ესტონეთი აცხადებს, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ტალინში მდებარე დრონების მწარმოებელი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო.
ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
„სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 აგვისტოს, ღამით, ესტონეთში, „მილრემზე“ ცეცხლის წაკიდება რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების მიერ შეკვეთილი დივერსიული აქტი იყო“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.
ესტონეთის პრემიერის თქმით, ეს თავდასხმა რუსეთის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია ევროპის დაშინება და უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ დრონების მწარმოებელი კომპანიის შენობაზე ცეცხლის წაკიდება ადასტურებს, რომ ესტონეთი რუსეთისთვის დივერსიული აქტების სამიზნეა. მისი თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს დაიბარებს.
მარგუს ცახნამ განაცხადა, რომ ესტონეთის პასუხი იქნება იმის საპირისპირო, რის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, გავამკაცრებთ სანქციებს… ჩვენ ასევე გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ უკრაინისადმი ჩვენს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას. რუსეთის მხრიდან ჩვენი დაშინების მცდელობები არ შეამცირებს ჩვენს სიმტკიცეს – მხოლოდ გააძლიერებენ მას“, – თქვა ცახნამ.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის საბჭოს გენერალური დირექტორის, მარგო პალოსონის თქმით, რუსეთიდან პროვოკაციებისა და დივერსიის მცდელობების საფრთხე კვლავ არსებობს.
„უკრაინის მხარდაჭერაში ჩართული ორგანიზაციები და თავდაცვის კომპანიები გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. უსაფრთხოების პოლიციის საბჭო რეკომენდაციას უწევს მათ, გააძლიერონ ფიზიკური და კიბერუსაფრთხოების ზომები“, – აღნიშნა პალოსონმა და დასძინა, რომ ესტონეთის უსაფრთხოების სააგენტოები ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ესტონურ კომპანიებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი ქმედებები.
15 აგვისტოს ღამეს ტალინში კომპანია Milrem Robotics-ის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს ადგილობრივმა მცხოვრებმა აცნობა საეჭვო აქტივობის შესახებ.
ეს კომპანია უკრაინას დრონებით ამარაგებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში ლატვიამ ესტონეთს ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი გადასცა, ლატვიის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
______________
ფოტოზე: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA/NECATI SAVAS






