როცა პარლამენტარის ხელფასი 1080 ლარით იზრდება, პენსია 20 ლარით – „ოცნებისთვის“ უკადრებელი აღარ არსებობს“

„აღარ არსებობს ზღვარი, რასაც „ოცნება“ არ იკადრებს. რომელიმე პარლამენტარი როგორ შეიძლება აი, პენსიონერს დაელაპარაკოს, თვალებში ჩახედოს, რამე საკითხზე დაელაპარაკოს, როცა იცის, რომ თავისი ანაზღაურება არის 12 800, გაისად გახდება 13 880, ამ დროს კი, პენსიონერს 20 ლარი დაუმატე?“ – ამბობს გოტა ჭანტურია „ბათუმელებთან“.

მას „ოცნების“ თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდის ახალ მაჩვენებელზე ვესაუბრეთ: მაშინ, როცა ჩინოვნიკების ხელფასები ათასობით ლარი იზრდება, პენსიონერს 20-60 ლარს უმატებენ.

„საზოგადოება კარგად ხედავს, ამ დაუფარავად აგდებულ დამოკიდებულებას… მივდივართ სოციალურ კოლაფსამდე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ღარიბდება და ძალიან მცირე ჯგუფი ფაქტობრივად აკონტროლებს, დომინირებს საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. ამ დროს მარტივდება უმრავლესობის დაქვემდებარება, უფრო მარტივი ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით,“ – ამბობს გოტა ჭანტურია.

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.

  • ბატონო გოტა, ისევ ათასებით იზრდება თანამდებობის პირების ხელფასები, პენსიონერების კი, 20-60 ლარით. ეს არის მხოლოდ სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, თუ სხვა რამ? 

ჩემი აზრით, სოციალურ უთანასწორობამდე, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის დაცინვა საზოგადოების და ამ შემთხვევაში პენსიონერების. ისინი ისედაც უკვე ელიტურ ჯგუფებს განეკუთვნებიან – საქართველოს მოსახლეობის 5-10%-ში შედიან, რომლებსაც 10 000 ლარზე მეტი აქვთ ანაზღაურება და ამ დროს მათ ემატებათ ისევ ხელფასი, მაგალითად, 1350 ლარით გაიზრდება პრეზიდენტის, თუ პრემიერის ხელფასი და ექნებათ 16 000 ლარის ნაცვლად 17 350 ლარი.

ეს ყველაფერი ანომალიაა. ეს აჩვენებს იმას, თუ რა არის პრიორიტეტი „ოცნების“ მთავრობისთვის. ეს აჩვენებს იმას, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული არც სოციალური უთანასწორობის შემცირებით, არც საზოგადოების რეალური პრობლემების გადაჭრით. პირიქით, მათი მიზანია რეპრესიული მანქანის გაძლიერება და რეჟიმის გამყარება.

ეს გადაწყვეტილებაც ამ მიზანს ემსახურება – არსებობდეს ფინანსური მოტივაცია თავიანთი დაჯგუფებისთვის.

გოტა ჭანტურია
  • ოფიციალურად ვისმენთ „ოცნების“ მთავრობის არგუმენტს, რომ თუ გვინდა ეფექტური მთავრობა, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კორუფციის რისკები. ეს განცხადებები როგორ ჟღერს დღეს? 

შეუძლებელია ამხელა განსხვავება, ასიმეტრია არსებობდეს თანამდებობის პირსა და, მაგალითად, მასწავლებელს შორის, ხომ? მასწავლებლის ანაზღაურება თუ საშუალოდ 1000 ლარია, რა გამოდის, რომ მისი შრომა ნაკლებად პრიორიტეტულია, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე მთავრობის რომელიმე წევრი, ან პარლამენტარი?

ჩვენს ქვეყანაში მინიმალური ხელფასიც კი არაა განსაზღვრული. ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ამ მიმართულებით რეალურად არაფერი კეთდება. ახლახან გვქონდა პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან და, მათ შორის, მენეჯმენტთან გვქონდა დასმული ეს საკითხი: მიუხედავად ამ ვერდიქტისა, სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარის თუ პრემიერ-მინისტრს მაინც ნაკლები ხელფასი აქვთ, ვიდრე, მაგალითად, თინათინ ბერძენიშვილს.

ამ მასშტაბის ასიმეტრიას ვუყურებთ და ამ დროს ათასობით ადამიანია სოცდაუცველთა სიაში, კიდევ მეტი ელოდება ამ დახმარებას. იმდენად მძიმეა ჩვენი სოციალური ფონი, რომ მიჭირს კიდეც ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. მიჭირს, რადგან საზოგადოება კარგად ხედავს, ამ დაუფარავად აგდებულ დამოკიდებულებას.

  • შესაძლებელია იგივე პენსია მინიმუმ 100 ლარით მაინც გაიზარდოს, როცა ყოველწლიურად ამ მასშტაბით იზრდება თანამდებობის პირების ხელფასები? 

ეს არის პრიორიტეტების საკითხი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ პრიორიტეტი იქნება სოციალური დაცვა. დანარჩენი ყველაფერი არის მანიპულაცია, რომ თითქოს პენსიის 100 ლარით გაზრდა შეუძლებელია.

ამიტომაც ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის, რომ ეს ნიშნავს სხვა სიკეთეებთან ერთად ღირსეულ შრომით პირობებს, გარემოს, სადაც ამხელა ასიმეტრია არ არსებობს. მაგალითად, ექთანი, რომელიც ადამიანის გადარჩენისთვის იბრძვის, ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ვიდრე დეპუტატი? ამ დროს მისი ანაზღაურება დაახლოებით 300-400 ლარია ჩვენს ქვეყანაში.

  • ექთნებს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად მუშაობაც უწევთ – დეფიციტის აღმოსაფხვრელად კი, ნაბიჯები არ იდგმება

რა თქმა უნდა, დეფიციტის აღმოფხვრას და სიტუაციის გაუმჯობესებას აქ არავინ ცდილობს. ჩვენ ვხედავთ, რომ თანამდებობის პირები მხოლოდ პირადი და მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასული. ამ დროს ირაკლი კობახიძემ, მაგალითად, თქვა, რომ თითქოს ტერიტორიული პრინციპით შეარჩია მისი შვილისთვის კერძო სკოლა, მაგრამ კერძო სკოლაში დაჰყავს შვილი, იქ ხარჯავს ასეულობით ათას ლარს.

სამედიცინო სფეროშიც ვხედავთ, რომ ეს მაღალბიუჯეტიანი თანამდებობის პირები დასავლეთში მიდიან სამკურნალოდ, იქ მშობიარობენ კიდეც…

სამწუხაროდ, შრომითი პირობების გაუმჯობესება ამ ქვეყანაში არასდროს იყო პრიორიტეტი. 30 წელია ვუყურებთ, როდის დაარეგულირებს ბაზარი რაღაცას. ამასობაში, მივიღეთ სოციალური უთანასწორობის ისეთი მასშტაბი, რაც მგონი არასდროს არ გვქონია.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა, რაც 1377.3 ლარია, ხოლო საშუალო ხელფასი გახდა 2389 ლარი. ეს მაჩვენებელი რამდენად რეალურია? 

ესეც არის მანიპულაცია, რადგან ასე საშუალოს დათვლა არ ხდება: თუ ერთ ადამიანს არაფერი არ აქვს და მეორეს აქვს 10 000 ლარი, საშუალო 5 000 ლარი გამოდის ხელფასი. მედიანურის შემთხვევაში გაცილებით დაბალია ეს ციფრი და უფრო ახლოსაა რეალობასთან.

რომც დავუჯეროთ ამ მაჩვენებელს, რამდენით იმატებს პარალელურად ინფლაცია? როგორ ძვირდება ჩვენი ცხოვრება, საკვები პროდუქტები, კომუნალური ხარჯები, ყოველდღიურობა?

  • რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, თქვენი დაკვირვებით, როცა მმართველი პოლიტიკური გუნდი არ ერიდება უთანასწორობის კიდევ უფრო გაზრდას – საკუთარ ჯამაგირს ათასებით ზრდის, პენსიონერს კი, 20-60 ლარს უმატებს?

მგონი, თქვენ რაც თქვით, ზუსტად მაგას ნიშნავს – აღარაფერს აღარ ერიდება. მისთვის უკვე აღარ არსებობს რაღაც ბარიერი, რომელსაც არ გადალახავს. ის გველაპარაკება პრიმიტიული პროპაგანდით, რომ თითქოს ამ დროს ეკონომიკა იზრდება, ხელფასები იზრდება და კარგად ვცხოვრობთ. ეს არის ის, რაც ხდება ზოგადად ავტორიტარულ ქვეყნებში.

აღარ არსებობს ზღვარი, რასაც „ოცნება“ არ იკადრებს. მაგალითად, რომელიმე პარლამენტარი როგორ შეიძლება აი, პენსიონერს დაელაპარაკოს, თვალებში ჩახედოს, რამე საკითხზე დაელაპარაკოს, როცა იცის, რომ თავისი ანაზღაურება არის 12 800. გაისად გახდება 13 880, ამ დროს კი პენსიონერს 20 ლარი დაუმატე?

  • რა რისკებს შეიცავს უთანასწორობის ამ მასშტაბით გაზრდა, რას გამოიწვევს ეს?

მივდივართ სოციალურ კოლაფსამდე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ღარიბდება და ძალიან მცირე ჯგუფი აკონტროლებს, დომინირებს საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაზე. ამ დროს მარტივდება უმრავლესობის დაქვემდებარება, უფრო მარტივი ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით.

უმთავრესი რისკი ეს არის, რომ ტოტალურ, სოციალურ კოლაფსამდე მივდივართ, როდესაც უთანასწორობის ასეთი მაჩვენებელი გვაქვს. ამ დროს ახალგაზრდა თაობა ფიქრობს, რომ აქ პერსპექტივა აღარაა და მიდის ემიგრაციაში. რისკი მატულობს ამ კუთხითაც, რომ ემიგრანტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

როცა დემოკრატიულ ქვეყნებში თანამდებობის პირების ხელფასი იზრდება, თანაც ამ მასშტაბით, ეს აუცილებლად ხდება საყოველთაო განხილვის საგანი, რადგან ეს უნდა დაასაბუთონ: რამდენად არის ეს აუცილებელი? ხომ არ აჯობებს ეს ფინანსური რესურსი სხვა პრობლემის გადასაჭრელად გამოვიყენოთ? ნიუ-იორკის მერს, ზოჰრან მამდანს ჰკითხეს, ხელფასის ზრდაზე რატომ ამბობთ უარსო, მან უპასუხა: არაერთი ნიუ-იორკელის კარზე დავაკაკუნე და არავის უთქვამს, რომ ეს აწუხებთ ჩემი ხელფასის ოდენობაო, არავისთვის წუხილი ეს არ იყოო.

ჰოდა, იგივე ამბავია: ვინ შეწუხდა ამ ქვეყანაში, მაგალითად, იმაზე, რომ თურმე ყაველაშვილს დაბალი ხელფასი ჰქონია და უნდა გავუზარდოთ? მოსახლეობაში არავინ გამოთქვამს ამაზე წუხილს, როცა ამდენი პრობლემაა ჯანდაცვაში, განათლებაში, ყველა მიმართულებით უმწვავესი პრობლემებია. ამ დროს მთავრობა გვთავაზობს იმას, რომ საკუთარ ხელფასებს გაზრდის თანაც წელიწადში ორჯერ. რეფერენდუმზეც რომ გავიტანოთ ეს საკითხი, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მინიმუმ გაანახევრებს მათ ხელფასებს, რადგან ზუსტად ესაა ადეკვატური. ახლა რაც აქვთ ანომალიაა და ზრდა საერთოდ.

ეს არის საზოგადოების ღიად შეურაცხყოფა და თანაც, რომ თურმე ყველაფერი კანონიერად ხდება.

სასკოლო კვებაც კი ვერ გახდა პრიორიტეტი, თურმე თანხა საკმარისი არ გვქონია. ამ დროს მინისტრების და პარლამენტარების ხელფასების გაზრდისთვის გვაქვს თანხები.

___

ამ თემაზე:

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

 

„ჯანდაცვის მინისტრის განმარტება არ არის სანდო“ – ინტერვიუ იურისტთან

„ჯანდაცვის მინისტრის მსჯელობა და ეს განმარტება არ არის თანმიმდევრული და სანდო,“ – მიიჩნევს იურისტი, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმესთან“ დაკავშირებით „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის მუქარაზე.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ 2026 წლის ივნისში ემერჯენსის გადატვირთულობის გამო, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოპერატორს კონკრეტული პაციენტის მიღებაზე უარი უთხრა: „წაიყვანეთ მინისტრთან“, – ამ ფრაზით მიმართა მან ოპერატორს.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ბათუმის რესპუბლიკურში მინისტრი სარჯველაძე გამოჩენილა სატელეფონო ჩანაწერით: „წაიყვანეთ მინისტრთან“. ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ მას თანამდებობის დატოვებას და საერთოდ კარიერიდან წასვლას უშუალოდ მინისტრი სთხოვდა.

2026 წლის პირველ ოქტომბერს კი, ჯუმბერ ბოლქვაძეს ნინო ნიჟარაძე ესტუმრა – აჭარაში „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი. ექიმების თქმით, ნიჟარაძემ ბოლქვაძემ „უხმაუროდ“ წასვლა სთხოვა, მაგრამ იმ  დღეს ემერჯენსის სამედიცინო პერსონალი სოლიდარობის ნიშნად რესპუბლიკურის შესასვლელთან საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.

აქციის მეორე დღეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა, თუმცა არ განუმარტავს: რატომ არ შეისწავლეს ეს საკითხი აქამდე შესაბამისმა ორგანოებმა? ან თავად რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, როცა აცხადებს, რომ კლინიკაში ადგილები იყო და ექიმი განზრახ არ იღებდა პაციენტს?

„ის, რომ მინისტრს კონკრეტული ექიმი დაჰპირდა, გადადგებოდა თანამდებობიდან და ამით თვითპასუხისმგებლობას მოახდენდა, ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას იმ სისტემის მიმართ, რომლის სწორად ფუნქციონირებისთვის ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი,“ – აცხადებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ბათუმელებმა“ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, რამდენად სწორია სამართლებრივად ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია, როცა ის საუბრობს რეაგირებაზე შემთხვევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ანუ მას მერე, როცა ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას უშუალოდ მინისტრი მთხოვს, რადგან ემერჯენსში პაციენტის ადგილი არ მქონდა და სასწრაფოს ვუთხარი: „წაუყვანეთ პაციენტი მინისტრს“.

ამ პროცესებში მინისტრის განცხადებები უფრო არათანმიმდევრული ჩანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პირის.

პირველი – ამ პროცესს სჭირდება სამართლებრივი შესწავლა. ცხადია, არ არის დამაჯერებელი განმარტება, რომ ექიმი არ იღებდა პაციენტს და ამ დროს თითქოს ამის შესაძლებლობა არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ ექიმისგან, რომ მას არ ჰქონდა ადგილები და, შესაბამისად, ვერ მიაწვდიდა პაციენტის სათანადო სამედიცინო სერვისს. ეს უფრო ლოგიკური და არგუმენტირებული პოზიციაა.

ცხადია, მხოლოდ ზეპირი საუბარი არარელევანტურია ამ გარემოებასთან, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი მიუთითებს გარკვეულ გადაცდომაზე – პირველ რიგში თავად ეს თანამდებობის პირი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებამ მიმართოს უწყებას, რომელსაც ხელი მიუწვდება სამედიცინო გადაცდომების შესწავლაზე და ეს მოკვლევა დაიწყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დაახლოებით 3 თვის წინ მომხდარ ამბავზეა საუბარი.

როდესაც თავად მინისტრი არ მიმართავს შესაბამის ორგანოს შესწავლისთვის და არ გვაქვს ობიექტური შესწავლის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩნდება ბევრი ვარაუდი და გონივრული ეჭვი: საქმე ხომ არ გვაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკურ ზემოქმედებასთან?

გიორგი ხიმშიაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი, ცხადია, უნდა იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული: ნებისმიერ პროფესიულ გადაცდომაზე მოითხოვოს სამართლებრივი რეაგირება და ეს არ იყოს მხოლოდ კამერებთან საუბარი. ახლა ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სწორი, ობიექტური კვლევის შედეგები მოვისმინოთ.

  • რა უნდა გაეკეთებინა ჯანდაცვის მინისტრს კონკრეტულად? 

მინისტრს თუ ჰქონდა ამგვარი ინფორმაცია, რომ პაციენტს განზრახ არ იღებდნენ კლინიკაში და იგი უშუალოდ ამ პროცესში ჩართული პირი იყო, პირველ რიგში, თავად უნდა მიემართა შესაბამისი სააგენტოსთვის, რომელიც პასუხისმგებელია ექიმთა პროფესიულ გადაცდომებზე. ეს ნაბიჯი დროული უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მინიმალური კვლევის შედეგები, ინფორმაცია ამ კუთხით გვქონოდა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთ კონკრეტულ, არამედ ზოგად, სისტემურ დამოკიდებულებაზე – რით იყო განპირობებული ის, რომ პაციენტს ვერ იღებდა კლინიკა?

ამას აქვს სარკისებური ეფექტი. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმზე, რომელიც მაღალი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი სისტემის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ეს გამოიწვევს სხვა ექიმების მიმართ ძალიან ცუდ ეფექტს, როცა ამდენად დაუცველები არიან ისინი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

  • მინისტრის განმარტებით, ექიმმა განსაცდელში განზრახ მიატოვა პაციენტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ მინისტრს დავუჯერებთ, გამოდის თუ არა, რომ ამავდროულად მინისტრის მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობასთან გვაქვს საქმე: რატომ არ მიმართა მინისტრმა შსს-ს? 

დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ვერ ვისაუბრებთ ფაქტის შესაბამისი კვლევის გარეშე. ამიტომაც, ვსაუბრობთ პროფესიული სააგენტოსთვის მიმართვაზე. თუ სააგენტოს არ მიმართავდა, პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრი, ვინც აღიარებს, რომ უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესებში, ვერასდროს ვერ გავაგებთ, ეს იყო შეუტყობინებლობა, კლასიკური სამართლებრივი დარღვევა თუ სხვა ტიპის გადაცდომა.

  • მინისტრმა თქვა, მე პირადად ლამის ჩავერიე და შემდეგ მიიღეს პაციენტიო. ექიმი კი, ამბობს: იმავე დღეს სტაციონარში მივიღეთ პაციენტი, მაგრამ მას რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირვებოდა, „განწირული იყოო“… 

ამ ფორმით ჩარევა შეიძლება მიუთითებდეს თანამდებობრივ გავლენას კონკრეტულ დაწესებულებასთან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, ზოგადად, სამედიცინო სერვისსა და პაციენტის უფლებებზე. თუ აღმოჩნდებოდა ისეთი პაციენტი, რომელსაც არ ექნებოდა შესაძლებლობა, დაერეკა ჯანდაცვის მინისტრთან, მაშინ რა შედეგს მივიღებდით?

ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელსაც ხვალ და ზეგ შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს, თუ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას, რაზეც მინისტრი საუბრობს. ჩვენ ამის შემოწმების შესაძლებლობა იმიტომ არ გვაქვს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მინისტრმა არ მიმართა შესაბამის ორგანოს.

ამიტომაც, ჯანდაცვის მინისტრის მსჯელობა და ეს განმარტება არ არის თანმიმდევრული და არ არის სანდო. რატომ არ იღებდა პაციენტს სამედიცინო დაწესებულება? ამის კონკრეტული არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

  • ეს თუ სიმართლეა, შეეძლო ჯანდაცვის სამინისტროს ამის დადასტურება, ხომ? პაციენტების შესვლა კლინიკაში რეგისტრირდება და ნათლად ჩანს, რომელ დღეს რამდენი პაციენტი იყო, მაგალითად, ემერჯენსის განყოფილებაში. 

რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად გადამოწმებადია და ამის შემოწმება შესაძლებელია, ვინაიდან არსებობს, როგორც სამედიცინო ჩანაწერები, ასევე სათვალთვალო კამერები. შესაბამისი კვლევა ამიტომაც იყო საჭირო სააგენტოს მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ამგვარ გადაცდომებზე, თუ მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

  • მინისტრი ამბობს, სექტემბრის ბოლოს ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე თავად აპირებდა თანამდებობის დატოვებასო, მაგრამ თანამდებობის დატოვება რამდენად ათავისუფლებს პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან? ამ ნაწილში რამდენად გამართულია მინისტრის პოზიცია? 

ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამგვარი განმარტება არ არის პროფესიული სტანდარტის ჩარჩოებში. გამოდის, ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა, ვინაიდან სამედიცინო სისტემა ვერ იცავს პაციენტის ინტერესებს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ განმარტება, თუნდაც ერთი ექიმის, თუ როგორ აღმოიფხვრა ეს ნაკლოვანება, როდესაც თუნდაც ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევას და სამედიცინო დაწესებულების განყოფილების ხელმძღვანელი უარს ამბობდა პაციენტის მიღებაზე.

ის, რომ მინისტრს კონკრეტული ექიმი დაჰპირდა, გადადგებოდა თანამდებობიდან და ამით თვითპასუხისმგებლობას მოახდენდა, ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას იმ სისტემის მიმართ, რომლის სწორად ფუნქციონირებაზე ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ სისტემის ნაკლოვანება გადავფარეთ ისევ ნაკლოვანებით. თუნდაც ყველა გარემოება დადასტურებულად ჩაითვალოს, გამოდის, ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით არც კი უფიქრია.

ჩვენ არ მოგვისმენია თავად რესპუბლიკური საავადმყოფოს, ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება. როდესაც ასეთ საკითხებზე ჩვენ ვერ ვისმენთ უშუალოდ პროცესის მონაწილეთა განმარტებებს, მიზეზებზე, გარემოებებზე, ცხადია, მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები ვერ იქნება ობიექტური სამართლებრივი ჭეშმარიტება.

ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ აცხადებს, რომ უშუალოდ ჩაერია ამ პროცესებში… ის ექიმიც, რომელსაც ბრალს დებენ, ისიც დაინტერესებულია საკუთარი პოზიცია საზოგადოებამდე მიიტანოს. პოლიტიკური თანამდებობის პირთა განმარტებები ვერ იქნება ცხადი და ჭეშმარიტი იმ ფონზე, როდესაც თვითონ მაღალი თანამდებობის პირი არ ცდილობს მაღალი პასუხისმგებლობით საკითხის მოკვლევის ჩატარებას შეუწყოს ხელი და ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას უჩნდება, გაეცეს პასუხი.

  • ექიმის თქმით, მას მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოასმენინა სატელეფონო ჩანაწერი. ამ ჩანაწერში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოპერატორი ესაუბრება ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს… როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი მინისტრის ხელში და ეს რამდენად კანონიერად? 

სამართლებრივად ამგვარ ჩანაწერებთან წვდომა, ცხადია, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს ჩანაწერი მოხვდა მის ხელში, ცხადია, ესეც არის დარღვევა.

ეთიკური სტანდარტით ამგვარი ჩანაწერის არსებობა ან წვდომა მასზე, ობიექტურად შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამდებობის პირს ჰქონოდა.

თუ დადგინდება ამ ჩანაწერის არსებობა, მაშინ მისი კვლევაც შესაძლებლად მიმაჩნია.

მერია ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიაზე მუშაობს

ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის [Heat Resilience Strategy – HRS] შემუშავების მომსახურებაზე ქალაქის მერიამ 51 ათასი ლარით ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერს თან ახლავს ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც მიზანი „ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის პრაქტიკულად გამოყენებადი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და განხორციელებაზე ორიენტირებული სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაა.

სტრატეგია „LANDLAB-ის მიერ განხორციელებული UHI-ისა და სითბური სტრესის შეფასების, მომზადებული რუკების, ბათუმში ჩატარებული თერმული კვლევის (Thermal Walk) შედეგებისა და სხვა სანდო მონაცემების საფუძველზე გააანალიზებს ქალაქის სიცხის რისკს, თერმულ დისკომფორტს, ექსპოზიციასა და მოწყვლადობას;

განსაზღვრავს პრიორიტეტულ ტერიტორიებსა და მოსახლეობის/სერვისების მოწყვლად ჯგუფებს;

შეიმუშავებს მწვანე, ლურჯ და სხვა ურბანული გაგრილების ღონისძიებებს, მათ შორის ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს (Nature-based Solutions – NbS)

დაადგენს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს, პასუხისმგებელ სუბიექტებს, შესაძლო დაფინანსების წყაროებსა და შესრულების ინდიკატორებს;

უზრუნველყოფს რეკომენდაციების დაკავშირებას ბათუმის მოქმედ და დაგეგმილ მუნიციპალურ პოლიტიკებთან, სივრცით/ურბანულ დაგეგმარებასთან და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესებთან.“

ზემოთ აღნიშნული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ბათუმში ჩატარებული თერმული კვლევების შედეგები მიუთითებს მაღალი სითბური სტრესის
პერიოდებზე.

„სტრატეგიული დაგეგმვის გზამკვლევში“ (Pathway Planning Guide) წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, ერთ-ერთ საკვლევ დღეს ბათუმში დაფიქსირდა HS4 [ძალიან ძლიერი სიცხე] ან უფრო მაღალი თერმული სტრესის დონეები მარშრუტის მრავალ მონაკვეთზე, ხოლო სხვა დღეებში ძირითადად HS3 [ძლიერი სიცხე] დონე ჭარბობდა.

შესაბამისად, აღნიშნული პროექტული შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული როგორც სტრატეგიის საწყისი მტკიცებულებითი ბაზა და არ უნდა მოხდეს უკვე შესრულებული კვლევების დუბლირება“.

აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმს დღემდე არ დაუმტკიცებია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა.

ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ქალაქში უსისტემო და გენგეგმის გარეშე მიმდინარე მშენებლობები კი პირდაპირ კავშირშია ე.წ. „თერმულ სტრესთან“. უსისტემო მშენებლობებმა ქალაქს ბუნებრივი ვენტილაცია წაართვა.

სპეციალისტების თქმით ბათუმის ბუნებრივი „კონდიციონერი“ ზღვიდან მომავალი ნიავი იყო, თუმცა, სანაპირო ზოლში აშენებულმა ცათამბჯენებმა ქალაქის სიღრმეში ჰაერის მოძრაობა ჩაახშო.

ბეტონი, ასფალტი და მინა მთელი დღის განმავლობაში მზის სითბოს იწოვენ და გარშემო ასხივებენ. მწვანე საფარის ნაკლებობის გამო კი ეს სითბო ვერსად მიდის. ისედაც ტენიან ბათუმში, როდესაც უქარობა [თუნდაც შენობების გამო] და მაღალი ტემპერატურა ერთმანეთს ემთხვევა, იქმნება ე.წ. „საუნის ეფექტი“, რაც ორგანიზმისთვის ყველაზე მძიმე ასატანია.

ამ ყველაფრის პარალელურად, იმის მომიზეზებით, რომ „ძნელი მოსავლელი და დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული“, ბათუმის მერიამ ქალაქის ათობით ქუჩაზე ქვაფენილი აყარა და ბეტონი დააგო.

მერიამ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს, წვიმის დროს ქალაქის ქუჩების დატბორვის პრობლემაც ვერ მოაგვარა.

რაც შეეხება „ბათუმისთვის სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებაზე“ გამოცხადებულ ტენდერს – წინადადებების მიღება 2026 წლის 10 ოქტომბერს დაიწყება და 12 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით „მომსახურების შესრულების საერთო ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდია.

მერიის ინფორმაციით, სიცხის მიმართ მდგრადობის სტრატეგიის შემუშავება იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის სახელწოდებაა „მწვანე ურბანული მდგრადობა“ [Green Urban Resilience].

„პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg NEXT Black Sea Basin Programme 2021–2027) ფარგლებში“. – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

რეზო კიკნაძე: სად გინახავთ ჩხრეკა იმ პოზით კეფაზე დადებული ხელებით და მოხრილ მდგომარეობაში?

„გენიტალიაზე შეხება არამც და არამც არ ხდება, მაქსიმუმი ბუქნების გაკეთებაა. ან სად გინახავთ ჩხრეკა იმ პოზით კეფაზე დადებული ხელებისა და მოხრილ მდგომარეობაში ყოფნის ფონზე?“ – კითხულობს სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე. იგი ციხიდან ეხმაურება პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ჩადენილ სავარაუდო სექსუალური ძალადობას.

გიორგი დავითაძის ოჯახის ცნობით, 2025 წლის 21 დეკემბერს პატიმარი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კი, ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა და განმარტა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებულს ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება,

სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოგზავნილში განმარტავს, რატომაა მისთვის დამაჯერებელი ის, რასაც პატიმარი ჰყვება:

„შემძრა პატიმარზე აშკარა ძალადობის საზარელმა კადრებმა. ყველა ნორმალური ადამიანის რეაქცია ეს უნდა იყოს ალბათ. მე ვეცდები ვითომ ჩხრეკის ზღაპარი პაციენტის გადმოსახედიდან ჩამოვშალო:

უმრავი შეუსაბამობა რომ არის პენიტენციურის საცოდავ თვითმართლებასა და ვიდეოს შორის, მაგას ბრმაც კი მარტივად შეამჩნევს.
[…] მეც მომიწია ყოფნა ერთხელ. მიზეზი დღემდე არ ვიცი და ჩხრეკაც არაერთხელ გამომივლია. ჯერ ერთი, პატიმრის სხეულის შემოწმება არასდროს ხდება საკანში ან ჩვეულებრივ სამყოფელში, მით უმეტეს კამერების თვალწინ. ამისთვის სპეციალური ოთახი აქვთ, სადაც ან ფარდაა ჩამოფარებული ან რაღაც შირმის მსგავსია ბარიერად და გამოწმებს ერთი ადამიანი ნაცვლად მხეცთა ხროვისა.

ამ პროცესს არაფერი ახლავს თან ისეთი, რომ ბევრს მოუნდეს მოსვლა და ყურება.

არც მეტალოდეტექტორს იყენებენ აქ, სპეციალური აპარატია ისედაც აქვთ რენტგენის. კაბინაში შედიხარ და ისედაც ხედავენ ყველაფერს.

რაც ყველაზე მთავარია: დეესლაკაციის ოთახში შეყვანამდე ისედაც გავლილი ექნებოდა ეს შემოწმება იმ რენტგენის აპარატით, ანუ ეს ადამიანი უკვე იყო შემოწმებული და სუფთა. შესაბამისად, არანაირი საჭიროება არ იქნებოდა ხელების ყოფის ქოცების ფორმის ადგილებში. ან საპყრობილეში თვეების მყოფს რა უნდა ჰქონდეს აკრძალული სხეულში, როცა ისედაც მრავალგზის გაჩხრეკის შემდეგ ხარ იქ გამოკეტილი? საკანში კი შენ ვერაფერს გააჩენ, თუნდაც დევიდ კოპერფილდი იყო.

ან ექიმი რა მიზეზით უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას, თუ ეს მართლა ჩხრეკაა და არა ძალადობა პატიმარზე?

თავად მათივე დადებული ვიდეო გვარწმუნებს და ადასტურებს, რომ 100%-ით სიმართლე იყო პატიმრების გაუპატიურებასთან დაკავშირებით. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუნდაც უხმო ვიდეოში, საგინებლად რომ ხრიან თავს პატიმრის სახესთან მოძალადე ბადრაგები და ზოგადად, არც ჩხრეკის შემდეგ ცოფდება გაჩხრეკილი ობიექტი ისე, რომ ხელების ქნევასა და გინებას იწყებს, თუ ეს მართლა არის ჩხრეკა.

დიდი კონსილიუმი არ სჭირდება იმას, რომ სისხლიანი 14 წელი 9-ზე მეტია. ხალხო, დროზე გაახილეთ თვალი ხალხო, სანამ ყველას გაგაუპატიურებენ და მერე ამას პრევენციად მონათლავენ“ – ამბობს რეზო კიკნაძე.

 

 

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ყოფნის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს – დაუსწრებლად, მათ შორის, ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს დღეს, 3 ოქტომბერს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს ბათუმშიც.

გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ.

დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულების პირადი, მათი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___

პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად,  4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს. ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

25 სექტემბერს გურიაში პოლიციამ 3 პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

8 ივნისს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“.

13 მაისს ასევე გაავრცელა შს სამინისტრომ განცხადება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ.  მათ „კანონიერ ქურდებთან“ ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირი ედებათ ბრალად.

17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგებას აფორმებს.

3 თებერვალს, თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 538 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 391 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 477 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 50 637 ერთეული [+45]
  • MLRS – 2 178 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 683 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 544 498 ერთეული [+1 645]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 824 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 156 731 ერთეული [+422]
  • სპეცტექნიკა – 4 783 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ქონების გადასახადის გადახდა 2 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი – ვის ევალება დეკლარციის წარდგენა

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც 2026 წელს უნდა განხორციელდეს. ამ ცვლილებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა.

ანუ, დეკლარაციის წარდგენა ევალება პირს, რომლის [მისი ან/და მისი ოჯახის წევრების] შემოსავალი 2025 წელს ჯამში აღემატებოდა 100 ათას ლარს.

„აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი [ვინაიდან 1 ნოებერი არასამუშაო დღეა]… ახალი ცვლილებით დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს [გარდა მიწისა] აღარ გადაიხდის.

იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე [გარდა მიწისა], საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ [გარდა მიწისა] თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ის, ვისაც გააჩნია დასაბეგრი მიწა, დეკლარაცია მაინც უნდა წარადგინოს, წლიური შემოსავლის ოდენობის მიუხედავად.

თუმცა, ამავე სამსახურის განმარტებით, „თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა [ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა] წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.“

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი 2026 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში.

ამ თემაზე:

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

დააპატიმრეს სამშენებლო კომპანიის მფლობელები – ემიგრანტი ქალი, რომელსაც ჩამოსვლამდე ბინა გაუყიდეს

დღეს, 2 ოქტომბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პატიმრობაში დატოვა ჯგუფურად თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი პირები: ჯუმბერ შ. და  ნოდარ ც.

სამშენებლო კომპანიისგან ერთ-ერთი დაზარალებულის, ზეინაბ მახარაძის შესახებ „ბათუმელები“ 2026 წლის აგვისტოში წერდა. ზეინაბ მახარაძის თქმით, ის ემიგრაციაში წავიდა, ბათუმში ბინა რომ ეყიდა, თანხას შეთანხმების მიხედვით იხდიდა, ბათუმში დაბრუნებულს კი, საკუთარი ბინა გასხვისებული დახვდა.

ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა 2019 წელს – 54.9 კვ.მეტრი. ზეინაბ მახარაძეს რეესტრში ბინა დარეგისტრირებული არ ჰქონდა. ეს სამოქალაქო საქმე სასამართლოშია 2025 წლის ნოემბრიდან, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა. ზეინაბ მახარაძის თქმით, მის მსგავსად იგივე სამშენებლო კომპანიამ სხვა მოქალაქეებიც დააზარალა.

სისხლის სამართლის ამ საქმეში 8 დაზარალებულია. პროკურატურის ვერსიით, „ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.

ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართობები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.

ზეინაბ მახარაძეც ამ საქმეში ერთ-ერთი დაზარალებულია. დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილებაში პროკურატურა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიუთითებს იმას, რომ ზეინაბ მახარაძეს 17 502 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, 2300 აშშ დოლარი კი, ბინის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ უნდა გადაეხადა.

„…ჯუმბერ შ. და ნოდარ ც. დაზარალებულს უცხადებდნენ, თითქოს საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით, შეუძლებელი იყო ბინის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემა აღნიშნილი კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე, რის გამოც 2021 წელს აღნიშნული ბინა ზეინაბ მახარაძეს გადასცეს მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში, რის შემდეგაც მიღებული ბინა დაზარალებულმა საკუთარი ფინანსური სახსრებით სრულად გაარემონტა, ასევა აღჭურვა ავეჯით და ტექნიკით,“ – აღნიშნულია პროკურატურის დადგენილებაში დაზარალებულად ცნობის შესახებ.

___

ამ თემაზე:

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

„უცნაურია, რომ დეტექტორიანი კაცი არ ჩანს ახლოს პატიმართან“ – პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების საქმე

„ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

მას იმ პატიმრის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს.

კიდევ რა გამოჩნდა კადრებით, რაც დღეს, 2 ოქტომბერს თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა? რა კითხვები არსებობს გამოძიების მისამართით, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ?

„ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი.

  • ბატონო უჩა, პატიმრის საქმეზე მინდა გკითხოთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში გააუპატიურეს. პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს, 2 ოქტომბერს ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს და ფიგურანტი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერება. თქვენი აზრით, რის გაკეთებაა საჭირო ამ ეტაპზე, პირველ რიგში? 

რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ დროული და ეფექტური გამოძიება ჩატარდება. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გვაჩვენონ, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით ახლა მაინც.

თუ ამ საქმის გამოძიება სურთ, პირველ რიგში, ის პირები უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს – დროებით მაინც უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, ვისზეც პატიმრის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში და ჰქონდათ გარკვეული ინსტრუქცია.

მთავარი ის არის, რომ როცა მსგავსი ფაქტი ხდება – შესაძლო წამების, ან ძალადობის, აუცილებელია, რომ პატიმარი გადაიყვანონ სხვა დაწესებულებაში, სადაც ის თუნდაც ფსიქოლოგიურად ზეწოლის ქვეშ არ იქნება. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატიმარმა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, რადგან რეალურად ისინიც არიან საფრთხის ქვეშ.

როცა ასეთ თემაზე ხმამაღლა საუბრობენ, მით უმეტეს საქართველოში, უბრალოდ დავფიქრდეთ და ვიგრძნობთ, რომ ასე მარტივი არ არის ამის გასაჯაროება.

უჩა ნანუაშვილი

მით უმეტეს, ეს პატიმარი მე-6 დაწესებულებაში იმყოფებოდა. მე-6 დაწესებულება არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც ადამიანები იხდიან სასჯელს, მაგალითად, კრიმინალური სამყაროს წევრობაზე, ან რთული კატეგორიის დანაშაულებზე…

  • ამით იმის ხაზგასმა გსურთ, რომ კიდევ უფრო მკაცრია ამ დაწესებულებაში კონტროლი და 1 პატიმრის შემოწმებისთვის, როგორც ეს პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, 9 პირის საკანში შესვლა არ დასჭირვებოდა? 

დიახ. იმის თქმაც მინდოდა, რომ მსგავსი განცხადება ასეთ მკაცრ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის მხრიდან კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია.

  • რა გამოჩნდა თქვენთვის იმ ვიდეო ჩანაწერით, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა? 

მათ ამით პირდაპირ გვითხრეს, რომ უკვე ყველაფერი გამოძიებულია – შეაფასეს, ასე გამოდის, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ. ამ კადრებით ჩანს, რომ რეალურად ბევრი საკითხია გაურკვეველი, ამ კადრებით კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.

კადრები ვნახე და ასევე მოვისმინე სახალხო დამცველის განცხადება: ამ კადრებით თითქოსდა არ დასტურდება ძალადობაო. ცალსახაა, კადრებით არ ჩანს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. ალბათობა იმისა, რომ ძალადობა მოხდა, პირიქით, უფრო მეტად ჩანს და რატომ? მაგალითად, არ მომისმენია, რა ინფორმაცია უძღოდა წინ დეესკალაციის ოთახში პატიმრის გადაყვანას? რატომ გახდა საჭირო პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა?

  • რატომ დასჭირდა ამ 1 პატიმრის დეესკალაციის ოთახში შემოწმებას ციხის მინიმუმ 9 თანამშრომელი?

დიახ, დეესკალაციის ოთახში გადაყვანას სჭირდება საფუძველი და ეგ გაწერილია კანონში ძალიან კარგად. რატომ იყო საჭირო ეს 9 თუ 10 ბადრაგი მაინცდამაინც? პატიმარი რამეს ამტვრევდა, ან ცეცხლს აჩენდა? რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ყოფილიყო პროპორციული ასეთი ღონისძიება. ამ კადრში, რაც გვაჩვენეს, არაფერი ჩანს პატიმრის მხრიდან. ხოლო თუ მან სიტყვიერად რაღაც თქვა, ეს მეტად მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ძალადობას ჰქონდა ადგილი.

ოჯახი საუბრობს, რომ რამდენიმეა ასეთი ჩანაწერი და რამდენჯერმე გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში.

  • ერთ-ერთ თანამშრომელს ამ კადრში უკეთია რეზინის ხელთათმანი. არსებობს ეს პრაქტიკა, თუ იცით, პატიმრის შემოწმება-დათვალიერების დროს? 

არ ვიცი, მე არ მახსოვს, რომ ინსტრუქციაში მსგავსი რამ ჰქონდეთ. ეს 10 ადამიანი ერთმანეთს ეფარება, რომ არ გამოჩნდეს რეალურად კამერაში, რა ხდება.

ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში.

კიდევ ერთი დეტალია: ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მსგავსი ღონისძიება გამოეყენებინათ?

ამიტომაც, მგონია, რომ რასაც პატიმარი ამბობს, ეს უნდა იყოს აღქმული სერიოზულად. საგანგაშოა უკვე ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ამ ფაქტს – საუბარია 2025 წლის 21 დეკემბრის შემთხვევაზე – ამ დრომდე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება – თუნდაც უფლებამოსილება შესჩერებოდათ იმ პირებს, რომლებსაც ამ პროცესში რაღაც გავლენა ჰქონდათ გამოძიებაზე.

  • გარდა იმისა, რომ არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, პროკურატურა არ ამბობს, რა მუხლით იძიებს ამ საქმეს – პატიმრის ადვოკატმა გასული წლის ბოლოს მიმართ სახალხო დამცველს და მას მოუყვა სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც შემდეგ დაუკავშირდა პროკურატურას…

ჩვენ ვერ ვნახეთ, ამის გამოძიების ინტერესი. დღეს პატიმრის ოჯახი საუბრობს იმაზე, რაც სასამართლოში თქვა მსჯავრდებულმა. როგორც ჩანს, მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა გამოძიება და დაარქივდა მასალები.

მართლაც არ მაქვს ინფორმაცია, რა მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება, ვინ იქნა დაკითხული, დაკითხეს თუ არა ეს 9 პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს? ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? გამოძიებას ეს უნდა მოეთხოვა, რომ დარწმუნებულიყო, ეს განცხადება ტყუილია თუ სინამდვილე. უნდა ჩასტარებოდა ექსპერტიზა თავად ამ კადრების, რამე ხომ არაა ამოჭრილი და ასე შემდეგ.

კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს ეფარებიან და იქ რა ხდება, გაურკვეველია. გამოძიებას პატიმრის უსაფრთხოებაზეც არ უზრუნია, მაგალითად, რომ მოეთხოვათ მისი გადაეყვანა სხვა დაწესებულებაში, რის შესაძლებლობაც პენიტენციურ სისტემას ნამდვილად ჰქონდა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმა, რომ მსგავს ვითარებაში პატიმარი გადაიყვანონ სხვა დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში, როცა მსჯავრდებული იგივე დაწესებულებაში რჩება, მსგავსი ძალადობის განმეორების რისკის პირისპირ დატოვეს პატიმარი. განგრძობითია უკვე ეს და წამებამდე მიდის საქმე.

  • „ოცნების“ მთავრობამ გვაჩვენა კადრები, არ დასტურდება ძალადობაო… რა უნდა გააკეთოს სისტემამ, რომ დამაჯერებელი გახდეს პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების ობიექტური გამოძიების სურვილი? 

სისტემამ, პირველ რიგში, ეს ადამიანები, დაწესებულების ხელმძღვანელი პირები აუცილებლად უნდა გადააყენოს, შეუწყვიტოს მათ უფლებამოსილება. თუ ირკვევა, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პირების მიმართ, ვისაც ამის გამოძიება ევალებოდა ამდენი თვის განმავლობაში – 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა.

ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის როლი, მაგრამ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად მისი როლი მინიმალურია.

  • მინიმალურია, თუ მხოლოდ „ოცნების“ პოზიციის ხელშემწყობი, როცა იოსელიანმა თქვა, რომ „დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა“.

თუ გამოძიება არ არის დასრულებული, რატომ ვისმენთ შეფასებას, რომ არ იყო ძალადობა? რამდენად მოითხოვა სახალხო დამცველმა იმ ღონისძიებების განხორციელება, რაც მე ჩამოვთვალე და რამდენად მიეწოდა შემდეგ ინფორმაცია საზოგადოებას იმაზე, თუ რა გაკეთდა? ეს განცხადება საკმაოდ უსუსურია და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ნდობის მაჩვენებელზე უარყოფითად იმოქმედებს.

მით უმეტეს სახალხო დამცველი არის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ამ დახურულ დაწესებულებაშიც რეგულარულად შესვლა.

ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის ქუჩების შესაერთებლად სამუშაოები „უახლოეს დღეებში დაიწყება“

ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შემაერთებელი გზის მოსაწყობად სამუშაოები ქალაქის მერიის ინფორმაციით უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში დასრულებული უნდა ყოფილიყო.

ბათუმი, ფიროსმანის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფიროსმანის ქუჩა ფარნავაზ მეფის ქუჩას უნდა შეუერთდეს

ბათუმის მერიის ინფორმაციით პროექტი იმ მიზეზით ვერ დაიწყო, რომ დროში გაჭიანურდა კერძო საკუთრების გამოსყიდვა-გადაცვლის პროცესი.

ამ თემაზე: ფარნავაზისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთება – ქონების გამოსყიდვაში ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი იხარჯება 

ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბონდი-2009“-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობა ქალაქის ბიუჯეტს მინიმუმ 1 317 507 ლარი დაუჯდება. ხელშეკრულება კომპანიასა და მერიის სამმართველოს შორის 2025 წლის თებერვალში გაფორმდა.

„ფიროსმანის და ფარნავაზ მეფის დამაკავშირებელ ახალ გზაზე სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“ – მოგვწერეს 2026 წლის 1 ოქტომბერს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

კონკრეტულად როდის დაიწყება სამუშაოები და რა ვადაში უნდა დასრულდეს? – „ბონდი-2009“-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოების დაწყება დაიგეგმება „როგორც კი გამოიდარებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან და მეტი დეტალებიც მაგ დროს გვეცოდინება“.

ბათუმი, ფარნავაზ მეფის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა / 2.10.2026 / ამ ადგილიდან ფარნავაზ მეფის ქუჩა ფიროსმანის ქუჩას უნდა შეუერთდეს

„ბონდი-2009“-სთან მერიის სამმართველოს ხელშეკრულება ჯამში 5 087 325 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე დასრულდა ბათუმში მიხეილ ლერმონტოვის და გენერალ ასლან აბაშიძის, ასევე შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზების მოწყობა.

ამ თემაზე:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

14 ორგანიზაცია ითხოვს გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის სასწრაფოდ გამოძიებას

14 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული შესაძლო სექსუალური ძალადობა პატიმარ გიორგი დავითაძეზე.

„ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც, 2025 წლის 21 დეკემბერს გიორგი დავითაძე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან სექსუალური ძალადობის, მათ შორის გაუპატიურების, მსხვერპლი გახდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად.

პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა“ – ნათქვამია განცხადებაში. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ პასუხობს არაერთ არსებით კითხვას. ეს კითხვებია:

რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა;

რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას;

იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება;

რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა;

ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა;

წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს;

დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება;

არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც არსებობს სერიოზული და დასაბუთებადი ბრალდება წამების ან სხვა მძიმე არასათანადო მოპყრობის შესახებ, სახელმწიფოს ეკისრება სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასეთ დროს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და არ უნდა დაეყრდნოს ნაჩქარევ ან უსაფუძვლო დასკვნებს. სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებების შემთხვევაში ეს მოთხოვნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამ საქმეში დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი დავითაძისა და მისი ოჯახის წევრების განცხადებები მიუთითებს პენიტენციური სამსახურის კონკრეტულ თანამშრომლებზე, მათ შორის, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც, მათი მტკიცებით, შესაძლოა გასცეს ან შეასრულეს ძალადობასთან დაკავშირებული ბრძანებები. ამ ბრალდებების დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების შედეგად.

თუ გიორგი დავითაძის მიმართ აღწერილი ქმედებები დადასტურდა, საქმე განხილულ უნდა იქნას, არა მხოლოდ, სექსუალური ხასიათის მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციის ქვეშ, არამედ, ეს იმთავითვე უტოლდება წამების აკრძალვის საწინააღმდეგო მოპყრობას სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, პატიმრის, მიმართ,რაც საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტებით აბსოლუტურად აკრძალული ქმედებაა.

ამასთან, დაუშვებელია გამოძიების დასრულებამდე სახელმწიფოს რომელიმე ორგანომ თავად გადაწყვიტოს, რომ ბრალდებები „სრული სიცრუეა“. სწორედ ეფექტიანი გამოძიების მიზანია იმის დადგენა, რა მოხდა სინამდვილეში“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოითხოვენ:

დაუყოვნებლივ ჩატარდეს გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;

სრულად იქნეს დაცული და გამოძიებისთვის, აგრეთვე გიორგი დავითაძის დამცველებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს 2025 წლის 21 დეკემბრის ყველა ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, კამერების ორიგინალი და უწყვეტი ჩანაწერები, აგრეთვე მათი ავთენტურობისა და მთლიანობის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემები;

დადგინდეს ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც მონაწილეობდნენ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და იქ მის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებში, და გამოიკითხონ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;

უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის სრული სამედიცინო და სასამართლო-სამედიცინო შემოწმება დამოუკიდებელი სპეციალისტების მიერ და დაცული იქნეს ყველა შესაბამისი სამედიცინო, ექსპერტიზის, ვიდეო და სხვა მტკიცებულება;

უზრუნველყოფილ იქნეს გიორგი დავითაძის, მისი ოჯახის წევრებისა და შესაძლო მოწმეების დაცვა ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების ან შურისძიებისგან;

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოირიცხოს სავარაუდო ძალადობაში შესაძლო მონაწილე პირთა მიერ მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენის შესაძლებლობა;

დადგინდეს არა მხოლოდ უშუალო შემსრულებელთა, არამედ იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლებმაც შესაძლოა გასცეს შესაბამისი ბრძანება, იცოდნენ სავარაუდო ძალადობის შესახებ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მისი პრევენცია და გამოძიება.

„პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით.

თუ გამოძიებით დადასტურდება გიორგი დავითაძის მიმართ მძიმე ძალადობის ფაქტი ან პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის ჩათვლით“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; დემოკრატიის მცველები; საქართველოს მომავლის აკადემია; პრევენცია პროგრესისთვის; ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); საქართველოს ევროპული ორბიტა; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.

  • რა ხდება?

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს.

დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს — თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს აქვს შარვალი ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურა 10-მა კაცმა, ბადრაგი ესწრება და ჩანს კამერაში ყველაფერი. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩნდეს, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც“, — ამბობს დავითაძე.

მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შევიდა.

„კაცს ვუყვები, გამაუპატიურეს-მეთქი. თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები… რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა — „მოტყ…ლს“, „ქათამს“, „დღეიდან ნახმარი ხარ“ რომ მეძახიან. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია, ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, — ამბობს პატიმარი სასამართლოზე.

მსჯავრდადებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.~

გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.

ამავე თემაზე: 

„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის თქმით, ციხეში მის შვილზე ძალადობენ

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები 2027 წლის იანვრიდან კვლავ გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ.

მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის ხელფასი [თანამდებობრივი სარგო] 2027 წლიდან 17 350 ლარი იქნება დღეს არსებული 16 000 ლარის ნაცვლად [იზრდება 1350 ლარით].

1 147,5 ლარით გაიზრდება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასებიც და დღეს არსებული 13 600 ლარის ნაცვლად 14 747,5 ლარი იქნება.

810 ლარით გაიზრდება მუნიციპალიტეტების მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასებიც. შესაბამისად, მაგალითად, ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, დღეს არსებული 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლის იანვრიდან 10 410 ლარი იქნება.

და ეს მაშინ, როცა პენსია 2027 წლისთვის მხოლოდ 20-60 ლარით იზრდება.

ამ თემაზე: პენსია 20-60 ლარით იზრდება, დეპუტატებისა და მინისტრების ხელფასი კი 1080-1350 ლარით

საქმე ისაა, რომ საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაიზარდა საბაზო თანამდებობრივი სარგო და შეადგენს 1 735 ლარს. 2026 წელს ეს სარგო 1 600 ლარი იყო.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კი პირდაპირ კავშირშია თანამდებობის პირების ხელფასებთან, რადგან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“:

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულია თანამდებობრივი სარგოები თბილისის მერიასა და საკრებულოში, სადაც მერის და საკრებულოს თავმჯდომარის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის არა 6, არამედ – 8,5.

2027 წლიდან ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის ხელფასი გაიზრდება, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზეც.

მართალია, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი მუნიციპალიტეტების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარს ადგენს, თუმცა საკრებულოები, როგორც წესი, ამტკიცებენ ადგილობრივ ბიუჯეტებს, სადაც სწორედ ეს ზედა ზღვარია გათვალისწინებული ხელფასის ოდენობის დადგენისას.

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ამ ეტაპზე პირველი მოსმენისთვისაა წარდგენილი.

„თუ ექიმმა ჩაიდინა სამედიცინო გადაცდომა, რატომ არ განიხილავს ამას პროფესიული საბჭო?“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

ექიმი ვახტანგ კალოიანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, ჯუმბერ ბოლქვაძის მიმართ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის კომენტარს ფეისბუქზე ეხმიანება.

დღეს, 2 ოქტომბერს, მიხეილ სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროტესტზე განაცხადა, რომ ექიმმა კლინიკაში პაციენტის მიღებაზე უარი თქვა, რაზეც „აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება“.

ექიმი ვახტანგ კალოიანი წერს, რომ გადაცდომა მართლაც თუ დაფიქსირდა, რატომ არ განიხილავს ამ ფაქტს პროფესიული საბჭო და რატომ მოსთხოვა ექიმს სამინისტრომ სამსახურიდან წასვლა.

„ვენდოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დავუშვათ, ეს სიმართლეა. ჯანდაცვის ბრძნული პოლიტიკის შედეგად ნაოპერაციები პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია ვერ ხდება სახელმწიფო კლინიკაში მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე [ვისაც სახელმწიფო კლინიკების იმედი გაქვთ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეხედეთ და ბათუმის რესპუბლიკურის აღორძინების საგა გაიხსენეთ].

არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გააპარტახა კრიტიკული მედიცინა.

ექიმი ჩადის სამედიცინო გადაცდომას და ამას განიხილავს არა პროფესიული საბჭო [თავისთავად მანკიერი ორგანო], არამედ ადმინისტრაციას სთხოვენ ექიმის გათავისუფლებას.
არ დაგავიწყდეთ, ეს გახლავთ ხელისუფლება, რომელმაც საქართველო მსოფლიო ლიდერი გახადა გარდაცვლილებით კოვიდ 19 პანდემიის დროს და შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო“, – წერს ვახტანგ კალოიანი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე მას თანამდებობის დატოვებას სთხოვს. სარჯველაძემ დღეს, 2 ოქტომბერს, ეს უარყო და თქვა, რომ ჯუმბერ ბოლქვაძეს თავად სურდა სამსახურის დატოვება სექტემბერში. 
პირველ ოქტომბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმა.

როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძემ თქვა, მათ ათვისებული ჰქონდათ განყოფილების სარეზერვო ინვენტარიც.

ექიმების თქმით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორი დაჟინებით მოითხოვდა პაციენტის მიღებას.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყო და სატელეფონო საუბრისას გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ პაციენტის მიღება არ შეეძლო. ოპერატორმა მას მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება – „წაიყვანეთ მინისტრთან“.

ამავე თემაზე: „ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

მიხეილ სარჯველაძე კი ირწმუნება, რომ იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში და ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩაერია საქმეში, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა.

„ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს. ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, – თქვა მან.

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.

ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართობები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება

მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება. „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკის რეანიმაციულ და ემერჯენსის განყოფილებაში „საკმარისი ადგილები“ იყო და ემერჯენსის უფროსმა განზრახ არ მიიღო კლინიკაში ახალი პაციენტი.

საუბარია ექიმზე, ჯუმბერ ბოლქვაძეზე, რომელსაც 2026 წლის აგვისტოში „ოცნების“ მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა რესპუბლიკურში 2026 წლის აგვისტოში გამართულ მოულოდნელ შეხვედრაზე გაუჟღერებია, სადაც ის გადაუდებელი დახმარების ცენტრის [ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ] ფარული ჩანაწერით მისულა.

ამ ჩანაწერში ისმის, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე „ემერჯენსის“ უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე უარს ამბობს და ოპერატორის შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება გადაიყვანონ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.

ექიმების მტკიცებით, რეანიმაციულ განყოფილებაში არ იყო ადგილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მისაღებად.

მიხეილ სარჯველაძის განცხადება დღეს, 2 ოქტომბერს გავრცელდა:

„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი.

სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი – მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა. მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია.

იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო, როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.

ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა, ისე რომ მისგან კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მან განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან წასვლას აპირებდა.

ჩემთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. ამ ყველაფრის ფონზე, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და მან, სიმართლე გითხრათ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტს შევხვდი. როდესაც დოკუმენტირებულად მივაწოდე ინფორმაცია ყველა გარემოებაზე, მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.

ამიტომ, ვიდრე ქარიშხლებზე ვისაუბრებთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს კატეგორიულად მიუღებელი მოვლენაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა, რა ფორმას ირჩევს თავდასაცავად და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ, პირველ ოქტომბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის სამედიცინო პერსონალმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართა, როცა იქ აჭარაში „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მივიდა.

ექიმების თქმით, ნიჟარაძემ ჯუმბერ ბოლქვაძეს მოსთხოვა უხმაუროდ დაეტოვებინა თანამდებობა. სამედიცინო პერსონალის თქმით, ეს მოთხოვნა უსამართლოა და თუ ჯუმბერ ბოლქვაძე კლინიკას დატოვებს, სოლიდარობის ნიშნად ისინიც შეწყვეტენ მუშაობას.

__

ამ თემაზე:

„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

წვიმა და ქარი – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ს 21 საათიდან 3 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, თუმცა დღისით ქარი გაძლიერდება 17-22 მეტრ წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4 ოქტომბერს ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 537 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 388 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 471 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 50 592 ერთეული [+37]
  • MLRS – 2 175 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 683 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 542 853 ერთეული [+1 470]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 810 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 156 309 ერთეული [+422]
  • სპეცტექნიკა – 4 780 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ოქტომბერი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

„ირანი ცდილობს საქართველოში გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა“ – რას აჩვენებს ელჩის სკანდალი

30 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას წინ უძღოდა მისი განცხადება, რომლითაც ირანის ელჩმა დააანონსა მის მიერ ჩატარებული კვლევა ქეთევან დედოფლის (ქეთევან წამებული) შესახებ, რომელიც 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს.

ირანის ელჩმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის  შესახებ დღემდე არაერთი „განსხვავებული“ ისტორია არსებობს და „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება, წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ირანის ელჩის ამ სტატუსს მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლის შეფასება, რომ „ესაა ისტორიის შეცვლის მცდელობა“, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

ეს არ არის ირანის ელჩის პირველი პოსტი, რომელსაც საქართველოში საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

14 სექტემბერს ირანის ელჩმა  სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვრცელი განცხადება გაავრცელა. აქ ელჩი საუბრობდა ირანული ავიაკომპანიებისათვის ფრენების შეზღუდვაზე, ირანისა და საქართველოს ურთიერთობებსა და ფერეიდნელ ქართველებზე. კიდევ ერთი დღით ადრე კი, საელჩოს გვერდზე, ფეისბუქზე, გამოქვეყნდა პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა.  

კიდევ უფრო ადრე, 2026 წლის მარტში, ირანის ელჩის ერთ განცხადებაში ბევრმა ამოიკითხა ფარული მუქარაც:

„დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“, – წერდა მაშინ ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალი მოჯანი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. მსგავს სიტუაციაში ის სხვა ქვეყნებშიც აღმოჩენილა.

რას აჩვენებს ირანის ელჩის ეს განცხადებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა დიპლომატ გიგი გიგიაძეს, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროს მკვლევარს, საქართველოს ყოფილ ელჩს დანიაში და დიპლომატსა და ირანისტ ვასილ ღლონტს.

ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე, მიიჩნევს, რომ ირანის ელჩი საქართველოში უკვე გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოს და ვენის კონვენციით დადგენილ საზღვრებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ირანი ცდილობს საკუთარი ხაზი უფრო ძლიერად გაატაროს საქართველოში და მას სურს იყოს აღქმული, როგორც ანგარიშგასაწევი ფაქტორი.

გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ირანი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც „ოცნება“რადიკალურად დაუპირისპირდა დასავლეთს.

„ირანის ელჩი აძლევს თავის თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით ესაუბროს საქართველოს. ამის უფლება მას მისცა „ქართულმა ოცნებამ“. აქამდე საქართველოს კურსი, მისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ყოველთვის იყო ძალიან ცხადი, მკაფიო, განსაკუთრებით ირანისთვის. ირანმა ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა, თუ საით მიდიოდა საქართველო, რა იყო მისი ამოცანა, ვის გვერდით დგას საქართველო და რომელ გუნდში მოიაზრებოდა…

როდესაც ირანი მიხვდა, რომ შესაძლებელია მოახდინოს გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე –  როგორც ამას უკვე პირდაპირ, ეფექტურად ახორციელებენ სხვა აქტორები – მაგალითად, რუსეთი ან ჩინეთი, ირანმაც ჩათვალა, რომ მასაც შეუძლია იგივე გაიმეოროს.

საქართველოში აღარ არსებობს უკვე საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი. საქართველო აღარ მოიაზრება, როგორც დასავლეთის პარტნიორი, აღარ მოიაზრება, როგორც ევროკავშირის გუნდში მყოფი, ევროპასთან ერთად მდგომი ქვეყანა. საქართველო უკვე იმ დონეზე ჩამოშორდა დასავლეთს, რომ მსგავს განცხადებებს ჩვენ უკვე ვისმენთ ღიად…

„ოცნებამ“ ჩახსნა დასავლური მიმართულება თავიდან ბოლომდე და ამით რატომ არ ისარგებლებდა ირანი?“ – შეკითხვას სვამს გიგი გიგიაძე.

გიგი გიგიაძე

იგი მიუთითებს იმაზეც, რომ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მხოლოდ საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ.

„ის დაიბარეს ბოლოს და ბოლოს, რადგან დაინახეს, რომ ამას მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური შეფასება.

სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ ეს არ ანაღვლებს.

„ოცნება“ ებრძვის გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებს სრულიად უმიზეზოდ და ამ დროს ერთი სიტყვა არასდროს არ ისმის ხოლმე ირანის ელჩის მისამართით.

ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ პოზიციონირებს „ქართული ოცნება“ – თავიდან ბოლომდე ევროპასთან კავშირების გაწყვეტა, რუსეთთან დაახლოება, გაუგებარი აქტორების შემოყვანა საქართველოში,“ – გვითხრა გიგი გიგიაძემ.

ირანისტ ვასილ ღლონტის დაკვირვებით კი, ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებები უფრო მიმართულია ქართული აუდიტორიის განწყობების შეცვლისკენ გრძელვადიან პერსპექტივაში და ელჩი, შესაძლოა, ცდილობს ირანის „გათეთრებას“.

„მაგალითად, ცდილობს, რომ იგივე ქეთევან წამებულის ეპიზოდი, რომელიც ძალიან მტკივნეულია ქართველებისთვის, რამენაირად გაანეიტრალოს. ამ გზით ელჩი, სავარაუდოდ, ცდილობს თქვას – „მოდი, დავივიწყოთ ის, რა შეცდომებიც ოდესღაც იყო…“ ეტყობა, ცდილობს, ქართულ-ირანულ ურთიერთობებში უფრო პოზიტივი წამოწიოს.

ირანს უნდა საქართველოში თავისი ინტერესების წარმოჩენა და ამ დროს აღა-მაჰმად-ხანი, ქეთევან წამებულის ფაქტორი, შაჰ-აბასი და ასე შემდეგ – საქართველოს ისტორია ირანთან ბრძოლაა,“ – ამბობს ვასილ ღლონტი.

ვასილ ღლონტი

ირანისტი მიიჩნევს, რომ დაძაბულ გლობალურ გარემოში, როცა ირანს ომი აქვს აშშ-სთან და ისრაელთან, ირანი სამეზობლოში ცდილობს კავშირების გაძლიერებას, მით უფრო მაშინ, როცა მისი ერთ-ერთი მოკავშირის, რუსეთის გავლენა საქართველოზე ძლიერდება.

„ირანმა კარგად იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ძალა. ასეთ ძლიერ ქვეყანას არავინ გადაიკიდებს ირანის გამო. ისრაელიც მოწინავე ქვეყნად ითვლება.

ირანისთვის კავკასიას ყოველთვის ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ლაშქრობდნენ იმიტომ, რომ ეს აინტერესებდათ, ვიდრე რუსეთი და თურქეთი წამოიწევდა. სომხეთშიც უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ ირანელებს, აზერბაიჯანი მათთან შედიოდა სახანოების სახით, ქართლ-კახეთის სამეფოც მაგათ დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ რუსეთის და თურქეთის ფაქტორმა ირანი რეგიონიდან განდევნა.

ირანს ევროპაზე გასვლა უნდა და ევროპაზე გასვლა თუ გინდა, კავკასიას ვერ აუვლი გვერდს.

საქართველოში თუ შევხედავთ პოლიტიკურ სპექტრს, ძირითადად ორი განწყობაა: პროდასავლური ძალები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და უმცირესობაში არიან პრორუსული ძალები.

პროირანული ძალები, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და ეს გასაგებიც არის. ირანს საქართველოში არ ჰყავს სეგმენტი. მაგრამ არიან პრორუსული ძალები, რომლებიც აქტიურდებიან და ირანის ელჩი ცდილობს, ამ დროს ე.წ. რბილი ძალის წესების შესაბამისად იმოქმედოს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვასილ ღლონტმა.

30 სექტემბერს, ელჩის დაბარების შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ თემაზე:

ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

არც განათება, არც შუქნიშანი, არც ტროტუარი – ხალვაშის გამზირი ბათუმში 20 მილიონის დახარჯვის შემდეგ

„რა გაგიხდათ ეს ლამპიონები, რომ ქუჩა გაანათოთ, ნათურები არ გაქვთ? ნულია განათება“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე. იგი ასე ეხმაურება ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი მორიგი ავარიის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ასობით კომენტარი დაწერეს სხვა მოქალაქეებმაც, სადაც ზუსტად აღწერეს, რა გამოწვევებია და რატომ არის სახიფათო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაადგილება.

„ფრიდონ ხალვაშის გამზირი არის სასაკლაო. წვიმის დროს საერთოდ ვერ ამჩნევენ მგზავრებს, საცალფეხო ბილიკით ვერ გაივლი, იმიტომ, რომ ტრაქტორი, ტრაილერები სამშენებლო მასალა ალაგია, კანალიზაციის ჭები თავღიაა, განათება ძალიან დაბალი იყო და ორი წელია ისიც გამოირთო. კარგი სპორტსმენი უნდა იყო, რომ გზა გადაკვეთო. გარე განათება მაინც ჩართეთ…“

„ყველაზე საშინელი გზაა, ბაბუაჩემი ცხენით რომ დადიოდა, ისევ ისეთია, უფრო უარესი“ – წერენ მოქალაქეები. 

სანამ ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების დადგენაზე ხარჯავენ დიდ ძალისხმევას, მოქალაქეებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებული ვითარება აღელვებთ.

მოქალაქეების გამოხმაურება

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე „ბათუმელების“ არქივში სტატიებსა და ფოტორეპორტაჟებს იპოვით 2017 წლიდან, სწორედ იმ დროიდან მოყოლებული გეგმავს და ჰპირდება მოსახლეობას „ოცნების“ მთავრობა, რომ იზრუნებს, რათა გზამ სტანდარტული, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი / ბათუმი / 30.06.2019
ფრიდონ ხალვაშის გამზირი – 2023 წელი

მოქალაქეები „ბათუმელებს“ ასევე წერენ, რომ ასფალტი დაზიანებულია, შუქნიშნები არ მუშაობს და რაც მუშაობს, არასაკმარისია:

„შარაბიძეების გადასასვლელთან, სადაც ოთხმხრივი გზაა, შუქნიშანი არ არის, არც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებია“ – წერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე.

მოქალაქეები ასევე ჩივიან, რომ ქუჩას ტროტუარი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე სამუშაოების დროს ხეები სწორედ იმ მოტივით გაჩეხეს, რომ ტროტუარი უნდა მოეწყოთ.

სამაგიეროდ გზის პირას სავალი ნაწილი სავაჭრო დახლებად იქცა, აქ ადგილები დაიკავეს სავაჭრო ობიექტებმა, რომლებიც სამშენებლო მასალებს, რკინის კონსტრუქციებს, თივას, ბოსტნეულს და სხვა, შერეულ საქონელს ყიდიან:

„ტროტუარი რომ არ არის, ეს ხომ დიდი პრობლემაა, მაგრამ გზის გასწვრივ საერთოდ არ არის თავისუფალი ადგილი, ერთ მონაკვეთზე ავტომანქანების შეკეთების სერვისებია, სადაც ძველი მანქანები ჩააყენეს, მეორე მხარეს მთელი ზაფხული საზამთრო და ნესვი ჰქონდათ გამოფენილი, იქვე მაცივრებიც, ვერ გაივლიდი.

ოდნავ ზევით, გამგეობის შენობამდე ტრაილერები ჩააყენეს, იქვე თივა დააწყვეს და ყიდიან, ვერც აქ გაივლი.

ქვემოთკენ თუ წახვალთ, საქორწინო დარბაზების შესასვლელები უნდა გადალახოთ, სადაც ვინ სად გარბის და გამორბის ვერ გაიგებ, სულ რაღაც ხდება.

პრემიერი რომ იყო ჩამოსული, იუსტიციის სახლი რომ გახსნა, ხომ გახსოვთ. მოდით აბა და ფეხით გაუყევით გზას აქედან ხელვაჩაურის მერიამდე, ტალახში მოგიწევთ ცურვა“ – გვიხსნის ბეგლარ ძნელაძე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები.

მოქალაქეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „ქუჩა ჩაბნელებულია“.

მოქალაქეების კომენტარები

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებულ პრობლემებზე ისევ იმსჯელეს ბათუმის საკრებულოს 30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე.

ამჯერად საკრებულოს წევრმა ოპოზიციიდან, სულიკო გოგოლიშვილმა გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება და სთხოვა საკრებულოს, რადგან ამ გზას საქართველოს გზების დეპარტამენტი კურირებს და არა მერია, იქნებ მერმა დეპარტამენტს მიმართოს, რომ დროულად მოახდინონ რეაგირებაო.

„ყველამ კარგად ვიცით, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა ამ ქუჩაზე. სამწუხაროდ, გვყავს დაღუპული ადამიანები. ვფიქრობ, ბათუმის მერიამ უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურებს, რომ მოხდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის ან კამერების დამონტაჟება, რომ პრევენცია მოხდეს. ასევე, არ არის ამ მონაკვეთზე ე.წ. ზებრები. ასფალტის საფარი დაზიანებულია, საფეხმავლო ბილიკი გარე განათება, სანიაღვრე არხი საერთოდ არ არსებობს“ – თქვა სულიკო გოგოლიშვილმა, რომელიც „გახარიას პარტიის“ წევრია.

ეს ის შემთხვევა იყო , როცა „ოცნების“ უმრავლესობამ არ უარყო, რომ პრობლემა ნამდვილად მწვავედ დგას დღის წესრიგში:

„ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამას“ – უპასუხა მას მინდია გოგუაძემ „ოცნებიდან“ და ისიც დასძინა, რომ სამუშაოები პრობლემების გამოსასწორებლად უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო მაისურაძემ კი აღნიშნა, ბათუმის მერი ნამდვილად არის კოორდინაციაში შესაბამის უწყებებთან და მე თვითონ ვარ ამის შემსწრეო – დასძინა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 2021 წელს 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

კომპანიამ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტის ნაწილი 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე. ნაწილი რეაბილიტაციის გარეშე დატოვეს, თუმცა რეაბილიტირებული მონაკვეთიც უკვე დაზიანებულია.

„ბათუმელებმა“ შემსყიდველ უწყებას, საქართველოს გზების დეპარტამენტს ჰკითხა, როდის იგეგმება გზის დასრულება, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება და გარე განათების მოწყობა.

დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ „ობიექტი იმყოფება საგარანტიო პერიოდში, კონტრაქტორ კომპანიას უკვე მიცემული აქვს დავალება და ყველა ხარვეზს, მათ შორის გარე განათების საკითხს აღმოფხვრის. სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს“.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, შპს „ერ ტე დე“, 2013 წელს თბილისშია რეგისტრირებული. კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველიცაა.

შპს „ერ ტე დე“ სწორედ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. კომპანიამ ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ჟურნალისტ ბექა ყორშიას სატირული სიუჟეტით „გუთენ ტრაქენის მეთოდზე“.

რაც შეეხება ბათუმის მერიის ჩართულობას.

„ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია წყალარინების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 6000 დიამეტრის მილის, 4–6 მეტრის სიღრმეზე, მიწისქვეშა ქსელის სახით განთავსება.

ამ სამუშაოების წინასწარი განხორციელება აუცილებელია იმისთვის, რომ ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ არ გახდეს საჭირო გზის საფარის ხელახალი გადათხრა. ამ ეტაპზე აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წყალარინების ქსელის მოწყობის აქტიური სამუშაოების დაწყება 2027 წელს არის დაგეგმილი.“ – განმარტეს მერიაში.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი

 

რატომ გახდა მუსიკოსი პროპაგანდის სამიზნე

2026 წლის სექტემბრის ბოლოს მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, იგივე კორძი (KORDZ) პროპაგანდის კამპანიური თავდასხმისა და აგრესიის ობიექტი გახდა.

მასზე საუბარსა და ცილისმწამებლურ განცხადებებს დიდ დროს უთმობენ პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები, ფეისბუქგვერდები და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები. მათ შორისაა ირაკლი კობახიძე, რომელმაც მუსიკოსის შესახებ ისაუბრა აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას 25 სექტემბერს. კობახიძემ კორძი ფაშიზმის წახალისებაში დაადანაშაულა. კობახიძის განცხადების შემდეგ ეს რიტორიკა სხვადასხვა ფორმულირებით ითარგმნა სოციალურ ქსელებში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი გვერდებისა და პროფილების მხრიდან.

რატომ გახდა კორძი თავდასხმის სამიზნე?

ამჯერად ეს რეაქცია მოჰყვა 26 სექტემბერს გორში, ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტს. მუსიკოსზე თავდასხმები, მისი „რადიკალიზმსა“ და „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში დადანაშაულება დაიწყო კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე და თანდათან გამძაფრდა. საბოლოოდ, ღონისძიების ორგანიზატორმა, „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“ კონცერტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად კი „უსაფრთხოების რისკები“ დაასახელა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კორძი აგრესიის სამიზნე ხდება.

2025 წლის ივლისში მუსიკოსს ფიზიკურად დაესხა თავს 4 ადამიანი. როგორც მაშინ კორძმა დაწერა, ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ მას „მობანდიტო ტიპები“ მიუახლოვდნენ, აგინეს და გაეკიდნენ. მუსიკოსი მათ გაექცა და როგორც წერს, ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი, სადაც კარი ჩაკეტეს და ასე დაიცვეს თავი თავდამსხმელებისგან. მაშინ ეს თავდასხმა დაუკავშირდა კორძის მიერ შესრულებულ სიმღერას „ოლე, ოლას“, რომელიც ხშირად ისმის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართულ, პროევროპულ აქციებზე. ასევე 2025 წელს, კორძზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე საფუძვლით, თავს დაესხნენ მსახიობს, ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ სოლისტს ვანიკო თარხნიშვილს, რამდენიმე თვით ადრე კი – ამავე ჯგუფის წევრ დავით გაბუნიას.

„ოლე, ოლა“ არის სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის 2024 წლის ნოემბერში დაწყებულ უწყვეტ პროევროპულ აქციებზე. სიმღერის ტექსტი შეიცავს „ქართული ოცნების“ გინებას. ეს სიმღერა სხვადასხვა დროს შეუსრულებიათ როგორც კორძს, ისე “გამოუვალ მდგომარეობას”. თავად კორძმა სიმღერის შესახებ ისაუბრა 2025 წლის აპრილში, ციურიხში, ერთ-ერთ კლუბში დაკვრისას. მან თქვა, რომ სიმღერის ტექსტი მოისმინა შემთხვევით, ქუჩაში, ადამიანებისგან, რომლებმაც ცნობილი მელოდიის ტექსტი „ქართული ოცნების“ მმართველობას დაუპირისპირეს. უცნობია, ვის ეკუთვნის ტექსტი, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო აქციებზე და რომელზეც ასე მწვავედ რეაგირებენ „ქართული ოცნების” წევრები.

კამპანიურ თავდასხმებს გამოეხმაურა კორძის დედა, მუსიკოსი თამრიკო კორძაია. მისი შეფასებით „ქართულმა ოცნებამ“ მისი შვილი „ამოირჩია“ საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმად. სწორედ ევროკავშირია პროექტ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფინანსური მხარდამჭერი, რომლის ფარგლებშიც იმართება ფესტივალი „კამარა“.

„ეს ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების სრულად ახალ ხარისხში”, – ამბობს კორძის დედა, თამრიკო კორძაია ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რატომ „ამოირჩია“ „ქართულმა ოცნებამ“ მუსიკოსი კორძი? რატომ ხდება ხოლმე ერთი ადამიანი, ხშირად – ხელოვანი, პოლიტიკური, პროპაგანდისტული თავდასხმების ობიექტი?

ამ საკითხზე “ბათუმელები” ესაუბრა მთარგმნელს, საქართველოს პენ-ცენტრის წევრს, ნინო ბექიშვილსა და ფილოსოფოსს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი მაისურაძეს.

ისინი მიიჩნევენ, რომ კორძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არის „ტიპური სცენარი“ კრიტიკულად განწყობილი, სოციალურად აქტიური ადამიანების წინააღმდეგ იმგვარი მმართველობის პირობებში, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა.

„იმ ტიპის ავტორიტარიზმში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვხედავთ, რომ ადამიანების დასასჯელად ხელისუფლება იყენებს ერთი მხრივ პოლიციას, მეორე მხრივ კი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ადამიანებს, ე.წ. ტროლებს და, ასევე, მედიას.

ის, რაც კორძს თავს ხდება, არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი შედეგი.

წინა ხელისუფლების დროსაც ყოფილა ამგვარი შემთხვევები, როცა რაღაცნაირად, მთელი პროპაგანდისტული მედია დარაზმულან კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ეს გაცილებით უფრო მსუბუქად იყო.

ადამიანების ამოჩემება, ტროლ-ბოტების მიქსევა და არა მხოლოდ ფიზიკური ანგარიშსწორება, “ქართული ოცნების” ჩვეულებრივი მართვის სტილია. ეს მათ ეხმარება, რომ შეინარჩუნონ საკუთარი ძალაუფლება. ასევე, მოსახლეობის გარკვეულ ფენებში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან. მოკლედ, რასაც 10 წლის წინ აკეთებდა [„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“], დღეს ამას აკეთებს ხელისუფლება, ხელისუფლების მიერ წახალისებული მედია და ტროლ-ბოტები, რომლებიც ამაში ფულს იღებენ”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

„უმაღლესი თანამდებობის პირები ცილს სწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, საშინელ იარლიყებს აკერებენ ხელოვანს და ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ხელოვანი მათდამი კრიტიკულად არის განწყობილი, არ ეთანხმება და ემიჯნება მათ პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე… უმაღლეს დონეზე ხდება მანიფესტაცია იმისა, რომ ეს არის ბინძური ცილისწამების კამპანია და ადამიანის სტიგმატიზაცია.

ტიპური სცენარია, რომლის სამიზნე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს ცნობილი სახე, ხელოვანი. იმიტომ, რომ ხელოვანები, განსაკუთრებით მუსიკალური სცენის წარმომადგენლები, რომლებიც მასობრივ პუბლიკაზე გადიან, მათთვის წარმოადგენენ საფრთხეს.

უკვე მიგვაჩვიეს იმას, რომ მაღალი თანამდებობის პირების ძირითადი საქმიანობაა ცილისწამება, სიმართლის და სინამდვილის დამახინჯება, ადამიანების შეურაცხყოფის მიყენება უკიდურესი ფორმებითაც კი.

რა სიტყვებით, რა ფორმებითაც მათ ალექსანდრე კორძაიას [კორძი] ცილი დასწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს – ფაშისტი უწოდეს… წარმოგიდგენიათ, როგორ გააუფასურეს ასეთი სიტყვები?! რა მიზნით? – იმის გამო, რომ ადამიანის დისკრედიტაცია მოახერხონ. მერე, ამას მოჰყვება მათი ბოტების შემოსევა სოციალურ ქსელებში. აი, ეს არის მათი ხელწერა”, – ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. 

გიორგი მაისურაძე

მან გაიხსენა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კულტურის სფეროს კრიტიკულად განწყობილი წარმომადგენლების მიმართ და განმარტა, რატომ ხდებიან მსგავსი თავდასხმების ობიექტები ხშირად სწორედ ხელოვანი ადამიანები:

„ამ ქვეყნის მოსპობა დაიწყო სწორედ კულტურის სფეროს მოსპობიდან, არა?!

მერე მიადგნენ განათლების სფეროს. წარმატებით ანგრევენ განათლების სისტემას, როგორც კულტურის სისტემის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურეს და გააპარტახეს.

მათი სამიზნე განსაკუთრებით არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ა.შ., რადგან ეს ადამიანები თავიანთი საქმიანობით განასახიერებენ და ქმნიან ამ ქვეყნის კულტურას, მათ აქვთ შესაბამისი ინტელექტუალური რესურსები, ამათი [„ოცნების“] პოლიტიკა კი არის ყველანაირი კულტურის, განათლების, ინტელექტუალური სფეროს განადგურებისკენ მიმართული, იქეთკენ, რომ წაართვან ყველანაირი ავტორიტეტი ასეთ ხალხს და ქვეყანა აქციონ ბარბაროსულ, უკულტურო გარემოდ.

ვხედავთ, რომ წარმატებულად ახორციელებენ ამას.

შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს ინტელექტი, თავისუფალი აზროვნება, სინდისის განცდა და მორალური შემაკავებლები აქვს, მათთვის პირდაპირ აღიქმება მტრად.

კორძის შემთხვევა არც პირველია და სანამ ეს სისტემა არსებობს, არც უკანასკნელი იქნება. აბა, მათ სხვა რა უნდა აკეთონ?! რა, საერთაშორისო დონეზე ვინმე სერიოზულად ელაპარაკება?! რამე პოზიტიურს აკეთებენ?! გაფუჭების, დანგრევის, მოსპობის, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გარდა. ეს პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ, რომ ცილი სწამონ ხალხს და ტყუილები ავრცელონ”, – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ნინო ბექიშვილი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საზოგადოებისთვის უფრო ცნობილ ადამიანებზე თავდასხმებით სისტემა ცდილობს თვითცენზურის გაჩენას რიგით მოქალაქეებს შორის.

„გავიხსენოთ, არჩევნების წინ რა გაუკეთეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს … როგორი სიძულვილის კამპანია ააგორეს. არჩევნების შემდეგაც რამდენიმე შემთხვევა იყო. კორძი მარტო არ არის ამ ამბავში. ცოტა ხნის წინ იყო ონისე ოქრიაშვილის ამბავი, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან გაიძვერაა. თითქოს ებრძვის „ელიტას“. პროპაგანდა ქმნის ისეთ სურათს, რომ ეს ტერორი ჩვეულებრივ ხალხზე არ ვრცელდება, რაც ნამდვილად არ არის ასე.

ჯერ ერთი, რიგითი მოქალაქეების ამბავი ჩვენამდე არ აღწევს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ძალადობას განიცდიან ის თინეიჯერები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, სხვანაირად აცვიათ და ა.შ., სახელმწიფოს მიერ წახალისებულ ძალადობას ძალიან ბევრი ქვედინება აქვს. რაღაცები, დროთა განმავლობაში, ამოდის ზედაპირზე, როგორც არაერთხელ გვინახავს.

გარდა ამისა, ზუსტად ასე იქმნება ავტოკრატიებში თვითცენზურა.

ზოგადად, რეგიონებში გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე დედაქალაქში და დიდ ქალაქებში. აქ კიდევ მოიძებნება სივრცეები თავისუფალი სიტყვისთვის, თავისუფალი მუსიკისთვის, მხატვრობისთვის და ა.შ. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როგორც საქართველოს პენ-ცენტრის თანამშრომელს. ჩვენ სულ დავდიოდით რეგიონებში, გვქონდა პროექტები. არჩევნებამდეც ჭირდა – ყველა არც მაშინ გვიშვებდა, მაგრამ დღეს უკვე თითქმის ყველა კარი დაკეტილია. ეს კარგა ხნის ამბავია, გუშინ არ დაწყებულა”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

ნინო ბექიშვილი

ნინო ბექიშვილი პარალელს ავლებს რუსეთში განვითარებულ მსგავს მოვლენებთანაც. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობადი და კრიტიკული ადამიანების მიმართ მსგავსი ორგანიზებული თავდასხმები – როგორც ფიზიკური, ისე სოციალური ქსელების საშუალებით, ხშირად გამოიყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეჟიმების მიერ.

„ეს ძალიან გამოცდილი მეთოდია რუსეთში, ბელარუსში და ა.შ.

პუტინმა მთელი პარადიგმა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის ადრეულ ეტაპზე მოსკოვის, პეტერბურგის და დიდი ქალაქების მოსახლეობა შედარებით თავისუფალი იყო, მერე ნელ-ნელა მოუჭირა, კანონებით და იმავე მეთოდებით.

მაგალითად, 70 წლის იყო არაჩვეულებრივი რუსი მწერალი, ლუდმილა ულიცკაია, როცა დახვდნენ და ბრილიანტის მწვანით შეუღებეს სახე.

იმავენაირად მოქმედებს ლუკაშენკოც. ყველა პოსტსაბჭოთა ავტორიტარი დიქტატორი მიმართავს ამ მეთოდს. იგივე ხდება ზუსტად საქართველოშიც. ამათ ახალი არაფერი მოუგონიათ”, – ამბობს ნინო ბექიშვილი.

გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმების კამპანიური ხასიათის მიუხედავად, ეს ქცევა, შესაძლოა, ვერ იყოს მხარდაჭერილი და მოწონებული თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს შორისაც.

„როგორც ჩანს, ეს გათვლილია ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებსაც ასეთი სიბინძურეების მოსმენა და ადამიანების ფეხქვეშ გათელვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება სიამოვნებს, აღაგზნებს და ბედნიერს ხდის. 

მე მაინც მგონია, რომ ბევრი არ არის ამ კატეგორიის ადამიანი.

შალვა პაპუაშვილიც და ირაკლი კობახიძეც სანიმუშოები არიან ცილისწამებაში. მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლი და ბოროტება მოდის მათგან, მათი პირიდან და ხელიდან.  მე ძალიან მეეჭვება, რომ თვითონ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებისთვის – ანგარებით თუ უანგაროდ – ეს პიროვნებები რამე ავტორიტეტს წარმოადგენდნენ, ან მათი აზრი საინტერესო იყოს”, – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ამავე თემაზე:

ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდა

დღეს, პირველ ოქტომბერს მკითხველმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა ფოტო, რომელზეც ბათუმში მგზავრობის გაძვირების შესახებ განცხადებაა აღბეჭდილი და ინფორმაციის გადამოწმება გვთხოვა.

ბათუმის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შპს „ჯორჯია ტრანსისა“ და „სონაგოს“ წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიამ მგზავრობის ფასი ერთ ლარამდე გააძვირა. მიზეზად მან საწვავის ფასის გაზრდა დაგვისახელა. 

„დიახ, დღეიდან გაძვირდა, კომპანიები ვადგენთ ფასს.

ადრე მერია არეგულირებდა, მაგრამ ორი წელია უკვე მერია და საკრებულო ამ საკითხს აღარ წყვეტენ. ფასებს არეგულირებს ბაზარი. რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირებას უკავშირდება ფასის გაძვირებაა“ – გვითხრა ნუგზარ ფარტენაძემ. 

ბათუმის მერია „ბათუმელებთან“ ინფორმაციას ადასტურებს.

„2025 წლის აპრილიდან მ2 კატეგორიის ავტობუსებით [ სამარშრუტო ტაქსი] მგზავრთა გადაყვანა აღარ არის ეკონომიკური საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული, ამიტომ ფასს მერია არ ადგენს“ – განგვიმარტეს ბათუმის მერიაში.

ფოტო, რომელიც მკითხველმა მოგვაწოდა

ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაძვირდა. წლის დასაწყისში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი 30 თეთრიდან 70 თეთრამდე გაიზარდა, რასაც მალევე მოჰყვა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასის გაძვირება 80 თეთრამდე.

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთმა ომში რეკორდული რაოდენობის – 46 230 სამხედრო დაკარგა ვიდრე მიმდინარე წლის სხვა თვეებში. ამ რაოდენობაში შედის როგორც ომში დაღუპულები, ასევე დაჭრილები და დაკარგულები.

„უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში სისტემური და საგრძნობი დანაკარგების მიყენებას საბრძოლო შეხების მთელ ხაზზე. რუსი ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა სექტემბერში 46 230 ადამიანს მიაღწია.

ეს თვიური მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდი გახდა მთელი 2026 წლის განმავლობაში, რამაც გადააჭარბა ზაფხულის კამპანიის წინა პიკურ მაჩვენებლებს“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგების დინამიკა 2026 წელს ასეთია:

იანვარი – 31 710
თებერვალი – 26 090
მარტი – 31 960
აპრილი – 32 980
მაისი – 33 760
ივნისი – 39 290
ივლისი – 42 860
აგვისტო – 42 020
სექტემბერი – 46 230

„წლის პირველ თვესთან – იანვართან [31 710 ადამიანი] შედარებით, სექტემბერში მოწინააღმდეგის დანაკარგები გაიზარდა 14 520 ადამიანით, რაც 45,8%-იან ზრდას შეადგენს.

ეს დინამიკა მოწმობს ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობის სრულ უუნარობაზე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ასევე უკრაინული დანაყოფების მხრიდან ცეცხლით დაზიანების სიზუსტისა და ეფექტიანობის ზრდაზე“ – წერს უკრაინის გენშტაბი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ოქტომბერი

 

„ერთი ფრაზის გამო მინისტრი თანამდებობის დატოვებას მთხოვს“ – პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსი, ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თანამდებობის დატოვებას სთხოვს.

დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმა.

როგორც საპროტესტო აქციაზე მყოფი ექიმები ჰყვებიან „ბათუმელებთან“, ეს ამბავი 2026 წლის ივნისში მოხდა – კლინიკაში უნდა შემოეყვანათ მძიმე პაციენტი, თუმცა საავადმყოფოს „ემერჯენის“ განყოფილებაში საკმარისი ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც ჯუმბერ ბოლქვაძემ თქვა, მათ ათვისებული ჰქონდათ განყოფილების სარეზერვო ინვენტარიც.

ექიმების თქმით, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორი დაჟინებით მოითხოვდა პაციენტის მიღებას.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში იყო და სატელეფონო საუბრისას გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოპერატორს არაერთხელ განუმარტა, რომ პაციენტის მიღება არ შეეძლო. ოპერატორმა მას მინისტრის შესაბამის ბრძანებაზე მიუთითა, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ოპერატორს უთხრა, რომ რადგან ასეთია მინისტრის ბრძანება – „წაიყვანეთ მინისტრთან“.

ექიმები ამბობენ, რომ 2026 წლის აგვისტოში მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჯუმბერ ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა შეხვედრაზე გაუჟღერებია, სადაც ის გადაუდებელი დახმარების ცენტრის [ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ] ფარული ჩანაწერით მისულა, რომელშიც ისმის, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე „ემერჯენსის“ უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე უარს ამბობს და ოპერატორის შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება გადაიყვანონ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძე პასუხობს: „წაიყვანეთ მინისტრთან“.

„მსჯიან ამ ფრაზის გამო, რომელიც კრიმინალს არ შეიცავს, მგონია. მე პაციენტი განსაცდელში არ მიმიტოვებია“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ და განმარტავს, რომ იმავე დღეს პაციენტი სტაციონარში მიიღეს და შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციაში.

„მას რომ დასჭირვებოდა, მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მისი სიცოცხლე განწირული იყო,“ – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

ჯუმბერ ბოლქვაძე და სამედიცინო პერსონალი ადასტურებს იმას, რომ რესპუბლიკურში მისული მინისტრი არ დაინტერესებულა, რეალურად რატომ ვერ იღებენ პაციენტებს რეანიმაციებში, რჩებიან თუ არა პაციენტები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანებში და ექმნებათ თუ არა საფრთხე პაციენტების სიცოცხლეს.

ამავე დროს, ჯუმბერ ბოლქვაძის თქმით, დაახლოებით 2 თვეა მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა ფორმის კომუნიკაციით – პირადი შეხვედრით, ტელეფონით, შუამავლების დახმარებით აიძულებს, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. უფრო მეტიც, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, კლინიკაში იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, რომელიც პირადად შეხვდა ჯუმბერ ბოლქვაძეს. „ემერჯენსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინისტრმა სთხოვა „არ გამოიწვიოს ზედმეტი ხმაური“ და დატოვოს თანამდებობა.

სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა აქციის გამართვა გადაწყვიტეს.

ექიმები მხარს უჭერენ ჯუმბერ ბოლქვაძეს და ითხოვენ განმარტებას სამინისტროსგან, რა საფუძვლით აიძულებენ ექიმს თანამდებობის დატოვებას.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ის მზად იყო დაეტოვებინა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება, მაგრამ სარჯველაძემ მისგან კლინიკის დატოვებას მოითხოვა.

ჯუმბერ ბოლქვაძისვე თქმით, რომ მისი ნათქვამი ფრაზა არაეთიკური იყო და ამის გამო არაერთხელ მოიხადა ბოდიში, თუმცა, მიხეილ სარჯველაძემ მას უთხრა, რომ ბოდიში არ იყო საკმარისი.

„ბათუმელებთან“ საუბრისას ექიმმა ასევე თქვა, რომ მინისტრთან საუბარი „არ იყო სასიამოვნო“ და სარჯველაძე იყო „აგრესიული და ხმამაღალი“.

ექიმები, რომლებიც დღეს ჯუმბერ ბოლქვაძეს მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, აცხადებენ, რომ თუ ჯუმბერ ბოლქვაძეს აიძულებენ კლინიკიდან წასვლას, საავადმყოფოს ისინიც დატოვებენ.

„იურიდიული საფუძვლის გარეშე რომ მომთხოვონ სამსახურის დატოვება, ამის უფლება მგონი არავის აქვს,“- ამბობს ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე.

დაინტერესდა თუ არა მინისტრი, რეალურად რატომ ვერ იღებდა პაციენტს კლინიკა? – ვკითხეთ აქციაზე გამოსულ სამედიცინო პერსონალს.

„არავის აინტერესებს პაციენტის ბედი, ზედა ეშელონებში ეს არავის არ აინტერესებს… არც პერსონალის ბედი არ აინტერესებს. რატომ თქვა ეს ექიმმა? ამით არავინ დაინტერესდა“ – გვითხრა ციცინო მამულაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

რაც შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურთან

ნახეთ საპროტესტო აქციის ვიდეოჩანაწერი: 

აჭარაში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი – სააგენტოს გაფრთხილება ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ გაფრთხილებას ვრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პირს ბრალდება წარუდგინეს

თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის – „TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp”-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა.

„დაზარალებულების ასაკის გამოყენებით და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, აიძულებდა მათ ინტიმური შინაარსის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ქმედებების ამსახველი ფოტო-ვიდეოს გადაღებას და გაგზავნას და ერთ-ერთ დაზარალებულს თავადაც უგზავნიდა სექსუალური შინაარსის ვიდეოებს.

ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულისგან უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაუგზავნა მის დედას“ – წერს პროკურატურა.

პირს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, გამოყენება და გავრცელება), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება) წარედგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

რას ითხოვს გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი „არაბული ქალაქის“ კონცეფციაზე

გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების საფუძველზე კრწანისსა და გონიოში მიწის დიდი ფართობების არაბულ კომპანია Eagle Hills-ისთვის გადაცემა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანია.

„საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, იცოდეს და შეაფასოს ფასეული სახალხო საკუთრების გასხვისების/სარგებლობაში გადაცემის დეტალები, ბევრად აღემატება კომპანიის კომერციულ ინტერესებს“ – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში.

„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები კი გასაიდუმლოებულია.

საინიციატივო ჯგუფმა კრწანისის პარკის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან და სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს [NCDC] უკვე გადაუგზავნა. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] შემთხვევაში სწორედ ეს ორი უწყებაა პასუხისმგებელი.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 27 აგვისტოს წარადგინა.

დაინტერესებული პირების მიერ წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 21 სექტემბერი იყო.

გონიო-კრწანისის დაცვის საინიციატივო ჯგუფის შენიშვნებში აღნიშნულია, რომ „განსახილველად წარმოდგენილი განაშენიანების გეგმის შემუშავების და სგშ-ს პროცესი მიღებული გადაწყვეტილებების პოსტ-ფაქტუმ ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად რომ არ იქცეს, აუცილებელია:

  • გამოქვეყნდეს პროექტთან დაკავშირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი, მხარეთა შორის დადებული შეთანხმებები და სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომერციული ინფორმაციის [თუკი ასეთი არსებობს] გამოცალკევების მოთხოვნების დაცვით.
  • სკოპინგის დასკვნაში პირობად უნდა განისაზღვროს ყველა იმ შესწავლისა და შეფასების ანგარიშების წარმოდგენა/გამოქვეყნება, რომლებიც საფუძვლად დაედო კომპანია Eagle Hills-ის მიერ საპროექტო არეალის შერჩევას.
  • სკოპინგის დასკვნაში პირობად უნდა განისაზღვროს „ნულოვანი ალტერნატივის“ განსაზღვრა, არა როგორც არსებული მდგომარეობის გაგრძელება, არამედ როგორც სახელმწიფო პოლიტიკისა და დაგეგმილი განვითარების – კრწანისის ტყე-პარკის აღდგენის – განხორციელება… აღდგენის გეგმა მხოლოდ დეკლარაცია არ იყო, მას ფინანსური ვალდებულებაც ახლდა“.

„ანგარიში ვერ პასუხობს იმ კომპლექსურ ამოცანას, რასაც კრწანისის ჭალების ფაუნისტური კვლევა უნდა მოიცავდეს. კვლევა მთლიანად ეყრდნობა ლიტერატურულ წყაროებს [თანაც მოძველებულს]. შერჩეული მეთოდები ვერ პასუხობს თანამედროვე მეთოდიკას ველური ბუნების კვლევაში. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კვლევაში არ არის გამოყენებული არცერთი თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებული და სტატისტიკურად გამართლებული მეთოდი.

მიღებული შედეგები ზედაპირულია და ააშკარავებს კვლევის არასრულყოფილად ჩატარებას, ნებისმიერ ტაქსონომიურ ჯგუფში. გვხვდება მცდარი და მკითხველის მოტყუებაზე გათვლილი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მაგალითად, სამიგრაციო დერეფნები კრწანისის ჭალის კონტექსტში“, – აღნიშნულია ჯგუფის შენიშვნებში.

„იგლ ჰილსის“ პროექტი უნდა განხორციელდეს გონიოშიც, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე. შესაბამისი სგშ-ს პროცედურის გავლა ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება, თუმცა საჭირო გახდება დამატებითი პროცედურებიც, რადგან გონიოს საინვესტიციო ტერიტორია მთლიანად მოქცეულია „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრებში და ის საერთაშორისო დონეზე დაცული ტერიტორიაა.

საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, „სგშ-ს მთელი არსი იმაშია, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური [მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის] მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე, მაშინ, როდესაც ვარიანტები [ალტერნატივები] ჯერ კიდევ ღიაა. სკოპინგი კი, სგშ-ს სწორედ ის ეტაპია, სადაც უნდა განისაზღვროს, რომელი ალტერნატივები შეფასდება.

[კრწანისთან დაკავშირებით] კომპანია Eagle Hills-ის მიერ შემუშავებულ ურბანულ პროექტში კი, რომელიც სრულიად ახალი ურბანული სივრცის შექმნას გულისხმობს, ალტერნატივების საკითხი განსაკუთრებით მწვავეა შემდეგი ორი გარემოების გამო:

  • გადაწყვეტილებები, რომლებიც ალტერნატივების შეფასებისა და შედარების საფუძველზე უნდა მიღებულიყო, უკვე მიღებულია და გეგმის კონცეფციასა და სკოპინგის განცხადებაში ალტერნატივების შეფასების წინაპირობად არის წარმოჩენილი;
  • შედეგად, ალტერნატივების შესწავლა დაყვანილია ვიწრო, ქვედა დონის ალტერნატივებამდე: იმის დადგენამდე, თუ „როგორ განაშენიანდეს ტერიტორია“ და არა – „უნდა განაშენიანდეს, თუ არა და სად“.

„ამ მიწების მაღალი ფასეულობა განპირობებულია ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და რეკრეაციული, დემოგრაფიული, სულიერი და წინაპრების ხსოვნასთან მჭიდრო კავშირის ქონით. ასევე, მაღალია რისკები, რაც უკავშირდება გარემოს დაზიანებას, კორუფციას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას და საზოგადოების პოლარიზაციის გაძლიერებას, მათ შორის, სახალხო საკუთრების მითვისების და დემოგრაფიული წონასწორობის გაუარესების რეალური შესაძლებლობის, ან თუნდაც აღქმის გამო“, – აცხადებს საორგანიზაციო ჯგუფი.

ჯგუფის განცხადებით, „დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი უნდა მოიცავდეს ყველა პოზიციას, მათ შორის, პროექტის უარყოფას, როგორც ლეგიტიმურ პოზიციას. ანგარიში, რომელიც „დაინტერესებულ მხარეებში“ მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, კომუნალურ კომპანიებს და რამდენიმე სოფლის წარმომადგენლებს მოიაზრებს, ხოლო ათასობით მოქალაქის ორგანიზებულ პროტესტს არ ახსენებს, არასრულია და მიკერძოებულია.

ჩვენი მოთხოვნაა, განაშენიანების გეგმის მომზადებისა და დამტკიცების, ასევე, სგშ-ისა და რეკომენდაციების გაცემის პროცესში საზოგადოებრივი ინიციატივების სხვადასხვა ფორმით გამოხატული პოზიციები აღიარებულ იქნეს დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებად და დოკუმენტირდეს განაშენიანების გეგმისა და სგშ-ის პროცესის კვლევებსა და ანგარიშებში, რათა ისინიც გათვალისწინებულ იქნეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას.

საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც უარყოფენ პროექტს, სხვა ჯგუფებთან ერთად, თანასწორად უნდა იქნენ ჩართული კონსულტაციების პროცესებში“ – აცხადებს გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი.

გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფის შენიშვნების სრულად სანახავად გადადით ბმულზე

ამავე თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

 

პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტის სტაჟირება „შუახევი ჰესზე“ და ქალები ენერგეტიკაში

პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი, 19 წლის მანო კვარაცხელია მომავალი ენერგეტიკოსია, რომელსაც სურს საქართველოს ჰიდროლოგიური მახასიათებლები აკადემიურ დონეზე შეისწავლოს. იგი ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკის სწორად განვითარებას.

მანო ამბობს, რომ ეს იდეა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირების დროს გაუჩნდა.

2-კვირიანი სტაჟირება „შუახევი ჰესზე“ მანომ მას შემდეგ გაიარა, რაც პრინსტონის უნივერსიტეტში, ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის 1-ელი კურსი დაასრულა და აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.

მანომ გადაწყვიტა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გაეტარებინა, ამიტომ, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ენერგოკომპანიას, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტაჟირების გავლის თხოვნით მისწერა.

„პრინსტონში ვსწავლობ. როგორც მოგეხსენებათ, აქ ყველანი ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. სასურველია პირველივე კურსიდან გარკვეული გამოცდილების დაგროვება დაიწყო. გადავწყვიტე, ზაფხულში რამე გამეკეთებინა. მინდოდა, პირველ რიგში საქართველოში მეცადა ბედი და საქართველოს გამოცდილება მენახა. მოვიძიე ინფორმაცია და მივწერე რამდენიმე კომპანიას. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ქალბატონმა იზა გოცაძემ ისე თბილად მიმიღო… ჩემი CV გადავუგზავნე და დამთანხმდა სტაჟირების გავლაზე.

საბოლოოდ, ძალიან კარგად დაიგეგმა ყველაფერი. ივლისის შუა რიცხვებში გავიარე 2-კვირიანი სტაჟირება. სამოქალაქო ინჟინერთან ერთად დავდიოდი სხვადასხვა ობიექტზე შუახევში და ვაკვირდებოდი ყოველდღიურ მუშაობას, ვესაუბრებოდი ჰესზე დასაქმებულ პერსონალს. მაგალითად, ელექტროინჟინერს, ოპერაციების ინჟინერს… ისინი მიხსნიდნენ და მეხმარებოდნენ იმის გაგებაში, თუ ვის რა როლი ჰქონდა და როგორ მუშაობდა ჰესი. რადგან ეს ჰესი დამთავრებულია, მე უფრო მეტად ვკონცენტრირდი ჰესის შეკეთებისა და მისი მუშაობის პროცესებზე. ვნახე წყალსაცავები, ხიდები… მილების გაყვანის პროცესებზეც ვისაუბრეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი“, – გვიყვება მანო კვარაცხელია.

მანო კვარაცხელია სტაჟირებისას

„შუახევი ჰესზე“ სტაჟირების დროს მანომ აღმოაჩინა, რომ საქართველოში ჰიდროლოგიის მიმართულებით საკმაოდ მწირი მეცნიერული ინფორმაციაა. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება ზუსტი მონაცემების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ, გადაწყვიტა, პრინსტონში სწავლის პერიოდში ეს საკითხი იკვლიოს.

„აღმოვაჩინე, რომ ჰიდროლოგიის მიმართულებით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, იქნებ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ჰიდროლოგიაზე და მდინარეების მახასიათებლების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გამეგო და გამომეკვლია, თუ რა არის საჭირო ჰიდროლოგიის შესასწავლად. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ჰიდროლოგიაზე არის დაფუძნებული ჰესების აშენება-არაშენების საკითხი. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა, რაც უფრო მეტი მასალაა ამ მიმართულებით, მით უფრო მაღალი ხარისხის დასკვნის გაკეთება შეიძლება.

პრინსტონში მიწევს, რომ ორი კვლევითი ფურცელი დავწერო. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მუშაობა, დამეხმარება, რომ ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდე და ზუსტად ამ პრობლემაზე დავწერო – ჰიდროლოგიის მახასიათებლების და მონაცემების ნაკლებობის საკითხი.

ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც საკმაოდ დიდი პრობლემაა. მასალის არქონა და ინფორმაციის ნაკლებობა მეცნიერებაში ძალიან ბევრი შეცდომის დაშვებას იწვევს. ამიტომ, მინდა მონაწილეობა მივიღო ისეთ კვლევაში, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება“, – ამბობს 19 წლის სტუდენტი.

მანო კვარაცხელია სტაჟირებისას
მანო კვარაცხელია სტაჟირებისას

„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირების დროს მანო კვარაცხელიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – როგორც გვიყვება, პირველ კურსზე მან საბაზისო საგნები გაიარა, მეორე კურსიდან კი უნდა აერჩია ინჟინერიის კონკრეტული მიმართულება, რომელსაც უფრო საფუძვლიანად შეისწავლიდა.

საზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ პრინსტონში ჩასულმა მანომ მომავალ პროფესიად სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია აირჩია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, როგორც თავად ამბობს, „შუახევი ჰესზე” მიღებული ცოდნა და გამოცდილება გახდა.

სწავლის შემდგომ საფეხურებზე ის კვლევითი მიმართულების კიდევ უფრო დაკონკრეტებას აპირებს.

„სანამ „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტაჟირებას გავივლიდი, მე არ ვიცოდი დარწმუნებით, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებას ავირჩევდი თუ არა. ვყოყმანობდი. ფიქრობდი მექანიკურ ინჟინერიაზეც, ელექტროინჟინერიაზეც. ფიზიკა ძალიან მიყვარს და სიმართლე გითხრათ, ფიზიკა სადაც იყო ჭარბად, ყველა მიმართულებას განვიხილავდი.

სტაჟირება რომ გავიარე, მივხვდი, თუ რამდენად მრავალფეროვანია სამოქალაქო ინჟინერია. სტაჟირების პერიოდში დღეს ვატარებდი მენტორთან ერთად, რომელიც არა მარტო ოფისში, არამედ ობიექტებზეც დადიოდა, მუშაობდა და ჩემთვის ეს ძალიან მომხიბლავია. ძალიან მინდა, რომ მომავალში ჩემი დღეები მარტო ოფისში ჯდომით არ განისაზღვრებოდეს. მინდა, რომ შევძლო ჰესებზე წასვლა-წამოსვლა და დაკვირვება.

„შუახევი ჰესზე“ სტაჟირების გამოცდილებამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე: მივხვდი, რომ ჰიდროლოგია, წყალი, ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ისეთი სფეროა, რომელიც ორივე მიმართულებას – გარემოს და სამოქალაქო ინჟინერიასაც მოიცავს, შეიძლება გააერთიანოს კიდეც. წელს ჩემს გეგმაში სწორედ ის არის, რომ დავკონკრეტდე და ზუსტად ავირჩიო რომელი მიმართულება მინდა“, – გვიყვება მანო კვარაცხელია.

რაც უკვე ზუსტად იცის ისაა, რომ საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდება. ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სურს კვლევის გაგრძელება და უნდა აშშ-ში დაგროვილი ცოდნა საქართველოს ენერგეტიკულ განვითარებას მოახმაროს.

„აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სტუდენტების სტაჟირების პროგრამა მრავალი წელია მოქმედებს. კომპანიაში პრაქტიკა უკვე ათობით ახალგაზრდა ინჟინერმა გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მოქმედი ინჟინრების დიდი ნაწილი სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც პირველი ნაბიჯები სწორედ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის ეტაპზე, სტაჟიორის სტატუსით გადადგეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ სტაჟირების პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტუდენტების კითხვებისა და ინტერესების პრაქტიკულ სამუშაო პროცესში დაკმაყოფილებაა.

2 კვირის განმავლობაში სტაჟიორები აკვირდებიან შუახევის ჰიდროელექტროსადგურის, სხალთა ჰესის, დიდაჭარის კაშხლისა და ჩირუხის დამბის მუშაობას. გარდა ამისა, სწავლობენ ტექნიკურ მონიტორინგს, ავტომატიზაციას, ელექტრულ და მექანიკურ სისტემებს და ეცნობიან საინჟინრო რისკების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგიას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის პირველი ნაბიჯია, როდესაც სტუდენტი პირისპირ დგება რეალურ ენერგოობიექტთან. უნივერსიტეტში შეიძლება ზუსტად იცოდე, როგორ მუშაობს კაშხალი ან ტურბინა, მაგრამ სრულიად სხვა რეალობაა, როცა ტექნიკურ ზონაში დგახარ, აკვირდები მონიტორინგის პროცესს და გამოცდილი ინჟინრისგან ისმენ, თუ როგორ იმართება ეს სისტემა ყოველდღიურად.

მეორე საკვანძო ელემენტი უსაფრთხოების კულტურაა.

ენერგეტიკაში ტექნიკური ცოდნა უსაფრთხოების პროტოკოლების გარეშე არაფერს ნიშნავს – ჩვენ გვინდა, ეს აზროვნება პირველივე ნაბიჯებიდანვე ჩამოუყალიბდეთ. ჩვენი მიზანი მარტივია: სტუდენტმა აქედან არ წაიღოს უბრალოდ „ფურცელზე გავლილი პრაქტიკა“. მათ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი კონტაქტი მოქმედ პროფესიონალებთან, დასვან ტექნიკური კითხვები და ზუსტად დაინახონ, რა სჭირდებათ ამ სექტორში წარმატებული კარიერისთვის“, – ამბობს „შუახევი ჰესის“ სამოქალაქო ინჟინერი გოგიტა ბოლქვაძე.

ის ერთ-ერთია იმ ინჟინრებს შორის, რომელიც იყო მანო კვარაცხელიას კურატორი „შუახევი ჰესზე“. მანოზე საუბრისას ის აღნიშნავს ბოლო წლების ტენდენციას იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება ახალგაზრდა ქალების ინტერესი ენერგეტიკული თუ საინჟინრო სფეროსადმი.

„შუახევი ჰესი არ არის მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა – მან საქართველოში ახალი თაობის საინჟინრო გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მშენებლობიდან ოპერირების ეტაპამდე არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სპეციალისტების გვერდით. ამ ტრადიციას ვაგრძელებთ და მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ახალგაზრდა პროფესიონალებს.

წელს „შუახევი ჰესზე“ კიდევ ერთ მომავალ ქალ ინჟინერს, მანო კვარაცხელიას ვუმასპინძლეთ. მისი მომზადების დონე, ტექნიკური ინტერესი და მოტივაცია ნამდვილად შთამბეჭდავია. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი პროფესიული გზა ელოდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო დინამიკას ვხედავთ – იზრდება ახალგაზრდა ქალების ინტერესი ტექნიკური და საინჟინრო მიმართულებებისადმი. ეს სექტორი იცვლება და მნიშვნელოვანია, რომ კარიერული შესაძლებლობები ყველასთვის თანაბრად ღია იყოს“, – ამბობს გოგიტა ბოლქვაძე.

მანო კვარაცხელია სტაჟირებისას

ენერგეტიკითა და ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი,

სატიშ ბჰატი

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიაში ხელმძღვანელი პოზიციების დაახლოებით 60%-ს ქალები იკავებენ და ისინი უშუალოდ მონაწილეობენ კომპანიის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სატიშ ბჰატი ამბობს, რომ ამ მაჩვენებლით ამაყობს და აქვე აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით კომპანია არ აჩერებს ძალისხმევას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალების გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა მხოლოდ მენეჯერულ საფეხურზე, არამედ მუშაობდნენ ტექნიკურ და საინჟინრო პოზიციებზეც და გრძელვადიან პერიოდში, ამ შედეგის მისაღწევად, საჭიროა ახალგაზრდა გოგონების დაინტერესება, წახალისება და მხარდაჭერა, რათა გახდნენ პროფესიონალები ამ სფეროში.

 

„ჩვენი მიზანია ისეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები, შევიდნენ სექტორში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიულად განვითარდნენ. ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია სტაჟირება და ახალგაზრდა პროფესიონალებთან მუშაობა. ბოლო წლებში სტუდენტმა ქალებმა, მომავალმა ინჟინრებმა, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ჩვენს კომპანიაში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჰიდროელექტროსადგურში ჩვენს პროფესიონალებთან ერთად ემუშავათ და უშუალოდ სამუშაო პროცესში გაცნობოდნენ, როგორ ოპერირებს ენერგეტიკული ობიექტი. სტაჟირებას განვიხილავთ, როგორც წარმატებული პროფესიული კარიერისკენ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს“, – ამბობს სატიშ ბჰატი.

სატიშ ბჰატის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და საქართველოს გარდა არაერთ ქვეყანაში უმუშავია. ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში ტექნიკური და საოპერაციო პოზიციები ისტორიულად მამაკაცებით დომინირებული იყო და რეალური ცვლილების მიღწევას თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა სჭირდება.

სატიშ ბჰატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქალების ხელშეწყობა, არა მხოლოდ დაინტერესდნენ ამ სფეროთი, არამედ დაინახონ დასაქმების რეალური პერსპექტივები.

„საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი ირჩევს ტექნიკურ მიმართულებებს. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლებასა და ინდუსტრიის საჭიროებებს შორის კავშირის გაძლიერება, რათა აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად და გრძელვადიან კარიერულ შესაძლებლობებად გარდაიქმნას.

ამ პროცესში ენერგეტიკულ კომპანიებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ მოქმედ ენერგეტიკულ ობიექტებზე, იმუშაონ პროფესიონალ ინჟინრებთან და რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ საკუთარი უნარები“, – ამბობს “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

სატიშ ბჰატის თქმით, ქალების ხელშეწყობა – დაინტერესდნენ, ისწავლონ და დასაქმდნენ ენერგეტიკის სფეროში. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, არამედ ეკონომიკური განვითარებისთვისაც.

„გენდერული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვისაც. განსხვავებული პროფესიული გამოცდილების, ცოდნისა და პერსპექტივების მქონე ადამიანების ერთ გუნდში მუშაობა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, საკითხებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ, სხვადასხვა მოსაზრება გაითვალისწინონ და უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიული მაგალითების არსებობა.

როდესაც ახალგაზრდა ქალი ხედავს ინჟინერ ქალს, ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელად ან ენერგეტიკული კომპანიის მართვაში ჩართულს, ენერგეტიკის სექტორში კარიერა მისთვის უფრო ხილული, მიღწევადი და რეალური პროფესიული არჩევანი ხდება.

ამიტომ ქალთა მონაწილეობა ენერგეტიკაში მხოლოდ ცალკე აღებულ სოციალურ ინიციატივად არ უნდა განვიხილოთ. ეს არის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების საკითხი და, ამასთანავე, სექტორის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – ამბობს სატიშ ბჰატი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 535 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 900. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 388 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 464 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 50 555 ერთეული [+36]
  • MLRS – 2 174 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 683 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 541 383 ერთეული [+1 288]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 803 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 155 887 ერთეული [+524]
  • სპეცტექნიკა – 4 774 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს კარგად იცის“ – სიკორსკი

დღეს, 30 სექტემბერს, ვარშავაში, მზია ამაღლობელს გადასცეს პოლონეთის მთავრობის დაარსებული ლეხ ვალენსას „სოლიდარობის პრიზი“.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და თავად ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ცნობილი პოლონური მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი.

მზია ამაღლობელის სახელით, პოლონეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისგან ჯილდო „ბათუმელების“ წარმომადგენელმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო.

„წელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადაეცა მზია ამაღლობელს, ქართველ ჟურნალისტს, სიტყვის თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. სამწუხაროდ, მან ჯილდო პირადად ვერ მიიღო, რადგან 2025 წლიდან პატიმრობაში იმყოფება.

თავისუფლება და დემოკრატია არასოდეს გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ. მზიამ ეს ძალიან კარგად იცის“ – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პლატფორმა X-ზე დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ.

პოლონეთის ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი და „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე

 

ლეხ ვალენსას სოლიდარობის პრიზი

მზია ამაღლობელის დაჯილდოებას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა ლეხ ვალენსა.

„ახლა საქართველოს დახმარების ჯერია.

ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო – მზია ამაღლობელს.

ის არის კორუფციასთან მებრძოლი ქართველი ჟურნალისტი, ორი დამოუკიდებელი ქართული მედიასაშუალების დამფუძნებელი. 2025 წელს მას პოლიტიკური მოტივით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, რითაც იგი დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ქალი პოლიტპატიმარი გახდა“, — დაწერა ლეხ ვალენსამ სოციალურ ქსელში.

ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს დაარსდა.

ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.

პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).~

მთავარ ფოტოზე: ლეხ ვალენსა და რადოსლავ სიკორსკი. 

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო

 

ვის წერს წერილებს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილი – ინტერვიუ

„ის ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს. ხალხს არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად რაიმეს ცდილობდა ხალხისთვის.

სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს.

აი, სტალინს რომ წერდნენ სასოწარკვეთილები ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და შემდეგ თვითონ მოხვდნენ ციხეებში – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“ – ასე განმარტა ანალიტიკოსმა კახა გოგოლაშვილმა „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებული წერილების მოტივს.

პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა 30 სექტემბერს ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც პრემიერობის დროს საკუთარ მიღწევებს გაუსვა ხაზი და წერილის ბოლოს ხალხს ჰკითხა:

„ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“

ვის ესაუბრება ამ წერილებით ღარიბაშვილი რეალურად? მართლა ხალხის აზრი აინტერესებს თუ ვინმე სხვა ჰყავს მხედველობაში, როცა ხალხს მიმართავს? – ამ თემაზე „ბათუმელების კითხვებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი პასუხობს:

„ალბათ პირველ რიგში ივანიშვილს ელაპარაკება და არა ხალხს.

ხალხს ის არასდროს ელაპარაკებოდა და არც რეალურად ცდილობდა, ხალხისთვის გაეკეთებინა რაიმე. აკეთებდა იმას, რასაც ივანიშვილი უბრძანებდა და ცდილობდა, წინასწარ განეჭვრიტა და გაეკეთებინა ის, რაც ივანიშვილს მოეწონებოდა.

ახლაც ასეა, მე მგონი, უბრალოდ ახსენებს საკუთარ თავს, რომ აი, ასეთი და ისეთი დამსახურება მაქვსო.

ერთი მხრივ, ვერ დავუჭერ მხარს ვერანაირ დისკრიმინაციას, მათ შორის რაიმე სახით პოლიტიკური მოტივით ადამიანების დაკავებას და მათ გასამართლებას და ასე შემდეგ, მაგრამ, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მის დროს ზუსტად იგივე ხდებოდა და მთლიანობაში არაფერი შეცვლილა.

პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა „ქართული ოცნების“ მმართველობის წესში.

ეს იქიდან ჩანს, რომ, პრინციპში, არც ღარიბაშვილი, არც ახლანდელი პრემიერი და „ქართული ოცნების“ არცერთი პრემიერი საქართველოში არ ატარებს თავის საკუთარ პოლიტიკას. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ივანიშვილი უკვეთავს.

ამიტომ ახლა აქ საუბარია შიდა კლანურ ბრძოლებზე, რომელიც, პრინციპში, ხალხის ზურგზე არ უნდა გადავიდეს და არც არავის სადარდებელი არ უნდა იყოს, ჩემი აზრით.

უნდა ვიდარდოთ იმაზე, რომ ადამიანის უფლებები, ნებისმიერის, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, არ არის ბოლომდე დაცული და ჩვენ არ გვაქვს რწმენა, რომ მასაც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვას, გააჩნია წვდომა სამართლიან სასამართლოზე.

ღარიბაშვილის დროს დააკავეს დიპლომატები, საგარეო სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტები დავით გარეჯის საქმეზე, რომლებმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარეს ციხეში, აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხმა და პირდაპირ ღარიბაშვილის მითითებით მოხდა ეს.

უსამართლობას თვითონაც ჩადიოდა ძალიან ბევრის მიმართ, ხომ სწორია?!

ძალიან ბევრის, თუ გნებავთ სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პრეზიდენტის ჩათვლით, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით… შეიძლება უდანაშაულოები არ იყვნენ, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკური მოტივით მათ ბევრად უფრო მაღალი სასჯელები მიუსაჯეს და აშკარა იყო პოლიტიკური დევნა.

ახლანდელ რიტორიკაში, მის საუბარში, არ ისმის აპელირება კონკრეტულად იმ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და ასე შემდეგ. ლაპარაკია, როგორ დაჩაგრეს პირადად, რა კარგი მმართველი იყო თვითონ და რა ცუდი მმართველები არიან ახლა.

ეს არაადეკვატური საუბარია, ჩემი აზრით, არ არის არანაირი გულახდილობა ამაში, პლუს არანაირი სინანული არ ჩანს მის საუბარში და რწმენა იმისა, რომ ვთქვათ, რომ დაბრუნდეს, მაგალითად, ხელისუფლებაში, ოდესმე უკეთესად მოიქცევა, რომ ამ გაკვეთილს მიიღებს.

კახა გოგოლაშვილი
  • ამ წერილებით რის მიღწევას ცდილობს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს შეახსენოს თავი? მის გარეშე ხომ ისედაც ვერ მიიღებდნენ ღარიბაშვილის დაკავების გადაწყვეტილებას და ივანიშვილს კარგად მოეხსენება, სადაც არის ახლა ღარიბაშვილი?

ყურადღებას იქცევს.

ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რამდენად სტაბილურია. ესაა ადამიანი, რომელიც იყო, პრინციპში, მომხვეჭელი და ხელისუფლებას და ძალაუფლებას იყენებდა გამდიდრებისთვის, თანაც ეგონა, რომ ეს არასდროს არ დამთავრდებოდა, იმიტომ, რომ მას ჰქონდა ივანიშვილის ზურგი და ფიქრობდა, რომ მარტივია ივანიშვილის უკან ყოფნა – მთავარია აჩვენო მას და უმტკიცო [ივანიშვილს], რომ ხარ ლოიალური და მისი ერთგული სამუდამოდ.

აღმოჩნდა, რომ ეს ერთგულება არ ყოფილა საკმარისი.

რა თქმა უნდა მას ექნებოდა ფსიქოლოგიური შოკი ამის გამო. ღარიბაშვილის ეს საუბარი უკვე არ შეიძლება ჩაითვალოს სრულად რაციონალურად, აქ ძალიან დიდი ნაწილი არის ემოციური… შეიძლება ითქვას, ნაკლებად გასაგები ლოგიკურად.

აშკარაა, რომ ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ არც ისე კარგადაა დაგეგმილი მისი ეს აქცია, რასაც ჰქვია ეს წერილები და ასე შემდეგ.

უბრალოდ, სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაც შეცვალოს. აი, სტალინს რომ წერდნენ ყოფილი ბოლშევიკები, რომლებიც თავად იყვნენ 1937 წლის და დახვრეტების ინიციატორები და მერე თვითონ მოხვდნენ ციხეებში. ისინი ალბათ ასეთივე წერილებს სწერდნენ სასოწარკვეთილები – „ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც შენ მიბრძანებდი და რატომ ვარ მე ასეთ მდგომარეობაშიო“.

ფსიქოლოგიურად ვერ გადაუხარშავს, მე ასე მგონია.

  • წერილის ბოლოს ღარიბაშვილი კითხვას სვამს – „ხალხს მინდა ვკითხო, ჩემი გადადგომის შემდეგ გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მდგომარეობაო“. ასე ცდილობს იგი კობახიძის შემოყვანას ამ ამბავში?

რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს აბრალებს კობახიძეს, მაგრამ აბრალებს კობახიძეს ივანიშვილის წინაშე და არა ხალხის წინაშე.

ის ვერ იტყვის – „ივანიშვილს მინდა ვკითხო, ჩემზე უფრო კარგი მმართველი და შენი ხელის ბიჭია კობახიძე თუ არა?“

დაახლოებით ასეა სინამდვილეში ეს კითხვა, მაგრამ ის იყენებს სიტყვა „ხალხს“. სინამდვილეში მან იცის, რომ არც ხალხს აინტერესებს ეს კითხვა და არც თავად აინტერესებს ხალხის აზრი, იმიტომ, რომ არც არასდროს აინტერესებდა.

როცა გამოდიოდა და რაღაცებს იგონებდა, იგივე დავით გარეჯზე ან ახალგაზრდებს ბრალს დებდა გადატრიალებების მცდელობებში და თითქოს რაღაც შეთქმულების თეორიებს ავრცელებდა ტელევიზიით, მაშინ ხალხის აზრი აინტერესებდა?! პირიქით, ხალხს იქეთ ახვევდა თავის აზრს. ახლაც ასეა.

სინამდვილეში, სიტყვა „ხალხით“ ჩაანაცლა „ივანიშვილი“. გულახდილად რომ დაეწერა, დაწერდა: „ბატონო ბიძინა, რატომ მჩაგრავთ მე, განა კობახიძის მუშაობა უფრო ნაყოფიერია და აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს მეტად, ვიდრე ჩემი მუშაობა იყო?“ დაახლოებით ეს არის კონტექსტი სინამდვილეში.

  • როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს, თუ მისი მიზანი, რაზეც აქვს გათვლა, ვერ შესრულდა? შეიძლება, მაგალითად, კობახიძის წინააღმდეგ უფრო მეტი თქვას?

შესაძლებელია, დიახ.

აქ შეიძლება იყოს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. შეიძლება ივანიშვილსაც მოსწონს, რომ ის აი, ასეთ წერილებს წერს, იმიტომ, რომ კობახიძე ჰყავს დაძაბულ მდგომარეობაში და ღარიბაშვილმაც იცის, რომ ივანიშვილს სიამოვნებს, როცა თვითონ წერს კობახიძის საწინააღმდეგოს, ოღონდ ივანიშვილზე ნუ იტყვის ნურაფერს.

მაგ შეცდომას არ დაუშვებს, ამდენი ინტუიცია გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ კობახიძეზე შეეცდება, რომ ასეთი რაღაცები წეროს და ივანიშვილიც, ალბათ, არ დაუშლის ამას.

ივანიშვილს რომ ნდომოდა, უბრალოდ დაურეკავდა ციხეში და დაელაპარაკებოდა. ეტყოდა, თუ გინდა შეგიმცირდეს სასჯელი, ჭკუით მოიქეცი და დაანებე თავი რაღაცების ჯღაბნას მაქედანო, მაგრამ ამას არ ეუბნება, არ უკრძალავს. რომ აუკრძალოს, ხვალვე გაჩერდება, რა თქმა უნდა და ერთ სიტყვასაც არ დაწერს.

ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თავად ივანიშვილიც აძლევს ამას მწვანე შუქს, რომ მან წეროს და წეროს კობახიძის წინააღმდეგ.

შეიძლება უფრო მწვავეც გახდეს და შეიძლება მართლა უფრო კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტულ თემებზე გადაიტანოს საუბარი, ეს არ არის გამორიცხული.

  • რასაც შეიძლება შემდეგ ლოგიკურად მოჰყვეს უკვე კობახიძის წასვლაც?

არ ვიცი. შეიძლება წასვლა და შეიძლება უბრალოდ მეტად დაძაბული და უფრო, ასე ვთქვათ, მონდომებული იმუშავებს კობახიძე იმისთვის, რომ მართლა არ გადაუხვიოს არანაირად ივანიშვილის მოთხოვნებს, არ გაივლოს თავში არაფერი, დაუმორჩილებლობის აზრი და ასე შემდეგ.

კობახიძეს ეს საინფორმაციო ნაკადი, რომელიც მოდის ღარიბაშვილისგან, დამოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება, დამატებით.

მზია ამაღლობელს გადასცეს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო

30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო.

დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა.

მზია ამაღლობელის ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.

ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაარსდა 2014 წელს.

ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.

პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).

ლეხ ვალენსა პოლონეთის ცნობილი მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტია. მას 1983 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში.

მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა პატიმრობაში. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის შეტევის ფონზე.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება აივნიდან გადმოშარდვის საქმეზე

დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის საქალაქო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 1987 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა და გენიტალიების დემონსტრირებას ახდენდა, სამართალდამრღვევად ცნო და 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.

პოპოვს 15-დღიანი საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ გააძევებენ ქვეყნიდან და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალება.

მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, ვინაიდან სხდომაზე ადვოკატი არ ჰყოლია, უცნობია, ისარგებლებს თუ არა ალექსანდრე პოპოვი ამ უფლებით.

სასამართლო პროცესს თბილისში ესწრებოდა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი.

პოპოვმა დანაშაული აღიარა. მას საქართველოში ბინა აქვს ნაყიდი და ითხოვდა, მისი რემონტის დასრულებისა და საქართველოში ცხოვრების უფლება მიეცათ.

ის ორი მუხლით ცნეს სამართალდამრღვევად.

ნახეთ ვრცლად: 

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით დააპატიმრეს და ქვეყნიდან გააძევებენ

ბათუმში №9 სამარშრუტო ხაზზე 10-მეტრიანი ავტობუსები ივლის – ავტოტრანსპორტი

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, №9 სამარშრუტო ხაზზე სატრანსპორტო საშუალებების როტაცია განხორციელდება.

კერძოდ, 1-ელი ოქტომბრიდან №9 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.

№9 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ქათამაძის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ბარათაშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – მაჭავარიანის ქ. – ი. ჯავახიშვილის ქ. – მესხის ქ.

უკუმიმართულება:

მესხის ქ. – მაჭავარიანის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – ბაგრატიონის ქ. – გრიბოედოვის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ბაქოს ქ. – ქათამაძის ქ.

„აღნიშნული ცვლილება სატრანსპორტო საშუალებების ხაზებს შორის ოპტიმალური გადანაწილებისა და არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით ხორციელდება“ – წერს „ავტოტრანსპორტი“ ფეისბუქზე და დასძენს, რომ როტაციის ფარგლებში, Isuzu Ataman-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლება უკვე განხორციელდა №7 და №7ა სამარშრუტო ხაზებზეც, სადაც მომსახურებას Isuzu City Bus-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ახორციელებენ.

„კობახიძეს ესპარინგება“ – კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის ახალ წერილზე

„ეს ყველაფერი არის თავის შედარება ირაკლი კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა იზოლაციაშია, ფაქტობრივად. ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, არავინ არ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და აი, ამ სიტუაციაში ის პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს იყო დალაგებული, ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი და ასე შემდეგ“ – ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ციხეში მყოფი „ოცნების“ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი წერილით „კობახიძეს ესპარინგება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი ციხიდან 29 სექტემბერს გაავრცელა, სადაც საზოგადოებას „შეახსენა“, რა ვითარებაში დაიკავა თანამდებობა მეორედ, 2021 წლის თებერვალში. ღარიბაშვილი წერს, რომ მაშინ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისი, პანდემია და ვაქცინების დეფიციტი იყო, საუბრობს ჩაკეტილ ქვეყანასა და ეკონომიკაზე, ბიუჯეტის დეფიციტსა და ლარის კურსზე. მისი მტკიცებით, 2021 წელს „ჩამოშლილი ხელისუფლება“ ჩაიბარა და მალევე „დაასტაბილურა“ ვითარება.

ირაკლი მელაშვილი
რის მიღწევას ცდილობს ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერილების გამოქვეყნებით? – ამ კითხვაზე ირაკლი მელაშვილმა ასე გვიპასუხა:

„ჩემი აზრით, ეს წერილი იყო მიმართული საზოგადოებისადმი და პირადი პოლიტიკური კამპანიის დაწყებას ჰგავს, როდესაც ადამიანი თვითონ აქებს საკუთარ თავს და საზოგადოებას ახსენებს თავის დამსახურებას.

ზუსტად საპირისპირო შინაარსის წერილის დაწერა შეიძლება ღარიბაშვილზე. რა გაფუჭდა მის დროს — ასეთი წერილის დაწერაც შეიძლება.

ეს პოლიტიკური კამპანია არ ვიცი ვის მიმართ არის მიმართული. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ახსენებდეს თავს, რომ რა კარგი პრემიერი ჰყავდა და რა ცუდია ახლანდელი. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებში აწარმოებს თავის კამპანიას.

ის, ისევე როგორც ყველა, ყველა კარგად ხვდება, რომ კობახიძე ძალიან არაპოპულარულია, ამჟამად არავინ მიიჩნევს მას გადაწყვეტილების მიმღებად და ამ სიტუაციაში ღარიბაშვილი პარალელებს ავლებს კობახიძის მმართველობასთან, რომ მის დროს დალაგებული იყო და ამერიკასთან ურთიერთობები ჰქონდა, წარმატებული 25 ვიზიტი… ანუ, ეს ყველაფერი არის, სინამდვილეში, თავის შედარება კობახიძესთან, რომლის პრემიერობის პირობებშიც ქვეყანა არის იზოლაციაში, ფაქტობრივად.

აი, ამით ცდილობს ღარიბაშვილი „ოცნების“ ამომრჩევლისთვის იმის თქმას, რომ ის იყო „ოცნების“ ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი.

გახარია მოღალატე იყოო, წერს მაგასაც, კობახიძემ აი, ასეთ დღეში ჩაგვაგდოო. ბოლოში ხომ კითხვით ამთავრებს, კმაყოფილი ხართ, ახლა რაც ხდება? – ანუ კობახიძეს ესპარინგება ის და არა ივანიშვილს ან სხვა ადამიანებს, რომლებმაც მის დაჭერაზე გადაწყვეტილება მიიღეს. პირადად კობახიძესთან აქვს სპარინგი ამ წერილით გამართული.

ამ წერილის შინაარსიც არის ეს.

საინტერესო იქნება ახლა კობახიძე რას უპასუხებს ამ წერილზე“.

ამავე თემაზე: 

ღარიბაშვილი ხალხს ეკითხება, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა – ახალი წერილი

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის შეფერხების მიზეზად ახლა მეწყრულ მონაკვეთებს ასახელებენ

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი კომპანია „ოცნების“ მთავრობის ახალი განკარგულებით სამი თვით გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან.

შპს „არალი“ 13 750 კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს [ანდეზიტს] ხულოს მუნიციპალიტეტში, საციხურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მოიპოვებს.

„არალი“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისთვის.

13 750 კუბურ მეტრ ანდეზიტს კომპანია 2 692 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე მოიპოვებს.

ამასთან, „არალმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 41 250 ლარი უნდა გადაიხადოს.

წითელი წრით მონიშნულია ის ადგილი სადაც „არალი“ ანდეზიტს [ვულკანური წარმოშობის ქანი] მოიპოვებს

შპს „არალი“ ხულო-ზარზმის გზაზე ამჯერად მხოლოდ მეწყრული ადგილების აღდგენაზე მუშაობს.

„მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდობის აღდგენის მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე“ კი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „არალსა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა 15 204 999 ლარზე.

„მეწყრულ ადგილებში“ სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღემდე მიმდინარეობს. ამავე პორტალის მონაცემებით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიისთვის ჯამში 12 443 178 ლარია გადახდილი.

აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე დაიდო გეოლოგიური დასკვნაც იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მეწყრის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გზის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოები იყო.

ამ თემაზე ვრცლად: ხულო-ზარზმის პროექტი გაძვირდა – მეწყერი გზის გაფართოების სამუშაოების შედეგია

რაც შეეხება მთლიანად ხულო-ზარზმის პროექტს. ამ გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან მერვე წელს აცხადებენ, რომ გზის ერთ-ერთ პრობლემურ მონაკვეთთან დაკავშირებით კვლევის ჩასატარებლად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

პრობლემის მიზეზი კი ისევ „მეწყრული მონაკვეთები“ ყოფილა, რასაც „არალის“ მიერ შესრულებული თუ შესასრულებელი სამუშაოები ეტყობა აღარ შველის.

„პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს“. – ეს განცხადება „ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 2017 წლის 17 სექტემბერს გააკეთა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა / 2026 წლის 17 სექტემბერი / გზების დეპარტამენტის ფოტო

 

Exit mobile version