სიახლეები

სამი რამ, რაც 2026 წელს გამარჯვების წლად აქცევს

29.12.2025
სამი რამ, რაც 2026 წელს გამარჯვების წლად აქცევს

ავტორი: დათო ჯინჭარაძე, პოლიტიკური აქტივისტი, ბრიტანული „Newspeak House“-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების მკვლევარი.

___

სხვებივით, მეც მომიწია ყოველდღიურობის მიტოვება და რუსთაველზე გამოსვლა. მეც მქონდა იმედი, რომ რეჟიმს 2024 წელსვე მოვიტოვებდით, მაგრამ ერთი წლის თავზე ახალ წელს ისევ ქუჩაში ვხვდებით – 124 პოლიტპატიმრით, დაღლილი თანამებრძოლებით, მომავლის ბუნდოვანი ხედვით და ბევრი იმედგაცრუებით – ვინც ერთ დროს იმედს და ხედვას ასხივებდა, დღეს თითქოს დაიცალა. 

ვიყოთ გულწრფელები – ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და გამარჯვებამდე შორია. 

გვინდა მოვიგოთ? არჩევანი ჩვენზეა – 2026 წელი ჯერ კიდევ შეიძლება ვაქციოთ გამარჯვების წლად. ამისთვის ძველი ქცევის წრე უნდა გავარღვიოთ – შევეშვათ იმას, რაც არ მუშაობს. 

რა გავაკეთოთ? ძველი ჩვევების დავიწყებასთან ერთად, სამი ახალი რამ უნდა გავითავისოთ. თუ სამივე გამოგვივა, ვფორმირდებით მცირე სამოქალაქო ჯგუფებად და საერთო მიზნების ქვეშ გავერთიანდებით – მოგების რეალური შანსი გვაქვს.

1. ეს არის ბრძოლა ყურადღებისთვის

ცენტრისტებს, ზომიერ კონსერვატორებს და სოციალ-დემოკრატებს ხშირად მეტი რამ გვაქვს სასწავლი რადიკალური მოძრაობებისგან. როგორ შეძლეს რადიკალურმა პარტიებმა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მასობრივი მხარდაჭერის მოზიდვა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში? პასუხი მარტივია: ისინი იგებენ ბრძოლას ყურადღებისთვის. ულტრა-მემარჯვენე პარტიები ხშირად გვაყრუებენ ყველაზე ხმამაღალი და დაუჯერებელი განცხადებებით – ამით ინფორმაციის დიდ ტალღას, მოსაწყენ ამბებს ფარავენ და გვამახსოვრდებიან. 

ბრძოლა რომ ყურადღებისთვისაა, იციან პოლიტიკოსებმაც. საარჩევნო კამპანიებისას, ხშირად სამ მარტივ დაპირებას არჩევენ და თვეების განმავლობაში მხოლოდ ამ სამ დაპირებაზე საუბრობენ. ასე გააკეთა ნიუ-იორკის ახალმა მერმა, ზოჰრან მამდანიმ – საქართველოში მას ბევრი იწუნებს, მაგრამ შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანი და მისგან მაინც ისწავლო რამე: ყურადღება შეზღუდული რესურსია, ამიტომ სამ მარტივ და გამაერთიანებელ თემაზე ჯობია ფოკუსირება სამყაროში, სადაც ყველას უნდა შენი ყურადღების მიქცევა. სამი ასეთი თემის წამოჭრით მამდანიმ მასზე გაცილებით უფრო მდიდარ და გავლენიან კანდიდატებს მოუგო, 2%-იანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსიდან კი ნიუ-იორკის ახალი მერი დადგა. 

ადამიანებისთვის ყურადღების მისაქცევად ხშირად პირველი წამებია ყველაზე მნიშვნელოვანი. არაერთი კვლევა გვეუბნება, რომ პოლიტიკოსის გარეგნობითაც კი მის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება ხშირად 0.1 წამშიც კია შესაძლებელი.

მაგრამ ყურადღების მიქცევა არ არის საკმარისი – ჩვენთვის დღეს დიდი პრობლემა ყურადღების შენარჩუნებაა. წინა წლის იანვარში აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა,მაგრამ მისი სახელი ბევრს ყველაზე აქტიურ პოლიტიკურ ,,ბაბლშიც’’ კი არ ახსოვს. ქვეყანაში უამრავი ტრაგედია ხდება, მაგრამ ყურადღების შეზღუდულობის გამო, ჩვენ გვიჭირს ადამიანების ფოკუსის შენარჩუნება ყველაზე ტრაგიკულ მოვლენებზეც კი.  

გაკვეთილი: ბრძოლა ყურადღებისთვის ორმხრივია. ჩვენი ტვინი არ შექმნილა იმისთვის, რომ დღეში 12 საათი სოციალური მედიიდან უწყვეტი ინფორმაცია მიიღოს და ყველაფერი დაამახსოვრდეს. ყურადღება ისეთივე რესურსია, როგორიც ფული – ამიტომ ყოველთვის, როდესაც ფეისბუქ-გარჩევაში შევდივართ, ამ უხილავ ფულს გავცემთ. ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვწერთ, ამ უხილავ ფულს ვითხოვთ. ხშირად დღის ბოლოს ,,უფულოდ’’ ვრჩებით და ქიმიურ მოწამვლაზე სასაუბრო ყურადღებაც კი აღარ გვრჩება. გვახსოვდეს ეს, სანამ მორიგ გარჩევას დავიწყებთ. 

2. ეს არის ბრძოლა დროისთვის 

ყურადღების მსგავსად, ყველა სხვა რესურსის ერთმანეთში კონვერტირება და გაზომვა შეიძლება. დრო ფულია, ფული კი დროა. ჩვენ ვუხდით ძიძებს იმისთვის, რომ სამუშაოდ ან დასასვენებლად დრო გამოგვითავისუფლონ – ანუ გვიღირს გარკვეული თანხის დროში გადაცვლა. და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თანხა მივიღოთ და ოჯახს საჭმელი ვუყიდოთ – ანუ დროის გადაცვლაც ფულში გვიღირს. დრო ფულია, ფული კი დროა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტმა, ყოველდღიურმა წინააღმდეგობამ დაგვანახა რამდენად მილევადი რესურსია ენერგია, ფული და დრო. სპრინტისას გაქვს ფუფუნება, რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო, მაგრამ როცა პროტესტი ასე დიდხანს გრძელდება, გიწევს ფიქრი საკუთარი რესურსების გადანაწილებაზე. პროტესტში ჩართული ბევრი ადამიანი მრავალშვილიანი დედაა, გამოცდილი მარკეტერი, დაკავებული მასწავლებელი ან ექიმი – ეს ხალხი ყოველდღე იღვიძებს და წყვეტს, რამდენი საათი დაუთმოს პროტესტს – საათების კონვერტირება კი პირდაპირ ფულში და ენერგიაშია შესაძლებელი. 

2026 წელს უნდა ვისწავლოთ, რომ თანმიმდევრული წინააღმდეგობისთვის ყველას გვჭირდება განვსაზღვროთ, დღეში ან კვირაში რამდენი საათის გადადება შეგვიძლია საერთო საქმისთვის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ გადავიღალოთ და იმისთვისაც, რომ არ დავნებდეთ. 

იქნებ თქვენ დღეში 1 საათის დონაცია შეგიძლიათ, ან კვირაში 5 საათის – სად იქნება ეს დრო ყველაზე ეფექტურად დახარჯული? იქნებ, აქციაზე ყოველდღე ვერ დგახართ, მაშინ ამ 1 საათის დახარჯვა ხომ არ ჯობია ,,სინათლე არ უნდა ჩაქრეს’’ შესახებ ახლობლებისთვის მოსაყოლად, ან ხალხის გაზეთის გასავრცელებლად მშობლიურ ახლომდებარე სოფელში? ჩვენი პრობლემა ხშირად არამხოლოდ რესურსების ნაკლებობა, არამედ უკვე არსებული რესურსების გადანაწილებაა. შეიძლება ფონდში გადასარიცხი 100 ლარი არ გვქონდეს, მაგრამ გვქონდეს დიზაინის უნარები, რომლებსაც ამ ფონდების მხარდასაჭერად გამოვყოფთ. 

გაკვეთილი: პროტესტში ჩართულმა ათმა ადამიანმაც კი რომ ათკაციანი ჯგუფი შექმნას, სადაც თითოეული ადამიანი კვირაში 4 საათს გამოყოფს საერთო საპროტესტო საქმისთვის, ეს უკვე თვეში 1600 საათი გამოდის, ანუ უწყვეტი მუშაობის ორ თვეზე მეტი. ეს უდიდესი დროის რესურსია, რომლის სწორად და მიზნობრივად დახარჯვის შემთხვევაში, საქართველოს დემოკრატიული წინააღმდეგობის მოძრაობა გაცილებით უფრო გაძლიერდებოდა, ვიდრე ახლა. 

3. ეს არის ბრძოლა ხედვისთვის 

შეიძლება დაგარწმუნეთ, რომ თავი გამოვიზოგოთ და დროის, ფულის და ყურადღების განაწილებას ყურადღებით მივუდგეთ – მაგრამ რეჟიმის მხარეს ხომ კიდევ უფრო მეტი ფული, დაშინება, ადამიანური რესურსი (შსს, სუსი, სამინისტროები) და რუსული კავშირებია. სინამდვილეში, ნებისმიერ რესურსს – რეჟიმისთვის თუ ჩვენთვის – ნაკლები სარგებელი აქვს, თუკი თან მომავლის ხედვა არ მოსდევს. 

დემოკრატიებშიც და ავტოკრატიებშიც, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს ან სამოქალაქო საზოგადოებას რაღაცის შეცვლა სურს, საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობის დარწმუნება არამხოლოდ იმაში, რომ ცვლილება საჭიროა – არამედ იმაშიც, თუ როგორი ცვლილება გვინდა. ესაა ბრძოლა ხედვისთვის – ხედვა, რომ მომავალი უკეთესი იქნება, ვიდრე რეალობა. დღევანდელი რეჟიმი დგას რწმენაზე, რომ მომავალი 2026 წელი შეიძლება ძალიან კარგიც არ იყოს, მაგრამ რეჟიმის გარეშე 2026 წელი გაცილებით უარესი იქნება. 

ეს იცოდა ვენესუელის დემოკრატიულმა ოპოზიციამაც – მარია კორინა მაჩადომ, ნობელის პრემიის გამარჯვებულმა, შექმნა ხედვა, რომელსაც Venezuela, Tierra de Gracia დაარქვა (და ცნობილი ვენესუელური სიმღერის სახელს დაამთხვია). ამ ხედვაში მან აღწერა, როგორ გარდაქმნიდა სიღარიბით სავსე ადგილს კეთილდღეობის და სტაბილურობის ქვეყნად. აღწერა იმდენად დამაჯერებლად, რომ თან ოპოზიციის გაერთიანებაც და მოსახლეობის ცვლილებების საჭიროებაში დარწმუნებაც შეძლო და ნობელის პრემიაც მოიგო. 

როგორი იქნებოდა ასეთი ხედვა საქართველოსთვის? პირველი რესპუბლიკისეული ნაცემართა თავშესაფარი, თუ რამე სრულიად ახალი? შეიძლება, ეს იყოს აუღებელი ციხესიმაგრე – გაზრდილი თავდაცვის ხარჯებით და დაცული საზღვრებით, ექთნებისთვის და მასწავლებლებისთვის უკეთესი ხელფასებით და დაცული კულტურული ძეგლებით. ან იქნებ, წალკოტი, ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკით, სამართლიანი სასამართლოთი და თავისუფალი ბიზნესით. რა არის ის, რაც გვაერთიანებს და გვადარდებს ყველას – ,,ბოლო ქოცსაც’’ კი?

ხედვის დაწერა არასაკმარისია – ამ ხედვის ყველამ უნდა ირწმუნოს. იმ ხალხმაც კი, ვინც ერთ დროს რეჟიმს დაუჭირა მხარი. თანამედროვე სახელმწიფოც იმიტომ არსებობს, რომ მოქალაქეები, რომელთა დიდი ნაწილიც ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში არასდროს შეხვდება, თანხმდებიან საერთო ხედვაზე და ერთმანეთს წარმოიდგენდნენ ერთობის ნაწილად. მხოლოდ მაშინ, როცა ხედვა სცდება თაბახის ფურცელს და ადამიანის წარმოსახვაში ინაცვლებს, შესაძლებელი ხდება რეჟიმის ლოიალისტების დარწმუნება იმაში, რომ ცვლილებას ცვლილებისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ ახალი რესპუბლიკის შექმნა გვსურს.

გაკვეთილი: ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი ხედვა, რომ ადამიანს შეეძლოს თვალები დახუჭოს და სხვანაირი, უკეთესი საქართველო წარმოიდგინოს. როცა დახუჭულ თვალებში ჩვენს ნათესავებს და ახლობლებს უკეთესი საქართველო წარმოუდგებათ, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმისთვის წარმოსახვაშიც კი აღარ რჩება ადგილი. 

2025 წელს შეიძლება ბევრი იმედგაცრუება ვიხილეთ, მაგრამ პროტესტი არ გატყდა. ამავე დროს, რასაც პროტესტის მონაწილეებისგან ყველაზე ხშირად ვისმენ, არის ის, რომ პროტესტი ძალას ვერ ასხივებს და ძალის პოზიციიდან ჯერ ვერ ლაპარაკობს. 2026 წელს ამის შეცვლა სრულიად შესაძლებელია, თუ სწორად ვიმოქმედეთ.

მცირე გამარჯვებები აკლია დღეს ყველაზე მეტად პროცესს და მცირე გამარჯვებებით მივალთ საბოლოო გარდატეხამდე. ყურადღების და დროის რესურსების სწორი გადანაწილებით და ხედვის შემუშავებით, მცირე გამარჯვებების მიღწევა წლის დასაწყისშივე შეიძლება. ზუსტად ასეთი 2026 წელი გვჭირდება – და ასეთ წელს გისურვებთ. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: