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში.
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან ახლოს მდებარე კაფეში მყოფ ადამიანებს თავზე გადმოაშარდა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა.
ინფორმაცია ფაქტის შესახებ მოქალაქემ გაავრცელა ტიკტოკზე. მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაფეში მყოფი მოქალაქის პროტესტს, რატომ შარდავდა აივნიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უპასუხა სიტყვებით – „Слава России“ [დიდება რუსეთს]. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ იმართლებს კაცი თავს იმით, რომ ტუალეტი სახლში დაკავებული იყო და კაფეს სკამები ქუჩაში არ უნდა იყოს.
მოქალაქეებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოქალაქის თქმით, დაკავებამდე კაცმა დახმარებისთვის ტელეფონით დარეკა და უცნობ პირს უთხრა, რომ აკავებდნენ შეძახილისთვის – „Слава России“.
„ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 171-ე [საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება] მუხლებით დააკავეს.
_____________
ფოტოზე: რუსეთის მოქალაქე. კადრი ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოდან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 სექტემბრის 21 საათიდან 1-ელი ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონში იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“ სახელით ცნობილი ჯილდოს ლაურეატი გახდა.
პრემიის ჟიურიმ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააჯილდოვა „ქართული დემოკრატიის მშენებლობისა და დაცვისთვის, ასევე, ავტოკრატიული რეპრესიების პირობებში სამოქალაქო აქტიურობის შენარჩუნებისთვის“.
„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივია და ეკუთვნის ყველას, ვინც 1994 წლიდან დღემდე საიას გზას ქმნიდა – ორგანიზაციის წევრებს, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც საიას საქმიანობაში იყვნენ/არიან ჩართულნი და ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ. მადლობას ვუხდით, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნდობას გვიცხადებენ. გვწამს, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია“ – აცხადებს საია.
საიას თავმჯდომარის, თამარ ონიანის, თქმით: „ეს ჯილდო ორგანიზაციის მრავალწლიანი შრომის აღიარებაა – იმ მუშაობის, რომელიც საქართველოში დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა საჭირო“.
საია ფეისბუქზე ავრცელებს Right Livelihood-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლე ფონ იუქსკიულის ციტატას:
„ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამოხატვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, საიას არასდროს დაუხევია უკან და ყოველთვის იქ იყო, სადაც მისი დახმარება სჭირდებოდათ: სასამართლო დარბაზებში, სოფლებში, იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც სხვაგან მიმართვა აღარ შეეძლოთ. ეს ჯილდო აღიარებს იმას, რაც ქართველებმა უკვე იციან: საია ქართული დემოკრატიის ხერხემალია“.
Right Livelihood-ის პრემია 45 წელზე მეტია გაიცემა და დღემდე 82 ქვეყნის 207 ლაურეატს მიენიჭა.
„საიამ მოქალაქეებს წლების განმავლობაში 1,5 მილიონამდე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია და დღესაც დგას ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ეს ჯილდო დამატებით ვალდებულებას გვაკისრებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი საქმის მნიშვნელობაში. კვლავაც ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხში“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 533 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 388 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 50 519 ერთეული [+21]
MLRS – 2 171 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 682 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 540 095 ერთეული [+1 393]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 789 ერთეული [+9]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 155 363 ერთეული [+332]
სპეცტექნიკა – 4 770 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 121 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე;
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც;
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
რა ხდება?
22 სექტემბერს, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლესსაფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” მფლობელი ბიზნესმენი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მეჰმეთ უიარი. იქამდე ის 9 თვის განმავლობაში იყო დაკავებული “ნიკე ლუსოს” ფეხბურთელის, 19 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით.
იმ დროს, როცა მოსამართლე გიორგი არველაძე მეჰმეთ უარის გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა, დარბაზში იმყოფებოდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი გოგოა, რომელიც განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. რაც შეეხება გამართლებულ ბიზნესმენს, მას დარბაზის წინ შეიარაღებული დაცვა ელოდებოდა და სასამართლო სწორედ მათი თანხლებით დატოვა.
„ნიკე ლუსო“ 2025 წელს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნავი წვეულების შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც 32 წლის ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა.
ახალგაზრდა ქალის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით, მოწმეები არიან ამავე კლუბის წევრები ან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული ბრალდებულზე. შესაბამისად, ადვოკატს ეჭვი შეაქვს მათი ჩვენების სანდოობაში.
გარდა ამისა, ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო განხილვების პერიოდში თანაგუნდელები „უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავდნენ დაზარალებულად ცნობილი გოგოს მიმართ, მათ შორის, მატჩების დროს.
მეჰმეთ უიარის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბიზნესმენის პატიმრობას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილი მის ფეისბუქზე დღეს, 29 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ვრცლად მიმოიხილავს მისი ბოლო პრემიერობის წლებს, გახარიაზე ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“ და ვრცელი წერილის ბოლოს სვამს რიტორიკულ შეკითხვას:
„ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს. თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს:
„საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში:
ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია (ვაქცინების დეფიციტი), ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, მინუს ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, ცხრაპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-ს აჭარბებდა, ლარის კურსი 3,3–3,4-ის ნიშნულზე იყო ასული, გაჩერებული იყო ყველაფერი და ქვეყანა ფაქტობრივად „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა.
ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა.
ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული, გუნდი – დაბნეული, ხოლო პარტიის იმჟამინდელი რეიტინგი 35–37%-მდე იყო დაცემული. ასეთი ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე 2021 წლის 18 თებერვალს.
პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
პარალელურად გავხსენით დაკეტილი ეკონომიკა, ძლიერი ბიძგი მივეცით ბიზნესსა და ეკონომიკურ განვითარებას. კოვიდის პირობებში დავიწყეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ინიციატივების განხორციელება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონების განახლების პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში გავშალეთ სამუშაოები.
იმავე წელს დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები. 43%-იანი ბარიერი დავძლიეთ და ავიღეთ 47%.
თავიდან ავიცილეთ დესტაბილიზაცია და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ადგილი მივუჩინეთ ყველა დესტრუქციულ ძალას და დავასრულეთ პოლიტიკური კრიზისი. და ბოლოს, უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხურეთ როგორც 2021, ასევე 2022 წელი.
ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა. სამ წელიწადში ეკონომიკა ოცდაათი მილიარდი ლარით გაიზარდა. შევძელით ინფლაციის კონტროლი – ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოვიდა და ცალკეულ პერიოდებში 1%-ზე ქვემოთაც კი იყო. შედეგად, ფასებზე წნეხი მოიხსნა. მაგალითად, თურქეთის ბაზრის გახსნითა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღებით წამლების ფასებმა მყისიერად დაიკლო – საშუალოდ 30–40%-ით შემცირდა და შედეგად, ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას 400 მილიონი ლარი დავაზოგინეთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიკამენტები 100–300%-იანი ფასნამატით იყიდებოდა და ეფექტიანი კონტროლი არ არსებობდა.
ბიუჯეტის დეფიციტი 9%-დან 2,8%-მდე ჩამოვწიეთ, ლარის კურსი 2,6–2,7-ის ფარგლებში დავასტაბილურეთ. მთავრობის ვალი სამ წელიწადში მკვეთრად შევამცირეთ 60%-დან 38%-მდე.
მოსახლეობაზე და განსაკუთრებით გაჭირვებულ მოქალაქეებზე გათვლილი მიზნობრივი პროგრამებით (მაგალითად, ყოველწლიურად 500 მილიონი ლარი გამოვყავით და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ყოველთვიური დანამატები დავუნიშნეთ) უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, შეიქმნა ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი. მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ გავზარდეთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები (სამ წელიწადში 40-50%-ით გავზარდეთ პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა ხელფასები), გავზარდეთ პენსიები, ხელფასები გავუზარდეთ მასწავლებლებსა და ექიმებს.
მაღალი და რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალებას გვაძლევდა, წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვეზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი და დამატებითი თანხები მიგვემართა ქვეყნისა და მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებისთვის.
სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ყველა სფერო და ყველა მიმართულება. საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზე იყო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვიყავით, ხოლო მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით – მეათე ადგილზე. ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გუნდთან ერთად დავძლიეთ ურთულესი კრიზისები. თავიდან ავიცილეთ რევოლუციისა და ომში ჩათრევის რეალური საფრთხეები.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ და უკომპრომისოდ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, თავიდან ავირიდეთ დესტაბილიზაცია და ომის რეალური საშიშროება. ქვეყნის შიგნით მიმდინარე სწრაფი განვითარების პარალელურად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებდით.
სამ წელიწადში განვახორციელეთ 25 საგარეო ვიზიტი. შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით. გავაფორმეთ ახალი სტრატეგიული შეთანხმებები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. წარმატებული ვიზიტები მქონდა ჩინეთში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ყურის ქვეყნებში, ისრაელსა და იორდანიაში (უწმინდესის, ილია მეორის, კურთხევით, სამასი წლის შემდეგ საქართველო დაბრუნდა წმინდა მიწაზე).
გავამყარეთ მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები რეგიონში. ბოლო პერიოდში პირველი მედიაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სწორედ ჩემი მონაწილეობით განხორციელდა. ასევე, პირველად გაიმართა სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა თბილისში.
და ბოლოს:
ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიღწეული შედეგებით და, რაც მთავარია, დემოკრატიული მეთოდებით, პოლიტიკურად გავანულეთ მთელი რადიკალური ოპოზიცია, სათქმელი და სალაპარაკო არ დავუტოვეთ არავის. ჩემი მთავრობის მუშაობის მოწონების რეიტინგი 2024 წლის იანვარში 60% იყო, ისევე როგორც პარტიის რეიტინგი.
ამ შედეგებით დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2024 წლის იანვრის ბოლოს.
მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“
რა ხდება?
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.
ამის შესახებ 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება და ნაწყვეტი წერილიდან, რომელზეც ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო.
„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.
ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, 29 სექტემბერს, ორი მსუბუქი ავტომაქნანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხებული იყო.
საქართველოში პატიმრობაში მყოფი რუსი აქტივისტების წყვილს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს დაქორწინების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საქართველოში მათ უკანონო ყოფნას ასახელებს.
ანასტასია ზონოვკინა და არტემ გრიბული ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ კი არა იძულებით იმყოფებიან.
წყვილი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მომენტში მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ ბილეთები, რომლითაც 3 კვირაში, 2025 წლის იანვრის დასაწყისში საქართველოს დატოვებას და საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკაში გადასვლას აპირებდნენ.
„მთელი ეს პერიოდი ჩვენ არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას სხვადასხვა საბაბით. მაგალითად, ვითომ იმიტომ, რომ ჩვენ უკანონოდ ვიმყოფებით საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც გარანტირებულია კანონით და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით.
ჩვენს მდგომარეობაში დაქორწინება ბევრს ვერაფერს ცვლის, მორალური მდგომარეობის გარდა. ყველაზე შესამჩნევი ალბათ ისაა, რომ დაქორწინების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან თვეში ორჯერ ჩაგვინიშნონ ვიდეოპაემანი. ამიტომაც გვეუბნებიან უარს, გაცილებით მარტივია ზეწოლა მოახდინო იმაზე, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს”, – წერს გრიბული გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 28 სექტემბერს გავრცელდა.
საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია როგორც პატიმრების, მოქალაქეობის არმქონე პირთა ქორწინება. თუმცა, როგორც ზინოვკინასა და გრიბულის ადვოკატებმა „ბათუმელებს“ განუმარტეს, სერვისების განვითარების სააგენტო იშველიებს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის მე-10 მუხლში წერია, რომ „საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და გაიცემა შესაბამისი მოწმობები“.
რატომ მიიჩნევს სერვისების განვითარების სააგენტო, რომ ზინოვკინა და გრიბული ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან?
საქმე ისაა, რომ ისინი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზინოვკინა და გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან, მათ ვიზის, ბინადრობის ნებართვისა და სხვა რამე ლეგალური დოკუმენტის გარეშე საქართველოში ყოფნის უფლება ჰქონდათ სრული 1 წლის განმავლობაში, ანუ 2025 წლის შემოდგომამდე.
თუმცა, საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, 2024 წლის 17 დეკემბერს ისინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ ციხეში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ, 2025 წლის 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შესაბამისად, დაპატიმრებულ აქტივისტებს ქვეყნის განსაზღვრულ ვადაში დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
სერვისების განვითარების სააგენტო კი მიიჩნევს, რომ მათ დაარღვიეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი, კონკრეტულად – საქართველოში შემოსვლისა და ქვეყანაში ყოფნის ვადები.
„ეს არის კანონის სიტყვა-სიტყვით განმარტება სამოქალაქო რეესტრის მიერ და არა შინაარსობრივი განმარტება. კანონიერება-არაკანონიერების საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ – ამ შემთხვევაში გვაქვს დაუძლეველი ძალა [რამაც მათ ხელი შეუშალა კონკრეტული ნორმის დაცვაში]. მათ უბრალოდ არ ჰქონდათ საშუალება, არც უფლება – სახელმწიფომ არ მისცა მათ უფლება, დაეტოვებინათ საზღვარი და შემოსულიყვნენ ისევ უკან.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ისინი სასამართლის განაჩენის საფუძველზე იმყოფებიან საქართველოში, თვითონ სახელმწიფომ აღიარა მათი ქვეყანაში ყოფნის კანონიერება. ისინი ციხეში არან სასამართლოს გადაწვეტილებით, რომელიც არის კანონიერ ძალაში შესული, ხომ?! შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ უკანონოდ იმყოფებიან ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, არალეგიტიმურია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ციალა რატიანმა.
ადვოკატმა სერვისების განვითარების სააგენტოს უარი უწყებაშივე გაასაჩივრა. ციალა რატიანის თქმით, 12 ოქტომბერს გაიმართება სხდომა იუსტიციის სახლში, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. თუ ზონოვკინასა და გრუბულს ქორწინების უფლება არც ამის შემდეგ მისცეს, ადვოკატი უწყების წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს.
„ბათუმელები“ ცდილობს კომენტარის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ შევძელით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამის პარალელურად, 30 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება ზინოვკინა-გრიბულის საქმის ბოლო სხდომა. მათი პატიმრობა მეორე ინსტანციაში დაცვის მხარემ გაასაჩივრა, რომელიც მათ უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.
დაკავებულების პოზიციაა, რომ მათ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო, მიზეზი კი მათ მიერ თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობაა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მათ არაერთხელ ახსენეს, რომ პოლიციელები მათი დაკავების პოლიტიკურ მოტივაციაზე პირდაპირ მიანიშნებდნენ.
ანასტასია ზინოვკინას განცხადებით ერთ-ერთმა პოლიციელმა, ირაკლი მუხადგვერდელმაის სექსუალურად შეავიწროვა და გაუპატიურებით დაემუქრა.
„პროკურორი მიდის ჩვენს ყველა ადვოკატთან და სთავაზობს საპროცესოს, აღიარეთ და ცოტას მოგისჯით, მალე გამოხვალთ, ფაქტობრივად მეორე დღესვეო. როცა ვამბობ, რომ ყველა ადვოკატს სთავაზობს სათითაოდ, მართლა ყველა ადვოკატს ვგულისხმობ. პროკურორი მისული იყო იმ ადვოკატთანაც კი, რომელიც დაქორწინებაში გვეხმარება და სისხლის სამართლის საქმეში არაა ჩართული.
ვერანაირი საპროცესო ვერ შედგება. ეს იქნებოდა დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის და იმ დამნაშავეებისთვის, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. მათი ზეწოლის მცდელობა ამ მეთოდებით საწყლად გამოიყურება.
ჩვენ ჩაგვიდეს ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. მთლიანი საქმე კიდე სრული ფალსიფიკაციაა, რომელიც გაკეთებულია უნიათო თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნორმალურად არაფერი არ შეუძლიათ არც ჩადება, არც საბუთების შედგენა, არც სასამართლოში ჩვენებების მიცემა.
ეგ უნიათოები:
გამოიჭირეს იმ ნარკოტიკის ჩანაცვლებაზე, რომელიც თვითონვე ჩაგვიდეს;
გამოიჭირეს საქმის მასალებიდან ნარკოტიკის მოპარვაზე;
გამოიჭირეს საბუთების გაყალბებაზე;
ძალიან ბევრს იტყუებოდნენ სასამართლოზე და გამოიჭირეს;
ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე სახლის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერზე, მტკიცებულებებსა და საბუთებზე და ა.შ.
არც კი ვიცი, ეს ძალიან სევდიანია თუ ძალიან სასაცილოა. 30 სექტემბრამდე სასამართლო იფიქრებს, თუ როგორ დახუჭოს თვალი ამ ყველაფერზე. მოდით და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან მოსამართლეები და დააკვირდით მათ სახეებს ამ დროს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, და სიმართლე გაიმარჯვებს“, – წერს არტემ გრიბული წერილში, რომელიც სააპელაციოს სხდომამდე 3 დღით ადრე გავრცელდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდობი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა.
„ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია,“ – აცხადებს ბათუმის მერია.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის [18:00 სთ] გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალური ტრანსპორტი კი შეუფერხებლად გადაადგილდება“.
მერია ასევე აცხადებს, რომ ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო.
„შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის. ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია“ – წერს ბათუმის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს.
ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება.
სატენდერო დოკუმენტებიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია ერთი იგივე კომპანია, შპს „დელტა კონსალტინგი“ იგებს.
თუმცა, სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა:
შესაბამისად, ამ შეთავაზებებიდან ტენდერი იმ თანხით გამოაცხადეს, რომელიც ყველაზე დაბალი იყო.
კომპანია „დელტა კონსალტინგისთვის“ 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. იგივე კომპანიას ფაქტობრივად იგივე მომსახურებისთვის მერიამ მომდევნო 2023-2025 წლებშიც გადაუხადა თითქმის 7 მილიონამდე ლარი. აქედან:
2023 წელს – 1 939 994 ლარი, 2024 წელს – 2 995 976 ლარი, ხოლო 2025 წელს – 1 972 300 ლარი.
რა ადგილებზეა დამონტაჟებული ქალაქის ბიუჯეტის ფულით შესყიდული ვიდეოკამერები, რამდენი მათგანი მუშაობს გამართულად და ვინ არის ჩანაწერების დაცვა-გაცემაზე პასუხისმგებელი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ წინა წლებში ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, თუმცა ასეთი ინფორმაცია მერიამ არ მოგვაწოდა.
საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს.
სასურველი თემატური მიმართულებებია:
ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ – დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები;
თევზჭერა და კვების ინდუსტრია – თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება;
კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა – წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
საგამოძიებო მედიალაბი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი თემები სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო – შესაძლებელია სხვა, ძლიერი საგამოძიებო იდეის წარმოდგენაც, თუ ის უკავშირდება შავ ზღვას.
განაცხადისწარდგენა შეუძლიათ მოქმედ სტუდენტებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ფრილანსერებს.
წერილობითი პიჩი უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე და არ აღემატებოდეს 800 სიტყვას. იგი შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს: რა არის პრობლემა→ რატომ უნდა გვაინტერესებდეს→ რის გამოკვლევას აპირებთ→ როგორ დაამტკიცებთ ფაქტებს→ რას მიიღებს აუდიტორია.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზეუნდა შეავსონ.
შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 9 საუკეთესო იდეა. ფინალისტები მენტორებთან ერთად დახვეწენ პიჩებს და ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ 2 000, 1 500 და 1 000 ლარის ჯილდოს და 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 4 ოქტომბერი.
საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე გაიმართება, 9–10 ოქტომბერს, თბილისში.
ფინალისტები იდეების დასახვეწად საერთაშორისო ჟიურისთან ერთად იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მარკ ლი ჰანტერი, ჰენრიკ გრუნეტი და უილიამ დანბარი.
Open Black Sea ფესტივალზე რეგისტრაცია შეგიძლია ამ ბმულზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეოგაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ.
დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა.
მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია გამოთხარა. მისი თქმით, იგი მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდა, რომ ამ მოცულობის ტერიტორიის გამოთხრა მსგავს პრობლემებს გამოიწვევდა.
ნანა საფარიძე ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა – უშედეგოდ. იგი ხელვაჩაურის მერიისგან სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს, რომ წყალი მისი სახლისა და ეზოს მიმართულებით არ წამოვიდეს.
„ეკომიგრანტად გამომაცხადეს და მითხრეს, ბინები გაქვს წადი და იქ იცხოვრეო. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, ჩემი ხელით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. აქ არასდროს გადმოდიოდა წყალი, მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ გამოთხარა მშენებლობის დასაწყებად. ჯებირიც ჩამოასხეს, მაგრამ აზრი არ აქვს, კომპანიას კატლავანი აქვს დატოვებული ზუსტად ჩემი სახლის ზევით, წვიმის დროს ივსება და გადმოდის ეს წყალი. რამდენი ხანია ვეხვეწები სანიაღვრეები გააკეთეთ მეთქი, მაგრამ არ გააკეთეს“ – ამბობს ნანა საფარიძე.
მოქალაქე საუბრობს სალიბაურის მთაზე დაწყებულ მშენებლობაზე, რაზეც „ბათუმელები“ 2022 წელსაც წერდა, როცა ხელვაჩაურის საკრებულომ კომპანიას ნებართვა დაუმტკიცა, მერიამ კი მშენებლობის ნებართვა გასცა.
ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 15 941 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წელს სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ მიმართვის საფუძველზე დაამტკიცა.
დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ჩამონათვალში აპარტამენტებსაც ვხდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ აპარტოტელის მოწყობასაც მოიაზრებენ. სამშენებლო ტერიტორია საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია.
რენდერიწითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია
დოკუმენტის მიხედვით [გდგ], დაგეგმილი შენობების მაქსიმალური სართულიანობა 7, ხოლო სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი 24 მეტრამდეა. პროექტი მოიაზრებს ე.წ. თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებს [ორსართულიანი ინდივიდუალური სახლი] სულ შვიდ ერთეულს, ამდენივე სამსართულიან სახლს, ორსართულიან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, ექვსსართულიან, მრავალბინიან სახლს – ასეთ სულ ხუთ კორპუსს და კიდევ ორ შვიდსართულიან, მრავალბინიან სახლს.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს 177 ადგილით, სარეკრეაციო სივრცისა და შიდა გზების ზონის მოწყობას.
სამშენებლო მიწის ნაკვეთები მარინა დეხტრიაევის საკუთრებაშია, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მას მიწის ნაკვეთები ვალდებულების პირობით აქვს დარეგისტრირებული. ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ მას ქონების გასხვისება სასამართლოს განჩინებით აქვს აკრძალული.
მოქალაქის თქმით სამუშაოები შეჩერებულია, ამ ინფორმაციას „ბათუმელები“ მერიაში ამოწმებს
მოქალაქე ნანა საფარიძე აცხადებს, რომ კომპანიას მშენებლობა შეაჩერებინეს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ კომპანიას რეგისტრაცია შეჩერებული აქვს, თუმცა ინფორმაციის დადასტურებას „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიაში ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ საქართველოში 2019 წელს დააფუძნეს. კომპანიის 90 პროცენტს რუსეთის ორი მოქალაქე ინაწილებს, მარიტა დოლგიევა 50 პროცენტის მფლობელია, 40 პროცენტს მაგომედ ჩაბიევი ფლობს, 10 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, მერაბ ხონელიას ეკუთვნის. მიწის ნაკვეთების მფლობელი მარინა დეხტრიაევა კომპანიის დირექტორად ფიქსირდება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება.
პროექტის მიხედვით:
„სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო არქიტექტურის მოტივებით, ქვის მასიური საყრდენებითა და მრავალწახნაგოვანი გადახურვით. ნაგებობის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის მთიან ლანდშაფტსა და ტაძრის არსებულ კომპოზიციას. კარიბჭე გადაწყვეტილია როგორც კომპლექსის მთავარი შესასვლელი ელემენტი, რომელიც ერთდროულად ასრულებს ფუნქციურ და ესთეტიკურ დანიშნულებას.
პროექტში გამოყენებულია ბუნებრივი ქვის ფაქტურა და ტრადიციული ხის კარები, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ძველი ქართული საეკლესიო არქიტექტურის
ხასიათს“.
ხინოწმინდა. არსებული სიტუაცია [ზემოთ] და ფოტომონტაჟი [ქვემოთ] / ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან
კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სამუშაოების ღირებულებაც.
„2026 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია…
შესასყიდი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე,“ – ვკითხულობთ სატენდერო კომისიის ოქმში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი 2027 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს, სადაც სამუშაოები ამ ტენდერის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს, აღსანიშნავია, რომ ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს ახალი შენობა ახლახან დააშენეს. ამ შემთხვევაში კი აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარიდაიხარჯა.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, აღნიშნულ ტენდერში სააგენტოს მომსახურებას შპს „ანაგი“ 1 988 075 ლარად სთავაზობს და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
მეორე პრეტენდენტს [შპს იორ ბუილდინგ კომპანი – LTD YOUR BUILDING COMPANY], რომელიც სააგენტოს მომსახურებას 1 968 000 ლარად სთავაზობდა, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
ესტონეთი აცხადებს, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ტალინში მდებარე დრონების მწარმოებელი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო.
ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
„სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ესტონეთში, „მილრემზე“ ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ეს თავდასხმა რუსეთის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ევროპის დაშინება და უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ დრონების მწარმოებელი კომპანიის შენობაზე ცეცხლის წაკიდება ადასტურებს, რომ ესტონეთი რუსეთისთვის დივერსიული აქტების სამიზნეა. მისი თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დაიბარებს.
მარგუს ცახნამ განაცხადა, რომ ესტონეთის პასუხი იქნება იმის საპირისპირო, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, გავამკაცრებთ სანქციებს… ჩვენ ასევე გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინისადმი ჩვენს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას. რუსეთის მხრიდან ჩვენი დაშინების მცდელობები არ შეამცირებს ჩვენს სიმტკიცეს – მხოლოდ გააძლიერებენ მას“, – თქვა ცახნამ.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის საბჭოს გენერალური დირექტორის, მარგო პალოსონის თქმით, რუსეთიდან პროვოკაციებისა და დივერსიის მცდელობების საფრთხე კვლავ არსებობს.
„უკრაინის მხარდაჭერაში ჩართული ორგანიზაციები და თავდაცვის კომპანიები გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. უსაფრთხოების პოლიციის საბჭო რეკომენდაციას უწევს მათ, გააძლიერონ ფიზიკური და კიბერუსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნა პალოსონმა და დასძინა, რომ ესტონეთის უსაფრთხოების სააგენტოები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ესტონურ კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი ქმედებები.
15 აგვისტოს ღამეს ტალინში კომპანია Milrem Robotics-ის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ადგილობრივმა მცხოვრებმა აცნობა საეჭვო აქტივობის შესახებ.
ეს კომპანია უკრაინას დრონებით ამარაგებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში ლატვიამ ესტონეთს ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი გადასცა, ლატვიის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
______________
ფოტოზე: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA/NECATI SAVAS
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.
„მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
27 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა „სტუდია მონიტორი“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შავი პროპაგანდისტული ხაზის“ ნაწილად მოიხსენია.
„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“ – ასე შეაფასა მან „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.
იმავე დღეს „სტუდია მონიტორის“ ფილმი ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და გამომძიებელი ჟურნალისტები „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენია.
ქარტიის შეფასებით, მედიაზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად თავდასხმის ეს შემთხვევა პირველი არ არის:
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას.
მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება,“ – წერს ქარტია.
თავად „სტუდია მონიტორი“ პროცესს აფასებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ „კოორდინირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას“.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორსა“ და მის ჟურნალისტებს, რომელთაც არაერთი პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული ეთიკური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნამუშევრებისთვის, რითაც სააშკარაოზე გამოიტანეს კორუფცია, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე IG Development Georgia „სითი მოლი ბათუმის“ პროექტს განახორციელებს, რომელიც კუნძულის მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. „სითი მოლი ბათუმი“ ერთ სივრცეში გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილ მრავალფეროვან სერვისებს.
პროექტის მასშტაბის მთავარ ინდიკატორს, მისი ფართობი წარმოადგენს – რეგიონში ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი 170,000 მ² საერთო სამშენებლო ფართობს მოიცავს.
„ამბასადორი აილენდსა“ და IG Development Georgia-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2025 წელს გაფორმდა. პროექტის განვითარების მიმდინარე ეტაპზე უკვე განსაზღვრულია სავაჭრო ცენტრის სახელწოდება, მასშტაბი და ძირითადი კონცეფცია. „სითი მოლი ბათუმის“ გახსნა 2029 წელს არის დაგეგმილი.
„სითი მოლი ბათუმი“ ამბასადორის კუნძულზე ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის, რომელიც გათვლილი იქნება როგორც კუნძულის მომავალ მცხოვრებლებსა და ბათუმის ვიზიტორებზე, ისე მოდისა და შოპინგის მოყვარულებზე, მთელი რეგიონიდან. თანამედროვე სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს შესთავაზებს წამყვანი ბრენდების მაღაზიების ფართო არჩევანს, კინოთეატრს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან სერვისებს. პროექტი ასევე გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურული კონცეფციით, რომელიც „სითი მოლი ბათუმს“ კუნძულის ერთ-ერთ სავიზიტო ნაგებობად აყალიბებს.
„სითი მოლი ბათუმი“ „ამბასადორი აილენდის“ ფართო განვითარების კონცეფციის მნიშვნელოვან მდგენელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნეს, სავაჭრო და გასართობ ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს. IG Development Georgia, რომელიც საერთაშორისო IG International-ის წევრია და საქართველოში City Mall-ის სავაჭრო ცენტრებს ფლობს და მართავს, პროექტში მრავალწლიანი გამოცდილებით ერთვება. „სითი მოლი ბათუმი“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია „ამბასადორი აილენდის“, როგორც თანამედროვე, მრავალფუნქციური და გრძელვადიანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ურბანული სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით.
„სითი მოლი ბათუმი“ ამბასადორის კუნძულის, როგორც თანამედროვე, მრავალფუნქციური და გრძელვადიანი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ურბანული სივრცის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას და მნიშვნელოვნად გაამყარებს პროექტის, როგორც რეგიონში ახალი მიზიდულობის ცენტრის პოზიციას.
„კოლიერსის“ ახალი კვლევის მიხედვით ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 386 აშშ დოლარი შეადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის გაყიდვების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა 1.2%-ით მოიმატა.
ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების გაყიდვების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა, ძველი ბინების გაყიდვებმა კი 31.4%-ით მოიმატა.
ახალ პროექტებში გაყიდვების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა [-24.2%], მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 15.1%-ით მოიმატა.
„კოლიერსის“ განმარტებით გაყიდვების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის აგვისტოში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი.“
2026 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 4.3%-ით იკლო და 1 235 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 2.9%-ით 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გადაუსწრო ქართველი მყიდველების წილს და 52% შეადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 532 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 388 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 50 498 ერთეული [+21]
MLRS – 2 169 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 681 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 538 702 ერთეული [+1 474]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 780 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 155 031 ერთეული [+296]
სპეცტექნიკა – 4 765 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
აჭარაში „ოცნების“ მთავრობას ისევ უჭირს ქონების სარფიანად გასხვისება.
2026 წლის ორ კვარტალში, მეორე მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობა კვლავ ვერ გაყიდა და 15 სექტემბერს განმეორებით აუქციონზე გაიტანა. მთავრობას ფასი არ შეუმცირებია, შეცვალა მხოლოდ ფასის გადახდის პირობები.
2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აჭარის მთავრობამ 6 თვეში სხვადასხვა ქონების გასასხვისებლად 32-ჯერ გამოაცხადა აუქციონი, მათ შორის იყო განმეორებითი აუქციონებიც, თუმცა მათი უმეტესობა ჩაიშალა, ქონება ვერ გაასხვისეს.
მთავრობა ამ შეფერხებას სამრეწველო ზონაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის, მთავარი და მეორეხარისხოვანი გზების საბოლოო პროექტის დაზუსტებას უკავშირებს:
„არ დასრულებულა რიგი სამართლებრივი დავები უძრავი ქონებების გამოთავისუფლების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმდინარე პროცედურების ნაწილი ვერ დასრულდა აღნიშნულ კვარტალში, რის გამოც 50-მდე შეფასებული უძრავი ქონების გამოცხადება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია მოსალოდნელი შემოსულობების შეუსრულებლობა“ – განმარტავს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ანგარიშში.
სამინისტრომ ასევე დააზუსტა, რომ საჭირო იყო განსაზღვრულიყო „საინვესტიციო ნაკვეთების შესაბამისობა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“.
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის არაფინანსური აქტივების კლების [ასეა დასათაურებული ქონების გაყიდვა ბიუჯეტში] გეგმა 30 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივი შესრულება კი 7 მილიონ 861 800 ლარია.
სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვეში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიონ 549 200 ლარი შეადგინა, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა – 5 მილიონ 312 600 ლარი.
ძირითადი კაპიტალი შეიძლება იყოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები ან სხვა ფიქსირებული აქტივები, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხებოდა.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს შენობას, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა პირობიანი აუქციონით ყიდის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას ჩაქვში – 13 147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობას, რომელიც 2508.53 კვ.მეტრია. საწყისი ფასი 4 900 000 ლარია, ბიჯი – 125 000 ლარი.
ახალი პირობების შესაბამისად, მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო საფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს. კერძოდ, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%, 2027 წლის პირველ მარტამდე კი – დარჩენილი თანხა.
შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში მყიდველმა 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ასევე, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაც უნდა უზრუნველყოს.
აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში 2020 წელს გადაიტანეს. საბჭო ბათუმში იმ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, უფრო ადრე კი – ქალაქის N1 საავადმყოფო იყო. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
არაფინანსური აქტივების, ანუ ქონების სარფიანად გასხვისების პრობლემა აჭარის მთავრობას პირველად არ აქვს, ამაზე არაერთხელ მიუთითა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც.
აუდიტის მოსაზრებით, მთავრობამ იცის, რომ იმ ღირებულების ქონებას ვერ გაყიდის, რა რიცხვებსაც ის ბიუჯეტში პროგნოზირებს, მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ ბიუჯეტი ფორმალურად გაზარდოს და შთაბეჭდილება მოახდინოს.
ფაქტი კი ის არის, რომ აჭარის მთავრობამ არაფინანსური აქტივების ნაწილში გაწერილი გეგმა ვერც 2025- 2024 წლებში შეასრულა, ვერც 2023 და ვერც 2022 წელს. მიუხედავად ასეთი შედეგებისა, მთავრობაში საპროგნოზო მაჩვენებელში რიცხვებს მაინც ზრდიდნენ, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ შესრულების, არამედ დაგეგმვის პრობლემასთანაც.
რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო ომს დასავლეთით აფართოებენ. ისინი მიზანმიმართულად ბომბავენ სამგზავრო მატარებლებსა და სასაზღვრო ჰაბებს პოლონეთის სიახლოვეს, რათა უკრაინის სატრანზიტო ქსელი მწყობრიდან გამოიყვანონ.
ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ამოცანაა, გაანადგუროს საბაზისო ეკონომიკური ცხოვრება უკრაინაში და გამოცადოს დასავლეთის სიმტკიცე.
ატლანტიკური საბჭოს 14 სექტემბრის დისკუსიას წინ უძღოდა იმ სარკინიგზო შემადგენლობის დაბომბვა, რომელშიც უცხოელი დელეგატები მგზავრობდნენ.
გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, მის მატარებელში სამჯერ გამოაცხადეს ევაკუაცია, გვერდითა მატარებლის ლოკომოტივს კი დრონი დაეცა:
„მატარებლიდან მგზავრები სამჯერ ჩამოიყვანეს. იქვე ბენზინგასამართი სადგური და მეზობელ ლიანდაგზე მდგარი ლოკომოტივი დაიბომბა. რუსეთი ცდილობს, უკრაინამ ვერ შეასრულოს სახელმწიფოს ფუნქცია, ვერ გადაიყვანოს მგზავრები, ვერ გადაზიდოს ტვირთი და სამხედრო აღჭურვილობა.
გადამწყვეტია არა ის, თუ ვინ რას გამოიგონებს სხვაზე ადრე, არამედ ის, თუ ვინ განავითარებს ამ გამოგონებას, ვინ გააფართოებს მის წარმოებას, ან გააუმჯობესებს მას უფრო სწრაფად, ვიდრე მოწინააღმდეგე კონტრზომებს მოიგონებს. ეს ომი ადაპტაციის ომია“.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომლის მატარებელმა დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გაიარა, თქვა, რომ მსგავსი თავდასხმები კრემლის პანიკაზე მეტყველებს:
„რუსები მოძრავ მატარებელს ადვილად არ ურტყამდნენ. როგორც ვხედავთ, ეს შეიცვალა. ისინი დღეს უფრო აგრესიულად ესხმიან თავს გმირ უკრაინულ რკინიგზას. ესაა პუტინის სასოწარკვეთილება. მას სურს, გაზარდოს ტერორიზმი და დააშინოს უკრაინელი ხალხი.
ეს დავითისა და გოლიათის ბრძოლაა. დავითს ხელთ უპყრია შურდული, რომლითაც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას ანადგურებს. რატომ ვთხოვთ უკრაინელებს, რომ შურდული ძირს დადონ? ეს სრული სიგიჟეა. პუტინს მთელი უკრაინა სურს“.
პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ კვასნევსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვს მოწინააღმდეგის სრული დამორჩილება სურს:
„პუტინის ნამდვილი ამოცანაა, მთელი უკრაინა რუსეთის გავლენის ზონაში მოაქციოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, უკრაინის და რუსეთის კონფლიქტი კი მომავალ თაობებს გადაეცემა“.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა მალუდეროვიჩმა გაიხსენა, როგორ იმალებოდა მინდორში უკრაინის მოქალაქეებთან ერთად:
„ჩვენს მატარებელში უმთავრესად ქალები და ბავშვები მგზავრობდნენ. ის სამხედრო სამიზნე არ იყო. შემაძრწუნებელია, როდესაც თავს ზემოთ შაჰედის ხმა გესმის და იცი, რომ გხედავენ“.
თავდასხმების შესაჩერებლად სპიკერებმა დასავლეთს სთხოვეს, უკრაინას პატრიოტის რაკეტები, აგრეთვე საჰაერო თავდაცვის სხვა ტექნოლოგიები გაუგზავნონ; ამას გარდა, კიევს 27 მილიარდის დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში დაეხმარონ და გაამკაცრონ რუსეთის ენერგეტიკაზე დაწესებული სანქციები.
მათი აზრით, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების გარანტია უნდა მიიღოს, რითაც პუტინს გამარჯვების თეორია ხელიდან გამოეცლება.
ბათუმში, 26 მაისის 13 ნომერში, ჩამონგრეული სახლის ადგილზე აშენებულ ახალ კორპუსში ქალაქის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 წლით სარგებლობაში 256 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობი გადასცა.
ახალ მისამართზე, როგორც ჩანს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება გადადის, რომელიც ოფიციალურად გორგილაძის 54 ნომერში მდებარე კორპუსშია განთავსებული, თუმცა შესასვლელი ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან აქვს.
26 მაისის 13 ნომერში „ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ტენდერი 560 ათას 998 ლარით გამოაცხადა.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია დეფექტურ აქტში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის.
ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2026 წლის 10 ოქტომბერს და 15 ოქტომბერს დასრულდება.
სამუშაოები შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეა.
„შესყიდვა განხორციელდება 2026-2027 წლების ბიუჯეტების ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც გაცემულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 24 სექტემბრის თანხმობა მრავალწლიან შესყიდვასთან დაკავშირებით“ – წერია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
ტენდერის პირობის მიხედვით აჭარის პოლიციის დეპარტამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მაქსიმუმ 168 299 ლარს გადაიხდის, ხოლო 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით – 392 698 ლარს, თუმცა სამუშაოების საბოლოო ღირებულება ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩის N13-ში საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. შემთხვევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟის პროექტისთვის, ხოლო ახალი კორპუსის აშენება ქალაქის ბიუჯეტს 8 მილიონი ლარი დაუჯდა.
ამ ახალი კორპუსის პირველ სართულზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 256 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე ბათუმის საკრებულოს და მერიას ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის 14 ნოემბერს მიმართა.
„გაცნობებთ, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია შსს-ს წერილი, რომელიც ეხება, ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, N13-ში მდებარე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით,“ – ეწერა ქონების სააგენტოდან ბათუმის თვითმმართველობაში გაგზავნილ წერილში.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2025 წლის პირველ დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული ფართობის მოსარგებლე შინაგან საქმეთა სამინისტროა. რეესტრის მონაცემებით სამინისტროსთვის უფასო სარგებლობის უფლებით აღნიშნული ფართობი 10 წლითაა გადაცემული.
14-მილიონიანი პროექტის შეფერხების მიზეზად ბათუმის მერია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურ მოძრაობას და მოსახლეობის ინტერესებს ასახელებს.
საუბარია აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესზე, გზატკეცილის N1-დან 93-მდე. მერიაში აცხადებენ, რომ 14-მილიონიანი პროექტი მოსახლეობის ინტერესებისა და სატრანსპორტო ნაკადების გამო შეფერხდა.
მერიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 10 მილიონი ლარი უნდა ჰქონოდა ათვისებული, თუმცა შესრულება მხოლოდ 10 პროცენტი იყო.
ბათუმის მერია ამ საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტის 2 კვარტალის შესრულების ანგარიშში განმარტავს:
„აღნიშნულ ლოკაციაზე დასრულდა ასფალტ-ბეტონის 2 ფენის დაგების სამუშაოები და მიმდინარეობს ბორდიურების და გარე განათების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული გზატკეცილის მონაკვეთი წარმოადგენს ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ და მაღალი დატვირთვის მქონე საავტომობილო გზას, სადაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფიქსირდება ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობა.
შესაბამისად, საპროექტო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულება გზაზე მოძრაობის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი იყო.
ასევე, გასათვალისწინებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, მიმდებარე კომერციული ობიექტების ფუნქციონირება, ტურისტული სეზონის პერიოდში ქალაქში გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობა“.
მერია ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე საკურორტო სეზონის დროს ამ ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნიდა, რადგან მიმდებარე ქუჩებიც ჩაკეტილი იყო:
„ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, პარალელურად სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ბათუმის სხვა ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც სრულად იყო შეზღუდული მოძრაობა, დამატებით აეროპორტის გზატკეცილის შეზღუდვა კი გამოიწვევდა სატრანსპორტო კოლაფსს და მოსახლეობას შეუქმნიდა დისკომფორტს.
ასევე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში გამოვლინდა რიგი ტექნიკური საკითხები და აუცილებელი გახდა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა. გამომდინარე აქედან ვერ განხორციელდა კვარტალური გეგმით გათვალისწინებული ასიგნების ათვისება“ – განმარტავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
შესყიდვების პორტალზე არსებული ინფორმაციით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 15 მილიონ 132 770 ლარი იყო. 2025 წლის 26 თებერვალს ხელშეკრულება 13 მილიონ 995 000 ლარზე გააფორმეს.
2025 წლის აპრილში კომპანიას 2 მილიონ 700 000 დაურიცხეს ავანსის სახით, თუმცა სამუშაოები დაუყოვნებლივ ვერ დაიწყო ზემოთ მითითებული მიზეზების გამო. მალევე ამას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. შემსრულებელმა კომპანიამ მერიას აცნობა, რომ პროექტი, რომლითაც უნდა ემუშავა, დასაზუსტებელი იყო:
„აქვე, დამკვეთის, საზედამხედველო კომპანიისა და საპროექტო ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია კორექტირების შეტანა არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში.
კერძოდ, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტილებების დაზუსტება და არსებული პროექტის ადაპტირება ფაქტობრივ პირობებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების ხარისხიანად, უსაფრთხოდ და მოქმედი სამშენებლო ნორმების სრული დაცვით შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს კორექტირებისათვის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის, ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების მომზადება, რის დასრულების შემდგომაც შესაძლებელი იქნება სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელება სრულ მასშტაბში“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიას სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელეს.
თავდაპირველი შეთანხმებით, კომპანიას სამუშაოები 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით უნდა დაესრულებინა.
ამ დროისთვის, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ჩარიცხული აქვს 4 მილიონზე მეტი ლარი.
რაზე გაფორმდა მესამე შეთანხმება ამ თემაზე ვრცლად ნახეთ აქ:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება:
აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.
შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი კი, იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.
გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.
28 სექტემბერს კიევის ცენტრში რუსეთის დარტყმის შედეგად უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას ხანძარი გაუჩნდა.
ბოლო ცნობებით, მინიმუმ ერთი ქალი დაიღუპა, ოთხი პირი კი დაშავდა. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 28 სექტემბერს კიევში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკვე 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
„კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში თითქმის უწყვეტად გრძელდება. არსებობს დრონების საფრთხე“ – წერს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.
რუსეთის თავდასხმაზე წერს ტელეგრამზე ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა კიევში დაარტყა სამედიცინო დაწესებულებასაც.
„დღეს შუადღისას რუსებმა ასევე დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას დედაქალაქის ცენტრში. მაშველები ახლა ცდილობენ ხანძრის სწრაფად ჩაქრობას.
… მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ტერორისტები გააგრძელებენ მოქმედებას, თუ მათ აქ, უკრაინაში არ შეაჩერებენ. და ჩვენ არ შეგვიძლია თვალის დახუჭვა ასეთ სასტიკ თავდასხმებზე. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ – გლობალური გადაწყვეტილებითა და ძალით. ჩვენ ვენდობით ევროპის, ამერიკის და ჩვენი სხვა პარტნიორების ძალას, რომლებსაც შეუძლიათ სიცოცხლის დაცვაში დახმარება“ – წერს ზელენსკი.
28 სექტემბერს ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ქუთაისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ორი ბინა დაიწვა, ერთი ბინა კი ხანძრის ქრობის დროს წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და პოლიცია. აქვე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმის დახმარება დასჭირდა ერთ ქალს, რომელმაც მსუბუქი დაზიანება მიიღო ხელზე.
ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“ორი ბინა სრულად დაიწვა, მესამე ბინა კი წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქირით გადაყვანა შესთავაზეს სამივე ოჯახს, თუმცა ამ დროისთვის შეთავაზებას დასთანხმდა მხოლოდ ერთი ოჯახი.
ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“ხანძარი ძველ ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“