რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი „თავს არავის დაესხმება“, მაგრამ თუ პირიქით მოხდება, „პასუხი იქნება გამანადგურებელი“.
ამის შესახებ ლავროვმა რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ევროპელი ლიდერების განცხადებას რუსული საფრთხის ზრდის შესახებ.
„იმ გაუგებარი პოლიტიკოსებისთვის ევროპაში, რომლებსაც, იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს აჩვენებენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არ არის საჭირო იმის შიში, რომ რუსეთი ვინმეს თავს დაესხმება. მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტს რუსეთზე თავდასხმას, პასუხი გამანადგურებელი იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს საჯაროდ არაერთხელ განაცხადა“ – თქვა ლავროვმა.
მან ასევე თქვა, რომ „ისინი [ევროპის ქვეყნები] არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს“.
ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი 2014 წლიდან ახორციელებს რუსეთთან „დემონტაჟის პოლიტიკას“, ევროპული ქვეყნების უმეტესობის მმართველი წრეები „რუსულ საფრთხეს აზვიადებენ“ და საზოგადოებაში რუსოფობიურ და მილიტარისტულ განწყობებს აღვივებენ.
შეგახსენებთ, 2014 წელს, რომელიც ლავროვმა თავად დაასახელა ინტერვიუში, რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რასაც დასავლეთის ქვეყნების მკვეთრი კრიტიკა და სანქციები მოჰყვა.
ხოლო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც კი, რუსეთმა ოფიციალურად უარყო, რომ უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. კრემლი ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ და არა ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.






