ფინანსთა სამინისტრომ 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა – სებ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების აუქციონებზე ჯამში 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2020 წლის 6 იანვარს, სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, ხოლო ამავე დღეს, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, ასევე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციით:

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 187 265 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000%-ით, მაქსიმალური 9.380%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.318%-ით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონს, აქ მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 115 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150%–ით, მაქსიმალური 9.350%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198%–ით განისაზღვრა.

ერაყში აშშ-ის ბაზებზე ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა

პენტაგონის განცხადებით, ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც CNN წერს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმებმა „შეტევა განახორციელეს ერაყში მდებარე ალ-ასადის ამერიკულ ბაზაზე ათი რაკეტით“. რაზმებმა გააფრთხილეს აშშ, რომ „ახალი აგრესიის შემთხვევაში უფრო დიდი, დამანგრეველი პასუხი“ იქნებოდა. აგრეთვე, რაზმების განცხადებით, შეტევას მიიტანენ ნებისმიერ სახელმწიფოზე რეგიონში, რომელიც აშშ-ის აგრესიის პლატფორმა გახდება.

პრეზიდენტ ტრამპის პრეს-მდივნის, სტეფანი გრიშამის განცხადებით, შეტევის შესახებ ტრამპი ინფორმირებულია. შეტევის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკლედ ეხმიანება ირანის სარაკეტო თავდასხმას ამერიკულ ბაზებზე და წერს, რომ “ყველაფერი კარგადაა”

“ყველაფერი კარგადაა. ირანიდან გასროლილია რაკეტები ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე. ამჟამად ზიანის  შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა.  ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოს ყველა წერტილში. განცხადებას გავაკეთებ ხვალ დილით”, – წერს ტრამპი ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით კი აშშ-ს საავიაციო კომპანიებს ირანის, ერაყის, ომანის ყურისა და ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენები ეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს. აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც ირანმა, 8 იანვარს, ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

აქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ზე შეტევის შემთხვევაში „საპასუხო იერიში იქნებოდა სწრაფი და ძლიერი“, ხოლო თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-ს არ სურს ირანთან ომი, თუმცა თუ ომი დაიწყება, „მზადაა დაამთავროს“.

აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო ირანი განიხილავს ცამეტ „შურისძიების სცენარს“, განაცხადა ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ირანულ „Fars“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ საბჭოში ამჟამად შურისძიების 13 სცენარი განვიხილეთ და კონსენსუსი მათგან ყველაზე სუსტზე რომც შედგეს, ეს ამერიკელებისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება“, – აცხადებს ალი შამჰანი.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. ირანი აშშ-ს „შურისძიებით“ დაემუქრა, ხოლო დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შეტევის შემთხვევაში, „საპასუხო იერიში იქნება სწრაფი და ძლიერი“.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მთავარი ფოტო: Google Maps-დან

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა.

ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხულო-ღორჯომის მთავარი გზიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხვალ, 8 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია ქარცივაძის მრჩევლად არჩევას. თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, გუშინ, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და პროცესის შეჩერება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკითხი სავარაუდოდ ხვალ, 8 იანვარს უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელი მოსამართლე განიხილავს საკითხს.

ყოფილი კონკურსანტების თქმით, ეს არის სარჩელის აღძვრამდე ღონისძიების უზრუნველყოფა და შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.

ისინი ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ ბოლო გასაუბრების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. კონკრეტულად, იმ ნორმების შეჩერებას, რომლის საფუძველზეც შედგა შემაჯამებელი ოქმი.

დავა ჯერ დაწყებული არ არის. ყოფილ კონკურსანტებს სასამართლოში სარჩელი ჯერ წარდგენილი არ აქვთ და მათ შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათ მიაჩნიათ რომ შეჩერების საფუძველი არის.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი თავის დროზე 9 პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ბეჟან გობაძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ლაშა ზარგინავა, თეიმურაზ დიასამიძე, ციალა ქათამიძე, ჯემალ მეგრელიძე, ნათია აფხაზავა, ირმა ზოიძე და გია ქარცივაძე.

სასამართლოს კი შუამდგომლობით მიმართეს ციალა ქათამიძემ, არჩილ ხახუტაიშვილმა, ბეჟან გობაძემ და ჯემალ მეგრელიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი, კომისიის მიერ შერჩეული კონკურსანტებიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაესახელებინა. კომისიამ კი ბოლო შემაჯამებელი ოქმით სამი კანდიდატი: ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე შეარჩია. სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვოტით უნდა აირჩიონ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი.

კომისიაში 5 წევრი იყო: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ EECMD რეგიონული კოორდინატორი – თამარ მამეიშვილი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელი – მანანა შარაშიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის – „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე – ლევან გობაძე.

სად ჩატარდება 8 იანვარს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ჯერ გადაწყვეტილი არ არის

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ხვალ, 8 იანვრისთვისაა ჩანიშნული, თუმცა სესიის ჩატარების ადგილი გადაწყვეტილი არ არის. უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში ხვალ დილით ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სესიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რიგგარეშე სესია შესაძლოა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდეს.

ბიურო ერთ საკითხს განიხილავს  – „აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 8 იანვრის რიგგარეშე სესიის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფლის – იურიდიული მისამართის გარეთ გამართვის შესახებ“. როგორც ცნობილია უმაღლესმა საბჭომ მისამართი შეიცვალა და ჩაქვიდან ბათუმში [ყოფილი ხელოვნების სასწავლებლის შენობაში] გადმოვიდა, თუმცა სხდომათა დარბაზი სესიის ჩასატარებლად მზად არ არის.

ბიუროს სხდომა დილის 11 საათისთვისაა ჩანიშნული, ხოლო სესია 12:00 საათიდან

რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში  სამი საკითხია შეტანილი:

[checklist]

  • კანონპროექტი აჭარის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ – მესამე მოსმენა
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის არჩევა
  • უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ანგარიში – 2018 წლის პირველი სექტემბრიდან 2019 წლის პირველ სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ.

[/checklist]

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტი გია ქარცივაძე დაასახელა, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია. თუ კი უმაღლესი საბჭოს 11 წევრი გია ქარცივაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ქარცივაძე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება.

ამ თემაზე:

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად გია ქარცივაძე დაასახელეს

 

საახალწლო ნაძვის ხე ბათუმის ბულვარში 20 იანვრამდე დარჩება

საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ბათუმის ბულვარში, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში გვითხრეს 20 იანვარს დაიწყება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში საზეიმოდ 2019 წლის 26 დეკემბერს აანთეს.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ამჯერად არა ევროპის მოედანზე, არამედ ბათუმის ბულვარში გაიმართა. აქვე, მრგვალ შადრევანზე დადგეს მთავარი ნაძვის ხეც.

საახალწლო ღონისძიებები, დღეს, 7 იანვარს დასრულდება.

დღეს, საღამოს 20:00 საათზე, ღონისძიება სტეფანეს კონცერტით დაიწყება, 21:00 საათიდან კი Spacecraft-ი გააგრძელებს.

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 8 იანვარს დაიწყება საკონცერტო მთავარი სცენის დემონტაჟი. ხვალვე აიღებენ ბულვარში განთავსებულ ჯიხურებს, სადაც საახალწლო ბაზრობა იმართებოდა.

საახალწლო ღონისძიებები ბულვარში დღეს საღამოს კონცერტით დასრულდება

საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, რომელიც 2019 წლის 26 დეკემბერს დაიწყო, დღეს, 7 იანვარს დასრულდება.

დღეს, საღამოს 20:00 საათზე, ღონისძიება სტეფანეს კონცერტით დაიწყება, 21:00 საათიდან კი Spacecraft-ი გააგრძელებს.

ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 8 იანვარს დაიწყება საკონცერტო მთავარი სცენის დემონტაჟი. ხვალვე აიღებენ ბულვარში განთავსებულ ჯიხურებს, სადაც საახალწლო ბაზრობა იმართებოდა.

რაც შეეხება მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, ის ბულვარში 20 იანვრამდე დარჩება.

 

 

მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს – მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე და ამბობს, რომ დეკანოზის პატიმრობის გახანგრძლივებაში ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს „უსაზღვროდ დიდი წვლილი აქვს“.

„მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ ვითომ დიალოგი იყო პრეზიდენტთან [რომ არ შეეწყალებინა], ეს სრული აბსურდია, საერთოდ ამ ადამიანს [თორნიკე მამალაძეს] ახასიათებს ქოსატყულობა.

მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა წერილი, ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდელყოფილი [მეუფე პეტრე] არ ახმოვანებს –  თუ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს გავაცნობო. მამალაძე აწერდა ხელს და ეს არის შანტაჟი. და იმაში, რომ მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდელყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს ამ საქმეში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ 7 იანვარს საშობაო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან.

„თვითონ პრეზიდეტმა ბრძანა, მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ცოტა მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი მის არგუმენტებში, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ მორალური ტერორი ამ ხნის მანძილზე როგორც დეკანოზ მამალაძისგან, ასევე ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის იყო“, – დასძინა მან.

6 იანვარს პრეზიდენტმა უარი თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 8 ნოემბერს მიმართა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატის თქმით, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

ამ თემაზე:

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

შობის ღამისთევა ბათუმის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, ქრისტეს შობის ღამისთევის წირვა მიმდინარეობს.

სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს, ღამით, პირველის წუთებზე დაიწყო.

ტაძარში აჭარის ხელისუფლებისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

დღისით ბათუმის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / შობა / 7.01.2020 / თედო ჯორბენაძის ფოტოები
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / შობა / 7.01.2020 /
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / შობა / 7.01.2020 / ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / შობა / 7.01.2020 / ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ამ თემაზე:

ილია II-ს საშობაო ეპისტოლე

 

ილია II-ს საშობაო ეპისტოლე

ილია II-ს საშობაო ეპისტოლე 2020 წლისთვის წინა წლების ეპისტოლეებისგან განსხვავდება. ამჯერად პატრიარქი აღარ ამახვილებს ყურადღებას სხვადასხვა სოციალურ თუ საზოგადოებრივ თემებზე, როგორც ეს, მაგალითად, 2019 წელს იყო.

იხილეთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სრულად, ცვლილების გარეშე:

[toggle title=”პატრიარქის საშობაო ეპისტოლე”]

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და  ყოველნო ერნო:

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა ის, “ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).

ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი  ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს  მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის  მადიდებელი ერის წიაღში, წმ. დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.

დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი  ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და  ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით  შემოქმედს  ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და  ყოველი სულდგმულნი,  რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი,  ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით  მას უკუნისამდე, რამეთუ  ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა;  ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური ,,მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.

შენ გვასწავლე,  იესო, რომ სიყვარულშია ხსნა,  რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, –  წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო  ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული.  დღესაც შენ  გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და  ჯვარცმული, მაგრამ მაინც  გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი,  მოგმართავთ  ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ;  ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი;…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო,  ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე,  მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება  და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა.  მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ  “ შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“,  სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა,  – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და  თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან,  რათა ყოველნი  შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა  შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ  და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო,  ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად  ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს,  სიყვარულსა  და ერთგულებას, კრძალვითა და  თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება  შენს მობრძანებას,  ყრმაო, მშვიდობის მთავარო!  (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას,  უფალო   საბაოთ!  (ეს. 37,16)

დიდება  შენს მოვლინებას, ადონაი   უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ  და  აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა,  დედათა შორის  კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი  და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“  (გრ. ღვთისმეტყევლი),  გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით  თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი

ქრისტეს  შობა, 2019/2020

[/toggle]

აჭარაში გრიპით მომართვიანობა მაღალია, თუმცა ჰოსპიტალური შემთხვევები შემცირებული – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების მონაცემები ხასიათდება მოსალოდნელი ზრდის ტენდენციით.

ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით:

  • 2020 წლის პირველი კვირის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა ამბულატორიული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 415-ს, რაც თითქმის 77 ერთეულით აღემატება წინა [2019 წლის დეკემბრის ბოლო] კვირის  მონაცემს [338].
  • გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კი, 2020 წლის პირველი კვირის განმავლობაში, რეგიონში შეადგინა 82, რაც 47 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის ჰოსპიტალიზაციის რიცხვზე [129].

ცენტრის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ შემთხვევათა კლება იმის მაჩვენებელია, რომ ნაკლებადაა გართულებები.

აჭარაში, ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის B,  A/H1 და A/H3  ქვეტიპები, სხვა რესპირაციული ვირუსებიდან კი ცირკულირებდა: Rhinovirus, Bocavirus  და Adenovirus.

გრიპისა და გრიპისმაგვარ ამბულატორიულ შემთხვევათა (ILI) განაწილება კვირის მიხედვით, აჭარა, 2019-20წწ; 2018-2019წწ; 2017-2018წწ; 2016-2017წწ; 2015-2016წწ / წყარო: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ამ თემაზე:

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსები სადაც განაცხადების მიღება 8 იანვარს დაიწყება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რამდენიმე კონკურსში განაცხადების მიღება 2020 წლის 8 იანვარს დაიწყება.

კონკურსები გამოცხადებულია სეზონური სკოლის ორგანიზებაზე, კონფერენციის მოწყობაზე, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობასა და კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებაზე, სადაც განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 8 იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით.

საჯარო ლექციების მოწყობაზე გამოცხადებულ კონკურსში კი, აპლიკაციებს, სხვადასხვა დროს, სამინისტრო ორ ეტაპად მიიღებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღეებში გამოცხადდება კონკურსი უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვაზე.

კონკურსები „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებშია გამოცხადებული.

სეზონური სკოლა

სეზონური სკოლის ორგანიზების ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

დაფინანსება გაიცემა გრანტის სახით, ერთ განაცხადზე არაუმეტეს 25 000 ლარისა.

კონფერენციის მოწყობა

კონფერენციის მოწყობის ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონფერენცი(ებ)ის მოწყობას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

დაფინანსება გაიცემა გრანტის სახით, ერთ განაცხადზე არაუმეტეს 40 000 ლარისა.

სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე საქართველოს მოქალაქეებს; აგრეთვე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოთაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.

პროგრამის მონაწილე მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3 000 ლარის ოდენობით გრანტის სახით, რომელშიც შეიძლება შევიდეს მგზავრობის, ვიზის, ცხოვრებისა და სხვა ხარჯები.

კვალიფიკაციის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე საქართველოს მოქალაქეებს; აგრეთვე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოთაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.

კვალიფიკაციის ამაღლების/სტაჟირების მიზნით აპლიკანტი სამინისტროსგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას გრანტის სახით არაუმეტეს 8 000 ლარისა წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

საჯარო ლექციები

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს.

აპლიკაცია მიიღება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი – აპლიკაციის მიღების ვადა: 2020 წლის 15 იანვარი – 28 თებერვალი. საჯარო ლექციის ჩატარების ვადა: 2020 წლის 01 აპრილი – 31 აგვისტო;
  • მეორე ეტაპი -აპლიკაციის მიღების ვადა: 2020 წლის 01 აპრილი – 20 მაისი. საჯარო ლექციის ჩატარების ვადა: 2020 წლის 01 სექტემბრი – 5 დეკემბერი.

აღნიშნულ კონკურსებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციებისთვის გადადით ამ ბმულზე.

 

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალი წლის წინ პრემიები მიიღეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა წინასაახალწლოდ  პრემია დაირიცხეს. ამის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამარ წილოსანმა დაგვიდასტურა. მისი განმარტებით,  ეს არ ყოფილა პრემია და საბჭოს წევრებზე ეკონომიის სახით დარჩენილი თანხა გადანაწილდა.

თამარ წილოსანს არ დაუკონკრეტებია თანხის ოდენობა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი თითოეულ წევრს 2000 ლარი შეხვდა.  ტელეფონს არ პასუხობს საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი.  არ გვიპასუხეს სხვა მრჩევლებმა –  სოსო სტურუამ და თამილა დოლიძემ.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით პრემიის მიღებაზე უარი მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა თქვა.  ცოტა ხნის წინ  გაიზარდა საბჭოს წევრების ხელფასებიც.

აჭარის ახალი მრჩეველთა საბჭო 2 თვეზე მეტია რაც მუშაობას შეუდგა, საბჭოს ახალი წევრები უმაღლესმა საბჭომ 25 ოქტომბერს დაამტკიცა.

სიგარეტის და ოქროს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „წითელი ხიდი” სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6,820 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“ – აცხადებს უწყება.

ამავე სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 61 773,64 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები  და ასევე ოქროს მონეტები გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 168-ე მუხლის მე-1 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ერთ შემთხვევაში სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო მეორე შემთხვევაში, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ახლახანს, 6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც შეწყალების საკითხზე გამართა.

პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ გასულ წელს მიმართა.

„ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 იანვარს.

“ეს არის ურცხვი პატრიარქის და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება” –  განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 6 იანვარს, მას შემდეგ რაც პრეზიდენმა განაცხადა, რომ არ იწყალებს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

2019 წლის 4 ნოემბერს  პრეზიდენტმა მამალაძის შეწყალების საკითხს “სენსიტიური” უწოდა:  “მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი საქართველოს მთელი საზოგადოებსითვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა – უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მეც მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც ამ დღეებში იქნება მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია და ამ შემთხვევაში, მათ მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლოთ: „ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტები მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა“.

2019 წლის 26 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შეწყალების ახალი წესი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

ამ თემაზე:

რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს – არასრულწლოვანთა რეფერირების წესი

2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წინა დღით, 2019 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წესის მიზანია „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით“.

წესში განმარტებულია „რთული ქცევა“ – ანუ, „ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს. რთული ქცევა შესაძლებელია გამოხატული იყოს არასრულწოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ალკოჰოლის მოხმარებაში, მისი ჩართულობით ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში, სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებში“.

დოკუმენტის თანახმად, რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის შეიქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება“ იქნება.

ასეთი დაწესებულების შექმნამდე კი, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი) შეასრულებს.

სკოლა-პანსიონში 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მყოფი არასრულწლოვნების ამ წესის მიხედვით ხელახალ შეფასებას კი, 2020 წლის პირველ აპრილამდე, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განახორციელებს.

ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი, როგორც წესშია განმარტებული, არის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სათანადო სპეციალიზაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებენ არასრულწლოვნის ინდივიდუალურ საჭიროებებს, სოციალურ გარემოს, უსმენენ მას, კონსულტაციას უწევენ მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, გადაწყვეტილებას იღებენ არასრულწლოვნის რეფერირების, მათ შორის, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების/ცვლილების/შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2018 წლის 10 მაისს  წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული ქცევის ბავშვებს.

კონცეფციაში მაშინ აღნიშნული იყო, რომ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იქნება მაკოორდინირებელი ორგანო და დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვებს გადაამისამართებს სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს, აგრეთვე, კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში. ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

ახალი წესი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, „განსაზღვრავს რეფერირების პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს“.

რეფერირების სისტემა აერთიანებს უშუალოდ ცენტრს, შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ამ სამინისტროთა მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქართველოს პროკურატურასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს.

წესის მიხედვით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, აღნიშნული დაწესებულებები რეფერირების პროცედურის ფარგლებში უზრუნველყოფენ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

[checklist]

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას – საქართველოს პროკურატურა, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას (არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში) და უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას;
  •  სპეციალური პენიტენციური სამსახური ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას იმ შემთხვევაში, თუ იგი პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს პირობითი მსჯავრის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე და ნებაყოფლობით არ ერთვება „ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას;
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლების სამინისტრო, აგრეთვე, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სკოლები, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის გადამისამართებას ცენტრში; ეს უწყებები უზრუნველყოფენ ასევე რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების შემუშავებას და მიწოდებას, მონაწილეობენ ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებაში და თანამშრომლობენ ცენტრთან არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით. ცენტრში არასრულწლოვნის გადამისამართების პარალელურად კი აგრძელებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობას.

[/checklist]

არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას; არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ან/და გადამისამართებას; ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; უკიდურეს შემთხვევაში კი, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ

[checklist]

  • ეს წესი ვრცელდება რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი, ან მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
  • ეს წესი ასევე ვრცელდება 7-დან 14 წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
  •  10 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა დაუშვებელია.

[/checklist]

ცენტრის მიერ განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწოვნის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრსა და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ასევე ხელს აწერს არასრულწლოვანი.

ხელშეკრულებაში აისახება არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები, აგრეთვე, რეფერირების ფარგლებში არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის უფლებები და მოვალეობები.

ცენტრის გადაწყვეტილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად.

არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვანს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, გაუხანგრძლივდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ:

[crosslist]

  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე;
  • ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული ცენტრის მიერ არასრულწლოვნისათვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;
  • დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

[/crosslist]

„არასრულწლოვნის ვინაობის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრისა და რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად“ – აღნიშნულია წესში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/272586/

 

ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში: „მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება აღნიშნულ პროვინციაში მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ“, – წერია სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.

საელჩო ასევე ავრცელებს 24-საათიანი ცხელი ხაზის ნომერს – +962 797 299 799

რეგიონში ბოლო სამი დღეა სიტუაციაა დაძაბული. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაა. იერიშის ბრძანება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

აშშ-ის სამხედრო შეტევის შედეგად, რომლის შესრულების ბრძანებაც პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა, მოკლულია ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმის ელიტური, ქუდსის დანაყოფის მეთაური. მასთან ერთად ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში შეტევის დროს  სხვა სამხედრო მოხელეებიც მოკლეს. ამას პენტაგონში ადასტურებენ, ხოლო მომხდარის შესახებ ინფორმაცია „Fox News“-მა გაავრცელა.

ერაყში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერალის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უფრო გაუარესდა. აშშ-ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვა პირველად არ მომხდარა.  Reuters-ზე დაყრდნობით, ნახეთ აშშ-ირანის ურთიერთობების ქრონოლოგია 1953 წლიდან:

სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ ქვეყნების გამოხმაურება მომხდართან დაკავშირებით:

4 იანვარს, რამდენიმე რაკეტა დაეცა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში – მჭიდროდ დასახლებულ უბანთან და სალაჰუდინის პროვინციაში ბალადის ავიაბაზასთან, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან. ინფორმაცია ერაყელ სამხედროებზე დაყრდნობით „Reuters“-მა გაავრცელა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე განცხადებას აქვეყნებს და თეირანს აფრთხილებს, რომ ირანის მიერ  ამერიკულ ობიექტზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, ირანზე შეტევა ძალიან ძლიერი და სწრაფი იქნება.

ამ თემაზე:

„საპასუხო იერიში ირანზე იქნება ძალიან სწრაფი და ძლიერი“ – ტრამპი

 

რამდენად უსაფრთხოა საახალწლო განათებები ბათუმში

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან სპეციალური კარადა, რომელშიც ელექტროკაბელებია დაერთებული, ღიაა. ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა, რომელიც გვწერს, რომ პარკის ტერიტორიაზე გარდა ამ კარადისა, რამდენიმე ადგილზე ელექტროკაბელები ისეა გადაბმული, რომ უსაფრთხოება დაცული არ არის, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.

ბათუმის გარეგანათებებს წინასაახალწლოდ დეკორატიული განათებაც ემატება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „აჭარგანათებას“, თუმცა კომპანიაში გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დღეში ერთხელ, მათი სამსახურის მიერ, მუდმივად კონტროლდება გარეგანათებები ქალაქის მასშტაბით.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის კარადა რომელიმე მოქალაქემ გააღო და დატოვა. ხშირად ხდება ასეთი ფაქტები – ძირითადად, მობილურ ტელეფონებს მუხტავენ. ამჯერად თანამშრომელი გავა ადგილზე და კარადას დალუქავს. სხვა ადგილებიც მოწმდება და დაზიანების, ან სხვა დაღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვუკავშირდებით „აჭარგანათებას“ და პრობლემა გვარდება“ – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

ღია ელექტროკაბელების კარადა ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან / 5.01.2020 / ფოტო მოქალაქემ მოგვაწოდა

მთავრობამ ნატო-ს გემების საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის წესი უნდა დაამტკიცოს

ნატო-ს დროშის ქვეშ მცურავი გემების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 26 მარტამდე უნდა დაამტკიცოს.

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში, 2019 წლის 26 დეკემბერს შესული ცვლილებით, კანონს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (შემდგომ − ნატო) გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“

საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან [ანუ, 2019 წლის 26 დეკემბრიდან] 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი დადგენილების მიღება, რომლითაც ნატო-ს გემებისთვის აღნიშნული ნებართვის გაცემის წესი დამტკიცდება.

ცვლილება შევიდა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის ერთ-ერთი პუნქტი [მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი] ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა:

„საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“.

ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში“.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში, 2005 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ.

ნატოს გემები ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

მთავარი ფოტო: ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) ბათუმის ნავსადგურში /25.10.2019/ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმსა და აჭარის მთიანეთში უმეტესად უნალექო დღეები იქნება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 9-14 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში 7 და 8 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. მოგვიანებით აღნიშნული ავტომობილი მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გატაცებულ ავტომობილს მომხდარიდან მალევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში მიაკვლიეს. პოლიციამ ამავე სოფელში დააკავა ბრალდებული ზ.დ. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კვირას საოჯახო მედიცინის ცენტრი 2 საათამდე, ბათუმის N1 პოლიკლინიკა კი 5 საათამდე იმუშავებს

გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ბათუმის კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა, თუმცა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ცენტრის ინფორმაციით, ბათუმსა და ზოგადად რეგიონში ამ კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

მიუხედავად ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას, 5 იანვარს, პაციენტებს:

  • დილის 10 საათიდან, დღის 2 საათამდე მიიღებს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი [ბარათაშვილის ქუჩა];
  • დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი – ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკა [ტბელ აბუსერიძის ქუჩა].

ამასთან, ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტ ტამიფლუს [იგივე „ოსელტამივირი“] უფასოდ მიიღებენ.

ექიმის დანიშნულებით აღნიშნული მედიკამენტის მიღება შესაძლებელია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში [ბათუმი, ვახტანგ გორგასალის 141/143]. შაბათ-კვირას მედიკამენტის მისაღებად დარეკეთ მობ: 577 27 87 40. მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.

ამ თემაზე:

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

ახალი წლის ღამეს მცემეს, მამამთილი აივნიდან მაგდებდა – დაზარალებული

„ახალი წლის წინა ღამეს ჯერ ქმარმა წამიჭირა კისერში ხელი, მახრჩობდა, მერე მამამთილმა დამარტყა თავში და აივნიდან მაგდებდა, სადაც გინდა, იქ წადიო,“ – გვიყვება აჭარის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ქალი ნინო [სახელი შეცვლილია – ავტ.]. ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, ნინოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა იგი დედასთან ერთად ცხოვრობს.

ნინო რამდენიმე ხნის წინ ქმართან კონფლიქტი მოუხდა და მას შემდეგ არაერთხელ გახდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ქმრის, ასევე მამამთილის მხრიდან.

ნინოს დედა გვიყვება, რომ ძალადობის წინა შემთხვევებზე მანაც იცოდა, მაგრამ დუმილს არჩევდა: „გვინდოდა, ლამაზად ყოფილიყვნენ, ვიფიქრე, დამშვიდდებიან-მეთქი, მაგრამ უარესი ქნეს“.

„ექსპერტიზამ ყველაფერი დააფიქსირა… აივნიდან გადმოგდებას რომ უპირებდა მამამთილი, მე არ დამირეკა… ჩვენ მერე დაგვირეკეს, ასე და ასე არისო“, – გვითხრა დაზარალებული ქალის დედამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო და ორი პირი დააკავეს.

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება.

„მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი და მკაფიო საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ ბათუმის ძველ ბულვარში არ აშენდება არცერთი მაღლივი ნაგებობა. ეს გადაწყვეტილება უნდა გატარდეს შესაბამის სამართლებრივ აქტებში, რაც გადაულახავ ბარიერს შექმნის არაჯანსაღი ინტერესებისთვის ძველ ბულვართან მიმართებით“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ რელიზში.

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვდა. პროექტზე 2019 წლის 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] იმსჯელეს. „ამბასადორი ბათუმის“ მიერ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ადრე გაფორმებული შეთანხმებით კი, 4-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.

ახალი პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია მსგავსი სიმაღლის შენობა ბათუმის ბულვარში აშენდეს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, იმავე დღეს, 30 დეკემბერს, გვიან ღამით, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა აღარ აშენდება.

„ბულვარი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია, მაგრამ დღეს ის ისევ საფრთხეშია, ისევ არსებობს საშიშროება მისი გაჩანაგების. სოციალურ ქსელში გაკეთდა განცხადება ზონალური საბჭოს მიერ კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ ძველ ბულვარში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე უარის თქმის თაობაზე. მაგრამ ვინ იძლევა გარანტიას, რომ იგივე ინვესტორი სხვა, სახეშეცვლილ პროექტს არ წარადგენს და არ მოიპოვებს საბჭოს მხარდაჭერას?!“ – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

გამაფრთხილებელი აქცია ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობის წინააღმდეგ / 4.01.2020 /
ტერიტორია ძველ ბულვარში, სადაც „ამბასადორი ბათუმს“ 15-სართულიანი შენობის აშენება სურს / 04.01.2020/

„ყველამ – სახელმწიფომ, მთავრობებმა, ბიზნესმენმა, მოქმედმა და პოტენციურმა ინვესტორმა – უნდა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ამ შემთხვევაში საუბარია ბათუმის „ძველ ბულვარზე“, რომელიც 1987 წლიდან საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და, ამასთანავე, ქალაქის მთავარ სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ძველი ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

ბათუმელებს გვაქვს როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული გამოცდილება ძველი ბულვარის დაცვის კუთხით. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას ამ საკითხში და არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ძველი ბულვარის მორიგ აოხრებას. სივრცის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ყველა ბათუმელისთვის და არა მხოლოდ ბათუმელისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებიდან გონივრულ ვადებში შესაბამისი განცხადების გაკეთებას“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, თუ მთავრობისგან არ იქნება შესაბამისი რეაგირება, პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

გამაფრთხილებელი აქცია ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობის წინააღმდეგ / 4.01.2020 /

 

მთავარი ფოტო: 15-სართულიანი შენობის ესკიზი, „ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტიდან.

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისა და გემიდან ზღვის დაბინძურების შემთხვევები 2019 წელს

2019 წელს, გარემოსდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 251 გემის ინსპექტირება განხორციელდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „სხვადასხვა დარღვევის გამო, 32 მცურავი საშუალების პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები. დაფიქსირდა გემებიდან ზღვის დაბინძურების 6 შემთხვევა“.

პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. გარემოსთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 10 806,9 ლარი – აცხადებს დეპარტამენტი.

გემების ინსპექტირება და თევზჭერის კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ განხორციელდა. შავი ზღვის აკვატორიაში, 2019 წელს, თევზჭერის წესების დარღვევის 24 ფაქტი გამოვლინდა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის პორტი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელ მარადიდში მიწას ამჯერად 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია კირნათი ჰესის გამო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კირნათი ჰესის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის წესით მოქალაქეებისთვის საკუთრების ჩამორთმევა გრძელდება. ამჯერად სოფელ მარადიდში მიწის ნაკვეთს 4 მესაკუთრეს ჩამოართმევენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ „მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შემდეგ ფიზიკურ პირებთან: ლელა, ნებიე, რაულ და სულიკო დიდმანიძეებთან:

„დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის პროექტის დასრულებას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სრული დატვირთვით ექსპლუატაციისთვის. სააგენტომ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით.“

ბრძანების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „კირნათი ჰესი“-ს მშენებლობის პროექტი მიჩნეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების  მქონე პროექტად და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, განსახორციელებელი პროექტის არეალში მოხვედრილ, ზემოთ აღნიშნულ კერძო საკუთრებაში არსებულ  უძრავ ქონებაზე სოფელ მარადიდში – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობი – 1 423 კვ.მ [საექსპროპრიაციო ფართობი – მიწის ნაკვეთი და ნარგავები სრულად].

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში 2019 წლის მიწურულს 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

2019 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით კი, სოფელ მარადიდში ექსპროპრიაციას 34 პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაექვემდებარა –  ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

2019 წლის 11 დეკემბერს მარადიდის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ქონების მესაკუთრეებმა ექსპროპრიაციის პირობები გააპროტესტეს.

ამ თემაზე:

სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

მთავარი ფოტო: მოსახლეობის აქცია კირნათი ჰესთან / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

2020 წლის პირველი თებერვლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.

კომერციულ ბანკს კი, ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებებით გათვალისწინებული ეს შეზღუდვები 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეს თარიღი ორჯერ გადაიდო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სესხის გამცემ სუბიექტს ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე ეკრძალებათ გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

ანალოგიურად, კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, აღნიშნული აკრძალვები ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს შაბათს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან

გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა პრევენციისა და დროული რეაგირების მიზნით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან შევხდრას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამსახურის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები.

სამინისტროს რეკომენდაციით, ხვალ, 4 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან. ეს დაწესებულებებია:

[checklist]

  • ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი
  • ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა
  • ევექსის ამბულატორიული კლინიკა
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი
  • ენმედიცი (10:00 -დან 14:00 საათამდე).

[/checklist]

5 იანვარს, 10:00-დან 14:00 საათამდე პაციენტებს მიიღებენ:

[checklist]

  • ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი

[/checklist]

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გრიპითა და გრიპისმაგვარი დაავადებათა ინციდენტობა წინა კვირის მონაცემებთან შედრებით გაზრდილია, თუმცა არ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 52-ე [წინა] კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონში ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ შეადგინა 129, რაც საერთო ჰოსპიტალიზაციის 7,5%-ია.

ორსულებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (100 000 ქულამდე) კი შეუძლიათ მედიკამენტი ტამიფლუ უფასოდ მიიღონ.

ამ თემაზე:

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მთავარი ფოტო: შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში / 3.01.2020/ სამინისტროს ფოტო

აჭარაში გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა არა საგანგაშოდ – საზოგადოებრივი ჯანდაცვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, წინა კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„აჭარაში ძირითადად ცირკულირებს B ტიპის ვირუსები. მომართვიანობის გაზრდას ველოდებით, თუმცა, აბსოლუტურად სტაბილური მდგომარეობა გვაქვს რეგიონში, სეზონურობის გათვალისწინებით. ჰოსპიტალიზაცია გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, 4-დან 7,5 პროცენტამდე იყო გაზრდილი. ძირითდად მატება არის ბავშვებში. რაღაც გართულებული სიტუაცია არ გვაქვს, გართულებული შემთხვევებით რეანიმაციებში არავინ წევს. ამ დრომდე, გასულ წელთან შედარებით, მშვიდი ვითარებაა“ – გვითხრეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

სეზონური გრიპის მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე), მედიკამენტს ტამიფლუს [იგივე „ოსელტამივირი”] უფასოდ მიიღებენ.

ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათთვის ტამიფლუს მისაღებად ამ დრომდე [3 იანვარი] არავის მიუმართავს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 5-10 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსი.

5 და 6 იანვარს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ბათუმის მერია წელს 3 958 სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის

ბათუმის მერია 2020 წელს 3 958 ცალ სხვადასხვა ზომის დროშას იყიდის. დროშების შესყიდვაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით], მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 3 იანვარს დასრულდა. სატენდერო თანხა 84 ათას 57 ლარი იყო. მომსახურებას მერიას ზუსტად ამ თანხით სთავაზობს ტენდერში მონაწილე ინდმეწარმე გიორგი ასათიანი.

მიმდინარე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა გიორგი ასათიანი ანალოგიურ ტენდერებს წინა წლებშიც იგებდა. მარტო 2016-2019 წლებში, მასთან, ბათუმის მერიას დროშების შეძენაზე [მონტაჟითა და დემონტაჟით] ხელშეკრულებები ჯამში 341 136 ლარზე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე ტენდერით კი შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:

[checklist]

  • ალმების ტარებით (ზომა 0,9 სმ) დამზადება ატლასის ნაჭრით, ზომა 0,7X0,5 მ-ზე. მოხდება სადღესასწაულო დღეებში [გზაგამყოფებზე] გამოფენა, შემდგომში დემონტაჟი. სულ 3 311 ალამი;
  • სტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით 1,5X1,0 მ-ზე სამაგრი საყურეებით. მოხდება ფლაგშტოკებზე მონტაჟი, ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება. 315 დროშა.
  • წრიულების მრგვალი სადგარებისათვის (დროშის ტარის ზომა: 3,4 სმ) არასტანდარტული სახელმწიფო დროშები შეიკერება ატლასის ნაჭრისაგან ზომით (2,0X1,0) მ-ზე. მოხდება შეკერილი დროშების არსებული ლითონის ტარებზე დაყენება და ადგილებზე გამოფენა. მოხდება ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დემონტაჟი და დასაწყობება. 320 დროშა;
  • დიდი ზომის სახელმწიფო დროშები შეიკერება ნავმისადგომთან არსებული მაღლივი ფლაგშტოკებისათვის ატლასის ნაჭრისაგან ზომით 9,0X6,0მ-ზე. მოხდება ადგილზე მონტაჟი მთელი წლის განმავლობაში. 12 დროშა;
  • ლითონის დეკორატიული კონსტრუქცია (“ხამუტი”) დამზადებული 205 მმ 25 მმ ზომის ზოლოვანათი ლითონის 2 (ორი) ცალი სადგარით. სადგარის სიგრძე 22სმ, დიამეტრი 30მმ, დეკორატიული კონსტრუქციის დიამეტრი 20 სმ, სიგანე 25 მმ, შემდგომი მონტაჟით სპეციალური საანკრე ჭანჭიკებით;
  • გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (დღესასწაულები, საზეიმო ღონისძიებები და ა.შ.) მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ხელშეკრულების ფასის ფარგლებში შემსყიდველის დაკვეთიდან არაუმეტეს 24-48 საათის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და ანალოგიური სახის დამატებითი სამუშაოები, არაუმეტეს 6 შემთხვევისა.

[/checklist]

 

 

 

ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.

„სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. „მაგირუსის“ სახანძრო ტექნიკა განთავსებულია „ივეკოს“ ფირმის საავტომობილო შასზე“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური განახლება გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ, ავტომანქანების წარდგენის ღონისძიებაზე 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

„განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი ლევან ოღაძე, რომელიც 2019 წლის 12 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯილდო მის შვილს, 6 წლის სანდრო ოღაძეს გადაეცა“.

 

მთავარი ფოტო: ახალი სახანძრო მანქანები. ფოტო: შსს

ახალი წლის პირველი დღეები ბათუმში ძირითადად წვიმიანი იქნება – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 2020 წლის 1-ლი იანვრის 21 საათიდან 2 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა. ცვალებადი მიმართულების
ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა 4-10კმ. ტალღის
    სიმაღლე 7-12 დმ(2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 3 და 4 იანვარს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება – პროგრამა

საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

31 იანვარს ბულვარში გალა კონცერტი გაიმართა. გუშინ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს,  დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

დღეს, 2020 წლის 1-ელ იანვარს, საახალწლო ღონისძიებებს საღამოს 8 საატზე Road Radio გახსნის, ხოლო საღამოს 9 საათიდან Maja გააგრძელებს.

ნახეთ 1-7 იანვრის პროგრამა სრულად:
1 იანვარი

20:00 საათზე: Road Radio
21:00 საათზე: Maja

2 იანვარი

14:00 საათზე  საბავშვო კონცერტი – „ნიჟარა“
18:00 საათზე: კონცერტი – ნატო თურმანიძე, თამარ მეჭიაური, თამუნა მიქელაძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ტუღუში, გიორგი დიასამიძე, სულხან დევაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნანუკა მიქაძე, ლადო ყატაშვილი, სალომე კალანდაძე, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ცხადაძე, მერაბიკო დოლიძე, „ლურჯი იალქანი“.
21:00 საათზე: Beqa

3 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ჰარმონია
20:00 საათზე: Elrow
21:00 საათზე: MicheleBe

4 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე
20:00 საათზე: ირაკლი ფაღავა
21:00 საათზე: Kimo

5 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე
20:00 საათზე: SeaSide
21:00 საათზე: Yakudza

6 იანვარი

14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი School Band
20:00 საათზე: ბენდი „თავისუფალი სივრცე”
21:00 საათზე: Nika Jakeli

7 იანვარი

20:00 საათზე: სტეფანე
21:00 საათზე: Spacecraft

დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს,  დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ საახალწლო კონცერტზე გააცნო მოქალაქეებს.

“დღეიდან მას აქვს სრული უფლება, ატაროს მეორე სახელი. არა უბრალოდ ნიკოლოზ რაჭველი, არამედ ნიკოლოზ ბათუმელი,”- თქვა ლაშა კომახიძემ

“დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის. ამ საპატიო  წოდებას ვიყოფ ჩემს მუსიკოსებთან ერთად,” – ამ სიტყვებით გადაიხადა ნიკოლოზ რაჭველმა მადლობა საპატიო ბათუმელის წოდებისთვის.

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქარ­თველოს მოქალა­ქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქა­ლაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეც­ნიერო ან/და სხვა საქ­მი­ანო­ბით  განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის წინაშე.

 

საახალწლო კონცერტი ბათუმში 23:00 საათზე დაიწყება – ავტობუსები უფასო იქნება

ბათუმის ბულვარში საახალწლო გალა კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც დღეს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება.  კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ორკესტრმა რეპეტიცია უკვე გაიარა. 

ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე დღეს საღამოს ქართველი შემსრულებლები გამოვლენ. მათ შორის: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და ბენდი, სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები, 

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N1ა, N3 და N11 ახალი წლის ღამეს 01:30 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

Exit mobile version