„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება.
„მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი და მკაფიო საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ ბათუმის ძველ ბულვარში არ აშენდება არცერთი მაღლივი ნაგებობა. ეს გადაწყვეტილება უნდა გატარდეს შესაბამის სამართლებრივ აქტებში, რაც გადაულახავ ბარიერს შექმნის არაჯანსაღი ინტერესებისთვის ძველ ბულვართან მიმართებით“ – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ რელიზში.
ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვდა. პროექტზე 2019 წლის 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] იმსჯელეს. „ამბასადორი ბათუმის“ მიერ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ადრე გაფორმებული შეთანხმებით კი, 4-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.
ახალი პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია მსგავსი სიმაღლის შენობა ბათუმის ბულვარში აშენდეს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, იმავე დღეს, 30 დეკემბერს, გვიან ღამით, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა აღარ აშენდება.
„ბულვარი ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია, მაგრამ დღეს ის ისევ საფრთხეშია, ისევ არსებობს საშიშროება მისი გაჩანაგების. სოციალურ ქსელში გაკეთდა განცხადება ზონალური საბჭოს მიერ კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ ძველ ბულვარში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე უარის თქმის თაობაზე. მაგრამ ვინ იძლევა გარანტიას, რომ იგივე ინვესტორი სხვა, სახეშეცვლილ პროექტს არ წარადგენს და არ მოიპოვებს საბჭოს მხარდაჭერას?!“ – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
„ყველამ – სახელმწიფომ, მთავრობებმა, ბიზნესმენმა, მოქმედმა და პოტენციურმა ინვესტორმა – უნდა იცოდეს, რომ საქართველოს აქვს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ამ შემთხვევაში საუბარია ბათუმის „ძველ ბულვარზე“, რომელიც 1987 წლიდან საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და, ამასთანავე, ქალაქის მთავარ სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ძველი ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
ბათუმელებს გვაქვს როგორც წარუმატებელი, ასევე წარმატებული გამოცდილება ძველი ბულვარის დაცვის კუთხით. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას ამ საკითხში და არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ძველი ბულვარის მორიგ აოხრებას. სივრცის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია ყველა ბათუმელისთვის და არა მხოლოდ ბათუმელისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებიდან გონივრულ ვადებში შესაბამისი განცხადების გაკეთებას“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე თქმით, თუ მთავრობისგან არ იქნება შესაბამისი რეაგირება, პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.