მთავარი,სიახლეები

დღეს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება – რა ვიცით?

28.12.2025 •
დღეს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება – რა ვიცით?

დღეს, 28 დეკემბერს, აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება – მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის  შემუშავებაა.

მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფება.

უკრაინის დელეგაციაში არიან: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია.

შეხვედრა ფლორიდაში 13:00 საათზე დაიწყება.

27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ დაასახელა ხუთი თემატური სფერო, რომლებიც განხილული იქნება სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებისას და რომელთა განხილვაც მას ტრამპთან სურს. მათ შორისაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

„საჭიროა ძლიერი პოზიციები როგორც ფრონტზე, ასევე დიპლომატიაში, რათა პუტინმა ვერ შეძლოს მანიპულირება და თავიდან ვერ აიცილოს ომის რეალური და სამართლიანი დასრულება. მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ – დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.

ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა: გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს; ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს, საფრანგეთის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ ჯორჯა მელონის და სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებს. ასევე, მედიის ცნობით, ონლაინ დიალოგს შეუერთდნენ: კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: