განათლება,მთავარი,სიახლეები

რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს – არასრულწლოვანთა რეფერირების წესი

06.01.2020 • 5727
რას სთავაზობს სახელმწიფო რთული ქცევის მქონე მოზარდს – არასრულწლოვანთა რეფერირების წესი

2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წინა დღით, 2019 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წესის მიზანია „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით“.

წესში განმარტებულია „რთული ქცევა“ – ანუ, „ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს. რთული ქცევა შესაძლებელია გამოხატული იყოს არასრულწოვნის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ალკოჰოლის მოხმარებაში, მისი ჩართულობით ანტისაზოგადოებრივ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში, სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებში“.

დოკუმენტის თანახმად, რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის შეიქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება“ იქნება.

ასეთი დაწესებულების შექმნამდე კი, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი) შეასრულებს.

სკოლა-პანსიონში 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მყოფი არასრულწლოვნების ამ წესის მიხედვით ხელახალ შეფასებას კი, 2020 წლის პირველ აპრილამდე, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განახორციელებს.

ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი, როგორც წესშია განმარტებული, არის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეული – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სათანადო სპეციალიზაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებენ არასრულწლოვნის ინდივიდუალურ საჭიროებებს, სოციალურ გარემოს, უსმენენ მას, კონსულტაციას უწევენ მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, გადაწყვეტილებას იღებენ არასრულწლოვნის რეფერირების, მათ შორის, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების/ცვლილების/შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2018 წლის 10 მაისს  წარადგინა კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული ქცევის ბავშვებს.

კონცეფციაში მაშინ აღნიშნული იყო, რომ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იქნება მაკოორდინირებელი ორგანო და დანაშაულში მონაწილე 14 წლამდე ასაკის ბავშვებს გადაამისამართებს სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს, აგრეთვე, კერძო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო, კულტურულ, სპორტულ და სხვა მსგავს პროგრამებსა და სერვისებში. ამასთან, უზრუნველყოფს თითოეული ასეთი არასრულწლოვნის შემდგომ მონიტორინგს შესაბამისი პროგრამისა თუ სერვისის ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

ახალი წესი, რომელიც უკვე დამტკიცებულია, „განსაზღვრავს რეფერირების პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულების კოორდინირებულად მუშაობის პრინციპებს, პროცედურებსა და უფლებამოსილებებს“.

რეფერირების სისტემა აერთიანებს უშუალოდ ცენტრს, შსს-ს, ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ამ სამინისტროთა მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საქართველოს პროკურატურასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს.

წესის მიხედვით, არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნით, აღნიშნული დაწესებულებები რეფერირების პროცედურის ფარგლებში უზრუნველყოფენ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

[checklist]

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას – საქართველოს პროკურატურა, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას (არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში) და უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას;
  •  სპეციალური პენიტენციური სამსახური ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას იმ შემთხვევაში, თუ იგი პენიტენციურ დაწესებულებას ტოვებს პირობითი მსჯავრის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების გარეშე და ნებაყოფლობით არ ერთვება „ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამაში“. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს არასრულწლოვნის შესახებ ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას;
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს განათლების სამინისტრო, აგრეთვე, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სკოლები, ცენტრის მიერ შემუშავებული სკრინინგ კითხვარის მიხედვით ახდენენ რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და ცენტრის ინფორმირებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებასა და არასრულწლოვნის გადამისამართებას ცენტრში; ეს უწყებები უზრუნველყოფენ ასევე რეფერირების მექანიზმის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების შემუშავებას და მიწოდებას, მონაწილეობენ ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების განვითარებაში და თანამშრომლობენ ცენტრთან არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართულობის მონიტორინგის მიზნით. ცენტრში არასრულწლოვნის გადამისამართების პარალელურად კი აგრძელებენ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობას.

[/checklist]

არასრულწლოვანთა რეფერირების ეტაპები გულისხმობს: რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას; არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას ან/და გადამისამართებას; ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში არასრულწლოვნის მონაწილეობის მონიტორინგის და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; უკიდურეს შემთხვევაში კი, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ

[checklist]

  • ეს წესი ვრცელდება რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი, ან მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
  • ეს წესი ასევე ვრცელდება 7-დან 14 წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
  •  10 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა დაუშვებელია.

[/checklist]

ცენტრის მიერ განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში არასრულწოვნის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრსა და არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან/ფაქტობრივ მზრუნველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ასევე ხელს აწერს არასრულწლოვანი.

ხელშეკრულებაში აისახება არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის წესი, პირობები, ვადები, აგრეთვე, რეფერირების ფარგლებში არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის უფლებები და მოვალეობები.

ცენტრის გადაწყვეტილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად.

არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვანს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, გაუხანგრძლივდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

დაუშვებელია არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში არასრულწლოვნის გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ:

[crosslist]

  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;
  • არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე;
  • ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული ცენტრის მიერ არასრულწლოვნისათვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;
  • დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

[/crosslist]

„არასრულწლოვნის ვინაობის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრისა და რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად“ – აღნიშნულია წესში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/272586/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: