მთავარი,სიახლეები

სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

03.01.2020 • 7861
სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, სესხის გამცემი სუბიექტებისა და კომერციული ბანკებისთვის 2020 წლის თებერვლიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

2020 წლის პირველი თებერვლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სესხის გამცემ სუბიექტებს ეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მათ მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.

კომერციულ ბანკს კი, ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებებით გათვალისწინებული ეს შეზღუდვები 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეს თარიღი ორჯერ გადაიდო.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და სესხის გამცემ სუბიექტს ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე ეკრძალებათ გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

ანალოგიურად, კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, აღნიშნული აკრძალვები ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: