მთავარი,სიახლეები

უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბინადრობა 5 ივლისიდან გაუძვირდებათ

13.06.2019 • 1864
უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ბინადრობა 5 ივლისიდან გაუძვირდებათ

უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება გაუძვირდათ. თუკი აქამდე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად 300 ათასი ლარი იყო საკმარისი, ახლა ამისთვის 300 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. თუკი უცხოელს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მიღება სურს, მან ამ ოდენობის ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ქვეყანაში. ცვლილება კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შევიდა და იგი 5 ივლისიდან ამოქმედდება.

„ეს საკანონმდებლო ცვლილება ნეგატიურად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან შესაძლოა იგი უარყოფითად აისახოს ქვეყნის ეკონომიკაზე… არ არის დასაბუთებული, რის გამო უნდა გაზრდილიყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფინანსური ოდენობა საინვესტიციო ბინადრობისთვის. ბუნებრივია, გაზრდილი ოდენობის გამო, ბევრი ინვესტორი გადაიფიქრებს საქართველოში შემოსვლას,“ – მიიჩნევს „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება ხარვეზს მოაწესრიგებს, თუმცა აქვე დაკონკრეტებული არ არის, რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა.

„სახელმწიფოს აქვს გაცხადებული პოლიტიკური ნება – შემოუშვას „ყველა“, გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. ამგვარი სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოიშვა დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები, რომელთა მოსაწესრიგებლად, უპირველეს აუცილებლობას წარმოადგენს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მყოფ უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

უცხოელი, რომელიც საქართველოში 300 ათასი დოლარის ინვესტიციას შემოიტანს, საინვესტიციო ბინადრობას მიიღებს 5 წლის ვადით, რის შემდეგაც მას უვადო ბინადრობა შეუძლია მოითხოვოს. იმავე სტატუსით ისარგებლებენ მისი ოჯახის წევრებიც. ბიზნესმენს ასევე ექნება ვალდებულება, პირველი ხუთი წლის განმავლობაში ბიზნესი შეინარჩუნოს. კანონი განსაზღვრავს წლიური ბრუნვის ოდენობასაც, მაგალითად, პირველ წელს ამ ბიზნესის წლიური ბრუნვა 50 ათასი აშშ დოლარი უნდა იყოს, მეორე წელს – არანაკლებ 100 ათასი დოლარი, დანარჩენი სამი წლის განმავლობაში კი,  – 120 ათასი აშშ დოლარი. თუ ბიზნესმენს ეს წლიური ბრუნვა არ ექნება, მას საინვესტიციო ბინადრობა შეუჩერდება.

საინვესტიციო ბინადრობის უფლების შესაძლებლობა 5 წლის ვადით აქვთ იმ პირებსაც, ვინც საქართველოში 300 ათასი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს. ის საინვესტიციო ბინადრობის უფლებას დაკარგავს, თუკი ეს საკუთრება სხვის ხელში გადავა.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, გაძვირდა დროებითი ბინადრობის უფლების მიღებაც – თუკი აქამდე საქართველოში 35 ათასი დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში მიიღებდა უცხო ქვეყნის მოქალაქე დროებით ბინადრობას, ახლა მას საქართველოში ხანგრძლივად გაჩერებისთვის 100 ათასი დოლარის ღირებულების ბინის ყიდვა მოუწევს.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგალითად, როცა კონკრეტული ადამიანის ბიზნესით არის საქართველოში დაკავებული ან სწავლობს. ბიზნესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი, ყველაზე ხელსაყრელი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაა.

 

ეს კანონი უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. საქართველოს გარკვეულ ქვეყნებთან აქვთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ უვიზო რეჟიმის პირობით საქართველოში შემოსულ ადამიანს არ აქვს მეწარმეობის უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: