„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ განცხადება – „ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია“

ოპოზიციური პარტიები: „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

„ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – საზოგადოება გახლეჩილი.

ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!“ – აღნიშნულია „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას ემიჯნება გახარიას პარტიაც.

„რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, ძალადობა მიუღებელია!

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში! ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია,“ – აცხადებენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის.“

ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას გაემიჯნა სალომე ზურაბიშვილიც. მან განაცხადა, რომ „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“. 

თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმმა გამოიყენა აქციის დაშლის სპეციალური საშუალებები.

დაძაბულობა თბილისში საპროტესტო აქციაზე ამ დრომდე [20:50 სთ] გრძელდება.

სალომე ზურაბიშვილი – „ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციას უწოდებს თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან რომელიმე ადმინისტრაციული შენობის დაკავების მცდელობას.

„არანაირი სადღაც შევარდნა, გამოვარდნა, რაც ახლა ტარდება, არ შეიძლება რომ არსებობდეს, თუ ეს არ არის პროვოკაცია. მე ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, არაფერში არავინ არ მკითხა, გამოვედი სასახლიდან, რამეთუ ლეგიტიმურ პრეზიდენტს არ სჭირდება შენობა, მას სჭირდება ხალხის ლეგიტიმაცია,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან „ტვ პირველთან“ ეთერში განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა:

„აქ ვინც დგას, არავის არ სჯერა სასწაულების, არ სჯერა პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი ვის მიერ არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ ის, რაც დღეს ნამდვილად ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან.

მთავარია, აქ გაგრძელდეს მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან, მეც ხვალ ვიქნები და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც“.

იგი სოციალურ ქსელ X-ზეც გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე მოვლენებს და ორბელიანის სასახლის აღების მცდელობას ფარსი უწოდა:

„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის 310 დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ოფიციალურად უარვყოფ ამას და მშვიდობიანად გავაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილმა ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა.

ამავე თემაზე: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.

ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს,“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მურთაზ ზოდელავამ მოუწოდა.

პაატა ბურჭულაძე – „დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ“

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით 19:00 საათისთვის ხალხის დიდი რაოდენობა პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა მოარღვიეს რკინის ჯებირები და შეეცადნენ სასახლეში შეღწევას, პრეზიდენტის სასახლეში მყოფმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ათონელის სასახლესთან მისვლამდე პაატა ბურჭულაძემ მიმართა ხალხს და სამოქმედო გეგმა გააჟღერა:

„ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია. და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად.

დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ. ჩვენ არ ვართ აქ მოსული შეტაკებებისთვის. ჩემი შვილიშვილებიც აქ არიან. მაგრამ ჩვენ ვერ წავაგებთ. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ.

დღეს არის არა აქცია, არამედ ეროვნული კრება. ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია, რომელიც ხელში მიჭირავს.

თუ თქვენ ამას ხმას მისცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წუთიდან ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ, რომ ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას.

საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს.

ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას უზურპატორისგან, რომ დაიცვას მშვიდობა უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისათვის.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხებს:

  1. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს.
  2. ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
  3. ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას. ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვას.

ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი ამას გადაუხვევენ, ე.ი. ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას.

და მათ გასაგონად, კიდევ უნდა მივცეთ ხმა ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ „ოცნების“ წევრ 6 ადამიანზე. ვინ არიან მთავარი ბოროტმოქმედები, რომელთაც აქამდე მოგვიყვანეს. მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში:

  1. ირაკლი კობახიძე
  2. შალვა პაპუაშვილი
  3. ანზორ ჩუბინიძე
  4. მამუკა მდინარაძე
  5. თეა წულუკიანი
  6. ბიძინა ივანიშვილი“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნახეთ რა ხდება ორბელიანის სასახლესთან – „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

დღეს, საღამოს, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა ეზოში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც სპეცრაზმი გამოჩნდა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა და აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი გაუშვეს.

ორბელიანების სასახლესთან ვითარება დაძაბულია, ისმის შეძახილები: „რუსებო, რუსებო!“ გარდა ამისა ისმის სროლის ხმა, სავარაუდოდ, სპეცრაზმი ისვრის ცრემლსადენ გაზს.

როგორც ჟურნალისტები ადგილიდან გვატყობინებენ, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე. ვითარება ორბელიანების სასახლესთან დაძაბულია.

დღეს, 4 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში საპროტესტო  აქციის მონაწილეებს პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

პაატა ბურჭულაძემ „ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხა. მან ხალხს დეკლარაციის კონკრეტული პუნქტების მხარდაჭერა სთხოვა.

„ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს. ე.წ. ხელისუფლებას, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.

ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრებაზე დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ასევე დაასახელა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი, მათ შორის: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ კრება მოითხოვს  მათ დატყვევებას. მან ასევე განაცხადა, რომ შსს ვალდებულია დადგეს ხალხის მხარეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს მოქმედებას დაიწყებს მამაკაცური ძალა“, ჩაიბარებენ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეების პრეზიდენტის სასახლისკენ, ათონელის რეზიდენციისკენ დაიძრნენ და ჯებირები მოანგრიეს, პოლიციამ კი წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო.

სიტუაცია ამ დრომდე [19:40 სთ] უკიდურესად დაძაბულია.

ნახეთ, „ნეტგაზეთის“ პირდაპირი ჩართვა: 

კობახიძემ 61 განკარგულება დამალა ბოლო 1 წელში

ირაკლი კობახიძის განცხადებების მიუხედავად, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებენ, გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ მთავრობამ 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, ჯამში, 61 განკარგულება დამალა – ისინი მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის ატვირთული.

„მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 12 აპრილს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ბათუმელებმა“ გასული წლის ივლისშიც გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციიდან ის განკარგულებები, რომლებიც არ იყო გასაჯაროებული, თუმცა, არცერთი განკარგულების ასლი ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

აღნიშნული განკარგულებების ნაწილი მთავრობამ ჩვენი წერილის შემდეგ გაასაჯაროვა [ისინი, ძირითადად, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას შეეხებოდა], ნაწილი კი დღემდე არ არის გამოქვეყნებული [ეს განცხადებები, როგორც მაშინ მთავრობიდან მოგვწერეს – გადასახადის გადამხდელებთან გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებებს უკავშირდებოდა].

ვრცლად ამ თემაზე: საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

სქრინები მთავრობის ვებგვერდიდან, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი განკარგულება არ არის გამოქვეყნებული

ზემოთ აღნიშნული გასაიდუმლოებული 61 გადაწყვეტილება „ბათუმელებს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აღარ გამოუთხოვია.

„ბათუმელების“ გადამოწმებით ასევე აღმოჩნდა, რომ მინიმუმ 20-ზე მეტ განკარგულებაში გასაიდუმლოებულია, თუ ვის გადაეცა სახელმწიფო ქონება საკუთრებაში ან/და იჯარით. ასევე განკარგულებებში, რომლებიც ამა თუ იმ კერძო პირის[კომპანიის] საქმიანობის ხელშესაწყობად არის მიღებული – არ ჩანს, თუ ვის უწესებს მთავრობა შეღავათებს, ვისთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეაქვს ცვლილება და სხვა.

მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია
მთავრობის განკარგულებები სადაც კერძო პირების ვინაობა გასაიდუმლოებულია

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს ისიც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კერძო კომპანიას სახელმწიფო ქონება სწორედ პირდაპირი წესით, ანუ აუქციონის გარეშე მიჰყიდეს.

ამ თემაზე: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

სახელმწიფო ქონების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო უწყებაც მალავს.

მაგალითად, „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონებისა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოებს ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2025 წლის 16 ივლისს წერილობით მიმართა, თუმცა, მიმართვიდან 80 დღე გავიდა და პასუხი არცერთი სააგენტოდან არ მიგვიღია.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს

 

 

 

ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს 4 საათზე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

პროევროპული აქციის მონაწილეები დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საკონსტიტუციოსთან შეიკრიბებიან მოქალაქეები და უწყვეტი საპროტესტო აქციების ის მონაწილეები, რომლებმაც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ვერ მოახერხეს წასვლა.

დღეს პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციის 311-ე დღეა.

დღეს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული

პროტესტის ფონზე, დღეს, 2025 წლის 4 ოქტომბერს „ოცნების“ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს, მაშინ, როცა ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია.

ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ამავე თემაზე: 

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

არჩევნები დამკვირვებლების გარეშე, რეპრესიებისა და ბოიკოტის ფონზე

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 საკრებულოს 2 058 წევრი – ნაწილი პროპორციული, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით.

არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას.

4 ოქტომბრის მდგომარეობით, დაპატიმრებულია 7 პოლიტიკური ლიდერი, ციხეში ხვდებიან არჩევნებს სამოქალაქო აქტივისტები და გასული წლის დეკემბერში დაუსაბუთებელი ბრალით დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

  • წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას.
  • გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია.
  • არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.
  • ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება. რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი“.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ აკვირდება არცერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია.

წელს პირველად არჩევნებს არ აკვირდება ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

საია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო – სამი დიდი ქართული ორგანიზაცია, რომელიც დაარსების დღიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს აკვირდებოდა, 4 ოქტომბრის არჩევნებს ასევე არ აკვირდება.

ცესკო თავის მიერ გავრცელებულ რელიზში კი წერს, რომ „საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი“.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე ვერ მიდიან, ცესკო გადასატან ყუთს გაუგზავნის.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 114 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 226 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 298 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 428 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 515 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 66 543 ერთეული [+450]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 803 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 398 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 971 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 87 714 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

არჩევნები 60-ზე მეტი პოლიტპატიმრით და ოპოზიციის ლიდერებით ციხეში

2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრით ხვდება.

ციხეში უკანონოდ, დაუდასტურებელი ბრალით ზის სტუდენტი, ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, იუმორისტი, მსახიობი და სხედან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

ავტორიტეტული უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენელი“ დღეს, 3 ოქტომბერს, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე მიმდინარეობს“.

„ამნესტი ინტერნეშენელმა“ დააფიქსირა რეპრესიების ფართომასშტაბიანი კამპანია, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე, მომიტინგეების ფართოდ გავრცელებული თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავდასხმის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა“, – განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

  • ოპოზიციის ლიდერები ციხეში

3 ოქტომბრის მონაცემებით დაპატიმრებულია პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ყველა ლიდერი – ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია. ასევე, დაკავებულია კოალიციის ორი წევრი – გელა ხასაია და საბა სხვიტარიძე.

დაკავებულია პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და პოლიტიკოსი გივი თარგამაძე.

პატიმრობაში იყვნენ პარტია „ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.  „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად მათ საპატიმრო დროზე ადრე დატოვეს.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კი არჩევნების დღეს საქართველოში არ იქნება. ის მიმდინარე წლის ივნისიდან ემიგრაციაშია.

„ლელო“ და „საქართველოსთვის“ ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც დიდი ელექტორატი ჰყავთ, არჩევნებში არ მონაწილეობენ.

  • არჩევნები არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვების გარეშე

პირველად თავისი არსებობის ისტორიაში არჩევნებს არ დააკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

„2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში ტარდება.

ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა,  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, შემზღუდველი კანონების მიღება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით დამკვირვებლის სამართლებრივი ჩარჩოს გაუარესება, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის ფორმირებას და არჩევნებზე დაკვირვებას. საია გააგრძელებს ადამიანის უფლებების და სამართლის უზენაესობის დაცვას და მიმდინარე სამართლებრივი გარემოს შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს,“ – ასე ახსნა საიამ მიზეზი, თუ რატომ ვერ დააკვირდებოდა არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით.

4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება არც „სამართლიანი არჩევნები“.

„სამართლიანი არჩევნების“  მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული გარანტიების არსებობას, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დიდწილად არ არის დაცული:

„რითაც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას,“ – ნათქვამია ISFED-ის განმარტებაში.

თავისი 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ დააკვირდება არჩევნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

TI-ის განმარტებით, ამის მიზეზი, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა.

„როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისათვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ „ქართული ოცნების“ ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.

საქართველოში არსებულ კონტექსტში, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს.

შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა.

სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას,“ – ასეთია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიცია.

ადგილობრივ არჩევნებს არ დააკვირდება არც ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება  არჩევნებს.

ფოტოზე: სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი. ფოტო: „პუბლიკა“.

ამავე თემაზე:

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

„ოცნების“ 5 დაპირება ბათუმს, რომელიც არ შესრულდა

ბათუმის მერია არ პასუხობს კითხვას, რატომ არ იწყება ადლიაში მოქმედი უკანონო, არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა. არადა, მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი, სტანდარტული ნაგავსაყარის მშენებლობა-გამართვა დასრულებულია, თუმცა ის ჯერ არ გაუხსნიათ.

მთავრობის დაპირებით, ახალი ნაგავსაყარის ამოქმედებისთანავე უნდა დაწყებულიყო ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება ადლიაში, ასევე, უნდა გაუქმდეს ქობულეთის ძველი ნაგავსაყარიც.

წლების წინ ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მოსაწყობად 7 მილიონი ევრო სესხი და გრანტი გამოიყო. აქედან 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხი, ხოლო 4 მილიონი ევრო შვედეთის სახელმწიფოს გრანტია.

აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო. პროექტს შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ [ყოფილი შპს „ჰიგიენა 2009“] ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის მთავრობა.

ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ააშენეს, პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად, პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი, შემდეგ კი, 2022 წლის ბოლო დაასახელეს, თუმცა მისი გახსნა აჭარის მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო კი, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ვალდებულების საკომისიოს იხდიდნენ.

  • წყალარინების პროექტი

პერიოდულად ბათუმის ახალ ბულვარში მცხოვრებლებს კანალიზაციის სუნი აწუხებთ. როგორც აქ ამბობენ, სუნი განსაკუთრებით მძაფრია წვიმიანი ამინდების შემდეგ. რიგ შემთხვევებში ამას ემატება ისიც, რომ ახალაშენებული კორპუსების სარდაფებში წყალი დგება და სწრაფად თუ არ ამოტუმბეს, ჭაობდება.

ბათუმის გარეუბნებში აშენებული მაღალსართულიანი კორპუსების უმეტესობა საკანალიზაციო სისტემაზე დაერთებული არ არის და ე.წ. შამბოებზეა დამაგრებული, თუმცა ამ შამბოების მომსახურებაც ვერ ხდება ეფექტურად, რაც დამატებითი გამოწვევაა ქალაქისთვის.

ხუთი წლის წინ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან [KFW] წინასწარი მოლაპარაკებით, ბანკი დამატებით 60 მილიონამდე ევროს გამოყოფდა, რომელიც ძირითადად შემოერთებულ ტერიტორიებს ადლიას, აეროპორტის დასახლებას, კახაბერს, ხელვაჩაურს, მეჯინისწყალს, მახინჯაურს და მწვანე კონცხს უნდა მოხმარებოდა.

„ამ დასახლებებში მთლიანად მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოება“, – ასეთი იყო დაპირება.

გერმანულმა ბანკმა მეხუთე ფაზისთვის სესხი [53 მილიონი ევრო] გამოყო, თუმცა ეს თანხა, მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყალკანალის სისტემის მოსაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბათუმის მერიაში კი წინასაარჩევნოდ ამ დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობაზე 16 მილიონი ლარით გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც წყალარინების ანუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობას არ ითვალისწინებს.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწვანე კონცხსა და მახინჯაურში საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, სავარაუდოდ, მე-6 ფაზაში განიხილება.

  • მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა

მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგრამასა თუ თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას მერია უკვე რამდენიმე წელია აანონსებს. თუმცა, უშედეგოდ.

2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილი, მერი ლაშა კომახიძე იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“. პროექტის მიხედვით, რომელიც ყოფილმა მერმა დააანონსა, პირს ან ოჯახს, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარი უნდა მიეღო. მერია ამ პროგრამით ქალაქში უპატრონო ძაღლების პრობლემის გადაჭრას გეგმავდა, თუმცა პროგრამა არ დაწყებულა.

2020 წელს კი აჭარაში დააანონსეს ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ.

2021 წელს მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული. ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა.

ხელახალი ტენდერი სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს. თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].

2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.

მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ არის.

  • ბათუმის გენგეგმა

„ბათუმს ისევ არ აქვს გენგეგმა“ – უკვე გაცვეთილი ფრაზაა. ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება-დამტკიცება იმ დაპირებების ჩამონათვალშია, რომელიც გასცა წინა არჩეულმა მერმა, იმის წინა არჩეულმა და იმის წინამაც. თუმცა, უშედეგოდ.

ამავე თემაზე: „ფულის კეთება არ მორჩა“ – ყოფილმა მერმა გენგეგმის დასრულება ვერ შეძლო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბათუმის გენგეგმის მომზადებას ამომრჩეველს 11 წელია, ანუ 2014 წლიდან ჰპირდება. ამ პერიოდში უკვე სამი მერი და ერთი მოვალეობის შემსრულებელი გამოცვალეს. ყველა მათგანის წინასაარჩევნო დაპირება ბათუმის გენგეგმის მომზადება იყო.

ამ წლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა ახალი სამშენებლო კოდექსი დაამტკიცა. მაშინ ბათუმის ქაოსური განაშენიანებით შეწუხებულ მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ მერია მშენებლობის ნებართვების გაცემას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მალევე საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ბათუმისთვის, რამაც ბათუმის მერს „ავარიული სახლების“ პროგრამის ფარგლებში სამშენებლო ნებართვის გაცემისას კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცა.

გარდა ამისა, პარლამენტმა ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების მიზნით სამშენებლო კოდექსში ცვლილების პროექტი განიხილა და დაამტკიცა.

წლების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირება კიდევ ბევრია. მათ შორის არის „ღამის თავშესაფრის მშენებლობა“ ბათუმში, რომელიც მერიამ დაიწყო და ჯერ არ დაუსრულებია.

  • ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენის პროექტი

ძველი ბათუმის ეზოების გადარჩენა მათი მფლობელების ეკონომიკური გაძლიერებით, ბათუმის ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის იდეა იყო. მერიას ამ ეზოების ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეესწავლა, შემდეგ კი პროექტების წარდგენაზე გამოეცხადებინა კონკურსი ძველ ბათუმში მდებარე ეზოების კომერციულ დატვირთვაზე, რომლებსაც 10-10 ათასი ლარით დააფინანსებდა.

მაშინ ამ პროექტმა ძეგლების დამცველების მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა მერიამ მის შესრულებას, როგორც ბევრ სხვა პროექტს, თავი ვერ მოაბა. ეზოები შეარჩიეს, თუმცა მხოლოდ 2 ეზო დააფინანსეს. ამის შემდეგ პროგრამა არ გაგრძელებულა.

ბსუ-ს რექტორს უკვე 3 მოადგილე ჰყავს – „არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ რექტორს, ტიტე აროშიძე 3 მოადგილე ჰყავს. მანამდე უნივერსიტეტის რექტორს ორი მოადგილე ჰყავდა.

რატომ დასჭირდა ბსუ-ს რექტორის კიდევ ერთი მოადგილე? – ახალი შტატი ბსუ-ში მას შემდეგ გაჩნდა, როცა 2025 წლის იანვარში სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. ტიტე აროშიძე მანამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ბსუ-ს წინა რექტორი, მერაბ ხალვაში ახალი რექტორის მოადგილე გახდა. მას ტიტე აროშიძემ ინოვაციების და სტრატეგიული განვითარების მიმართულება ჩააბარა. რექტორის მოადგილეა ასევე თამარ სირაძე – საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

გიორგი ქათამაძე კი, რექტორის კიდევ ერთი მოადგილე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით გახდა ბსუ-ს რექტორის მოადგილე. ის ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორია. „ბათუმელები“ მას დაუკავშირდა და ჰკითხა: შექმნეს თუ არა ახალი შტატი სპეციალურად მისთვის, იმიტომ, რომ მას რექტორობისთვის ამზადებენ?

  • ბატონო გიორგი, თქვენ რექტორის მოადგილე ხართ ახალ შტატზე. ბსუ-ს რექტორს უკვე სამი მოადგილე ჰყავს. რატომ გახდა ეს საჭირო?

უნივერსიტეტში აქამდე იყო ორი პრორექტორი: სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით. ახლა უკვე ცალკეა ინოვაციების და პროფესიული მიმართულება, გაჩნდა საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების პრორექტორი, ანუ რექტორის მოადგილე და ასევე, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულება. მანამდე თავმოყრილი იყო ერთად.

ინტერნაციონალიზაციაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება: უცხოური პროგრამები, გაცვლითი პროგრამები…

  • მას შემდეგ, რაც „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, გაქვთ მოლოდინი, რომ ეს პროგრამები ისევ გექნებათ?  

პირიქით, დაემატა უცხოეთის უნივერსიტეტთან, მაგალითად, სტაჟირების პროექტი, გაცვლითი პროექტები, ძლიერდება  საერთაშორისო მიმართულება… არცერთი მიმართულებით შეფერხება ჩვენთან არ ყოფილა.

  • არ თვლით პრობლემად იმას, რომ ევროპულ გზას საქართველო დაშორდა? რუსეთის ორბიტაზე გადასვლაზე არ აისახება უნივერსიტეტის პროგრამებზე?

მე არ ვარ პოლიტიკაში კარგად ჩახედული. მე გეტყვით ჩემს პოზიციას ამ წუთას, სადაც ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში – სასწავლო-სამეცნიერო პროცესს რაც შეეხება…

ჩვენ რაც დაწყებული გვაქვს, ის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, პირიქით, გეუბნებით, რომ კიდევ სამი-ოთხი ახალი პროექტი დავიწყეთ.

  • თქვენ გამზადებენ უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამიტომ დაგნიშნეს რექტორის მოადგილედ?

არ ვიცი, რა გითხრათ, საიდან? ეს პირველად მესმის, აქამდე არ გამიგია, პირველად მესმის თქვენგან ნამდვილად.

  • აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან აქვს კავშირი და ამიტომაც სურთ ტიტე აროშიძის ჩანაცვლებაო.

საიდან? პირადად არც კი ვიცნობ სულხან თამაზაშვილს.

მე არ მაქვს სულხან თამაზაშვილთან ნათესაური კავშირი ნამდვილად, გარდა იმისა, რომ უბრალოდ, წარმოშობით ქობულეთიდან ვარ.

  • ვისი ინიციატივა იყო თქვენი რექტორის მოადგილედ დანიშვნა, თანაც, როცა შტატი დაამატეს? 

ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში, კერძო სექტორში მუშაობის პარალელურად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრიც ვიყავი უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტისგან ადმინისტრაციულ პოზიციაზე აქამდეც ბევრჯერ მქონია შემოთავაზება, მათ შორის, წინა რექტორისგან. უნივერსიტეტში მუშაობა ჩემი საყვარელი სფეროა. აქამდეც აქტიურად განიხილებოდა გარკვეული ადმინისტრაციული პოზიციები, თუმცაღა პრობლემა იყო დრო და ასე შემდეგ. ამჯერად მივიღე ეს გადაწყვეტილება და დავთანხმდი.

ამავე თემაზე: 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე სტუდენტების პროტესტის ფონზე აირჩიეს

ვინ და როგორ გაინაწილა აბასთუმანი

ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მასშტაბური პროექტების განხორციელების პირობით აბასთუმანში სახელმწიფო ქონება იყიდეს, 2025 წლიდან სააქციო საზოგადოება „ტერას“ და ფონდ „ქართუს“ საკუთრებად დარეგისტრირდნენ. ორივე კომპანია ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

კურორტ აბასთუმანში ბოლო წლებში სახელმწიფო და კერძო ქონება იყიდეს და მშენებლობის ნებართვები მიიღეს ასევე „ოცნებასთან“ დაახლოებულმა კომპანიებმა. ამ კომპანიების დამფუძნებლები „ოცნების“ მხარდაჭერას მსხვილი ფულადი შეწირულობითაც გამოხატავენ.

ამ სტატიაში გიამბობთ, რომელი კომპანიები ახორციელებენ მსხვილ პროექტებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე და ვინ დგას ამ კომპანიების უკან. 

  • „პანორამა აბასთუმანი“

შპს „სანაპიროს ხედი“, რომელიც აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებს, ახალმა მფლობელმა დაირეგისტრირა. კომპანიას ოფშორში, კერძოდ პანამაში დაფუძნებული „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“ ფლობდა, როცა სახელმწიფოსგან აბასთუმნის ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული ორი მიწის ნაკვეთი შეისყიდა.

2025 წელს კომპანიის მფლობელი შეიცვალა და ახლა შპს „სანაპიროს ხედის“ ასივე პროცენტს სააქციო საზოგადოება „ტერა“ ფლობს. „ტერა“ ბიძინა ივანიშვილმა 2008 წელს დააფუძნა.

აბასთუმანში ყოფილი ტუბდისპანსერის შენობა, ფალიაშვილის ქუჩა #40-ის მიმდებარედ და მიწის ნაკვეთები 2 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს. ტუბდისპანსერის შენობა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთები ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს პირობიანი აუქციონით გაყიდა.

კომპანიამ მიწის ნაკვეთები და შენობა ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა და აქ აშენებულ ახალ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის – „პანორამა აბასთუმანის“ გახსნას გეგმავს.

ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, ქონების ნაწილზე არაუმეტეს ორი საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, ხოლო პროექტები არაუმეტეს 2022 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულიყო.

გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, საპრივატიზებო ქონება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქონებად გამოაცხადეს. ამ პერიოდში გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებაც, ანუ მას შემდეგ, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 

ქონება, რომლის საწყისი ფასი 3 მილიონ 485 ათასი ლარი იყო, შპს „სანაპიროს ხედმა“ 3 მილიონ  540  000 ლარად შეისყიდა.

ამ ნაკვეთის მიმდებარედ კომპანიამ კიდევ ერთი მიწის  ნაკვეთი, 4563 კვ.მეტრი დაირეგისტრირა 2020 წელს, საჯარო რეესტრის მონაცემებით აქ აშენებულია სახლი, რომლის ფართობიც 212 კვ.მეტრია. ნაკვეთს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და ასევე დაურეგისტრირებელი ფართობები ესაზღვრება.

  • „პარაგრაფი აბასთუმანი“

აბასთუმანში ყოფილ სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე [18 545 კვ მეტრი] ფართობზე სასტუმროს შპს „ცისარტყელა“ აშენებს. კომპანია ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის, რომლის ასი პროცენტიც ფონდ „ქართუს“ საკუთრებაა.

„ქართუ“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია.

როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, შპს „ცისარტყელამ“ ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია 2018 წელს უპირობო აუქციონით იყიდა და 1,8 ჰექტარ ფართობზე სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანს“ აშენებს.

აბასთუმანი, მონიშნულია შპს „ცისარტყელას“ ტერიტორია ასათიანის ქუჩაზე

აბასთუმანში, შპს „სანაპიროს ხედის“ უკვე თითქმის დასრულებული პროექტის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები შეისყიდა და მშენებლობა დაიწყო შპს „ემერალდმა“ – ამ კომპანიის ასივე პროცენტი „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის.

„ემერალდი“ 2018 წელს ირაკლი კაცაძეს დაუფუძნებია, მალევე მან კომპანია „ქართუ ჯგუფს“ სიმბოლურ ფასად, 100 ლარად მიჰყიდა, მანამდე კი ელექტრონულ აუქციონზე აბასთუმანში შეისყიდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ, რომლის ფართობიც 3000 კვ.მეტრზე მეტია.

აბასთუმანი. მონიშნულია შპს „სანაპიროს ხედისა“ და „ემერელდის“ ტერიტორიები ფალიაშვილის ქუჩაზე

აბასთუმანში მშენებლობა უკვე დაასრულა „აბასთუმანი 2019-მა“. კომპანია ფალიაშვილის ქუჩაზე ფლობს მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობიც 582 კვ.მეტრია.

2019 წელს ეს ქონება ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას, „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელს“ ეკუთვნოდა, 2025 წლიდან კი ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოება „ტერას“ საკუთრებაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია აბასთუმანში, ფალიაშვილის #24-ში, საპატრიარქოს ქონებასთან ახლოს, 5000 კვ.მეტრზე მეტ ფართობს ფლობს.

შპს „აბასთუმანი 2019“- ის ტერიტორია

 

  • ლაშა პაპაშვილის პროექტები აბასთუმანში

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანიები აბასთუმანში 2 სამშენებლო პროექტს ასრულებენ.

შპს „სასტუმრო პოეტი“ აბასთუმანში, ასათიანის ქუჩაზე, სასტუმროს აშენებს, კომპანიის საკუთრებაშია 7823 კვ. მეტრი ფართობი. გარდა ამისა, აბასთუმანში ლაშა პაპაშვილის სხვა კომპანია  -„სამეფო აბასთუმანი“ ამავე ქუჩაზე კიდევ ერთ კომპლექსს ასრულებს. აქ პაპაშვილის კომპანია 8374 კვ.მეტრ ფართობს ფლობს.

ლაშა პაპაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „აღობილი“ აბასთუმანში, „აღობილის დასახლებაში“  7 ჰეტარზე მრავაფუნქციური ობიეტის გახსნას გეგმავს, მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

„აღობილი“

გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილი აქ ძველი აბანოების აღდგენის პროექტს ახორციელებს.

შპს „სასტუმრო პოეტისა“ და შპს „სამეფო აბასთუმნის“ მიწის ნაკვეთები და მიმიდნარე პროექტები აბასთუმანში

ლაშა პაპაშვილი არის ბიზნესმენი, რომელსაც უკავშირდება „სკინტლის სკანდალი“ – პაპაშვილის საწარმო „ყვარლის ბაგაში“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. მის საწარმოში ყიდულობდნენ რძეს კომპანიები: „აგროჰაბი“, „სანტე“, „სოფლის ნობათი“. ამ საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა.

ლაშა პაპაშვილის მშენებარე პროექტთან ახლოს ასათიანის #2-ში 6168 კვ მეტრ ფართობს ფლობს თემურ ბიწაძე, „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის შვილი და „ალიანს ჯგუფთან “ დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია. თემურ ბიწაძე, ისევე როგორც კომპანიის პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.

თემურ ბიწაძის მიწის ნაკვეთი
  • „აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში

ცენტრალური დასახლებისგან მოშორებით, აბასთუმნის წიწვოვანი ტყის შუაგულში სანატორიუმ „არაზინდოს“ ტერიტორიაზე  „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმროს მშენებლობა დაასრულა და აქ „რუმსის“ კომპლექსის გახსნას გეგმავს. პროექტს შპს „არაზინდო“ ახორციელებს, კომპანიას კი „აჭარა ჯგუფი“ ფლობს.

სანატორიუმი „არაზინდო“ 1924 წელს აშენდა და მთელს კავკასიაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის სამკურნალო და დასასვენებელი ადგილი იყო. „რუმს აბასთუმანი“ რიგით მეხუთე სასტუმრო იქნება „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის, თბილისის, ბაკურიანის და ბათუმის შემდეგ.

ყოფილი სანატორიუმი „არაზინდო“ აბასთუმანში საქართველოს მთავრობამ 2021 წელს პირდაპირი წესით გაყიდა, განკარგულება ყოფილი სანატორიუმის გასხვისების თაობაზე გამოსცა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი განკარგულებებს არ ასაჯაროებდა, ცნობილი არ არის, ზუსტად რა ფასად გაყიდა მთავრობამ ქონება.

„აჭარა ჯგუფი“-ს ტერიტორია აბასთუმანში

შპს „არაზინდოს“, ისევე, როგორც „აჭარა ჯგუფის“ სხვა კომპანიებს, ოთარ ბერიშვილი ხელმძღვანელობს, „აჭარა ჯგუფი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ეკუთვნის. ოთარ ბერიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეა.

აბასთუმანში მიწის ნაკვეთს ფლობს შპს „ოცხე 2020“, რომელსაც ეს ნაკვეთი სამშენებლოდ 2020 წელს ელექტრონულ აუქციონზე შეუძენია. კომპანიის მფლობელი შპს „ზიმოს“ თანამფლობელი და „ქართული ოცნების“ შემწირველი ზურაბ კიკნაძეა. „ზიმო“ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობს და მაღალბიუჯეტიან ტენდერებს იგებს.

აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთს ფლობს და ვილებს აშენებს ზურაბ კიკნაძის კიდევ ერთი კომპანია „ვილა აბასთუმანი“. კომპანია აქ 5000 კვ.მეტრ ფართობზე მეტს ფლობს.

შპს „ვილა აბასთუმანის“ ტერიტორია

„ვილა აბასთუმნის“ 25 პროცენტს ზურაბ კიკნაძე ფლობს, მეწილეები არიან ასევე დავით ბალანჩივაძე – 51%, დიმიტრი დუგლაძე – 7% და ვახტანგ კარიჭაშვილი – 17%.  დავით ბალანჩივაძეს ვილებთან ახლოს 1535 კვ.მეტრ ფართობზე ორსართულიანი შენობაც აქვს დარეგისტრირებული.

დავით ბალანჩივაძე „ოცნების“ მხარდამჭერია. 2016 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირა. წლების განმავლობაში ის რამდენიმე მაღალბიუჯეტიან კომპანიას ხელმძღვანელობდა, ეს კომპანია საქართველოში  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სს RMG Gold-ის წილების მფლობელია.

დავით ბალანჩივაძის შეწირულობები „ოცნებას“

„არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს შენადნობს. „არემჯის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას ყიდულობენ მსხვილი საერთაშორისო ტრეიდერული კომპანიები.

RMG Gold ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საყდრისი ააფეთქა

„ვილა აბასთუმნის“ 17-პროცენტიანი მეწილე ვახტანგ კარიჭაშვილი საქართველოში 20-ზე მეტ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შპს „მელიქიშვილი ინნ“, სადაც წილებს ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან ინაწილებს. პარტნიორები კომპანიის 50-50 პროცენტს ფლობენ. კომპანია თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5-ში, სასტუმროს აშენებს.

„ვილა აბასთუმნის“ კიდევ ერთი მეწილე, დიმიტრი დუგლაძე შპს „ვორლდ ვინტნერს ჯორჯიას“ თანამფლობელი და შპს „ინვესტმენტ-სპოტ“ – ის 100 პროცენტის მფლობელია.

შპს „თი ქეი ვენჩერსი“ აბასთუმანში 3625 კვ.მეტრს ფლობს კომპანიამ აქ ვილები ააშენა. კომპანია ლუიზა დოლიძეს ეკუთვნის, დირექტორი გოჩა მურუსიძეა. ლუიზა დოლიძე ფლობს ასევე შპს „წყნეთი რიალ ისთეითის“ ასივე პროცენტს.

აბასთუმანში, შპს „სამეფო აბასთუმანის“ მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ 8000 კვ.მეტრზე მეტს ფლობს შპს „პარკ ჰოტელი“. ამ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელია მარიკა უგრეხელიძე. ის რამდენიმე ათეული კომპანიის მფლობელია, მათ შორის არის შპს „დიზონ სასტუმროები“.

შპს „პარკ ჰოტელ“ – ის ნაკვეთი

2025 წლის სექტემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აბასთუმანში სახელმწიფო პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ კურორტის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭიროა ახალი ეტაპის დაწყება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არქიტექტორების ჩართულობით, იწყებს კურორტის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვაზე მუშაობას.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მთავრობის დაფინანსებით აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. 2018 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებმა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები ასობით მილიონი ლარით დააფინანსეს, ამ პროექტებთან დაკავშირებული შესყიდვების ფარგლებში სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტების უმეტესობა კი „ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა მიიღეს.

სოლიდარობის თემი მუშაობას აჩერებს „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ მუშაობას აჩერებს.

ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 3 ოქტომბერს, ფეისბუქზე გაავრცელა.

როგორც „სოლიდარობის თემი“ აცხადებს, მათი შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკას.

ორგანიზაციის განცხადებით, სოლიდარობის თემი მუშაობას განუსაზღვრელი ვადით წყვეტს.

„მადლობა ჩვენს თითოეულ მხარდამჭერსა და თანამოაზრეს.

გუნდი ვრჩებით ორგანიზაციის ღირებულებების ერთგული და გავაგრძელებთ საქართველოში დემოკრატიისთვის ბრძოლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოლიდარობის თემი“ რამდენიმე წლის წინ, მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დააარსეს.

აშუქებდნენ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს – საუბრობდნენ მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე, მუსლიმი თემის ინტეგრაციაზე, ქალების უფლებებზე და სოფლად მცხოვრები ადამიანების გამოწვევებზე.

ასევე „სოლიდარობის თემმა“ კვლევა ჩაატარა აჭარაში მუსლიმური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და აღწერა მათი კრიტიკული მდგომარეობა.

ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და აპროტესტებდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონებს.

პოეტი კალმის და ფურცლის გარეშე ციხეში – „ზვიადის მეუღლეს დღესაც არ მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება“

„მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ. არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“- განაცხადა თავის სასამართლო პროცესზე 2 ოქტომბერს პოეტმა, სინდისის პატიმარმა, ზვიად რატიანმა.

რატომ დატოვეს პოეტი კალმისა და ფურცლის გარეშე ციხეში და ხომ არ არის ეს ზვიად რატიანის მიმართ ერთგვარი ანგარიშსწორება? – ამ თემაზე ზვიად რატიანის ადვოკატს, მარიამ პატარიძეს ვესაუბრეთ.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მარიამ პატარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს შეზღუდვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალ ხელმძღვანელობას უკავშირდება.

„სავარაუდოდ ახალი ხელმძღვანელობიდან გამომდინარეობს იმიტომ, რომ ზვიადის მეუღლეს წინათაც ჰქონდა მცდელობა, რომ შეეგზავნა მაისური, რომელსაც აწერია, – „კალამი დუმილის წინააღმდეგ“, ლიტერატურული ფესტივალიდან იყო ეს მაისური და არ შეაგზავნინეს.

ასევე, არ შეაგზავნინეს ბლოკნოტი და პასტა, რომელიც არაფრით გამორჩეული არ ყოფილა, ჩვეულებრივი კალამი იყო. შესაძლოა რაღაც თვითნებურ შეზღუდვასთან გვქონდეს საქმე, რადგან რამდენადაც გავიგე, ეს არ ეხება მხოლოდ ზვიადს და მსგავსი ტიპის ნივთების შეტანას სხვებსაც უკრძალავენ“ – ამბობს ადვოკატი.

რას ნიშნავს „თვითნებური?“, შესაძლოა რომელიმე ცალკეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს და არა რაიმე ოფიციალური ბრძანება? – ვკითხეთ ადვოკატს.

„როგორც ჩანს. შინაგანაწესში რომ იყოს რაიმე ცვლილება შეტანილი, არა მგონია. უბრალოდ, ფაქტია, რომ მაგალითად, 10 დღის წინ და ორი კვირის წინ თუ შესაძლებელი იყო რაღაც მაისურის თუ ბლოკნოტის და კალმის შეტანა, ახლა აღარ შეიძლება.

დღესაც იყო ზვიადის მეუღლე ციხეზე და არც ახლა მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ორშაბათს, 6 ოქტომბერს ოფიციალურად მივწეროთ ციხის დირექტორს მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება, თუ რასთან დაკავშირებით არის ეს შეზღუდვა და ვნახოთ რას გვიპასუხებენ. ოფიციალური პასუხი ჩვენ ამ დროისთვის არ გვაქვს“ – ამბობს მარიამ პატარიძე.

ადვოკატის თქმით, მან ზვიად რატიანი 25 სექტემბერს მოინახულა, თუმცა კალმის და ბლოკნოტის შეზღუდვაზე მაშინ მას არაფერი უთქვამს. „როგორც ჩანს, ბოლო ერთი კვირის ამბავია, ასეთი შეზღუდვები“ – ამბობს ის.

„ზვიადი საუბრობდა, რომ მას კალმის და ბლოკნოტის შეძენის საშუალება არც ციხის მაღაზიაში მისცეს. მაშინ როცა სხვებს შეუძლიათ ციხის მაღაზიაში ყიდვა. შესაბამისად, ეს შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობა“ – ამბობს მარიამ პატარიძე.

მისი თქმით, ამ საკითხზე პენიტენციური სამსახურიდან მიღებულ პასუხს, აუცილებლად გაასაჯაროებენ.

„ბათუმელები“ დღეს დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ჰკითხა, თუ რა მიზეზით არ ეძლევა პოეტ ზვიად რატიანს კალმის და ბლოკნოტის შეძენის უფლება.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ ამ საკითხზე ამომწურავი პასუხი გამოქვეყნებული აქვთ, თუმცა, პენიტენციურის განცხადებაში საუბარია მხოლოდ ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობაზე და არცერთი სიტყვა არ არის კალმის ან ბლოკნოტის შეძენის შეზღუდვაზე.

ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 208-ე დღეს მიმდინარე აქციაზე, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას 353 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ზვიად რატიანის თქმით, პოლიციელზე გარტყმული სილა იყო სიმბოლური და პროტესტი იმ უსამართლობაზე, რასაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ზვიად რატიანის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მომდევნო და დიდი ალბათობით ბოლო სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს, 17 საათზეა ჩანიშნული.

ფინეთში სასამართლომ შეწყვიტა ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების წინააღმდეგ აღძრული საქმე

ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დახურა ნავთობტანკერ Eagle S-ის ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეების საქმე.

ფინეთის პროკურატურა მათ ფინეთის ყურეში წყალქვეშა ელექტროსადენის დაზიანებას ედავებოდა.

როგორც ფინური მედია წერს, ჰელსინკის საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ „მას არ აქვს იურისდიქცია გემის მიერ კაბელისთვის მიყენებული ზიანის განხილვაზე“.

შემთხვევა 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა, რუსული, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერმა Eagle S-მა ფინეთის ყურეში, ფინეთსა და ესტონეთს შორის გამავალი ელექტროსადენი დააზიანა. დააკავეს გემის ქართველი კაპიტანი დავით ვადაჭკორია და მისი ორი თანაშემწე – რობერტ ეგიზარიანი და სანტოშ კუმარ ჩაურასა.

პროკურატურის თანახმად, კაპიტანს და მის თანაშემწეებს ბრალად ედებოდათ „რუსეთის პორტიდან გამოსული ნავთობტანკერ Eagle S-ით ფინეთის ყურეში, ხუთი საზღვაო კაბელის, მათ შორის ელექტრო და  სატელეკომუნიკაციო კაბელების, დაზიანება ზღვის ფსკერზე ღუზის გათრევით. ბრალის ფორმულირების თანახმად, კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი რამდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ჩაშვებული ღუზით მოძრაობდა იმისათვის, რომ წყალქვეშა კაბელები დაეზიანებინა“.

ჰელსინკის პროკურატურა ითხოვდა ქართველი კაპიტნისა და მისი თანაშემწეებისათვის მინიმუმ 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ბრალდების თანახმად, „კუკის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ნავთობტანკერმა Eagle S-მა ჩაიდინა ვანდალიზმი და ამით შეაფერხა ტელეკომუნიკაციების მუშაობა“.

სასამართლო პროცესი ფინეთში თითქმის 9 თვე მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში კაპიტანს და მის თანაშემწეებს არ ჰქონდათ ფინეთის დატოვების უფლება.

12 სექტემბერს ჰელსინკის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლოს განაჩენის თანახმად, პროკურორის მიერ მოთხოვნილი დანაშაულები ფინეთის ეკონომიკურ ზონაში მოხდა, მაგრამ ტანკერისა და მისი ეკიპაჟის წინააღმდეგ გამოძიება ფინეთის ტერიტორიულ წყლებში დაიწყო.

„ვინაიდან სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი იყო ტანკერის ფინეთის ტერიტორიულ წყლებში ჩასვლამდე, ფინეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება არ შეიძლება დაფუძნებული იყოს ტერიტორიულ წყლებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებზე“, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ჰელსინკის საოლქო სასამართლო გადაწყვეტილებიდან ამონარიდებს ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ელექტროკაბელის გაწყვეტამ, უარეს შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ელექტროენერგიის ხარჯების ზრდა და ელექტროენერგიის რამდენიმესაათიანი გათიშვა.

„სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ქმედებას არ მოჰყოლია შედეგები, რომლებიც აკმაყოფილებს ვანდალიზმის ან სერიოზული ვანდალიზმის კრიტერიუმებს“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მოსამართლემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაბელის გაწყვეტამ ფინური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი გამოიწვია.

ქართველი კაპიტანი და მისი თანაშემწეები დაკავების მომენტიდანვე კატეგორიულად უარყოფდნენ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას და ამბობდნენ, რომ კაბელის გაწყვეტა შემთხვევითობა იყო.

სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მეზღვაურებს მოუხსნა მოგზაურობის აკრძალვა, ამასთან, განმარტა, რომ „სახელმწიფომ ბრალდებულებს სასამართლო ხარჯები უნდა აუნაზღაუროს“.

ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთის სახელმწიფოს ტანკერ Eagle S-ის მეზღვაურების სასამართლო პროცესი თითქმის 200 000 ევრო დაუჯდა.

______________

მთავარ ფოტოზე: მარცხნიდან რობერტ ეგიზარიანი, დავით ვადაჭკორია და სანტოშ კუმარ ჩაურასა. ფოტო: ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ამავე თემაზე:

გემის დატოვება აუკრძალეს ქართველ მეზღვაურებს, რომელთაც ფინეთის ყურეში კაბელის დაზიანებას ედავებიან

დგებუაძის გარდა კიდევ ვინ მოხვდა „მზიას სიაში“ – დამუშავებულია 276 პირის მონაცემები

„მზიას სიას“ ქართველი ემიგრანტები უკვე უგზავნიან 36 ქვეყანას. დასასანქცირებელთა სიაში 277 პირია.

სიაშია ირაკლი დგებუაძე – პოლიციელი, რომელმაც თქვა, რომ სილის გაწვნის შემდეგ ლოყა ეტკინა. „მზიას სიაში“ ქართველმა ემიგრანტებმა ჩაწერეს სინდისის პატიმრების საქმის გამყალბებელი გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, პროპაგანდისტები, „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები, „ტიტუშკები“, ცრუ მოწმეები…

თბილისის სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსიც მოხვდა ამ სიაში, ის კაცი, განსაკუთრებული აგრესიით რომ ექცევა პროცესზე დასასწრებად მისულ ადამიანებს.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტია, გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებელი. მას სილის გაწვნის გამო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მზიას სია“ მოძრაობის ფარგლებში „მზია“ ქართველი ემიგრანტების 34-მა ჯგუფმა და ორგანიზაციამ შეიმუშავა ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით.

„ბათუმელები“ ესაუბრა დავით ძიძიშვილს, ქართველი ემიგრანტების ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის – „პლატფორმა 2025“-ის წარმომადგენელს. იგი ჰიბრიდული ომების მკვლევარია და ამ დროისთვის ბელგიაში მუშაობს:

  • ბატონო დავით, რა ეტაპზე გადავიდა მზიას სია“, რომელიც ემიგრანტებმა შეადგინეთ და ემსახურება ავტორიტარული რეჟიმის დასანქცირებას საქართველოში?

ეს არის დოკუმენტი, რომელიც შევიმუშავეთ ქართულ სამოქალაქო სექტორთან აქტიური კოორდინაციით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში არიან ბაზირებული. მათი მხარდაჭერითა და მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევიმუშავეთ 277 ადამიანისაგან შემდგარი სია, რომელიც აერთიანებს არამხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, არამედ კონცენტრირებულია ადამიანებზე, ვინც უკანონო დავალებების უშუალოდ შემსრულებლები არიან:

პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები, სამართალდამცველები, ცრუ მოწმეები, ე.წ.„ტიტუშკები”, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე და ხშირად არიან განმეორებით ქმედებებში შემჩნეული, ადამიანები, რომლებიც ავტორიტარიზმის საცეცებად იქცნენ და მათი ქმედებები აშკარად მიმართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ.

  • „მზიას სია“ საჯაროა, ცნობილია ამ 277 პირის ვინაობა?

თავიდანვე გადაწყდა, რომ ამ სიაში შესული ადამიანების ნაწილი გასაჯაროვდება Facebook-ის არხების საშუალებით. ეს გადაწყვიტეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც გაერთიანდნენ მოძრაობა „მზიას” ფარგლებში. ეს არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, მე  წარმოვადგენ „პლატფორმა 2025-ს“, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად „პლატფორმა 2025“-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ან განცხადება.

ჩვენ ჯერ კიდევ გვიერთდებიან ორგანიზაციები. შევჯერდით პრინციპზე, რომ 277-ივე ადამიანის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ იმ მიზეზის გამო, რომ ყველას, ვინც თავად იცის, რომ ჩართულია ამ პროცესში, ჰქონდეს განცდა, რომ თვითონაც შეიძლება იყოს ამ სიის ნაწილი.

დავით ძიძიშვილი

ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს 277 ადამიანი იყოს ფიქსირებული ციფრი, თუკი ისინი იქნებიან იდენტიფიცირებული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ წერილში, რომელსაც ვუგზავნით 36 ქვეყანას საგარეო საქმეთა სამინისტროების, ადგილობრივი პარლამენტებისა და ადგილობრივი მთავრობების დონეზე. ამ სიას გადავცემთ ევროკომისიას, ნატოს, ევროპარლამენტს.

გამოვიყენებთ პერსონალურ კავშირებს და ვეცდებით, რომ ეს სია გადავცეთ არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროებს, არამედ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ვიცით, რომ რეაგირებას მოახდენენ ამ სიაზე. ეს არ უნდა იყოს სია სიისთვის, რომელიც სადღაც გაიგზავნა.

ქართულ ემიგრაციას აქვს საკმაოდ კარგი კავშირები იმ 36 ქვეყანაში, რომელშიც ეს სია იგზავნება და ეს მოიცავს პრინციპში მთელ მსოფლიოს, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთავრებული ავსტრალიით. ეს 36 ქვეყანა არ არის მხოლოდ ევროპული ქვეყნები.

მაგნიტსკის აქტზე მუშაობაც ასე დაიწყო თავის დროზე. ის ერთი ადამიანის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეეხებოდა და იმ ადამიანთან მიმართებაში ეს პროცესი ძალიან ტრაგიკული იყო. იმედია, ჩვენ ამაზე არასოდეს არ მოგვიწევს საუბარი მზიასთან მიმართებაში.

  • ვისაც უკვე გადაეცით ეს სია, ხომ არ არის უკვე ცნობილი მათი დამოკიდებულება? რამდენად არსებობს ინტერესი „მზიას სიის“ მიმართ?

როცა ჩვენ „მზიას მოძრაობის” შესახებ დავიწყეთ კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ თანამდებობის პირებთან, მივიღეთ ძალიან კარგი უკუკავშირი, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებიდან. ისინი მზად ელიან ამ სიას. გვაქვს ღიად მიღებული სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესებულები არიან ამ სიის მიღებით.

„მზიას სიაში“ არიან ის ადამიანებიც, ვინც უკვე დასანქცირებული ჰყავს ბალტიის ქვეყნებს, თუმცა არიან ახალი ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ შეხებია სანქცია.

სხვადასხვა ტიპის გამოხმაურების გამოცდილება გვაქვს და ამიტომ ველით, რომ ამ შემთხვევაშიც პასუხი იქნება საკმაოდ სოლიდური, რაც მთავარია, დროში არ იქნება გაწელილი. როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის დოკუმენტებთან დაკავშირებით ხშირად იწელება გადაწყვეტილებები, თუმცა ვნახეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად რეაგირებენ ასეთი ტიპის წერილებზე და ვიღებთ პასუხებს.

  • „მზიას სიაშია“ ირაკლი დგებუაძე – ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი და ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე წერდით. კიდევ ვინ შეიძლება დაასახელოთ „მზიას სიიდან“?

ირაკლი დგებუაძე, ბუნებრივია, არის „მზიას სიაში“, რადგან მთელი ეს პროცესი დაიწყო ამ ადამიანის მიერ გამოგონილი, თითიდან გამოწოვილიც აღარ ჰქვია მაგას – ბრალდებებით და მას მოწინავე ადგილი აქვს ამ სიაში.

ირაკლი დგებუაძის გარდა ამ სიაშია, ცხადია, მზია ამაღლობელის საქმის განმხილველი მოსამართლე, გამომძიებლები და პროკურორები, ასევე ნინო დათაშვილი საქმის მოსამართლე.

სიაში შევიყვანეთ, მაგალითად, დავით მატიაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი, რომელიც წარმოუდგენელი, გაუგონარი აგრესიით გამოირჩევა ადამიანებთან მიმართებაში.

ამ სიაში ადამიანები არიან დანომრილი პირობითად. ჩავთვალეთ, რომ არაა მნიშვნელოვანი: სიაში პირველი ვინ იქნება, მეორე ვინ იქნება და ასე შემდეგ. მიგვაჩნია, რომ 277-ვე არის თანაბარი დონის დამნაშავე. მაგალითად, ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ სიაშია – ნუ, მის გარეშე ეს სია ვერ იარსებებდა – მაგრამ არ მიმაჩნია, რომ, მაგალითად, აი, ჩვენ მიერ ხსენებული დგებუაძე ნაკლები დამნაშავეა. ისინი თანაბარი მნიშვნელობის დამნაშავეები არიან ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის, პოლიტპატიმრების და პოლიტიკური დევნის შექმნის პროცესში.

მარტო ირაკლი კობახიძე ვერაფერს იზამს, რომ არ ჰყავდეს შემსრულებლები. კობახიძის და სხვების უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება რომ არ ხდებოდეს და წინააღმდეგობას უწევდნენ, კობახიძე ვერ შეინარჩუნებდა რეჟიმს, ხომ?

შესაბამისად, ისინი არიან ამ რეჟიმის ფორმირების თანამონაწილეები. ამიტომაც, „მზიას სიაში“ ვიღაც შეიძლება წერია 178-ედ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

წერილში, რომელიც ახლავს ამ სიას, გვაქვს ახსნილი ეს ნაწილი. სიას თან ახლავს საკმაოდ ბევრი დანართი თითოეულ ადამიანზე, სადაც ახსნილია, კონკრეტულად რის გამო მოხვდა ესა და თუ ის ადამიანი „მზიას სიაში“.

ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა რამდენიმე ქართული ორგანიზაცია. ისინი, რომლებიც წლებია იცავენ საქართველოში ადამიანის უფლებებს.

  • როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მოხვდეს „მზიას სიაში“?

რეალურად გადაწყვეტილებას ვიღებთ მას შემდეგ, როცა გვაქვს კომუნიკაცია ქართულ ორგანიზაციებთან და ისინი გვეუბნებიან, რომ აი, ეს კონკრეტული ადამიანი იდენტიფიცირებულია, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები ამ ადამიანთან მიმართებაში და შემდეგ ვაკეთებთ იდენტიფიცირებას: რამდენად შესაბამისობაშია მოძრაობა „მზიას“ მიზნებთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მზიას და არა მარტო მზიას – ყველა პოლიტიკური ტყვის თავისუფლება.

ეს სამოქალაქო ორგანიზაციები საქართველოში დაახლოებით 20-25 წელია იცავენ ადამიანის უფლებებს და მათ მიმართ არ არსებობს შეკითხვები, რომ აი, თავიანთ საქმეს სწორად აკეთებენ თუ არა.

ასევე, შეიძლება, ვიღაც ადამიანზე იყოს მოსაზრება, რომ დასასანქცირებელია, მაგალითად, იმის გამო, რომ მუშტებს უქნევს პოლიტიკურ ოპონენტს. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ შემდეგი პრიზმიდან: რამდენად არის ეს ადამიანი ავტორიტარიზმის და ქვეყანაში პოლიტიკური ტყვეების არსებობის თანამონაწილე? თუ დასტურდება, რომ თანამონაწილეობა, მაშინ მისი ადგილი ამ სიაშია.

  • რა დატვირთვას იძენს „მზიას სია“?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ გვახსოვს დაკავებები სხვადასხვა ხელისუფლების დროს, რაც ბადებდა შეკითხვას: ხომ არ იყო ეს პოლიტიკური დაკვეთა? მზია ამაღლობელის დაკავება იყო ყველაზე ნათელი მაგალითი, როგორ ებრძვის რეჟიმი საქართველოში სიტყვის თავისუფლებას.

მზია გახდა პირველი თვალსაჩინო ტყვე რეჟიმისა. ამ დაკავებით რეჟიმმა თქვა, რომ დიახ, პოლიტიკური დაკავებებით და რეპრესიებითაა დაკავებული. ის ბრალდება, რომლითაც მზია ამაღლობელი დააკავეს, სასაცილოც არ არის. როცა უყვები ევროპაში ადამიანებს, რის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი და რამდენი ხნის განმავლობაში აპირებენ, რომ ჰყავდეთ ციხეში გამოკეტილი, გაოგნებულია ყველა. თანაც, როცა უხსნი, რომ ეს ადამიანი არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მედიასაშუალებას და ამ მედიასაშუალების მიმართ არცერთი ხელისუფლების დროს არ იდგა კითხვა: რამდენად ობიექტური.

დამოუკიდებელ მედიაზე დგას რეალურად თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება. ყველაზე მეტად რეპრესია მედიის მიმართ რომ ხორციელდება საქართველოში, ეს ბევრისთვის ნათელი გახდა სწორედ მზიას დაკავების შემდეგ. ჩემთვის, ან ბევრისთვის საქართველოში, შეიძლება მანამდეც ნათელი იყო ეს ამბავი, მაგრამ მზია ამაღლობელის საქმე იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომ ნამდვილად ის ხდება, რაზეც უკვე ამდენი ხანია საუბარია ამ ქვეყანაში.

ამიტომაც, გაჩნდა იდეა, რომ მზია უნდა ყოფილიყო სწორედ შემკრები ემიგრაციული ორგანიზაციებისა. მზიას სახელის ხსენება დასავლეთში ძალიან გასაგებია ყველასთვის, რაზე საუბრობ. არავინ არ სვამს კითხვას: იქნებ რაღაც დანაშაული იყო.

სწორედ მზია ამაღლობელის გარშემო უნდა გაერთიანდეს – ანუ თავისუფალი სიტყვის გარშემო – ქართული ემიგრაციული ორგანიზაციებიც. ამან შეიძლება მოგვცეს რესურსი იმის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა.

შესაძლებელია, ასევე, „მზიას სია“ იქცეს საკანონმდებლო აქტად, რომელიც დაიცავს არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოხატვის თავისუფლებას, რომ ადამიანებს არ აკავებდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აბსურდული ბრალდებით.

გარდა იმისა, რომ მზია ამაღლობელს შეზღუდული აქვს პროფესიული საქმიანობა, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც აქვს და ვიცით, რაც ხდება ქართულ ციხეებში.

___

ამ თემაზე:

ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები 

 

„გაშიშვლება დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა“ – SJC გელა ხასაიას შესახებ

სამოქალაქო აქტივისტის და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის გელა ხასაიას დაკავებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება.

„გელა ხასაიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, ერთი მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი პირების დევნისა და მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების, მეორე მხრივ, კი რეპრესიული საპოლიციო პრაქტიკის მკაფიო გამოვლინებაა,“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და იქვე განმარტავს, რომ სამართალდამცავი უწყებები პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.

გელა ხასაია 30 სექტემბერს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. შსს-ს თანახმად, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით (სსკ-ს 120-ე მუხლი) მიმდინარეობდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ გელა ხასაიას ბრალი წარუდგინა დამძიმებული მუხლის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის (სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გელა ხასაიას ადვოკატი განმარტავს, დაკავება, სავარაუდოდ, უკავშირდება პირველ სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო, თუმცა მომხდართან არაფერი აკავშირებს, რადგან დაპირისპირება მისთვის უცნობ პირებს შორის მოხდა. ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს გელა ხასაიას ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერი.

პირველ ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მოსამართლე ნანა შამათავამ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე გელა ხასაიამ მოყვა, თუ როგორ დამამცირებლად მოექცნენ პოლიციელები, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ კი, ორჯერ გააშიშვლეს.

„განსაკუთრებულად შემაშფოთებელია გელა ხასაიას განმარტება პირად ჩხრეკის პროცესში უსაფუძვლოდ – ორჯერ, სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით, რაც უხეშად არღვევს მის ღირსებასა და ფუნდამენტურ უფლებებს,“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომ პირის სრული გაშიშვლება პირადი ჩხრეკის ჩატარების განსაკუთრებით ინტენსიური ფორმაა, რომელსაც მკაცრად განსაზღვრული წინაპირობების აქვს.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ლეგიტიმური მიზნისა და სათანადო დასაბუთების გარეშე პირის განმეორებითი და სრული ჩხრეკა უხეშად არღვევს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების მოთხოვნებს.

ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გაშიშვლება არ ატარებს განსაკუთრებულად დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ფორმებს, მისი განმეორებითობა დაკავებულს უჩენს შფოთვისა და დაუცველობის განცდას, აყენებს მორალურ ტანჯვას მისი თვითნებურობის გამო, რაც სცდება ჩხრეკის დასაშვებ დონეს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) მიიჩნევს, რომ პირადი ჩხრეკის მიზნით პირის სრული გაშიშვლება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური რისკის შეფასებას, დაექვემდებაროს მკაცრ ზედამხედველობასა და წინასწარ დადგენილ სტანდარტებს.

პირადი ჩხრეკა შესაძლოა გადაიზარდოს არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაში მსგავსი განზრახვის არსებობის გარეშეც, თუ ის სათანადო წესით დაცვით არ არის ჩატარებული. აუცილებელია, რომ ჩხრეკისას პირის მიმართ მოპყრობა იყოს ჰუმანური და არ არღვევდეს მის თანდაყოლილ ღირსებას“.

„გელა ხასაიას მონათხრობი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომუნიკაციის შესახებ, კიდევ უფრო ამძიმებს გაშიშვლების ფაქტს და, ერთი მხრივ, აჩენს სერიოზულ ვარაუდს, რომ ეს ზომა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არამედ დაკავებულის კიდევ უფრო მეტად დამცირებას ემსახურებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, თავად გაშიშვლების და ჩხრეკის პროცესს კიდევ უფრო მეტად ღირსების შემლახველად აქცევს დაკავებულისთვის

ცალსახაა, რომ პოლიციის განყოფილებაში გელა ხასაიას მიმართ განხორციელებული ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – წარმოადგენს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პირადი ჩხრეკის პროცესში ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე რეაგირება არ ჰქონია არც სახალხო დამცველს“, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გელა ხასაიას გარდა, საპატიმრო სასჯელს იხდიან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა წევრები და ლიდერები (ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, საბა სხვიტარიძე). თავად გელა ხასაია კი მანამდე არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, დაკავებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ კოალიციის წარმომადგენლებიდან ხასაია არ არის პირველი, ვის მიმართაც არაადამიანური მოპყრობის ფაქტი გამოვლინდა.

„2025 წლის 29 მარტს, ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების პროცედურის დროს, პოლიციის თანამშრომლებმა მას გაშიშვლება აიძულეს, ხელები შეუკრეს და დიდი ხნის განმავლობაში მეტალოდეტექტორის ატარებდნენ შიშველ სხეულზე. იძულებითი გაშიშვლება აგრეთვე მასობრივად გამოიყენებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებული აქტივისტების დამცირებისა და დასჯის მიზნით. ეს საქმეები კვლავ გამოუძიებელი რჩება, რაც ახალისებს დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას სამართალდამცავების მხრიდან.

საგანგაშოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან დაკავებული პირების იძულებითმა გაშიშვლებამ განმეორებითი პრაქტიკას ფორმა მიიღო. არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპოლიციო რეჟიმი სრულად არის მოწყვეტილი ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახალხო დამცველს შეისწავლოს გელა ხასაიას მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტები და, ზოგადად, დაკავებული პირების შესაბამის დაწესებულებაში განსახლების დროს გაშიშვლების პრაქტიკა, მიიღოს სპეციალური და სწრაფი ზომები მის აღმოსაფხვრელად. ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატაროს გელა ხასაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი, რომელიც ფაბრიკაციისა და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციის სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

გერმანიის მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. მეტი სანქციები – ბუნდესტაგის წევრი საქართველოში რეპრესიებზე

გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი საპარლამენტო ჯგუფიდან „ალიანსი 90/მწვანეები“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი საქართველოში დაგეგმილ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება.

„შაბათს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ოპოზიციის დიდი ნაწილი შიშობს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი – და რომ შედეგი უკვე წინასწარ არის განსაზღვრული. შედეგად, მრავალი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს და მოუწოდებს არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველების წინააღმდეგ.

უკვე რამდენიმე თვეა, „ქართული ოცნება“ აძლიერებს რეპრესიებს მომიტინგეების, ოპოზიციონერებისა და ქვეყნის პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები დაპატიმრებულნი არიან შეთითხნილი ბრალდებებით. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შევიწროებულნი არიან მუდმივად ახალი მოთხოვნებითა და რეგისტრაციის ვალდებულებებით, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების გაჩუმებას.

ანტისამთავრობო პროტესტების დროს პოლიციის ძალადობა და თვითნებური დაპატიმრებები ნორმად იქცა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების: ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა გვარამიას, ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ.

გერმანიის მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს მიმდინარე რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებით და ევროპულ დონეზე ევროკავშირის სანქციების ერთობლივი პაკეტის შემუშავებით. ევროპამ არ უნდა მიატოვოს საქართველოს მოსახლეობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც რობინ ვაგენერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

რობინ ვაგენერი არაერთხელ გამოეხმაურა განცხადებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ საქართველოში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე მიზანმიმართული სანქციებია საჭირო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი კუპრაშვილის ბიუროს – „ესაა ნაბიჯი ორგანიზაციის გასანადგურებლად“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 3 ოქტომბერს განცხადება  გაავრცელა და განაცხადა, რომ უარით პასუხობს ანტიკორუფციული ბიუროს დაუსაბუთებელ მოთხოვნას ინფორმაციის გადაცემაზე.

30 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოითხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ქარტია თავის კანონიერ უფლებებს ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს.

ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით.

ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებსა და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა.

მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებელთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას“ – აცხადებს ქარტია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წელს დააფუძნეს ჟურნალისტებმა.

დღემდე ქარტიამ ჟურნალისტური ნამუშევრების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა. განმცხადებლებს შორის, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულები და რიგითი მოქალაქეები, რაც საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტებში ქარტიის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს.

„ქარტიას წვლილი აქვს შეტანილი ქართული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ქარტია არჩევნებს პირველად 2012 წელს დააკვირდა და მას შემდეგ, წლევანდლამდე, ორგანიზაციას არჩევნები არ დაუტოვებია, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგაშუქების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხი რომ არ შეეფასებინა, რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იყო იმის დასადგენად, ესა თუ ის არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა თუ არა.

ქარტიამ პროფესიული განვითარების მრავალი შესაძლებლობა მისცა ასეულობით ქართველ ჟურნალისტს და სტუდენტს, ჩაატარა ტრენინგები, გაუწია მათ კონსულტაცია პროფესიულ საკითხებზე, მოამზადა და გამოაქვეყნა მეგზურები და სახელმძღვანელოები. ქარტია თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაჩენილიყო მოთხოვნა დამოუკიდებელ და ხარისხიან ჟურნალისტიკაზე.

ამ ყველაფერს ქარტია მინიმალური რესურსებით და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. ქარტიის საბჭოს არჩეული წევრები, ქარტიის საბჭოს არჩეული თავმჯდომარეები, განცხადებებს მოხალისეობრივ საწყისებზე იხილავდნენ, ამ საქმეს უშურველად უთმობდნენ დიდ დროს და ენერგიას იმ რწმენით, რომ ყოველი გადაწყვეტილებით კიდევ ერთ აგურს დებდნენ საქართველოში უფრო მაღალპროფესიული მედიის მშენებლობაში, რომელიც უკეთ მოემსახურებოდა მეტად მედიაწიგნიერ საზოგადოებას“ – ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 21 საათიდან 4 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 1-2 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 ოქტომბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

“I Thought of Hanging Myself in My Robe on the Court Building” – Former Supreme Court Judge Speaks About Pressure

Besarion Alavidze, a former Supreme Court judge now residing abroad, has publicly accused Georgia’s ruling elite, including Bidzina Ivanishvili and the Murusidze-Chinchaladze group, of exerting pressure, issuing threats, and interfering in high-profile court cases. In a video recorded earlier but recently made public, Alavidze discusses previously unknown instances of pressure on judges.

Former Supreme Court judge Besarion Alavidze says he was under such pressure and stress that he contemplated suicide. “Many times I thought about climbing onto the facade of the Supreme Court and hanging myself with my judge’s robe, so people would publicly see that a judge had taken his own life, and everyone would understand what was happening in the judiciary,” Alavidze said in a video published on October 2, 2025, by lawyer Kakha Tsikarishvili.

In the recording, made three years ago, Alavidze discusses several high-profile cases, including the Rustavi 2 dispute and a metallurgical plant case involving Joseph Kay and the Patarkatsishvili family. He says that because of these and other cases, he attempted suicide, was locked in chambers with other judges, and was even forced to undergo unnecessary surgery. Alavidze claims he was offered bribes by representatives of the ruling Georgian Dream, including in connection with the Rustavi 2 case, and also received threats, allegations he had previously raised with the media.

Tsikarishvili said he decided to release the video with Alavidze’s consent after the former judge left Georgia. Addressing the timing, just ahead of elections, he wrote on Facebook: “For those who will ask why right before the elections — yes, I could have done it later, but I believe now is the time for the truth to speak out.”

In a video circulated on Facebook, former Supreme Court judge Besarion Alavidze first describes how, back in 2014, he became a target of the Georgian Dream government over the “metallurgical plant case.”

“That year, the judicial clan was still trying to align itself with the new government,” the ex-judge says. “Vasil Roinishvili told me that in this case, the existing decision had to be upheld. I told him that until I reviewed the case, we couldn’t uphold anything — the case had serious problems. Roinishvili said that the decision had to be in favor of the Patarkatsishvili family. On the other side was Joseph Kay. [Then-Supreme Court Chair] Kote Kublashvili, meanwhile, suggested that we should reconsider the decision, perhaps by altering something. But Roinishvili’s position was unequivocal,” Alavidze recalls.

Vasil Roinishvili is currently a Constitutional Court judge, but at the time Alavidze refers to, he too was a Supreme Court judge. Earlier, Roinishvili had served as Adjara’s chief prosecutor during the killing of Sergeant Shavadze — a case that the prosecutor’s office falsified.

According to Alavidze, after he did not comply with Roinishvili’s request, he received a call from Valeri Tsertsvadze, the former head of the Tbilisi Court of Appeals.

“…I was summoned to Chinchaladze’s office. Chinchaladze was then the head of the Administrative Chamber and, by definition, had no involvement in a civil case — he was completely irrelevant to the matter. There I found Murusidze and Valeri Tsertsvadze. It was around 2014. In short, they told me that it looked like I was obeying Kote [Kote Kublashvili], and then they started cursing him,” the ex-judge recounts.

According to Besarion Alavidze, when the conversation in the office did not work, the judges who were leaders of the clan summoned the presiding judge of the case to a restaurant.

“At that café were Murusidze, Chinchaladze, Valeri Tsertsvadze, and, if I’m not mistaken, also Roinishvili. It was a purely criminal, street-style showdown,” said Alavidze, describing how, at that stage, they told him what problems he would face — that he would lose his job and be accused of “taking bribes.”

The former judge said he feared that his family members might also be in danger.

Alavidze also recalls another meeting at the café when he met one-on-one with Valeri Tsertsvadze. After this encounter, the judge attempted suicide, but unexpectedly, at 5 a.m., Levan Murusidze arrived at the Supreme Court building.

With Murusidze, the judge agreed that he would no longer review the case due to an “overload of cases.” Another active leader of the judicial clan, Valeri Tsertsvadze, then made him an “offer”:

“Valeri Tsertsvadze told me, ‘Cause yourself self-injury, or we will injure you — break your arm or your leg,'” said Besarion Alavidze, adding that with the help of his assistant, he made arrangements with a doctor and even underwent an artificial surgical operation in Surami.

Ultimately, the case was reviewed by other judges, including Vasil Roinishvili and Levan Murusidze.

YouTube video player

Former Judge on the Rustavi 2 Case: “Even Ivanishvili Didn’t Expect This Outcome”

“They told me at the beginning, ‘Rustavi 2 will become pro-government, and then the situation will settle down,’” says former Supreme Court judge Besarion Alavidze.

Alavidze recalls that all three judges on the panel handling the Rustavi 2 case — himself, Eka Gasitashvili, and Paata Katamadze — were locked in their office until 1 a.m. The judges even refrained from bringing their phones inside, fearing surveillance by the State Security Service (SUS). At one point, they even considered climbing out of the window and going directly to the TV station.

“Beforehand, Chinchaladze’s assistant, Bolkvadze, came to talk and asked us what we planned to do with the case,” says Alavidze. According to him, the panel was not allowed to set a hearing date, a move supported by then Supreme Court Chair Nino Gvenetadze.

The judges agreed the case had numerous legal flaws and that the best course was to send it back to the Appeals Court.

“Then Judge Mzia Todua burst in, saying she was unwell: ‘If you want all of us to survive, this case must be referred to the Grand Chamber.’ At that point, we were locked in the room and told we couldn’t go home unless we transferred the case,” Alavidze recounts.

After the case was handed over to the Grand Chamber, the Georgian Dream government allegedly attempted to intimidate and bribe each judge individually, with a few exceptions.

“Roinishvili was already supportive, while Nino Gvenetadze said she feared losing her position as Court Chair,” says Alavidze. He claims a close acquaintance, sent by the security services, even offered him a bank card and told him to name his price. “You and your family can leave the country through a VIP exit, and once things calm down, you can return,” they allegedly said.

“They didn’t want a dissenting opinion written at all, because Strasbourg might have reached a different conclusion,” Alavidze explains, adding that he refused the bribe.

According to Alavidze, other judges told him in private conversations that “even Bidzina Ivanishvili himself did not expect this outcome in the Rustavi 2 case.”

“These people you call the clan are ready for anything—they are so deeply entangled in crimes,” Alavidze emphasized.

Lawyer Kakhaber Tsikarishvili has stated that he has already forwarded Alavidze’s recorded testimony to the Prosecutor’s Office.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 113 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 225 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 297 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 33 413 ერთეული [+13]
  • MLRS – 1 514 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 427 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 66 093 ერთეული [+273]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 793 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 63 325 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 3 970 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 667 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 87 714 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 631 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 592 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 43 126 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდებ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექსმოსამართლე ზეწოლაზე

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე.

ექსმოსამართლის ვიდეოჩანაწერი იურისტმა კახა წიქარიშვილმა გამოაქვეყნა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება, მათ შორის, „რუსთავი 2-ის საქმე“, მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… მოსამართლე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.

მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ქრთამს, მაგალითად, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ და მიუღია მუქარაც. „რუსთავი 2-ის საქმეზე“ მუქარის კუთხით ექსმოსამართლე მედიასთან წინა წლებშიც საუბრობდა.

ვიდეოჩანაწერი, რაც დღეს, 2025 წლის 2 ოქტომბერს, იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაასაჯაროვა, 3 წლის წინ არის ჩაწერილი. წიქარიშვილის თქმით, მან ამ ვიდეოს გასაჯაროების გადაწყვეტილება ბესარიონ ალავიძესთან შეთანხმებით მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა მოსამართლემ საქართველო დატოვა.

„ვინც იკითხავთ, რატომ მაინცადამაინც არჩევნების წინ, ოკ. შეიძლებოდა მერეც მექნა, მაგრამ მე მგონია, ახლა არის დრო, როცა ყველა სიმართლემ უნდა იყვიროს“, – წერს ფეისბუქში კახა წიქარიშვილი.

„ვიფიქრე, რომ უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე მანტიით ჩამოვიკიდებ თავს“ - ყოფილი მოსამართლე

ფეისბუქში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე თავდაპირველად აღწერს „მეტალურგიული ქარხნის საქმის“ გამო, 2014 წელს, პირველად როგორ გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე.

ამ წელს სასამართლო კლანი ჯერ კიდევ ლაგდებოდა ახალ ხელისუფლებასთანო, დასძენს ექსმოსამართლე.

„ვასილ როინიშვილმა მითხრა ამ საქმეზე, დასატოვებელი არის ძალაშიო. ვუთხარი, რომ სანამ არ ვნახავ საქმეს, ვერაფერს ვერ დავტოვებთ ძალაში-თქო, პრობლემები ჰქონდა ამ საქმეს სერიოზული…

როინიშვილი ამბობდა, რომ პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მეორე მხარეს იყო ჯოზეფ ქეი. კუბლაშვილი [კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე] კი ამბობდა, რომ უნდა შეგვეცვალა გადაწყვეტილება, იქნებ რაღაც შევცვალოთო. ვასილ როინიშვილს კი, ჰქონდა ცალსახა პოზიცია,“ – ამბობს ექსმოსამართლე.

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. იმ პერიოდში კი, რომელზეც ბესარიონ ალავიძე საუბრობს, ვასილ როინიშვილიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. მანამდე ვასილ როინიშვილი აჭარის მთავარი პროკურორიც იყო, როცა აჭარაში სერჟანტი შავაძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს, პროკურატურამ კი, ეს საქმე გააყალბა.

მას შემდეგ, რაც ვასილ როინიშვილს ბესარიონ ალავიძემ არ მოუსმინა, მოსამართლეს ვალერი ცერცვაძემ დაურეკა. ვალერი ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა.

„…დამიბარეს ჩინჩალაძის კაბინეტში, ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო და საერთო სამოქალაქო საქმესთან წესით არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდა – არაფერ შუაშია იყო. იქვე დამხვდა მურუსიძე და ვალერი ცერცვაძე. 2014 წელი იყო დაახლოებით… მოკლედ მითხრეს, რომ რაღაც შენ კოტეს [კოტე კუბლაშვილი] ემორჩილები მგონიო და კოტეს აგინეს,“ – ჰყვება ექსმოსამართლე.

ბესარიონ ალავიძის თქმით, კაბინეტში საუბარმა რომ არ გაჭრა, საქმის განმხილველი მოსამართლე კლანის მეთაურმა მოსამართლეებმა უკვე რესტორანში დაიბარეს.

„ამ კაფეში იყო მურუსიძე, ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და თუ არ ვცდები როინიშვილიც. ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა,“ – ამბობს ბესარიონ ალავიძე და აღწერს, რომ ამ ეტაპზე მას უთხრეს, როგორი პრობლემები შეექმნება, სამსახურს დაკარგავს და „ფულის აღებასაც“ დააბრალებენ.

ექსმოსამართლის თქმით, ის შიშობდა, რომ საფრთხე მისი ოჯახის წევრებსაც ელოდა.

„სიცოცხლეს დავასრულებ და იმ გადაწყვეტილებას მივიღებ, რაც მისაღებია-მეთქი“, – ბესარიონ ალავიძე კაფეში კიდევ ერთ შეხვედრასაც აღწერს, როცა მას ერთი-ერთზე ვალერი ცერცვაძე ხვდება. ამ შემთხვევის შემდეგ აქვს მოსამართლეს სუიციდის მცდელობა, მაგრამ უზენაესი სასამართლოს შენობაში მოულოდნელად, დილის 5 საათზე ლევან მურუსიძე მიდის.

მურუსიძესთან მოსამართლე თანხმდება, რომ საქმეს აღარ განიხილავს „საქმეთა სიმრავლის გამო“, სასამართლო კლანის კიდევ ერთი აქტიური ლიდერი – ვალერი ცერცვაძე კი, „შეთავაზებით“ მიმართავს:

„ვალერი ცერცვაძემ მითხრა თვითდაზიანება გაიკეთე, ან ჩვენ დაგაზიანებთო, ხელი მოიტეხე, ან ფეხიო…“, – ამბობს ბესარიონ ალავიძე და იმასაც აღწერს, როგორ გაურიგდა თავისი თანაშემწის დახმარებით ექიმს და ქირურგიული ოპერაციაც სურამში ხელოვნურად გაუკეთეს.

საბოლოოდ, ეს საქმე სხვა მოსამართლეებმა განიხილეს, მათ შორის, ვასილ როინიშვილის და ლევან მურუსიძის მონაწილეობით.

ექსმოსამართლე რუსთავი 2-ის საქმეზე: „ივანიშვილიც არ ელოდა ამ შედეგს“  

„რუსთავი 2 სახელისუფლებო გახდება და მერე დალაგდება სიტუაციაო, ასე მითხრეს თავდაპირველად,“ – ამბობს ექსმოსამართლე ბესარიონ ალავიძე.

„რუსთავი 2-ის საქმის“ განმხილველი კოლეგიის სამივე მოსამართლე: ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე კაბინეტში ღამის პირველამდე გამოუკეტიათ.

სათათბიროდ შეკრებილ მოსამართლეებს მობილური ტელეფონიც არ შეუტანიათ კაბინეტში, სუსმა არ მოგვისმინოსო, შემდეგ კი, მოსამართლეებს უფიქრიათ, ფანჯრიდან ხომ არ ჩავძვრეთ და პირდაპირ ტელევიზიაში მივიდეთო.

„აბა, თქვენ რას აპირებთ ამ საქმეზეო – ჩინჩალაძის თანაშემწე, ბოლქვაძე მოვიდა მანამდე სალაპარაკოდ,“ – ამბობს ბესარიონ ალავიძე. ექსმოსამართლის თქმით, კოლეგიას საქმის განხილვის თარიღის ჩანიშვნის საშუალება არ მისცეს და ამას ხელს უწყობდა უზენაესი სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც.

კოლეგიის მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ ამ საქმეს ბევრი სამართლებრივი პრობლემა ჰქონდა და საუკეთესო გადაწყვეტილება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება იყო.

„შემოვარდა მზია [მოსამართლე მზია თოდუა], ცუდად ვარო, თუ გინდათ გადავრჩეთ ყველა, დიდ პალატას უნდა გადაეცეს ეს საქმეო… ამ დროს ჩაგვკეტეს ოთახში, დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, ვერ წახვალთ სახლშიო,“ – ჰყვება ბესარიონ ალავიძე.

მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის საქმე“ დიდ პალატას გადაეცა, „ოცნების“ მთავრობას თითოეული მოსამართლის დაშინება და მოქრთამვა ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე უცდია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა:

„როინიშვილი ისედაც მხარს უჭერდა, ნინო გვენეტაძე ამბობდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას დავკარგავო…“, – ჰყვება ბესარიონ ალავიძე. მისი თქმით, მას სუსისგან მიგზავნილმა ახლობელმა ბანკის ბარათი შესთავაზა: თანხა შენ თვითონ დაასახელე, რამდენი გინდა, გარდა ამისა, VIP გასასვლელით, ოჯახის წევრებთან ერთად წახვალ საზღვარგარეთ და როცა დამშვიდდება სიტუაცია, მერე დაბრუნდებიო…

საერთოდ არ უნდოდათ დაწერილიყო განსხვავებული აზრი, რადგან ამ შემთხვევაში სტრასბურგს შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო,“ – ამბობს ექსმოსამართლე და დასძენს, რომ მას შეთავაზებული ქრთამი არ აუღია.

ბესარიონ ალავიძის თქმით, როგორც მას სხვა მოსამართლეებმა პირად საუბრებში უთხრეს, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ ამ შედეგს ბიძინა ივანიშვილიც არ ელოდა.

„ეს ადამიანები, ვისაც თქვენ კლანს ეძახით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ისეთ სიღრმეში და დანაშაულებში არიან ჩაფლული,“ – აღნიშნა ბესარიონ ალავიძემ.

კახაბერ წიქარიშვილის თქმით, ბესარიონ ალავიძის საუბრის ამსახველი ვიდეო უკვე გადაუგზავნა პროკურატურას.

აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას.

სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი].

რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, შენობაში შესრულებული სამუშაოების კუთხით, სახარბიელო მდგომარეობა არ უნდა იყოს.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო: 29.09.2025
რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას

„ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ყოფილი აბანოს შენობაში შესრულებული სამუშაოების ხარისხს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამოწმებს.

ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად უნდა გაფორმდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას / შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია /ფოტო: 29.09.2025

ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე „აჭარის მუზეუმსა“ და „ივერთმშენს“ შორის 2023 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა თავიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი იყო, თუმცა ეს ვადა მხარეებმა რამდენჯერმე გადაავადეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს „ივერთმშენი“-ს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ, რაც ვერ ესწრება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, საჭიროა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდა.

აქედან გამომდინარე: შევიდეს ცვლილება ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – ხელშეკრულება მოქმედებს 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“ – აღნიშნულია „აჭარის მუზეუმსა“ და „ივერთმშენს“ შორის 2025 წლის 30 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში.

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო: 29.09.2025
რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ამავე ხელშეკრულების მიხედვით:

  • „შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე შემსყიდველის მიმართვით და ხარჯით უნდა დადასტურდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. დასკვნებს შორის უპირატესობა მიენიჭება საბოლოო დასკვნას, რომელიც ჩატარდება მთლიან შესრულებულ სამუშაოებზე.“
  • „თუ საექსპერტო დასკვნით ან ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ შესრულებული სამუშაოები შეფასდა წუნით, მაშინ სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად წუნდების აღმოფხვრამდე და შესაბამისად არ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. წუნდების აღმოფხვრა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
  • იმ შემთხვევაში თუ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზები გამოვლინდება საექსპერტო დასკვნის მიღების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე პერიოდში, მაშინ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ ხარვეზების სრულად აღმოფხვრის შემდეგ. თუ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება, მოცულობა და რაოდენობა არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, მაშინ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება დასკვნის შესაბამისად“.

ერთ-ერთი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაც და დარჩა 1 727 080 ლარი [ნაცვლად თავდაპირველი 1 733 333 ლარისა].

რეაბილიტირებული ყოფილი აბანოს შენობა ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, სადაც კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას

„აჭარის მუზეუმმა“2025 წლის 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსიც გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 211 ათას 864 ლარია, მიწოდების ვადა კი – არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბერი.

შესყიდვების პორტალის დღევანდელი მონაცემებით კონკურსში, რომელიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, შპს „არქიადრე“ მონაწილეობს. საჯარო რეესტრის ამონაწერით ეს კომპანია თბილისში 2023 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორია საქართველო/რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე ნატალია ტატუნაშვილი.

აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.

რა დაჯდება მუზეუმის ინტერიერის მოწყობა „ულტრათანამედროვე დონეზე“ – ეს კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე იქნება დამოკიდებული.

ყოფილი აბანოს შენობა რეაბილიტაციამდე / ფოტო შესყიდვების პორტალიდან

ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.

2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.

ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 წელს ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.

2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.

აჭარის მუზეუმს 2025 წლის 29 აგვისტოს მისწერეს „ივერთმშენიდან“, რომ „2023 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია“.

 

„ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების, ასევე შშმ პირების უფლებებს იცავს და 1000-მდე საქმეში უწევს მათ სამართლებრივ დახმარებას. ორგანიზაცია იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებებსაც.

რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო PHR-ისგან ითხოვს ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს და ამ ფორმით ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციაზე ზეწოლას.

„ბათუმელები“ ორგანიზაციის დირექტორს, თამარ გაბოძეს ესაუბრა ამ თემაზე.

„პირდაპირ არ წერია წერილში, რომ ბენეფიციარების შესახებ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ ითხოვს ორგანიზაციის შესახებ ყველა სახის ინფორმაციაზე წვდომას, მათ შორის ითხოვს შინაარსობრივ, ნარატიულ ანგარიშებს, ითხოვს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს და ეს შინაარსობრივი ანგარიშები, რა თქმა უნდა, შეიცავს ადამიანების ისტორიას.

მიუხედავად იმისა, რომ სახელები არ არის იდენტიფიცირებადი, ეს არის ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ორგანიზაციამ გაუწია იურიდიული დახმარება და უწევს დღემდე.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება ძალადობა გამოვლილ ბავშვებს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, როდესაც ისინი არიან გაუპატიურების მსხვერპლი და ძალიან კარგად იცის ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომ ჩვენი ერთადერთი საქმიანობა, თუ რამე გვიკეთებია დაარსების დღიდან, ეს არის მოწყვლადი ადამიანების დახმარება და სამართლებრივი წარმომადგენლობა.

ამის მიუხედავად, ჩვენ მოგვივიდა წერილი, სადაც უთითებენ, რომ დაწყებულია საქმის წარმოება ჩვენი ორგანიზაციის „გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით მონიტორინგი იწყება მაშინ, როდესაც გრანტი მიღებულია 2025 წლის 17 აპრილის შემდეგ და ჩვენ ასეთი გრანტი არ გვაქვს“ – ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, ბუნდოვანია, რის საფუძველზეა დაწყებული წარმოება, რატომ არ იყო PHR-ი ამ პროცესში ჩართული და რატომ არ არის ცნობილი, რა მასალები არსებობს ორგანიზაციის წინააღმდეგ.

„ისეა მოთხოვნილი ეს ინფორმაცია, რომ არ არის მითითებული კონკრეტული მუხლი, რის საფუძველზე გვთხოვენ ინფორმაციას. არ არის გაზიარებული ბიუროში დამუშავებული ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაშია როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომელიც უთითებს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებზე.

მაშინ, როდესაც ორგანიზაციის შესახებ ითხოვს ფინანსურ ანგარიშებს, მათ შორის, ნარატიულ ანგარიშებს, უნდა არსებობდეს ამის მკაფიო საფუძველი, თუმცა მკაფიო საფუძველი რა არის, ამის შესახებ საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია“- ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, ორგანიზაციის საპასუხო რეაქცია იქნება ის, რომ კუპრაშვილის ბიუროს მოსთხოვენ იმ ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც მათ დაამუშავეს და ასევე დასაბუთებას – რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სთხოვენ ორგანიზაციას, რომელიც იცავს გაუპატიურებულ ბავშვებს, რომ გაუზიაროს შინაარსობრივი ანგარიშები.

თამარ გაბოძის შეფასებით, სინამდვილეში ბიუროს მიზანია არა ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების და გრანტების მიღების შემოწმება, არამედ ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედება.

„ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული PHR-ის საქმიანობასთან და მართლა რომ კორუფციითაა სავსე არაერთი უწყება, სწორედ ამის შესწავლაა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და არა იმ ორგანიზაციების დევნა, რომლებიც ეხმარებიან ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

ხელისუფლებას, „ოცნებას“ სურს, რომ ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, PHR-საც არ მისცეს მუშაობის და არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში ამას აკეთებს ანტიკორუფციული ბიუროს სახელით და ხელით.

თუ ისინი რეპრესიული მეთოდებით შეეცდებიან ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ, დარჩება ამ მომსახურების გარეშე.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იცავს მოწყვლადი ადამიანების უფლებებს და ეს ძალიან კარგად იცის ანტიკორუფციულმა ბიურომ, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოპასუხეები არის სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ვერ აარიდეს ადამიანებს ზიანი.

ჩვენს ორგანიზაციაზე შეტევა ნიშნავს, ის ადამიანები დატოვონ დაცვის გარეშე, რომელთათვისაც ხშირად უკანასკნელი იმედი ვართ, რადგან უბრალოდ მათ ვერსად ვერ პოვეს სამართალი და ჩვენთან მოდიან იმისთვის, რომ სამართლებრივ ბრძოლაში, რაც არ არის ხოლმე ადვილი და ხშირ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდება, არ იყვნენ მარტო.

შესაბამისად, ჩვენ წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ბავშვების წინააღმდეგ მიმართული, რადგან იურიდიული დახმარების გარეშე აღმოჩნდება ძალიან ბევრი ძალადობა გამოვლილი ადამიანი და არ მომერიდება იმის თქმა, რომ ორგანიზაციას ჰყავს გადარჩენილი ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, რომლებსაც სუიციდის გეგმებიც კი ჰქონდათ.

ამიტომ ორგანიზაციის მიზანი იყო გადაერჩინა ეს ადამიანები და როგორღაც სამართალი ეპოვა მათთან ერთად“-ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე დარჩენილი საზოგადოება სწორ ინფორმაციასაც კი ვერ მიიღებს და არაერთი სერვისი გაჩერდება, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები.

„ცხადია, ჩვენ ასე ადვილად დანებებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ჩვენი გაცხადებული მიზანია, ამ ქვეყანაში ბავშვების, ქალების და ვრჩებით ჩვენი მიზნების და იმ ადამიანების ერთგული, რომლებსაც აღვუთქვით დახმარება ამ წლების განმავლობაში.

ბევრი შემთხვევა, მათ შორის პრეცედენტული საქმეებია, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა, მათ შორის სრულწლოვანებმა. ასე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ასე ადვილად დავასრულოთ საქმიანობა, რადგან ჩვენი საქმიანობა ყოველთვის იყო თანხვედრაში კანონიერებასთან და სამართლიანობასთან.

ამიტომ კუპრაშვილის მიზანია არა შემოწმება, არამედ ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლა“-ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, კუპრაშვილის ბიურო სავარაუდოდ სასამართლოს მიმართავს და ასე შეეცდება დოკუმენტაციის ამოღებას, თუმცა ორგანიზაცია აპირებს ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის.

ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ

შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“

რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში?

„მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ინვესტიცია რამდენად რეალურია, ყველაზე კარგად ამ რიცხვების შედარებით ჩანს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაკლიის პორტიც კი, ჩინეთისთვის საინტერესო აღარ იქნება.

„თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან… ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.

„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.

  • ქალბატონო თინა, რა ეტაპზეა საქართველო-ჩინეთის მოკავშირეობა? შუა დერეფანსა და სავაჭრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება 29 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მანამდე თქვენ ჰელსინკის კომისიას მიმართეთ: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“

ერთია, სამართლებრივად სად ვართ და მეორე: რეალურ ცხოვრებაში რა ხდება. სამართლებრივად, ქაღალდებს რომ გავყვეთ, მემორანდუმებს, რომელიც ფორმდება, საკმაოდ სწრაფად მივდივართ ამ ურთიერთობებში. ბევრი შეთანხმებაა, მაგალითად, იგივე განათლების სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ელჩმა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბევრი ისაუბრა, რომ სკოლებში ჩინური დაემატა, როგორც მეორე უცხოური ენა და კონფუცის ინსტიტუტები ძლიერდება – უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ცენტრი იხსნება უნივერსიტეტებთან, რაც არის ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან უამრავი შეთანხმება ფორმდება პოტენციური ინვესტიციების შესახებ. ისევ ჩინეთის ელჩს დავესესხები, მან თქვა, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანააო. ამას ამბობენ უკვე 10 წელია, მაგრამ საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები არ გვინახავს.

განახლდა შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ მეორე ეტაპზე. როგორც ჩანს, ამას ხელს რეალურად მოაწერენ – ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, პროგრესი სახეზეა და მოლაპარაკებები წარმატებულიაო.

ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი და „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე

რეალურ ცხოვრებაში კი, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, სტატისტიკას, რიცხვებს და მონაცემებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად დაპირებებისა, ვერ ვნახეთ განვითარება ამ ურთიერთობებში, ვერ ვნახეთ რეალური ინვესტიციები, ვერ ვნახეთ ვაჭრობაში წარმატება.

ინვესტიციების კუთხით კატასტროფა გვაქვს: 2024 წელს 6 მილიონი იყო ჩინური ინვესტიცია საქართველოში – 60 მილიონი, ან 6 მილიარდი კი არა, 6 მილიონი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [იანვარი – სექტემბერი] 93%-ით ნაკლებია.

  • ანუ ჩინეთთან მოკავშირეების გააქტიურების ფონზე ინვესტიციები საქართველოში კიდევ უფრო შემცირდა?

დიახ, ძალიან დაბალი იყო და ისიც შემცირდა. ფაქტობრივად, ძალიან არასერიოზულია ამის თქმა, რომ ჩინური ინვესტიციებია საქართველოში.

რაც შეეხება ვაჭრობას, მართალია ელჩი, როცა ამბობს, 12 %-ით გაიზარდაო. 12%-ით გაიზარდა, თუ 11 %-ით [11% დასტურდება მონაცემებით] ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვთქვათ, რომ ორნიშნა ზრდა გვაქვს, ოღონდ ის არ არის მართალი, რა რიცხვსაც ელჩი ასახელებს: 2 მილიარდ 400 იყო ვაჭრობაო. ეს ტყუილია: 1 მილიარდ 900 იყო, ანუ 500 მილიონი ჰაერიდან მოიტანა, ერთი-მეოთხედით მოიტყუა და გაზარდა ეს რიცხვი.

სინამდვილეში რას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ ვაჭრობა ჩინეთსა და საქართველოს შორის გაიზარდა? – ეს ნიშნავს, რომ შვიდჯერ გაიზარდა ჩინური პროდუქციის ექსპორტი საქართველოში და შემცირდა იმპორტი საქართველოდან.

ბევრ ქვეყანაში ჩინური ექსპორტი, რა თქმა უნდა, ჭარბობს, მაგრამ საქართველოს „ქეისი“ სპეციფიკურია იმით, რომ აი, ამ მზარდ ვაჭრობაში, ამ ზრდის პროცესში დინამიკა გვაქვს უარყოფითი, ანუ გაიზარდა ექსპორტი ჩინეთიდან საქართველოში და  მკვეთრად შემცირდა იმპორტი საქართველოდან ჩინეთში. არავითარი ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა არ გვაქვს. სინამდვილეში, გვაქვს ჩინეთისთვის სასარგებლო ურთიერთობა და წამგებიანი ურთიერთობა ჩვენთვის, როდესაც ქართული ბაზარი წაილეკა ჩინური, იაფი პროდუქტით.

თინა ხიდაშელი

სულ ბოლო განცხადებები რომ გავიხსენოთ, მაგალითად, გადამზიდავები წუხდნენ იმაზე, რომ ჩინურმა ონლაინ შოპინგის ვებგვერდებმა დაიპყრეს ქართული ბაზარი და საქართველოს ხელისუფლება ამაზე არაფერს აკეთებს. არც გააკეთებს, იმიტომ, რომ ბატონ-ყმური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან.

  • ჩინეთის რეალური ინტერესი რა არის საქართველოში: გაზარდოს ექსპორტის წილი?

პატარა ბაზარია საქართველო და ლომის წილი, ცხადია, ვერ იქნება ჩინური ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩინეთი ყველგან ეძებს სარგებელს. სად, როგორ სარგებელს იღებს ჩინეთი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება: რამდენად იცავს საკუთარ ბაზარს? იცავს საკუთარ მომხმარებელს? აინტერესებს პროდუქტის სტანდარტი? იცავს გარემოსდაცვით სტანდარტს?

საქართველოში არცერთი ეს სისტემა არ მუშაობს და რატომ არ უნდა ისარგებლოს, მაგალითად, ჰუნანის პროვინციიდან ვინმემ?

  • ჩინური კომპანიები ასევე სოლიდურ ტენდერებს იგებენ საქართველოში. 

გზის პროექტი არ არის ერთადერთი, სადაც ჩინური კომპანიები იმარჯვებენ. მათ უამრავი კონტრაქტი აქვთ მოგებული  საქართველოში უსაფრთხოების კუთხით, მაგალითად, ქვეყნის საზღვრების დაცვის ყველა კონტრაქტი პრაქტიკულად მაგათ აქვთ მოგებული. მთელი ეს სკანერები და სათვალთვალო კამერები, დაცვის სისტემები, რაც საზღვრებზე გვიდგას, ჩინურია. დედაქალაქში, ბათუმში, სხვადასხვა მუნიციპალურ ცენტრში – მთელი უსაფრთხოების სისტემები ჩინურია.

მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული – ამ პროექტების ნაწილი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და დიდი ნაწილი საერთაშორისო დახმარებებით ფინანსდებოდა.

ბაზარი დიდია, თუ პატარა, ამას ჩინეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა: ყველგან, სადაც სარგებელს მიიღებს, ის იმ ბაზარზე დამკვიდრდება. ჩინეთი იღებს სარგებელს საქართველოში, უპირობოდ და უსიტყვოდ, პირიქით, აგერ, მადლობების ნიაღვარი მოედინება მათ მიმართ და რაღაც ზღაპრებს გვიყვება კობახიძე.

29 სექტემბრის ცნობილ გამოსვლაში კობახიძემ ისიც კი გვითხრა, რომ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო პარტნიორია ჩინეთიო. ზღაპრის ხარისხს შეხედეთ, როდესაც მსოფლიო მედია და, მათ შორის, ქართული მედიაც გაჯერებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის – როგორც ორგანიზაციის, ისე წევრი ქვეყნების – პრობლემებით ჩინეთთან, განცხადებებით ჩინეთზე, წინააღმდეგობებით ჩინეთთან, აი, კობახიძე დგას და ამხელა ტრიბუნიდან გველაპარაკება, რომ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო პარტნიორია თურმე ჩინეთი.

როცა ასეთი ვითარებაა, რატომ არ ისარგებლებს ამით პეკინი? ჩვენ პეკინთან პრეტენზია ვერ გვექნება, ისინი საკუთარ ინტერესს იცავენ და ძალიანაც სწორად მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

  • ანაკლიის პორტით რატომ არ ისარგებლეს ჩინელებმა, რა გაირკვა?

არ ისარგებლეს. ანაკლიის პორტში მათ რეალურად მოუწევდათ ინვესტიციის განხორციელება – ანაკლიის პორტისთვის ბევრი იწვალა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ფული ვერ იშოვა.

ანაკლიის პორტი ძალიან კომპლექსურ საკითხად, თავსატეხად ექცა „ქართულ ოცნებას.“

რეალურად ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ ანაკლიაში პორტი აშენდეს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიაში პორტი არ აშენდეს, მაგრამ ამასობაში არსებობს დიდი მოთხოვნა საზოგადოებიდან. ამ წნეხს ისინი დაემორჩილნენ და ანაკლიაზე მეორე ტენდერი გამოაცხადეს. საპარლამენტო არჩევნების წინ მათ სჭირდებოდათ ამ მითის დაბრუნება, რომ აი, ოპოზიცია იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ანაკლიის აშენება არ გვინდა და აგერ, ბატონო, თუ არ გვინდა, აბა, რატომ ვაცხადებთ ტენდერს?

  • ივანიშვილს ანაკლიის პორტის აშენება არ უნდა იმიტომ, რომ ჰქონდეს დასავლეთთან ვაჭრობის საგანი?

დასავლეთთან არა – ამერიკელებთან. ევროპელებს მაინცდამაინც რამე განსაკუთრებული ინტერესი არასდროს არ გამოუვლენიათ, მაგრამ ამერიკელებთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, სჭირდებათ.

თებერვალში, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ ეს საკითხი, მათ შორის, ჩინელების ზეწოლით – ჩინელებმა იციან, რომ თუ ანაკლიის აშენება გახდა მოცემულობა, მათ მოუწევთ ფულის დახარჯვა.

მაგრამ ჩინელებს არ ესმით, რატომ უნდა აიღონ ვალდებულება ამხელა ფულის დახარჯვაზე ასეთ არასტაბილურ ვითარებაში? ამიტომ მათი ინტერესშია, რომ გამოცხადდნენ გამარჯვებულად, ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს და დაელოდონ საუკეთესო მომენტს, თუ ასეთი მომენტი დადგება. ხელშეკრულება კი გაფორმდეს ისეთი პირობით, რომ იქიდან გავიდნენ კაპიკი ფულის დახარჯვის გარეშე, თუკი ვითარება გახდება განსხვავებული.

როდესაც წინა სატენდერო პირობები გამოცხადებულია, შემდეგ ორჯერ ახალი პირობები გამოცხადდა, იმის მერე უზარმაზარი დოკუმენტი შეიქმნა, რომელშიც ყველაფერი გაწერილია და კიდევ ოთხი თვე გველაპარაკებოდა ლევან დავითაშვილი [საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი], იურიდიულ დეტალებს ვაზუსტებთო, რა იურიდიულ დეტალებს აზუსტებდა? – ერთადერთს, ხელშეკრულებაში ისედაც ჩაწერეს, რომ რვათვიანი მოცდის პერიოდი იყო საწყის ეტაპზე. როგორც ჩანს, ჩინელებს დანახული ჰქონდათ ეს, როგორც საკმარისი დრო იმისთვის, რომ აქ დასტაბილურდებოდა ვითარება, გაირკვეოდა რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ რვა თვე კი არა, შეიძლება წარმოუდგენელ უსასრულობაში გაიწელოს ეს ყველაფერი.

ამიტომაც, ჩინელები ცდილობენ ხელშეკრულებაში ისეთი დებულება მიიღონ, რომელიც სავალდებულოს არ გახდის მათთვის ამ ფულის დახარჯვას და იმ შემთხვევაში, თუ არ დახარჯავენ, საერთაშორისო არბიტრაჟში არ წააგებენ მრავალმილიონიან დავას.

აი, ამაზე ვერ თანხმდებიან დღეს „ქართულ ოცნებასთან“. მეათე თუ მეჩვიდმეტე მიზეზი კი არის ის, ჩინელებს არ აქვთ საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფინანსურს პასუხისმგებლობას ამ პროექტში. ასეთი დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა.

ამას ემატება ის, რომ ამერიკელებთან ვაჭრობისთვის იყენებენ ამ თემას. ბოლოს, როდესაც ვაშინგტონში იყო მსოფლიო ბანკის შეკრებაზე ლევან დავითაშვილი, მას ცალსახად უთხრეს, რომ ანაკლია თუ ჩინელებთან წავიდოდა, ეს, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს გადასაწყვეტი და საქართველოს სუვერენული უფლება, მაგრამ ამის შესაბამისად მიიღებდა ვაშინგტონი ყველა გადაწყვეტილებას.

მე ვიცი დავითაშვილმა იქ ვის რა პირობა მისცა, მაგრამ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამაზე საუბარს არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამის შემდეგ დავითაშვილი გაუშვეს თანამდებობიდან – ის დარწმუნდა, რომ ანაკლია იყო  წითელი ხაზი და ვაშინგტონიდან ეს ამბავი ყოველგვარი შელამაზებება-ტყუილების გარეშე ჩამოიტანა თბილისში.

დავითაშვილმა ვერ დაიცვა ბიძინა ამერიკელებთან და მისი თანამდებობა ამას შეეწირა. ამის მერე არაფერი აღარ გაგვიგია ამ თემაზე, რაც დავითაშვილი გადააყენეს. ეს თემა პიარულადაც მკვდარია.

  • რადგან ივანიშვილი ვერ იღებს პოლიტიკურ სარგებელს აშშ-დან, არ ელის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მართლაც ჩინელების ხელში აღმოჩნდეს ანაკლიის პროექტი?

კი, არის. ოღონდ ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ ჩინელებს და ეს არ აწყობს ივანიშვილს – ამაზე ვერ თანხმდებიან. ასეთ არასტაბილურ გარემოში, რაც ახლა ქვეყანაშია, უცებ ვიღაცამ 700 მილიონი გაისროლოს, თან ეს ვიღაც ჩინეთია… ჩინეთი 16 წელია საქართველოში ოპერირებს, ამ 16 წლიდან 10 წელია აქტიურად არის ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ტენდერით წარმოდგენილი. ამ 10 წლიდან 3 წელია სტრატეგიული შეთანხმება გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ამის მიუხედავად ინვესტიციებს მაინც არ ახორციელებს. ახლა უცებ 700 მილიონი უნდა დახარჯოს, როცა ყველაზე არეულია ვითარებაა საქართველოში?

  • მაგრამ ანაკლიის პორტს, პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ხომ ექნება დიდი ეკონომიკური სარგებელი?

იმ შემთხვევაში, თუ რამე დარჩა ამ ქვეყნისგან. თუ საქართველო რუსეთის ანექსი ხდება, მაშინ რა ინტერესი აქვს ჩინეთს პორტი ააშენოს, რომელსაც უკვე არავითარი ფუნქცია არ ექნება?

ჩინეთი დაინტერესებული იყო და ახლაც არის დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ოღონდ, დაინტერესებულია აი, ამ პირობით – „ვნახოთ, რა იქნება“.

როდესაც შუა დერეფანი უალტერნატივოა, რუსეთი დასჯილია და საქართველო ისევ რჩება თავისუფლების ზონად, სანდო, საიმედო გზად, სატრანზიტო ზონად დასავლეთ ევროპისთვის და დასავლური სამყაროსთვის აზია-ევროპის დასაკავშირებლად, მაშინ  ჩინეთი დაინტერესებულია, რა თქმა უნდა, რადგან პორტი, თუ გზატკეცილი, ყველაფერი, რაც გადის საქართველოზე, იბრუნებს თავის სტრატეგიულ, გეოგრაფიულ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა მაშინ, როდესაც, მაგალითად, ის ცნობილი შამპანურის ბოთლი გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ინაუგურაციის დროს.

  • თუ ამოქმედდება სამხრეთ კავკასიაში ე.წ. ტრამპის მარშრუტი, ამ შემთხვევაში ანაკლისიის პორტი ამ მნიშვნელობას დაკარგავს?

თუ საქართველო რაიმე მიზეზის გამო – არ აქვს მნიშვნელობა, ეს მიზეზი არის სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთს შორის მიმდინარე პროცესი, ან თბილისი-მოსკოვს შორის მიმდინარე პროცესი, თუ რაიმე სხვა – დაკარგავს თავის ფუნქციას, რა თქმა უნდა, ჩინეთი არ დახარჯავს ფულს. მკვდარია ეს დერეფანი და ჩიხში 700 მილიონი გადაიხადოს?

ჩინეთის ინტერესი და ამოცანა მარტივია, ამ წუთას ხელი დაადოს, თავისად დაიგულოს ისე, რომ რაიმე შემოუბრუნებადი ვალდებულება არ აიღოს და მერე, ვითარების მიხედვით იმოქმედოს.

  • რა მასშტაბით შეიძლება გაიზარდოს ჩინეთთან ვაჭრობა? შესაძლებელია, „ოცნების“ რეჟიმმა ამით დააკომპენსიროს დასავლეთთან იზოლაციით მიყენებული ზარალი?  

ჩინეთის ბაზარი ძალიან პროტექციონისტულია. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არის ჩარჩო ხელშეკრულება. მთავარია, ამის შემდეგ რა ხდება. თუ ეს სუპერ პროტექციონისტული ბაზარი რეალურ ცხოვრებაში გაიხსნება ქართული პროდუქციისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, მაგრამ იაფი.

ქართული წარმოების ევროპულ ბაზარზე გასვლა – ყველაზე ძვირადღირებულ ბაზარზე – სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს საქართველოში და არაფერში არ დასჭირდებოდა მას იაფ ბაზრებზე ნადირობა, იქნებოდა ეს რუსული თუ ჩინური ბაზარი.

მაგრამ „ოცნება“ ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი, საშუალო მეწარმეებს უბიძგებს რუსული და ჩინური ბაზრებისკენ. რუსეთში როცა უნდათ გაგიღებენ ბაზარს, როცა უნდათ – დაგიკეტავენ იმის მიხედვით, როგორ ხასიათზე იქნება მორიგი ონიშენკო. ჩინურ ბაზარზე კი სპეციალური პოლიტიკური ნება გჭირდება, რომ ეს ბაზარი სინამდვილეში გაიხსნას შენი პროდუქტისთვის. ამის პოტენციალი ამ წუთას არ ჩანს.

საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობაში აირჩია სრულიად უპრინციპო, მორჩილების გზა. იგივე სტრატეგიული შეთანხმება როდესაც გაფორმდა: ეს შეთანხმება პეკინშია დაწერილი, პეკინის ტერმინოლოგიით შედგენილი და პეკინის ინტერესებზეა ორიენტირებული. ჩინეთისთვის ღრმად არასერიოზული პარტნიორი ხარ – პარტნიორი საერთოდ არ ხარ, მორჩილი ქვეყანა ხარ დღეს პეკინის გადასახედიდან, ისეთი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ხარ, საკუთარი სახელმწიფოს დაბადების დღეზეც კი არ გეპატიჟებიან.

  • რატომ აწყობს ასეთი მოკავშირეობა ჩინეთთან ივანიშვილის დაჯგუფებას?

2023 წლის იმ პერიოდისთვის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში სრული მარცხი ექნება, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, საფრთხე ემუქრება ვიზალიბერალიზაციას, მას სჭირდება გარღვევა საერთაშორისო ასპარეზზე, რომლითაც იამაყებს და იტყვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა საქართველოს აქვს. ამიტომ ყველაფერზე მოაწერდა ხელს ერთი ხელის ჩამორთმევისთვის, რომელიც სი ძინპინთან პრესკონფერენციის დროს მიიღო.

მაშინ ტექსტზე არავითარი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ზუსტად ამიტომ არ ჩაიწერა იქ რუსულ ოკუპაციაზე არაფერი, თორემ არა მგონია, რომ ჩინეთს წინააღმდეგობა გაეწია – უბრალოდ, საქართველოდან არავინ მოითხოვა.

ახლა თბილისიდან მოთხოვნები დაუყენოს ვინმემ პეკინს, რომ იცით რა, აი მაშინ კი ამაზე შევთანხმდით ძმებო, მაგრამ მოდი, გადავხედოთ, ეს ძალიან არასერიოზული იქნება.

  • დასავლეთში როგორ უყურებენ ამ საფრთხეებს? თქვენ მიმართეთ ასევე ჰელსინკის კომისიას: „საქართველო, რომელიც ამ ავტორიტარიზმისკენ მიემართება, მხოლოდ მის ხალხს კი არ უქმნის საფრთხეს, ის პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს რეგიონში, ასუსტებს შუა დერეფნის სანდოობას…“

თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან. ეს არის თემა, რომლის მიმართ კითხვები და ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს. ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.

პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებში, გვაბრუნებს მსოფლიო პოლიტიკის მაგიდაზე, ინტერესის სფეროებში. რთული წარმოსადგენია, რეგიონში მუდმივი მშვიდობის მიღწევის კონტექსტში, ვერ დაინახო საქართველოს როლი, მისი ადგილი და მნიშვნელობა.

ზუსტად ამ კუთხით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესი, რომ რეაგირებები იყოს უფრო სწრაფი და ადეკვატური იმ გამოწვევებზე, რასაც ქმნის ივანიშვილის რეჟიმი.

ჩემი არგუმენტაცია არის მარტივი, რომ კავკასიაში სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია მშვიდი, დემოკრატიული, სტაბილური, დასავლეთის პარტნიორი საქართველოს გარეშე. ამ რეგიონში საქართველო თუ ჩამოიშალა, როგორც საყრდენი – საფრთხეები მუდმივად დარჩება და იმაზე უფრო დიდი იქნება, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია.

  • ტრამპის ე.წ. კორიდორი, თქვენი აზრით, საქართველოს გარეშე ვერ ამოქმედდება? 

ჯერ ერთი, რომც გამოვიდეს, ეს დერეფანი არის საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი. ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემებზე, რომელსაც რეგიონი განიცდის დღეს, განიცდის ხვალ და დროის მოკლე მონაკვეთში მოსაგვარებელია.

სომხეთი ფორმალურად, პოლიტიკურად დისტანცირებულია რუსეთისგან და ეს ძალიან კარგია. იმედი მაქვს, ის წარმატებული იქნება ამ ბრძოლაში, მაგრამ ფორმალურად ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სომხეთის რუსეთისგან ჩამოშორების პროცესი არ დასრულებულა, ისევე როგორც, სხვათა შორის, აზერბაიჯანის, მიუხედავად ალიევის საკმაოდ მწვავე განცხადებების და მკვახე პოზიციებისა ბოლო დროს მოსკოვის მიმართ.

ასევე ვხედავთ საქართველოში რუსეთი როგორ არის გააქტიურებული.

ეს პროცესი რომ განვიხილოთ, როგორც დასრულებული ფურცელი, რომ აი, რუსეთი კავკასიიდან წავიდა, არასერიოზულობად მიმაჩნია. ის უბრალოდ დასუსტებულია.

სხვათა შორის, რაც ხდება კავკასიაში, არის საუკეთესო დასტური იმის, რომ მეორე ფრონტის გახსნას ჩვენ არავინ გვთხოვდა. დადასტურდა სომხეთის მაგალითზე, სირიაშიც იგივე მოხდა – რუსეთს რესურსი არ აქვს, რომ სადმე სხვაგან კიდევ იომოს უკრაინის გარდა.

ისტორიული ფაქტია, რაც მოხდა: პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა იფრინა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ეს ყველაფერი დიდებულია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი არის თვალისმომჭრელი პიარი. რა დარჩება რეალურ ცხოვრებაში, არ ვიცით. ზუსტად ახლა უნდა ვიაქტიუროთ და დავაბრუნოთ საქართველოს როლი, როგორც კავკასიაში თავისუფალი სამყაროს ინტერესების შემგროვებელი, შემომკრები.

  • რამდენად არსებობს ამის პერსპექტივა, რომ საქართველომ ეს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში დაიბრუნოს?

ეს პერსპექტივა გაჩნდება იმდენად, რამდენადაც ჩვენ გავაჩენთ მას, რამდენადაც ჩვენ ვიქნებით აქტიურები. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ვაშინგტონს სტრუქტურული, სიღრმისეული პოლიტიკა ჯერჯერობით ამ რეგიონთან მიმართებაში არ გამოუცხადებია. ეს შეიძლება კარგიც არის – ჯერ კიდევ გვაქვს დრო პოზიციონირების და საკუთარი ადგილის პოვნა-დამკვიდრების, მაგრამ შეიძლება ცუდიც არის: თუ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ასე, შესაძლოა, რუსეთმაც გამოიყენოს და რაღაც მომენტში გადამწყვეტი დარტყმა განახორციელოს.

ძალიან სარისკო მომენტში ვართ. უნდა ვიბრძოლოთ და გამოვიყენოთ ეს ფანჯარა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგად კავკასიაში აშშ-ის ინტერესით შეიქმნა. ამ ფანჯარაში უნდა შევეკვეხოთ რაღაცნაირად.

როცა ხელისუფლება არ არის ამ ბრძოლაში ჩართული, ამოცანა, რა თქმა უნდა, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.

რა მიმართულებით იმოძრავებს N35 – ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 1-ელი ოქტომბრიდან ახალი სამარშრუტო ხაზი, N35 დაემატა.

მიკროავტობუსი ხაზზე იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

თევდორე მღვდლის ქ. – ხახულის ქ. – ლეონიძის ქ. – შარტავას ქ. – აბუსერიძის ქ. – ჭავჭავაძის ქ. (საბაგირო).

უკუმიმართულება იგივე იქნება.

„ტარიფი – 50 თეთრია და ძალაში რჩება ყველა ის საშეღავათო პროგრამა, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედებს“ – იუწყება „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.

ყოველ ჯერზე, როცა გელა ხასიას აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება „აფხაზური მილიცია“ – ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტპატიმარი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება პარტიის წევრისა და აქტივისტის, გელა ხასაიას დაკავებას სისხლის სამართლის მუხლით. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ყოველ ჯერზე, როცა სამოქალაქო აქტივიზმის გამო გელა ხასაიას თბილისში აკავებენ, აფხაზეთში, გალში, გელა ხასაიას დედას „აფხაზური მილიცია“ აკითხავს და ეუბნება, მისი შვილი შეეშვას პოლიტიკურ აქტივობას.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ზურა ჯაფარიძის წერილს ციხიდან, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„როცა გავიცანი აფხაზეთზე წერდა/ლაპარაკობდა, უსამართლობას აპროტესტებდა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ვინც კი რაიმეს სთხოვდა.

მერე, როცა შედარებით უკეთ გავიცანი, მივხვდი, რომ ეს სამი „საქმე“ იყო, რისთვისაც დილით იღვიძებდა და ლოგინიდან დგებოდა.

გალიდან არის და ღრმა ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა გადაწერილ ისტორიას, რომელსაც იქ ასწავლიდნენ.

ცოტა რომ წამოიზარდა, იმდენი ირბინა ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთჯვრიანი დროშით, სანამ რუსების მხრიდან დასაჭერად არ გაუხდა საქმე და აქეთ გადმოვიდა.

ბევრმა არ იცის, რომ ცოტახანს ევროპაში ცხოვრობდა.

ცოტახნით იმიტომ, რომ ვერ ძლებს ვერსად ამ ქვეყნის მიღმა.

აქედან ბევრი მიდის და ცოტა ბრუნდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით. ის დაბრუნდა და ცხოვრობს „კპზ“-დან „კპზ“-მდე.

ამაზე თითქმის არასდროს ლაპარაკობს – ყოველ ჯერზე, როცა აქ იჭერენ, გალში დედამისს ადგება ე.წ „აფხაზური მილიცია“ და ურჩევს დაელაპარაკოს შვილს, რომ შეეშვას თბილისში პოლიტიკურ აქტივობას.

ამიტომ არასდროს დასჭირვებია დამატებითი მტკიცებულება, რომ “ქართული სირცხვილი” სინამდვილეში რუსული მმართველობაა.

დედა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთადერთი, რასაც სულ განიცდის და რაზეც სულ ფიქრობს.

დედა, რომელსაც ძალიან იშვიათად ნახულობს, რადგან ვეღარ გადადის გალში. ხშირად ელაპარაკება ტელეფონით.

ოკუპაციის ხაზის აქეთ მხარეს არ გააჩნია არაფერი, ერთი ფისოს გარდა.

საერთოდ არაფერი.

როდესაც წლების წინ მისმა ოჯახმა რაღაც თანხას მოუყარა თავი, რომ მისი მომავლისთვის რამეში დაებანდებინათ, ადგა და სოხუმში იყიდა პატარა ბინა.

კი, ერთადერთი რაც აქვს, არის პატარა ბინა სოხუმში და რწმენა, რომ იქ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება.

ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ როგორც კი აფხაზეთში დავბრუნდებით, იმ ბინაში უნდა დავთვრეთ.

ახლა, ალბათ, წევს საკანში და ნერვიულობს, რომ ვიღაცას რაღაცაში დახმარებას დაჰპირდა და ვერ შეუსრულებს.

ეს არის გელა ხასაია.

50, მაქსიმუმ 60 კგ წონის ჯიუტი მეგრელი, რომელსაც რუსულ ტრადიციულ, თავხედურ, ცინიკურ სტილში რეჟიმი ყოველ ჯერზე იმას აბრალებს, რაც უბრალოდ შეუძლებელია.

რამდენჯერმე გაასამართლეს სპეცრაზმის კორდონის გარღვევის მცდელობისთვის და ახლაც ვიღაცისთვის ხელის მოტეხას ტენიან, რომ 4-6 წლით გაუშვან ციხეში.

მხოლოდ მონას შეუძლია სჯეროდეს, რომ ასეთ უსამართლობას ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია“.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გელა ხასაიასადმი წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არ დევს ვიდეო-ჩანაწერები და ნეიტრალური მტკიცებულებები.

____________

ფოტოზე: ზურა გირჩი ჯაფარიძე და გელა ხასაია

კუპრაშვილის ბიურომ ქალ აქტივისტებს არარსებული ორგანიზაციის წევრობისთვის უჩივლა

გორელ აქტივისტებს, თეონა ფანქველაშვილს, თეო ბზიშვილსა და ლუკა ხიზაძეს, ანტიკორუფციულმა ბიურომ იმ ორგანიზაციის წევრობის გამო უჩივლა, რომელიც არ არსებობს. ანტიკორუფციულ ბიუროს თავად უწერია საჩივარში, რომ „ფარი“ და „ერთობა“ ფეისბუქში შექმნილი გვერდებია და საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაცია არ ფიქსირდება.

ანტიკორუფციულის ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, სასამართლოს სთხოვდა, წვდომა მიეცა აქტივისტების საბანკო ანგარიშებზე, თუმცა მოსამართლე ნინო გერგაულმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაჟდენ კუპრაშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ის, რომ რაჟდენ კუპრაშვილი არ არსებული ორგანიზაციის წევრობას აბრალებდა და მოითხოვდა მათ ანგარიშებზე წვდომას, აქტივისტებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა კუპრაშვილის საჩივარი სააპელაციოში შევიდა.

„მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ თქვენზე ანტიკორუფციულიდან იყო საჩივარი შესული გორის საქალაქო სასამართლოში და მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნაო.

რაჟდენ კუპრაშვილი გვიჩივის იმ მოტივით, რომ თითქოს ჩვენ გრანტები გვაქვს მიღებული ევროპიდან, დასავლეთიდან და რომ ვართ ორგანიზაცია „ფარის“ წევრები.

ასევე წერს, რომ ზაფხულში ვესწრებოდით ტრენინგებს კაპროვანში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ, რომ კაპროვანში ცხოვრებაში არ ვართ არც ერთი ნამყოფი.

„ფარი“, რომლის წევრობასაც გვაბრალებს რაჟდენ კუპრაშვილი, საინიციატივო ჯგუფია და არა ორგანიზაცია და ამ ჯგუფის წევრებიც აპროტესტებენ იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

ანუ „ფარი“ არის საინიციატივო ჯგუფი და „ერთობა“ არის უბრალოდ იდეა – ძალა ერთობაშია, რა.

საჩივარში წერია, რომ თქვენ მიიღეთ სარგებელიო, ანუ ოფისებით სარგებლობთო და კიდევ რაღაც საკვებზე იყო საუბარი, მსგავსი რაღაცები არასდროს არ გვქონია.

ერთადერთი, საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრიც ვართ მე და ჩემი მეგობრები 2016 წლიდან, მარო მაყაშვილის ჯგუფია და ამ ჯგუფის მიზანი იყო გვესაუბრა მარო მაყაშვილზე, გვქონდა ინიციატივა, რომ გორში სტალინის ქუჩას შესცვლოდა სახელი და დარქმეოდა მარო მაყაშვილის ქუჩა, ასევე ვაწყობდით პერფორმანსებს და სხვადასხვა აქციას ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტოტალიტარიზმი კლავს და ასევე გვქონდა ინიციატივა, რომ სტალინის მუზეუმსაც შესცვლოდა სახელი და ამ მუზეუმში სტალინური რეპრესიების რეალური ისტორიები მოეყოლათ ტურისტებისთვის.

თუმცა ორგანიზაციად ჩვენ არ ვართ დარეგისტრირებული, რადგან ჩვენი აქტივიზმითაც ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

როგორც თეონა ამბობს, რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს აქტივისტების წინააღმდეგ საჩივარი 24 სექტემბერს შეუტანია სასამართლოში.

„სააპელაციო სასამართლოში, როგორც გვითხრეს, ვერ დავესწრებით პროცესს, რადგან ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე.

უბრალოდ, ძალიან აქტიური მოქალაქე, სამოქალაქო აქტივისტი ვარ და ალბათ ვეჩხირები სისტემას თვალში“, – ამბობს თეონა ფანქველაშვილი.

„ბათუმელები“ ესაუბრა თეო ბზიშვილსაც.

„31 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში არ ვყოფილვარ არც ერთი ორგანიზაციის წევრი და ჩემი ხელფასის გარდა სხვა რაიმე შემოსავალი მიღებული არ მაქვს.

თუმცა მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს გამიცია არაერთი მცირედი შემოწირულება – 20-30 ან 10 ლარი იმ აქტივისტების დასახმარებლად, ვისი შრომაც ნამდვილად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში.

ქალთა უფლებები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ტიპის ორგანიზაციების წევრიც კი არ ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ არასდროს არც ერთი გრანტი არ მაქვს მიღებული“, – ამბობს თეო ბზიშვილი.

მისი თქმით, მას არაფერი აქვს დასამალი არც პირად შემოსავლებთან და არც სახელფასო ჩარიცხვების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. თუმცა რაჟდენ კუპრაშვილის ბიუროს მხრიდან მის ანგარიშებზე წვდომის მიღების სამართლებრივ ფორმებს არ ეთანხმება.

„რომ ეთქვა, ამოვბეჭდავდი და ისე გავუგზავნიდი კუპრაშვილს ამონაწერს, რადგან არაფერი მაქვს დასამალი. ექვსი წელია საბანკო სექტორში ვმუშაობ და ხელფასის გარდა არანაირი სხვა ჩარიცხვა არ მიფიქსირდება ისედაც, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ჩვენს ანგარიშებზე ამ ფორმით წვდომას.

როცა ქვეყანაში ამ დონის კორუფციაა და 650 მილიონ დოლარს იპარავს ერთი ადამიანი, ასევე კორუფციის სხვა არაერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამ დროს რაჟდენ კუპრაშვილი იცლის თეო ბზიშვილის 1800-ლარიანი სახელფასო ანგარიშებისთვის.

და არა იმ კორუფციული ფაქტების შესასწავლად, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს“, – ამბობს თეო ბზიშვილი.

„მთავარია გჯეროდეს“ – ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება. მან2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ ის ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს – ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა.

ეს შესაძლებლობა კი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. გამარჯვებულები კი AI საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ პეკინში, სადაც საქართველო პირველად წარდგა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა გლობალურ ასპარეზზე.

„ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად უნდა გქონდეს შემართება, ინტუიცია და თვითრწმენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი სწავლითა და მუშაობით შეიძენ. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსი მოგცემს საკუთარი თავის ისეთ რწმენას, რომელიც წარმატებამდე გარდაუვალად მიგიყვანს“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა ოლიმპიადამდე ჰქონდა, გლობალურ კონკურენციაზე ასპარეზობამ მისცა თვითრწმენა, შექმნას თავისი ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, კოდის წერა, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა, ინტუიცია მანქანურ სწავლებაში – ნიკას აზრით, იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ამბებს ქმნის.

„ოლიმპიადამ მომცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ეფექტურად გადამეწყვიტა პრობლემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არამედ დამენახა, როგორ შეიძლება პატარა იდეა გადაიქცეს რეალურ პროტოტიპად, რომელსაც ფართო საზოგადოება გამოიყენებს. ოლიმპიადის შემდგომ, დავიჯერე, რომ შემიძლია პროფესიონალურად დავიწყო მუშაობა და სამომავლო საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგს დავუკავშირო .“

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია, ნიკა ურჩევს:თუ მზად ხართ ცოდნის შესაძენად, საკმარისია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, თუმცა თუ გსურთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა მათემატიკური მექანიზმებისა და მანქანური სწავლების მოდელების შესახებ და, გარდა ამისა, შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ პროექტზე, მაშინ ეს ოლიმპიადა არის ადგილი, სადაც ეს აუცილებლად მოხდება.“

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

შსს 94,5 ათასი ლარის საკვებს იყიდის პოლიციელებისთვის რეგიონებში არჩევნების დღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტები რეგიონებში [თბილისის გარდა] ჯამში 94 ათას 593 ლარის საკვებს ტენდერის გარეშე იყიდიან პოლიციელებისგან სპეციალურად საარჩევნოდ შექმნილი ჯგუფებისთვის.

სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს „2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური საპოლიციო ძალების კვებით უზრუნველყოფა“ შს მინისტრის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძნებით დაევალათ.

„ზემოაღნიშნულმა ჯგუფებმა მათზე დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულონ კენჭისყრის დაწყებიდან საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლის პროცესის დასრულებამდე, ამასთან, ჯგუფებში ჩართული მოსამსახურეები შესაბამის დისლოკაციის ადგილზე უნდა იყვნენ მუდმივად განთავსებული. შესაბამისად მოცემულ მონაკვეთში მიზანშეწონილია შს სამინისტროს მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იყვნენ კვებითი მომსახურებით“ – წერენ პოლიციის დეპარტამენტებიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

სააგენტოს პოლიციის დეპარტამენტებიდან ასევე წერენ, რომ მინისტრის ბრძანებიდან, ანუ „2025 წლის 30 სექტემბრის შემდეგ 2025 წლის 04 ოქტომბრამდე დარჩენილი პერიოდი არ იძლევა საშუალებას, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გარდა გამოყენებული იქნას სხვა შესყიდვის საშუალება… რადგან დარჩენილი პერიოდი არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების განსახორციელებლად.“

ტენდერის გარეშე შესყიდვების დროს საჯარო სამსახურები ხშირად უთითებენ, რომ ტენდერის ჩასატარებლად საჭირო პერიოდი არ იყო საკმარისი. ამ მიზეზს ასახელებენ ისეთი მომსახურებების შესყიდვაზეც, რომელთა საჭიროება გაცილებით ადრე, ზოგიერთ შემთხვევაში წლის დასაწყისშიც კი არის ცნობილი და რომლებიც არ საჭიროებენ „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძვლით შესყიდვებს.

ამ შემთხვევაშიც – არჩევნების ჩატარების თარიღი კანონმდებლობითაა განსაზღვრული და „ოცნების“ პრეზიდენტმაც 2025 წლის 4 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნაზე განკარგულება 2025 წლის 5 აგვისტოს გამოსცა.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით ამ დროისთვის უცნობია რეგიონებში პოლიციელებისთვის განკუთვნილი მენიუ და პოლიციელთა საერთო რაოდენობა, თუმცა, ცნობილია ვინ რამდენი ლარის საკვების შესყიდვას გეგმავს:

  • აჭარის პოლიციის დეპარტამენტი – 16 660 ლარი
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტი – 7 776 ლარი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი – 23 640 ლარი
  • იმერეთის პოლიციის დეპარტამენტი – 15 390 ლარი
  • სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი – 8 100 ლარი
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი – 9 900 ლარი
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტი – 13 127.50 ლარი

რაც შეეხება თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, მას შესყიდვების სააგენტოსთვის „გადაუდებელი აუცილებლობით“ შესყიდვის თანხმობაზე ამ დროისთვის არ მიუმართავს.

აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისში, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებას „რუსთაველის გამზირი“ მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული. ამასთან, დედაქალაქში საპროტესტო აქციები უკვე 309-ე დღეა უწყვეტად იმართება.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე მოსამსახურეთა კვებაზე“ კი თბილისის პოლიციას, ბოლოს – 2025 წლის ივლისში – ხელშეკრულება 60 000 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ტენდერის გარეშე.

2025 წლის 12 აგვისტოს კი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა ხელშეკრულება იგივე მომსახურებაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს BF Service-სთან გააფორმა – 380 000 ლარზე [მომსახურების ვადა 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია].

მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებას და არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩენებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. პროტესტში მყოფი მოსახლეობა ათ თვეზე მეტია აქციებს მართავს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში და ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს. არჩევნებში არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

ამავე თემაზე:

კონსოლიდირებული ტენდერი იყო გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენაზე, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება და მეორე დღეს, 3 ოქტომბერს დასრულდება.

შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

 

 

 

 

 

სინდისის პატიმრების წერილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

სინდისის პატიმრებმა: დავით ხომერიკმა, ანდრო ჭიჭინაძემ და ირაკლი მიმინოშვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნეს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს.

„გამარჯობა და დაგვლოცეთ ჩვენო სულიერო და კეთილო მოძღვარო!

პირველ რიგში მადლობა გვინდა გითხრათ იმ მართალი და გაბედული სიტყვისთვის, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ასე იშვიათად ისმის ჩვენი ეკლესიებიდან.

ჩვენთვისაც ასევე ძალიან დიდი ძალის მომცემია თქვენნაირი ადამიანისა და პიროვნების გვერდში დგომა, რომელიც ასე უშიშრად იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით გვიგულეთ!

მადლობა თქვენი ლოცვისა და თანაგრძნობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს უიმედობასა და ბოროტებას. მხნეობას და გამძლეობას გისურვებთ“.

წერილს ხელს აწერენ სინდისის პატიმრები: დავით ხომერიკი, ანდრო ჭიჭინაძე და ირაკლი მიმინოშვილი.

სინდისის პატიმრების წერილი დოროთე ყურაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე.

„გამიჭირდა წაკითხვა, ცრემლები მეფარებოდა. მადლობა ძმებო. მალე გავიმარჯვებთ ბოროტებაზე“ – წერს არქიმანდრიტი.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად ეხმიანება სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომებსა და „ოცნების“ ძალადობას პროევროპული აქციის მონაწილეებზე.

„ეს ახალგაზრდობა რომც გააჩუმოთ, ქვები დაიწყებენ ყვირილს თქვენს უსამართლობაზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა 2025 წლის ივნისში. 

დოროთე ყურაშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სასამართლოზეც იმყოფებოდა.

________________

ფოტოზე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, სინდისის პატიმარი დავით ხომერიკი – ფოტო: „პუბლიკა“

ამავე თემაზე: 

ვინ და რა საკითხზე მოსთხოვა ახსნა-განმარტება არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქოში

მზია ამაღლობელის საქმეს სააპელაციო სასამართლო 28 ოქტომბერს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულებას.

განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.

გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს აწერენ  მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი.

ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე დაარღვია განაჩენის მხარისთვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა.

6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა.

კერძოდ, მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სუს-ის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს ჩაქვში

გუშინ, პირველ ოქტომბერს, ჩაქვში, ყოფილი ტურბაზის შენობაში, შუახნის კაცი, სუს-ის თანამშრომელი, გარდაცვლილი იპოვეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიყენებული.

სუს-ში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით განიხილება მხოლოდ ერთი, სუიციდის ვერსია. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

დადგენილება არ ვრცელდება ცალკეულ სამსახურებზე. მაგალითად, ეროვნული ბანკის „ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით“ გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“.

ასევე, ისეთ სამსახურებზე, რომელთა „ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“

4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებს ქვეყანაში. თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცებას და არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩენებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

პროტესტში მყოფი მოსახლეობა ათ თვეზე მეტია აქციებს მართავს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში და ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს.

 

Exit mobile version