პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების საქმის პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა 


ბათუმელი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა 30 მაისს, პროკურორების დღეს დააჯილდოვა. პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატების სია მთავარმა პროკურატურამ გადასცა. არც პროკურორს და არც პრეზიდენტს დაჯილდოების ცერემონიაზე არ უთქვამთ, კონკრეტულად რა საქმეების გამო დააჯილდოეს იმ დღეს 4 პროკურორი: ნინო აღლემაშვილი, რევაზ ბაღაშვილი, გიორგი გოგაძე და ფრიდონ ქარცივაძე. პრეზიდენტმა თქვა, რომ მათ ღირსების ორდენს აძლევს „დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.

თუ კი დაჯილდოებული პროკურორების საქმეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, მაგალითად, ფრიდონ ქარცივაძე სახელმწიფო ბრალმდებელი იყო 2011 წელს „ბათუმის მაისის მოვლენების საქმეში“. მაშინ პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ბათუმში დაკავებულ პირებს: ცოტნე ანანიძეს, ხვიჩა გამარჯობაძეს, დიმიტრი ჭეიშვილს, ანზორ სოლომონიძეს, გოჩა მუხაშავრიას, დავით ფარტენაძეს და ზაზა სიორიძეს – ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. გასამართლებული პირები 2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა და ციხიდან გაუშვა.

ყოფილი პოლიტიკურ პატიმრებიდან რამდენიმე დღეს ხელისუფლებაშია. მაგალითად, ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს. იგი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა, როცა ფრიდონ ქარცივაძეს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.

„პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა და განზრახ უდანაშაულო პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არის ის ანტისტანდარტი, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება სამართლიანობას… ის წარმოადგენდა პროკურატურას, რომელიც იმ მომენტში პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების იარაღი იყო და ეს მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში არ იყო,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

ღირსების ორდენით პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის შესახებ ჩვენგან გაიგო კიდევ ერთმა ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, დიმიტრი ჭეიშვილმა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.

„მიუღებელია, რა თქმა უნდა… დავუკავშირდები თანამებრძოლებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს დიმიტრი ჭეიშვილი.

რას გააკეთებენ ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, თუკი პრეზიდენტი ამ საქმის შეხსენების შემდეგაც რეაგირებას არ მოახდენს? – დიმიტრი ჭეიშვილმა და ცოტნე ანანიძემ ამ კითხვაზე ერთნაირად გვიპასუხეს: „დაველოდოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, შემდეგ ვნახოთ“.

პრეზიდენტისთვის მიმართვას, საკითხის შესწავლის შემდეგ, აპირებს ყოფილი მოსამართლე, იურისტი ირაკლი შავაძე. იგი ყოფილი პოლიტიკური პატიმრებიდან ერთ-ერთის, ანზორ სოლომონიძის ინტერესებს იცავდა სასამართლოში 2011 წელს.

„შეუძლებელია, რომ ერთის მხრივ, პარლამენტი პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ანიჭებდეს ადამიანს და, მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ღირსების ორდენს ანიჭებდეს პროკურორს, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელი იყო. რა გამოდის, სადაა სახელმწიფო ხედვა?“ – კითხულობს ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პრეზიდენტს დასაჯილდოებელი პროკურორების კანდიდატები მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მიაწოდა, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას აპირებს.

„დღეს მე ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ ოთხ პროკურორს, რათა ეს იყოს ნიშანი დაფასებისა და სტიმული თითოეული პროკურორისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურში დგას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია. ამდენად, თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და რაც ყველაზე მთავარია – სინდისი…“  – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროკურორებს დაჯილდოვების დროს.

რატომ არ გაუწია ანგარიში პარლამენტის შეფასებას პრეზიდენტმა? – ამ და სხვა კითხვებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ. დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტება არ მიგვიღია.

სამაგიეროდ, განმარტება გაგვიკეთეს პროკურატურაში. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ფრიდონ ქარცივაძე ბოლო წლის საქმეების გამო დააჯილდოვეს. აქ თავი აარიდეს კითხვას „მაისის მოვლენებსა“ და პოლიტიკურ პატიმრებზე.

„ფრიდონ ქარცივაძის ხელმძღვანელობით 2018 – 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, აღსანიშნავია ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. სახელმწიფო ბრალდების ეფექტური მხარდაჭერის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამ სისხლის სამართლის საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით თორმეტივე პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. ასევე, პოლიციელზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.

„პროკურატურის ეს განმარტება არ ცვლის მოცემულობას. ეს არის მესიჯი ქვეყნის მეთაურისგან იმაზე, თუ ვინ არის ღირსეული,“ – ამბობს იურისტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, კახა კოჟორიძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების იმ მიდგომის ნაწილია, რაც უკვე ვნახეთ ლევან მურუსიძის „დაფასების“ შემთხვევაში და გამონაკლისი არც პროკურორი ფრიდონ ქარცივაძის ეს შემთხვევაა.

„ღირსების ორდენი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდო და  ვინც იღებს მსგავსი ტიპის ჯილდოს, ცხადია, მისი წარსული საქმიანობა არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ დევნასთან. არ ვიცი, ეს რატომ გამორჩა მთავარ პროკურატურას მხედველობიდან,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა და ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ცოტნე ანანიძემ.

იურისტი კახა კოჟორიძე რისკებს ხედავს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის, რადგან ქვეყნის მეთაურის მიერ დაწესებულმა სტანდარტმა შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებზე:

„ეს არის მესიჯი, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან ცუდი რამეები ჩაიდინოთ, მაგრამ ერთგულები თუ იქნებით, მოგეტევებათ და შესაძლოა, ღირსების ორდენიც გადმოგცეთ. ეს ძალიან ცუდად აისახება მთლიანად ადამიანის უფლებებზე. თუ მორჩილება ასე ფასდება, მაშინ რა გარანტია არსებობს, რომ ეს ადამიანი იგივეს არ გააკეთებს, მას ხომ დაუფასდა ეს? ის ან სხვა რატომ ჩათვლის, რომ უნდა შეიცვალოს?

პარლამენტმა თქვა, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ანუ ამ პროკურორის მონაწილეობით მაშინ მართლმსაჯულება ემსახურებოდა არა კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების იდეალებს, არამედ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას. ამ დაკვეთის შემსრულებელი გამოდის ეს ადამიანი. ეს მოცემულობა მოიცავს, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ წინააღმდეგობას. მაშინ პარლამენტმა უნდა თქვას, რომ შეცდომა დაუშვა და ეს პროკურორი იყო მართალი,“ – აღნიშნა კახა კოჟორიძემ „ბათუმელებთან“.

პროკურორების დაჯილდოვების ცერემონიაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც.

სალომე ზურაბიშვილი აჯილდოებს ფრიდონ ქარცივაძეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„პირველი, რაც თქვენ მინდა გისურვოთ, არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რადგან შეუძლებელია რაიმე რეფორმის წარმატებაზე ვისაუბროთ, თუ ის არ არის ასახული საზოგადოების დამოკიდებულებაში ინსტიტუტების მიმართ და თუ ეს ნდობა არ არსებობს, არცერთ რეფორმას ფასი არა აქვს,“ – უთხრა თამარ ჩუგოშვილმა პროკურორებს.

რას ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმ პროკურორის დაჯილდოვებაზე, რომლის ერთ-ერთ საქმეზეც პარლამენტმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა მსჯავრდებულებს? -„ბათუმელები“ თამარ ჩუგოშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალა.

ფრიდონ ქარცივაძე ბოლო რამდენიმე თვეა ოზურგეთის რაიონულ პროკურორად მუშაობს. მანამდე იგი წლების განმავლობაში ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა.

„მე ყოველთვის კანონის შესაბამისად, მაღალი პროფესიონალიზმით, ღირსეულად ვახორციელებდი და ვახორციელებ ჩემთვის მონიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებას,“ – ეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ მოგვწერა. მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი მორიგი შეკითხვა: „გამოდის, პარლამენტი შეცდა?“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი