საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედიალაბი (IML) სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას – საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს.
სასურველი თემატური მიმართულებებია:
- ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ – დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები;
- თევზჭერა და კვების ინდუსტრია – თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება;
- კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა – წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.
საგამოძიებო მედიალაბი აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილი თემები სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო – შესაძლებელია სხვა, ძლიერი საგამოძიებო იდეის წარმოდგენაც, თუ ის უკავშირდება შავ ზღვას.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მოქმედ სტუდენტებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ფრილანსერებს.
წერილობითი პიჩი უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე და არ აღემატებოდეს 800 სიტყვას. იგი შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს: რა არის პრობლემა→ რატომ უნდა გვაინტერესებდეს→ რის გამოკვლევას აპირებთ→ როგორ დაამტკიცებთ ფაქტებს→ რას მიიღებს აუდიტორია.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი ამ ბმულზე უნდა შეავსონ.
შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 9 საუკეთესო იდეა. ფინალისტები მენტორებთან ერთად დახვეწენ პიჩებს და ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ 2 000, 1 500 და 1 000 ლარის ჯილდოს და 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 4 ოქტომბერი.
საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე გაიმართება, 9–10 ოქტომბერს, თბილისში.
ფინალისტები იდეების დასახვეწად საერთაშორისო ჟიურისთან ერთად იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მარკ ლი ჰანტერი, ჰენრიკ გრუნეტი და უილიამ დანბარი.
Open Black Sea ფესტივალზე რეგისტრაცია შეგიძლია ამ ბმულზე.






