Batumelebi | რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე – Batumelebi
RU | GE  

რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე

დღეს, 29 მაისს, სსიპ “აჭარის მუზეუმის” დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან გათავისუფლების შესახებ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დილით მიიღო.

“ბათუმელების” კითხვებს გათავისუფლების სავარაუდო მიზეზებსა და სსიპ-ის მენეჯმენტის მუშაობასთან დაკავშირებით თამარ ორაგველიძე პასუხობს.

  • ქალბატონო თამარ, აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მენეჯმენტის გაუმჯობესება იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი. მიგიღიათ შენიშვნები მენეჯმენტზე?

არც შენიშვნა და არც გაუთვალისწინებელი მითითება, ამ ერთი წლის განმავლობაში არ მიმიღია. შემიძლია ვთქვა, რომ რაკი დადგა აუცილებლობა პირველ ივნისს სსიპ-ი შექმნილიყო და მე შემომთავაზეს მისი ხელმძღვანელობა, მიუხედავად ჩემი ხედვებისა და კითხვის ნიშნებისა აღნიშნული სსიპ-ის შესახებ, ეს იყო შესაძლებლობა შემეცვალა რეალობა და მემსახურა იმ საქმის უფრო კარგად წარმართვისთვის, რაც მიყვარდა და რასაც წლები შევალიე. 12 წელია მუზეუმში ვმუშაობ, ჩემი კანდიდატურა შეირჩა სწორედ ნობელის მუზეუმში წარმატებით განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე. ამიტომ შევხედე ამას, როგორც შესაძლებლობას, რომ პირადად გამეკეთებინა ეს ჩემი ხელით, ჩემი გონებით.

რა თქმა უნდა, დამრჩა ბევრი განუხორციელებელი პროექტი და იდეა, რადგან ეს იყო რეაქციის პროცესი – მოგეხსენებათ 4 მუზეუმი თავისი ფილიალებით შეერთდა; რა თქმა უნდა, ამას ყველა ბედნიერად არ შეხვედრია. მე ამის მოლოდინი არც მქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ დავდეთ კარგი შედეგი. მაგალითად: თუ საგანმანათლებლო პროგრამების მაჩვენებელს გადავხედავთ, 2019 წელს მხოლოდ მაისის თვემ ორჯერ აჯობა 2017 და 2018 წლების მაჩვენებლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო პროექტებს, მე ვიმყოფებოდი ინგლისში „კრეატიული საქართველოსა“ და ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი პროექტით, სადაც წარვადგინეთ რელიგიისა და ნობელის მუზეუმები. რელიგიის მუზეუმს ანალოგი მსოფლიოში არ მოეძებნება და ჩვენი ქალაქის რელიგიური ტოლერანტობის, მისი გამორჩეულობის შესახებ ყვება, რითაც ძალიან დაინტერესდნენ. ასევე სსიპ-მა შექმნა ელექტრონული ბილეთები, ფასდაკლების ბილეთები, რიგ მუზეუმებში ინგლისურენოვანი გიდები, სერვისის გაუმჯობესების კუთხით ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის საერთაშორისო გამოფენები და გვქონდა ბევრი სიახლე პროექტების კუთხით, რაც გამჭვირვალეა.

ჩვენ დავიწყეთ მომავალი თაობიდან, სწორედ საგანმანათლებლო პროგრამებით… გარდა ამისა, ქალაქში გაჩნდა ბანერები, გამზადებულია 111 წლის კატალოგი, რომელიც ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმს არ ჰქონია, თუმცა სსიპი როცა შეიქმნა, კატალოგის რაღაც ნაწილი დამხვდა და მადლობა მინდა ვუთხრა იმ გუნდს, რომელიც ღირსეულად ემსახურება სამუზეუმო საქმეს. ეს არ არის ოფიციალური განცხადების ნაწილი, რეალურად ეს ადამიანები არიან ცოცხალი მემატიანეები, რომლებიც უვლიან, პატრონობენ, იცავენ და დახმარება სჭირდებოდათ პოპულარიზაციის ნაწილში და მე სწორედ ამას ვცდილობდი.

დაგეგმილი პროექტები ალბათ განხორციელდება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გეგმაში შეტანილია და ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას ზაფხულში. ეს არის ქართველი და იაპონელი მხატვრის, სამურაის უკანასკნელი ხმლის მფლობელის ერთობლივი გამოფენა.

  • თქვენ ახსენეთ, რომ თავიდანვე ოთხი მუზეუმის გაერთიანებას ყველა დადებითად არ შეხვედრია. შესაბამისად სსიპ-ის თანამშრომლების ნაწილი თქვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი, ამ დაპირისპირებას თუ ხედავთ გათავისუფლების მიზეზად?

არამგონია შიდა უსაფუძვლო დაპირისპირება გამხდარიყო საბაბი, რადგან ყველა საჩივარზე, რომლებიც ამ თანამშრომლებს ჰქონდათ, მე მაქვს გაცემული არგუმენტირებული პასუხები, მაგალითად, ინსპექტირების სამსახურში და ეს ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა.

  • წინასწარ იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ თქვენს გათავისუფლებას აპირებდნენ, ბოლო პერიოდში იყო გაფრთხილება ამის თაობაზე ან შეთავაზება, თავად წასულიყავით. ან ხომ არ შემოუთავაზებიათ სხვა ადგილი დირექტორის პოსტიდან წასვლის საკომპენსაციოდ?

აქამდე კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია, გათავისუფლების შესახებ განკარგულებაც ჩემთვის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eFlow-დან გახდა ცნობილი. ასევე, სსიპ “აჭარის მუზეუმის” დირექტორის მოადგილის, ქალბატონ ნინო შაინიძის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე.

  • თქვენ დაინიშნეთ ზურაბ პატარაძის მთავრობის თავმჯდომარეობის დროს. როგორ ფიქრობთ, ის ხომ არ გახდა გათავისუფლების მიზეზი, რომ თქვენ პატარაძის კადრი იყავით და არა რიჟვაძის?

კონკრეტიკას პოლიტიკის კუთხით ავცდებოდი. ვფიქრობ, მუზეუმი ის სფეროა, სადაც კადრების ასეთ მფარველობაზე არ უნდა ვისაუბროთ. მე მოვედი ნობელის მუზეუმის წარმატებით განხორციელებული პროექტებით და ეს დაინახეს ადამიანებმა. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვინც დაინახა და დღესაც ხედავს რაც გავაკეთე დ გავაკეთებ მომავალში.

  • რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, რუსეთის ფედერაციის დროშასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ითქვა, რომ თქვენი გათავისუფლება უკავშირდება მის წასვლას თანამდებობიდან. თქვენ ხედავთ ამ კავშირს?

ეს ხმები იმის შესახებ, რომ საერთოდ ამასთან რაიმე კავშირი მქონდა, ზედმეტად მიმაჩნია.

აუცილებლად უნდა ვთქვა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე და მისი ძმა ორივე სამხედრო პირია. მე ვარ ოჯახიდან, სადაც აგვისტოს ომის ორი მონაწილე მყავს, ვიცე-პოლკოვნიკი და საქართველოს გმირი. მე, ისევე როგორც საქართველოს ყველა პატრიოტსა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს, რუსეთთან მაქვს ისეთივე დამოკიდებულება, მე ვიცავ ჩემი ქვეყნის მთლიანობას და ჩემი ოჯახის ორი წევრი დღემდე პირნათლად ასრულებს ამ მისიას.

  • აპირებთ თუ არა გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

ეს ფაქტი ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვიტოვებ ფიქრის უფლებას.

  • არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, ვის დანიშვნას აპირებენ ამ პოსტზე?

არა.  ჩემი გათავისუფლების შესახებ განკარგულება სრულიად მოულოდნელი იყო.

______________________

ფოტოზე: თამარ ორაგველიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ფოტო: აჭარის მუზეუმი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან