ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

06.01.2020 • 2549
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ ახლახანს, 6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც შეწყალების საკითხზე გამართა.

პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ გასულ წელს მიმართა.

„ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე?“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 6 იანვარს.

“ეს არის ურცხვი პატრიარქის და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება” –  განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 6 იანვარს, მას შემდეგ რაც პრეზიდენმა განაცხადა, რომ არ იწყალებს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

2019 წლის 4 ნოემბერს  პრეზიდენტმა მამალაძის შეწყალების საკითხს “სენსიტიური” უწოდა:  “მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი საქართველოს მთელი საზოგადოებსითვის, ყველას აქვს თავისი წარმოდგენა – უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მეც მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც ამ დღეებში იქნება მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საპატრიარქოს გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია და ამ შემთხვევაში, მათ მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლოთ: „ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტები მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა“.

2019 წლის 26 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული შეწყალების ახალი წესი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

ამ თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: