სამგზავრო მინივენი ავარიაში მოყვა, დაიღუპა 5 ადამიანი

დღეს სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მინივენში მსხდომი ხუთივე პირი – სამი ქალი და ორი კაცი  დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა კაცმა „მთავარ არხთან“ აღნიშნა, რომ მინივენის მძღოლი მისი ახლობელია და ავტომანქანა ბათუმიდან მიდიოდა.

არხის ცნობით, შს სამინისტრომ მათ უთხრა, რომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

13 წლის გოგოს დედა: ბავშვი სახლიდან მიდის, ვითხოვ შველას

სალომეს გარესამყაროსთან კონფლიქტი აქვს. ის 13 წლისაა. მისი დედა – ახალგაზრდა ქალი დაბნეულია და ვერ ხვდება, როგორ დაეხმაროს შვილს. ოჯახის შესანახად დედა ყოველ დღეს თურქეთში გადადის სამუშაოდ – სხვადასხვა პროდუქტი გადააქვს და ყიდის. სალომეს პატარა ძმაც ჰყავს – ჩანს, რომ თავისი ძმა ძალიან უყვარს.

13 წლის გოგო: არაფერი მაინტერესებს

„არაფერი მაინტერესებს, არც საუბარი მინდა,“ – გვითხრა 13 წლის სალომემ ისე, რომ ჩვენთვის არც შემოუხედავს. ის ფარდებგადაწეულ ფანჯარასთან იჯდა და წვიმას უყურებდა. უკვე ნახევარი წელიწადია სალომე სკოლაში აღარ დადის. სალომეს აღარც სახლში გაჩერება უნდა.

სალომეს დედა ფიქრობს, რომ სალომე იმ მეგობრებთან ყოფნას ამჯობინებს, რომლებიც დიდ დროს და, მათ შორის, ღამეებს ქუჩაში ატარებენ, ქურდობენ, ნარკოტიკს იღებენ, თითქოს სხვა ბავშვების დასახმარებლად ფულს აგროვებენ… ამის შესახებ მას სალომესთანაც უსაუბრია.

„ამ ჭაობიდან უნდა ვიხსნა, მაგრამ არ ვიცი, როგორ,“ – გვითხრა ლელამ [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. სალომეს დედა „ბათუმელებს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა პოლიციის განყოფილებაში მივიდა, საქმეში სოცმუშაკებიც ჩართო და ფსიქოლოგებიც, მაგრამ მდგომარეობა ბოლო თვეებში, პირიქით, დამძიმდა.

ლელამ საკუთარი პრობლემის შესახებ სალომესთან შეხვედრამდე გვიამბო. სალომემ კი დამშვიდობებისას გვითხრა, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერი აქვს და საჭიროების შემთხვევაში დაგვირეკავს.

„ვიცი, მას უნდა, რომ შეიცვალოს

„ყველაფერი დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო – ის გაუჩინარდა,“ – იწყებს ლელა და იმ დღეს იხსენებს, როცა მთელი ღამე შვილს ეძებდა. მეორე დღეს სალომე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თქვა, რომ მამინაცვალი მასზე ძალადობდა. პოლიციელებმა სალომეს მამინაცვალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

სალომე დედასთან, მამინაცვალთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ყოველდღიურად თურქეთში გადადის სამუშაოდ.

„ძალადობა არ ყოფილა,“ – ირწმუნება ლელა. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე სალომეს იმ მეგობრებთან ურთიერთობას უშლიდნენ, რომლებიც, მათი აზრით, სხვადასხვა დანაშაულს სჩადიან.

„სალომემ თქვა, რომ სკოლაში სიარული აღარ უნდა და სადაც უნდა, იქ წავა… მას შემდეგ, რაც შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და ჩემი ქმარი სახლიდან დროებით წავიდა, სახლში მოჰყავდა ყველა ის მეგობარი, ვისთან ურთიერთობასაც ვუკრძალავდით. ვერაფერს ვამბობდი. ხან ფულს მპარავდნენ, ხან – ტანსაცმელს. სოციალური მუშაკი მეუბნებოდა, რომ სალომესთვის თავისუფლება უნდა მიგვეცა და დამშვიდდებოდა.

ჩვენ მას დავუჯერეთ…

მერე მივედი იმ ოჯახებშიც, სადაც სალომე რჩებოდა. ვიფიქრე, იმ ბავშვების მშობლებს დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ვის ნახავდი? ერთ ოჯახში დედაც ბავშვებთან ერთად ეწეოდა სიგარეტს და სვამდა… ყველგან ერთი და იგივე სურათი დამხვდა,“ – გვიყვება ლელა.

ლელას თქმით, ბოლო პერიოდში სალომემ ნარკოტიკული აბებიც გასინჯა და რამდენიმე დღის წინ სახლი შუაღამისას დატოვა.

„აბები გადაყლაპა და ცუდად იყო… ვიყავი აფთიაქშიც, როგორ მიეცით ეს აბები ბავშვებს-მეთქი. მიპასუხეს, რომ გვეგონა, მშობლების დანაბარები იყოო.

რამდენიმე დღის წინ ბეჭედი დავკარგე. სალომემ ნახა, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი სხვას ჩუქნიდა ამ ბეჭედს და გააპროტესტა. ის ბავშვი ამბობდა, „პლაზასთან“ ვიყიდე 6 ლარადო, მაგრამ ოქროს ბეჭედს სად ნახავდა ამ ფასად?

ბეჭედი კი დამიბრუნეს, მაგრამ ისეთი ამბები წამოაძახეს ერთმანეთს ბავშვებმა, აღარ ვიცოდი, რა მექნა – ამბობდნენ ვინ ვისი სექსუალური პარტნიორი იყო. ისინი პატარები არიან.

ბევრჯერ მისაუბრია მასთან, რატომ იქცევა ასე. მითხრა, რომ არ იცის, რა უნდა. არ იცის, როგორ მოიქცეს. არც მე ვიცი როგორ დავეხმარო. ყოველღამე ვოცნებობ, რომ ხვალიდან იქნება ასე აღარ მოიქცეს, მაგრამ დილიდან ისევ ისე ირევა ყველაფერი.

რა შესთავაზა სახელმწიფომ ბავშვს, რომელსაც სკოლასა და ოჯახთან ურთიერთობა უჭირს? 

„მე მზად ვიყავი დროებით აღზრდაში მინდობით აეყვანათ სალომე, თუკი ეს უშველიდა სიტუაციას. ამის შესახებ მასთანაც ვისაუბრე, მაგრამ არც ეს გამოვიდა,“ – გვიყვება არასრულწლოვნის დედა. მისი თქმით, სოციალური მუშაკები მის ოჯახში რამდენჯერმე მივიდნენ, ფსიქოლოგთანაც რამდენიმე ვიზიტი შედგა, მაგრამ უშედეგოდ.

„რადგან სალომე ამბობდა, რომ ჩვენთან არ სურდა, ვთქვი, რომ მინდობით აღზრდაში გაეყვანათ. სოცმუშაკმა გვითხრა, არ გამოვა, მაშინ უნდა დავწერო, რომ თქვენ ცუდად ეპყრობით და არაა ასეო. სოცმუშაკმა მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ ბავშვს ცალკე საძინებელი არ აქვს. ახლა ვაწყობთ ცალკე საძინებელს, მაგრამ იქნება ეს გამოსავალი?“ – კითხულობს დედა.

არასრულწლოვნის დედა ფიქრობს, რომ ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენენ არც სოციალური სამსახური და არც ფსიქოლოგები. ლელა ასევე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნებთან, რომლებიც ანტისოციალურ ქცევას ავლენენ, არ მუშაობენ სამართალდამცველებიც.

„ძალით მომყავდა სოცმუშაკი, როცა ვურეკავდი და ვიკლებდი ყველაფერს, მაშინ მოდიოდა, ისე – არა. ფსიქოლოგებთან სამჯერ მივიდა ბავშვი, მაგრამ როცა დაბრუნდა, მითხრა, არ მომწონს ეს ფსიქოლოგი, მხოლოდ იმას მეკითხება, რა გინდა, რა გინდაო? მე რომ ვიცოდე, რა მინდა, რაღა მიჭირსო,“ – ამბობს ლელა.

ვინაიდან სოცმომსახურების სააგენტოს არ აქვს ფსიქოლოგების რესურსი, რომელიც ამ ტიპის ბავშვთან იმუშავებს, სალომე „სინერგიაში“ დადის, სადაც 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებაა შესაძლებელი. ამ ცენტრში გვითხრეს, რომ სალომემ ცენტრის სერვისი არ გამოიყენა და ურთიერთობის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ.

სოციალურმა მუშაკმა კი, რომელიც სალომესთან მუშაობს, გვითხრა, რომ არასრულწლოვანთან და მის მშობლებთან კომუნიკაცია გრძელდება და დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგვაწვდის.

„დღითიდღე ვკარგავ… მაინტერესებს, როდის მოიცლიან ჩემთვის, დანაშაულის ჩადენაა ამისთვის საჭირო?“ – კითხულობს არასრულწლოვნის დედა.

დედა: „მე დავუშვი შეცდომა, მას კი უკანდახევის ეშინია“

„მიფიქრია, რომ მეც დავუშვი შეცდომა… ამ ამბებამდე ერთი ბიჭი უყვარდა. მერე გავიგე, იმ ბიჭს თავის მეგობრებთან უთქვამს, ეს გოგო ძალით ცდილობს ჩემთან ურთიერთობასო. მე ვნახე ეს ბიჭი და თქვა, რომ არ უყვარს სალომე. ამის შემდეგ ვუკრძალავდი სალომეს მასთან ურთიერთობას… ბავშვი მეუბნებოდა, აბა, იმას ხომ არ გეტყოდა, რომ მიყვარსო. არადა, ისეთი ზრდილობიანი იყო ის ბიჭი, ვფიქრობდი, შეიძლება მართლა მოერიდა-მეთქი.

მიფიქრია იმაზეც, რომ სკოლაში სიარული მას შემდეგ აღარ მოუნდა, როცა იქ ერთმა მასწავლებელმა წლის ბოლოს ნიშანი არ დაუწერა და კლასში ჩატოვა. ეს ძალიან განიცადა.

სკოლაში სალომეს აკითხავდა მამაც, რომელსაც 12 წლის წინ გავშორდი. მამა მასთან მუდმივად მლანძღავდა, თურმე, დედაშენი ცუდი ქალიაო.

ასე დაიწყო სახლიდან გაქცევები…

ბოლოს – თუ არ გამიშვებთ სახლიდან, ძალით წავალო… ისე მოიქცა, შემეშინდა.

მას გადარჩენა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე იმდენი რამ აქვს ჩადენილი, უკან დახევის ეშინია. ამაზეც მიფიქრია.“

გამოსავალი – „ფსიქოლოგთან მუშაობა ხშირად ახალი კარის გაღებას ჰგავს“

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, თუ როგორ პასუხობს სახელმწიფო გამოწვევებს.

„როცა ამ მოზარდის ისტორიას გავეცანი, ბევრი კითხვა გამიჩნდა: რა უყვარს, რა მოსწონს, რა აინტერესებს, რა გამოსდის კარგად? რაზე ოცნებობს? ვინ არის ის, ვისიც სჯერა? დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხები არსებობს, რადგან არ არსებობს ბავშვი რესურსების გარეშე. ხშირად არ იციან ამ ასაკში რა უნდათ, ეს ხომ საკუთარი თავის ძიების ასაკია! თანატოლებთან ურთიერთობაც რომ ყველაფერს ურჩევნიათ მოზარდებს, ესეც ფაქტია!

მათ თავგადასავლებიც უყვართ, საშიში ექსპერიმენტებიც! და ჩვენ რას ვთავაზობთ? რა გვაქვს იმისათვის, რომ მოზარდებმა საკუთარი თავებიც აღმოაჩინონ, მოწყენილობასაც გაექცნენ, გაერთონ, აქტიურად შეიმეცნონ საკუთარი თავი, გარემო, თანატოლები, სამყარო.. და ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ არ დაზიანდნენ, წესები არ დაარღვიონ. რა გვაქვს ამისთვის? ამაზე დაფიქრებაა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვართ მზად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგებიან მოზარდები.

ფსიქოლოგთან მუშაობა ხშირად ახალი კარის გაღებას ჰგავს, საკუთარ თავში ძლიერი მხარეების აღმოჩენის, ნდობის აღდგენის შესაძლებლობაა, ფორმალური ან არაფორმალური განათლება, რომელიც მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მას თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს… თანატოლთა პოზიტიური ჯგუფები, სადაც ხვდები, რომ მარტო არა ხარ, გისმენენ, გაღიარებენ, მხარს გიჭერენ, სადაც გართობაც კი შეგიძლია – კარგი ალტერნატივაა … ოჯახის მხარდაჭერა, მშობლისა და ბავშვის კომუნიკაციაზე მუშაობა სურათს ცვლის,“ – გვითხრა მაია ცირამუამ.

______

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

1 კვადრატი 64 ლარად – სახელმწიფო ქობულეთში 2.5 ჰექტარ მიწას უპირობო აუქციონზე ყიდის  

ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან 400 მეტრში მდებარე 25 547 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 1 630 000 ლარია [ანუ, 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 64 ლარი], ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 2 ათასი ლარი.

ქონების აღწერილობაში ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილად მითითებულია – „სასტუმრო/დეველოპერული“.

გასაყიდი ნაკვეთი ქალაქ ქობულეთში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებს შორის მდებარეობს.

მიწის ნაკვეთი [ყვითელი ფერით] ქობულეთში, რომელსაც სახელმწიფო აუქციონზე ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.

შენიშვნაში მითითებულია, რომ „30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.“

შენიშვნაში ასევე აღნიშნულია, რომ:

[crosslist]

  • საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი და 10 კვ.ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი;
  • ნაკვეთს იყენებენ პირები მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე;
  • ქონებაზე ვრცელდება მდინარე ,,აჭყვას” 10-მეტრიანი წყალდაცვითი ზოლი;
  • მიწის ნაკვეთზე გადის „საქართველოს მელიორაციის“ საკუთრებაში არსებული აჭყვის დამშრობი სისტემის არხი; ასევე კვეთს დაურეგისტრირებელი წყლის მილი;
  • საპრივატიზებო ობიექტზე გადის საშუალო წნევის დ200 მმ გაზსადენი მილი.

[/crosslist]

 

მთავარი ფოტო: გასაყიდი ნაკვეთი ქობულეთში / ფოტო აუქციონიდან

„შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“ – კონკურსი

USAID-PROLoGი, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით, ატარებს კონკურსს „შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები“.

„ქართულ ანდაზებში, ასევე ლიტერატურაში, ან ეპოსში გვხვდება ქალების შესახებ მჩაგვრელი – დამამცირებელი, დამაკნინებელი აფორიზმები და გამონათქვამები, რაც ხელს უწყობს მათ მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

კონკურსის მიზანია, მსგავსი გამონათქვამების და აფორიზმების გამოვლენა და მათი წარმოდგენა ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსით,“ – ნათქვამია USAID-PROLoG-ას მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კონკურსის პირობები ასეთია:

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგი ფორმით:

  • ქალის მჩაგვრელი შინაარსის მატარებელი ქართული ანდაზის, აფორიზმის ან გამონათქვამის ტექსტი (არსებობის შემთხვევაში, ავტორის მითითებით);
  • მისი ახლებური, თანასწორობაზე დაფუძნებული და გენდერულად მიუკერძოებელი შინაარსი.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2020 წლის 16 მარტს, ხოლო დაჯილდოება 2020 წლის მარტის ბოლო კვირას გაიმართება.

განაცხადების მიიღება იწარმოებს 2020 წლის 6 მარტამდე (17:00 სთ), ელექტრონულ ფოსტაზე: kkiknadze@ewmi.org

USAID-PROLoG-ის განცხადებით, კონკურსი ღიაა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

გამარჯვებულებს პრიზების სახით გადაეცემათ:

  •  პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება ლეპტოპით;
  • მეორე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება პლანშეტით;
  • მესამე ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება უსადენო ყურსასმენით.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება

27 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის – „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ ფარგლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება და ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის ხსოვნას მიეძღვნება. ფილმების ჩვენების შემდეგ კი ზაზა ხალვაშის სახელობის კინოსახელოსნო გაიხსნება.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა ხალვაში აქტიურად იყო ჩართული „DocNomads – TAFU – ბეშუმის საზაფხულო კინოსკოლის“ და „TAFU – FIIS   მარადიდის ზამთრის კინოსკოლის“’ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტი მეორე წელია, რაც ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ერთობლივი პროექტი „TAFU – FIIS მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ წელსაც მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის (FIIS)-ის, საქართველოს რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელეფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტუტორებმა და სტუდენტებმა.

კინორეჟისორი ზაზა ხალვაში 4 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „მიზერერე“, „იქ ჩემთან“, „ექო“, „ნამე“. მის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმი „ნამე“ არაერთ საერთაშოროსო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმის ოპერატორმა გიორგი შველიძემ კი, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო, საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრისთვის.

2019 წლის ბოლოს ზაზა ხალვაში ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე „წვიმა ორ ნაპირზე“ მუშაობდა, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის კოპროდუქციაა.

 

მთავარი ფოტო:  რეჟისორი ზაზა ხალვაში/ეროვნული კინოცენტრი

როცა მეგობარი გარდამეცვალა, მივხვდი, მისი შვილის განათლებაზე მე უნდა მეზრუნა

„ამ იდეის ინსპირაცია ჩემი მეგობრის შვილი იყო. ჩემი მეგობარი ძალიან ზრუნავდა შვილის განათლებაზე და როცა ის გარდაიცვალა, გადავწყვიტე რომ ამ ბავშვის მეურვე მე ვიქნებოდი. მართალია ბავშვზე მამაც ზრუნავს, მაგრამ მინდოდა დედის დანაკლისი რაიმეთი შემევსო და უცხო ენის სწავლება დავუფინანსე.

„გახდი მეურვე“ – სწორედ ნათიას ინიციატივაა, რომელიც დედით ობოლ და სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სიღარიბის გამო ძალიან ბევრი ბავშვის განათლება ფერხდება, ვისაც დედა აღარ ჰყავს ან სოციალურად მოწყვლადია, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამიტომ, ვფიქრობ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც ამ ბავშვების ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებისთვის. ამიტომ მინდა, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბიზნესმა, იგრძნოს სოციალური პასუხისმგებლობა ასეთი ბავშვების მიმართ და მისცეს მათ კარგი განათლების შესაძლებლობა,“- ამბობს ნათია.

ნათია გვიყვება, რომ თავიდან აქცენტი დედით ობოლ ბავშვებზე გააკეთა, რადგან მისი აზრით, „შვილების განათლებაზე საქართველოში დედები უფრო მეტად ზრუნავენ“, თუმცა ინიციატივა არ გამორიცხავს იმ ბავშვების განათლებაზე ზრუნვას, ვისაც შესაძლოა დედა ჰყავს, თუმცა სოციალურად უკიდურესად დაუცველია.

„ასეთი კატეგორიაა მარტოხელა დედების შვილები, რადგან ხშირად მარტოხელა დედები არიან ძალიან მოწყვლადი სოციალურად,“ – ამბობს ნათია.

„გახდი მეურვე“ – პროექტში ჩართვის სურვილი ამ დროისთვის  ბიზნესის სფეროს შვიდმა წარმომადგენელმა გამოხატა. თუმცა როგორც ნათია გვეუბნება, ინდივიდუალურადაც შეუძლიათ ადამიანებს პროექტში ჩართვა.

„მაგალითად, ერთი ბავშვის მეურვეობა ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აიღო და უკვე მეორე წელია მას ერთ-ერთ ცენტრში ინგლისური ენის სწავლას უფინანსებს. ბავშვი ძალიან კარგად სწავლობს და მალე გაცვლითი პროგრამით ლონდონშიც გაემგზავრება,“ – ამბობს ნათია სვანიძე.

ნათიას თქმით, სასურველია პროექტში ჩართვის მსურველებმა მინიმუმ ერთი წლით მაინც დააფინანსონ ბავშვის განათლება, შემდეგ კი მეურვის გადასაწყვეტია, გააგრძელებს თუ არა დაფინანსებას.

ნათიას აზრით, რადგან უცხო ენის ცოდნა დღეს ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია კარგი და ხარისხიანი განათლების მისაღებად, ამ შემთხვევაში მეურვეებიც უცხო ენის სწავლებაში უწყობენ ბავშვებს ხელს. თუმცა ბავშვის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვა საგნის სწავლებაც დაფინანსდეს.

„ძალიან მინდა, ამ ინიციატივას ბევრი მსურველი გამოუჩნდეს; მინდა ადამიანებმა გავითავისოთ განათლების მნიშვნელობა, რომელიც არ არის მხოლოდ ხელისუფლების საფიქრალი და ბიზნესსაც შეუძლია სოციალური პასუხისმგებლობის აღება იმ ბავშვებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ვიცით, რომ უსახსრობის გამო ძალიან ნიჭიერი თაობა იკარგება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვები სკოლაშიც კი ვერ დადიან. ამიტომ ძალიან დროული იქნება ამ ინიციატივის აღება,“ – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, ერთჯერადი ქველმოქმედება არ არის ეფექტური და სასურველია, რომ ის გრძელვადიან შედეგზე იყოს გათვლილი. „გახდი მეურვე“ კი სწორედ ასეთი პროექტია, რეალური დახმარებაა და თუ ვინმეს სურს რაიმე სიკეთე გაუკეთოს თუნდაც ერთ ბავშვს, მას განათლების მიღებაში უნდა დაეხმაროს“.

ამ დროისთვის, როგორც ნათია გვეუბნება, 27 სოციალურად დაუცველი და ობოლი ბავშვის სია აქვთ, რომელსაც სექტემბრისთვის უკვე დააზუსტებენ, ამიტომ „კარგი იქნება თუ ამ დროისთვის მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ბავშვების მეურვეობას ისურვებენ“.

„გახდი მეურვე“ 20 წლამდე ადამიანებზეა გათვლილი. „მე ჩემი ფონდის მეშვეობით ვეხმარები სოციალურად დაუცველ ბავშვებსაც და ვცდილობთ, სრული პაკეტი მივაწოდოთ მათ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მთელი წლის მანძილზე ბავშვს ჰქონდეს საჭირო სასკოლო ნივთები.

თუმცა პირადი პასუხისმგებლობის აღება გაცილებით ეფექტური და მნიშვნელოვანია. ბიზნესმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ განათლებული და პროფესიონალი კადრები გვყავდეს ქვეყანაში სამომავლოდ,“ – ამბობს ნათია.

ფონდი „ოცნება“, რომელიც ძირითადად განათლების, ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, განათლების ხელშეწყობის მიზნით, სოფლებში ბიბლიოთეკების დაარსებასაც უწყობს ხელს. ნათია სვანიძე ამბობს, რომ ფონდს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთანაც აქვს მოლაპარაკება, რომელიც მათ სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით აღჭურვაში ეხმარება.

„ხულოში უკვე გავხსენით ერთი ბიბლიოთეკა, რომელიც წიგნების გარდა აღჭურვილია ავეჯით, ტექნიკით და წლის ბოლომდე 8 ასეთი ბიბლიოთეკის გახსნა გვაქვს კიდევ გეგმაში,“ – ამბობს ნათია სვანიძე.

 

ამავე თემაზე:

ერთი ქვეყანა – ორი სამყაროს ბავშვები

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება, რადგანაც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და როგორ მოიშოროთ იგი უსაფრთხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის ნაცვლად მასზე დარჩენილი მიკრობების გამო პირბადე ინფექციის წყარო ხდება.

სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი:

როდის გამოიყენება? პირბადის გამოყენება ხელს უშლის მიკრობების გავრცელებას. როცა დავირუსებული ადამიანი ლაპარაკობს, ახველებს ან აცემინებს, ის ჰაერში აფრქვევს მცირე ზომის წვეთებს, რომლებმაც შესაძლოა სხვა დააინფიციროს. შესაბამისად, როცა ვირუსის მქონე ადამიანი ატარებს პირბადეს, ეს ამცირებს  მის მიერ გამოყოფილი მიკრობებით სხვა ადამიანის დაინფიცირების რისკებს.

პირბადე ჯანმრთელი ადამიანის სახეზე იცავს ცხვირსა და პირს სხვა ადამიანის სხეულის სითხეების შხეფებისგან.

როდის უნდა გაიკეთოთ? პირბადის ტარება უმჯობესია მაშინ, როცა თქვენ ხართ ავად, გახველებთ ან გაცემინებთ (სიცხით ან უსიცხოდ) და იცით, რომ თქვენთან კონტაქტი მოუწევთ სხვა ადამიანებს. პირბადე დაიცავს მათ, რომ არ გადაედოთ თქვენი დაავადება.

 

როდის გამოვიყენოთ პირბადე

  • თუ თავად ჯანმრთელი ხართ, პირბადე უნდა ატაროთ მხოლოდ მაშინ, როცა უვლით ადამიანს, რომელზეც არის ეჭვი, რომ კორონავირუსული ინფექციით არის ინფიცირებული.
  • ატარეთ პირბადე, თუ ახველებთ ან აცემინებთ.
  • პირბადე ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როცა მისი ტარების პარალელურად ხშირად იწმენდთ ხელებს სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით ან იბანთ საპნითა და წყლით.

როგორ გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ პირბადე

  • სანამ პირბადეს გაიკეთებთ, ხელები გაიწმინდეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით (სანიტაიზერით) ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
  • გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს. დარწმუნდით, რომ სახესა და პირბადეს შორის არ არის დატოვებული სივრცე. პირბადე მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული – ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.
  • მოერიდეთ პირბადეზე შეხებას, სანამ გიკეთიათ; თუ შეეხებით, გაიწმინდეთ ხელები სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტიბაქტერიული სითხით (სანიტაიზერით) ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.
  • შეცვალეთ პირბადე ახლით, როგორც კი ძველი დატენიანდება. არ გამოიყენოთ უკვე გამოყენებული პირბადე.
  • პირბადის მოხსნისას: არ შეეხოთ პირბადის წინა მხარეს; დაუყოვნებლივ მოათავსეთ იგი დახურულ ურნაში; გაიწმინდეთ ხელები სპირტიანი სანიტაიზერით ან დაიბანეთ საპნითა და წყლით.

გარდა ამისა,  ჰონგ კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წერს, რომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სამედიცინო პირბადეების უმეტესობა სამშრიანია, გარე – სითხისგან დამცავი ფენა, შუა – მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელი ფენა და შიდა – ტენიანობის შემწოვი ფენა.  ამ ფუნქციების გარეშე პირბადე არ არის რეკომენდებული, რადგან მას არ შეუძლია უზრუნველყოს სათანადო დაცვა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან.

როგორც წესი, პირბადის მხარეები სხვადასხვა ფერისაა – ნაკეცებით ქვემოთ მიმართული არის პირბადის გარე მხარე. პირბადეში ჩამაგრებული მეტალის მავთული უნდა იყოს ზევით – ცხვირთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დადასტურებულა.

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

ბათუმის წყლის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 26 თებერვალს, 23:00 საათიდან 27 თებერვლის დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

შარტავას ქუჩას; ფიროსმანის ქუჩას; ტბელ აბუსერიძის ქუჩას; ჯავახიშვილის ქუჩას; ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით” , – აღნიშნულია  „ბათუმის წყლის“  განცხადებაში.

იძულებითი ფასიანი პარკინგი „ბათუმი ცენტრალთან“ – რას აპირებს მერია

„ბათუმი ცენტრალთან“ იძულებით ფასიან პარკინგზე დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დავით მახარაძემ ისაუბრა. საკრებულოს წევრმა ბათუმის მერს მოსთხოვა საკითხით დაინტერესდეს და ალტერნატიული უფასო გაჩერების ადგილი შესთავაზოს მოქალაქეებს მატარებლის სადგურთან გასაჩერებლად.

საკითხი ეხება „ბათუმი ცენტრალის“ პარკინგს, რომელიც ფასიანია და მისი ღირებულება ორი ლარია. „ბათუმი ცენტრალის“ ტერიტორიაზე თუნდაც ერთი წუთით გაჩერების შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია ფასიანი პარკინგით ისარგებლოს.

„ბათუმი ცენტრალის“ ტერიტორიას ესაზღვრება საავტომობილო გზა, სადაც [ამ მონაკვეთზე] ავტომანქანის გაჩერება აკრძალულია. სხვა ადგილი, სადაც მატარებლის მგზავრების მოლოდინში მძღოლები ავტომანქანებს გააჩერებენ, მერიას გამოყოფილი არ აქვს.

პრობლემა ექმნებათ ასევე ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც აქ მგზავრები მიჰყავთ.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რომელიც დღეს საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, საკრებულოს წევრებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება.

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.

ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია მოცემული.

ტენდერის პირობის მიხედვით, ავეჯის მიწოდება-მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელმა ავეჯის ფერები უნდა შეათანხმოს „სტადიონთან“, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მითითებული ტექნიკურ დავალებაში. ჩასაშენებელ ავეჯზე ოთახების ფაქტობრივი ზომებიდან გამომდინარე კი, შესაძლებელია გაბარიტული ზომების ცვლილება.

გამარჯვებულმა დამკვეთს საქონელი უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში. წინადადებების მიღება დაიწყება 21 მარტს და დამთავრდება 26 მარტს.

„სტადიონის“ წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მშენებლობა სახელშეკრულებო ვადაზე ადრე, 2020 წლის მარტში დასრულდებოდა. „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, როდის დასრულდება მშენებლობა, როდის იგეგმება სტადიონის ექსპლუატაციაში მიღება და ვინ გაუწევს მას ოპერირებას. სამინისტრომ ჩვენი წერილი შპს „სტადიონთან“ გადაამისამართა. სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადაზე კონკრეტული ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ.

„ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადაა 2020 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, სამშენებლო სამუშაოების ტემპიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულება შესაძლებელია განხორციელდეს ვადაზე ადრე“, – მოგვწერეს შპს „სტადიონიდან“.

რაც შეეხება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას, „სტადიონიდან“ მოგვწერეს, რომ „აღნიშნული განხორციელდება მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი ზუსტი პერიოდის განსაზღვრა“.

აჭარის მთავრობას დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ გაუწევს ოპერირებას სტადიონს, რომლის მშენებლობაც შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს. „ამ ეტაპზე არ არის შერჩეული და გადაწყვეტილი, ვინ განახორციელებს საფეხბურთო სტადიონის ოპერირებას“, – მოგვწერეს 20 თებერვალს „სტადიონიდან“.

ანალოგიური კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩვენ 2 წლის წინაც დავუკავშირდით. მაშინ სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას.“

დიდი ზომის სტადიონებზე, სპორტული მატჩების გარდა, კონცერტების გამართვაც შესაძლებელია, რისთვისაც სტადიონის ინფრასტრუქტურა კონცერტებზე უნდა იყოს მორგებული. სტადიონზე ღონისძიებების დაგეგმვა კი, სწორედ ოპერატორი კომპანიის მოვალეობაა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სტადიონის მართვის უფლება შესაძლოა სახელმწიფომ დაიტოვოს, დაახლოებით იმ ფორმით, რა ფორმითაც, მაგალითად „ბლექ სი არენა ჯორჯია“ [საკონცერტო დარბაზი] იმართება შეკვეთილში.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობი იქნება. შპს „სტადიონი“ ამ ფართობების ზონირების კონცეფციისა და ბიზნესგეგმის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო თანხის დასადგენად, 2019 წლის მაისში, ფასთა კვლევას ატარებდა. მიზანი კონსულტანტის დაქირავება იყო, თუმცა, „სტადიონს“ კონსულტანტი აღარ დაუქირავებია.

კონსულტანტს უნდა განესაზღვრა „მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე არსებული კომერციული ფართობების ზონირების საუკეთესო ვარიანტი, შეემუშავებინა კონცეფცია, მოემზადებინა პროექტის განხორციელებადობის სრული კვლევა, ბიზნესგეგმა და ფინანსური მოდელი. ბიზნესგეგმასა და განხორციელებადობის კვლევას შპს „სტადიონი“ გამოიყენებდა პროექტის პოტენციურ ინვესტორთა დასაინტერესებლად და კომერციული ფართობების ეფექტური ზონირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების [ფართობების ფუნქციური დაყოფა და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა] განსახორციელებლად“.

ამ თემაზე:

როგორ გამოიყენებენ ბათუმის სტადიონზე 3 940 კვ/მ კომერციულ ფართობს

მთავარი ფოტო: ბათუმის საფეხბურთო სტადიონი/ 9.12.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი გიორგი კოხრეიძეს: „პასუხისგება მოგიწევთ“

პროტესტის ნიშნად აჭარის ტელევიზია ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ დატოვა. იგი ამ დრომდე მაუწყებლის თბილისის ბიუროში მუშაობდა. ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც მან აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გაუგზავნა. დღეს მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძემ ნინო ხოზრევანიძის განცხადება დააკმაყოფილა.

„ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის,“ – წერს ნინო ხოზრევანიძე.

ჟურნალისტ ნინო ხოზრევანიძის განცხადება დირექტორ გიორგი კოხრეიძეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორისთვის მიწერილ წერილში ჟურნალისტი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი აზრით დირექტორის მოადგილის პოზიცია ვახო ხუზმიაშვილს „მოარგეს“, როცა კონკურსანტისგან მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი მოითხოვეს.

ნინო ხოზრევანიძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი ფაქტი, როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს, „სცდება ყოველგვარ მორალურ ზღვარს“.

„მაუწყებლის ნგრევის პროცესში, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და ნათია ზოიძის იძულებით წასვლით გაგრძელდა, იცით, რომ თქვენ ხართ რიგითი შემსრულებელი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია და თქვენი ქმედებებისთვის პასუხისგება მოგიწევთ,“ – აღნიშნავს ნინო ხოზრევანიძე.

დღეს, 25 თებერვალს, აჭარის ტელევიზიაში ალტერნატიულმა პროფკავშირმა გაფიცვის პროცედურა დაიწყო.

____

მაია მერკვილაძის პოზიციაზე ჟურნალისტი ნინო ხაჟომია დანიშნეს.

ზეწოლის გამო დირექტორის მოადგილის პოზიცია დატოვა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი დანიშნეს.

ნათაი ზოიძის წასვლასა და შემდეგ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

ორგანიზაციის შეფასებით ეს არის პოლიტიკური ზეწოლა

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ავრცელებს.

მაშ ასე:

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე და ადამიანებზე, ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რატომ?

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს

ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.

რატომ?

თუ დაბინძურებული ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს, შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება, დროულად მიმართეთ ექიმს

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოეს ხანში იმოგზაურა ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

რატომ?

როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში

[checklist]

  • ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით. არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;
  • მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.
  • განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან აკონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.[/checklist]

____

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურს – NCDC- რეკომენდაციები კორონავირუსზე

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების ღონისძიებების გეგმა 2020 წლის 28 იანვარს დაამტკიცა:

ნახეთ აქ

აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტების ნაწილზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხალა-გორგაძეები-როინიძეების მიმართულებით ახალი ხიდი აშენდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და პროექტის ღირებულება 24 180 ლარს შეადგენს.

ასევე ქობულეთში ველისაძეები-ვანაძეები-ქაქუთის გზაზე 1,8 კმ იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 780 780 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის გზის 3, 490 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობაა. მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე აქტიურად საუბრობდა. დეპარტამენტმა ბიუჯეტში გზის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული პროექტისთვის 2020 წელს 2 569 999 ლარი გაითვალისწინა.

ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების გზის 1,825 კმ იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 089 999 ლარს შეადგენს.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, მუხრან კაკაბაძე განმარტავს: ,,მიმდინარე წლის ბიუჯეტი შესაძლებლობას იძლევა, რომ აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ტენდერების სრულად ჩატარების შემდეგ, ეკონომიების ხარჯზე ასევე შესაძლებელია პროექტების რაოდენობის გაზრდა.“

მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. მიმდინარე წელს მტირალას ეროვნული პარკის მისასვლელი გზა წელს სრულად იქნება რეაბილიტირებული. ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყორილისთავის ტერიტორიაზე 700 მეტრზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან პროექტზე 330 710 ლარი დაიხარჯება.

ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჩატარდება გზის სარებილიტაციო სამუშაოები. მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს. პროექტის ღირებულება 1 135 800 ლარს შეადგენს.

წელსვე კაპრეშუმი-კაპრეშუმის საჯარო სკოლის გზის 0,5 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყობა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბიუჯეტიდან 255 356 ლარი გამოყო.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წელს გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო და წლის ბოლომდე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

ბათუმში ოთხშაბათიდან 2 დღით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. დრისით კი, უნალექო ამინდი იქნება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხუთშაბათს, 27 თებერვალსაც, 28 თებერვალს კი – დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა: ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო; 27 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დღისით +17-დან +22 გრადუსამდე მოიმატებს, 28 თებერვალს კი, შედარებით დაიკლებს.

მომდევნო სამ დღეს, მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა იქნება.

ზღვისპირა ზოლში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ზღვის პროგნოზი: ტალღის სიმაღლე ღამით 13-18დმ (4ბალი), დღისით 7-12დმ (2-3ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.

 

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 25.02.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს.

დღევანდელი მონაცემებით:

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC)

➢ 25 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 508 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).
➢ 25 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 77 658 შემთხვევა
➢ 25 თებერვლის მონაცემებით ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს
530-ს
➢ სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 2 824-ს
➢ 25 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 2 663 და გამოჯანმრთელების 27 323 შემთხვევა

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC)

➢ 24 თებერვლის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 79 360 შემთხვევა

➢ 79 360 შემთხვევიდან ჩინეთიში დაფიქსირდა 77 169, ჰონგ-კონგში  – 74, მაკაოში – 10
➢ დადასტურებულია სიკვდილის 2 618 შემთხვევა (ჩინეთი  – 2 592, ჰონგ-კონგი – 2, ირანი – 8, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია – 3, ტაივანი – 1, ფილიპინები – 1, იაპონია – 1, საფრანგეთი – 1, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 7, იტალია – 2).
➢ ჩინეთის გარეთ 31 ქვეყანაში დაფიქსირებულია 2 107 დადასტურებული შემთხვევა: ეგვიპტე – 1, ტაილანდი – 35, იაპონია – 144, სინგაპური – 89, ტაივანი – 28, მალაიზია – 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 763, არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 13, ვიეტნამი – 16, კამბოჯა – 1, ნეპალი – 1, ფილიპინები – 3, ქუვეითი – 3, ირანი – 43, ინდოეთი – 3, შრი-ლანკა – 1, ბაჰრეინი – 1, ისრაელი – 2, ლიბანი – 1, საფრანგეთი – 12, გერმანია – 16, იტალია – 132, გაერთიანებული სამეფო – 13, რუსეთი – 2, ბელგია – 1, ფინეთი – 1, ესპანეთი – 2, შვედეთი – 1, ამერიკის შეერთებული შტატები – 35, კანადა – 9, ავსტრალია – 22.
საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები: იაპონია – 691

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

➢ 79 331 შემთხვევიდან 77 262 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ 2 069 შემთხვევა კი 29 ქვეყანაში
➢ 24 თებერვლის მონაცემებით, შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 2 618 შემთხვევა (ჩინეთი – 2 595, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 7, იაპონია – 1, ფილიპინები -1, საფრანგეთი – 1, იტალია – 2, ირანი – 8, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები – 3).

მოცემულია ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები, საიდანაც მოხდა 2019-nCoV-ის დადასტურებული შემთხვევების შეტყობინება (24.02.2020)

გაუწმენდავი გზის გამო პაციენტი ციგით გადაჰყავთ – „აი, ეს არის ჩვენი მთავრობა“ 

აჭარის მაღალმთიან სოფლებში შიდა საუბნო გზებზე დიდთოვლობის გამო კვლავ პრობლემებია. ბოლო დღეებში იყო შემთხვევები, როცა პაციენტებამდე სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მივიდნენ და მოსახლეობამ მოქალაქეები სასწრაფომდე ხელით და ტრაქტორის დახმარებით მიიყვანა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და „ამ მხრივ პრობლემები არ არის“.

„რაც შეეხება შიდა საუბნო გზებს სოფლებში, მუშაობა არ შეგვიწყვეტია, დაახლოებით 52 ერთეული ტექნიკა მუშაობს სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში. თუმცა, შეფერხებებს ქმნის ის, რომ დიდთოვლობას ყინვაც დაერთო, რის გამოც გართულდა გაწმენდითი სამუშაოები. არის ისეთი სიტუაციაც, როცა ვერ მუშაობს ტექნიკა ყინვის გამო, ან გავუშვით გასაწმენდად ერთი ტრაქტორი, ჩავარდა და მეორე დავახმარეთ… მაღალმთიან სოფლებში ახლაც თოვს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, წვიმასაც ურევს და იმის საშიშროება, რომ თოვლის საფარი სიმაღლეში გაიზარდოს, არ არის“, – გვითხრეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ეს ვიდეო სოფელ აგარაშია გადაღებული. მასზე ასახულია პროცესი, თუ როგორ გადაჰყავთ ავადმყოფი ქალი ციგით სასწრაფო  დახმარების მანქანამდე.

„აი, ეს არის ჩვენი მთავრობა. ავადმყოფი ძლივს მიგვყავს… გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს. ასეთი მთავრობა გვყავს“, – ისმის ვიდეოში, სადაც ჩანს, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის წევრი ციგაზე მწოლიარე ავადმყოფს პირველად დახმარებას უწევს.

ამ თემაზე:

შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

ბათუმში ჩინელების ცხოვრებაზე ფილმს იღებენ – გადამღები ჯგუფის შთაბეჭდილება

„ჩინელებს და ქართველებს საერთო სირთულე გვაქვს – ჩინელებს ქართულის სწავლა გვიჭირს, ქართველებს – ჩინურის,“ – ხუმრობით იწყებს გადაღებების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების გაზიარებას ნაით ვაილდი ჩინეთიდან. ის ამერიკელ კინორეჟისორთან და ჩეხ არტისტთან ერთად ბათუმში დოკუმენტურ ფილმს იღებს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ჩინელები საქართველოში.

„დოკუმენტური ფილმისთვის გადაღებები გვქონდა უკვე თბილისში. ფილმში ვაჩვენებ, რას აკეთებენ ჩინელები აქ. ჩინელები ძირითადად ბათუმსა და თბილისში არიან. ზოგიერთი მათგანი მსხვილი ინვესტორია, უმეტესობა – მცირე მეწარმე, მაღაზიები აქვთ, ჩინური სამზარეულო… ფილმში ასევე ვაჩვენებთ, რა არის საქართველო, რატომ უნდა ჩამოვიდნენ ადამიანები საქართველოს სანახავად,“ – გვიყვება ნაით ვაილდი.

ნაით ვაილდი ჩინეთში ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. მისი თქმით, ეს კომპანია ტელევიზიებისთვის ვიდეორგოლებს ამზადებს. ნაითის მიზანია ამჯერად  მოამზადოს ფილმი, რომელიც ჩინელების სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებას აღწერს, მათ შორის, საქართველოში.

ნაით ვაილდი

„მე ადრეც ვიყავი საქართველოში, წლების წინ,“ – განაგრძობს თხრობას ნაითი, – „მაშინ ბათუმშიც ვიყავით და მე შემიყვარდა ეს ქალაქი. აქ განსაკუთრებულია სტუმარმასპინძლობა, ღვინო, სამზარეულო…“

ნაითს ჯგუფის სხვა წევრებიც ეთანხმებიან. გადამღები ჯგუფის წევრებს ვთხოვთ, პრობლემების შესახებ გვითხრან, რაც მათი დაკვირვებით აქვთ საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს.

„მე რესტორანში ვიყავი რამდენიმე ჩინელთან ერთად, მაინტერესებდა მათ მიმართ დამოკიდებულება,“ – საუბარში იან ლისკა ერთვება. იგი ჩეხეთიდანაა და დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუების ჩაწერის პარალელურად მუსიკას წერს.

„რესტორანში და სხვაგანაც ჩანდა პატივისცემა ჩინელების მიმართ. ალბათ, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ არც ჩვენს რესპონდენტებს უთქვამთ რამე ისეთი, რაც დისკრიმინაციას აჩვენებს. ძირითადი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა. მე ვფიქრობ, რომ არ არის საკმარისი ურთიერთობა ჩინელებსა და ქართველებს შორის, თქვენ ერთმანეთს არ იცნობთ… მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა ენაა“, – ირწმუნება იან ლისკა.

იან ლისკა

„რთულია, მაგრამ ძალიან ლამაზია ქართული ანბანი,“ – დიალოგს ჯგუფის მესამე წევრი უერთდება  – ვიქტორ-ჰიუგო ვაკა უმცროსი Victor Hugo Vaca Jr. იგი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია, როგორც კინორეჟისორი და ჟურნალისტადაც მუშაობს. ვიქტორი, პირველ რიგში, ნიუსებზე ამახვილებს ყურადღებას.

„არსებობს ინფორმაციის პრობლემა. შესაძლოა, ინფორმაცია ბევრია, მაგრამ არის ბევრი „ფეიკნიუსი“, მათ შორის, ჩინელებზე, რასაც როგორც ვიცი, საქართველოში ჰყვებიან…“ – ამბობს ვიქტორ-ჰიუგო ვაკა უმცროსი.

„ვინც იცის ინგლისური ან ცოტა ქართული, მას არ აქვს ინტეგრაციის პრობლემა,“ – დასძინა ნაით ვაილდმა და მოგვიყვა, როგორ გადაიღო გუშინ ბათუმში, ერთ-ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრში, ბათუმში მცხოვრები ჩინელები ქართველებთან ერთად.

„მე ვფიქრობ, ჩინეთმა და საქართველომ ერთმანეთი უნდა აღმოაჩინოს, ორივე ქვეყანას უმდიდრესი კულტურა აქვს, ორივე ქვეყანა სავსეა აღმოჩენებით,“ – ამბობს იან ლისკა.

„…საერთო ოჯახებიც იქმნება. ბათუმში არ გამიგია, მაგრამ თბილისში გასულ წელს ჩინელს ლამაზი გოგო მოუყვანია ცოლად, ჩინელიც გამხდარა ქართველი კაცის ცოლი,“ – გვითხრა ნაით ვაილდმა.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება ჩინელების მიმართ „კორონავირუსის“ გავრცელების შემდეგ?

„ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებულად არ შეცვლილა, ამას ამბობენ ადამიანები, ვისაც ვესაუბრეთ,“ – გვიყვება ვიქტორ-ჰიუგო ვაკა და ამერიკაში ატეხილ აჟიოტაჟს იხსენებს. იგი ფიქრობს, რომ  ამერიკაში უფრო მეტად იგრძნობა ჩინელების მიმართ სიფრთხილე და შიში.

ჯგუფი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ჩინელებზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი გზა ინტეგრაციისთვის ხელოვნებაა.

„დამიჯერეთ, არტისტებს შეუძლიათ უკეთესი კომუნიკაცია. რაც შეიძლება მეტი მუსიკა, ფილმი, პოზიტიური გზავნილები უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს,“ – ამბობს ვიქტორი.

„კი, ხელოვნება იქნება ხიდი“, – რეპლიკით გვერთვება იან ლისკა.

ჯგუფის სამივე წევრს ბათუმში ყველაზე მეტად „ალი და ნინოს“ ქანდაკება მოეწონა და იქვე აღნიშნეს: „ცუდია, რომ არ მუშაობდა“.

შთაბეჭდილებებზე საუბრის დროს იან ლისკა ამატებს, რომ ძველი ეკლესიების მხატვრობის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდის. საუბრის ბოლოს სტუმრებს ბათუმის თანამედროვე არქიტექტურის შესახებაც ვკითხეთ.

„აშკარაა, რომ გეგმის გარეშე ვითარდება ეს ქალაქი. ბათუმში მართლაც შესაძლებელია გადაიღო ბევრი საინტერესო ფოტო და აჩვენო, რამდენად სხვადასხვა შეიძლება იყოს ერთი და იგივე ქალაქი. აქ ნახავ ძველ და პატარა შენობებს და გიგანტურ ნაგებობებსაც, არ ვიცი, რატომ,“ – გვითხრა ვიქტორ-ჰიუგო ვაკამ.

ბათუმის არქიტექტურაზე დასკვნა აქვს იან ლისკასაც:

„მე ვფიქრობ, ბათუმის არქიტექტურა ჩინეთის დიდი ქალაქების არქიტექტურას ჰგავს. ცნობილია, რომ ჩეხებს გვაქვს კონსერვატიული დამოკიდებულება არქიტექტურული ცვლილებების მიმართ… კარგია თანამედროვე და მოდური შენობები, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი ადგილი მიმზიდველობას კარგავს,“ – აღნიშნა იან ლისკამ.

„მე ვფიქრობ, უფრო ინსტაგრამის სტილი აქვს ბათუმს – აქ ყველაფერს შეხვდები,“ – იღიმის ნაით ვაილდი.

ჯგუფი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას წლის ბოლოს დაასრულებს.

2 ათასი ლარი სასკოლო კლუბების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, სასკოლო კლუბებისთვის დაფინანსება მოიპოვონ საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების ინიციატივებისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით, შესაძლებელია დაფინანსდეს რამდენიმე კლუბის ერთობლივი ინიციატივაც.

კერძო სკოლების ინიციატივები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფინანსდება, თუ ისინი საჯარო სკოლასთან ერთად წარადგენენ პროექტს.

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 2000 ლარია.

საჯარო სკოლებს სასკოლო კლუბების ინიციატივების წარდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში 2020 წლის 17 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან/ბათუმის პირველი საჯარო სკოლა

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან, მაია მერკვილაძე ტელევიზიაში რჩება

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან. გადაწყვეტილება გუშინ ღამით ალტერნატიულმა პროფკავშირმა მიიღო.

გუშინ, 24 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე – მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს. მას გიორგი კოხრეიძემ არარსებული თოქ-შოუს წამყვანობა შესთავაზა. საინფორმაციო სამსახურში რედაქტორად ნინო ხაჟომია დანიშნეს.

დღეს, 25 თებერვალს, მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ის გიორგი კოხრეიძეს შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა თოქ-შოუს რედაქტორი გახდეს.

„გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საგაფიცვო დოკუმენტი. ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა – გაფიცვა საზოგადოებრივ მაუწყებელში,“ – გვითხრა ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.

საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, მედიაციის პროცესი დაიწყება, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და მენეჯმენტის გარდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ამის შემდეგ შეეძლებათ ჟურნალისტებს სამუშაოზე უარის თქმა.

„მთავარი მოთხოვნებია სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და შრომითი უფლებების დაცვა. კონკრეტულად ამ მოთხოვნებს საგაფიცვო დოკუმენტში გავწერთ,“ – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

____

მაია მერკვილაძის პოზიციაზე ჟურნალისტი ნინო ხაჟომია დანიშნეს.

ზეწოლის გამო დირექტორის მოადგილის პოზიცია დატოვა ნათია ზოიძემ.

ნათია ზოიძის წასვლის შემდეგ მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი დანიშნეს.

ნათაი ზოიძის წასვლასა და შემდეგ განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

ორგანიზაციის შეფასებით ეს არის პოლიტიკური ზეწოლა.

ავარია ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე [ფოტო]

ბათუმში, კომახიძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, დაეჯახა სხვა ავტომანქანებს და ტროტუარზე ავარდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა ავარიის შედეგად ექიმების დახმარება არავის დასჭირდა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ლერმონტოვის და კომახიძის ქუჩების კვეთაში

 

აჭარის ტელევიზიის წინ ახალი ამბების გუნდი და მაუწყებლის თანამშრომლები გამოვიდნენ

დღეს, 24 თებერვალს, 20 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა „მთავარი“ პირდაპირი ჩართვით დაიწყო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ახალი ამბების გუნდი და ტელევიზიის თანამშრომლები გამოვიდნენ დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, რომლის თანამდებობაც გასულ კვირას გააუქმეს, ჩამოაშორებენ ახალი ამბების რედაქციას და მას სთავაზობენ არარსებული შოუს რედაქტორობას. პარალელურად, აჭარის მაუწყებელში ახალი ამბების რედაქტორად ინიშნება ნინო ხაჟომია.

„ადამიანებს მინდა გთხოვოთ, იკარგება თქვენი ტელევიზია, თქვენი ხმა“ – განაცხადა აჭარის მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ხათუნა შუშანიძემ.

პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ახალი მენეჯმენტი დარტყმის ქვეშ აყენებს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

„თქვენ გინდათ ამ გადაწყვეტილებით [მაია მერკვილაძის შტატის გაუქმებით] დასვით წერტილი. არ ვიცი, როგორი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გვამყოფებენ, ლაპარაკიც მიჭირს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ. ტელეწამყვანმა ირინა ყურუამ კი განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ახალი მენეჯმენტი უბიძგებს რადიკალური ზომებისკენ.

____________

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როცა მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით გადააყენა ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.

დირექტორის მოვალეობას რამდენიმე თვე ასრულებდა ნათია ზოიძე, მისი მოადგილე, 2019 წლის ნოემბერში კი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ იგი პროსახელისუფლებო კანდიდატი იყო.

კოხრეიძის ტელევიზიის დირექტორად არჩევა შეფასდა, როგორც „ოცნების“ პოლიტიკის გამტარებელი პირის მოსვლა აჭარის მაუწყებლის მენეჯმენტში. მისი არჩევიდან მოკლე ხანში ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტებმა: ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ.

ახალმა დირექტორმა შეუცვალა ხელშეკრულება ნათია ზოიძეს, რომელსაც სარედაქციო პოლიტიკის მართვა ევალებოდა და მას მხოლოდ ანგარიშების წერის ფუნქცია დაუტოვა, რაც იმთავითვე იქნა გაგებული, როგორც დარტყმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. ზოიძემ ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო. მისი წასვლა ტელევიზიიდან „პოლიტიკური ზეწოლის“ მაგალითად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“.

აჭარის ტელევიზიის მრჩევლების არგუმენტები „ფანტასტიური კადრის“ ჩამოშორებაზე

„გიდასტურებთ. უკვე მოვემგზავრები ბათუმში,“ – ასე გვიპასუხა ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ, როცა მას ვკითხეთ, დანიშნეს თუ არა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად. ნინო ხაჟომიამ ასევე გვითხრა, რომ საჭესთანაა და დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

რა პოზიციაზე ინიშნება ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიაში, ან რატომ ჩათვალა ახალმა მენეჯმენტმა, რომ მაია მერკვილაძე ნინო ხაჟომიათი შეცვალოს? – მრჩეველთა საბჭოს წევრები თამილა დოლიძე და სოსო სტურუა არ თვლიან, რომ პრობლემაა, ან სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საფრთხე არსებობს, როცა ტელევიზიის დირექტორის საინფორმაციო სამსახურს აშორებს მაია მერკვილაძეს, კადრს, ვისი მუშაობაც თავად გიორგი კოხრეიძემ 5 დღის წინ, 19 თებერვალს შეაფასა, როგორც „ფანტასტიური.“ მრჩეველთა საბჭოს ამ სხდომაზე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატები გააუქმეს, ხოლო ახალმა მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ ის მაია მერკვილაძეს და ტელევიზიის კიდევ სამ თანამშრომელს ტოლფასს სამსახურს შესთავაზებდა.

დღეს, 24 თებერვალს, მაია მერკვილაძეს უთხრეს, რომ ის საინფორმაციო სამსახურს უნდა ჩამოშორდეს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს რედაქტორი გახდება, თუკი თანახმა იქნება, ან რადიოს საინფორმაციოს უფროსი. სხვა პირები, ვისაც საშტატო განრიგის ცვლილება შეეხო, მრჩევლების ინფორმაციით, ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.

მრჩეველთა საბჭოს წევრი, თამილა დოლიძე თვლის, რომ მაია მერკვილაძე ახალ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. ტელევიზიის ნიუსრუმისგან განსხვავებით, იგი ისევ ვერ ხედავს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას, როცა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერს საინფორმაციო სამსახურში მუშაობის საშუალებას აღარ აძლევენ.

„მეგონა, რომ მაია თოქ-შოუს რედაქტორობას დათანხმდებოდა, არ იყო ცუდი შეთავაზება, ჩემი აზრით… არჩევნების დროს იქნებოდა ამ თოქ-შოუს მთავარი ფიგურა. მე მეგონა, რომ დატოვებდნენ იგივე თანამდებობაზე, მაგრამ მენეჯმენტმა ასე გადაწყვიტა,“ – გვითხრა თამილა დოლიძემ.

სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეებზე დასმულ კითხვებს მრჩეველთა საბჭოს წევრმა ასე უპასუხა:

„იურისტებთან გავიარე კონსულტაცია და მითხრეს, რომ კანონიერიაო… ახალი მენეჯერი ასე ხედავს და ჩვენ ზედმეტად ვერ ჩავერევით,“ – ამბობს თამილა დოლიძე.

„ჩარევის მცდელობას თუ დავინახავთ, მეც მექნება რეაქცია,“ – ამბობს სოსო სტურუა, მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთი წევრი. მის არგუმენტითაც დავინტერესდით – რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს მენეჯმენტისავე შეფასებით საუკეთესო კადრის ჩამოშორებას.

„მაუწყებელს აქვს რამდენიმე მიმართულება და ნებისმიერი მიმართულებით იქნება გამოსადეგი მაიას გამოცდილება და ცოდნა. კანონიერია ეს შეთავაზება, რაც მაია მერკვილაძეს შესთავაზეს… არ არის ეს მიუღებელი შეთავაზება. მე თვითონ ვხელმძღვანელობდი მაუწყებელს 4 წლის განმავლობაში და ბევრჯერ მომხდარა ისე, რომ შეგვიცვლია პოზიცია ადამიანისთვის… თოქ-შოუც საინფორმაციოს მიმართულებაა. ჩვენ საინფორმაციოშიც გვაქვს თოქ-შოუს ელემენტები და კარგია, რომ ეს გვაქვს“, – გვითხრა სოსო სტურუამ.

სოსო სტურუას შევახსენეთ, რომ იგი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას ვერც მაშინ ხედავდა, როცა ნათია ზოიძე ფუნქციის გარეშე დატოვა გიორგი კოხრეიძემ და ეს ამბავი ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

„ეს ორგანიზაცია არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას,“ – გვიპასუხა სოსო სტურუამ.

რატომ ფიქრობთ „ქართული ოცნების“ მსგავსად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ტყუვდებიან? – ვკითხეთ სოსო სტურუას.

„არ ტყუვდებიან… უბრალოდ, არსებობს ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციას არ ჰქონდა,“ – გვითხრა სოსო სტურუამ.

მრჩეველთა საბჭოს წევრებს ნინო ხაჟომიას დანიშვნაც მოსწონთ. თამილა დოლიძის ინფორმაციით, ნინო ხაჟომია 6 თვით დანიშნეს და შემდეგ იგი კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. სოსო სტურუა ამბობს, რომ ნინო ხაჟომია საინფორმაციოს გარდა, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებითაც იმუშავებს.

რატომ არის კარგი ნინო ხაჟომიას ტელევიზიაში მოყვანა?

„ამ კითხვაზე პასუხი მზად არ მაქვს… ვიცი, რომ მას წლების წინ ჰქონდა საგამოძიებო ჟურნალისტიკა და არის ამ მიმართულებით სახელმძღვანელო წიგნების ავტორი, ჟურნალისტურ წრეებში მიღებული ადამიანია,“ – გვიპასუხა სოსო სტურუამ.

ბათუმის მერია ბულვარში ზონალური პარკინგის გადასახადის დაწესებას გეგმავს

ბათუმის მერია ბულვართან არსებული პარკინგით სარგებლობისთვის ე.წ. ზონალური მოსაკრებლის დაწესებას გეგმავს. მერის, ლაშა კომახიძის განმარტებით, მერია აპირებს ამ მიმართულებით თბილისის მერიის „წარმატებული მაგალითი“ გამოიყენოს.

ამ დრომდე ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის მხრიდან არსებულ პარკინგის ადგილებთან, დამონტაჟებული იყო სწრაფი გადახდის ტერმინალები ე.წ. საათობრივი პარკინგის გადახდის მიზნით, თუმცა ახლა ეს ტერმინალები მწყობრიდანაა გამოსული და არ მუშაობს.

ფაქტობრივად ქალაქში ჩამოსული ტურისტი, რომელსაც რამდენიმე საათით სურს ბულვართან ავტომანქანის გაჩერება, ამ ტერმინალებით  ვერ სარგებლობს. ამ დრომდე მათთვის მერია უმეტესწილად ვერც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ახერხებდა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა  ადგილისა და დროის მიხედვით განსხვავებული გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

სამინისტრო 200 ათას ლარად საჯარო სკოლებისთვის ჯაზბენდის აღჭურვილობას ყიდულობს

200 ათასი ლარი  დაიხარჯება აჭარი განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან საჯარო სკოლებში ჯაზბენდისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. ამის შესახებ განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მუსიკალურ აღჭურვილობას სკოლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიტანენ. სულ შეირჩევა 16 საჯარო სკოლა, მათ შორის მუნიციპალიტეტებშიც.

„გვინდა, ახალგაზრდებს ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფოლკლორის გარდა თანამედროვე მუსიკაც შეისწავლონ. ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით უნდა შეეძლოთ სკოლის სივრცეში რეალიზება,“- ამბობს მაია ხაჯიშვილი.

რა კრიტერიუმებით შეირჩა საჯარო სკოლები ან ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს ინსტრუმენტებზე დაკვრა, უცნობია, რადგან, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, კრიტერიუმების დამუშავება ახლა მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა მეორე კვარტალიდან დაიწყება.

 

ვინ იყო ბათუმის ქალთა გიმნაზიის პირველი დირექტორი

24 თებერვალს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სტოიანოვი ბათუმში 1900 წელს დაარსებული ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო. გიმნაზია სწორედ ამ სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა.

სტოიანოვის შესახებ წიგნის ავტორი ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძეა, რომელსაც წიგნში თავმოყრილი აქვს საქართველოსა და უკრაინის არქივებში დაცული ცნობები ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ. ასევე ცნობილი ქართველი მოღვაწეების, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები, სადაც ის სტოიანოვის შესახებ წერს. ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში სწორედ იმ გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც სტოიანოვი დირექტორად დანიშნეს.

„მართალია, ალექსანდრე სტოიანოვი მეფის რუსეთის მოხელე იყო საქართველოში, თუმცა მის ბულგარულ წარმომავლობას ის ყოველთვის უსვამდა ხაზს. სწორედ ეს იყო დიდი თანაგრძნობის მიზეზი ქართველების მიმართ,“- ამბობს ავტორი.

ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევა წიგნის პრეზენტაციაზე

ალექსანდრე სტოიანოვი 1843 წელს კიევში დაბადებულა, საშუალო განათლებაც კიევის მეორე გიმნაზიაში მიუღია. მას დამთავრებული ჰქონდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ერთხანს ის კიევში გაზეთის რედაქტორადაც მუშაობდა.

წიგნის ავტორის თქმით, კიევისა და ქუთაისის ცენტრალურ არქივებში მოიკვლია გამოცემები, სადაც დაბეჭდილია მიმოწერები, სტატიები, წერილები, რომლებიც სტოიანოვის საქმიანობას აღწერს.

ამ წყაროების მიხედვით, სტოიანოვი საკმაოდ განსწავლული მკვლევარი და არქეოლოგიც ყოფილა.  სტოიანოვის შესახებ ცნობებს ვპოულობთ ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებშიც, საიდანაც ჩანს, სწორედ სტოიანოვს ჰქონდა მინდობილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევების გათხრა და 1889 წელს ვანში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.

ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ წიგნის პრეზენტაცია 24 თებერვალს გაიმართა ბათუმში

„სტოიანოვმა, პროგრესულად მოაზროვნე რუს პედაგოგებთან ერთად, აშკარად გაილაშქრა ქართული სკოლებიდან მშობლიური ენის განდევნის, ძველმოდური მეთოდებისა და სხვა ანტიპედაგოგიური ღონისძიებების წინააღმდეგ.

იგი იმასაც მოითხოვდა, რომ რუს პედაგოგებს შეესწავლათ ქართული ენა, ლიტერატურა და ქართველი ხალხის ზნე ჩვეულება“- წერს ექვთიმე თაყაიშვილი. ამონარიდები თაყაიშვილის მოგონებებიდან შესულია ენდი ნემსვერიძის მიერ გამოცემულ წიგნში.

ჩანაწერების მიხედვით, იმ წელს, როცა გიმნაზიის დირექტორად სტოიანოვი დაინიშნა, კლასების შევსების გამო ექვთიმე თაყაიშვილის სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრეს. საბოლოო გადაწყვეტილება ახალ დირექტორს უნდა მიეღო. როცა საქმიანობას შეუდგა, სტოიანოვს თვითონ მოუკითხავს, თაყაიშვილი რომელიაო.

„როცა სტოიანოვი ქუთაისში მიემგზავრებოდა, როგორც ჩანს, გზად ექვთიმეს ძმა, ნიკო თაყაიშვილი დამგზავრებია და მან უთხრა სტოიანოვს, რომ გიმნაზიაში  ექვთიმე სწავლობდა, სადაც ის ნიკო მარს დაუმეგობრდა,“ – წერს წიგნის ავტორი.  ამ მოგონებების მიხედვით სტოიანოვი თაყაიშვილსაც და ნიკო მარსაც მფარველობდა. სწორედ სტოიანოვის ხელშეწყობით მოეწყო ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში.

„ჩემი აზრით, ქართული ენის სწავლება დაყენებულ უნდა იქნეს სათანადო სიმაღლეზე. ამ საგნის შესახებ მე მაქვს განსაკუთრებული აზრი, რომელიც მზად ვარ დავიცვა ყველგან…

აუცილებელია შემოღებულ იქნეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება, უფროს კლასებში კი ქართული ლიტერატურის სწავლება,“ – წერს სტოიანოვი 1880 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისადმი წარდგენილ ანგარიშში.

წიგნის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საარქივო მასალები ქალთა პირველი გიმნაზიის შესახებ, სადაც ამჟამად ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ქუთაისში ბაგრატის ტაძრის არქეოლოგიური შესწავლის დროს ორასამდე დიდი და პატარა ფრაგმენტი, კაპიტელი, რაფები აღმოაჩინეს, რომელთა ფოტოები 1881 წლის სექტემბერში სტოიანოვმა არქეოლოგთა ყრილობას წარუდგინა თბილისში. ხოლო როცა ქუთაისში რუსეთის იმპერატორი ჩავიდა, სტოიანოვმა მას ბაგრატის ტაძრის ფოტოების კოლექციასთან ერთად სვანეთის ხედების ალბომი  და მის მიერ  სვანეთზე გაკეთებული ნაშრომი – „მოგზაურობა სვანეთში“ გადასცა.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ალექსანდრე სტოიანოვის კაბინეტი. ფოტო:

„ამ ჟესტით ალექსანდრე სტოიანოვი ბაგრატის ტაძრის, ქუთაისის გიმნაზიისა და სვანეთისადმი იმპერატორის ყურადღების დათმობას ითხოვდა,“- წერს წიგნის ავტორი.

სტოიანოვი აკრიტიკებდა ქუთაისის სასულიერო გამგეობის გადაწყვეტილებას, ახალი ეკლესიის ასაშენებლად ბაგრატის ტაძრის ქვების გამოყენების თაობაზე. მის წერილში, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივშია დაცულია, წერია: „…თუ ეს სარწმუნოა, რაც ჩემი აზრით ყოვლად დაუშვებელია, უმორჩილესად ვთხოვ თქვენს უსამღვდელოესობას, უბრძანო, ვისაც ჯერ არს, შეცვალონ ეს განკარგულება“.

„ასე გადაარჩინა ბულგარელმა ალექსანდრე სტოიანოვმა ბაგრატის დიდებული ტაძარი,“ – ვკითხულობთ წიგნში. ავტორი წერს, რომ სტოიანოვის დამსახურებაა ციხისძირში პეტრას ციხის გადარჩენაც.

ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებების მიხედვით, სტოიანოვი განათლების სისტემაშიც ლიბერალური მიდგომების მომხრე იყო. ის „ფართო განათლების და ჩვენი დროისათვის ლიბერალური მიმართულების კაცი იყო. რომ არა სტოიანოვი, ბევრი ჩვენგანი გიმნაზიას ვერ დაამთავრებდა. თუკი სტოიანოვი ლიბერალი იყო მოსწავლეებთან, ის ძალზეც მკაცრად ეპყრობოდა მასწავლებლებს, ამის გამო მასწავლებლებმა ის „სტოიან ფაშად“ მონათლეს.

„ასეთმა დირექტორმა ჩვენ, მოსწავლეებს, ნება დაგვრთო ხელნაწერი ქართული ჟურნალი გამოგვეცა და მის დასაფინანსებლად ფულიც არ დაინანა. სტოიანოვი შეგნებულად არიდებდა თვალს ამ ჟურნალში დაბეჭდილ პატრიოტულ ლექსებს, რომელ ჟურნალსაც სახელად „ბედი“ ვუწოდეთ,“ – წერია ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებში.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ წიგნის პრეზენტაციაზე

თაყაიშვილისა და ნიკო მარის მოგონებებში ნათქვამია, რომ სტოიანოვი არასდროს ასხვავებდა მოსწავლეებს ეროვნული წარმოშობის მიხედვით.

„სტოიანოვის კეთილგანწყობა  ქართველების მიმართ მხედველობიდან არ გამორჩენიათ მეფის რუსეთის მესვეურებს, ამიტომ მას საყვედური გამოუცხადეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ბათუმის ვაჟთა რუსული გიმნაზიის დირექტორად გადაიყვანეს.

როგორც არქივის მასალებიდან ჩანს, მას ბათუმის სიახლოვეს საკუთრებაში მიწებიც გადასცეს, სადაც ფერმა და პლანტაცია მოაშენა. აქ ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო მოგვიანებით, სტოიანოვი სოხუმში გადავიდა, რის შემდეგაც მასზე ინფორმაციები მიუკვლეველია,“- ვკითხულობთ ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ გამოცემულ წიგნში.

ალექსანდრე სტოიანოვის შესახებ წიგნის პრეზენტაციას მე-2 საჯარო სკოლაში, საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა-კოზლევა და აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილიც ესწრებოდნენ, ასევე, წიგნის ავტორი ენდი ნემსვერიძე და საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა.

როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში.

რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით.

სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის.

ამბის გაგრძელება

https://netgazeti.ge/news/429458/

მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალი ამბების რედაქტორი აღარ ვიქნები

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე თავის ფესიბუქგვერდზე წერს: „მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად“.

მაია მერკვილაძეს გასულ კვირას პროტესტის ფონზე გაუუქმა ახალმა დირაქტორმა შტატი. ამ შტატის გაუქმებას მაუწყებლის სამი მრჩეველი დათანხმდა.

მაია მერკვილაძის თავისი პოზიციიდან გაშვების პარალელურად მაუწყებელში ნინო ხაჟომია დანიშნეს. „ბათუმელებმთან“ სატელეფონო საუბარში ნინო ხაჟომიამ აჭარის ტელევიზიაში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. მან თქვა, რომ „მოემგზავრება ბათუმისკენ და სამ საათში ბათუმში იქნება“.

მაია მერკვილაძის რედაქტორობიდან გათავისუფლებას ასე გამოეხმაურა აჭარის ტელევიზიის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია ზოიძე: „მაია მერკვილაძეც მოიშორეს საინფორმაციო პოლიტიკის სტაფიდან, ხელისუფლების სპეცოპერაცია დასასრულს უახლოვდება, სუსის აგენტებით გაავსეთ ტელევიზია, ბრავო, ბრავო! მაია მერკვილაძე რა გითხრა არც კი ვიცი, ჩვენ კი ვიცოდით რასაც ვამბობდით, მაგრამ კიდევ არის ხალხი ალბათ გარეთ და შიგნით ვინც გვეტყვის: დადეთ ფაქტები“.

____________

ფოტოზე: ნინო ხაჟომია, მაია მერკვილაძე

ამავე თემაზე: 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი დახურულ კონკურსზე აირჩიეს

ბათუმში ტროტუარებზე ვაჭრობის გადასახადი იზრდება

ბათუმში საზოგადოებრივ სივრცეებში გარევაჭრობის საფასური იზრდება, ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა განაცხადა. მისი განმარტებით, დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო. ლაშა კომახიძის დაკვირვებით, კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებოდათ ეს თუ არა. მერი იმედოვნებს, რომ ფასების გაზრდა ობიექტების მესაკუთრეებს მომავალში ამ სივრცეების ზომიერად ათვისების სურვილს გაუჩენს.

„დაბალი საფასური ბევრ ობიექტს აძლევს სტიმულს, რომ მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, კომერციული ინტერესი აქვთ თუ არა, მიუხედავად ამისა, განათავსონ მაგიდები და სკამები, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი საზოგადოებრივ სივრცეში. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ტროტუარების ხარჯზე ხდება, აქედან გამომდინარე, ისევ ზონალურობაზე მიბმით ჩვენ ვაკორექტირებთ ფასებს. პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთონ ზომიერად და გააკეთონ სეზონურად იმ შემთხვევაში, თუკი ამას მათთვის შესაბამისი კომერციული ღირებულება ექნება,“ – განაცხადა მერმა ბრიფინგზე.

ამ დრომდე საზოგადოებრივი სივრცის გარევაჭრობისთვის გამოყენების მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 5 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ კი, ის ზონების მიხედვით გადანაწილდება – პირველი ქვეზონისთვის 40 ლარი, მეორე ზონისთვის – 30, მესამე ზონისთვის კი 20 ლარი იქნება.

საკითხი საკრებულომ ხვალ, 25 თებერვალს, სხდომაზე უნდა განიხილოს.

 

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

 

1000 და 3000 ლარი ჯარიმები არადეკლარირებული სიგარეტისა და ვერცხლის შემოტანისთვის

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „წითელ ხიდი“ და „ლაგოდეხი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 21-23 თებერვალს, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13 010 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე სამსახურის ინფორმაციით: კანონდარღვევით ვერცხლის ნაკეთობების (საერთო წონით 1,943.24 გრამი) შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი, 23 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 031.45 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3 031.45 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მე-14 სკოლის წინ კორპუსი შენდება – რას უპირებენ მრავალწლოვან ევკალიპტებს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მე-14 საჯარო სკოლის წინ, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. სამშენებლო ტერიტორია უკვე შემოღობილია და იქ რამდენიმე მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეც დგას. ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს „ხეები არ უნდა მოიჭრას.“

მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2020 წლის 29 იანვარს გასცა.

ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, შპს „როიალ ბლდინგი“ [თავდაპირველად შპს „თემა“], 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი კი, თენგიზ მგელაძეა. კომპანიის იურიდიული მისამართია ქობულეთი, დაბა ჩაქვი.

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია 2015 წელს სახელმწიფო საკუთრება იყო, რომელიც ქონების ეროვნულმა სააგენტომ შემდეგ უპირობო აუქციონზე გაყიდა.

აუქციონი 2017 წელს ჩატარდა. პლაჟიდან 300 მეტრში მდებარე 1925 კვ/მ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 745 000 ლარი იყო. აუქციონში 2 პირი მონაწილეობდა და ქონება 129-ე ბიჯით, საბოლოოდ, 1 132 000 ლარად გაიყიდა.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა [მარცხნივ] და „როიალ ბულდინგის“] ტერიტორია [მარჯვნივ], სადაც კომპანია 20-სართულიან კორპუსს აშენებს

რას აპირებს კომპანია, ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ მოახერხა – კომპანიის წარმომადგენელს ვერ დავუკავშირდით.

განახლება: მოგვიანებით დაგვიკავშირდა „როიალ ბულდინგის“ წარმომადგენელი, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე ხეების მოჭრას კომპანია არ აპირებს, სახლი კი იქნება სასტუმროს ტიპის, რომელსაც მიწისქვეშა ავტოპარკინგი ექნება.

_____

ამ ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად და სხვადასხვა სამუშაოსთვის ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 4 631 999 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბონდი 2009“-სთან.

აქ მერიამ სკვერიც უნდა მოაწყოს. სამუშაოები 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

4,9 მილიონი ჯავახიშვილის, „ჟილინის“ მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებისა და სკვერის მოსაწყობად

ბათუმში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება

ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მერია რამდენიმე სოციალური პაკეტის ბიუჯეტს  ზრდის. შედეგად იზრდება  მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება. შესაბამისად, ყოველთვიური თანხის ოდენობა ორმაგდება და 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება.

იზრდება ასევე  70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3 და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება.  სამშვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, ოთხშვილიანი ოჯახები კი – 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებით ისარგებლებენ მანდატურები.

სოციალური მიმართულებით ზოგიერთი პაკეტის დაფინანსების გაზრდაზე დღეს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, ბრიფინგზე ისაუბრა.

„ეს იქნება კუპატას პროგრამა“ – ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს

პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანს და მათ შესაბამის პირობებში მოუვლის [აღურიცხავობის შემთხვევაში მისი აღრიცხვისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ] მერიისგან დაფინანსების სახით ერთ წელში 720 ლარს მიიღებს, რაც თვეში 60 ლარია – მერია ამ პროგრამით  ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას შეეცდება.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, პროგრამა საპილოტეა და მომავალში მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტენ, გაიზრდება თუ არა მისი ბიუჯეტი. პირველი ეტაპისთვის მერიამ ამ მიმართულებით თანხა ასი ერთეულისთვის გაითვალისწინა. მერის თქმით, ამ პროგრამას ხუმრობით და არაოფიციალურად  „კუპატას პროგრამას დაარქმევენ“, ცნობილი ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ გამო, რომელიც ცენტრალური პარკის წინ ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს.

ქალაქში უპატრონო ძაღლების მომრავლების პროგრამის გადაჭრის აუცილებლობაზე  ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ,  დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მერის თქმით, უპატრონო ძაღლების რიცხვი ქალაქის ქუჩებში დათბობასთან ერთად იმატებს და პრობლემებიც უფრო მწვავდება, ხშირია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების დაკბენის შემთხვევები: „შემდეგ კი, ეს არის მოსახლეობის მხრიდან სამართლიანი შენიშვნის საფუძველი,“ – განაცხადა მერმა:

„ჩვენ ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ხშირად ჟღერდება ახალი მუნიციპალური თავშესაფრის გაკეთების იდეა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძაღლების პოპულაციის ზრდა ქალაქის ტერიტორიაზე დაკავშირებულია არა არსებულის გამრავლებასთან, არამედ ახალი ნაკადების შემოსვლასთან სხვა  მუნიციპალიტეტებიდან. ხშირად ჩამოჰყავთ ძაღლები, ლეკვები და ტოვებენ  ქალაქის გარეუბნებში ან ნაგავსაყრელზე, ეს კი საბოლოოდ თავს იყრის ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე სხვაგან, რაც  შემაწუხებელია მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა მერმა.

მერი მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო სახსრებზე დამოკიდებულ თავშესაფარს ექნება მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი, გრძელ ვადაში კი,  საჭირო გახდება მისი მუდმივი გაფართოება, შესაბამისად საჭირო იქნება ხარჯების მუდმივი ზრდა. „ამიტომაც ახალი ინიციატივით ჩვენ გვინდა სტიმული მივცეთ კერძო თავშესაფრების განვითარებას,“ – განაცხადა მერმა.

__________

ფოტოზე: კუპატა, ბათუმელი ძაღლი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სასწრაფოდ იყიდება ბინა ბათუმში, ცენტრალურ პარკთან

ბათუმში, ცენტრალურ პარკთან, ძელ აშენებულ 5-სართულიანი კორპუსის, მე-5 სართულზე სასწრაფოდ იყიდება 108,45 კვ/მ ფართობის კუთხის ბინა, ტბის ხედით.

ბინაში ძველი რემონტია, შესაძლებელია ორად გაყოფა და აქვს დაშენების პერსპექტივა.

ფასი: 69 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

დაგვიკავშირდით : 555 72 99 69 ან 597 09 55 09

 

„ჩემი ყველა უფლება დაირღვა“ – ავტობანის მშენებლობით დაზარალებული ოჯახები

მახვილაურში მცხოვრები მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამ მისი საცხოვრებელი სახლი და სახლთან მისასვლელი გზა მთლიანად დააზიანა. მოქალაქის თქმით, წელიწადნახევარია, რაც შესაბამის სამსახურებში განცხადებებს წერს, თუმცა მისი პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. დღეს, 24 თებერვალს, მანანა ქადაგიძე და კიდევ ერთი დაზარალებული მისი მეზობელი, საპროტესტო აქციას მართავენ.

„მახვილაურში, საჯარო სკოლის ზემოთ, მაქვს სახლი. უფრო სწორად, მქონდა, რადგან სახლი უკვე დანგრეულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზიანდა სახლთან მისასვლელი გზა, შემდეგ კი სახლიც ჩამოინგრა. თითქმის ორი წელია, რაც ამ მდგომარეობაში ვარ. ვერც მიწით ვსარგებლობ და ვერც სახლში მივდივარ,“ – ამბობს ქადაგიძე.

მანანა ქადაგიძის სახლი მახვილაურში. მოქალაქე ამბობს, რომ სახლი ავტობანის მშენებლობის გამო ჩამოინგრა.

მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით არაერთხელ მიმართა, თუმცა მხოლოდ დაპირებები ისმის. „მითხრეს, 15 დღეში აღვადგენთ გზასო, მას შემდეგ გავიდა წელიდნახევარზე მეტი და ისევ ისეთი მდგომარეობაა. მიწა მცოცავია და გამაგრება სჭირდება, მასალა მათ ხელშია და მუშახელი. არანაირი კომპენსაცია, არანაირი დახმარება, არც გზა, არც სახლი. ჩემი ყველა უფლება დაირღვა,“ – გვეუბნება ის.

ქადაგიძის მეზობლად ცხოვრობს მერაბ ჩხიკვაძის ოჯახიც. სახლთან მისასვლელი გზა არც მათ აქვთ. „მეც დაზარალებული ვარ, მეზობლების ეზოების გავლით მივდივარ სახლში და უკვე მეუხერხულება, რამდენი ხანი შეიძლება ვიაროთ ასე, სხვის ეზო-კარში,“- ამბობს ჩხიკვაძე.

დაზიანებული გზა მახვილაურში

„ბათუმელები“ საგზაო დეპარტამენტში განსახლების სამსახურის ხელმძღვანელს მიხეილ უჯმაჯურიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში მოსახლეობას ნამდვილად შეეზღუდა არსებულ ნაკვეთებთან მისასვლელი გზა, თუმცა მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს.

„სახლის დაზიანებას რაც შეეხება, ზედამხედველი კომპანია სწავლობს ამ საკითხს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როდესაც მოგვაწოდებენ საბოლოო დასკვნას,“ – ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.

კითხვაზე, რა ვადაში უნდა მიიღოს დეპარტამენტმა დასკვნა და როდის აღდგება გზა ქადაგიძის და ჩხიკვაძის სახლებთან, მიხეილ უჯმაჯურიძე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია მეზობლებთან და ისინი არ არიან წინააღმდეგი, რომ დაზარალებულმა მეზობლებმა მათი საკუთრებით ისარგებლონ, ანუ მათი ეზოების გავლით მივიდნენ თავიანთ საცხოვრებელთან.

მოქალაქეების თქმით, მახვილაურში მიწა მცოცავია და გამაგრება სჭირდება.

„თუმცა, ეს იქნება დროებით, სანამ მოეწყობა გზა. დროს ზუსტად ვერ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ორ თვეში აღდგება გზა და ექნებათ მისასვლელი ამ მოქალაქეებს თავიანთ სახლებთან,“- ამბობს მიხეილ უჯმაჯურიძე.

 

სკოლა „გორდა“ ზურაბ ხაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

27 თებერვალს, 15:00 საათზე  ელიტური სკოლა „გორდას“ შენობაში სკოლის ადმინისტრაცია მართავს ზურაბ ხაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას

„დიდმა მაესტრომ ფუნჯი დადო!“

ზურაბ ხაბაძის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი ერთნაირი და გამორჩეული ოსტატობით ქმნიდა როგორც დაზგურ და მონუმენტურ ფერწერას, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ილუსტრაციას და პორტრეტებს, რომლებიც გმირის შინაგანი სამყაროს გახსნით, მის ფსიქოლოგიაში წვდომით, ტიპაჟებისა და სულიერი განცდების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 1971 წლიდან მოყოლებული 3 ათეული წელი ქმნიდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებს. 1979 წელს დაასურათა ფირდოუსის „შაჰ- ნამე“, 1983 წელს შექმნა იაკობ ცურტაველის საიუბილეო გამოცემისთვის „შუშანიკის წამების“ 8 ილუსტრაცია.

ღონისძიებაზე ზურაბ ხაბაძის მეგობრები და კოლეგები გაიხსენებენ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

2003 წელს ზურაბ ხაბაძეს მიენიჭა მემედ აბაშიძის სახელობის პრემია. მხატვარი გასული წლის 27 იანვარს გარდაიცვალა.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან სამინისტროების, მწერალთა კავშირის, მხატვართა კავშირის და მედიის წარმომადგენლები.

მთავარი ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბათუმის მერი: პლაჟებს არ შემოღობავენ, დამრღვევი დაჯარიმდება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ბათუმის მერიის მიერ ზღვისპირა პლაჟის კონკრეტული მონაკვეთის გარკვეული ვადით გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტირება მოჰყვა.

„ვხედავ ცალკეული პირების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ეს შემოიღობება და ასე შემდეგ“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ დღეს, 24 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე.

საკითხი ეხება ბათუმის ძველ ბულვარში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, შპს „ბათუმი თაუერისთვის“ მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გადაცემას, კომპანია ნაკვეთს პლაჟზე ათი წლის ვადით ითხოვს. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა იყიდა და დამატებითი შენობის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. კომპანია აქ სასტუმრო „ლე მერიდიანს“ აშენებს.

მერის განმარტებით, გარკვეული ობიექტების განთავსების მიზნით ზღვისპირა ზოლზე დღემდე დიდი მოთხოვნაა, ამის პარალელურად მერია იღებს ძალიან ბევრ შენიშვნას ზღვისპირა ზოლის ვიზუალისა და ხშირად ფუნქციური დატვირთვის გამოც კი. მერის თქმით, ის აბსოლუტურად იზიარებს საზოგადოების ამ განწყობას:

„აქედან გამომდინარე, მზარდი ტურისტული ქალაქისთვის პლაჟებზე შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, ინიციატივით შევდივართ საკრებულოში, რომ მსხვილ ბრენდულ სასტუმროებს მივცეთ საშუალება, მართონ მათ წინ არსებული პლაჟები, ეს არ ნიშნავს გასხვისებას,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერი ამბობს, რომ პლაჟის მართვაში გადაცემა არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმე სახით შეეზღუდება პლაჟის ამ მონაკვეთით სარგებლობა. გარდა ამისა, გაკონტროლდება იერ-სახე და ფუნქციური დატვირთვა:

„პირველ რიგში, სრულად იქნება მოსახლეობის ინტერესი დაცული ამ პლაჟებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ვიზუალი და ფუნქციური დატვირთვა იქნება შესაბამისობაში ბულვარის კონსერვაციის განვითარების გეგმასთან. ასევე დაცული იქნება ყველა ის პარამეტრი, რაც ჩაიწერება ხელშეკრულებაში გადაცემული ნაკვეთის მართვასთან დაკავშირებით, ასე რომ, პლაჟებთან დაკავშირებული ეს ნაწილი მოწოდებულია არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე, იმ სწორი ბალანსის დაცვაზე, რაც გულისხმობს კომერციული ობიექტების საჭიროებასა და იერსახეს. აქ სრულად იქნება გათვალისწინებული შეუფერხებელი წვდომა მოსახლეობისთვის“.

კითხვაზე, როგორ აპირებს მერია ამის უზრუნველყოფას მაშინ, როცა გადაცემულ ტერიტორიას კომერციული ობიექტები ხშირად თავიანთი ინფრასტრუქტურით სრულად ითვისებენ. გარდა ამისა, ვინ გააკონტროლებს მოსახლეობის შესაძლო შეზღუდვის საკითხს, მერმა განმარტა, რომ ტერიტორიის ათვისების მასშტაბს ბულვარის კონსერვაციის გეგმა განსაზღვრავს, ხოლო მოსახლეობის შესაძლო შეზღუდვის მცდელობებს ახალი მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს:

„დაწესდება იმდენად სოლიდური ჯარიმა ასეთ შემთხვევებზე, რომ ამ ობიექტების მეპატრონეებს აღარ ექნებათ სურვილი, ეს წესი დაარღვიონ,“ – განაცხადა მერმა.

„ბათუმი თაუერი“ ძველ ბულვარში მიწის ნაკვეთს ითხოვს – მერია თანახმაა

Exit mobile version