მთავარი,სიახლეები

ერაყში აშშ-ის ბაზებზე ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა

08.01.2020 • 2397
ერაყში აშშ-ის ბაზებზე ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა

პენტაგონის განცხადებით, ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევა განახორციელა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გარდა ამისა, როგორც CNN წერს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა განცხადება, რომ ისლამური რევოლუციის დამცველთა რაზმებმა „შეტევა განახორციელეს ერაყში მდებარე ალ-ასადის ამერიკულ ბაზაზე ათი რაკეტით“. რაზმებმა გააფრთხილეს აშშ, რომ „ახალი აგრესიის შემთხვევაში უფრო დიდი, დამანგრეველი პასუხი“ იქნებოდა. აგრეთვე, რაზმების განცხადებით, შეტევას მიიტანენ ნებისმიერ სახელმწიფოზე რეგიონში, რომელიც აშშ-ის აგრესიის პლატფორმა გახდება.

პრეზიდენტ ტრამპის პრეს-მდივნის, სტეფანი გრიშამის განცხადებით, შეტევის შესახებ ტრამპი ინფორმირებულია. შეტევის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკლედ ეხმიანება ირანის სარაკეტო თავდასხმას ამერიკულ ბაზებზე და წერს, რომ “ყველაფერი კარგადაა”

“ყველაფერი კარგადაა. ირანიდან გასროლილია რაკეტები ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე. ამჟამად ზიანის  შეფასება მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგადაა.  ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი და კარგად აღჭურვილი არმია მსოფლიოს ყველა წერტილში. განცხადებას გავაკეთებ ხვალ დილით”, – წერს ტრამპი ტვიტერზე.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით კი აშშ-ს საავიაციო კომპანიებს ირანის, ერაყის, ომანის ყურისა და ირანსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ საჰაერო სივრცეში ფრენები ეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს. აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც ირანმა, 8 იანვარს, ერაყში მდებარე აშშ-ს ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

აქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-ზე შეტევის შემთხვევაში „საპასუხო იერიში იქნებოდა სწრაფი და ძლიერი“, ხოლო თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-ს არ სურს ირანთან ომი, თუმცა თუ ომი დაიწყება, „მზადაა დაამთავროს“.

აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო ირანი განიხილავს ცამეტ „შურისძიების სცენარს“, განაცხადა ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ირანულ „Fars“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ საბჭოში ამჟამად შურისძიების 13 სცენარი განვიხილეთ და კონსენსუსი მათგან ყველაზე სუსტზე რომც შედგეს, ეს ამერიკელებისთვის ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება“, – აცხადებს ალი შამჰანი.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა, როცა აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლული იქნა ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. ირანი აშშ-ს „შურისძიებით“ დაემუქრა, ხოლო დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შეტევის შემთხვევაში, „საპასუხო იერიში იქნება სწრაფი და ძლიერი“.

https://netgazeti.ge/news/418210/

მთავარი ფოტო: Google Maps-დან

გადაბეჭდვის წესი