მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები • •

„მას შემდეგ რაც მშენებლობისთვის მიწა გამოთხარეს, ვიტბორებით. ეკომიგრანტად მაქციეს“ – მოქალაქე სალიბაურიდან

29.09.2026
„მას შემდეგ რაც მშენებლობისთვის მიწა გამოთხარეს, ვიტბორებით. ეკომიგრანტად მაქციეს“ – მოქალაქე სალიბაურიდან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ.

დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა.

მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია გამოთხარა. მისი თქმით, იგი მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდა, რომ ამ მოცულობის ტერიტორიის გამოთხრა მსგავს პრობლემებს გამოიწვევდა.

ნანა საფარიძე ამბობს, რომ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა – უშედეგოდ. იგი ხელვაჩაურის მერიისგან სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს, რომ წყალი მისი სახლისა და ეზოს მიმართულებით არ წამოვიდეს.

„ეკომიგრანტად გამომაცხადეს და მითხრეს, ბინები გაქვს წადი და იქ იცხოვრეო. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, ჩემი ხელით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. აქ არასდროს გადმოდიოდა წყალი, მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ გამოთხარა მშენებლობის დასაწყებად. ჯებირიც ჩამოასხეს, მაგრამ აზრი არ აქვს, კომპანიას კატლავანი აქვს დატოვებული ზუსტად ჩემი სახლის ზევით, წვიმის დროს ივსება და გადმოდის ეს წყალი. რამდენი ხანია ვეხვეწები სანიაღვრეები გააკეთეთ მეთქი, მაგრამ არ გააკეთეს“ – ამბობს ნანა საფარიძე.

მოქალაქე საუბრობს სალიბაურის მთაზე დაწყებულ მშენებლობაზე, რაზეც „ბათუმელები“  2022 წელსაც წერდა, როცა ხელვაჩაურის საკრებულომ კომპანიას ნებართვა დაუმტკიცა, მერიამ კი მშენებლობის ნებართვა გასცა.

ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 15 941 კვ.მეტრზე განაშენიანების დეტალური გეგმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წელს სამშენებლო კომპანია „ეიჩ გრუპ დეველოპმენტის“ მიმართვის საფუძველზე დაამტკიცა.

დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ჩამონათვალში აპარტამენტებსაც ვხდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ აპარტოტელის მოწყობასაც მოიაზრებენ. სამშენებლო ტერიტორია საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაშია.

რენდერი

წითლად მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

დოკუმენტის მიხედვით [გდგ], დაგეგმილი შენობების მაქსიმალური სართულიანობა 7, ხოლო სიმაღლის მაქსიმალური მაჩვენებელი 24 მეტრამდეა. პროექტი მოიაზრებს ე.წ. თაუნჰაუსის ტიპის საცხოვრებელ სახლებს [ორსართულიანი ინდივიდუალური სახლი] სულ შვიდ ერთეულს, ამდენივე სამსართულიან სახლს, ორსართულიან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობას, ექვსსართულიან, მრავალბინიან სახლს – ასეთ სულ ხუთ კორპუსს და კიდევ ორ შვიდსართულიან, მრავალბინიან სახლს.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს 177 ადგილით, სარეკრეაციო სივრცისა და შიდა გზების ზონის მოწყობას.

სამშენებლო მიწის ნაკვეთები მარინა დეხტრიაევის საკუთრებაშია, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მას მიწის ნაკვეთები ვალდებულების პირობით აქვს დარეგისტრირებული. ამონაწერით ირკვევა ისიც, რომ მას ქონების გასხვისება სასამართლოს განჩინებით აქვს აკრძალული.

მოქალაქის თქმით სამუშაოები შეჩერებულია, ამ ინფორმაციას „ბათუმელები“ მერიაში ამოწმებს

მოქალაქე ნანა საფარიძე აცხადებს, რომ კომპანიას მშენებლობა შეაჩერებინეს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ კომპანიას რეგისტრაცია შეჩერებული აქვს, თუმცა ინფორმაციის დადასტურებას  „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიაში ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

შპს „ეიჩ გრუპ დეველოპმენტი“ საქართველოში 2019 წელს დააფუძნეს. კომპანიის 90 პროცენტს რუსეთის ორი მოქალაქე ინაწილებს, მარიტა დოლგიევა 50 პროცენტის მფლობელია, 40 პროცენტს მაგომედ ჩაბიევი ფლობს, 10 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს, მერაბ ხონელიას ეკუთვნის. მიწის ნაკვეთების მფლობელი მარინა დეხტრიაევა კომპანიის დირექტორად ფიქსირდება.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: