მთავარი,სიახლეები

როგორ იბრძვის „სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიის გადასარჩენად

29.12.2025
როგორ იბრძვის „სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიის გადასარჩენად

„სინათლე” ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები დადგნენ ჟურნალისტების გვერდით“, – ამბობს „სინათლე მედიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ქავთარაძე.

„სინათლე მედია“ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ცდილობს საზოგადოების მობილიზებას თავისუფალი მედიის გადასარჩენად.

როგორ მუშაობს „სინათლე“, რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გადასარჩენად შეიქმნა? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ქეთევან ქავთარაძეს.

  • ქეთევან, რამდენიმე დღის წინ „სინათლე მედიამ“ გააკეთა ფლიმარკეტი თავისუფალი მედიის დასახმარებლად. შეგიძლია მოგვიყვეთ, რა ხდებოდა, როგორი იყო იმ ადამიანების ემოციები, ვინც საკუთარი ნივთები გამოიტანა ამ დღისთვის? როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო მოსული და ყიდდა თავიანთ ნივთებს მედიის დასახმარებლად. 

ჩვენ წინასწარ გამოვაქვეყნეთ კითხვარი და მოვუწოდეთ ადამიანებს, თავიანთი ნივთები მოეტანათ და გაეყიდათ ფლიმარკეტზე – „სინათლისთვის“.

„სინათლისთვის“ – ასე ერქვა ამ ღონისძიებას და ყველგან ამ სიტყვას ვიყენებდით – „გაყიდე სინათლისთვის“, „იყიდე სინათლისთვის“, „ფლიმარკეტი სინათლისთვის“ და ასე შემდეგ.

დაახლოებით 45 ადამიანი იყო, რომლებმაც მოიტანეს თავიანთი ნივთები ფლიმარკეტზე – ტანსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები, შარფები ასევე, სამკაულები, წიგნები, ალბომები, ვინილები. შორის იყო სასრიალო ატრიბუტიკა და ველოსიპედებიც კი გვქონდა.

გვქონდა სარაგბო ატრიბუტიკა. სარაგბო კლუბი „სოხუმი“ იცით ალბათ, რადგან ერთადერთი სამოყვარულო გუნდია, რომელიც ყველა თამაშის შემდეგ „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ბანერს შლის და ლევან ჯობავაა მისი დამფუძნებელი.

ფლიმარკეტზე წარმოდგენილი იყო კერამიკა და ფანტასტიკური ქვაზე ნამუშევრები.

ცალკე გვქონდა კომიქსების კუთხე. „სინათლე მედიების“ ფოტოჟურნალისტების პოსტერები ცალკე გვქონდა წარმოდგენილი და იქვე, ფოტოჟურნალისტები ხელს უწერდნენ ამ პოსტერების შემძენებს.

თბილისის პროტესტის ფოტოები იყო უფრო მეტად წარმოდგენილი. ასევე იყო „ინდიგოს“, „ჩაიხანას“ და სხვა მედიების კუთხეებიც.

გამოფენაზე ასევე გვქონდა მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნივთები და დედაჩემის გამორჩეული ფელამუშიც. პატარა კუთხე იყო, სადაც ტკბილეული იყო წარმოდგენილი. თამარ მშვენიერაძემ გამოაცხო ასევე თავისი საფირმო ნამცხვრები, ღვეზელი და ასე შემდეგ.

ჩვენი მასპინძელი იყო რესტორანი „ეზო“, რომელიც უზრუნველყოფდა კვების და ბარის საკითხს ამ დღეს.

ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პირადი ნივთები მოიტანეს „სინათლე მედიისთვის“, ვფიქრობ, უბედნიერესები იყვნენ, რადგან გვიზიარებდნენ თავიანთ ემოციებს. მწერალმა ნენე კვინიკაძემ მოიტანა თავისი ნივთები, ნინო ლეჟავამ, ანუკა ტოკლიკიშვილმა, ნათია მიქელაძემ, სალომე ჯაშმა…. ფანტასტიკური ადამიანები, ვისაც საზოგადოება კარგად იცნობს და არიან ამ წინააღმდეგობის, პროტესტის გამორჩეული მებრძოლები, იყვნენ წარმოდგენილი ამ დღეს და ყიდდნენ თავიანთ ნივთებს.

13 დახლი გვქონდა და დაახლოებით 33 ათას ლარამდე შეაგროვეს ამ ადამიანებმა.

დავანთეთ ცეცხლი, ნაძვის ხეც ავაწყვეთ და ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, იყო დიდი სახალხო სოლიდარობის მაგალითი.

ქეთევან ქავთარაძე

  • რომ გვითხრათ, როგორ გაჩნდა „სინათლე მედიის“ დაფუძნების იდეა და რამდენად რთულია გადაარჩინო ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში თავისუფალი მედია?

„სინათლე მედიის“ დაფუძნების იდეა პირველად გაუჩნდა ჩემ დას, თეო ქავთარაძეს, ერთ-ერთ მედიაკონფერენციაზე იყო გერმანიაში და იქ ნახა, როგორ მუშაობს მსგავსი პროექტები მედიის განვითარებისთვის.

ეს ის პერიოდი დაახლოებით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ფარა (აგენტების კანონი) მიიღო. მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო თავისუფალი მედიის გადასარჩენად.

თეო ამბობდა, მარტო ჩვენი ძალებით ვერ გავაკეთებთო და მთხოვა დახმარება. მე მაქვს გამოცდილება მედიასფეროში მუშაობის, ამასთან, მთელი წელია პროტესტში ვარ და კარგად ვხედავ ამ ბრძოლაში თავისუფალი მედიის როლს, იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დადგა მედია რუსული კანონების პირობებში. ამიტომ, ეს ღირებულებითი და ემოციური გამოწვევები ჩემთვისაც ახლოა.

თავიდან სამმა ადამიანმა – მე, თეო ქავთარაძემ და ირმა მოსულიშვილმა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფაქტობრივად, პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროცესებში როგორც მენეჯერი.

  • რომელი იყო პირველი კამპანია მედიის დასახმარებლად?

პირველი გამოწვევა იყო ის, რომ მედია, ფაქტობრივად, დარჩა ჰაერში, რადგან გრანტების აკრძალვის შემდეგ სრულად გადაეკეტა დაფინანსების წყაროები. შესაბამისად, დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანებს დაეწყოთ მედიის დონაცია და აქ დაიბადა იდეა – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.

პირველი ეტაპი სრულად კონცენტრირებული იყო ქრაუდფანდინგზე, ანუ კამპანიაზე, რომელიც ორ მთავარ განაცხადს გააკეთებდა. პირველი და მნიშვნელოვანი განაცხადი ეს იყო, რომ ჩვენ ერთად ვდგავართ და რომ უნდა გადავარჩინოთ არა რომელიმე კონკრეტული მედია, არამედ დამოუკიდებელი მედიები საქართველოში. 22 მედიისთვის დავიწყეთ მუშაობა.

ივნისში დავაარსეთ ორგანიზაცია „ხალხის წყარო“, რომელიც შეძლებდა მედიისთვის შემოწირულებების მიღებას. ცხადია, საჭირო იყო პლატფორმა, რომ ადამიანები შესულიყვნენ ვებგვერდზე და მარტივად მოეხერხებინათ თანხის გადმორიცხვა. ამიტომ, პარალელურად ვებდეველოპერებთან ერთად ამ სისტემის გამართვაზეც ვმუშაობდით.

პირველი კამპანია, რომელიც დავიწყეთ, იყო ის, რომ გავთიშეთ ყველა ვებგვერდი იმისთვის, რომ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად რეალურია მედიის გაქრობის საფრთხე. ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამი საათის განმავლობაში გათიშული იყო ყველა თავისუფალი ონლაინმედია, ადამიანებმა უცებ აღმოაჩინეს, რომ 22 მედიის ვებგვერდი იყო გათიშული.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.

სამი საათის შემდეგ, ყველა მედიის მუშაობა საერთო ვიდეოთი განახლდა, სადაც ნათქვამი იყო ორი მთავარი რამ. ერთი, რომ თავისუფალ მედიას ომი გამოუცხადა რეჟიმმა, მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში და მეორე – ხალხის მხარდაჭერა, საზოგადოების გვერდში დგომა ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ კამპანიას მოჰყვა მედიის მხარდამჭერი მარში, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა. შვებულებების პერიოდი იყო, ცხელოდა, თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი მაინც გამოვიდა მედიის მხარდასაჭერად ქუჩაში. ამ მარშს სიმბოლურად ერქვა „ფანრების მარში“. მარშის მონაწილეებმა აანთეს ფანრები და ასე გაიარეს მთელი გზა, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე.

  • თავისუფალი მედია აქამდე თავად ეხმარებოდა ადამიანებს, არა მარტო იმით, რომ აშუქებდა ვთქვათ საზოგადოების პრობლემებს, ამხელდა უსამართლობას, იცავდა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. არაერთი ისტორია გაგვიშუქებია და შეგვიცლია ძალადობის მსხვერპლი ქალის თუ ბავშვის ცხოვრება ჟურნალისტებს. რა აჩვენა ამ კამპანიებმა, რამდენად გააზრებული აქვს საზოგადოებას, რომ დღეს, თუნდაც 1 ლარის გადარიცხვით, არ ჩაქრება თავისუფალი სიტყვა ამ ქვეყანაში?

დღეს ძალიან მაღალია თავისუფალი მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა – ადამიანები, რომლებიც არიან ბრძოლაში, განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია, ყველაზე მეტად გრძნობენ მედიის როლს ამ პროცესებში.

მე მჯერა იმის, რომ სასამართლოში ონლაინ მედიამ მოუგო პროპაგანდას ბრძოლა, რადგან მედიამ შეძლო და აჩვენა, რა ხდებოდა სასამართლო სხდომებზე: რეალურად, სიმართლე იყო სინდისის პატიმრების მხარეს და სწორედ მედიამ მოიტანა მათი პერსონალური ისტორიები ჩვენამდე.

ამას ხედავს ყველა, ვინც დგას პროტესტის მხარეს და ყველა, ვინც არის თავისუფალი მედიის მკითხველი.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, აქამდე მკითხველს არასდროს თანხა არ გადაუხდია ინფორმაციაში. შესაბამისად, იმის კულტურა, რომ მედიას შეიძლება შესწიროს თუნდაც 1 ლარი, ნაკლებად იყო ქვეყანაში. ზოგადად, „სინათლე მედიას“ აქვს აღებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბევრი ისაუბროს, რას ნიშნავს დამოუკიდებელი მედია.

ნებისმიერმა შემომწირველმა, ორგანიზაცია იქნება ეს თუ კონკრეტული ადამიანი, კარგად უნდა იცოდეს, რომ თავისუფალი მედია მუშაობს მათი უფლებებისთვის და არა დამფინანსებლების ინტერესებისთვის.

დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არა მარტო მედია, ასევე სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები. ყველა ითხოვს დახმარებას იმისთვის, რომ გადარჩეს.

ჩვენ გვიწევს დავაფინანსოთ სინდისის პატიმრების ყოველთვიური ხარჯები ციხეში, უსამართლო ჯარიმები, რომელსაც აკისრებენ აქტივისტებს, პროდასავლურ მოძრაობებს, ყველას, ვინც ჩართულია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს, ისევ საზოგადოება ეხმარება ერთმანეთს გადარჩენაში.

ვცდილობთ თითოეული თეთრი გადავანაწილოთ. 100 ლარიც რომ გვქონდეს, ამ 100 ლარსაც ვანაწილებთ.

რაც კამპანია დავიწყეთ, ოთხ თვეში მედიის გადასარჩენად 200 ათას ლარამდე შევაგროვეთ. ამ ბოლო კამპანიის დროს კი – 100 ათასი ლარი.

გარდა ფინანსური შემოწირულებებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების არმია, რომლებიც თავიანთი პროფესიული გამოცდილებით, მოხალისეობრივად ეხმარებიან „სინათლე მედიას”. იქნება ეს კრეატიული დირექტორი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ღონისძიების ვიზუალური მხარე, ფლიმარკეტის დირექტორი, რომელიც უკავშირდება არტისტებს, გალერისტებს, კოლექციონერებს, სხვა ადამიანები, რომლებიც ლოჯისტიკურ საკითხებში არიან ჩართული, დიზაინერები, დეველოპერები, სტამბა… და ასე შემდეგ.

ბევრი ცდილობს თავისი გამოცდილება და ცოდნა მოახმაროს „სინათლე მედიას”.

  • დღეს „ოცნება“ ცდილობს დათესოს შიში და ტერორი. აშინებენ საჯარო მოხელეებს, ცდილობენ დააშინონ ბიზნესიც, რომელიც აქამდეც ნაკლებად იყო ჩართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. რა სურათი გვაქვს, დარჩა რომელიმე ბიზნესი თავისუფალი სიტყვის მხარეს, თუ აღარ?

სამწუხარო რეალობაა ის, რომ მსხვილი ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი რეჟიმის ხელშია. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ დაველაპარაკებით. თუმცა, რამდენიმე მსხვილ ბიზნესთან ვართ მოლაპარაკების პროცესში.

„სინათლე მედია” ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანები დადგნენ ჟურნალისტების გვერდით, არა მარტო ფინანსურად, არამედ ფიზიკურად,

ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაც უფრო სერიოზული რომ დაგვემუქროს ხვალ, ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე თავისუფალი მედიის დასაცავად.

  • როგორ იმუშავებს 2026 წელს „სინათლე მედია“ – უფრო მხარდაჭერას ელოდებით თუ სირთულეს?

ერთი, რასაც 2026 წელს დავიწყებთ, არის ის, რომ საზოგადოებას უკეთ ვაჩვენებთ თავისუფალი მედიების შრომას, რა ძალისხმევა და გამოწვევები დგას იმ ინფორმაციის უკან, რასაც ჟურნალისტები საზოგადოებას აწვდიან, რომ ადამიანებისთვის ცხადი გახდეს, როგორ შრომობს დღეს ეთიკური მედია იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და რა რისკებთანაა დაკავშირებული ეთიკური მედიის არსებობა ამ ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქრაუდფანდინგის მიმართულებით მუშაობას, ყოველთვიური დონაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

ასევე, გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ემიგრანტებთან მუშაობას, კიდევ უფრო მეტად რომ გავაძლიეროთ „სინათლე მედია“.

„სინათლე მედია” დაიბადა რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად მოიტანს დიდ სიკეთეებსაც და მშვიდობასაც. ოღონდ არა ისეთს, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს თავის ამომრჩეველს, არამედ მოიტანს ნამდვილი მშვიდობის დაბრუნებას ჩვენს ოჯახში, ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებში და ევროპაში დაბრუნებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: