შუახევში, სოფელ ნაღვარევში პაციენტი ხელით, შემდეგ კი, ტრაქტორით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანასთან, რომელმაც დიდთოვლობის გამო სოფლის ცენტრამდე შეძლო მისვლა. შემთხვევა გუშინ, 23 თებერვალს, მოხდა.
გაუწმინდავი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. პაციენტს ჰქონდა ჭრილობა. ქალი ადგილობრივებმა დაახლოებით 2 კილომეტრი ატარეს ხელით და ტრაქტორით.
ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ნაღვარევი ძალიან მაღალი სოფელია… ადრე უფრო ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ახლა ჯაჭვები გვაქვს,“ – გვითხრეს შუახევის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში. აქ ამბავი დაგვიდასტურეს და თქვეს, რომ პაციენტის სოფლის ცენტრამდე ჩაყვანას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა.
შემთხვევა დაგვიდასტურა პაციენტის ოჯახის წევრმაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„ეს სოფელი 30 კილომეტრითაა დაშორებული ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს, მაღალი სოფელია და აქ 3 მეტრი თოვლი მოვიდა,“ – ამბობს შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძე. მისი თქმით, ამ სოფლის მიმართულებით ტექნიკა მუშაობდა, მაგრამ ყინვის და სიცივის გამო კილომეტრნახევარი გზა გასაწმენდი დარჩა. ომარ ტაკიძემ თქვა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.
„რა თქმა უნდა, ზოგჯერ რთულდება გზის გაწმენდა… იყო სხვა შემთხვევებიც, როცა სამაშველო სამსახური ჩაერთო და მათ გადაიყვანეს პაციენტი,“ – აღნიშნა ომარ ტაკიძემ „ბათუმელებთან“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებმა ტელევიზიის წინ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ფოტოები მიიტანეს, წარწერით „ივანიშვილის ცენზორი“, პირზე შავი ლენტები აიკრეს და ამ ფორმით გააპროტესტეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები.
„ივანიშვილის რეჟიმი უხეშად ერევა სიტყვის თავისუფლებაში. დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თუმცა რეალობა ისაა, რომ გვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის მხრიდან თავისუფალ მედიებზე თავდასხმას. ამის მაგალითი არის აჭარის ტელევიზია,“ – ამბობს „ალტერნატივას“ წევრი მინდია ადაძე.
ქობულეთში სოფლების – კოხის, ზედა კონდიდის, ოხტომის, ცხრაფონას, აჭისა და ასევე, ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის დასახლების [ხულოს ქუჩა] გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო პროექტებს შეისყიდის.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამ დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას ახორციელებს.
დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას 2020 წლის 28 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების თავიანთი ფასი და მომსახურების გაწევის ვადა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დაევალა ქვეყნის მასშტაბით სოფლების გაზიფიცირება [კვლევა, პროექტირება, მშენებლობა] 2019-2021 წლებში.
ამ გეგმით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ქვეყნის მასშტაბით, უნდა უზრუნველყოს 223 დასახლებულ პუნქტში არსებული 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონი ლარია.
აჭარის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები და გაზიფიცირების კუთხით შესასრულებელი სამუშაოები ნახეთ ბმულზე:
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 409 ახალი შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის 77 150 შემთხვევა.
24 თებერვლის მონაცემებით, აღრიცხულია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის 2 592 და გამოჯანმრთელების 24 734 შემთხვევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 23 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია COVID-19 -ის 78 811 შემთხვევა. 78 811 შემთხვევიდან 77 042 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ კი – 1 769 შემთხვევა 28 ქვეყანაში.
ხვალ, 25 თებერვალს, ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული, მუზეუმში დაცული მასალების გამოფენა გაიმართება.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფონდებში დაცული მასალები და ფოტოები, არამედ გაზეთები და ექსპონატები. ჩატარდება ლექციები საბჭოთა ოკუპაციის შესახებ.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 თებერვლის საღამოს 9 საათიდან 24 თებერვლის საღამოს 9 საათამდე აჭარის სანაპირო რაიონებში და მთაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
24 თებერვლის საღამოდან კი, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია სანაპირო ზოლში ნალექი, მთაში – თოვა.
ჰაერის ტემპერატურა
სანაპირო რაიონებში:
ორშაბათს, 24 თებერვალს, ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;
სამშაბათს, 25 თებერვალს, ღამით 0-5, დღისით 6-11 გრადუსი სითბო.
მაღალ მთაში კი, ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.
ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების 9-შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში, ქირით ცხოვრობს, სახლის ქირის ფულს მათ მერია უხდის. სახლში არ არის გათბობა, წყალი და ბუნებრივი აირი. ოჯახი ბაღდათის მუნიციპალიტეტისგან მერიის ბალანსზე არსებულ რომელიმე შენობა-ნაგებობას ან მიწის ნაკვეთს ითხოვს, რომ სახლის აშენება შეძლონ, მოაშენონ შინაური ფრინველი, პირუტყვი და სიღატაკეს საკუთარი შრომით დააღწიონ თავი. რამდენად რეალურია ცხრაშვილიანი, უსახლკარო ოჯახისთვის საცხოვრებლის ან მიწის უსასყიდლოდ გადაცემა? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ბაღდათის მერს, არჩილ გოგსაძეს:
ხათრიძეების ოჯახს გადასცეს საცხოვრებელი სტამბის შენობაში, ეს საცხოვრებელი მათ გაყიდეს და ამის მერე რაც მე აქ მოვედი, 2016 წლის ბოლოდან ეს ხალხი არის გაყვანილი ქირით.
მერია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა და არა სოციალური დახმარების განმახორციელებელი. ჩვენ სულ სხვა ფუნქცია-მოვალეობები გვაქვს. კი ბატონო, ჩვენ ამ მდგომარეობას ვაცნობებთ და გადავცემთ სოციალურ სააგენტოს, მათ უნდა გააგრძელონ ოჯახთან მუშაობა. ჩვენ ეს ოჯახი მეოთხე წელია გაყვანილი გვყავს ქირით. მათთან ერთად ბაღდათში 24 ოჯახია, ვისაც საცხოვრებლის ქირას ვუხდით. ამ 24 ოჯახიდან მხოლოდ ექვსია ეკომიგრანტი, დანარჩენები სოციალურად დაუცველები არიან.
ბატონო არჩილ, რატომ არის შეუძლებელი, რომ მუნიციპალიტეტმა 9-შვილიან, სოციალურად დაუცველ და უსახლკაროს ოჯახს გამონაკლისის სახით გადასცეს საცხოვრებელი ან მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ?
მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ საცხოვრებლის გადაცემა ასე არ ხდება ჩემო კარგო ხალხო, ჩვენ თვითმმართველობას ამის უფლება არ გვაქვს.
კანონის თანახმად, თვითმმართველ მუნიციპალიტეტს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ განკარგოს მის ბალანსზე არსებული მიწა და შენობა-ნაგებობები…
კი ბატონო ასეა, მაგრამ განკარგვა ერთია და გადაცემა სხვაა. გადავცემთ შენობას, მაგრამ კაზინოში რომ ითამაშოს და გაყიდოს, სახელმწიფომ უნდა უყიდოს ისევ?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების მამა ამბობს, რომ ბავშვს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და გაყიდა მერიის მიერ გადაცემული სტამბის შენობაში გამოყოფილი ფართობი, რომლიც საცხოვრებლად უვარგისი იყო.
მე არ ვიცი რა ხდებოდა 10, 12 წლის წინ. ბოლო სამი წელიწადია რაც მე ვარ ბაღდათში მერი. ეგ სტამბის შენობა მანამდე გადასცეს.
პირადად ჩემთან არაერთხელ ყოფილა ეს ოჯახი. ითხოვენ ქონებას, რაც არ არის მუნიციპალური საკუთრება. ეს არის ყოფილი ვეტერინარული პუნქტი, რომელიც სახელმწიფო სააგენტოს კუთვნილებაშია და ამისთვის თავად უნდა მიმართონ შესაბამის სამინისტროს. ძალიან კარგად ვიცნობ ოჯახს, არაერთხელ პირადად შევხვედრივარ.
ცხოვრების პირობებს რაც ეხება, თავად აირჩიეს ეს სახლი საქირავებლად. იქ თუ სანიტარული პირობები არ აკმაყოფილებთ, მაპატიეთ, მაგრამ ამაში ვერ ჩავერევით.
სტამბის შენობაში ფართობი, რაც ამ ოჯახს გადაეცა, საცხოვრებლად უვარგისი იყო. ეს ნიშნავს თქვენთვის საცხოვრებლის გადაცემას?
ეს შენობა 2010 წელსაა გადაცემული, მე მაშინ მერი არ ვიყავი და ინფორმაცია არ მაქვს.
შეიძლება არ ხართ ნამყოფი, მაგრამ სატელევიზიო სიუჟეტებიდან მაინც შეიტყობდით იქ რა საცხოვრებელი პირობებიცაა.
როგორ არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული მომენტი – ვიცით, ის შენობა საცხოვრებლად რომ არ არის აშენებული. ეს იყო უკიდურესი გაჭირვება და სახელმწიფოსგან გამოხატული კეთილი ნება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ასე უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები.
9 ბავშვი ცხოვრობს სახლში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები, არ არის წყალი, გათბობა და გაზი, შეშა…
ფანჯრებიც ჰქონდა მაგ სახლს და გამართული იყო კაპიტალურად, დაუკავშირდით მეპატრონეს და ეს დეტალები მასთან გაარკვიეთ.
თუ უფრო ძვირიან და უკეთეს საცხოვრისს იპოვიან, გადავუხდით. მე არც ბერკეტი მაქვს, არც ზედამხედველობას ვახორციელებ, სოციალური სააგენტო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელსაც არანაირი კავშირი და შემხებლობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არ აქვს, თუმცა ერთ შენობაში ვზივართ კონტაქტიც გვაქვს, ვსაუბრობთ ამ თემებზე, ვიცით პრობლემა.
მთელმა ბაღდათმა იცის ამ ოჯახის შესახებ, საცხოვრებელს ითხოვენ, მაგრამ საცხოვრებელს მე როგორ გავცემ, როცა არ მაქვს ამის უფლება.
თუ უსახლკარო მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო გადასცემს საცხოვრისს, თუნდაც ისეთს, როგორიც სტამბის შენობაა ბაღდათში, ეს სახელმწიფოს კეთილი ნებაა და არა ვალდებულება?
მე რომ ახლა გავყიდო ყველაფერი და მივადგე სახელმწიფოს უსახლკარო ვარ-მეთქი, უნდა მომცეს სახლი?
თუ უკეთეს სახლს იპოვიან საქირავებლად, თუნდაც უფრო ძვირიანს, მოძებნონ საცხოვრისი, მოგვმართონ მერიაში, გავიტანთ საკითხს სხდომაზე და დავუფინანსებთ.
მუნიციპალიტეტის ანგარიშზე თავისუფალი მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები არ ირიცხება.
მთავარი ფოტო: ბაღდათის გამგებლის არჩილ გოგსაძე და ღარიბი ოჯახი
____
ამავე თემაზე: საქართველოს პარლამენტში ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტს ბალანსზე მიწის საკმაო რაოდენობაა, რომლის დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველი მიწა ან შენობა არ არის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზე, მუნიციპალიტეტს შეუძლია, მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების შემთხვევაში, გამონაკლისად გამოითხოვოს ეს ქონება სამინისტროსგან.
ბაღდათში მცხოვრები ხათრიძეების ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ „ბათუმელებმა“ სიუჟეტი 9 თებერვალს მოამზადა. სიუჟეტში 9 არასრულწლოვანი შვილის მამა ჰყვება სირთულეებზე, რის გამოც არც ერთი შვილი სკოლაში არ დადის. ოჯახი სოციალური დახმარების სახით ყოველთვიურად 1100 ლარს იღებს, საიდანაც 400 ლარი ყოველთვიურად მხოლოდ ერთი შშმ. ბავშვის მედიკამენტებს, მკურნალობას და ექიმებთან ვიზიტებს სჭირდება. თანხის დარჩენილი ნაწილი 11-სულიანი ოჯახის საჭიროებებს არ წვდება. ზამთრისთვის საკმარისი შეშა ბაღდათში დაახლოებით 700 – 800 ლარი ღირს.
მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში. მარიამი ამავე სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო. მას 2 შვილი ჰყავდა.
ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მარიამ კონცელიძე გასულ წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მან ბაღის ეზოსთან, ფერდობიდან დაგორებული ავტომანქანისგან ბავშვები გადაარჩინა.
„2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, როცა ბაღიდან ბავშვების გაყვანის დრო იყო, მარიამს ბავშვების ერთი ჯგუფი გამოჰყავდა ბაღიდან, დაახლოებით 10-12 ბავშვი. ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავს. ერთი ჯგუფი გასული იყო და ეს მეორე იყო დარჩენილი. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მიკროავტობუსი გააჩერა სკოლასთან აღმართში [სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა]. რაღაც მომენტში ეს მანქანა დაგორდა და წამოვიდა ბაღის მიმართულებით. მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან და თავადაც შეეცადა გაჩერებას [დაუწვა მანქანას – მასაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი], თუმცა ვერ გააჩერა. მარიამმა ეს სიტუაცია როცა დაინახა, ბავშვების გადარჩენის მიზნით მათი იმ ადგილიდან განრიდება დაიწყო. მანქანა დაეჯახა ბაღის ჭიშკარს, ეს რკინის ჭიშკარი მოწყდა და დაეცა მასწავლებელს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიცვალა“, – გვითხრა ია ხალვაშმა, ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა.
მარიამ ლაფაჩი-კონცელიძე 33 წლის იყო, მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
მემორიალის მოწყობაზე მუნიციპალიტეტს ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 23 თებერვალს, დაიწყო და 25 თებერვალს დასრულდება. მემორიალი ციხისძირში მდებარე სკვერში იმ ესკიზის მიხედვით მოეწყობა, რომელიც სატენდერო განცხადებას ერთვის.
მემორიალი 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა მოეწყოს.
„იაფ სახლში“ ბინის მსურველი, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [„იაფი სახლის“] პროგრამაში რომ ჩაერთოს, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის კრიტერიუმებს, შემდეგ კი, ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში უნდა აიღოს და შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა.
[toggle title=”კრიტერიუმები ნახეთ აქ:“]
„ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1-სულიანი ოჯახებისთვის 1200 ლარს, 2-სულიანისთვის – 1800 ლარს, 3-სულიანისთვის – 2400 ლარს, ხოლო 4 და
მეტ სულიანისთვის – 3000 ლარს (ამ პუნქტის მიზნებისთვის, ხელფასის შემთხვევაში შემოსავალში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი);
ოჯახის ერთ სრულწლოვან წევრს მაინც უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ბათუმში, სულ მცირე, ერთი წელი;
ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისათვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას;
ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს;
ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს მიერ საარსებო შემწეობის გაცემა.
[/toggle]
განაცხადების მიღებას ბათუმის მერიის სერვისცენტრები 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებენ. განაცხადების მიღება 29 მაისს დასრულდება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ, ბათუმის მერიამ სპეციალური ინსტრუქცია შეიმუშავა. მერიის განცხადებით, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს ბინის მიღების წინაპირობას და არა გარანტიას.
1. ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საჭიროებს ბინას და თავისი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით თვლის, რომ შეუძლია დაფაროს მიღებული ბინის საფასური 15 წლის განმავლობაში, შეუძლია შეავსოს განაცხადის დადგენილი ფორმა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად.
2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს წინაპირობას და არა გარანტიას ბინის მიღებისათვის.
3. განაცხადის ფორმის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.
4. დაუშვებლია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ასევე, განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.
5. ერთ პირზე ერთდროულად ორზე მეტი განაცხადის ფორმა არ გაიცემა.
6. განაცხადის გაცემისას მის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
მუხლი 2. განაცხადის შევსება
1. განაცხადი წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს პირის ან პირთა ჯგუფის (ოჯახის) ნებას მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.
2. განაცხადი ივსება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახის მიერ.
3. განაცხადის შევსებისას ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:
ა) პირ(ებ)ი, რომელიც ოჯახთან ერთად ფაქტობრივად არ ცხოვრობს დასაქმების ან სხვა რაიმე მიზეზთა გამო, გარდა იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს სხვა
რეგიონში ან უცხოეთში და მათი დასაქმებიდან მიღებული შემოსავლები ირიცხება აპლიკანტი ოჯახის რომელიმე წევრის საბანკო ანგარიშზე;
ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირი, გარდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული (5 წლამდე თავისუფლება აღკვეთილი) პირისა;
გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ 12 თვეზე მეტი ხნით მყოფი პირი, გარდა იმ პირისა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სასწავლებლად;
დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი.
4. განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით. შესაბამისი თანდართული დოკუმენტაცია მოინიშნება, ხოლო სხვა დოკუმენტაციაში ჩაიწერება დოკუმენტ(ებ)ის დასახელება.
5. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა საჭირო გრაფა.
6. სახელისა და გვარის მითითებისას განაცხადის შესაბამის გრაფაში იწერება ამ პირის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული სახელი და გვარი.
7. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ყოველი 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე პირის შესახებ განაცხადის შესაბამის გრაფაში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს ამ პირის პირადი (ბინადრობის) მოწმობის ნომერი, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული პირადი ნომერი და ხელმოწერა.
8. ოჯახის შემადგენლობაში მყოფი 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე ივსება სპეციალური გრაფა, სადაც აღინიშნება სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დაბადების მოწმობის ნომერი (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში) და პირადი ნომერი.
9. განაცხადის ის გრაფა, რომელიც შევსებას არ საჭიროებს, გადაიხაზება.
მაგ.:
10. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები ვერ უზრუნველყოფენ განაცხადის ფორმის შევსებასა და საკომუნიკაციო პუნქტში ჩაბარებას, აღნიშნული ქმედებების განხორციელება შეუძლიათ მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირებს.
მუხლი 3. განაცხადის ჩაბარება
1. შევსებული განაცხადი ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ ბარდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამის სერვისცენტრში.
2. შევსებული განაცხადის ჩაბარება ადასტურებს ამ ოჯახის (მასში შემავალი პირების) თანხმობას, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა მისი იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს ინფორმაცია.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს:
ა) განაცხადის ფორმებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების (საინფორმაციო და განმარტებითი წერილები, ბუკლეტები და სხვ.) მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობას;
ბ) განაცხადის ჩაბარებისას მისი შევსების სისწორის კონტროლს (მაგ.: პირადი ნომრის ჩაწერას შესაბამის გრაფაში);
გ) განაცხადის შევსების სისრულის კონტროლს (მაგ.: შევსებულია თუ არა განაცხადის ყველა საჭირო გრაფა, აქვს თუ არა ხელმოწერა და სხვ.);
დ) განაცხადის სწორად შევსების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებისა და განმარტებების მიცემას;
ე) შევსებული განაცხადის ფორმის მიღებას და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვას;
ვ) განაცხადის დამუშავების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას;
ზ) აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ქმედებების განხორციელებას.
5. დაუშვებელია არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადისფორმის მიღება.
6. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია
ხელმოწერა და სხვ.).
7. არასრულყოფილად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს უკან დაუბრუნოს
განაცხადის ფორმა და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო მითითებები.
8. არასწორია განაცხადი, თუ ერთ გრაფაში შესატანი მონაცემები შეტანილია შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფაში (მაგ., პირადი ნომრის გრაფაში მითითებულია დაბადების მოწმობის
ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი).
9. ჩაბარებას არ ექვემდებარება შევსებული განაცხადის იმგვარად დაზიანებული, დახეული ანდა გადასწორებული ფორმა, რომლიდანაც საეჭვოა ან შეუძლებელია შეტანილი მონაცემების
(ინფორმაციის) ამოკითხვა.
10. თუ შესაძლებელია განაცხადის ფორმის შევსებისას დაშვებული ხარვეზების ადგილზე აღმოფხვრა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირის მითითების საფუძველზე წარმომდგენი ადგილზევე სრულყოფს განაცხადის ფორმას.
11. განაცხადის ფორმის შევსების გამარტივების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება განაცხადის ფორმის შევსებული ნიმუში.
მუხლი 4. განაცხადის აღრიცხვა
1. მერიის პასუხისმგებელი პირი სწორად და სრულად შევსებული განაცხადის მიღებისას განაცხადზე აღნიშნავს მისი ჩაბარების თარიღს, აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და ანიჭებს
ნომერს.
2. ოჯახსაც ენიჭება იგივე ნომერი, რაც სააღრიცხვო ჟურნალის მიხედვით განაცხადისთვისაა მინიჭებული.
3. პასუხისმგებელი პირი ახდენს განაცხადის ჟურნალში აღრიცხვას უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრების გამოყენებით.
4. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის სხვადასხვა განაცხადისათვის მინიჭება.
5. ჟურნალში შეიტანება განაცხადის აღრიცხვის ნომერი, თარიღი, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
6. განაცხადის ჩაბარების ფაქტი დასტურდება ჟურნალის სპეციალურ გრაფაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
7. განაცხადის ჩაბარებისა და ჟურნალში გატარების შემდეგ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელზე გაიცემა განაცხადის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც აღინიშნება
განაცხადის ნომერი, განაცხადის ჩაბარების თარიღი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
მუხლი 5. განაცხადის დამუშავება
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების პირველად დამუშავებას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი განაცხადების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) შესწავლას არის თუ არა სრულყოფილი და შესაბამისობაში დადგენილ მოთხოვნებთან და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მათი სრულყოფის მიზნით.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია შეისწავლის წარმოდგენილ განაცხადებს დოკუმენტების მიხედვით ფორმალურად აკმაყოფილებს თუ არა პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს, შემდგომი ეტაპის განხილვისათვის.
[/toggle]
განაცხადის ფორმასთან ერთად ბათუმის სერვისცენტრში მოქალაქემ უნდა წარადგინოს ასევე სხვადასხვა დოკუმენტები.
[toggle title=”ჩამონათვალი ნახეთ აქ:“]
აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განაცხადის ფორმა
ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში)
ცნობა ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის მაინც ბათუმში რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის თარიღის მითითებით
ცნობა ოჯახის წევრების სამუშაო ადგილიდან (ხელფასის მითითებით) მიმდინარე და ბოლო ერთი წლის პერიოდისათვის, ასევე, იმავე პერიოდისათვის საბანკო ამონაწერი და ცნობა საგადასახადო ორგანოდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის შესახებ
ცნობა საჯარო რეესტრიდან და ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან საქართველოს მასშტაბით ოჯახის წევრთა საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის/არარსებობის შესახებ
ოჯახის ამჟამინდელ საცხოვრებელთან დაკავშირებით ქირავნობის ან სხვა შესაბამისი ხელშეკრულების ასლი (არსებობის შემთხვევაში), ან ქონების მესაკუთრის წერილობითი დოკუმენტი (ნოტარიულად დადასტურებული) ქონებით სარგებლობის თაობაზე
ცნობა „კრედიტინფო საქართველოდან“ ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრზე სესხის არსებობის/არარსებობის შესახებ. საბანკო სესხის არსებობის შემთხვევაში, გადახდის მდგომარეობის შესახებ
ცნობა ოჯახის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის არსებობის/არარსებობისა და მინიჭებული ქულების შესახებ
ცნობა (შესაბამისი დოკუმენტი) ოჯახის წევრების სპეციალური სტატუსის შესახებ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ოჯახში, ახალდაქორწინებული წყვილი, მარჩენალდაკარგული, ომის ვეტერანი და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
განმცხადებელი უფლებამოსილია განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელიც მისი მოსაზრებით შეიძლება საფუძვლად დაედოს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მიღებული განაცხადების შესწავლა-გადარჩევა, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, ანკეტის შევსება, აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზის შექმნა და სარეიტინგო ქულების მინიჭება მოწვეული კონსულტანტის მიერ განხორციელდება. კონსულტანტი, რომელმაც აპლიკანტები უნდა შეარჩიოს, განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით გამოვლინდება.
[/toggle]
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ.
დღეს, 23 თებერვალს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის წინაშე დგას – ჩვენ ამას დავასრულებთ – ადამიანები, რომლებიც არ გამოვჩენილვართ დღეს და გუშინ. ჩვენ წლების განმავლობაში ვიდექით თქვენთან ერთად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე. ეს გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვქმნით გუნდს, რომლის წევრებსაც გააჩნიათ კომპეტენცია, გააჩნიათ ცოდნა და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ შეცვალონ არსებული რეალობა. შეცვალონ არა ნეგატივისკენ ორიენტირებით, უარყოფით წინა, თუნდაც წარმატებებისა, არამედ მომავალზე ხედვით. ხედვით, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს ადამიანების ერთობით. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველას, ჩვენ მოწინააღმდეგეებს პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდების წვლილი აჭარაში და ბათუმის ოფისში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ოფისის პრეზენტაციაზე.
„ლელოს“ ბათუმის ოფისის პრეზენტაცია / 23.02.2020
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დაგეგმილია ოფისების გახსნა აჭარის მუნიციპალიტეტებშიც.
მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა კი, ამავე წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
„თავიდან ბაბუაჩემს ძაღლი მიუყვანეს თურმე, ფეხმოტეხილი. ბაბუას უთქვამს, მაგას აგერ, ხასანი მიხედავსო… ბაბუას ახმედი ერქვა და მასთანაც ხალხი დადიოდა მოტეხილობით. მამაჩემს ის ძაღლი მოურჩენია და მერე მამასაც გაუთქვამს სახელი, მოტეხილობას ხასანი კურნავსო…“ – გვიყვება მაია ხაბაზი. იგი ქობულეთში და არა მხოლოდ აქ, მოტეხილობების ცნობილი მკურნალის – ხასან ხაბაზის შვილია. ხასან ხაბაზს სამედიცინო განათლება არ ჰქონდა, თუმცა რთული არ არის იპოვო პაციენტი, რომელსაც კიდურის მოტეხილობა ჰქონდა და გეტყვით, რომ ექიმის ჩარევის გარეშე მოარჩინა ხასანმა, ან მას შემდეგ, როცა ექიმები ვერაფერს გახდნენ.
სამი ძმისგან განსხვავებით, მაია ხაბაზს ექიმის პროფესია აურჩევია. „მამას თავიდან არ მოეწონა, ქალისთვის რთული საქმეაო, მაგრამ მერე კმაყოფილი იყო,“ – იხსენებს მაია ხაბაზი. იგი დღეს ქობულეთში ერთ-ერთ კლინიკაში ტრავმატოლოგად მუშაობს და ამბობს, რომ მედიცინის აპრობირებული მეთოდების პარალელურად ხშირად იყენებს ცოდნას, რაც მამისგან მიიღო. მაია ხაბაზს ამ მკურნალობის მეთოდზე ვესაუბრეთ, რომლის სხვადასხვა ვერსია ალბათ თქვენც მოგისმენიათ.
„სინამდვილეში განსაკუთრებული საიდუმლო არაფერი ჰქონდა,“ – ამბობს მაია ხაბაზი, – „ნიჭი ჰქონდა ისეთი, დღესაც ვერ ამომიხსნია… რომ შეხედავდა რენტგენს, ზუსტად იცოდა, რა უნდა ექნა და პაციენტსაც რომ ეტყოდა, ამდენ დღეში გაივლი ფეხზეო, ისე ხდებოდა. მამა თაბაშირსაც არ იყენებდა, ამზადებდა არტაშანს და იმას ადებდა.
მამას საიდუმლო მხოლოდ მალამო იყო, რომელსაც დღეს მისი შვილები ვამზადებთ და მკურნალობის დროს ვიყენებთ, შეხორცებისთვის არის კარგი. ამ საიდუმლოს დღემდე ვინახავთ. მამამ სიკვდილის წინ დაგვიბარა, ამ მალამოს თუ გაყიდით, ფასი დაეკარგებაო. არც გაგვიყიდია,“ – იხსენებს მაია ხაბაზი.
მამის კვალს გაჰყვა ხასან ხაბაზის კიდევ ორი შვილი, თუმცა მათ სამედიცინო განათლება არ აქვთ. მაიას დაკვირვებით, ხასან ხაბაზის ნიჭს ხალხი ახლაც ენდობა და პაციენტებს ზოგჯერ ისიც იღებს სახლში.
„…ყველამ იცის, რომ ხასანის შვილი ვარ. უფრო ამის გამო მოდიან ჩემთან. ბავშვობიდან ვუყურებდი რენტგენის სურათებს და ძალიან მაინტერესებდა… მამასთან ცოცხალი რიგი იდგა, ხალხი პატივს სცემდა და მეც ეს მომწონდა. ბავშვობიდან ვეხმარებოდი. როცა ფეხს შეუკრავდა ვინმეს, ბინტს მომცემდა ხელში და რაღაცას დამავალებდა. მთავარია, არ შეგეზაროს პაციენტთან ურთიერთობაო, მეტყოდა.
ვის არ ნახავდი ჩვენთან. მახსოვს, ერთხელ ქალი მოიყვანეს, ხერხემალი ეშლებოდა და მამამ მკურნალობა დაიწყო. ერთ დღესაც იმ ქალს ვიღაც მოჰყვა, ძმა თუ ქმარი არ მახსოვს და მამას იარაღი დაადო შუბლზე, ვერც ერთმა ექიმმა ხელი ვერ მოჰკიდა და შენ რას აკეთებო. მამამ უთხრა, თუ მაცლით, მინდა, ფეხზე დავაყენოო… მერე ის ქალი თავისი ფეხით მოვიდა, ცისანა კორკოტაძე ერქვა და ტომრით მოიტანა ფული. მამამ ტომრიდან მხოლოდ ორი კუპიურა ამოიღო, მეტი მე არ მეკუთვნისო და იმ ქალს უკან გაატანა,“ – გვიყვება მაია ხაბაზი.
როგორია ხასან ხაბაზის მეთოდებით მუშაობა დღეს, როცა სხვადასხვა ახალი ტექნოლოგია შემოვიდა, მათ შორის, ტრავმატოლოგიაში?
„ვთანამშრომლობთ სხვა ექიმებთანაც… მთავარია, რაც შენი საქმე არაა, არ მოჰკიდო ხელი, შეგნებულად არ დააშავო… მამა ამბობდა და ასეცაა, დღეს ექიმებს არ აქვთ სათანადო პრაქტიკა. მეც, როცა ინსტიტუტი დავამთავრე და პოლიკლინიკაში პირველ პაციენტს ვუმკურნალე, მოვიდა რამდენიმე დღეში იგივე პაციენტი და წყლულები ჰქონდა, გავიქეცი მამასთან. მითხრა, რამ შეგაშინა, ეს ალერგიაა, „სუპრასტინი“ დაალევინეო…“ – იხსენებს მაია ხაბაზი.
ექიმობას და იმავდროულად ხასან ხაბაზის ტრადიციის გაგრძელებას ოჯახის ახალი თაობის წარმომადგენლებიც აპირებენ.
22 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 397 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).
22 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 76 288 შემთხვევა;
22 თებერვლის მონაცემებით ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 1 361-ს;
სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 5 365-ს;
22 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 2 345 და გამოჯანმრთელების 20 659 შემთხვევა.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)
22 თებერვლის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 77 825 შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).
77 825 შემთხვევიდან ჩინეთიში დაფიქსირდა 76 310,
ჰონგ-კონგი 68,
მაკაო 10 სიკვდილის 2 359 შემთხვევა.
კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური არეალი. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)
ჩინეთი 2 345, ჰონგ-კონგი 2, ირანი 4, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები:
იაპონია 2,
ტაივანი 1,
ფილიპინები 1,
იაპონია 1,
საფრანგეთი 1,
სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 2.
ჩინეთის გარეთ 29 ქვეყანაში დაფიქსირებულია 1 437 დადასტურებული შემთხვევა:
ეგვიპტე 1,
ტაილანდი 35,
იაპონია 105,
სინგაპური 86,
ტაივანი 26,
მალაიზია 22,
სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 346,
არაბეთის გაერთიანებული საემიროები 11,
ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ირანი 18, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, ისრაელი 1, ლიბანი1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 17, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 35, კანადა 9, ავსტრალია 21.
საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია 634.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) 21 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია COVID-19 -ის 76 769 შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).
76 769 შემთხვევიდან, 75 569 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ 1 200 შემთხვევა 26 ქვეყანაში.
კორონავირისის შემთხვევები ქვყენების მიხედვით. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) და PH
ნესტან არძენაძე ორ შვილთან და ქმართან, რუსლან არძენაძესთან ერთად ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში, ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. მისი ქმარი ყოფილი ჯარისკაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ოჯახი ადრე ქალაქში ცხოვრობდა და ბინას ქირაობდა, თუმცა ომის შემდეგ, ქმარი ჯარიდან წამოვიდა, ოჯახმა ქირა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდნენ თავი ქოხისთვის შეეფარებინათ.
რუსლან არძენაძე „ბათუმელებს“ სახლში არ დაგვხვდა. მისი ყოველი დღე, როგორც ნესტანი ამბობს, დღიური სამუშაოს ძებნით იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ არაერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ჯანმრთელობა შეერყა, მძიმე სამუშაოს გარდა ხელჩასაჭიდი ვერაფერი გამონახა.
ნესტანი გვიყვება, რომ მისმა ქმარმა მზარეულის გადამზადების კურსებიც გაიარა, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტაბილური სამსახური ვერ იპოვა. ამიტომ ყოველდღე ხან ვის ბოსტანს ბარავს და ხანაც მაღაზიებთან დგას, რომ ტვირთი გადაზიდოს. ამის მიუხედავად, არძენაძეების ოჯახის შემოსავალი იმდენად მწირია, რომ ოჯახის მინიმალურ საჭიროებასაც ვერ ფარავს.
ნესტან არძენაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე აგვისტოს ომის მონაწილეა, არ იღებს პენსიას. „საბუთის გაკეთება იყო საჭირო. იმ საბუთს კიდევ ცალკე ფული უნდოდა, რომელიც არ გვქონდა. ამიტომ პენსიის გარეშე დარჩა,“ – ამბობს ნესტანი.
ოჯახის მთავარი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 320 ლარი. გარდა ამისა, იღებენ ბავშვების კვების ვაუჩერს. ნესტანი გვიყვება, რომ როგორც კი ეს თანხა დაერიცხებათ, ერთ ტომარა პურის ფქვილს ყიდულობენ. ის პურს შეშის ღუმელში აცხობს. ამბობს, რომ ასე უფრო ეკონომიურია. ქოხს, სადაც არძენაძეები ცხოვრობენ და მათ არ ეკუთვნით, სველი წერტილები არ აქვს. ამ ქოხის კედლები ზამთრის პირობებში ვერც ქარისგან იცავს ოჯახის წევრებს და ვერც სიცივისგან.
არძენაძეების ოჯახის მცდელობა ეპოვათ სამსახური იმით არ შემოფარგლულა, რომ რუსლანმა სცადა ახალ პროფესიაში შესვლა. სამუშაოს ეძებდა ნესტანიც, მაგრამ ამ პროცესში ის განსხვავებულ პრობლემებს წააწყდა.
“განათლება არ მაქვს. ცხრა კლასი დავამთავრე მხოლოდ. შემიძლია მარკეტში ვიმუშაო, მაგრამ მარკეტები ძირითადად ქალაქშია და ითხოვენ, რომ გვიანობამდე იმუშაო – საღამოს 12-მდე. სამარშრუტო ტაქსები ქალაქიდან სალიბაურის მიმართულებით 10 საათზე ამთავრებენ მუშაობას. ტაქსით რომ იარო, აზრი არ აქვს ასე მუშაობას. თან როცა იგებენ, რომ შვილები გყავს და ოჯახი, არავის არ უნდება სამსახურში აყვანა,” – ამბობს ნესტანი.
არძენაძეების ოჯახი მალე მესამე ბავშვს ელოდება. რატომ გადაწყვიტეთ ამ პირობებში კიდევ ერთი შვილის გაჩენა? ვკითხეთ ნესტან არძენაძეს, რადგან ეს კითხვა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, აქტუალური ხდება მაშინვე, როგორც კი აუდიტორია იგებს, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბევრი შვილი ჰყავს.
„კი, ღარიბები ვართ, მაგრამ შვილის გარეშე ყოფნა არ მინდა. მთავარი სიღარიბე არ არის, მთავარია კარგად იყო, ჯანმრთელად. სიღარიბეს როგორმე გადალახავ“, – ასე ოპტიმისტურადაა ნესტანი განწყობილი.
2020 წლის სექტემბერში, „ახალი სკოლის მოდელში“ 300 საჯარო სკოლა ჩაერთვება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბათუმში, სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება 23 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 14 სხვადასხვა საგნის სპეციალისტი, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ეს ჯგუფი მუნიციპალურ დონეზე დახმარებას გაუწევს ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების პედაგოგებს.
„გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ამ ადამიანებს გადავამზადებთ. მაგრამ სკოლის მხარდამჭერი რგოლი მხოლოდ ეს ადამიანები არ იქნებია, ამისთვის ვაპირებთ სკოლებში ხარისხის ჯგუფის შექმნასაც, რომელსაც ასევე მოვამზადებთ იმისთვის, რომ სკოლის სივრცეში არსებობდნენ ექსპერტები და მუდმივად ეხმარებოდნენ მასწავლებლებს განვითარებაში.
ვფიქრობ, მომავალში ეს ადამიანები იქნებიან მენტორები და დამხმარე ინტელექტუალური რესურსი გარკვეული საფეხურის მქონე მასწავლებლებისთვის“-ამბობს ეკა დგებუაძე.
მისი თქმით, რესურსცენტრები ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რგოლია სისტემაში, ამიტომ მათ დონეზე კიდევ ერთი სპეციალისტი იარსებებს, რომელიც იქნება კურიკულიმის ექსპერტი და „ასევე თვალყურის მადევნებელი, ინფორმაციის შემგროვებელი და პასუხისმგებელი იმ პროცესებში, რასაც სკოლებში ვგეგმავთ“-ამბობს დგებუაძე.
მინისტრის მოადგილს თქმით, ეს მოდელი ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება სისტემაში და 165 სკოლის ნაცვლად, 300 სკოლა ჩაერთვება, „2024 წლის გეგმაა, რომ ყველა საჯარო სკოლა დაიფაროს“-ამბობს ეკა დგებუაძე.
მთავარი ფოტო: ეკა დგებუაძე, მინისტრის მოადგილე/ ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„ოცნების ქალაქში“ კორპუსების, გოროდოკის დასახლებაში სახელოვნებო სკოლისა და ხულო-გოდერძის გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 824 000 ლარია.
ამ თანხით სამინისტრო, მეჯინისწყლის დასახლებაში [„ოცნების ქალაქში“] საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, ბათუმში სახელოვნებო სკოლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის რევიზიის, ამავე ობიექტის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის და გაზსადენის ხულო-გოდერძის [ზანკები] მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებას, ერთობლივად შეისყიდის.
რა სამუშაოები უნდა შეასრულოს საზედამხედველო კომპანიამ, მოცემულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში. ერთ-ერთი პირობის მიხედვით კი, „თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გათვალისწინებულ ვადებში, პრეტენდენტი ვალდებული იქნება ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 მარტს დაიწყება და 23 მარტს შეწყდება.
[highlight color=”blue”]„ოცნების ქალაქში“ [/highlight] კორპუსების მშენებლობას საფუძველი 20 თებერვალს ჩაეყარა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგსა“ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს, გაფორმდა. სახელშეკრულებო ღირებულება 38 745 999 ლარია. სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა კი – 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
[highlight color=”blue”]სახელოვნებო სკოლის ერთიანი შენობა[/highlight] ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში უნდა აშენდეს. ამ შენობაში გადაიტანენ მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლას; ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლას; ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას; რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლას და ასევე აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას.
[highlight color=”blue”]ხულო-გოდერძის გაზსადენის[/highlight] მშენებლობა კი, მიმდინარე წლის გაზაფხულზე განახლდება. ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რობლემა შეუქმნა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ, რის გამოც პროექტი შეიცვალა. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს.
21 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იზოლაციაში იმყოფებიან. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე შემოწმდა ქვეყანაში არსებული „შემოსვლის სკრინინგის პროტოკოლის“ მიხედვით – მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, მიიღეს ეპიდემიოლოგისა და კლინიცისტი ექიმების კონსულტაციები. ასევე, თვითმფრინავში ყოფნისას მათ შეავსეს გარკვეული კითხვარი იმის შესახებ, თუ რომელ პროვინციებში იმყოფებოდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში თავად, ან/და ჰქონდა თუ არა მათ სამეზობლოსა თუ სანაცნობოში ვინმეს შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია რომ, რამდენიმე მათგანს შესაძლოა ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიირებულ ადამიანთან, ან მგზავრობის პერიოდში, ან კიდევ მათი ადგილზე ყოფნის დროს, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. არც ერთს, დღეს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც ახასიათებს კორონავირუსულ ინფექციას, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩაითვალა საჭიროდ რომ მათ ორი კვირა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიდიცნო მეთვალყურეობის ქვეშ“ – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელმა, ამირან გამყრელიძემ.
თუ რომელიმე მათგანს, ამ ორი კვირის განმავლობაში დაეწყება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ გადაიყვანენ ინფექციური საავადმყოფოს შესაბამის ბოქსირებულ განყოფილებაში, ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, რენტგენოლოგიური კვლევები და თუ საჭროება იქნება, დაეწყებათ მკურნალობა.
ჩინეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანა, ამ მოქალაქეების სურვილით მოხდა.
დღეს 22 თებერვალს პარტიის ოფისში განცხადება გააკეთა ენმ-ს წარმომადგენელმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ 21 თებერვალს ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით.
ასმათ დიასამიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „არა მარტო ტელევიზიის დირექტორი, მისი მოადგილეც მათივე ხელდასხმული პირია“.
„ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი იყო ფორმალური და საკონკურსო პირობები მორგებული იყო ვახო ხუზმიაშვილზე.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა დირექტორის მოადგილეც მათი ხელდასხმული პირი მოევლინათ ნაცვლად იმისა, რომ მოადგილე ტელევიზიაში დასაქმებული პროფესიონალი ჟურნალისტებისგან შერჩეულიყო.
გუშინ დავინახეთ, რომ ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების პროცესი დაიხურა ტელევიზიის ჟურნალისტებისთვისაც კი. კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სიუჟეტის გასვლის შემდგომ კი ტელევიზიის დირექტორმა ჟურნალისტების დევნა დაიწყო. ერთ-ერთი ჟურნალისტი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ეს არის უხეში და დანაშაულებრივი ჩარევა ჟურნალისტების საქმიანობაში“-აცხადებს ასმათ დიასამიძე.
მისი თქმით, ეს პროცესები რომ ხელისუფლების მხრიდან არის მართული, ჩანდა იქედანაც, რომ საშტატო განრიგის ცვლილების განხილვისას ხელისუფლებას მობილიზებული ჰყავდა გამწვანების სამსახურის თანამშრომლები. „ეს ადამიანები მართავდნენ შენობის წინ კონტრაქციას, სადაც სხდომა მიმდინარეობდა და ითხოვდნენ რომ მთავრობაზე მადლობის სათქმელად მოემზადებინა ტელევიზიას სიუჟეტი“.
ასმათ დიასამიძის თქმით:
უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ჟურნალისტებზე მოახდინა ზეწოლა;
აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენლი დარღვევები და მიეცეს შეფასება;
გაუქმდეს კანონდარღვევით წარმართული კონკურსის შედეგები და ჩატარდეს ახალი კონკურსი ღიად და გამჭვირვალედ, არასამთავრობო სექტორის მონიტორინგის ქვეშ.
კომპანია „დაგს“, რომელმაც ბათუმში 38-მილიონიანი ტენდერი მოიგო და „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების აშენებას იწყებს, სხვა, 11-მილიონიან ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ტენდერი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალების რემონტზე აქვს გამოცხადებული.
აეროპორტების გაერთიანების სატენდერო კომისიამ „დაგს“ ჯერ დოკუმენტების დაზუსტება მოსთხოვა, მოგვიანებით კი ჩათვალა, რომ დაზუსტებული დოკუმენტაციაც არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და დისკვალიფიკაცია მისცა.
[toggle title=”შეუსაბამობები, რაც კომისიამ დაადგინა:”]სატენდერო კომისიამ შეაფასა კომპანიის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია და დაადგინა შეუსაბამობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან:
1 – უშუალოდ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების ნაწილში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ 1 ან 2 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული აქვს 8 000 000 ლარის ღირებულების შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
2 – პრეტენდენტს არ აქვს შესრულებული მსგავსი ტიპისა და სირთულის დასრულებულ პროექტში 4000 კვ.მ. კერამიკული ფილის მოწყობის სამუშაო.[/toggle]
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება „დაგმა“ შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა და კომისიის შესაბამისი ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
„სატენდერო კომისიამ არასწორად დაადგინა შეუსაბამობა კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნაში“, – აღნიშნულია „დაგის“ საჩივარში.
ტენდერი აეროპორტების გაერთიანებას 11 661 920 ლარით აქვს გამოცხადებული, „დაგის“ შეთავაზება კი 10 845 000 ლარია.
დავების საბჭოს მიმართა ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია „ანაგმაც“ [რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონს აშენებს – ხელშეკრულება 141 მილიონ ლარზეა გაფორმებული].
საჩივრის მიხედვით, ანაგი აცხადებს, რომ „სატენდერო კომისიამ სამართლიანად ჩათვალა, რომ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მოახდინა შპს „დაგი“-ს დისკვალიფიკაცია. [თუმცა] სატენდერო კომისიამ ოქმში არ იმსჯელა შპს „დაგი“-ს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეუსაბამობაზე, უფრო მეტიც, კომისიამ სატენდერო პირობებთან შეუსაბამო დოკუმენტი აღიარა შესაბამისად და აღნიშნული შეუსაბამობა არ მიუთითა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კიდევ ერთ გარემოებად“.
„ანაგი“ მოითხოვს, სატენდერო კომისიის ოქმში, შპს „დაგს“ დისკვალიფიკაციის დამატებით საფუძვლად მიეთითოს ის შეუსაბამობები, რაც „ანაგს“ აქვს მოყვანილი თავის საჩივარში.
[toggle title=”ტენდერის პირობები, რომელსაც „ანაგის“ აზრით, არ შეესაბამება „დაგის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია:”][crosslist]
„პრეტენდენტმა, როგორც ზოგადი, ისე სპეციალური გამოცდილების ქონის დასტურად, სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლები და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი წერილი) თუ სხვა დოკუმენტაცია“ [2.2.1. პუნქტის 6.1. ქვეპუნქტი].
ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასტურად პრეტენდენტმა ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის ანალოგიურად, როგორც ეს არის მოთხოვნილი პრეტენდენტის გამოცდილებასთნ მიმართებით, ამ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2. პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით (ჩაშენებული ავეჯისა და მდფ-ით კედლების მოპიკრეკეთების სამშაოების და ხაზოვანი ალუმინის პროფილების ჭერი) [2.8.1. პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი].
[/crosslist][/toggle]
„დაგისგან“ განსხვავებით, „ანაგი“ აეროპორტების გაერთიანებას მომსახურებას ზუსტად იმ თანხაში სთავაზობს, რა თანხითაც გამოცხადებულია ტენდერი – 11 661 920 ლარად.
„ანაგის“ დოკუმენტაცია სატენდერო კომისიას ჯერ არ განუხილავს. დავების საბჭოში კი, ორთავე კომპანიის საჩივრის განხილვის დროდ, 25 თებერვალია ჩანიშნული.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი და ძველი ტერმინალის ინტერიერის მოწყობის სარემონტო სამუშოების შესყიდვაზე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების მაქსიმალური ჯამური ვადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არის 9 თვე,
„ანაგმა“ მოიგო აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავის, ვიტრაჟების და ფასადის მოპირკეთების მოწყობაზეც. ეს ტენდერი გაერთიანებამ 16 934 136 ლარით გამოაცხადა, „ანაგის“ დასახელებული ფასი კი, 15 880 000 ლარი იყო. ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში გაფორმდა – საერთო ღირებულებით – l8 738 400 ლარი [დღგ-ს ჩათვლით].
ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 8-ჯერ შევიდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2020 წლის 21 თებერვლის მონაცემებით, „ანაგზე“ გადარიცხულია 13 778 733 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 74%].
„ოცნების ქალაქს“ ორი დღეა წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ფეისბუკის მეშვეობით შეგვატყობინეს. როგორც ირკვევა, დასახლებას წყალი 20 თებერვლის შემდეგ აღარ მიეწოდება. „დღის მეორე ნახევარში გაითიშა და მას შემდეგ არ მოსულა“.
დასახლებაში 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
როგორც „ბათუმის წყალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, წყლის შეწყვეტა დაზიანებამ გამოიწვია.
„ავარიული გამორთვა იყო, ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიაზე გათიშულია ძველ ქსელში ჩართული ყველა აბონენტი, გათიშვა გამოიწვია ავარიულმა დაზიანებამ. გასულია ბრიგადები და დღეს, დღის მეორე ნახევრიდან მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება“-გვეუბნებიან აღნიშნულ სამსახურში.
გუშინ 21 თებერვალს, „ოცნების ქალაქში“ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ისინი მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაპირდნენ ამ ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას, საძირკველსაც ოფიციალურად ჩაეყარა გუშინ საფუძველი, მთავრობა მოსახლეობას სკოლის და ბაღის მშენებლობასაც დაჰპირდა.
მთავარი ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები/„ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა პრემიერს შამპანურით და ტკბილეულით დახვდა
შსს ინფორმაციით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.
გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო“-ნათქვამია შსს განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.
„კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით“.
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა, როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებიდან. შეხვედრაზე იმყოფებოდა აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილიც.
შეხვედრა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრაზე ეკა დგებუაძემ „ახალი სკოლის მოდელზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ახალ მოდელში ამ დროისთვის 169 საჯარო სკოლა, 34 ათასი მოსწავლე და 3 ათასზე მეტ მასწავლებელია ჩართული.
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლა ვეღარ იქნება ისეთი, რაც აქამდე იყო და ვერც პედაგოგი დარჩება იმ დონეზე, რა სტანდარტებითაც აქამდე მუშაობდა.
„ახალი მოდელის მიხედვით, რეფორმა იწყება საკლასო ოთახიდან. იქმნება სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული. სასწავლო გეგმა უნდა იყოს გააზრებული მასწავლებლის მხრიდან, მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს თავის მოსწავლეებს და ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ განახორციელებს ამ გეგმას გაკვეთილზე ისე, რომ გათვალისწინებული ჰქონდეს ყველა ბავშვის შესაძლებლობა“, – ამბობს ეკა დგებუაძე.
მისი თქმით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანი სასკოლო კულტურის შეცვლაა: „სკოლა უნდა გახდეს მრავალფეროვანი და აქტიური. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილზე, სკოლის ბაზაზე პედაგოგის დახმარება და მის განვითარებაზე ზრუნვაც…“
მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ახალი სკოლის რეფორმა შესაძლოა იქამდე გაგრძელდეს, „სანამ არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე“.
„ექსპერტები, რომლებიც ამ სკოლებში მუშაობენ, ყოველდღე ცვლიან სწავლების მეთოდოლოგიას. ეს არის საკლასო ოთახიდან წამოსული გამოცდილება“, – ამბობს დგებუაძე.
განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ბათუმში სკოლის დირექტორებს შეხვდა ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს სკოლების ტექნოლოგიურ აღჭურვასაც და როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე განაცხადა, რეფორმაში ჩართულ ყველა სკოლაში შეაქვთ ვირტუალური ლაბორატორიები, პროექტორი, ჩართულია ინტერნეტი, შეიქმნა ისტის ელექტრონული სახელმძღვანელოები და ა.შ.
მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს უთხრა, რომ სასკოლო კულტურა წარმოუდგენელია არაფორმალური განათლების გარეშე. ამიტომ, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლებმა ეს კომპონენტი უნდა გააძლიერონ. „სასკოლო კულტურა არ არის მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება, სკოლა უნდა იყოს მრავალფეროვანი, სადაც არის უამრავი კლუბები, წრეები, სპორტული აქტივობები, რომ სიხარულით მივიდეს ბავშვი“, – ამბობს დგებუაძე.
მან შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს კითხვების დასმა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას 200-ზე მეტი დირექტორი ესწრებოდა, მხოლოდ რამდენიმე დირექტორმა დასვა კითხვა.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამთა კვარაცხელიამ [ის „ახალი სკოლის“ პროექტში ლიდერობის ექსპერტიცაა] თქვა, რომ ევროპული სკოლის მოდელის დანერგვა ბევრ სკოლაში შეუძლებელია, რადგან მასწავლებლების ნაწილი მისი განხორციელების საჭიროებას ვერ ხედავს.
მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია შეხვედრაზე
„პრაქტიკულად, მაღალ საფეხურზე ეს გეგმა დარჩება განუხორციელებელი, განსაკუთრებით არაფორმალური განათლების ნაწილში, რადგან კანონმდებლობით მასწავლებელს უფლება აქვს ორ სკოლაში იმუშაოს და ჩვენ მას ვერ ავუკრძალავთ, რომ გაკვეთილების შემდეგ სახლში ან სხვა სამსახურში წავიდეს. ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა რომ განხორციელდეს სკოლაში, მასწავლებელი მინიმუმ 4-5 საათამდე მაინც უნდა დარჩეს სკოლაში. ახლა კი 3-4 გაკვეთილის შემდეგ, მასწავლებელი სკოლაში ფაქტობრივად არ არის“, – ამბობს თამთა კვარაცხელია.
დირექტორის თქმით, მასწავლებლები ძალიან კარგად მუშაობდნენ მაშინ, როცა ჰქონდათ გარეგანი მოტივაცია, მაგალითად კრედიტქულები.
„სქემის ფარგლებში მასწავლებლები აქტიურობდნენ, ჰქონდათ კლუბებიც, წრეებიც, თუმცა კრედიტქულების დაგროვება როცა შეწყდა, ამ ამბავმაც უკან დაიხია.
საქმე კიდევ იმაშია, რომ ჩვეულებრივ, მასწავლებელი ამ ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ნაკლებად ხედავს. მაგალითად, როცა ჩვენ ვმუშაობთ საკლასო შეფასებაზე, კომპლექსურ დავალებებზე, შემაჯამებელ დავალებებზე, მასწავლებელთა 30 პროცენტი თუ არის დაინტერესებული ამით. ამიტომ, ხომ არ იგეგმება რაიმე გარეგანი ბიძგი ახალი სკოლის ფარგლებში რომ წახალისებული იყოს პედაგოგი, დარჩეს გაკვეთილების შემდეგ და ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას“, – იკითხა თამთა კვარაცხელიამ.
თამთა კვარაცხელიას კითხვაზე, ეკა დგებუაძის პასუხი იყო, რომ რამდენიმე წელიწადში მასწავლებლის ხელფასი 1800 ლარი გახდება. ხელფასის მატება კი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ მასწავლებელი სკოლაში დარჩეს და არაფორმალურ განათლებაზეც იზრუნოს.
„მიზანი არის ეს. რატომ ვერ შევძელით ჩვენ აქამდე ხარისხზე საუბარი? იმიტომ, რომ როცა მასწავლებელი გაკვეთილს ატარებდა, გარბოდა და კერძო პრაქტიკა ჰქონდა – მისი შრომა იყო დაუფასებელი. მივდივართ იქეთკენ, რომ გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ ამას აუცილებლად მოვთხოვთ პედაგოგს. თუმცა, ძალიან ძნელია ადამიანის კულტურა ერთ დღეში შევცვალოთ“, – ამბობს ეკა დგებუაძე.
შუახევის ერთ-ერთი სოფლის დირექტორ დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება დაწყებით საფეხურზე კლასკომპლექტების გაუქმება? – ამაზე დგებუაძეს პასუხი არ ჰქონდა.
„ვერ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, რადგან არ გვქონია დისკუსია და დაპირებას ვერ მოგცემთ. არ იგეგმება კლასკომპლექტების გაუქმება, თუმცა ამის გადახედვა შესაძლებელია“, – განაცხადა მან.
შეხვედრას 200-ზე მეტი სკოლის დირექტორი ესწრებოდა ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ იკითხა, რაზე დაყრდნობით არჩევენ სკოლებს ახალი სკოლის მოდელის პროექტში.
დგებუაძის თქმით, ერთ-ერთი კრიტერიუმია ის, რომ სკოლაში უახლოეს მომავალში არ უნდა იგეგმებოდეს სრული რეაბილიტაცია, „რადგან ჩვენ შევდივართ სერიოზული ტექტონოლოგიით“.
დგებუაძის თქმით, აქცენტი ქალაქის გარდა რეგიონებში არსებულ სკოლებზეც კეთდება.
ციხისძირში საავტომობილო გზაზე, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მძღოლი მოქალაქეებმა გადაარჩინეს და ცეცხლის ჩაქრობაშიც დაეხმარნენ.
საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის [20:57] მოძრაობა აღდგენილია.
ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერი“ მიწის ნაკვეთს იჯარის წესით, ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს.
კომპანიის მოთხოვნაა ასევე, რომ ნაკვეთი, რომელიც პლაჟს ეკუთვნის, აუქციონის გარეშე, პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცეს. მერიის ინფორმაციით, მოთხოვნილი ნაკვეთი კომპანიას საკუთარი სასტუმროს წინ საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სჭირდება.
ბათუმის მერიას ნაკვეთის პირდაპირი წესით გასასხვისებლად საკრებულოს თანხმობა სჭირდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და როგორც ამ პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, „მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს შპს „ბათუმი თაუერი“-ს განცხადება“
საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში კომპანია ათი წლის ვადით სარგებლობაში მიიღებს პლაჟის ტერიტორიას 6 695 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. ამავე პროექტით კომპანიას საჯარო ქირის გადახდა ერთ წელში ორ ნაწილად მოუწევს, ზაფხულში საკურორტო სეზონზე ოთხი თვის გამავლობაში ის 122 742 ლარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილი თვეების საფასური 268 225 ლარი იქნება.
განკარგულების პროექტის მიხედვით შეთანმმება საჯარო სივრცის ჩაკეტვას არ ითვალისწინებს, ასეთი შეთანხმება ბულვართან არსებულ სხვა სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებსაც აქვთ, რომლებმაც პლაჟები აითვისეს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეებს პლაჟის ამ მონაკვეთებით სარგებლობის საშუალება არ მისცეს.
„ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს “ბათუმი თაუერმა” შეიძინა. ეს კომპანია 2014 წელს ოფშორშია დარეგისტრირებული.
2019 წელს ყველაზე მეტი მიწა საპატრიარქოს, ქვეყნის მასშტაბით, ხელვაჩაურში გადასცეს. მონაცემებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონმიტორინგის ცენტრი“ [EMC] ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, გასულ წელს, საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტომ 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.
EMC-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურში ჯამში 60 613 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს საპატრიარქოს.
„მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე, აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას… აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56% პროცენტი მუსლიმია.
საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტს დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები გაივლიან. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ, სადაც შვილის შეყვანა სურთ.
„სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს.“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და დაადგენს მის საჭიროებებს, დასკვნას კი მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა.
„საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
რეგისტრაციის მე-2 ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
მშობელი სკოლის თანამშრომელია;
ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
ხოლო რეგისტრაციის მე-3 ეტაპი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მე-4 ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
მოსწავლის რეგისტრაციას მე-5 ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი იყო – ცეცხლი გაუჩნდა ჯერ ერთ ავტომანქანას, შემდეგ მეორეს გადაედო. საბოლოოდ დაიწვა ერთი ავტომანქანა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრეები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა“.
პოლიციამ ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში მალევე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი – ნივთმტკიცებად ამოიღო.
შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში ვახო ხუზმიაშვილის მოსვლის შესახებ ინფორმაცია გიორგი კოხრეიძის არჩევის დროსაც ვრცელდებოდა.
ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა. ბოლო პერიოდში იგი “Prime Time”-ის დირექტორი იყო.
კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები – ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.
კომისია, რომელმაც ტელევიზიის დირექტორის მოადგილე შეარჩია, გასაუბრება დახურა. მიზეზებზე საუბარი „ბათუმელებთან“ კომისიის წევრმა, ნინო უტიაშვილმა არ ისურვა. იგი აჭარის ტელევიზიაში იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს. კონკურსი დახურეს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებისთვისაც, ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ დღეს საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ ვახო ხუზმიაშვილთან გასაუბრების მოსასმენად ჟურნალისტები არ შეუშვეს.
ნინო უტიაშვილმა არ გვითხრა, ვინ შეარჩია კომისიამ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მისი თქმით, კომისია მას შემდეგ გაასაჯაროებს კანდიდატის ვინაობას, როცა ამის შესახებ დირექტორს შეატყობინებენ.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე მას ტელევიზიის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელშეკრულება შეუცვალა და მოვალეობად მხოლოდ ანგარიშების მომზადება დაუტოვა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.
ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება 29 მაისს დასრულდება.
რას ფიქრობენ ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე? – კითხვა სტუდენტებს დღეს, 21 თებერვალს, იმ დისკუსიის შემდეგ დავუსვით, სადაც ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ დისკრიმინაციის და თანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უნივერსიტეტის 21-ე აუდიტორიაში შედგა. ზუსტად ეს აუდიტორია არ დაუთმო უნივერსიტეტმა გასულ წელს „იდენტობას“ ლგბტქ თემის პრობლემებზე სასაუბროდ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დამცველმა 2020 წლის 31 იანვარს დისკრიმინაციაში ამხილა.
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „იდენტობას“ 21-ე აუდიტორია არ დაუთმო, სარემონტო სამუშაოები იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრის წინა დღით უთხრეს, რომ აუდიტორიაში რემონტი დაიწყო.
„არ გვჯერა,“ – ერთხმად გვიპასუხა რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის ოფიციალური განმარტების შესახებ. სტუდენტები, ვისაც დღეს „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტმა საზოგადოების ჰომოფობიური განწყობების გამო თქვა უარი დისკუსიაზე.
„ჩემი აზრით, ჩათვალეს, რომ ეს საკითხი უნივერსიტეტის ავტორიტეტზე შეიძლება გადიოდეს. რეალურად, უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ისაუბრებენ ნებისმიერ რეალურ პრობლემაზე, იფიქრებ, გაანალიზებ,“ – გვითხრა ეკა ჭაღალიძემ.
დიალოგში ბსუ-ს სტუდენტი თამილა მურვანიძე ჩაერთო. მას „იდენტობისთვის“ უარის თქმის ამბავზე კიდევ ერთი უარის შემთხვევა გაახსენდა.
„ეს სარემონტო სამუშაოები ხშირად ხდება რატომღაც აქტუალური. ზურაბ ჯაფარიძესაც იგივე უთხრეს, როცა მას, როგორც ეკონომისტს, საჯარო ლექციის ჩატარება სურდა. მე არ გამოვრიცხავ, სუბიექტური განწყობაც ასეთივე უარყოფითი ჰქონოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას,“ – გვითხრა თამილა მურვანიძემ.
სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტში რეაქცია არავის ჰქონია იმაზე, რომ ადმინისტრაციამ ლგბტქ ადამიანების პრობლემებზე საუბარს სივრცე არ დაუთმო. არც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა შეუმჩნევია ვინმეს.
„ვინ შეიმჩნევდა? ლექტორების 90 პროცენტი თავად არის ჰომოფობი…“ – გვიყვება მეგი ქამაშიძე. მას ვკითხეთ, რაში გამოვლინდა ლექტორების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულება და უსაუბრიათ თუ არა ლექტორებთან ამ თემაზე.
„არ გვისაუბრია, მაგრამ ეტყობათ დამოკიდებულებაში, როგორც ხსნიან ლექციებს… მაგალითად, რუსთველოლოგია როცა გავიარეთ, ლექტორმა პირდაპირ გვითხრა, ქალი ფემინური უნდა იყოს, კაცი – მასკულინურიო, ქალმა ნაშიერი უდნა დააგდოსო. როცა ლექტორი ამას გეუბნება, რომელ ჰუმანურობაზე და ემპათიაზე საუბარი?“ – კითხულობს მეგი ქამაშიძე.
ამ ისტორიის გახსენებაზე სტუდენტმა, თამილა მურვანიძემ დღეს ჩატარებული ლექციაც ახსენა:
„ერთ-ერთი თემის განსახილველად ლექციაზე მოთხრობას ვეცნობოდით, ერთი პერსონაჟის აღწერის მიხედვით, ბიჭი იყო გეი. ისეთი რეპლიკები წამოვიდა უცებ, რომ მარტო ერთი-ორი ადამიანი აღმოჩნდა დამცველი. რეალურადაც ასეა,“ – აღნიშნა თამილა მურვანიძემ.
რატომ თქვა უარი უნივერსიტეტმა დისკუსიაზე, რომელიც ლგბტქ თემატიკას ეხებოდა? – კიდევ ერთი სტუდენტი, ნანა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რემონტის მომიზეზებით „თავის ტკივილი“ აირიდა.
„იცოდა ადმინისტრაციამ, რომ უმრავლესობას არ მოეწონებოდა… როგორც ატყდა ამბავი ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ,“ შესაძლოა, იგივე აქციები აქაც მოწყობილიყო. ჩვენი ბრალია – სტუდენტები კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდივართ, ერთმანეთის იმედი არ გვაქვს,“ – გვითხრა ნანა ფუტკარაძემ.
მთავარი ფოტო: დისკუსია უნივერსიტეტში დისკრიმინაციის თემაზე, 2020 წლის 21 თებერვალი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, გულის იშემიური დაავადების მესამედი ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინის დონეს უკავშირდება და ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 2.6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება, რაც მთლიანი გარდაცვალებების 4.5 პროცენტს შეადგენს.
ქოლესტერინი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად ჩვენს სისხლში ცირკულირებს. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ ორგანიზმში ქოლესტერინის არსებობა ხშირად არასწორად ესმით. ექიმის თქმით, ქოლესტერინი ყოველთვის „ცუდი“ არ არის, მას ბევრი ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში, პირველ რიგში კი, ქოლესტერინი ორგანიზმს ახალი ჯანმრთელი უჯრედების საშენ მასალად სჭირდება, იგი მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, მაგრამ თუ ჭარბი რაოდენობით დაგროვდა – საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
MayoClinic: მაღალი ქოლესტერინისას, შესაძლოა, სისხლძარღვებში განვითარდეს ცხიმოვანი ჩანართები. თანდათანობით, ეს ჩანართები იზრდებიან და არტერიებში სისხლის საკმარისი რაოდენობის მიმოქცევას აფერხებენ. ზოგჯერ, ეს ჩანართები მოულოდნელად იშლებიან და შედედების გზით თრომბად იქცევიან, რაც იწვევს ინფარქტს ან ინსულტს.
ბატონო შოთა, რა იწვევს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში?
ქოლესტერინის დონე ძირითადად მატულობს არასწორი კვების რეჟიმის გამო, მაგალითად, როცა ადამიანი იღებს დიდი რაოდენობის ცხიმოვან საკვებს. ზოგადად, მთელს მსოფლიოში შეინიშნება ქოლესტერინის დონის მატების ტენდენცია, ეს გამოიწვია იმან, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, ვიკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში, ტკბილეულით, ვსვამთ ტკბილ წვენებს, გაზირებული სასმელებს. ეს პირდაპირ მოქმედებს ქოლესტერინის მატებაზე. ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ცხიმიანს არ ჭამს, მაგრამ როცა ჩავეკითხები, აღმოჩნდება, რომ ტკბილს ჭამს, რაც ასევე ახდენს ქოლესტერინის დონის მატებას ორგანიზმში.
ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იკვებება ჯანსაღად, მაგრამ მის ორგანიზმში მაინც მატულობს ქოლესტერინი, ეს განპირობებულია ან ფერმენტაციული ცვლის დარღვევით ღვიძლში, ან გენეტიკური წინასწარგანწყობით. ცხადია, ამ შემთხვევაშიც კვების რეჟიმი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კვების რეგულირება დადებით შედეგს ვერ მოგვცემს.
რა სიმპტომებითვლინდება სისხლში ქოლესტერინის მომატება?
ყველაზე თვალსაჩინო არის სიხლძარღვოვანი (გულსისხლძარღვთა სისტემის) ცვლილებები, როგორიც არის არტერიული წნევის მატებისკენ ტენდენცია; ასევე, ჭარბი წონისკენ მიდრეკილება; თუ ადამიანს აქვს იშემიური პათოლოგია, ეს მიუთითებს, რომ სისხლის მოძრაობა გართულებულია, რადგანაც სისხლძარღვში ქოლესტერინის ჩანართები განაპირობებს აღნიშნულ ცვლილებებს. ასევე ძალიან ცხადი სიმპტომია კანის ზედაპირზე ცხიმგროვები ე.წ. „ჟირავიკები“. ესეც მიუთითებს, რომ ორგანიზმში დარღვეულია ცხიმოვანი ცვლა. ამ დროს შეიძლება არ იყოს საერთო ქოლესტერინი მომატებული, მაგრამ იყოს დარღვეული ცხიმოვანი ცვლის ბალანსი, რაც ასევე საყურადღებოა.
რამდენად კავშირშია ქოლესტერინის მატებასთან თვალთან არსებული ცხიმგროვები?
ასეთი გამოვლინებაც კავშირშია ქოლესტერინთან, თუმცა ამ დროს შეიძლება სისხლში ქოლესტერინის მატება ვერ დავაფიქსიროთ, მაგრამ უკვე მიმდინარეობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევა. საქმე ის არის, რომ ორგანიზმი ცდილობს მოიცილოს სისხლძღარღვებიდან (ანუ მოცირკულირე სისხლიდან) ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, რათა სისხლმა უკეთ იმოძრაოს. აქედან გამომდინარე, ის პოულობს ადგილებს, სადაც ალაგებს ამ ზედმეტ ქოლესტერინს. ეს შეიძლება იყოს კანქვეშ, თვალებთან ან სხვა ადგილას.
ქოლესტერინის მაღალი დონით გამოწვეული წარმონაქმნები თვალის მიდამოში მას შემდეგაც რჩება სახეზე, როცა პაციენტი ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებს ჯანსაღი კვებით ან სხვა ჩარევებით. ცხიმგროვის მოსაშორებლად კოსმეტიკურ/ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. თუ ეს ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ქოლესტერინის დონე სისხლში.
კონკრეტულად რას აზიანებს ქოლესტერინის მომატება?
პირველი, რასაც იწვევს, არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, როგორიცაა: ისნულტი, ინფარქტი, იშემიური ცვლილებები, ასევე, ათეროსკლეროზული ცვლილებები. შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნება, რომლის შემდეგაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს ცხიმოვანი ჰეპატოზი. შემდგომ ეტაპზე, ცხიმოვანი ფოლაქების ჩალაგების შედეგად, უკვე მთელს ორგანიზმზე ახდენს გავლენას.
რამდენად კავშირშია ქოლესტერინი ჭარბ წონასთან?
შესაძლოა ქოლესტერინის მომატებული დონე ჭარბი წონიდანაც მომდინარეობდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს აუცილებლად ყველა ჭარბწონიან ადამიანს ქოლესტერინის დონე ჰქონდეს მაღალი. შეიძლება ადამიანი ძალიან გამხდარი იყოს, მაგრამ ქოლესტერინი მაინც მაღალი ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ყურადღება ექცევა გენეტიკურ ფაქტორებს, როგორია ენდოკრინული პათოლოგიები, ან ჰიპოთიროიდული მდგომარეობა, ანუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური ჰიპოთირიოზები ხომ არ არის, რომელიც იძლევა ამ სიმპტომებს.
როგორ ხდება მკურნალობა?
დავიწყოთ იქედან, რომ თუ ქოლესტერინის დონე ერთხელ მოიმატებს, მას მთელი ცხოვრება სჭირდება კონტროლი, კვებითი რეგულაციების დაცვა იქნება აუცილებელი. პირველი წამალი სწორედ ეს არის – დოზირებულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. თუ ამის შედეგად ვერ ვიღებთ შედეგს, შემდგომში არის შედარებით უფრო მსუბუქი და ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც არეგულირებენ ქოლესტერინის დონეს.
ქრონიკულმა პაციენტებმა გაორმაგებულად უნდა აკონტროლონ ლიპიდური ცვლისა და ქოლესტერინის დონე ორგანიზმში. ზოგიერთ მათგანს შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს მედიკამენტის მიღება, რომ ქოლესტერინის დონე იყოს დარეგულირებული. მაგრამ ეს მედიკამენტები, გარკვეულწილად, ღვიძლზე ახდენენ გავლენას, ამიტომ პაციენტმა უნდა აკონტროლოს არამარტო ქოლესტერინის დონისა და ლიპიდური ცვლის მთელი სპექტრი, არამედ ღვიძლის ფუნქციებიც.
როგორ უნდა ვიკვებოთ ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად?
ყველა სახის ბოსტნეული დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის დარეგულირებაზე. თუმცა ცხიმოვანი პროდუქტების ერთიანად ამოღება კვების რაციონიდან, არ შეიძლება. ცხიმის გარკვეული რაოდენობით მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით კარგია, თუ მივიღებთ თევზსა და ომეგა 3-ს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონის რეგულირებაზე.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ცხიმი რა სახისაა – ხელოვნური თუ ნატურალური?
ყველა ცხიმი ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. ხელოვნური/მცენარეული ცხიმების შემთხევვაში, პროდუქტს აქვს ბევრი დანამატი, მასში არის არასწორი ცხიმების ნაჯერი და უჯერი კომბინაცია და ამან შეიძლება ცოტათი უფორ მეტად გააუარესოს ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ვიდრე ნატურალურმა კარაქმა. თუმცა ნატურალური კარაქიც ახდენს ზეგავლენას ქოლესტერინის დონის მატებაზე. რა თქმა უნდა, დოზირებულად – ერთი ნაჭერი კარაქიანი პური ჯანსაღი კვების რაციონში დაშვებულია.
რეკომენდაციები
შეზღუდეთ ქოლესტერინის მიღება – დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 0.2 გრამ ქოლესტერინზე ნაკლები. ქოლესტერინს შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლისა თუ სხვა ორგანოების ხორცი, კვერცხის გულები, კრევეტები და რძის პროდუქტები.
მიიღეთ ბლომად უჯრედისით მდიდარი საკვები. ეს საკვები აფერხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ ქოლესტერინის ათვისებას. ასეთი საკვებია:
მთლიანმარცვლიანი პროდუქტები, როგორიცაა: შვრია და შვრიის ქატო
ხილი, როგორიცაა: ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, მსხალი და ქლიავი
მარცვლოვანი პროდუქტები: შავი და მწვანე ლობიო, ოსპი, მუხუდო
მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ასეთი დიეტა ორგანიზმში ამაღლებს იმ კომპონენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ადაბლებენ.
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული კომისია განიხილავს კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და ქალაქის მერს მისცემს რეკომენდაციას ამ შედეგების დამტკიცებასა და პროგრამით მოსარგებლე ოჯახების განსაზღვრაზე.
რაც შეეხება კონსულტანტს, მერია მას სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერის] საშუალებით შეარჩევს.
სწორედ კონსულტანტი შეისწავლის-გადაარჩევს მერიაში შესულ განაცხადებას [რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს], აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მიანიჭებს მათ სარეიტინგო ქულებს და შექმნის აპლიკანტი ოჯახების მონაცემთა ბაზას“.
„თუ დადგინდება, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებები, კონსულტანტი ვალდებული იქნება, მოსთხოვოს აპლიკანტ ოჯახს ასეთი დოკუმენტების წარდგენა. კონსულტანტის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით“, – აღნიშნულია მერის ბრძანებაში.
[toggle title=”კომისიის შემადგენლობა ნახეთ აქ:”] მერის ბრძანებით კომისია უნდა შეიქმნას შემდეგი შემადგენლობით: ლელა სურმანიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); დავით კოპინაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ეთერ ლომაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი; ედნარ ნატარიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; რუსუდან ჟოჟაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი; მუხრან ჯორბენაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი;
ასევე, სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით შერჩეული კონსულტანტის 2 წარმომადგენელი.[/toggle]
„კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნოს მოთხოვნები კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 3 კანდიდატურა“, – აღნიშნულია მუნიციპალური პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ – განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის, 2020 წლის 21 თებერვლის ბრძანებაში.
მერის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას სთხოვენ:
[checklist]
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ამ მიზნით გაეგზავნოს მოთხოვნა კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატურა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს. ამ მიზნით გაეგზავნოს მოთხოვნა კანდიდატურების შერჩევისათვის. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი იქნება მათ მიერ წარმოდგენილი 2 კანდიდატურა.
[/checklist]
„იაფ სახლთან“ დაკავშირებით შექმნილი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიოს სამუშაო ჯგუფის წევრები.
[toggle title=”სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ნახეთ აქ:”]სოფიო მიქელაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი (ჯგუფის ხელმძღვანელი); მარინე რუხაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილების უფროსი (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე); დავით კოპინაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ჯუმბერ კობალაძე – ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს დირექტორი; გოჩა ჯიბლაძე – ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“-ს ადმინისტრაციული ერთეულების სამსახურის უფროსი; მერიემ სიჭინავა – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურისტი; ხათუნა კობალაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების პოლიტიკის და განკარგვის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მერი ასამბაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრის მენეჯერები (მხოლოდ თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით).[/toggle]
სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს წარდგენილი განაცხადები [თანდართულ დოკუმენტებთან ერთად] არის თუ არა სრულყოფილი და შესაბამისობაში მერის ბრძანების მოთხოვნებთან და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მათი სრულყოფის მიზნით; ასევე, უნდა შეისწავლოს განაცხადები, დოკუმენტების მიხედვით, ფორმალურად აკმაყოფილებს თუ არა პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს, შემდგომი ეტაპის განხილვისათვის.
სამუშაო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოფს აპლიკანტი ოჯახების [რომლებიც დოკუმენტების მიხედვით ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის მინიმალურ მოთხოვნებს] ელექტრონული ბაზის მომზადება.
მერის ბრძანებით შეიქმნა საპრეტენზიო კომისიაც.
[toggle title=”ნახეთ საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა:”]ჯაბა ტუღუში – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი (კომისიის თავმჯდომარე); ნუკრი დეკანაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); რამაზ მამულაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; ვახტანგ გედენიძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების განყოფილების უფროსი; ხათუნა აბულაძე – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის და არქივის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).[/toggle]
ბრძანების მიხედვით: „საპრეტენზიო კომისია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში განიხილავს სამუშაო ჯგუფის და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის შესაბამის გადაწყვეტილებას. დაინტერესებული პირის მიერ საჩივარი საპრეტენზიო კომისიაში წარდგენილი უნდა იქნას გადაწყვეტილების გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დაგვიანებით წარდგენილი საჩივარი არ განიხილება“.
ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება ამავე წლის და 29 მაისს დასრულდება.
დღეს, 21 თებერვალს, ბათუმში კაცი დაჭრეს. მას ყელის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი შუახნისაა და იგი აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.