აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ქობულეთში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 680 ათას 317 ლარით გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერის „კლასიფიკაციის კოდებში“ მითითებულია „სამშენებლო სამუშაოების წარმოება პრეისტორიულ ძეგლებზე“, თუმცა, სამრეკლოს რაც შეეხება, დოკუმენტების მიხედვით ის ახალი ნაგებობა იქნება.
პროექტის მიხედვით:
„სამრეკლო წარმოდგენილია კლასიკური ქართული საეკლესიო არქიტექტურის მოტივებით, ქვის მასიური საყრდენებითა და მრავალწახნაგოვანი გადახურვით. ნაგებობის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის მთიან ლანდშაფტსა და ტაძრის არსებულ კომპოზიციას. კარიბჭე გადაწყვეტილია როგორც კომპლექსის მთავარი შესასვლელი ელემენტი, რომელიც ერთდროულად ასრულებს ფუნქციურ და ესთეტიკურ დანიშნულებას.
პროექტში გამოყენებულია ბუნებრივი ქვის ფაქტურა და ტრადიციული ხის კარები, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ძველი ქართული საეკლესიო არქიტექტურის
ხასიათს“.

ხინოწმინდა. არსებული სიტუაცია [ზემოთ] და ფოტომონტაჟი [ქვემოთ] / ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან
კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სამუშაოების ღირებულებაც.
„2026 წელს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სამრეკლოს მოწყობისა და ტაძრის შიდა ინტერიერის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია…
შესასყიდი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე,“ – ვკითხულობთ სატენდერო კომისიის ოქმში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი 2027 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს, სადაც სამუშაოები ამ ტენდერის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს, აღსანიშნავია, რომ ხინოწმინდაში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ ნაეკლესიარს ახალი შენობა ახლახან დააშენეს. ამ შემთხვევაში კი აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯა.
ვრცლად ამ თემაზე: ქობულეთში, ხინოწმინდაში VIII-IX საუკუნის ძეგლს პემზის ბლოკი დააშენეს – ფოტო
კმდს-ს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – „ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში მდებარე შუა საუკუნეების ნაეკლესიარის აღდგენა/რეაბილიტაციის სამუშაოებზე“ – 1,9 მილიონი ლარით. ამ შემთხვევაშიც ნაეკლესიარზე [სადაც ძველი ტაძრის ნაშთებია] ახალი ეკლესიის აშენებაა დაგეგმილი.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, აღნიშნულ ტენდერში სააგენტოს მომსახურებას შპს „ანაგი“ 1 988 075 ლარად სთავაზობს და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
მეორე პრეტენდენტს [შპს იორ ბუილდინგ კომპანი – LTD YOUR BUILDING COMPANY], რომელიც სააგენტოს მომსახურებას 1 968 000 ლარად სთავაზობდა, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
ამ თემაზე:
ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი






