მთავარი,სიახლეები

„ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვებით 16 მლნ ლარი იხეირა – TI

29.12.2025
„ოცნებასთან“ დაახლოებულმა ადიგენელმა ბიზნესმენმა სახელმწიფო შესყიდვებით 16 მლნ ლარი იხეირა – TI

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურის მკვიდრს, ჯაბა ჩხიტუნიძეს, რომელიც  2012 წელს, ძმასთან ერთად, საკუთარ სოფელში „ქართული ოცნების“ ოფისს ხელმძღვანელობდა (და ოფისიც საკუთარ სახლში ჰქონდათ გახსნილი), სახელმწიფოსგან ჯერ 29 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწა პირდაპირი პრივატიზების ფორმით მიიღო, შემდგომ სახელმწიფომ საწყობის ასაშენებლად – 497,961  ლარი, ნარგავებისთვის – 70,000-მდე ლარი და ოთხი შეღავათიანი აგროკრედიტი – 103,551 ლარის ოდენობით დაუფინანსა.

ამის შესახებ წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

მასალებში, რომელიც დღეს, 29 დეკემბერს გამოაქვეყნა ორგანიზაციამ, ნათქვამია, რომ ჩხიტუნიძეზე გადაცემულ მიწებზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით ძალოვანი სტრუქტურები მარაგდებიან.

ჯაბა ჩხიტუნიძემ „ბოლო ორწელიწადნახევარში, ჯამში, 15,033,529 ლარის სახელმწიფო შესყიდვებიც მიიღო“.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბესიკ ჩხიტუნიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, შსს დაცვის პოლიციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი გახდა. თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. „2016 წლიდან, ძმები, ჯაბა და ბესიკ ჩხიტუნიძეები ბიზნესში გააქტიურდნენ. მათ 2023 წლამდე 5 სხვადასხვა კომპანია დააფუძნეს.

2019 წლის აპრილში ჯაბა ჩხიტუნიძემ ბოლაჯურში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 288,351 კვ.მ. მიწა იჯარით აიღო. 2020 წელს, ამავე სოფელში შპს „აგრო ქართული ნატურალური“ დააფუძნა და ამ შპს-მ მალევე სახელმწიფოსგან ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების  ჯამი 62,601 ლარს შეადგენდა. 2022 წლის ივლისში კი აქ სახელმწიფო აგროპროგრამის ფარგლებში მიღებული 497,961 ლარით სასაწყობე მეურნეობაც მოაწყო.

ამ ნახევარმილიონიანი აგროსესხის მიღებამდე ორი თვით ადრე, 2022 წლის მაისში, ჯაბა ჩხიტუნიძემ სახელმწიფოსგან იჯარით აღებული 29 ჰა-მდე ფართობი, პირდაპირი პრივატიზების წესით, 461,360 ლარად იყიდა, რასაც სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სოფლის მცხოვრებები ნაკვეთის კერძო პირზე გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ სოფელში საკმარისი სახნავ-სათესი ფართობი არავის ჰქონდა, ამიტომ აღნიშნული ნაკვეთი ხალხზე უნდა განაწილებულიყო. თუმცა, მათ პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.

2023 წელს ჯაბა ჩხიტუნიძემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ,  ახლადშეძენილი ნაკვეთისთვის სახელმწიფოსგან 7 ჰექტარზე,  ხეხილის გასაშენებლად 69,999 ლარის დაფინანსება მიიღო. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ბაღის კომპონენტის ფარგლებში 4 ჰექტარზე ვაშლის გასაშენებლად 47,332 ლარი გადაეცა, 1 ჰექტარზე ბლისთვის – 19,082 ლარი და 2 ჰექტარზე ჟოლოს მოსაყვანად – 3,585 ლარი. გარდა ამისა, ამავე წელს მისმა კომპანიამ „აგრო ქართული ნატურალურმა“ კიდევ ორი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ხელშეკრულებებით განსაზღვრული თანადაფინანსების  ჯამი 40,950 ლარს შეადგენდა.

ამ მიწაზე მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით, ამავე, 2023 წლიდან, ჯაბა ჩხიტუნიძემ ძალოვანი სტრუქტურების მომარაგება დაიწყო“ – წერს „გამჭვირვალობა-საქართველო“.

მათივე ინფორმაციით, „აგრო ქართული ნატურალურმა“ 2024-2025 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 კონსოლიდირებული 7 058 223 ლარის ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

„როგორც აღნიშნულ ტენდერებში ჯაბა ჩხიტუნიძის მიერ ატვირთული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ირკვევა, 2023-2024 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ ჯაბა ჩხიტუნიძის კუთვნილ შპს „აგრო ქართული ნატურალურთან“, ხილსა და ბოსტნეულზე, სპეციალური წესით,  3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში, 7,926,880 ლარზე.

2023-2024 წლებში, ჯაბა ჩხიტუნიძის კომპანიამ შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფისგან”  48,429 ლარის 3 პირდაპირი შესყიდვაც მიიღო.

ჯამში, ჯაბა ჩხიტუნიძემ, 2023-2025 წლებში, 8 სახელმწიფო შესყიდვით ძალოვანი სტრუქტურების ხილითა და ბოსტნეულით მომარაგებისთვის 15,033,529 ლარი მიიღო. 2020-2023 წლებში აგროპროგრამის ფარგლებში 8 პროექტიდან კი სულ 671,511 ლარი დაერიცხა. 2020-2025 წლებში, სახელმწიფოსგან ჯაბა ჩხიტუნიძემ ჯამურად 15,705,040 ლარი მიიღო“- წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: