„რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ დაახევინეს უკან უკრაინელებმა რუსებს კუპიანსკში.
კუპიანსკი ის ქალაქია, პუტინს სამჯერ რომ ჩააბარეს ანგარიში, აღებულიაო.
რა ეტაპზეა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება? თუ ცეცხლი შეწყდება, როდის მიეცემა უკრაინას თავისი ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა?
„უკრაინა უნდა გაძლიერდეს იმდენად და რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ უკრაინამ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების თავისი ძალებით დაბრუნება… მეხუთე მუხლის ანალოგის მოქმედება აქ არაფერ შუაშია. ე.წ. მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მოქმედებები ჩაირთვება მაშინ, თუკი უკრაინაზე ისევ მოხდება თავდასხმა. შეიძლება, ერთმა მხარემ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ქვეყანამ თუ მოისურვა, მიზეზს ყოველთვის გამონახავს: პროვოკაცია იქნება თუ გარკვეული სხვა მიზეზი,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, ზელენსკის თქმით, იგი მალე შეხვდება ტრამპს. „ბევრი რამ შესაძლოა ახალ წლამდე გადაწყდეს“ – წერდა დღეს, 26 დეკემბერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. თქვენი აზრით, რამდენად გაიზარდა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ამ ეტაპზე?
ფაქტია, რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება აქეთკენ. ამ წლის დასაწყისში თქვენთან ინტერვიუში ვამბობდი, რომ იმედი მქონდა ცეცხლის შეწყვეტა მოხდებოდა წლის ბოლომდე. გააქტიურდა კიდეც ეს ტენდენცია, ამჯერად ამერიკელების თქმით, 90 დღეში შეიძლება გადაწყდეს ეს საკითხი. მოწოდებები საშობაო ცეცხლის შეწყვეტაზე ძირითადად მაინც პუტინის მხრიდან არის უარყოფილი. ფაქტია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვნახოთ.
არა მგონია, პუტინმა გამოიჩინოს კეთილსინდისიერება და საახალწლოდ ცეცხლი შეწყვიტოს რამდენიმე დღით.
როგორც იცით, 20 პუნქტი, რაც ზელენსკიმ დაასახელა ხმამაღლა, რუსეთს უკვე გადაეცა. რუსეთიდან პირველი ინფორმაცია, რაც გამოდის, არის ის, რომ რუსეთს თავისი ცვლილებების შეტანა სურს და ეს განსაკუთრებით ეხება ტერიტორიებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს… ვნახოთ, შემდეგი რა ნაბიჯები იქნება გადადგმული.
- უკრაინა ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას ითხოვს. ზელენსკის 20–პუნქტიანი გეგმით რა იცვლება არსებითად ძირითად მოთხოვნებში?
არაფერი არ იცვლება. იცვლება ალტერნატიული ვარიანტი, რაც ამერიკელებმა შესთავაზეს უკრაინელებს: ეკონომიკურად თავისუფალი ზონის ჩამოყალიბება ამ რეგიონში, რაც გულისხმობს მის დემილიტარიზაციას. ამაზე თანახმაა უკრაინა, მაგრამ ის, რომ დემილიტარიზებული ზონა ჩამოყალიბდეს და რუსეთმა ჯარები არ გაიყვანოს, არ გამოვა. ზელენსკი მზადაა, რომ უკრაინაში ჩაატაროს რეფერენდუმი ამერიკულ ალტერნატიულ ვარიანტთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ზელენსკი მზადაა ჩაატაროს რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმში იქნება ოცივე პუნქტის განხილვა და არა მხოლოდ ერთი პუნქტი.
სიახლე ისაა, რომ უკრაინა ითხოვს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მართოს აშშ-მ და უკრაინამ და იქ არ არის საჭირო მესამე მხარე – რუსეთი.
- დონეცკის ოლქის დემილიტარიზაციაზე თანხმობა ნიშნავს კომპრომისს უკრაინის მხრიდან? რუსეთი რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს, რა ჩანს ამ ეტაპზე?
რუსეთს აწყობს, თუ დონეცკის ოლქიდან რუსულ-უკრაინული ჯარები გავა. ფაქტობრივად ეს ტერიტორია დონბასის ტერიტორიაა, რომელსაც პრინციპში დონეცკის ოლქი შეიერთებს…
ეს დოკუმენტი, რომელიც დაასახელა ზელენსკიმ, არის დოკუმენტი, რომელზედაც რუსეთი იტყვის უარს. აქ არ არის გათვალისწინებული რუსული ენის გამოცხადება მეორე სახელმწიფო ენად, არ არის სხვა პირობები, რასაც რუსეთი დაჟინებით ითხოვს, იგივე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, სადაც მათი ხედვით უნდა იმართებოდეს ამერიკული და რუსული მხარეების მიერ.
ძნელია განსაზღვრო პუტინის თავში რა დევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას აწყობს საომარი ვითარება ქვეყნის შიგნით ვითარების რეგულირებისთვის, აწყობს ასევე თავისი თავის გამოყვანა, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურის, ევროპის დაშინება. ვერ გეტყვით, რამდენად შორს წავა პუტინი. ალბათ უფრო მეტი ნაბიჯები არის გადასადგმელი თუნდაც აშშ-ს მხრიდან, რათა დაარწმუნოს რუსეთი და გარკვეული ცვლილებების შემდეგ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.
- თუ ცეცხლი შეწყდება საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რასაც უკრაინა ითხოვს, რა შემთხვევაში შეეძლება უკრაინას თავისი ტერიტორიის დაბრუნებისთვის იბრძოლოს?
იმ შემთხვევაში, თუკი გაძლიერდება იმდენად, რომ იგი ამას შეძლებს. ცეცხლის შეწყვეტა, ცხადია, არ ნიშნავს ომის დასრულებას.
- მაგრამ აქ ხომ შემოდის ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპი, რომლის ანალოგის ამოქმედებაზეც არის საუბარი. შეუძლია ამ დროს უკრაინას, მაგალითად, კონტრშეტევა?
ცეცხლის შეწყვეტა თუ დადგება, ეს ნიშნავს, რომ ცეცხლი შეწყდება გარკვეული პერიოდით. ეს პერიოდი რამდენად ქმედითუნარიანი იქნება, სხვა თემაა.
უკრაინა უნდა გაძლიერდეს იმდენად და რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ უკრაინამ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების თავისი ძალებით დაბრუნება. მეხუთე მუხლის ანალოგის მოქმედება აქ არაფერ შუაშია. ე.წ. მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მოქმედებები ჩაირთვება მაშინ, თუკი უკრაინაზე ისევ მოხდება თავდასხმა.
შეიძლება, ერთმა მხარემ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ქვეყანამ თუ მოისურვა, მიზეზს ყოველთვის გამონახავს -პროვოკაცია იქნება თუ გარკვეული სხვა მიზეზი.
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ჰქონდათ აზერბაიჯანს და სომხეთს, მერე რა მოხდა? ასე რომ, მიზეზის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია.
მთავარია, უკრაინას ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეძლოს ამ ტერიტორიების დაბრუნება. ტყუილად დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტა და ვერაფერი ვერ ქნას, რა აზრი აქვს ამ მოქმედებას? მნიშვნელოვანია, რა ვითარება ჩამოყალიბდება რუსეთში ამ პერიოდში: რამდენად დასუსტდება რუსეთი?
- რა იკვეთება მიმდინარე მოლაპარაკებებიდან უკრაინის არჩევნებზე? მიეცემა ზელენსკის საშუალება, იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი?
რუსეთის მოთხოვნაა, ზელენსკიმ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. უკრაინელები დაეთანხმებიან თუ არა, სხვა თემაა. მოლაპარაკებები გრძელდება და ეს ერთ-ერთი საკითხია.
- რა იცვლება ამ დროს უშუალოდ ფრონტის ხაზზე?
გართულებული ვითარებაა სხვადასხვა მონაკვეთზე. დავიწყოთ კუპიანსკიდან, სადაც უკრაინელებს აქვთ წარმატება. ფაქტობრივად უკრაინელების კონტროლქვეშაა აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად. ბოლო პერიოდამდე რუსეთი აკონტროლებდა კუპიანსკის რაიონის 11-დან 3 სოფელს – კონდრაშოვკა, რატკოვკა და მოსკოვკა. დღეს რუსეთი ამასაც ვეღარ აკონტროლებს. კუპიანსკის კონტრშეტევაში უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს ამერიკული ტანკები „აბრამსები“, რომელიც მხარს უჭერდა კუპიანსკში კონტრშეტევის განხორციელებას.
რუსებს გზებზე ჰქონდათ განთავსებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და მოლოდინის რეჟიმში მყოფი დრონები, ე.წ. „ჟდუნები“. უკრაინელებმა გამოიყენეს გამნაღმველი ჯავშანმანქანები კოლონების სათავეში, რომელსაც ჰქონდა გამნაღმველი ტრალი. ამან საშუალება მისცა ტექნიკას სწრაფად და დანაკარგის გარეშე მიახლოებოდნენ იერიშზე გადასვლის ზღუდეს. სწორედ „აბრამსების“ ძალიან ეფექტიანი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებით, უკრაინული ჯავშანმანქანები პირდაპირ მიადგნენ სახლებს, სადაც იყვნენ გამაგრებული რუსები.
აქტიურად გამოიყენეს უკრაინელებმა ჯავშანტექნიკა. მითი, რომ ჯავშანტექნიკა აღარ არის ბრძოლის ველზე და დაასრულა თავისი არსებობის აზრი, არ არის სიმართლე.
კუპიანსკის და პოკროვსკი-მირნოგრადის მიმართულება გააქტიურდა მოლაპარაკებების პარალელურად: რუსები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ აი, კუპიანსკი აიღეს, პოკროვსკი აიღეს, მირნოგრადს იღებენ და ასე შემდეგ. უკრაინელებმა შეძლეს, განსაკუთრებით კუპიანსკში, პუტინის პოლიტიკური მარცხი.
- პუტინს მანამდე ანგარიში ჩააბარეს, აღებულია კუპიანსკიო
სამჯერ ჩააბარეს პუტინს ანგარიში კუპიანსკი ჩვენი კონტროლის ქვეშააო. პირადად განაცხადა პუტინმა, კუპიანსკი აღებულიაო.
პოკროვსკის და მირნოგრადის სრული კონტროლი კი ვერ დაამყარეს რუსებმა უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია. პოკროვსკი-მირნოგრადის აგლომერაციის უკრაინელებისგან საბოლოო გათავისუფლებას რუსები ვერ ახერხებენ.
რუსებმა დაიკავეს უკრაინული ქალაქი სივერსკი. აქ როგორ იყო საქმე: სივერსკის და კუპიანსკის მხარეზე შეტევების დროს უკრაინას უნდა აერჩია ერთ-ერთი მიმართულება, ძალები არ ყოფნით ორივე მიმართულების გასაძლიერებლად. ამიტომაც, უკრაინამ აირჩია კუპიანსკი. სივერსკი ფაქტობრივად 2022 წლიდან მიწასთან არის გასწორებული – ბომბების და დარტყმების ქვეშ იყო. უფრო ვალიდურად უკრაინელებმა ჩათვალეს კუპიანსკის დაცვა და შეძლეს კიდეც ამის განხორციელება.
სივერსკი რუსებს აძლევს საშუალებას, აღმოსავლეთ მიმართულებიდან შეუტიონ სლავიანსკს და კრამატორსკს, ვინაიდან პოკროვსკიდან ვერ ახერხებენ გარღვევას. თანაც, ამ შემთხვევაში მოუწევთ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გავლა, რომელიც საკმაოდ კარგად არის მომზადებული თავდაცვისთვის, ეს არის კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა და ასე შემდეგ.
სლავიანსკამდე სივერსკიდან არის 30 კილომეტრი, მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე: მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვა აღარ მოუწევთ რუსებს, მისი სამხრეთი ნაპირიდან აპირებენ შეტევას სლავიანსკისკენ, რაც რუკაზე ფაქტობრივად კარგი მიმართულებაა, მაგრამ პრობლემაა რელიეფი, რომელიც საკმაოდ დაღარულია: ხეობებია, თვითონ სევერსკი დონეცის სამხრეთი ნაპირი არის დაჭაობებული, აქვეა ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად შექმნილია ტერაკონები, შახტები და ასე შემდეგ.
რუსებს სივერსკის დაკავება აძლევს საშუალებას, რომ დასახლებული პუნქტ იმპოლის აღებით გაასწორონ ხაზი ჩასივ-იარი – იმპოლის ზღუდეზე, ეცადონ დაიკავონ ქალაქი ლიმანი. ეს კი, საშუალებას მისცემს მათ, მომზადებულად შეძლონ კრამატორსკ-სლავიანსკიზე შეტევა.
პირველად ამ ომის მანძილზე რუსების საჰაერო-სადესანტო დანაყოფებმა დაიკავეს უკრაინელების ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბრიგადის საბატალიონო მართვის პუნქტი. მართვის პუნქტი დაიკავეს ისე, რომ იქიდან არ იყო ევაკუირებული მატერიალური ნაწილი, ანუ ლეპტოპები, საბუთები და რუკები, მაგალითად, მაგიდაზე იყო დატოვებული. ამის ვიდეოებს ატრიალებენ რუსები სოციალურ ქსელებში. ეს მოხდა სამხრეთ-ცენტრალურ მიმართულებაზე – გულიაიპოლესთან.
ზოგადად, საბატალიონო მართვის პუნქტი დაახლოებით წინა ხაზიდან 2 კმ-ში იქნებოდა განთავსებული. ეს დიდი სიღრმე არ არის, მაგრამ მოსაკითხია, რატომ არ იქნა დროულად გადატანილი. ამაზე გამოძიება დაწყებულია უკრაინაში, რატომ არ მოხდა ევაკუირება.
ეს აჩვენებს, რომ ტერიტორიული დაცვის დანაყოფები წინა ხაზზე არ გამოირჩევიან დიდი ბრძოლისუნარიანობით პროფესიულ დანაყოფებთან შედარებით.
- როგორია სამხედრო და ადამიანური რესურსების მაჩვენებლების უკრაინის, ასევე რუსეთის მხარეს? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება?
თუ არ მოხდა ცეცხლის შეწყვეტა, ამ ტემპით, როგორც რუსები აგრძელებენ შეტევას, საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ 3 წელი დასჭირდებათ დონბასის ასაღებად. რუსები აკონტროლებენ დონბასის 23%-ს 2022 წლის შემდეგ, ხოლო უკრაინელები 22.5%-ს. ეს არის ის, რაც ბოლო 3 წლის და 8 თვის განმავლობაში შეძლეს რუსებმა.
საინტერესო იყო Wall Street Journal-ის მონაცემები: რუსეთის წინსვლის ტემპი უფრო ნელია, ვიდრე ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან ომებში. პირველი მსოფლიო ომის დროსაც კი, როცა სანგრებსა და მიწაში ჩამარხული იყო დაპირისპირება, მართლაც მეტრობით განისაზღვრებოდა წინსვლა-უკანდახევა, მაშინაც კი, უფრო მაღალი იყო წინსვლის ტემპები.
რაც შეეხება დანაკარგებს: ბოლო სამი თვის პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდა ფაქტობრივად არ ხდება უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში. უკრაინაში რუსების დაჯგუფების შევსება ხდება თვეში 30 000 მებრძოლით – ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში, მანამდე იყო 10 000 მებრძოლით – ეს შევსება ძირითადად მიდის დანაკარგების შესავსებად. ვერ აძლიერებენ ამ დაჯგუფებას მნიშვნელოვნად რუსები.
რა თქმა უნდა, უკრაინელებსაც უჭირთ, მათ შორის, ადამიანურ რესურსებით, მაგრამ კარგად გამოჩნდა როგორ ეხმარება დასავლეთი უკრაინას. 90 მილიარდამდე ევროს გადაცემას აპირებენ უკრაინისთვის, ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკელებმა „ტომაჰავკები“ გადასცენ მომავალში. ეს მითუმეტეს გააძლიერებს უკრაინელების შესაძლებლობებს.
როცა საუბრობენ რუსეთის მხრიდან ევროპის მიმართ მუქარაზე, შეგახსენებთ, რომ მარტო ამერიკას ჰყავს ევროპაში 130 000 კაცი, დამატებით F-35-ის 7 ესკადრილია, 6 ნაღმოსანი, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ასე შემდეგ. თურქეთის შეიარაღებული ძალებია 355 000, პოლონეთის – 216 000, საფრანგეთის – 200 000, გერმანიის – 180 000, დიდი ბრიტანეთის – 145 000, აღარ ვთვლი პატარა ქვეყნებს. ამას დავუმატოთ უკრაინელების 800 000. ეს ძალიან დიდი ძალაა. რუსეთს არ გააჩნია ამ ძალის წინააღმდეგ საომარი შესაძლებლობები.
თუმცა არ გამოვრიცხავ სხვადასხვა პროვოკაციას, უცნობი დრონებით აეროპორტების მუშაობის შეფერხებას, თვითფრინავების საჰაერო სივრცის დარღვევებს, დივერსიებს, გარკვეულ ტერიტორიებზე შევარდნას, გამოვარდნას და პატარა ტერიტორიების დაკავებას. უშუალო ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებას ძალიან დიდი რისკის ფასი ექნება რუსეთისთვის.
- თუ უკრაინაში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, მაშინაც გააგრძელებს ევროპა აქტიურად თავდაცვის სისტემის გაძლიერებას? თქვენი დაკვირვებით, რამდენად ახერხებს ევროპა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აშშ-ს აქტიური მოკავშირეობის გარეშე?
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ გაძლიერებას. უკრაინაში ომი არ არის ევროპისთვის საფრთხე. ევროპისთვის საფრთხე არის რუსეთი. უკრაინაში ომი ზუსტადაც, რომ აჩერებს რუსებს.
უკრაინა არის მნიშვნელოვანი ფარი ევროპისთვის, განსაკუთრებით ევროპის ცენტრალური ნაწილისთვის.
ცეცხლი თუ შეწყდება უკრაინაში, ვირტუალურად ევროპის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება – რუსეთი მოიცლის ევროპისთვის.
დასავლეთი სისტემატურად, გეგმაზომიერად ზრდის თავდაცვის შესაძლებლობებს. ეს ევროპაა, სადაც არ მიიღება გადაწყვეტილებები ქაოტურად, რომ აი, ვიღაც ერთმა კაცმა ბრძანა და დაიწყეს სასწრაფოდ მისი მომზადება. პროცესი მიმდინარეობს მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ და გააზრებულად. დროს მოითხოვს ეს ყველაფერი. ეს მანქანა თუ ჩაირთვება, იმუშავებს ძალიან წარმატებით.
ჩავთვალოთ, რომ აშშ ამცირებს თავის დაჯგუფებას ევროპაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ამცირებს – ეს ერთი: ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვს ტრამპს ამერიკელი სამხედროებისგან და გენერლებისგან ნატოსთან ამერიკის პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის არამტრად გამოცხადების გამო.
მაგრამ აშშ-მ რომც შეამციროს თავისი დაჯგუფება ვეროპაში, ევროპაში ცხოვრობს 520 მილიონი ადამიანი. საჭიროების შემთხვევაში 10-15% რომ გაიწვიონ ჯარში, 52-60-მილიონიანი ჯარი ეყოლება ევროპას. გამოდის, რომ 500-მილიონიანი ევროპა დაუპირისპირდება 145-მილიონიან რუსეთს. თუ დააკვირდებით, უკრაინის ბრძოლის ველზე ახალი არაფერი შემოუყვანიათ რუსებს – ვგულისხმობ საბრძოლო სისტემებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპაზე, ბოლო თაობის შეიარაღების მიწოდება მათ არც კი დაუწყიათ უკრაინისთვის, თუმცა ამ ტენდენციით თუ გაგრძელდა თანამშრომლობა, არც ეს არის შორეული პერსპექტივა.
რუსეთის უპირატესობა ფაქტობრივად მხოლოდ ბირთვული არსენალის ზომაშია, თუმცა არ მგონია აშშ-მ, ან თუნდაც ჩინეთმა მისი გამოყენების საშუალება მისცეს.
ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში დაიწყეს სამობილიზაციო რეზერვების გადახედვა, გერმანიასა და ბრიტანეთში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინება მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით, შვედეთი შორი მანძილის რაკეტების შეძენაზე მუშაობს, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსკოვს მიწვდეს, საფრანგეთში დაიწყეს მოხალისე რეზერვების სისტემის აღორძინება… ასე რომ, მუშაობს უკვე ეს მექანიზმი. ძირეული ცვლილებების შემდეგ ეს მანქანა ამუშავდება. გერმანული სამხედრო მანქანა როგორ მუშაობს, ან ბრიტანული და ფრანგული, ძალიან კარგად არის ცნობილი ისტორიულად და თანამედროვეობითაც.






