„რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი გადამალულია ნოვოროსიისკში. რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვაზე ვეღარ ოპერირებს. შეიძლება პერიოდულად გამოდის სარაკეტო ხომალდი, გაუშვებს რაკეტას და შემდეგ ისევ იმალება ნოვოროსიისკში,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მას რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მონაცემებზე ვესაუბრეთ.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსეთის მდგომარეობას ყველაზე კარგად ის ამბავი აჩვენებს, საწვავი რომ რუსებს საყიდელი დაურჩათ. გენერალი გვიყვება, ტომსკში იყო დარჩენილი ერთი დიდი ნავთობგადამამუშავებელი და იმასაც დაარტყეს უკრაინელებმაო.
გადამდგარი გენერალი არ გამორიცხავს, უკრაინელების დარტყმებმა რუსეთში პროფილი შეიცვალოს და სამიზნე თბოელექტროსადგურები გახდეს. „ზამთარი რუსეთში არანაკლებ ცივია, ვიდრე უკრაინაში. რუსეთმა უკრაინა ვერ ჩააბნელა და ვერ გაყინა ამდენი წლის განმავლობაში. მე არ გამოვრიცხავ ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინელების დარტყმებმა შეიცვალოს პროფილი…“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.
- ბატონო ვახტანგ, უკრაინა განაგრძობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აფეთქებას რუსეთში, რუსები კი, ურტყამენ საცხოვრებელ სახლებს უკრაინაში. როგორც ზელენსკიმ თქვა, ომის გადამწყვეტმა ფაზამ ხმელეთიდან და ზღვიდან ჰაერში გადაინაცვლა: კონფლიქტის შედეგს სწორედ ცაში ბრძოლა განსაზღვრავსო. შეიძლება მართლაც საქმე გვქონდეს გადამწყვეტ მომენტთან?
გადამწყვეტი მომენტი არა, მაგრამ გადამწყვეტი ფაზა შეიძლება იყოს, გადამწყვეტი ფაზა გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ომის დასრულებისთვის – არა. ეს სისტემური დარტყმებია უკრაინელების მხრიდან. რუსები უფრო ქაოსურად ურტყამენ, ოღონდ როგორმე ატკინონ და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქალაქს, რომელ სოფელს დაარტყამენ, მთავარია, დასახლებულ პუნქტს დაარტყან. უკრაინელები სისტემურად მოქმედებენ და ეს სისტემა, ჯერჯერობით, ამართლებს.
ეს არის ფაზა და მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ფრონტზე რუსეთის წინსვლის ტემპი ორჯერ შემცირდა. რას აჩვენებს ეს და რა ხდება კონკრეტულად ფრონტის ხაზზე?
ეს ისედაც ჩანს ნებისმიერი ანალიტიკური ორგანიზაციისთვის, რომლებიც აკვირდებიან პროცესს აეროფოტოებით და კოსმოსური დაკვირვების საშუალებებით. რა თქმა უნდა, ისევ კონსტანტინოვკას აღებაზეა საუბარი.
პუტინმა უკვე მე-15 ჯერ შეცვალა დონბასის სრული კონტროლქვეშ აყვანის ამბები. გამოაცხადეს, კონსტანტინოვკა ავიღეთო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონსტანტინოვკა არ არის აღებული.
ისევ რთული ვითარებაა ყირიმის მიმართულებით – ძალიან უჭირთ რუსებს, ვინაიდან, ფაქტობრივად, არიან სრულიად საცეცხლე ზემოქმედებით ბლოკირებულები. ყირიმი არის წყლის, საწვავის და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში. ყველა ეს პირობა ძალზედ მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
- ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები უნდა შეთანხმდეს შეერთებულ შტატებთან. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კიევს პატრიოტის წარმოების უფლებას მისცემს. არის ცნობილი, ტექნიკურად რა დრო დასჭირდება ამ პროცეს და რა იცვლება ამით ომში?
Patriot-ებს უკვე იყენებს უკრაინა. ახლა გერმანიაც ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან Patriot-ებს, რისთვისაც 400 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.
აქ არის საუბარი უკრაინისთვის ლიცენზიის მიცემაზე და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, საკმაოდ სწრაფად შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული.
თანაც, უკრაინელებს უკვე დაწყებული აქვთ მსგავსი ტიპის რაკეტებზე მუშაობა, იგივე Firepoint-ის კომპანია იწყებს Patriot-ის ანალოგზე მუშაობს. Patriot გაცილებით მაღალტექნოლოგიურია და ამაზე ნებართვის მიცემა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უკრაინისთვის. ახლა რაშიც აქვს უპირატესობა რუსებს, ეს არის ბალისტიკური რაკეტები: „ისკანდერი“, S-300, S-400-ის რაკეტები, რომლებიც იყო საზენიტო და გადაკეთებულია ხმელეთი-ხმელეთის რაკეტებად.
რაკეტების დიდი რაოდენობით თავდასხმა, რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის უკრაინელებს და უცებ ვერ იქნება წარმოება აწყობილი, მაგრამ გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები ცდილობენ, მოამარაგონ უკრაინა. ბრიტანეთმა გამოყო 300 მილიონი დოლარი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების, როგორც აქტიური, კონტაქტური, ასევე რადიოლოკაციური საშუალებების მიწოდებისთვის.
ყველაზე ხარჯვადი Patriot-ის რაკეტებზეა საუბარი. დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ არა მგონია საუბარი იყოს მთელ სისტემებზე. ეს ყველაზე ხარჯვადი რაკეტაა, ვინაიდან, როგორც წესი, ერთ საჰაერო სამიზნეზე მოქმედებს ორი რაკეტა. ფაქტობრივად, ერთდროულად ხდება მათი გასროლა, რომ გარანტირებულად დაზიანდეს სამიზნე. ასე რომ, ხარჯვის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი, როგორც არსებობა, ასევე რაოდენობა.
ამას გარდა, წლის ბოლომდე 150 000 დრონს მიაწვდის ბრიტანეთი უკრაინას.
- პუტინის საწვავის დეფიციტზე ამბობს, ეს დროებითი ხასიათის მოვლენაა, რუსეთის მოქალაქეებს შვებულების სეზონი რომ ჩაუშალონო. რეალურად რა გავლენას აქვს ამ ომზე რუსეთში შექმნილი საწვავის კრიზისი?
პუტინის განცხადებებზე მხოლოდ ირონიულად შეიძლება პასუხის გაცემა. ვის სჯერა იმის, რასაც პუტინი ამბობს? რატომ არ მოიხსენია ის, რომ საწვავი სჭირდებათ, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად?
სად არის საწვავი არმიისთვის? – შეიძლება რკინიგზით, ან საზღვაო ტანკერით მიიტანო საწვავი გარკვეულ პუნქტამდე, მაგრამ ეს პუნქტი იქნება კორპუსის ან მაქსიმუმ დივიზიის ზურგი. ფრონტის ხაზამდე ეს მომარაგება სატვირთო მანქანამ ხომ უნდა მიიტანოს? სატვირთო მანქანა ელექტრომობილი ხომ არაა, მათ ხომ სჭირდებათ საწვავი?
ბრიგადას სჭირდება დღეში 1000 ტონამდე სხვადასხვა ტიპის უზრუნველყოფის საშუალება – წყლიდან დაწყებული, საწვავით, საბრძოლო მასალით დამთავრებული. ეს ვინ უნდა მიუტანოს ბრიგადას?
რა თქმა უნდა, უჭირს რუსეთს და ჩინეთსა და ყაზახეთთან იწყებს საუბარს საწვავის შეძენაზე. რუსეთს რომ საწვავის საყიდელი გაუხდება, ესე იგი, არ აქვს კარგად საქმე. რუსეთს სულ 400-მდე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აქვს, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი 10 საწარმოა. ტომსკში იყო დარჩენილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და იმასაც დაარტყეს.
ამას ემატება ჩრდილოვან ტანკერებზე განხორციელებული დარტყმები, ძირითადად, აზოვის ზღვაში – მარტო ერთ ღამეში 8, თუ 12 ტანკერი დაუზიანეს უკრაინელებმა რუსებს აზოვის ზღვაში. რუსეთიდან 70%-მდე გასაყიდი ნავთობი ამ ჩრდილოვანი ფლოტით მიდის, გემების რაოდენობა 500-ზე მეტია.
რასაც უკრაინელები აკეთებენ, ამ სისტემურ მიდგომას ჰქვია სამხედრო ხელოვნებაში – არაპირდაპირი ზემოქმედების სტრატეგია, რასაც კონცეპტუალურად ჯერ კიდევ ბრიტანელმა სამხედრო თეორეტიკოსმა, ლიდელ ჰარტმა ჩაუყარა საფუძველი.
ამ მიდგომას იყენებს უკრაინა თანამედროვე ინსტრუმენტებით. უკრაინას აქვს არჩეული მიმართულება – რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სისტემა. შემდეგ მოდის ამ ნავთობგადამამუშავებელი სისტემაზე ზემოქმედების საშუალების შერჩევა. მას შემდეგ, რაც შერჩეულია ზემოქმედების საშუალება, ის ახორციელებს მეთოდს, თუ როგორ მისწვდეს ამ ნავთობგადამამუშავებელ ცენტრს, ან სისტემას.
მეთოდურად შერჩეული და სისტემური დარტყმები ხორციელდება უკრაინელების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზამთარი ახლოვდება. ზამთარი რუსეთში არანაკლებ ცივია, ვიდრე უკრაინაში. რუსეთმა უკრაინა ვერ ჩააბნელა და ვერ გაყინა ამდენი წლის განმავლობაში. მე არ გამოვრიცხავ ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინელების დარტყმებმა შეიცვალოს პროფილი და უკვე დაარტყან თბოელექტროსადგურებს.
- ეს უნდა აღმოჩნდეს ფაქტორი იმისთვის, რომ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, თუ ეს იმ დონეზე ასუსტებს რუსეთს, რომ მას აღარ ექნება შეტევის შესაძლებლობა უკრაინაში?
ერთიც და მეორეც. თუ არ ექნება შეტევის შესაძლებლობა რუსეთს, თავისთავად უნდა დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას და შეინარჩუნოს ის, რაც დაკავებული აქვს დღეს. იგივე ყირიმის მიმართულებით რუსეთს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. მისი შენარჩუნება პრობლემატური ხდება რუსეთისთვის, არათუ ტერიტორიების მომატება.
- უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობა?
ასე მარტივად არ არის საქმე. გასათავისუფლებლად ყირიმში უნდა შევიდეს უკრაინის შეიარაღებული ძალები. რუსეთმა ჯარები გამოიყვანოს ყირიმიდან და თქვას: წაიღეთ, თქვენია. არა მგონია, ეს მოხდეს. ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დამარცხება იქნება პუტინისთვის, რამაც შეიძლება გადაიყოლოს მისი ხელისუფლება. ამიტომაც, არ მგონია, ასე ნებაყოფლობით წავიდეს რუსეთი ყირიმიდან.
უკრაინელებს კი, ჯერ არ აქვთ შესაძლებლობა: არც საზღვაო და არც საჰაერო, რომ ყირიმის იზოლირება მოახერხონ, გადასხან დესანტი უმტკივნეულოდ. ამისთვის საზღვაო საშუალებებია საჭირო, მნიშვნელოვანი საჰაერო უპირატესობაა საჭირო და ასე შემდეგ.
ის, რომ ზემოქმედებაა და მძიმე მდგომარეობაშია ყირიმი, არ ნიშნავს იმას, რომ ყირიმს დათმობს რუსეთი.
- რამდენად შეიცვალა ამასობაში მოცემულობა შავ ზღვაში? აქაც დაარტყეს უკრაინელებმა რუსების ტანკერებს… ზელენსკი ამბობდა, რუსეთმა წააგო შავი ზღვაო, ასევე ოდესაში სამხედრო საზღვაო აკადემიის გახსნა დააანონსა.
რა თქმა უნდა, შეიცვალა მოცემულობა უდავოდ. რუსეთის მთელი შავი ზღვის ფლოტი გადამალულია ნოვოროსიისკში. რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვაზე ვეღარ ოპერირებს. შეიძლება პერიოდულად გამოდის სარაკეტო ხომალდი, გაუშვებს რაკეტას და შემდეგ ისევ იმალება ნოვოროსიისკში. აქტიურად შავი ზღვის ფლოტი აღარ ფუნქციონირებს.
მეორე მხრივ, უკრაინასაც არ ჰყავს ფლოტი იმ დონის, რომ ზიანი მიაყენონ რუსებს. შეიძლება დრონებით თავი დაიცვან, მაგრამ საზღვაო დრონი ვერ წყვეტს ფლოტის ამოცანებს. რა თქმა უნდა, მომავალში უკრაინამ უნდა იფიქროს ფლოტის აღდგენაზე. ამიტომაც, ძალიან სიმბოლურია აკადემია ოდესაში.
- „ნუ ჩათვლით, რომ რუსეთმა ომი წააგო“ – ამბობს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი. თქვენი დაკვირვებით, რა ეტაპზეა ახლა რუსეთი?
ძალიან დიდი დანაკარგები აქვს რუსეთს. დაახლოებით 750 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ფრონტის ხაზზე ჩართული საომარ მოქმედებებში. ამერიკელების მონაცემებით, დანაკარგი ყოველთვიურად 33-34 ათასია. ამავე დროს, თვეში დაახლოებით 27-30 000 კაცის რეკრუტირებას ახდენს.
დანაკარგი არ ნიშნავს, რომ ყველა დაღუპულია. იქ არის, როგორც დაჭრილი, ავადმყოფი, დეზერტირი და ასე შემდეგ, იქიდან ნაწილი ბრუნდება მწყობრში, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია იმ დაჯგუფების შექმნა, რომელიც განახორციელებს მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციას. ამას იგი ვერ ახერხებს საყოველთაო, ანუ სრული მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.
ის, რასაც აკეთებენ, ეს ყოფნით იმისთვის, რომ იმ სახის საბრძოლო მოქმედებები აწარმოონ, რასაც ვუყურებთ.
- წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, ასეთი ტემპით კიდევ შეიძლება 3 წელი გაგრძელდეს ომიო. ასეა ისევ?
რა თქმა უნდა, ორი-სამი წელი შეუძლია აწარმოოს საომარი მოქმედებები. გააჩნია, ეკონომიკურად რა დაუჯდება ეს რუსეთს და შიგნით რა ვითარებები შეიქმნება – ვგულისხმობ სოციალურ დაძაბულობას.
როდესაც თავდაცვაში გადავა რუსეთი, მაშინ უკრაინას მოუწევს შეტევის განხორციელება და უკრაინის დანაკარგები გაიზრდება. დღეს დანაკარგებია ერთი რვასთან. ომის დასაწყისში იყო ერთი – სამთან. ასე გაიზარდა რუსების დანაკარგები, მაგრამ თუ უკრაინა იქნება შეტევაში, რა თქმა უნდა, დანაკარგი უკრაინის მხრიდან გაიზრდება.
არც უკრაინას არ ულხინს ისე, რომ რაღაც დიდი დაჯგუფება შექმნას და გარღვევა შეძლოს, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე იზრუნოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინელების საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები არიან ბელორუსის საზღვარზე, ასევე მოლდოვას საზღვარზე, დნესტრისპირეთთან. ასე რომ, უკრაინას ჯერჯერობით არ გააჩნია ის ძალები, რაც საშუალებას მისცემს, კონტრდარტყმის ოპერაცია დაიწყოს.
- ამ ეტაპზეა საუბარია იმაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდეს, თუმცა რუსეთი შეიძლება ამას არ დათანხმდეს?
გააჩნია, პუტინი დღეში რამდენჯერ ისმენს, კონსტანტინოვკა აღებულიაო, ან იმას, რომ ყველგან თითქოს წინ მიიწევენ.
ფაქტია, რომ ჯერჯერობით რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად ის პირობები დადოს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც მანამდე ჰქონდა: უკრაინამ უნდა დაუთმოს ის ტერიტორიები, რომელიც ჯერ კიდევ არ აუღია რუსეთს – ზაპოროჟიე და ხერსონის მთლიანი ოლქები, ასევე მთელი დნესტრისპირეთი, რომელიც ჯერჯერობით არ აქვს დაკავებული. უკრაინელები, რა თქმა უნდა, არ არიან ისეთ მდგომარეობაში, მსგავს მოთხოვნებს დათანხმდნენ.
მეორე მხრივ, არც ისეთი ზეწოლაა რუსეთზე ამერიკის მხრიდან, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს რუსეთი. ევროპას არ ესაუბრება რუსეთი და უკრაინა ევროპის გარეშე არცერთ მოლაპარაკებაზე არ წავა.
ამერიკას არ სცალია: ჯერ ირანი იყო, მერე ფეხბურთი, მერე ისევ ირანი. ალბათ რაღაც მომენტში მოიცლის ამისთვის ტრამპი და თუკი ტრამპი მოიცლის, ყოველ შემთხვევაში მისი განცხადებები რომ პროუკრაინულია, ეს ჩანს. ტრამპის ზეწოლა თუ დაემატა აღნიშნულ ვითარებას, აიძულებენ რუსეთს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
- რა ხდება ირანში? ირანის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ივლისს, სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ. მანამდე აშშ-მ ირანის სამხრეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ პროვინციებს დაარტყა. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება?
ნეტარ არიან ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ აი, ცეცხლის შეწყვეტა დაიდო და სამუდამო იქნებოდა ხელშეკრულება ირანსა და ამერიკას შორის. ამის არავითარი წინაპირობა არ იყო. ზოგადად რეალობას რომ თვალებში შევხედოთ, ირანის აღმოსავლურმა დიპლომატიამ აჯობა ამერიკის დიპლომატიას: გაწელა დრო და ამასობაში კატათაგვობანას, პინგ-პონგის თამაშზე გადავიდა დიპლომატიური მოლაპარაკებები.
იქ პაკისტანი სხვა რაღაცას ეუბნებოდა ამერიკას ვითომ ირანიდან გადმოცემულს, ირანელები სხვა რაღაცას იძახდნენ, ამერიკა სხვა რაღაცას ამბობდა, თითქოს მიღწეული არისო…
ამერიკას არ გამოუყვანია იქიდან ძალები და იქ არსებული დაჯგუფება არ შეუსუსტებია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამჯერად ნატომ დაუჭირა მხარი ამერიკის ბოლო მოქმედებას. ნატოში გამოცხადდა 360 გრადუსიანი სტრატეგიის ხედვები და გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ახლო აღმოსავლეთს, იქ არსებულ შესაძლო საფრთხეებს.
ამერიკა ცდილობს, კიდევ უფრო გაამყაროს ე.წ. სუნიტური, ანუ არაბული ქვეყნების კოალიცია. ასევე ცდილობს, თურქეთთან გაამყაროს ურთიერთობები. ისრაელმა გამოაცხადა ოპერაცია „ლურჯი და თეთრი მზადყოფნა“. ეს ოპერაცია ითვალისწინებს შექმნილ პირობებში ისრაელის საომარ მოქმედებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოალიციების გარეშე, ან ამერიკასთან ერთად. ასე რომ, მზადყოფნა ყველა მხრიდან არის.
ვფიქრობ, ეს დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ისევ დაბრუნდება საწყის პირობებში, რომლითაც დაიწყო ზოგადად დაპირისპირება ამერიკასა და ირანს შორის.
- შეთანხმება აშშ-ის და ირანს შორის არაფერს ცვლის ბირთვულ იარაღზე, რაც გახდა ამ ომის მთავარი მიზეზი?
ვერ გავიგე მკაფიოდ, რა ჩაიწერა ურანთან დაკავშირებით კონკრეტულად: გადის ურანი, თუ რჩება? ან ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ირანი აღარ იმუშავებს ურანის გამდიდრებაზე? უამრავი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი. იქ იყო მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები.
ირანმა მიაბა თავისი მოლაპარაკებები ლიბანს, მოუწოდა ამერიკას, რომ უნდა აიძულოს ისრაელი – ლიბანიდან გაეყვანა ჯარები. ამ დროს მოლაპარაკებებში მონაწილეობს: კატარი, პაკისტანი, ამერიკა, ირანი და საუბრობენ ისრაელსა და ლიბანზე. არც ლიბანი არ მონაწილეობს მოლაპარაკებაში და არც ისრაელი არ მონაწილეობს. რა შედეგი უნდა დაიდოს ამ პირობებში?
ეს არის მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის, რაც დამახასიათებელია აღმოსავლური დიპლომატიისთვის. ამ ვითარებას შედეგის მოტანა ნამდვილად არ შეეძლო.























