„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია.
დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო ფიცხელაური 2025 წლის 6 ოქტომბერს დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე“. მას პრეზიდენტის სასახლის, როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. გორის სასამართლო კი, ვახო ფიცხელაურის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს: შსს-ს მტკიცებით, ვახო ფიცხელაური სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„ვახო დააკავეს დღის 5 საათზე, გორში, როცა იგი მაღაზიიდან გამოვიდა და საბავშვო ბაღში უნდა მისულიყო. ოქმში კი ჩაწერეს, რომ თითქოს დააკავეს საღამოს 11 საათზე. დაკავების დროს ვახოს სასტიკად სცემეს, დრო როცა არ ემთხვეოდა ერთმანეთს, შემდეგ თქვეს, რომ თითქოს იგი მანამდე ადმინისტრაციულ საქმეზე იყო დაკავებული,“ – გვიყვება თეონა ბზიშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ პროცესში პოლიციელებმა ადვოკატიც არ ჩართეს.

დღევანდელ აქციაზე გორში გამოფინეს შარვალი, რომელიც ვახო ფიცხელაურს დაკავების დროს ეცვა
„ეს დაგლეჯილი შარვალი და სისხლიანი პერანგი სასამართლოს ეზოში გადმომცეს… არ ვიცი, რატომ, მაგრამ გადმომცეს. ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. სასამართლო პროცესზე ვახომ მოსამართლესაც აჩვენა დაზიანებები და სისხლნაჟღენთები.
მე ვახოს ძებნა 6 ოქტომბერს დაახლოებით შვიდის-ნახევრიდან დავიწყე, როცა აღარ გამოჩნდა. მაშინ ის ისევ გატაცებული მეგონა,“ – ამბობს თეონა ბზიშვილი.
ვახო ფიცხელაური 2025 წლის იანვარში გაიტაცეს. მაშინ სამოქალაქო აქტივისტი ჰყვებოდა, რომ გორში ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაძარცვეს. თეონა ბზიშვილის თქმით, სამი თავდამსხმელიდან გამოძიებას ამ დრომდე არცერთი არ დაუსჯია.
სამაგიეროდ, ვახო ფიცხელაურის წინააღმდეგ სასამართლოში 2 საქმეა: სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გორის სასამართლოში კი, მოსამართლე ნინო გერგაულს ადმინისტრაციული საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაუდია. მას დაუკმაყოფილებია დაცვის მხარის შუამდგომლობა და შემდეგ პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ პოლიციელებს მოუსმენენ.

ვახო ფიცხელაური
„ჩვენ ბოლომდე შემოვრჩით ამ ბრძოლას. ვახო ისჯება იმიტომ, რომ ის აქტივისტია. ვახო და მეც რეჟიმის სამიზნეები ვართ.
თბილისი დიდი ქალაქია და რეჟიმს თვალში არ ვეჩხირებით ისე, როგორც გორში. გორში უფრო ყვირის ჩვენი აქტივიზმი. რა არ მოგვიგონეს: აგენტები არიან, ფულს იღებენ და ამიტომ დადიანო. მაინც არ გავჩუმდებით. ბრძოლა ბოლომდე,“ – ამბობს თეონა ბზიშვილი.






