მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება.
ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი ტრენინგების სესიით და შემდგომში ის კვარტალში ერთხელ პერიოდულობით გაგრძელდება. ტრენინგებზე საუბარი იქნება მოძრაობის წესებსა და გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის შესახებ. მასტერკლასები უფასოა და უმასპინძლებს არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს.
პროექტის პრეზენტაცია 14 ივნისს, 10. 00 ზე სასტუმროში „ სტამბა„ გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრება „ საქართველოს ალიანსი, უსაფრთხო გზებისთვის„ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და ცნობილი ავტომბრობელი დათა ქაჯაია, ასევე მედიის წარმომადგენლები.„Glovo წელიწადზე ნაკლებია რაც ბაზარზე შემოვიდა, თუმცა დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. კურიერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მათი, ასევე ზოგადად გზებზე უსაფრთხოების საკითხები. მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებების და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, აქედან გამომდინარე დაიბადა ჩვენი ინიციატივა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგები, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, დიდ როლს შეიტანს ქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში. „ გიგა ქერქაძე – Glovo საქართველოს გენერალური დირექტორი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის – ჯამში 2,160 ღერი – შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი.
საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
„სტალინი ლარ-ნახევარი ღირს, ჭიქა – 6 ლარი“, – გიპასუხებენ ბათუმის ბულვარში და ბულვარის მთავარ შესასვლელთან მყოფი სუვენირებით მოვაჭრეები. მათი თქმით, მაცივარზე მისაწებებელი სუვენირი ან ჭიქებს სტალინის გამოსახულებით და იქვე წარწერით: Georgia, ძირითადად, რუსი ტურისტები ყიდულობენ. სუვენირებს საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებით აქ ბევრგან შეხვდებით. კანონდარღვევაზე ამ დრომდე არავინ რეაგირებს. ზოგიერთი მოვაჭრე უხერხულობას გრძნობს, როცა სტალინს ყიდის, როგორც საქართველოს სიმბოლოს, თუმცა ამას ბიზნესის ინტერესით ამართლებს.
სტალინი ბულვარში
„წინა წლებში უფრო კარგად იყიდებოდა, ახლა იმდენად არა… ძირითადად რუსები ყიდულობენ, პოლონელებიც,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ეკა ხოროშვილმა. მას ვკითხეთ, არის თუ არა სტალინი მისთვის საბჭოთა ტერორის და ოკუპანტი რუსეთის სიმბოლო. „მე შეიძლება ბევრი რაღაც არ მინდოდეს, მაგრამ იყიდება, რა ვქნა?“ – მოკლედ გვიპასუხა მან და ტურისტებს მიუბრუნდა.
„კარგად იყიდება და ამიტომ ვყიდი. ევროპელები არ ყიდულობენ. ერთხელ იყო მხოლოდ, გასულ წელს, ორმა გერმანელმა იყიდა და დამამახსოვრდა… თუ ასეა, ჩავკეტოთ მაშინ საზღვარი და არ შემოვუშვათ რუსი ტურისტები საერთოდ. იმიტომ ვუშვებთ, რომ შემოსავალია ქვეყნისთვის ხო? ასეა ჩემთვისაც, ორ კაპიკს ვშოულობ. მე იძულებული ვარ ეს გავყიდო, ეს ჩემი საარსებო წყაროა. აგერ მაქვს ბათუმის ხედებიც, მაგრამ ეს ურჩევნიათ,“ – ამბობს სუვენირებით მოვაჭრე ქალი, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან დევნილია და მარტოხელა დედაა.
შეიძლება თუ არა გამართლდეს ეკონომიკური შემოსავლის მიღება, როცა საქმე ქვეყნის სიმბოლოს ეხება და იგივე რუსი ტურისტი ბათუმის ბულვარში ნაყიდ სუვენირს როცა შეხედავს, გაიხსენებს, რომ საქართველო „სტალინის ქვეყანაა“?
„დევნილი ვარ, სიკვდილს ძლივს გადავურჩი… რამდენი საშინელება ვნახე. რუსები საქართველოზე გიჟდებიანო, ამბობენ. სინამდვილეში კარგზე ყველა გიჟდება. აფხაზეთიც იმიტომ წაგვართვეს, წაიღეს… გთხოვთ, არ დაწეროთ ჩემი სახელი. მე აღარ გავყიდი სტალინებს,“ – გვითხრა მან.
სუვენირებს სტალინის ან საბჭოთა ოკუპაციის სხვა სიმბოლოკებით არ ყიდის ზოგიერთი მოვაჭრე, თუმცა მათ არ აქვთ პოზიცია, რატომ არ ყიდიან ოკუპაციურ სუვენირებს – დაჯარიმების შიშის გამო, თუ იმიტომ, რომ სტალინი რეპრესიებისა და ოკუპაციის სიმბოლოა.
გამონაკლისი ჟუჟუნა ნატარიძეა. მან გვითხრა, რომ სტალინის გამოსახულებებით სუვენირები მასთანაც მიუტანიათ მიმწოდებლებს, მაგრამ მის დატოვებაზე ყოველთვის კატეგორიულ უარს ამბობს.
„კომუნისტების წყობა ჩავაბარე მე იმ ქვეყანას. ახლა უფრო წინ წასულები ვართ, ასე მგონია. აბა, იმდენი ხალხის დახვრეტა, რა იყო? სტალინი ჩემთვის ომია, არ მინდა ომი. სტალინი ომის ბელადი იყოო, იტყვიან. სტალინმა კი არა, ხალხმა გაიმარჯვა,“ – აღნიშნა ჟუჟუნა ნატარიძემ და ფოტოს გადაღებაზეც დაგვთანხმდა. დახლზე დადებულ ქართლის დედის მინიქანდაკება დაიჭირა ხელში და ისე გამომხედა: „აი, ეს არის საქართველოს სიმბოლო“.
ჟუჟუნა ნატარიძე
„ამ სახის სუვენირების გაყიდვა არის კანონდარღვევა,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი „თავისუფლების ქარტიას“ ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.“
საია-ს იურისტი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაზე რეაგირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოახდინოს.
„მიმართვის შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ. მისივე თქმით, მითითების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა.
სხდომის დასრულების შემდეგ კი, რომა დოლაბერიძეს საკრებულოს წევრთან, ენმ-ის წევრ ნოდარ დუმბაძესთან, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა:
„კულტურა ისწავლე მინიმუმ გაიგე?… შენ როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – უთხრა მან საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრმა მას გაჩუმება ურჩია.
ჟურნალისტებს რომა დოლაბერიძემ უთხრა, რომ სხდომაზე საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა:
„გუშინ საკრებულოს ერთმა წევრმა მოახდინა მაშველი გოგონების დისკრედიტაცია, საჯაროდ, ფეისბუქის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, შეკითხვები დამესვა, მაგრამ თავმჯდომარემ არ მომცა ამის საშუალება, მიუხედავად დაპირებისა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, ეს არის ქალთა დისკრედიტაცია. პირიქით, მათ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ გაძლიერდნენ ქალები, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება, მაშველი იქნება ის თუ სხვა. ასევე, როგორც ვიცით, ომარ მახარაძეს [პროფესორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა] უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ხელშეკრულება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან საკუთარი ნებით დატოვოს საკრებულოს წევრის მანდატიც“.
ომარ მახარაძე დღეს სხდომას არ დასწრებია.
ნოდარ დუმბაძემ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის დისკრიმინაციული კომენტარი დაწერა:
ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ირონიულად უპასუხა იმ ადამიანებს, რომლებიც გოგონებზე ცუდს წერდნენ. ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია:
„ამ შედეგზე არ მიფიქრია ნამდვილად იმიტომ, რომ არც მიგულისხმია, რომ რაღაც დისკრიმინაციული განცხადება გამეკეთებინა“, – თქვა მან.
კითხვაზე, ახლა მაინც თუ ფიქრობთ, რომ ეს იყო დისკრიმინაციული ტექსტი? – პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს. ნოდარ დუმბაძემ არც ის დამალა, რომ მას ეჭვი შეაქვს მაშველი გოგონების პროფესიონალიზმში.
„ქალი იქნება თუ კაცი, მაშველს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა, ის უნდა იყოს მომზადებული ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ – ფიზიკურად. დიახ, მე ეჭვი შემეპარა ამ გოგონების მომზადებაში. რატომ? – იმიტომ, რომ რა ვიცი. მათი მოვალეობების შესახებ გამოქვეყნებაზე კი უნდა ვთქვა, რომ ასე იპოვა მთავრობამ შემდეგ გამოსავალი, მას შემდეგ, რაც ატყდა აჟიოტაჟი, თავიდანვე არ დაუწერიათ, რომ მათ მხოლოდ პლაჟზე პატრულირება ევალებოდათ. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მომავალში იქნებიან ძლიერი მაშველები, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია არ უნდა დაეკისროს სტუდენტს, რომელიც არ არის მომზადებული“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
მისი თქმით, მომავალში ხუმრობის დროსაც სიფრთხილეს გამოიჩენს.
რომა დოლაბერიძე
გუშინ, 13 ივნისს, სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს პირველად აჭარის სანაპირო ზოლში მაშველებად გოგონებიც იმუშავებდნენ.
„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება ხვალ, 15 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი, რომელიც ერთგვარად ხსნის საზღვაო-ტურისტულ სეზონს აჭარაში. ფესტივალი შუადღეზე, 14 საათზე გაიხსნება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამით, გრანდიოზული ფოიევერვერკით დასრულდება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.
პროგრამა ასე გამოიყურება:
14:00-17:00 Stig (DJ)
14:00-17:00 ფრანების შოუ
14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი
21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
22:00 – 22:30 ფარნების შოუ
22:40 – 23:00 ღამის ფოიერვერკი
00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ
„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.
დღეს, 14 ივნისს, გარემოვაჭრეები ისევ დაბრუნდნენ წერეთლის ქუჩაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. გარემოვაჭრეები, ძირითადად, მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ არიან განლაგებულნი.
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ეუბნება, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლას არ აიძულებენ.
მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერიამ წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართობი ბათუმის ავტოსადგურში გამოუყო, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მყიდველი არ შედის და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
გარემოვაჭრეებმა ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგაც გამართეს აქციები და მერს ადგილმონაცვლეობა სთხოვეს, თუმცა მათი თქმით, მერია ამ საკითხით არ დაინტერესდა.
დღეს გარემოვაჭრეები ისევ იმ ქუჩაზე დაბრუნდნენ, საიდანაც რამდენიმე თვის წინ ისინი მერიამ იძულებით გაიყვანა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს.
ფრენა კვირაში ორჯერ, პარასკევს და კვირას, შესრულდება. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთების საშუალო ფასი ივნის-ივლისში 113-143 აზერბაიჯანული მანათია, დაახლოებით 182-229 ეკვივალენტი ლარში.
მერიის ცნობით, დღეს, 14 ივნისს, ბათუმში Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ჩამოვიდა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.
ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით.
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას არ რთავს.
ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნატალია ძიძიგურმა, მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდიცირების საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენა.
„ხშირად მიწევს მარშუტკით მგზავრობა და არ არის კონდიცირება,“- განაცხადა ნატალია ძიძიგურმა საკრებულოს სხდომაზე. მისი თქმით, ეს კონკურსის პირობა იყო, თუმცა არ სრულდება.
ნატალია ძიძიგურმა ასევე მოითხოვა მერიამ შეასრულოს პირობა ქუჩების მორწყვასთან დაკავშირებით. მისივე ინიციატივაა ამხანაგობების მოწვევა პრობლემების განხილვის მიზნით.
დღეს, 14 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში მივიდა როგორც საკრებულოს ახალი წევრი. დღეს საკრებულომ მისი უფლებამოსილება ცნო.
გელა დეკანაძემ როინ ზოიძე ჩაანაცვლა, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი მაისის ბოლოს დატოვა. მან საკრებულოს დატოვების მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად გელა დეკანაძე იყო დაფიქსირებული, შესაბამისად, საკრებულოში ის შევიდა.
გელა დეკანაძე 2012 წელს ბათუმის ვიცე-მერი იყო, უფრო ადრე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.
_____
ფოტოზე: მირდატ ქამადაძე და გელა დეკანაძე ბათუმის საკრებულოში. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე
ანზორ ხიმშიაშვილს დღეს ბოლო ზარი ჰქონდა. ის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ანზორთან ერთად დღეს კიდევ ოთხმა ახალგაზრდამ აღნიშნა სკოლის დასრულება. ანზორი და მისი მეგობრების – X-XII-კლასელები ეგრეთ წოდებულ კლასკომპლექტში სწავლობენ.
ანზორი გვეუბნება, რომ მომავალი პროფესია უკვე არჩეულია აქვს – პროფესიულ კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას და უნდა კომპიუტერის სპეციალისტი გამოვიდეს. მისი თანაკლასელი რეზიკო ყურშუბაძე თავის მომავალს სცენაზე ხედავს – მსახიობობა უნდა.
ბათუმის 26-ე სკოლაში სულ 42 შშმ მოსწავლე სწავლობს. სკოლის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შშმ ბავშვების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, ამიტომაც ახალი სასწავლო წლიდან სამი სპეცმასწავლებლის დამატება იგეგმება.
დღეს 26-ე სკოლაში აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მივიდნენ მოსწავლეებისთვის სკოლის დასრულების მისალოცად.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება ფიროსმანისა და შარტავას ქუჩებს შეუწყდება. ფიროსმანზე წყლის მიწოდება სრულად იქნება შეზღუდული. რაც შეეხება შარტავას ქუჩას, წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნული ქუჩის N18-დან N22-ის ჩათვლით.
წყლის მიწოდება შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 15 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 26 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16-17 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
შუახევი-ხულოს მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაზე აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტენდერი 33 797 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.
მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი აუქციონის გარეშე იყო გამოცხადებული, რაც დაფარული კონკურენციის წესს გულისხმობს [კომპანიები ელექტრონული ვაჭრობისას ვერ ხედავენ, თუ ვინ არის მათი კონკურენტი და რა ფასი დააფიქსირა].
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა ბათუმი-ხიჭაურის მილსადენის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერშიც 2017 წელს. ეს მილსადენი, რომლის მშენებლობისთვის 25 768 251 ლარი დაიხარჯა, უკვე აშენებულია.
შუახევი [ხიჭაურის დასახლება]- ხულოს [გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი, ზანკები] საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო [სახელშეკრულებო] თანხა ეტაპობრივად დაიფარება აჭარის 2019-1921 წლების ბიუჯეტებიდან.
ამ გაზსადენის მშენებლობისთვის აჭარის მიმდინარე, 2019 წლის ბიუჯეტში, 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„ენერჯი ინვესტი 2009“-ის წილის 95 პროცენტის მფლობელი შპს „ბათუმის წყლის“ ყოფილი დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ოჯახის წევრი [შვილი] მერაბ ქოქოლაძეა. თენგიზ ქოქოლაძე ბათუმის წყლის გენერალურ დირექტორად 2016 წლის დეკემბერში ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა დანიშნა. თენგიზ ქოქოლაძემ ეს თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. მანამდე თენგიზ ქოქოლაძე წლების განმავლობაში იყო „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი.
კომპანიას 2019 წელს კიდევ ერთ მაღალბიუჯეტიან – 2 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოებზე, ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გაუფორმა საქართველოს გაზის მომარაგების კომპანიამ.
—
ხულოში კურორტ გოდერძის გაზმომარაგების პროექტის განხორციელება 2018 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაავალა. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „ადიგენი-გოდერძის“ 33 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც დაერთებული იქნება ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული „ახალციხე-ვალე-არალის“ გაზსადენზე.
ხიჭაური-გოდერძის გაზსადენი კი ხულოს ტერიტორიაზე ადიგენი-გოდერძის გაზსადენზე დაერთდება, ხოლო ხიჭაურში, ბათუმი-ხიჭაურის უკვე აშენებულ გაზსადენზე. ამით აჭარა ბუნებრივ აირს მიიღებს როგორც ქობულეთის, ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ოფიციალურად გამოცხადებასთან შემდეგ, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ლექციების ციკლი ტარდება. ამის შესახებ პედაგოგები თვითონ წერენ ფეისბუკში და ლექციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციასაც აფიქსირებენ. პედაგოგები წერენ, რომ გარდა იმისა, რომ არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ლექციაზე მიჰყავდათ, მათ მოუწიათ იმის მოსმენა, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, „ეს მაშინ, როცა ლექციას მუსლიმი პედაგოგებიც ესწრებოდნენ“.
როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს მასწავლებლებს მსგავს შემთხვევებში? – „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებას უზიარებს ქართული ენისა და ლიტერატურის 2019 წლის საუკეთესი მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე. ის 2017 წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშიც მოხვდა.
ნათია ფურცელაძე: „უპირველეს ყოვლისა, როგორც მასწავლებლისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები აზროვნებდნენ კრიტიკულად და ჩვენ აღვზარდოთ, განვავითაროთ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა. მაგრამ კრიტიკულად მოაზროვნე თაობას ვერ ჩამოვაყალიბებთ, თუ ჩვენ თავად არ ვიქნებით კრიტიკულად მოაზროვნეები.
რაც შეეხება მასწავლებლების დატრენინგებას რელიგიურ საკითხებში, ამაზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ცალსახა დამოკიდებულება არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის შეხვედრა იქნება, ეს იქნება პროფესიული განვითარებისთვის თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, საკუთარი ნებისა და სურვილის გარეშე მასწავლებლები არაფერს არ უნდა დაესწრონ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია და მეც ქრისტიანი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა, ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის უწმინდესია, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს არის ჩემი პირადი სამყარო. როდესაც საკლასო ოთახში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეებთან შევდივარ და მინდა, რომ შევქმნა ტოლერანტული გარემო, რელიგიის თემამ, სხვისი თავისუფლება და უფლებები არ უნდა შელახოს. არ შეიძლება რელიგიის დაყვანა პოლიტიკის დონეზე, მგონია, რომ არანაირი შეხვედრა არ უნდა იყოს იდეოლოგიური და თუ იქნება რელიგიური შინაარსის, მასწავლებლებმა ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ წინასწარ და თვითონ გადაწყვიტონ, დაესწრებიან თუ არა.
მე, როგორც მასწავლებელს, არავინ უნდა მიკვეთდეს, ესა თუ ის თემა, თუნდაც იდეოლოგიურ დონეზე, მივაწოდო მოსწავლეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს თანასწორი საზოგადოება, თანასწორი გარემო, მსგავსი მითითებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, თუ ეს ეხება ისეთ თემას, როგორიცაა რელიგია, მსგავსი აქტივობებით თუ ღონისძიებებით სიტუაცია უფრო გაუარესდება.
ზოგადად, რელიგიური შინაარსის დატვირთვისგან სკოლა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ნებისმიერი ადამიანი თვითონ ირჩევს თავის რწმენას. მე თვითონ აღმსარებელი ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა და რელიგიური დამოკიდებულებები არავითარ შემთხვევაში არასოდეს არცერთ მოსწავლეს არ უნდა მოვახვიო თავს და არც სხვამ უნდა მომახვიოს თავისი შეხედულებები. პირადად ჩემთვის მსგავსი აქტივობები მიუღებელია.
როცა მასწავლებლები ინფორმაციის მიწოდების გარეშე მიჰყავთ შეხვედრაზე, არ მიმაჩნია სწორად. ისიც ითქვა, რომ დაისვა შეკითხვები, მასწავლებლები დაინტერესდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს სათანადო პასუხები. ყველა მასწავლებელი ნებისმიერ შეხვედრაზე აუცილებლად უნდა მიდიოდეს საკუთარი ნებით. სხვანაირად, თავისუფლებას, პიროვნების პატივისცემას ვერ ვასწავლით მოსწავლეს.
ზუსტად განათლებაა იმის ბერკეტი, რომ არავინ არავის გამოსაყენებელი არ გახდეს. ცხრა წელია მასწავლებელი ვარ და არასოდეს არ მქონია იმის განცდა, რომ ოდესმე რაღაც მანქანამ გამომიყენა. განათლება, წიგნიერება მეხმარება, რომ პატივი ვცე და დავაფასო ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური აღმსარებლობისა, შეხედულებებისა თუ შესაძლებლობებისა. შესაბამისად, ვცდილობ ეს გადავცე ჩემს მოსწავლეებსაც“.
ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა 30 მაისს, პროკურორების დღეს დააჯილდოვა. პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატების სია მთავარმა პროკურატურამ გადასცა. არც პროკურორს და არც პრეზიდენტს დაჯილდოების ცერემონიაზე არ უთქვამთ, კონკრეტულად რა საქმეების გამო დააჯილდოეს იმ დღეს 4 პროკურორი: ნინო აღლემაშვილი, რევაზ ბაღაშვილი, გიორგი გოგაძე და ფრიდონ ქარცივაძე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ ღირსების ორდენს აძლევს „დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
თუ კი დაჯილდოებული პროკურორების საქმეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, ფრიდონ ქარცივაძე სახელმწიფო ბრალმდებელი იყო 2011 წელს „ბათუმის მაისის მოვლენების საქმეში“. მაშინ პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ბათუმში დაკავებულ პირებს: ცოტნე ანანიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, გოჩა მუხაშავრიას, დავით ფარტენაძეს და ზაზა სიორიძეს – ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. გასამართლებული პირები 2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა და ციხიდან გაუშვა.
ყოფილი პოლიტიკურ პატიმრებიდან რამდენიმე დღეს ხელისუფლებაშია. მაგალითად, ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. იგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა, როცა ფრიდონ ქარცივაძეს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.
„პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა და განზრახ უდანაშაულო პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არის ის ანტისტანდარტი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება სამართლიანობას… ის წარმოადგენდა პროკურატურას, რომელიც იმ მომენტში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების იარაღი იყო და ეს მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ იყო,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.
ღირსების ორდენით პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის შესახებ ჩვენგან გაიგო კიდევ ერთმა ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, დიმიტრი ჭეიშვილმა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.
„მიუღებელია, რა თქმა უნდა… დავუკავშირდები თანამებრძოლებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი.
რას გააკეთებენ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, თუკი პრეზიდენტი ამ საქმის შეხსენების შემდეგაც რეაგირებას არ მოახდენს? – დიმიტრი ჭეიშვილმა და ცოტნე ანანიძემ ამ კითხვაზე ერთნაირად გვიპასუხეს: „დაველოდოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, შემდეგ ვნახოთ“.
პრეზიდენტისთვის მიმართვას, საკითხის შესწავლის შემდეგ, აპირებს ყოფილი მოსამართლე, იურისტი ირაკლი შავაძე. იგი ყოფილი პოლიტიკური პატიმრებიდან ერთ-ერთის, ანზორ სოლომონიძის ინტერესებს იცავდა სასამართლოში 2011 წელს.
„შეუძლებელია, რომ ერთის მხრივ, პარლამენტი პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ანიჭებდეს ადამიანს და, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ღირსების ორდენს ანიჭებდეს პროკურორს, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელი იყო. რა გამოდის, სადაა სახელმწიფო ხედვა?“ – კითხულობს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატები მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მიაწოდა, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას აპირებს.
„დღეს მე ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ ოთხ პროკურორს, რათა ეს იყოს ნიშანი დაფასებისა და სტიმული თითოეული პროკურორისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურში დგას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია. ამდენად, თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და რაც ყველაზე მთავარია – სინდისი…“ – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურორებს დაჯილდოვების დროს.
რატომ არ გაუწია ანგარიში პარლამენტის შეფასებას პრეზიდენტმა? – ამ და სხვა კითხვებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ. დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტება არ მიგვიღია.
სამაგიეროდ, განმარტება გაგვიკეთეს პროკურატურაში. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფრიდონ ქარცივაძე ბოლო წლის საქმეების გამო დააჯილდოვეს. აქ თავი აარიდეს კითხვას „მაისის მოვლენებსა“ და პოლიტიკურ პატიმრებზე.
„ფრიდონ ქარცივაძის ხელმძღვანელობით 2018 – 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, აღსანიშნავია ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. სახელმწიფო ბრალდების ეფექტური მხარდაჭერის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამ სისხლის სამართლის საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით თორმეტივე პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. ასევე, პოლიციელზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.
„პროკურატურის ეს განმარტება არ ცვლის მოცემულობას. ეს არის მესიჯი ქვეყნის მეთაურისგან იმაზე, თუ ვინ არის ღირსეული,“ – ამბობს იურისტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, კახა კოჟორიძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების იმ მიდგომის ნაწილია, რაც უკვე ვნახეთ ლევან მურუსიძის „დაფასების“ შემთხვევაში და გამონაკლისი არც პროკურორი ფრიდონ ქარცივაძის ეს შემთხვევაა.
„ღირსების ორდენი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდო და ვინც იღებს მსგავსი ტიპის ჯილდოს, ცხადია, მისი წარსული საქმიანობა არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. არ ვიცი, ეს რატომ გამორჩა მთავარ პროკურატურას მხედველობიდან,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა და ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ცოტნე ანანიძემ.
იურისტი კახა კოჟორიძე რისკებს ხედავს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის, რადგან ქვეყნის მეთაურის მიერ დაწესებულმა სტანდარტმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებზე:
„ეს არის მესიჯი, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან ცუდი რამეები ჩაიდინოთ, მაგრამ ერთგულები თუ იქნებით, მოგეტევებათ და შესაძლოა, ღირსების ორდენიც გადმოგცეთ. ეს ძალიან ცუდად აისახება მთლიანად ადამიანის უფლებებზე. თუ მორჩილება ასე ფასდება, მაშინ რა გარანტია არსებობს, რომ ეს ადამიანი იგივეს არ გააკეთებს, მას ხომ დაუფასდა ეს? ის ან სხვა რატომ ჩათვლის, რომ უნდა შეიცვალოს?
პარლამენტმა თქვა, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ანუ ამ პროკურორის მონაწილეობით მაშინ მართლმსაჯულება ემსახურებოდა არა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების იდეალებს, არამედ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას. ამ დაკვეთის შემსრულებელი გამოდის ეს ადამიანი. ეს მოცემულობა მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ წინააღმდეგობას. მაშინ პარლამენტმა უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და ეს პროკურორი იყო მართალი,“ – აღნიშნა კახა კოჟორიძემ „ბათუმელებთან“.
პროკურორების დაჯილდოვების ცერემონიაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც.
სალომე ზურაბიშვილი აჯილდოებს ფრიდონ ქარცივაძეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
„პირველი, რაც თქვენ მინდა გისურვოთ, არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რადგან შეუძლებელია რაიმე რეფორმის წარმატებაზე ვისაუბროთ, თუ ის არ არის ასახული საზოგადოების დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ და თუ ეს ნდობა არ არსებობს, არცერთ რეფორმას ფასი არა აქვს,“ – უთხრა თამარ ჩუგოშვილმა პროკურორებს.
რას ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმ პროკურორის დაჯილდოვებაზე, რომლის ერთ-ერთ საქმეზეც პარლამენტმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა მსჯავრდებულებს? -„ბათუმელები“ თამარ ჩუგოშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალა.
ფრიდონ ქარცივაძე ბოლო რამდენიმე თვეა ოზურგეთის რაიონულ პროკურორად მუშაობს. მანამდე იგი წლების განმავლობაში ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა.
„მე ყოველთვის კანონის შესაბამისად, მაღალი პროფესიონალიზმით, ღირსეულად ვახორციელებდი და ვახორციელებ ჩემთვის მონიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – ეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოგვწერა. მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი მორიგი შეკითხვა: „გამოდის, პარლამენტი შეცდა?“
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.geმობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა.
წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს.
ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ტენდერის პირველ ეტაპზე ტექნიკური დოკუმენტაცია სამმა კომპანიამ წარმოადგინა. წარმოდგენილი წინადადებების განხილვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა განახორციელეს. პირველი ეტაპი სამივე კომპანიამ გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე დოკუმენტაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ წარადგინა.
ელექტროავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაბალპროცენტიანი სესხითა და მოპოვებული გრანტის საშუალებით ხორციელდება. ახალი ელექტროავტობუსები ბათუმში წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ ელექტროავტობუსების ფერის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრმა სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა დაიწყო. პროგრამის პირველ ეტაპზე სერტიფიცირების კურსს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 39 სოციალური მუშაკი გაივლის. 2019 წლისთვის იგეგმება დაახლოებით 80 სოციალური მუშაკის სერტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ცენტრის ინფორმაციით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკების სერტიფიცირება „სოციალური მუშაობის შესახებ“ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს.
სალომე ჩარკვიანი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში დასაქმებული სოციალური მუშაკების ტრენინგები სექტემბრიდან დაიწყება.
„დანარჩენი ჯგუფები 2020 წელში გადამზადდებიან. უფასო ტრენინგები მხოლოდ იმ სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდებათ, რომლებიც სისტემაში არიან დასაქმებული. სხვებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თანხა გადაიხადონ და ისე აიმაღლონ კვალიფიკაცია“.
სალომე ჩარკვიანის თქმით, სოციალური მუშაკების გადამზადება განათლების სამინისტროს ვალდებულებაა და ეს ტრენინგები იქნება აკადემიურ კურსთან გათანაბრებული. „ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თეორიულ ცოდნასაც შეიძენენ და ამავე დროს იქნებიან ოფიციალური სოციალური მუშაკები, რადგან ახლა ეს ადამიანები სხვადასხვა პროფესიით მუშაობენ სისტემაში და პროფესიით სოციალური მუშაკები არ არიან. სერტიფიცირება მათ მისცემს შესაძლებლობას, კარიერული წინსვლით განვითარდნენ სისტემაში“, – გვეუბნება სალომე ჩარკვიანი.
ცენტრის ინფორმაციით, „ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ ამუშავებს 14 საგნისაგან შემდგარ მოდულს. „პროგრამას წაუძღვებიან გამოცდილი სოციალური მუშაკები „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან“, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან“.
„სოციალური მომსახურების სააგენტოში“ 200-მდე სოციალური მუშაკია დასაქმებული. ისინი რამდენიმე თვის წინ თავიანთ სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებდნენ. სოცმუშაკები ამბობენ, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო სოციალური სერვისების მიმართულებით ატარებს, კრიზისშია და არათუ ეხმარება, არამედ ხელს უშლის ბენეფიციარებს, საჭირო დახმარება მიიღონ.
ძირითადი პრობლემები, რასაც სოცმუშაკები ხაზს უსვამენ, სამუშაო რესურსის სიმწირე და შეუსაბამო სამუშაო პირობებია.
სოციალურ მუშაკთა გადამზადების პირველი ეტაპი 31 აგვისტოს დასრულდება.
უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება გაუძვირდათ. თუკი აქამდე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად 300 ათასი ლარი იყო საკმარისი, ახლა ამისთვის 300 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. თუკი უცხოელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება სურს, მან ამ ოდენობის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ქვეყანაში. ცვლილება კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შევიდა და იგი 5 ივლისიდან ამოქმედდება.
„ეს საკანონმდებლო ცვლილება ნეგატიურად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან შესაძლოა იგი უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე… არ არის დასაბუთებული, რის გამო უნდა გაზრდილიყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფინანსური ოდენობა საინვესტიციო ბინადრობისთვის. ბუნებრივია, გაზრდილი ოდენობის გამო, ბევრი ინვესტორი გადაიფიქრებს საქართველოში შემოსვლას,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება ხარვეზს მოაწესრიგებს, თუმცა აქვე დაკონკრეტებული არ არის, რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა.
„სახელმწიფოს აქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება – შემოუშვას „ყველა“, გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. ამგვარი სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოიშვა დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას წარმოადგენს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მყოფ უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
უცხოელი, რომელიც საქართველოში 300 ათასი დოლარის ინვესტიციას შემოიტანს, საინვესტიციო ბინადრობას მიიღებს 5 წლის ვადით, რის შემდეგაც მას უვადო ბინადრობა შეუძლია მოითხოვოს. იმავე სტატუსით ისარგებლებენ მისი ოჯახის წევრებიც. ბიზნესმენს ასევე ექნება ვალდებულება, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესი შეინარჩუნოს. კანონი განსაზღვრავს წლიური ბრუნვის ოდენობასაც, მაგალითად, პირველ წელს ამ ბიზნესის წლიური ბრუნვა 50 ათასი აშშ დოლარი უნდა იყოს, მეორე წელს – არანაკლებ 100 ათასი დოლარი, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში კი, – 120 ათასი აშშ დოლარი. თუ ბიზნესმენს ეს წლიური ბრუნვა არ ექნება, მას საინვესტიციო ბინადრობა შეუჩერდება.
საინვესტიციო ბინადრობის უფლების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აქვთ იმ პირებსაც, ვინც საქართველოში 300 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს. ის საინვესტიციო ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუკი ეს საკუთრება სხვის ხელში გადავა.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, გაძვირდა დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაც – თუკი აქამდე საქართველოში 35 ათასი დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში მიიღებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე დროებით ბინადრობას, ახლა მას საქართველოში ხანგრძლივად გაჩერებისთვის 100 ათასი დოლარის ღირებულების ბინის ყიდვა მოუწევს.
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის ბიზნესით არის საქართველოში დაკავებული ან სწავლობს. ბიზნესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი, ყველაზე ხელსაყრელი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაა.
ეს კანონი უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. საქართველოს გარკვეულ ქვეყნებთან აქვთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ უვიზო რეჟიმის პირობით საქართველოში შემოსულ ადამიანს არ აქვს მეწარმეობის უფლება.
ციხისძირში, სასტუმრო „კასტელო მარეზე“ რუსეთის დროშა ფრიალებს – ინფორმაციას ამის შესახებ TV 25 ავრცელებს. TV 25-მა გაავრცელა სასტუმროს წარმომადგენლის ვიდეოკომენტარიც, სადაც ის ამბობს, რომ ეს სასტუმროს პოლიტიკაა:
„ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კი სასტუმროში 45 პროცენტზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიასაც, აჭარას, საქართველოს და „კასტელო მარეს“. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსულია ჯგუფი, „სოლნიჩნაია გრუზია“, ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ მაგიტომ, ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ დროშა დავკიდოთ. ჯგუფი გადის ცოტა ხანში და დროშა ჩვეულებრივად ჩამოიხსნება”.
სასტუმრო „კასტელო მარე“ 2016 წლის ივნისში გაიხსნა და იგი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულისასტუმროა აჭარაში. ოფიციალურად სასტუმროს ავსტრიული კომპანია ფლობს. თუმცა, ქართული მედია უკვე წლებია წერს, რომ სასტუმროს მფლობელი მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი, მილიარდერი სოსო ორჯონიკიძეა.
სოსო ორჯონიკიძე „კასტელო მარეს“ გახსნასაც ესწრებოდა 2016 წელს.
სოსო ორჯინიკიძე სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნაზე. ფოტო: „ბათუმელები“
განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო „კასტელო მარემ“ ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის დროშა ჩამოხსნილია და „რუსეთი ოკუპანტია“.
აუდიტორული საქმიანობის 2019 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 აუდიტის ჩატარებას გეგმას. 2018 წელს ჩატარებული აუდიტის რაოდენობა კი 4-ით მეტი იყო.
სამსახური ჩაატარებს აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ეს ფინანსური აუდიტი აჭარის ბიუჯეტს სრულად მოიცავს.
სამსახურის განმარტებით, „ფინანსური აუდიტის მიზანია მიიღოს გონივრული რწმუნება იმის თაობაზე, შეიცავს თუ არა ფინანსური ანგარიშგება რაიმე არსებით უზუსტობას, მომზადდა თუ არა ფინანსური ანგარიშგება კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და შესაბამისი სტანდარტების მიხედვით“.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 6 შესაბამისობის აუდიტის ჩატარება აჭარაში.
„შესაბამისობის აუდიტის მიზანია ორგანიზაციის ოპერაციებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო და საგრანტო მოთხოვნებთან და ორგანიზაციულ პოლიტიკებთან და პროცედურებთან. შესაბამისობის აუდიტი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს უფრო მაღალი რისკის მატარებელ და აქტუალურ თემებზე“, – აცხადებს აუდიტის სამსახური.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი − საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა [აუდიტის პერიოდი: 2016-2017 წლები];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა [2017-2018 წლები];
ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2016-2018 წლები];
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი [2018 წელი];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი [2017-2018 წლები];
[/checklist]
აუდიტის სახელმწიფო სამსახური ასევე ჩაატარებს, ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის [ეკონომიკური საქმიანობის] ეფექტიანობის აუდიტსაც.
„ეფექტიანობის აუდიტი თანამედროვე საჯარო სექტორის აუდიტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სახელმწიფო მმართველობის ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტი მიზნად ისახავს შეაფასოს, რამდენად იქნა მიღწეული გადახდილი ფასის შესაბამისი ღირებულება. ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება ხელს უწყობს საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას, მათ მიზანმიმართულად და ეფექტიანად გამოყენებას“ – აცხადებს აუდიტის სამსახური.
– – –
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის პირველ კვარტალში მთავარ პროკურატურას 20 ანგარიში გადაუგზავნა. მათ შორის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების“ ბათუმის 2017 წლის პროგრამის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიც.
ანგარიშში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთ დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი. აუდიტის მიხედვით, მერიის პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს გახარჯულია 91 165 839 ლარი, თუმცა პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მუზეუმის დირექტორის პოსტზე სულხან ოქროპირიძე დაინიშნა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
სულხან ოქროპირიძე ქობულეთის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი პროფესიით ისტორიკოსია.
აჭარის მუზეუმის დირექტორის თანამდებობა 29 მაისის შემდეგაა ვაკანტური, როცა მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
აჭარის მუზეუმი ბათუმში მდებარე ოთხ მუზეუმს აერთიანებს: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს.
შენიშვნა: მასალაში შეტანილია ცვლილება. თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ სულხან ოქროპირის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა.
ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე აფეთქება მოხდა. CNN-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ორივე გემიდან ეკიპაჟის 44 წევრია ევაკუირებული.
ნორვეგიული ფირმა ფრონტლაინის კუთვნილ, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ერთ-ერთ ნავთობტანკერს Front Altair-ს 75 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა. ის ტაივანისკენ მიცურავდა. ნავთობტანკერზე, რომელზეც აფეთქება მოხდა, საქართველოს ერთი მოქალაქეც იმყოფებოდა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაური ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სასტუმროშია დაბინავებული.
მეორე ტანკერი პანამის დროშის ქვეშ მცურავი “Kokuka Courageous” იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა. გემი მეთანოლით იყო დატვირთული. BSM Ship Management-ის ცნობით, ეკიპაჟმა ცეცხლმოდებული ტანკერი სამაშველო ნავით დატოვა. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა.
აფეთქება ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე ამ დილით მოხდა. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით ხუთშაბათ დილით სხვადასხვა დროის ინტერვალით ორი განგაშის სიგნალი მიიღო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარე უწყებას – დასაქმების სააგენტოს მოულოდნელად ესტუმრა. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი დახვდა. სამსახურში არც სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე იმყოფებოდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში გვითხრა, თორნიკე რიჟვაძის სააგენტოში ვიზიტის შესახებ არაფერი იცის.
„ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა… არა, ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ არა სააგენტოში, სხვაგან, საქმიან გარემოში“, – გვითხრა თემურ კახიძემ, რომელიც მომხდარს კატეგორიულად არ უარყოფს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, თორნიკე რიჟვაძე სააგენტოში ნამდვილად იმყოფებოდა. დაუგეგმავად კი იმიტომ მივიდა, რომ მისი მიზანი მონიტორინგი იყო. რა მოხდა იქ და მიიღო თუ არა შენიშვნა სააგენტოს ხელმძღვანელმა იმის გამო, რომ სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა, ამ კითხვაზე აჭარის მთავრობაში არ გვიპასუხეს.
ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი თენგიზ სურმანიძე აცხადებს, რომ მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებენ. ის ფეისბუქში წერს, რომ ზეწოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრისგან მოდის.
“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სამინისტრო თეატრის საქმიანობაში არ ერევა.
„ჩვენ თეატრის დირექტორსაც კი ვნიშნავთ და ვათავისუფლებთ სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. მით უმეტეს მენეჯერთან დაკავშირებით ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აბსურდია,” – გვითხრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში.
“თენგიზ სურმანიძე არის ჩვენი თანამშრომელი. არავის არ შეუთავაზებია მისთვის თეატრიდან წასვლა. ამას კატეგორიულად უარვყოფთ. არც არავის დაუვალებია ჩვენთვის, რომ ბატონ თენგიზთან ამ თემაზე გველაპარაკა. ის განცხადებები, რა განცხადებებითაც ის მოიხსენიებს ქალბატონ მაია ხაჯიშვილს და ბატონ თორნიკე რიჟვაძეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და ამას კატეგორიულად ვემიჯნები,” – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე.
ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ თენგიზ სურმანიძე ოჯახური პირობების გამო სამსახურში არ დადის და ამაზე „თეატრი თვალს ხუჭავდა“.
„ყველა ჩვენგანის სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით ამ პიროვნებას. თვეების განმავლობაში ჩვენ ეს დახმარება გავუწიეთ და აქ აბსოლუტურად ერთსულოვანია მთელი თეატრი. ისიც გვესმის, რომ ძალიან რთული მდგომარეობა აქვს და თბილისიდან ვერ ჩამოდის. აქვს რთული ოჯახური მდგომარეობა და თეატრი ეკიდება გაგებით. ოღონდ ჩვენგან იყო თხოვნა, რომ მაინც მოენახა საშუალება და სამსახურში ევლო. ამის იქით არც ჩვენი თხოვნა, არც მოთხოვნა არ წასულა,” – ამბობს ანდრო ენუქიძე.
ხელვაჩაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 50 მოსაცდელი მოეწყობა. ამჟამად სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს მახინჯაურის, ორთაბათუმის, შარაბიძეებისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერიის ზედამხედველობის სამსახური მშენებლობის კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
სამუშაოებს ერთდროულად ახორციელებს ორი კომპანია, შპს „თამუნა“ და შპს „მეგაბილდი“.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 186 891 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.
ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც.
რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა?
მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. რაც შეეხება ტაბლოს, შესაძლოა, რაღაც კონტაქტის პრობლემა იყოს ან ნათურა გადაიწვას – ამისგან დაზღვეული არავინაა და ხდება აღდგენა. უბრალოდ, ამ ავტობუსებს ჯერ კიდევ აქვთ საგარანტიო ვადა და დეტალის გახსნა-შეკეთება მომწოდებელ კომპანიასთან შეთანხმების გარეშე არ ხდება, რასაც გარკვეული დრო, ვთქვათ, 2-3 დღე სჭირდება.“
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მაგალითად, დღეს, 13 ივნისს, ტაბლო მხოლოდ ორ ავტობუსზეა გათიშული და ისინიც შეკეთდება. „ჩვენ ძველ ავტობუსებზეც კი აღვადგინეთ ელექტროტაბლოები“, – აცხადებენ კომპანიაში.
40 ახალი [ლურჯი] ავტობუსი ბათუმის მერიამ ეტაპობრივად 2018 წლის აგვისტოდან მიიღო. დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერიამ, ჯამში, 3 მილიონ 137 ათასი ევრო ანუ ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევრო გადაიხადა.
12 ივნისს მაღალმთიანი აჭარის სოფლები სეტყვამ დააზიანა. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ ყველაზე მეტად ქედა დააზარალა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 12 ივნისს სეტყვის შედეგად დაზიანებულია მიწის სავარგულები, ნარგავები და მრავალწლოვანი კულტურები.
მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც. კერძოდ, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის კოკოტაურის მონაკვეთზე მეწყერი განვითარდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ქედის მერიის ცნობით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია.
კოკოტაურში, ძანაძეების უბანში, მიწის მასა ჩამოწვა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
დაისეტყვა სოფლები: კოკოტაური, ზესოფელი, ინაშარიძეები, მერისი, ზედა აქუცა, ორცვა, არსენაული, შევაბური, ოქტომბერი, კუჭულა, საბადური, აბუქეთა.
წყლის მასის მოვარდნის გამო, საფრთხე შეექმნა ერთი მოქალაქის საცხოვრისს სოფელ ტაკიძეებში. ქედის მერიის ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია.
ხულოს მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხულოში სეტყვა ძირითადად გოდერძისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო და განსაკუთრებული ზარალი მუნიციპალიტეტს არ მიუღია. „ნარგავები ჯერ არ არის ამოსული და შესაბამისად მნიშველოვანი ზარალი არ ყოფილა,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კი გვითხრეს, რომ სეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში იყო: კარაპეტში, კვიახიაძეებსა და ჭვანის ხეობის რამდენიმე სოფელში. პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიას შეტყობინება ნათესების განადგურებასა და მეწყრული პროცესების შესახებ არ მიუღია.
____________
ფოტოზე: სეტყვა ქედაში. ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
დღეს სამაშველო სამსახურმა მედიას 9 ქალი მაშველი წარუდგინა. წელს პირველად, ქალი მაშველები კაცებთან ერთად იმუშავებენ მთელი სეზონის განმავლობაში. ქალები, ჯერჯერობით, გადამზადებას გაივლიან. წვრთნები დღეს, 13 ივნისს დაიწყო.
აჭარის სანაპიროზე, ზღვის სეზონზე, 15 ივნისიდან 160 მაშველი იმუშავებს, ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ კი – 250, მათ შორის 20 ქალი იქნება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით წელს 50 მაშველი დაამატეს. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამაშველო სამსახური ორი პირის გადარჩენის შესახებ იტყობინებოდა. ბათუმის ზღვის სანაპიროზე უკვე ძალიან ბევრი დამსვენებელია, მათ შორის ბავშვებიც.
აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებსწარმოადგენენ.
ბათუმის დრამატული თეატრის კომერციული დარგის მენეჯერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და განათლების მინისტრს მიმართავს. თენგიზ სურმანიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება თორნიკე რიჟვაძემ და მაია ხაჯიშვილმა დაგეგმეს.
“ხო მიიღეთ გადაწყვეტილება ჩემი ბათუმის დრამატული თეატრიდან განთავისუფლების შესახებ? “მალადეც”. შენ “ზონდეროვიჩი” ხარ და ეს არ განიხილება, თქვენ მაია, რატო იქეცით “ზონდერად”? ის რო უნამუსოა, უსუსური და არა ადამიანური გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს არ გამკვირვებია. მაგრამ თქვენ, “მინისტრო”, ან ქალის, ან დედის, ან შვილის, ან საერთოდ ადამიანის გრძნობა არ გაგაჩნიათ?! თუ თანამდებობისთვის დათმეთ? ღმერთის არ გეშინიათ?! ცოდვა მადლის მცნება თქვენთვის უცხოა ალბათ. ოჯახები გყავთ? შვილები, მეუღლეები. ტუტუცები ხართ და არ ფიქრობთ ხვალინდელ განსაცდელზე თქვენი ტუტუცური გადაწყვეტილების მიზეზით რო მოგივიდეთ. მიმიფურთხებია მე თქვენი ორივესი ღირებულებებისთვის. დადექით ორივემ ერთად გოდერძის უღელტეხილზე და გამოექანეთ,” – წერს ფეისბუქზე თენგიზ სურმანიძე.
“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა თენგიზ სურმანიძეს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ფეისბუქზე, მის პირად პროფილზე, დაწერილი პოსტი ნამდვილად მას ეკუთვნის.
“ბრძანების დაწერას აპირებდნენ, მაგრამ მანამდე შემომთავაზეს განცხადება ჩემი სურვილით დამეწერა,” – უთხრა თენგიზ სურმანიძემ “ბათუმელებს”.
“ბათუმელები” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ბრძანება თენგიზ სურმანიძის გათავისუფლების შესახებ, არ არის დაწერილი.
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულ იქნა 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.
ძალადობის ფორმებს შორის ადგილი ჰქონდა: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე მუქარას, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ძალადობას.
მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:
62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)
32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;
4 შემთხვევაში – მეზობელი;
3 შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;
2 შემთხვევაში – ნათესავი;
2 შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;
2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;
1 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;
1 შემთხვევაში – სოციალური სამსახური;
1 შემთხვევაში – სხვა პირი.
შს სამინისტროს ცნობით, შემაკავებელი ორდერი გამოიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში – მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში – სხვა პირმა.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
შს სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია.
რაც შეეხება აპრილში მეორედ გამოცხადებულ ტენდერს, ის უარყოფითი შედეგით დასრულდა. სააგენტოს სატენდერო კომისიის შესაბამის ოქმში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა ტენდერის მოთხოვნებს, რის გამოც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. პრეტენდენტი იყო „სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“, რომელიც სააგენტოს სამუშაოების შესრულებას 1 მილიონ 529 ათას ლარად სთავაზობდა.
სააგენტოს პეტრას ციხეზე სამუშაოების დასრულების ვადად 2020 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდი ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა, სატენდერო პროცედურების გამო, ეს ვადა სამი თვით – 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადაიწია.
რამდენჯერმე შეიცვალა მოთხოვნა, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებაც. წინა ტენდერში პრეტენდენტს 2014 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა ჰქონოდა დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 5 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება.
ამჯერად კი, ეს 5-მილიონიანი ზღვარი სააგენტომ 4-მილიონამდე შეამცირა.
უცვლელი დარჩა ძეგლზე მუშაობის გამოცდილების მოთხოვნა – 2014 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.
ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 30 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.
ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის ფაქტზე ორი პირი ამხილეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში – 874, ხოლო, მეორე შემთხვევაში – 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში.
მაჯის საათები
ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.
„აქ კაბელები ისეა გაყვანილი, ვერაფერს გაარკვევ. ნებისმიერ დროს შეიძლება ავფეთქდეთ, სულ შიშში ვართ,“ – ამბობს ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მაია ბოლქვაძე. მისი თქმით, დასახლებაში ელექტროენერგიის პრობლემა ხშირად იქმნება. მოსახლეობის თქმით, მათ რამდენიმე თვის წინ თორნიკე რიჟვაძისგან მიიღეს დაპირება, რომ ელექტროენერგიის სისტემა მოწესრიგდებოდა და მთავრობა შუამავლის როლს შეასრულებდა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“.
„ხალხი კინაღამ აჯანყდა და გაგვაჩერეს, გამოვასწორებთო, კაბელებსაც მოვიტანთო… მოვიდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიიდან“ და ჩვენი დაყენებული ამომრთველები შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ ვერ უძლებს. სადაც უნდა იყოს 350-კილოვატიანი, არის 150-იანი. „ოპელის“ ძრავა რომ „მერსედესზე“ დააყენო, ხომ ვერ იმუშავებს?“ – კითხულობს ამავე დასახლებაში მცხოვრები სულიკო ბოლქვაძე. იგი პროფესიით ელექტრიკოსია და დასახლებას ემსახურება. მას ხალხისგან საყვედურის მოსმენაც ხშირად უწევს.
„უხელფასოდ ვმუშაობ. ადრე ხალხი მიგროვებდა 2 – 2 ლარს, მაგრამ ახლა მაგიც როგორ მოვთხოვო? წინა თვიდან 5852 ლარი მაქვს გადასახდელი, არ ათავდა ეს თანხა,“ – დასძენს სულიკო ბოლქვაძე.
აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ისინი მოსახლოებას გამრიცხველიანებას არ დაჰპირებიან, დანარჩენ პრობლემას კი ენერგოკომპანია აგვარებს.
„ჩვენ ასევე მოვიკითხოთ ეს საკითხი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. გვიპასუხეს, რომ ისინი ქსელს რეგულარულად ამოწმებენ და ჩვენთვის არავის მოუმართავსო,“ – განაცხადეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.