ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს.
ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება.

სატენდერო დოკუმენტებიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია ერთი იგივე კომპანია, შპს „დელტა კონსალტინგი“ იგებს.
თუმცა, სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა:
მიმწოდებელი №1 – 1 993 450 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.
მიმწოდებელი №2 – 2 132 410 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.
მიმწოდებელი №3 – 2 064 000 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.
შესაბამისად, ამ შეთავაზებებიდან ტენდერი იმ თანხით გამოაცხადეს, რომელიც ყველაზე დაბალი იყო.
კომპანია „დელტა კონსალტინგისთვის“ 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. იგივე კომპანიას ფაქტობრივად იგივე მომსახურებისთვის მერიამ მომდევნო 2023-2025 წლებშიც გადაუხადა თითქმის 7 მილიონამდე ლარი. აქედან:
2023 წელს – 1 939 994 ლარი, 2024 წელს – 2 995 976 ლარი, ხოლო 2025 წელს – 1 972 300 ლარი.
რა ადგილებზეა დამონტაჟებული ქალაქის ბიუჯეტის ფულით შესყიდული ვიდეოკამერები, რამდენი მათგანი მუშაობს გამართულად და ვინ არის ჩანაწერების დაცვა-გაცემაზე პასუხისმგებელი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ წინა წლებში ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, თუმცა ასეთი ინფორმაცია მერიამ არ მოგვაწოდა.
ამ თემაზე:
მერია მალავს, რამდენი სათვალთვალო კამერა მუშაობს ბათუმში – მორიგი ორმილიონიანი ტენდერი






