ბათუმში, ცენტრალურ პარკში არსებულ ზოოკუთხეში ორი დათვის ბელი აპრილის თვეში მოიყვანეს.
როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ზოოლოგიური განყოფილების უფროსი, ამირან მურვანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ბელები აჭარის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა მოიყვანეს, თუმცა სად იპოვეს, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.
ბელებს, პატარა, მეტლახით დაგებულ მოლიერში უწევთ ცხოვრება. ამირან მურვანიძის თქმით, მოლიერები დათვებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ამ ეტაპზე ბელების სხვაგან გადაყვანა შეუძლებელია.
„ჩვენთან, რომ მოიყვანეს სადღაც ორი თვის იქნებოდნენ. იანვრის ბოლოსა და თებერვლის შუა რიცხვებში იბადებიან ხოლმე ბელები ბუნებაში. დედის ბედი გაურკვეველია, მაგრამ საიდან მოიყვანეს და როგორ, მაგას ვერ გეტყვით.
რადგან ჩვენ გვაქვს ზოოპარკი და გვაქვს გარეულ და ეგზოტიკურ ცხოველებთან ურთიერთობა, იმიტომ მოგვიყვანეს, რომ ეს დათვის ბელები გადაგვერჩინა“, – გვეუბნება ამირან მურვანიძე.
მისი თქმით, ბელები ძალიან უსუსურები და დაუძლურებულები იყვნენ.
„იმ მიზნით ავიღეთ მეურვეობა, რომ მოგვეძლიერებინა, რადგან არც ის ვიცით, რამდენი ხანი იყვნენ მშივრები. ექვსი თვეა, რაც ჩვენთან იმყოფებიან და უკვე 25 კილოს იწონიან, მაშინ კი კილო-ნახევარი იყვნენ.
ვიღაცებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს ავად არიან და ამიტომ აქვთ პირზე დორბლი, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა ძუძუმწოვარს გააჩნია წოვითი რეფლექსი და მათ შორის დათვებსაც. აქედან გამომდინარე, წოვითი რეფლექსის გამო უვითარდებათ ნერწყვი“, – ამბობს ამირან მურვანიძე.
ვიდეო:
მას ვკითხეთ, რამდენად მისაღებია ბელების მეტლახით მოპირკეთებულ ვოლიერში ცხოვრება და ხომ არ იგეგმება მათი გადაყვანა შესაფერის გარემოში?
„ეს ვოლიერები, რაც ჩვენ გვაქვს, საერთოდ არ არის დათვისთვის განკუთვნილი. ვოლიერების ნაწილი არის დაფარული ქვიშით, ნახერხით ან ტოტებით, რადგან ბეტონზე წოლა ცხოველისთვის არაპრაქტიკულია.
საფენი უნდა ჰქონდეთ დაგებული, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა დროულად ამ საკითხების მოგვარება. ახლა მოვიტანეთ 7 სანტიმეტრის სისქის გადაჭრილი მორები და დავალაგეთ, რომ მორებზე იყვნენ და არა იატაკზე“, – ამბობს მურვანიძე.
მისი თქმით, ისინი დაუკავშირდნენ ცხოველების თავშესაფარს ცხვარიჭამიაში, ასევე თბილისის ზოოპარკსაც, თუმცა ბელებისთვის ადგილი არ აღმოჩნდა.
„არ გვაქვს ადგილებიო გვითხრეს. წარმოიდგინეთ, ცხვარიჭამიაშიც კი არ ჰქონდათ ადგილები, 25 დათვი გვყავს თავშესაფარშიო. ასეთი მდგომარეობაა.
ამიტომ, ხელმძღვანელობასთან დავაყენე საკითხი, რომ გავამაგროთ არსებული ვოლიერი ისე, რომ წლინახევრის დათვისთვის იყოს გამოსადეგი.
უახლოეს ვადებში მოიძებნება სახსრები, რომ ეს ვოლიერი გავამაგროთ და შემდეგ, იქნებ გამოჩნდეს ადგილი ან თავშესაფარში ან თბილისის ზოოპარკში“, – ამბობს ამირან მურვანიძე.
მას ასევე ვკითხეთ, არის თუ არა შესაძლებელი ზრდასრული დათვების ტყეში ან ნაკრძალებში გაშვება და თუ იგეგმება ეს?
„ერთადერთი, ამ დათვების გაშვება შეიძლება მხოლოდ ნაკრძალში, რადგან შემოფარგლული ტერიტორიაა და არ აქვთ საშუალება მოსახლეობასთან მისვლის. მაგრამ ტყეში, რომ გავუშვათ, არ შეიძლება, რადგან ესენი ადამიანებს შეჩვეული არიან და, შესაბამისად, მივლენ მოსახლეობასთან. ასეთ დროს, ან ადამიანებს მიაყენებენ ზიანს, ან დათვებს.
ამიტომ, ჯერჯერობით აქ დარჩებიან დათვები და იმედია შემდეგ გამოჩნდება სადმე ადგილი“, – ამბობს ამირან მურვანიძე.






