ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა არც 2026 წელში დასრულდება. ამ გზაზე სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.
„ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი სამუშაოები გრძელდება და მისი დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.
ამასთან, „დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე განცხადებით „პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს“.
- არადა არსებობს გეოლოგიური დასკვნაც იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოებია.
ამ თემაზე ვრცლად: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს სამუშაოები ვერ დასრულდება, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ „საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს მუშაობას, რომ ახალციხის მხრიდან ხულოსკენ მოძრაობა ზამთრის პერიოდში აღარ ჩაიკეტოს. ჩვენ შევიძენთ შესაბამის ტექნიკას და შემდგომში, ზამთრის პერიოდში განვახორციელებთ მოვლა-შენახვას, იმისთვის, რომ მოძრაობა მუდმივად იყოს გახსნილი“.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 17.09.2026 / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად გადადადით ამ ბმულზე:






