მთავარი,სიახლეები

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ:)“ – მაშველ ქალებზე საკრებულოს წევრის დისკრიმინაციული გამონათქვამი 

14.06.2019 • 2268
„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ:)“ – მაშველ ქალებზე საკრებულოს წევრის დისკრიმინაციული გამონათქვამი 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. სხდომის დაწყებისთანავე მან სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მას ამის საშუალება არ მისცა.

სხდომის დასრულების შემდეგ კი, რომა დოლაბერიძეს საკრებულოს წევრთან, ენმ-ის წევრ ნოდარ დუმბაძესთან, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა:

„კულტურა ისწავლე მინიმუმ გაიგე?… შენ როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – უთხრა მან საკრებულოს წევრს. საკრებულოს წევრმა მას გაჩუმება ურჩია.

ჟურნალისტებს რომა დოლაბერიძემ უთხრა, რომ სხდომაზე საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა:

რატომ სთხოვენ ქალ მაშველებს სექსუალურობას და სიშიშვლეს

„გუშინ  საკრებულოს ერთმა წევრმა მოახდინა მაშველი გოგონების დისკრედიტაცია, საჯაროდ, ფეისბუქის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, შეკითხვები დამესვა, მაგრამ თავმჯდომარემ არ მომცა ამის საშუალება, მიუხედავად დაპირებისა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, ეს არის ქალთა დისკრედიტაცია. პირიქით, მათ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ გაძლიერდნენ ქალები, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება,  მაშველი იქნება ის თუ სხვა. ასევე, როგორც ვიცით, ომარ მახარაძეს [პროფესორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა] უნივერსიტეტმა შეუწყვიტა ხელშეკრულება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან საკუთარი ნებით დატოვოს საკრებულოს წევრის მანდატიც“.

ომარ მახარაძე დღეს სხდომას არ დასწრებია.

ნოდარ დუმბაძემ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის დისკრიმინაციული კომენტარი დაწერა:

ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ირონიულად უპასუხა იმ ადამიანებს, რომლებიც გოგონებზე ცუდს წერდნენ. ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი  საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია:

„ამ შედეგზე არ მიფიქრია ნამდვილად იმიტომ, რომ არც მიგულისხმია, რომ რაღაც დისკრიმინაციული განცხადება გამეკეთებინა“, – თქვა მან.

კითხვაზე, ახლა მაინც თუ ფიქრობთ, რომ ეს იყო დისკრიმინაციული ტექსტი? – პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს. ნოდარ დუმბაძემ არც ის დამალა, რომ მას ეჭვი შეაქვს მაშველი გოგონების პროფესიონალიზმში.

„ქალი იქნება თუ კაცი, მაშველს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა, ის უნდა იყოს მომზადებული ჯერ ფსიქოლოგიურად, შემდეგ  – ფიზიკურად. დიახ, მე ეჭვი შემეპარა ამ გოგონების მომზადებაში. რატომ? – იმიტომ, რომ რა ვიცი. მათი მოვალეობების შესახებ გამოქვეყნებაზე კი უნდა ვთქვა, რომ ასე იპოვა მთავრობამ შემდეგ გამოსავალი, მას შემდეგ, რაც ატყდა აჟიოტაჟი, თავიდანვე არ დაუწერიათ, რომ მათ მხოლოდ პლაჟზე პატრულირება ევალებოდათ. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მომავალში იქნებიან ძლიერი მაშველები, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია არ უნდა დაეკისროს სტუდენტს, რომელიც არ არის მომზადებული“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

მისი თქმით, მომავალში ხუმრობის დროსაც სიფრთხილეს გამოიჩენს.

რომა დოლაბერიძე

გუშინ, 13 ივნისს, სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს პირველად აჭარის სანაპირო ზოლში მაშველებად გოგონებიც იმუშავებდნენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: