მთავარი,სიახლეები • •

ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება

29.09.2026
ქარტია „სტუდია მონიტორზე“ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“  წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

„მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

27 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა „სტუდია მონიტორი“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შავი პროპაგანდისტული ხაზის“ ნაწილად მოიხსენია.

„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“ – ასე შეაფასა მან „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.

იმავე დღეს  „სტუდია მონიტორის“ ფილმი ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და გამომძიებელი ჟურნალისტები „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენია.

ქარტიის შეფასებით, მედიაზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად თავდასხმის ეს შემთხვევა პირველი არ არის:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას.

მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება,“ – წერს ქარტია.

თავად „სტუდია მონიტორი“ პროცესს აფასებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ „კოორდინირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას“.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორსა“ და მის  ჟურნალისტებს, რომელთაც არაერთი პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული ეთიკური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნამუშევრებისთვის, რითაც სააშკარაოზე გამოიტანეს კორუფცია, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: