მთავარი,სიახლეები • •

რატომ არ აძლევენ ზინოვკინა-გრიბულის წყვილს ციხეში ქორწინების უფლებას – ადვოკატების განმარტება

29.09.2026
რატომ არ აძლევენ ზინოვკინა-გრიბულის წყვილს ციხეში ქორწინების უფლებას – ადვოკატების განმარტება

საქართველოში პატიმრობაში მყოფი რუსი აქტივისტების წყვილს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს დაქორწინების შესაძლებლობას არ აძლევენ.

მათივე თქმით, სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საქართველოში მათ უკანონო ყოფნას ასახელებს.

ანასტასია ზონოვკინა და არტემ გრიბული ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ კი არა იძულებით იმყოფებიან. 

წყვილი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავების მომენტში მათ უკვე ნაყიდი ჰქონდათ ბილეთები, რომლითაც 3 კვირაში, 2025 წლის იანვრის დასაწყისში საქართველოს დატოვებას და საცხოვრებლად სამხრეთ ამერიკაში გადასვლას აპირებდნენ.

„მთელი ეს პერიოდი ჩვენ არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას სხვადასხვა საბაბით. მაგალითად, ვითომ იმიტომ, რომ ჩვენ უკანონოდ ვიმყოფებით საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც გარანტირებულია კანონით და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით.

ჩვენს მდგომარეობაში დაქორწინება ბევრს ვერაფერს ცვლის, მორალური მდგომარეობის გარდა. ყველაზე შესამჩნევი ალბათ ისაა, რომ დაქორწინების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან თვეში ორჯერ ჩაგვინიშნონ ვიდეოპაემანი. ამიტომაც გვეუბნებიან უარს, გაცილებით მარტივია ზეწოლა მოახდინო იმაზე, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს”, – წერს გრიბული გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც 28 სექტემბერს გავრცელდა.

საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია როგორც პატიმრების, მოქალაქეობის არმქონე პირთა ქორწინება. თუმცა, როგორც ზინოვკინასა და გრიბულის ადვოკატებმა „ბათუმელებს“ განუმარტეს, სერვისების განვითარების სააგენტო იშველიებს სამოქალაქო აქტების შესახებ კანონს, რომლის მე-10 მუხლში წერია, რომ „საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმართ ხორციელდება მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და გაიცემა შესაბამისი მოწმობები“.

რატომ მიიჩნევს სერვისების განვითარების სააგენტო, რომ ზინოვკინა და გრიბული ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან?

საქმე ისაა, რომ ისინი საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ზინოვკინა და გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან, მათ ვიზის, ბინადრობის ნებართვისა და სხვა რამე ლეგალური დოკუმენტის გარეშე საქართველოში ყოფნის უფლება ჰქონდათ სრული 1 წლის განმავლობაში, ანუ 2025 წლის შემოდგომამდე.

თუმცა, საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, 2024 წლის 17 დეკემბერს ისინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ ციხეში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ, 2025 წლის 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შესაბამისად, დაპატიმრებულ აქტივისტებს ქვეყნის განსაზღვრულ ვადაში დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

სერვისების განვითარების სააგენტო კი მიიჩნევს, რომ მათ დაარღვიეს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი, კონკრეტულად – საქართველოში შემოსვლისა და ქვეყანაში ყოფნის ვადები.

„ეს არის კანონის სიტყვა-სიტყვით განმარტება სამოქალაქო რეესტრის მიერ და არა შინაარსობრივი განმარტება. კანონიერება-არაკანონიერების საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ – ამ შემთხვევაში გვაქვს დაუძლეველი ძალა [რამაც მათ ხელი შეუშალა კონკრეტული ნორმის დაცვაში]. მათ უბრალოდ არ ჰქონდათ საშუალება, არც უფლება – სახელმწიფომ არ მისცა მათ უფლება, დაეტოვებინათ საზღვარი და შემოსულიყვნენ ისევ უკან.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ისინი სასამართლის განაჩენის საფუძველზე იმყოფებიან საქართველოში, თვითონ სახელმწიფომ აღიარა მათი ქვეყანაში ყოფნის კანონიერება. ისინი ციხეში არან სასამართლოს გადაწვეტილებით, რომელიც არის კანონიერ ძალაში შესული, ხომ?! შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ უკანონოდ იმყოფებიან ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, არალეგიტიმურია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ციალა რატიანმა.

ადვოკატმა სერვისების განვითარების სააგენტოს უარი უწყებაშივე გაასაჩივრა. ციალა რატიანის თქმით, 12 ოქტომბერს გაიმართება სხდომა იუსტიციის სახლში, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. თუ ზონოვკინასა და გრუბულს ქორწინების უფლება არც ამის შემდეგ მისცეს, ადვოკატი უწყების წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს.

„ბათუმელები“ ცდილობს კომენტარის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან, თუმცა ამ დრომდე ეს ვერ შევძელით. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამის პარალელურად, 30 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება ზინოვკინა-გრიბულის საქმის ბოლო სხდომა. მათი პატიმრობა მეორე ინსტანციაში დაცვის მხარემ გაასაჩივრა, რომელიც მათ უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.

დაკავებულების პოზიციაა, რომ მათ ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო, მიზეზი კი მათ მიერ თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობაა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მათ არაერთხელ ახსენეს, რომ პოლიციელები მათი დაკავების პოლიტიკურ მოტივაციაზე პირდაპირ მიანიშნებდნენ.

ანასტასია ზინოვკინას განცხადებით ერთ-ერთმა პოლიციელმა, ირაკლი მუხადგვერდელმა ის სექსუალურად შეავიწროვა და გაუპატიურებით დაემუქრა.

„პროკურორი მიდის ჩვენს ყველა ადვოკატთან და სთავაზობს საპროცესოს, აღიარეთ და ცოტას მოგისჯით, მალე გამოხვალთ, ფაქტობრივად მეორე დღესვეო. როცა ვამბობ, რომ ყველა ადვოკატს სთავაზობს სათითაოდ, მართლა ყველა ადვოკატს ვგულისხმობ. პროკურორი მისული იყო იმ ადვოკატთანაც კი, რომელიც დაქორწინებაში გვეხმარება და სისხლის სამართლის საქმეში არაა ჩართული.

ვერანაირი საპროცესო ვერ შედგება. ეს იქნებოდა დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის და იმ დამნაშავეებისთვის, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. მათი ზეწოლის მცდელობა ამ მეთოდებით საწყლად გამოიყურება.

ჩვენ ჩაგვიდეს ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. მთლიანი საქმე კიდე სრული ფალსიფიკაციაა, რომელიც გაკეთებულია უნიათო თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნორმალურად არაფერი არ შეუძლიათ არც ჩადება, არც საბუთების შედგენა, არც სასამართლოში ჩვენებების მიცემა.

ეგ უნიათოები:

  • გამოიჭირეს იმ ნარკოტიკის ჩანაცვლებაზე, რომელიც თვითონვე ჩაგვიდეს;
  • გამოიჭირეს საქმის მასალებიდან ნარკოტიკის მოპარვაზე;
  • გამოიჭირეს საბუთების გაყალბებაზე;
  • ძალიან ბევრს იტყუებოდნენ სასამართლოზე და გამოიჭირეს;
  • ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე სახლის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერზე, მტკიცებულებებსა და საბუთებზე და ა.შ.

არც კი ვიცი, ეს ძალიან სევდიანია თუ ძალიან სასაცილოა. 30 სექტემბრამდე სასამართლო იფიქრებს, თუ როგორ დახუჭოს თვალი ამ ყველაფერზე. მოდით და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან მოსამართლეები და დააკვირდით მათ სახეებს ამ დროს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, და სიმართლე გაიმარჯვებს“, – წერს არტემ გრიბული წერილში, რომელიც სააპელაციოს სხდომამდე 3 დღით ადრე გავრცელდა.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: