აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ თოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები.
ამ დროისთვის მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები“ – წერს დეპარტამენტი.
28 დეკემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტო იუწყება, რომ 29-30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.






