პროტესტის ლექსიკონი

ავტორი: მარიამ ნატროშვილი, „ინდიგო“

ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე. გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით. ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით. წვიმაში, ყინვაში, ქარში. ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს. ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით. რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად. ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები.

რა იწერება ქუჩაში?

როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე?

რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა?

რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს?

აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.

ამ სიტყვებით დაწერილი ისტორია არის თქვენს წინაშე.

ქუჩაში დაწერილი ისტორია.

ნახე ისტორია

 

გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა.

საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს.

ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ ყველა მათგანთან შედგება კომუნიკაცია და ყველას მიუვა სმს-შეტყობინება, რასაც კლიენტი დაეთანხმება, ან არა. ბანკიც შემდგომში შესაბამისად იმოქმედებს. თუ კლიენტს მიუვა შეტყობინება და არ უპასუხებს, ის ავტომატურად აღმოჩნდება სესხზე შეღავათით მოსარგებლეთა სიაში. ამიტომ, თუ არ გსურთ შეღავათით სარგებლობა, ამის შესახებ ბანკს უნდა აცნობოთ.

სესხებზე შეღავათების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს ბანკებმა: „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთიმ“, „ვითიბიმ“ და „კრედომ“. ანალოგიური შეთავაზება აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“.

შეთავაზებებს კლიენტები ბანკებისგან ინდივიდუალურად, 16 მარტიდან მიიღებენ, ან თავად უნდა დაუკავშირდნენ ბანკს. საშეღავათო პერიოდი ეხება სამ თვეს, 2020 წლის ივნისამდე [მარტი, აპრილი, მაისი].

რას გვთავაზობს ბანკი?

მაგალითად, „ვითიბი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში სესხის გადავადებისას ბანკი არ გახდევინებთ ამ სამი თვის გადასახადს [არც ძირს და არც პროცენტს] და გადახდას იწყებთ ივნისიდან, ამასთან, გაგიხანგრძლივდებათ სესხის გადახდის ვადა სამი თვით [თუ სესხის დაფარვის დრო იყო ვთქვათ, კონკრეტული წლის აგვისტო, სესხის დაფარვას დაასრულებთ იმავე წლის ნოემბერში].

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური გადასახადი, რაც უკვე არსებული გრაფიკით აქვს დადგენილი მსესხებელს, მთელი გადახდის პერიოდში გაეზრდება.

რამდენით გაგეზრდებათ ყოველთვიური გადასახადი?

მაგალითად, თუ არსებული გრაფიკით, მარტის თვეში თქვენ გიწევთ, პირობითად, 1000 ლარის გადახდა, საიდანაც ვთქვათ 200 ლარი არის პროცენტი, სესხის გადავადების შემთხვევაში, მარტში, აპრილსა და მაისში არ იხდით არანაირ თანხას [არც ძირს და არც პროცენტს], თუმცა ამ სამ თვეზე გერიცხებათ პროცენტი – ჯამში 600 ლარი.

როგორ გახდევინებს ბანკი ამ 600 ლარს? – ბანკი მთელ ამ თანხას გადაგინაწილებთ დანარჩენ თვეებზე.

მაგალითად, დარჩენილი გაქვთ 24 თვე სესხის დასაფარად. ამ შემთხვევაში ეს 600 ლარი გადანაწილდება ამ თვეებზე – შესაბამისად, ყოველთვიურად გადაიხდით 25 ლარით მეტს, ვიდრე გრაფიკით უნდა გადაგეხადათ.

ანუ, თუ ივნისში გრაფიკით უნდა გადაგეხადათ პროცენტი, ვთქვათ 140 ლარი, ივლისში 120 ლარი და ა.შ. სესხის გადავადებით გადაიხდით შესაბამისად – 165 ლარს, 145 ლარს და ა.შ.

ფაქტობრივად, ის მსესხებელი, რომელსაც მარტის თვეში გადასახდელი აქვს 1000 ლარი [საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი] და სესხს გადაავადებს, არ იხდის სამი თვის განმავლობაში არაფერს [ივნისამდე], იგი სესხს სრულად დაფარავს ასევე 3 თვით გვიან, მაგრამ მთლიანობაში ბანკს გადაუხდის 600 ლარით მეტს, ვიდრე უნდა გადაეხადა მთლიანი სესხის დაფარვის შემთხვევაში.

[სხვა მაგალითი რომ ავიღოთ, თუ ვთქვათ, მარტში გადასახდელი გაქვთ 700 ლარი, საიდანაც 120 ლარი არის პროცენტი, სესხის გადავადების შემთხვევაში მთლიანობაში ბანკს 360 ლარით მეტს გადაუხდით. შესაბამისად, კონკრეტული მსესხებლისთვის მისი სესხის ოდენობიდან და დაფარვის გრაფიკიდან გამომდინარე გამოითვლება – რამდენს გადაიხდის ზედმეტად და რამდენით გაეზრდება დარჩენილ თვეებში ყოველთვიური შენატანი].

შესაბამისად, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი, მისთვის გადავადება მომგებიანი შეთავაზება ვერ იქნება.

მაგრამ, იმ მსესხებლისთვის, რომელსაც, სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე აღარ აქვს ან არ ექნება სტაბილური შემოსავალი დღეიდან მინიმუმ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სესხის გადავადებას აზრი აქვს.

აღნიშნულ ბანკებში აცხადებენ, რომ ყოველთვიური გადასახადი გაიზრდება, თუმცა, ის მიახლოებული იქნება მაქსიმალურად იმ გადასახადთან, რაც კლიენტს არსებული გრაფიკით უნდა გადაეხადა.

შედარებით განსხვავებული მიდგომები აქვთ „ვითიბი ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“.

„ვითიბი ბანკში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სესხის გადავადების შემთხვევაში კლიენტს ყოველთვიურ გადასახადს არ გაუზრდიან, თუმცა გახანგრძლივდება გადახდის დრო არა სამი, არამედ, ვთქვათ, 5 და მეტი თვით – სესხის ოდენობიდან გამომდინარე.

ანუ „ვითიბის“ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 1000 ლარის გადახდა გიწევთ მარტში, საიდანაც 200 ლარი არის პროცენტი, გადავადების შემთხვევაში, გადახდას გააგრძელებთ ივნისიდან – არსებული გრაფიკის მიხედვით და არსებული ყოველთვიური გადასახადის ოდენობის გადახდით, თუმცა, ამ 600 ლარს გადაიხდით დამატებით ერთ ან ორ თვეზე გადანაწილებით. ანუ, გადახდის პერიოდი გაგიხანგრძლივდებათ.

რაც შეეხება „ლიბერთი ბანკს“, აქ განაცხადეს, რომ გადახდის გახანგრძლივება არ მოხდება და სამ თვეში გადასხდელი პროცენტი მომხმარებლებს დარჩენილ თვეებზე გადაუნაწილდებათ, ანუ ყოველთვიური გადასახადი გაეზრდებათ.

თუ, მაგალითად, საშეღავათო სამ თვეში გიწევდათ, ვთქვათ, ჯამში 600 ლარის გადახდა და სესხის დაფარვის ვადა გქონდათ 2021 წლის დეკემბრამდე, ეს 600 ლარი ივლისის თვიდან გადანაწილდება ყოველ თვეზე 2021 წლის დეკემბრამდე და ამ გზით დაფარავთ თანხას.

სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს თავის მომხმარებელს „კრედო ბანკიც“ სთავაზობს. „კრედოში“ აცხადებენ, რომ შეთავაზება ეხება ყველა მომხმარებელს, რომლის ბიზნესსა თუ კერძო შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა იქონია კორონავირუსის გავრცელებით შექმნილმა გარემოებამ. თუმცა შეღავათით სარგებლობის მსურველი ბანკს თავად უნდა დაუკავშირდეს და დეტალურ ინფორმაციას პირადად მიიღებს.

გადავადება ეხება სხვადასხვა კატეგორიის სესხებს სხვადასხვა ბანკში.

მაგალითად, თიბისი ბანკის“ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს: იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები, სასწრაფო სესხი, ავტოსესხები, განვადება, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტი, ლომბარდი, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხები.

ანალოგიურად მოხდება „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაშიც, თუმცა აქ საშეღავათო პერიოდი არ შეეხება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ შემდეგ პროექტებს: „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“.

თითქმის ყველა სესხს შეეხება საშეღავათო პერიოდი „ვითიბი ბანკშიც“, მიუხედავად იმისა, რა ვალუტაშია აღებული სესხი.

ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სასესხო ვალდებულებები, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს „ლიბერთი ბანკიც“. შეთავაზება ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც [პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული] და მომავალი 3 თვის განმავლობაში, სოციალური სარგოს ყველა მიმღებ პირს ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურების თანხები.

„ლიბერთი“ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს ტურიზმის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში მოქმედ მომხმარებლებს. ბანკში აცხადებენ, რომ დღეიდან, 16 მარტიდან, მომხმარებლებს, დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად მიაწოდებს.

კომპანია „კრისტალი“, სამთვიან საშეღავათო პერიოდს მისცემს ყველა მომხმარებელს, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი მდგომარეობა. საშეღავათო პერიოდი მოქმედებს სესხის ძირზე და პროცენტზე.

შეღავათით სარგებლობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „კრისტალის“ მოხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

„16 მარტიდან დაიწყო განაცხადების მიღება საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, 18 მარტიდან კი მომხმარებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაიწყება – განაცხადეს „კრისტალში“ – საშეღავათო პერიოდის განმავლობაში  გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა სესხის ძირითად თანხაზე, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ,სესხის დარჩენილ ვადაზე“

ხომ არ უნდა წარუდგინოს რაიმე ცნობა „კრისტალს“ მისმა მომხმარებელმა, რომ ის დაზარალდა? – კომპანიაში აცხადებენ, რომ – არა.

„არანაირი ცნობა. გვინდა ყველაფერი მაქსიმალურად დისტანციურად და მარტივად გავაკეთოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ფილიალებში რიგები. სესხის გაცემამდე  მომხმარებლების შემოსავლების ანალიზი კეთდება,  შესაბამისად  მათი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას რომელზეც უარყოფითად აისახა კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნილი გარემოება   ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდის ამოქმედებას. თითეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, რადგანაც გავლენა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა. მომხმარებელს შეუძლია ტელეფონის, მეილის ან ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთოს განაცხადი საშეღავათო პერიოდის ამოქმედებასთან დაკავშრებით. უახლოეს 2-3 სამუშაო დღეში კი მომსახურე საკრედიტო ექსპერტი გადაწყვეტილებას მიაწვდის.“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „კრისტალში“.

ჩემი კალენდარი – პირველი ქართული აპლიკაცია ქალებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

„ჩემი კალენდარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა სპეციალურად ქალებისათვის, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი. აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ციკლის და ფერტილური – ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეების შესახებ  მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიიღოთ შეტყობინებები მედიკამენტების მიღებისა თუ ექიმთან დაგეგმილი ვიზიტების შესახებ და სხვა.

აპლიკაციის საინფორმაციო გვერდზე შესაძლებელია ვრცელი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება ორსულობის, მასთან დაკავშირებული მითების და რეალობის, კოტრაცეფციის სხვადასხვა საშუალების, აბორტის, მენოპაუზის, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის შესახებ და ა.შ.

აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია დიზაინის და მოსახერხებელი ინტერფეისის წყალობით, თუმცა მისი დანიშნულება არ არის პროფესიული სამედიცინო დახმარებისა და რჩევების ჩანაცვლება.

აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა „თანადგომამ“ მოამზადა, ის ყველასთვის უფასოა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-სა და App Store-ის შემდეგი ბმულებიდან:

Google Play – bit.ly/2dBZKCZ
App Store – apple.co/2eofrh8

შსს-მ იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 13 მოქალაქე, რომლებმაც შიდა და ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

 

„არ მქონდა უფლება?“ – სამთავრობო უწყების ყოფილი PR-ი აჭარა TV-ის მთავარ საინფორმაციოს წაიყვანს

„ახლა შემოვედი ნიუსრუმში, მირჩევნია, არ ვილაპარაკო ამაზე,“ – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ამ დრომდე აჭარის გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა, დღეიდან კი, აჭარის ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს. მას ვკითხეთ, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს. ამას საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ის ჟურნალისტებიც ამბობენ, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობენ და მათ მიერ მომზადებული ახალი ამბები უნდა გააცნოს ნაზიბროლა ქობულაძემ მაყურებელს.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოსტი 13 მარტიდანაა თავისუფალი, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაუშვა. გათავისუფლებული ჟურნალისტი მაუწყებლის კიდევ ორ ყოფილ რედაქტორთან ერთად გიორგი კოხრეიძეს სასამართლოში უჩივის.

„მიმდინარეობს ეს პროცესი, დავები და ალბათ შესაბამისი უწყებები პასუხს გასცემენ ამ ყველაფერს… რამდენიმე დღეში შევძლებ ალბათ შევაფასო ეს პროცესი“, – გვითხრა ნაზიბროლა ქობულაძემ. ის ისე აპირებს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანას, რომ მკაფიო პოზიცია ტელევიზიაში მიმდინარე პროცესზე არ აქვს.

ნაზიბროლა ქობულაძე ამბობს, რომ მას მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემაც შესთავაზა და საინფორმაციო გამოშვების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – გიორგი აბაზაძემაც.

ნაზიბროლა ქობულაძე უხერხულობს არც იმის გამო გრძნობს, რომ ამ დრომდე სამთავრობო დაწებულების PR-ი იყო. ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ გააჩენს ეს ფაქტი დამატებით კითხვას აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე.

„არ ვიცი, ვის რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს… რა, არ მქონდა უფლება, რომ მემუშავა?“ – ამბობს ის.

ეს არაა პირველა შემთხვევა, როცა ნაზიბროლა ქობულაძე პოლიტიკური ცხოვრებიდან მედიას უბრუნდება. გზების დეპარტამენტში მუშაობამდე მას TV25-ზე მიჰყავდა გადაცემა, მანამდე კი  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო რეგიონში და ბათუმის საკრებულოს წევრი. ამ პარტიაში წასვლამდე ნაზიბროლა ქობულაძე ისევ TV25-ში მუშაობდა.

აჭარის ტელევიზიდან გადაცემა „მთავარის“ წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და აღნიშნა: „პარასკევ საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობებს.“

________________________

მთავარი ფოტო: ნაზიბროლა ქობულაძის ფეისბუქგვერდიდან

სამინისტროს დავა მოუგო დევნილმა, რომელსაც ძმის ბინის გამო საცხოვრებელზე უარი უთხრეს 

ქობულეთში მცხოვრებმა დევნილმა, დარიკო გაბელიამ, სასამართლო დავა მოუგო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს. დევნილს საცხოვრებელი ფართობის გადაცემაზე ეუბნებოდნენ უარს.

დარიკო გაბელია აფხაზეთიდან დევნილია და იგი ამ დრომდე ქობულეთში, თავისი ძმის სახლში ცხოვრობს. მოქალაქეს ამ მოტივით საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. დევნილმა 2019 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„სადავო გადაწყვეტილება იმდენად შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რომ ჭირს მისი შემოწმება სამართლებრივი საფუძვლიანობის პრიზმიდან. იმის მაგიერ, რომ მომხდარიყო საკითხის შესწავლა და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, კომისიამ თითი გაიშვირა ჩემი ძმის საცხოვრებელი ფართისკენ, რომელიც არაფერ კავშირშია ჩემს მდგომარეობასთან, მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილებით უგულებელყო დევნილთა სფეროში საქართველოს სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

დარიკო გაბელიას ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

დევნილებისთვის საცხოვრებლის გადაცემის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისია სწავლობს, რომლის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მირზა მამულაძე, საია-ს იურისტი ამბობს, რომ სააგენტო ამ დევნილის შესახებ იმავე გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

„სასამართლოს უკან კი არ დაუბრუნებია მიღებული აქტი, არამედ გააბათილა. მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა,“ – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე

ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარია – ბოლო რამდენიმე დღეში ეს პროდუქტი 40 თეთრით გაძვირდა. მარკეტებში ამბობენ, რომ სწორედ შაქარზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ასევე ამბობენ, რომ შედარებით დიდი მოთხოვნაა კარტოფილსა და ფქვილზე.

ფასების ზრდას კორონავირუსით გამოწვეულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. ბევრი ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიმარაგოს, რის გამოც დიდ სუპერმარკეტებში რიგებიც კი გაჩნდა.

სავაჭრო ცენტრებში, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, ამბობენ იმასაც, რომ თუ ამ დრომდე მომხმარებელი იშვიათად ინტერესდებოდა მთელი ტომარა ფქვილის ან შაქრის შეძენით, ახლა ინტერესი გაიზარდა.

გაძვირდა კარტოფილიც. აქამდე კარტოფილის ფასი 1- 1,20 ლარი იყო, გუშინ, 15 მარტს, კი, კარტოფილის ფასი  2 ლარამდე გაიზარდა. უკვე დღეს, 16 მარტს, სუპრემარკეტებში გვითხრეს, რომ 2 ლარს მიაღწია კარტოფილის თვითღირებულებამ [საბითუმო ფასი].

„შესაძლოა კიდევ გაიზარდოს ფასი, დღეს აღარ ავიღეთ, რადგან აღების ფასი 2 ლარია, რამდენად უნდა გავყიდოთ, ამიტომაც თავი შევიკავეთ,“ – გვითხრეს ერთ-ერთ სუპერმარკეტში.

მკვეთრად მოიმატა ასევე ნივრის ფასმა – 12 -13 ლარია. ამ დრომდე ერთი კილოგრამი ნივრის ფასი 9-10 ლარი იყო.

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა დიდ მარკეტებსა და ბაზრებში. შედარებით პატარა მარკეტებში კონსულტანტები ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მათ მუშაობაზე ძირითადად არ ასახულა: „ერთადერთი, რაც ამოგვეწურა და მაშინვე შევავსეთ, შაქარია,“ – გვითხრეს აქ.

გაძვირდა ფქვილიც, ძველი ფასი აქვს მხოლოდ დაფასოებულ ბრენდირებულ ფქვილს, ტომარა ფქვილის ფასი კი, რომელიც ამ დრომდე 26 ლარად იყიდებოდა, ახლა 28 ლარია.

პროდუქტის გაძვირებას მომხმარებელი მასზე მომატებულ მოთხოვნას უკავშირებს: „თვითნებურად გააძვირეს კონკრეტული სახეობის პროდუქტი, რომლებზეც მაღალია მოთხოვნა.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქვეყანაში სურსათის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს, მართალია, სხვადასხვა ქვეყანასთან შეწყვეტილია მგზავრების მიმოსვლა, თუმცა ტვირთი საქართველოში შემოდის.  

განსაკუთრებული ხალხმრავლობის გამო განმარტებები გააკეთეს სუპერმარკეტებმაც. გუშინ, 15 მარტს,  „კარფურმა“ განმარტა, რომ სასურსათო პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

“საქართველოს რკინიგზა” ბიზნესს საავტომობილო გზავნილების სარკინიგზო გზით გადაზიდვას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზა ტვირთმფლობელებსა და ბიზნესებს საავტომობილო გზავნილების კონტეინერებში გადატვირთვას და სარკინიგზო გადაზიდვას სთავაზობს სომხეთის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით.

რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“

გიორგი ნათენაძე ერთი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და 14-დღიან კარანტინს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. მან ფეისბუქზე კარანტინის შესახებ პირველი დღის შთაბეჭდილება და ფოტოები გაუზიარა ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორია კარანტინში ცხოვრება საქართველოში.

„არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.

მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კი არა დასვენებისთვის წარმოუდგენელია.

– დღეში სამჯერადი კვება
– სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
– ტელევიზორი და ინტერნეტი
– ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში 

მართალია, გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე, წესით. თუ სამუშაო გაქვთ, მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.

შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6-მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე. თუ რამე გაკლიათ, უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ, ესე იგი, სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიკონტროლებს (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს).

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ – თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ, პირველ რიგში, თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს, 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინა ვაროო, “ბიზმესმენი” ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო, არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო, რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა, ახლა ზის ჩემ გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს.

საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ, თუ არ მოგწონთ.

სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით. თუ გაქცევას დააპირებთ, იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3- წლიან პატიმრობაში მიგაცილებენ.

აბა, კარგი დასვენება. თუ არ გავერთიანდით, ტოროლას ვერ დავამარცხებთ.

დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით,“ – წერს გიორგი [ქვეყნდება სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით].

სასტუმროს ნომერი, სადაც გიორგი ცხოვრობს
კართან დატოვებული საკვები
სადილი
სასტუმროს ნომრებთან დატოვებული საკვები კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის

 

კაფეებსა და რესტორნებს მთავრობამ მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაცია მისცა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაციას აძლევს.

“რეკომენდაცია  მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ ოპერირება და ფუქციონირება გატანის სერვისებისათვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტები,” – განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დღეს, 16 მარტს.

ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 , სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

 

70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მოერიდეთ სახლიდან გამოსვლას – მთავრობის რეკომენდაცია

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 70 წელს  ზემოთ ასაკის  მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს.

“სამედიცინო პერსონალის ჩართვით, მიღებულია გადაწყვეტილება –   70 წელს ზემოთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის გაიცეს რეკომენდაცია. ისინი მაქსიმალურად უნდა  მოერიდონ ყველა სახის  თავყრილობას და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის,” – ეს განცხადება დღეს, 16 მარტს  გაკეთდა საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში.

ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ამჟამად ცხელება არ აქვს, ასევე, ჩივილები პრაქტიკულად არ აქვს და ყველა სხვა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს არ ცდება,“ – განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ დღეს, 16 მარტს, ჟურნალისტებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა ქალია. იგი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მომატების გამო.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მეორე პაციენტს იკვლევენ კორონავირუსზე. იგი ახალგაზრდა მამაკაცია, მას რისკჯგუფს მიკუთვნებულ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს, იმყოფებოდა კარანტინში და საავადმყოფოში ცხელებით – 37.5 ტემპერატურით შეიყვანეს. მისი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

__________

ფოტოზე: დავით მურვანიძე

როგორ ცხოვრობს კარანტინში ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და გერმანია

კორონავირუსის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი ეპიდემიური აფეთქება კი იტალიაშია. იტალია 10 მარტის შემდეგ კარანტინში ცხოვრობს. მოქალაქეებს სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში წასასვლელად შეუძლიათ.

სოციალური ქსელი სავსეა ვიდეოებით, თუ როგორ ატარებენ იტალიელები დღეებს კარანტინში.

იტალიის მთავრობა ყოველ საღამოს, 6 საათზე, აცხადებს  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის, ასევე, ახალი ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებისა და გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ. ყოველდღე, საღამოს 6 საათზე, იტალიელები საკუთარი სახლების აივნებზე გამოდიან, უკრავენ, მღერიან და ერთმანეთს ამხნევებენ.

Coronavirus: neighbours play instruments from balconies as Italy stays under lockdown

 

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ვიდეო რომელიმე ფილმიდან ნაწყვეტია, მაგრამ ეს ასე არაა. “ახლოს, მაგრამ ამავე დროს შორს” – ასე ჰქვია ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ სადილობენ იტალიელები “ერთად”, მაგრამ ცალ-ცალკე, თავიანთი სახლების აივნებზე.

იტალიის მსგავსად კარანტინში მყოფი ესპანელები  იუმორის გრძნობას არ კარგავენ. ბოლო დღეებში ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტუალეტის ქაღალდს უფრო ყიდულობს, ვიდრე საკვებს. ვალენსიელი წყვილი ასე გამოეხმაურა ამ ფაქტს.

ეს კადრები კი ბარსელონაშია გადაღებული.

 

იცით, ალბათ, რომ იტალიაში ყველაფერი დაკეტილია. ამ პალერმოელმა კაცმა გადაწყვიტა, მეზობლებისთვის გაემიქსა და ღამის დისკოთეკა მოეწყო აივნიდან.

იტალიელების მსგავსად ერთ გერმანელსაც გაუჩნდა სურვილი, სიმღერით გაემხნევებინა კარანტინში მყოფი მეზობლები, თუმცა მის ამ ინიციატივას სამეზობლო სიხარულით არ შეხვდა.

 

კორონავირუსს ებრძვის საბერძნეთიც. წუხელ, 15 მარტს, ათენის დროით 21:00 საათზე, ათასობით ბერძენი გამოვიდა საკუთარი სახლის აივანზე და ტაშით გაამხნევა ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეუსვენებლივ მუშაობს კორონავირუსის დასამარცხებლად.

https://www.youtube.com/watch?v=R681IO_egtU

2020 წლის იანვარში ყველაფერი ვუჰანიდან დაიწყო. კარანტინის ზონაში მოქცეულ ვუჰანში ადამიანები სახლების აივნებზე გამოვიდნენ და ერთმანეთი სიმღერით გაამხნევეს.

______________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ

სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები შეიმუშავა. ამ რეკომენდაციის მიხედვით, მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება, თუკი „განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობა“ არსებობს.

რეკომენდაციების შესაბამისად ბრძანება დღეს, 16 მარტს, მიიღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც. ბათუმის სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ამბობს, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რა შემთხვევაში შეიძლება დაუშვან მოქალაქე ან მასმედიის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე.

შეზღუდვა მედიის წარმომადგენლებზეც ვრცელდება. სასამართლოს მენეჯერი განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პროცესზე მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისი ყოფნაც კანონით სავალდებულოა – პროკურორი, ადვოკატი, არასრულწლოვნის წარმომადგენელი, თარჯიმანი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაცია ითვალისწინებს საქმეების განხილვის გადადებას, თუკი შემჭიდროვებული ვადა არ არსებობს, ასევე საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, როცა ეს კანონით დაშვებულია. სასამართლოები აქტიურად გამოიყენებენ დისტანციური წესით პროცესის მონაწილე პირების განხილვაში ჩართვას.

რეკომენდაციები ითვალისწინებს სასამართლოში მომუშავე იმ საჯარო მოხელეების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასაც, ვისაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო [დაწყებითი საფეხური] ასაკის შვილები. დისტანციური რეჟიმი იმოქმედებს მანამ, ვიდრე სკოლებში არდადეგები არ დასრულდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი პირი გადავა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთი ბევრი არ იქნება.

რაც შეეხება განცხადებების ყუთებს, სასამართლოს მენეჯერმა გვითხრა, რომ ყუთში მოქალაქეების მიერ მოთავსებულ დოკუმენტებს დაახლოებით ყოველ საათში შეამოწმებენ და რეგისტრაციაში გაატარებენ.

„რასაც დადასტურება დასჭირდება, შეტყობინებას გავუგზავნით ელექტრონული ფოსტით,“ – დასძინა სასამართლოს მენეჯერმა.

რომელი ავიარეისები შეჩერდა და რომელი სრულდება საქართველოს მიმართულებით [განახლებადი]

კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა, რაც გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს.

რომელი ქვეყნებიდან/ქალაქებიდან სრულდება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც პერიოდულად ახლდება.

ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობითაა მომზადებული და აჩვენებს, რომელი ავიარეისები შეჩერდა ან სრულდება საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით.

გახსენით ბმული 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების მარშრუტის მოძიებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 294 5050

გუშინ, 15 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ქართულ ავიაბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია Wizz Air-ი 2020 წლის დღეიდან, 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისიდან აჩერებს ფრენებს ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.  

ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 16 მარტს, ორი პირი იმყოფება. აქედან ერთს კორონავირუსი აქვს, მეორეს ანალიზის შედეგები კი დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, დამაკმაყოფილებელია.

„ეს პაციენტი ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილ იქნა კარანტინში. აღნიშნული პაციენტი მოემგზავრებოდა ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონის ქვეყნიდან. მას შეხება არ ჰქონია არავისთან, ასე რომ, შემთხვევების გავრცელების თვალსაზრისით, ეს არ არის საშიში შემთხვევა,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომლის ანალიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი, მას შეხება ჰქონდა მაღალი რისკის ქვეყანასთან. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პაციენტს მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნება, თუმცა ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა.

ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი ხორციელდება. თვითიზოლაციაში კი ბათუმში 100-მდე ადამიანია.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

_________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო 

ბათუმში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა  

გუშინ, 14 მარტს, ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან [19:48, 15 მარტი] გახდა ცნობილი. პაციენტს აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა და ის ბათუმის ინფექციურში აგრძელებს მკურნალობას.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ეს პირი ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

იტალიიდან შემოსვლის შემდეგ სამივე პირი კარანტინში იმყოფებოდა, თუმცა გუშინ, 14 მარტს, ადრე დილით, ისინი ინფექციურში გადაიყვანეს.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 15 მარტს, კიდევ ოთხი პირი შეიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მათგანის პასუხი COVID-19-ის ტესტზე  უარყოფითი იყო.

კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შემდეგ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 32 მოქალაქე შეიყვანეს, ამათგან 31-ის ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა. 

დღეს, 15 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის სამი დღეს დადასტურდა. კარანტინის რეჟიმში  427 პაციენტი იმყოფება, 73 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

სარფის საბაჟო დროებით, მაგრამ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა [ფოტო]

ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება. შეზღუდვის მიზეზი კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებია.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

15 მარტი, ბოლო მგზავრები კვეთენ სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვარს ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

დღეს, 15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დაზუსტებულია, რომ მგზავრთა მიმოსვლისთვის რჩება მხოლოდ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი – ვალე და კარწახი.

“ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალსიწინებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები,” – ნათქვამია საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები 20 მარტის 24:00 საათამდე გაგრძელდება. სამინისტროს განცხადებით თურქულ მხარეს ფრენების შეჩერება 14 მარტიდან სურდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეზღუდვების ამოქმედება 6 დღით გადავადდა.

ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

ასე გამოიყურება სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია 2020 წლის 15 მარტის 18:00 საათისთვის. კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გამო, დღეს ორ ქვეყანას შორის ამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ქვეითი მგზავრებისთვის საზღვარი ოფიციალურა დ ჩაიკეტა

7 პირი გურიიდან ბათუმში გადმოიყვანეს კარანტინში – თვითიზოლაციის წესების დარღვევა

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო  გურიიდან ბათუმში მდებარე საკარანტინო სივრცეში 7 პირი გადაიყვანეს.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, გურიის სამ მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში სულ 41 პირია თვითიზოლაციაში.

„47 პირი იყო გუშინ. პოლიციამ შეამოწმა და 7 პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გვიან ღამით ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ასევე გუშინ დაემატა ერთი პირი თვითიზოლირებულებს. ახლა ჯამში 41 ადამიანია გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში არჩილ მჟავია.

თვითიზოლაციის რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ყველა იმ პირის მიმართ გასცა, ვინც მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში. პირები, ვინც ამ წესებს არღვევენ, პოლიციას კარანტინში გადაჰყავს.

15 მარტის მდგომარეობით მაღალი რისკის მქონე ქვეყნებად განსაზღვრულია ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია და დანია.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

  1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
  2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ორშაბათიდან ბათუმში წვიმა და ქარი, მთაში თოვაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, მთაში თოვა; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
  • მთაში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა.
  • ხილვადობა 4- 10კმ, ტალღის სიმაღლე 15-25 დმ (4-5 ბალი),
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსი.

ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის წინასწარი მონაცემებით სამშაბათს, 17 მარტს და ოთხშაბათს, 18 მარტს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.

16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის – COVID 19

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მარტიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების ცენტრები გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.

შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

• ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება

• ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება

• ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

• ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

• ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

• გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა

• ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)

• ცნობების მიღება

• მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება

საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

• არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება

• გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება

• სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება

• გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება

• სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება

• სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება

• სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება

• რეაგირების ოქმის მიღება

• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება

• ვიდეო ჩანაწერის მიღება

• საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge -ს. საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242

ამ თემაზე:

კორონავირუსი: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით

აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში, კარანტინის ზონაში 150 პირია, თვითიზოლაციაში კი 80-მდე ადამიანი.

„ვთხოვთ მოსახლეობას, თვითიზოლაციის წესები მკაცრად დავიცვათ, კარანტინში მყოფ პირებსაც მოვუწოდებ, დაიცვან წესები, მთავარი მოთხოვნაა ყველა იზოლირებულ ოთახში დარჩეს და იცავდნენ შესაბამის წესებს. პანიკის საფუძველი არა გვაქვს“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ – მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ასევე, დღეს, 15 მარტს, ცნობილი უნდა გახდეს ბათუმში COVID-19-ზე აღებული  ერთი ტესტის პასუხი, რომელიც  გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში.

„გუშინ სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი პასუხი, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისში. ნიმუში გადაგზავნილია, დღის ბოლოსთვის გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 439 პაციენტი იმყოფება, 64 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 15 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხ პირს იკვლევენ კორონავირუსზე.

„მათ შორის ორი კარანტინის ზონიდანაა, ორი კი თვითდინებით შესული. კვლევები დღეს ჩატარდება და დაახლოებით სამ საათში გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ასევე, დღეს უნდა გახდეს ცნობილი საფრანგეთიდან ჩამოსული პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, რომელიც ბათუმიდან თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, რადგან ბათუმში აღებული ანალიზის შედეგი არ იძლეოდა ზუსტი პასუხის საშუალებას.

ამ დრომდე აჭარაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 439 პაციენტი იმყოფება, 64 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

______________

ფოტოზე: ბათუმის ინფექციური საავადმყოფო

ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების რიცხვი 11-მდე გაიზარდა – კორონავირუსი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მიერ განსაზღვრულ კორონავირუსის ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებს შვეიცარია, ნორვეგია და დანია დაემატა. ასეთი ქვეყნების რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი.

საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, [მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში] შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა [მათ შორის ტრანზიტული], ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

[checklist]

  • კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში [ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია და დანია] ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, უნდა წარმოადგინონ (СOVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
  • ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პირები გაივლიან ეპიდემიოლოგიურ შემოწმებას და სავალდებულო 14- დღიან იზოლაციის პროცედურას.
  • მაღალი ტემპერატურის, გამოხატული კლინიკური ნიშნების ან სხვა საეჭვო გარემოებების გამოვლენისას შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგი ავსებს რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) და დადგენილი წესის თანახმად ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
  • ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

[/checklist]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 მარტის 18:00 საათიდან, დროებით შეჩერდება მგზავრთა გადაადგილება „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტის გავლით. შეზღუდვები არ შეეხება ტვირთბრუნვას.

ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას „ვალესა“ და „კარწახის“ საბაჟო-გამშვები პუნქტები.

ასევე მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არც აქ ვრცელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ორივე მხარე უზრუნველყოფს სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.

საქართველოში 15 მარტისდილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული სულ 30 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 439 ადამიანი, ხოლო სტაციონალურ მეთვალყურეობას გადის – 64.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა, ერთი ტესტის პასუხი გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში.

ბათუმში კორონავირუსის ერთ ტესტზე საჭირო გახდა დამატებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა, ერთი ტესტის პასუხი გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში.

„ჯერჯერობით აჭარაში არ გვაქვს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი პასუხი, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი კვლევის ჩატარება ლუგარის ლაბორატორიაში, თბილისში. ნიმუში გადაგზავნილია, დღის ბოლოსთვის გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, პირი, რომლის ანალიზის პასუხიც დღეს უნდა გაირკვეს ლუგარის ლაბორატორიაში, საფრანგეთიდან ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა:

„მთელი ეკიპაჟი ქუთაისიდან გადაყვანილი იქნა ბათუმის კარანტინის ზონაში ორი დღის წინ. ისინი აეროპორტიდან გადაყვანილ იქნენ საკარანტინო ზონაში ავტობუსებით და არავისთან არ ჰქონიათ კონტაქტი“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 439 პაციენტი იმყოფება, 64 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ტრამპმა კორონავირუსზე ანალიზი ჩააბარა – პასუხი უარყოფითია

BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე შეამოწმეს. პრეზიდენტის ექიმმა, შონ კოლნიმ განაცხადა, რომ ანალიზის პასუხი უარყოფითია, ტრამპს კორონავირუსი არ აქვს.

ტრამპმა COVID-19-ზე ანალიზის ჩაბარება ბრაზილიის პრეზიდენტთან, ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლსონაროს კორონავირუსი აქვთ, თუმცა ამ ინფორმაციას ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს. მედია ასევე წერს, რომ ბოლსონაროს დელეგაციის მინიმუმ 5 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. COVID-19-ის სიმპტომები აღმოაჩნდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსსაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში [ჩინეთის გარდა] კორონავირუსით ინფიცირების 9 700 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მსოფლიოში COVID-19 სულ 142 ათას ადამიანს აქვს, გარდაიცვალა 5 393 ადამიანი.

აშშ-ში COVID-19-ის 2 655 შემთხვევაა აღრიცხული 49 შტატში.

 

ოჯახი ბათუმის ცენტრში, რომელიც შეშის ღუმელზე თბება – შშმ პირს შემწეობა მოუხსნეს

„ვერ მითხრეს ზუსტი პასუხი, რატომ მომიხსნეს დახმარება… მერე რაღაცები ნახეს პროგრამაში და შუქი დაგიწვავს წლიურად 219 ლარი, ამ დროს პროგრამა ავტომატურად წითელს ანთებსო, ანუ თვეში დაახლოებით 18 ლარი გამოდის. ვიკითხე, რამდენი უნდა დაგვეხარჯა ოჯახს, რომ პროგრამას მწვანე აენთო-მეთქი? ვერ მიპასუხეს,“ – სოციალური მომსახურების სააგენტოში ბოლო შეხვედრას ასე იხსენებს დავით ბურჭულაძე. დათო ფსიქიკური დაავადების გამო მეორე ჯგუფის შშმ პირია და ყოველთვიურად პენსიას – 120 ლარს იღებს.

ოჯახი გასული წლის აგვისტომდე სოციალურ შემწეობასაც იღებდა, თვეში 260 ლარს, თუმცა წლის ბოლოს დათოს ოჯახში აგენტები გადასამოწმებლად მისულან.

„დაახლოებით 10 წელი ვიღებდით სოციალურ დახმარებას, აქამდე 27 ათასი მქონდა სარეიტინგო ქულა, ბოლოს [გასული წლის აგვისტოში] 73 ათასი მოვიდა და დახმარება შემიწყვიტეს… მხოლოდ ჩემს მეხუთეკლასელ გოგოს დაუტოვეს 50-ლარიანი ვაუჩერი. ახალი არაფერი შეგვიძენია, თუმცა მაცივარი მაქვს. კი,“ – გვიყვება დავით ბურჭულაძე და სამზარეულოში შევყავართ.

დავით ბურჭულაძე და მისი მეუღლეც უმუშევარია. უფროსი შვილი პირველი კურსის სტუდენტია, უმცროსი – მეხუთეკლასელი. დათო გვიყვება, რომ სიამოვნებით იმუშავებდა, ამის საშუალება თუ მიეცემოდა. ოჯახი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც ორი ოთახია და სამზარეულო. დათოს და მის მეუღლეს შეშის ღუმელთან ვესაუბრეთ.

„რაში მყოფნის 120 ლარი?“ – კითხულობს დათო, ფეხზე დგება და ჩამოთვლას იწყებს: „მაკარონი, კარტოფილი, ჩაი… კაი საჭმელებს იცი, როდის ვჭამთ? – ზაფხულში. ზაფხულში ზოგიერთი ნაცნობი ჩამოდის და გვპატიჟებენ, მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურზე, ან რამე ხორციან კერძზე… სიდედრი მეხმარება სოფლიდან კიდე.

საზღვაო აკადემია დავამთავრე, მაგრამ სადაც ვითხოვე სამსახური, ყველგან ფორმა 100-ს მთხოვენ, სეზონურად თუ ვიპოვი რამე სამუშაოს, სულ ესაა“, – ამბობს დათო.

დავით ბურჭულაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ახლა ვერც უფასო სამედიცინო მომსახურებას იღებს, რადგან შემწეობა მოუხსნეს.

„თემურ ქარცივაძე მიმტკიცებდა [სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი], უფასო სამედიცინო მომსახურება გერგებაო, მაგრამ თვალის გამო მივედი ექიმთან და მითხრეს, რომ 30 პროცენტი ჩემი გადასახდელია, ანუ 12 ლარი. 120 ლარი რამდენ რამეს უნდა ეყოს?“ – კითხულობს დათო.

დავით ბურჭულაძის ოჯახისთვის სოციალური შემწეობის შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერ მოგვაწვდიან. პრესსამსახურში გვითხრეს ისიც, რომ სოციალური შემწეობის მიღება ან შეწყვეტა არ უკავშირდება ამა თუ იმ პირის შეზღუდულ შესაძლებლობებს.

საუბრის ბოლოს დათომ ფურცელზე ამოწერილი ციფრები გვაჩვენა და თითი გააყოლა ციფრს – 73 ათასი.

„ეს ციფრები ინტერნეტიდან ამოვიწერე, 73 ათასი ვყოფილვართ მეორე ჯგუფის ინვალიდი… არ მინდა, ამ ადამიანების მკვლელი გახდეს სახელმწიფო, მე მინდა, ეს აღნიშნოთ,“ – დასძინა მან ჩვენთან გასაუბრების დროს.

 

დავით ბურჭულაძე

როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?

ალბათ დღეს ყველაზე მეტი ახალი ამბავი „კორონავირუსზე“ წაიკითხე ხომ? მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გაიქცა თვითიზოლაციიდან და მერე პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს, ამოწმებენ და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენც იზოლაციაში ხარ და ნერვიულობ. შეიძლება არც გიფიქრია იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა აკეთო ის, რისთვისაც აქამდე ვერასდროს იცლიდი – გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენჯერ გითქვამს: „დრო რომ მქონოდა, ამას ვიზამდი!“

სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითიზოლაციაში ყოფნა შესაძლოა ბევრს მოგვიწიოს. ახლა რასაც ვწერ, ეს ნამდვილად არ მაქვს სპეციალისტებთან შეთანხმებული, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რას გავაკეთებდი იმ შემთხვევაში თუ თვითიზოლაციაში მომიწევს ყოფნა.

მაშ ასე:

სოციალური ქსელები

პირველ რიგში, რომელიმე სოციალურ ქსელში შევქმნიდი ჯგუფს, სადაც მოვიწვევდი ყველას, ვინც კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. რასაკვირველია – სხვებსაც. ჯგუფის წევრები ერთმანეთს აზრებს გავუცვლიდით მიმდინარე ამბებზე, საინტერესო მოვლენებზე, პროპორციულ არჩევნებზე, ვირუსზე, ეკონომიკაზე, ბანკის სესხებზე, ან თუნდაც საკუთარი ცხოვრების, ან ინტერესების შესახებ მოვუყვებით ერთმანეთს. ჩვენს აჩქარებულ დროში ხომ იშვიათად ფიქრობს ვინმე ამაზე – რამდენად სასიამოვნოა, როცა სხვისი ცხოვრების თანაზიარი ხდები, გცალია რომ მოუსმინო და სცალიათ ბოლომდე მოისმინონ შენი ყველა წუხილი, შფოთვა თუ სიხარული.

შესაძლოა, ამ გზით თვითიზოლაციიდან თუ კარანტინიდან არა, მაგრამ საკუთარი თავიდან გაქცევაც მოინდომო – შესაძლოა საკუთარ თავში აღმოაჩინო, რომ სულაც არ ცხოვრობდი ისე, როგორც გსურდა, როგორც შეგეძლო და როგორიც რეალურად ხარ.

ცეკვის სწავლა

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, სიამოვნებით დავიწყებდი უფასო ონლაინ გაკვეთილებით რომელიმე ცეკვის შესწავლას. ვფიქრობ, კორონავირუსის პრევენციის დრო აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ძირითადი ილეთები კარგად ისწავლო და მას შემდეგ, რაც დადასტურდება რომ ვირუსი არ გაქვს, ან ამ ვირუსს დაამარცხებ, პირდაპირ საცეკვაო მოედანზე გაეშურო.

ჰო, სარკის შეტანა არ უნდა დაგვავიწყდეს ოთახში, სადაც იზოლაციის პერიოდს ატარებ – სად გაგონილა ცეკვის შესწავლა ისე, რომ სარკეში საკუთარი სხეულის ძალის ახალ გამოვლინებებს თვალი არ ადევნო?

ასე წარმატებით რომელიმე ახალი უცხო ენის სწავლაც შეიძლება დაიწყო, ან რაც გგონია რომ იცი, იმის გაუმჯობესება სცადო.

წიგნები და ფილმები

აღარაფერს ვამბობ წიგნებსა და ფილმებზე, რომლებიც შეუზღუდავად შეგიძლია იკითხო და უყურო. რთული წარმოსადგენია, უარი თქვა და არ მოგინდეს – დივანზე წვები, არც სითბო გაწუხებს, არც სიცივე, ქაფქაფა ყავა მოიდგი, ან ჩაი, ლუდი… და ფილმის ყურებას იწყებ. არ მოგწონს? გამორთე და სხვა მოძებნე.

არც ეს მოგწონს…

წიგნები მოიმარაგე. დამიჯერე, სულ რამდენიმე გვერდი და ისე გახვალ სხვა სამყაროში, „კორონავირუსსაც“ ლიტერატურის ნაწილად აღიქვამ. მერე შესაძლოა, ისიც წარმოიდგინო, როგორ დაწერეს წიგნები, მაგალითად, კორონოვირუსიან სამყაროზე – ჩინეთის თუ იტალიის დაცარიელებულ ქუჩებზე, ბათუმზე, სადაც თვითიზოლაციიდან ხალხი გარბის, ან თბილისში მყოფ იმ ირანელზე, ექიმმა რომ გაასავსავა ხელები კამერების თვალწინ, „ვერ არი ეგ კაცი კარგადო“.

გაგახსენდა ის ირანელი, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია საქართველოში და გეცინებათ ხო?

არც ეგაა ცუდი იდეა – ინტერნეტი ხომ სავსეა ამდენი სასაცილო ვიდეოთი, კომედიური ჟანრის ფილმებით და სერიალებით.

ისე, ნუ გამორიცხავ, რომ თავადაც გაგიჩნდეს წიგნის დაწერის სურვილი, მაგალითად, ვირუსზე, რომელმაც რამდენიმე დღეში სრულიად შეცვალა სამყარო.

გამოძინება და დალაგება

არ მოგეწონა არაფერი რაც შემოგთავაზე? მაშინ შეგიძლია გამოიძინო. დარწმუნებული ვარ აქამდე ხშირად გიწუწუნია, რომ გამოძინებას ვერ ახერხებ.

აზრი არ აქვს ნერვიულობას, მაგალითად, ვალებზე – მაინც ვერაფერს შეცვლი. თანაც თვითიზოლაცია ხომ მხოლოდ 14 დღეს გრძელდება.

დანარჩენი შენ დაამატე:)

თუ ფიქრობ, რომ აქ საშენო არაფერია, შენი ვერსია შემოგვთავაზე.

 

ილუსტრაცია: მარიამ მუთიძე/ბათუმელები

მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება, კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში.

საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

„სხვა სახმელეთო გამტარ პუნქტებზე – თურქგოზუ/ვალე, აქთაშ/კარწახი,  ქვეითთა მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“-ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში. აღნიშნული შეზღუდვა თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ანალოგიურად შეეხება“, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქვეყანა სურსათის დეფიციტის საშიშროების წინაშე არ დგას”-სოფლის მეურნეობის მინისტრი

„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს – ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვალისწინებს როგორც FAO-ს, ასევე სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკასა და რეკომენდაციებს.
ძირითად სასურსათო კატეგორიებზე სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგი. ჩვენ გამოვყავით 18 კატეგორიის სურსათი (ბურღულელული, ხორბალი, მარილი, შაქარი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი, დაკონსერვებული პროდუქცია,..), რომელზეც, დღეისთვის, რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს. ქვეყანაში მარაგები არსებობს; სურსათის დეფიციტის შექმნის შიშის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სავაჭრო ობიქტებში არ შევქმნათ დაძაბულობა და მიწოდების პროცესი ხელოვნურად არ გავხადოთ უმართავი, რაც ისევ ჩვენ, მომხმარებელს დაგვაზარალებს.
ქვეყნის შიგნით ყველა წარმოება შეფერხების გარეშე ხორციელდება. არ გვაქვს სირთულეები იმპორტის მიმართულებით. ყველა მომსახურება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად, აბსოლუტურად შუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეოს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს განმარტებით საქართველოში იმპორტიც და ექსპორტიც ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება და ბაზარზე რაიმე სახის დეფიციტის წარმოქმნა მოსალოდნელი არ არის.

 

თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს. საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ 22 ადამიანია გადაყვანილი.

იძულებით კარანტინში გადაყვანილი არიან ადამიანები თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან.

შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათშია გამოვლენილი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს“-ნათქვამია შსს განცხადებაში, რომელიც დღეს 14 მარტს გავრცელდა.

სარფის საბაჟოზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა – საქართველოს მთავრობა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

„აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები“-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის გამოქვეყნდა მთავრობის ფეისბუკის გვერდზე, დროებითი შეზღუდვის მიზეზი არ არის დასახელებული. განცხადებაში არც ის არის მითითებული, დროებითი შეზღუდვა რამდენ ხანს გაგრძელდება.

დღევანდელი სტატისტიკით, თურქეთში კორონავირუსის 5 შემთხვევაა დადასტურებული, საქართველოში კი 30 შემთხვევა.

ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს

დღეს, 14 მარტს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა. მგზავრის ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს.

„თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო“ – ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ“ – გვეუბნება მგზავრი.

„ბათუმელები“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა მძღოლს წინა კარის ჩაკეტვის უფლება და რა რეკომენდაციები აქვთ გაცემული ვირუსის პრევენციისთვის?

ბესო დათიაშვილი, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მძღოლის ქმედება თვითნებურია და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ავტობუსებს დეზინფექცია უტარდება.

„მძღოლს თვითნებურად აქვს ეს გადაწყვეტილი ალბათ, მითითება არ აქვთ მაგაზე. ავტობუსებს დეზინფექცია უტარდებათ, მძღოლს შეხება არ აქვს არც ფულთან და არც მგზავრთან უშუალოდ და სხვა რა უსაფრთხოება უნდა დავიცვათ“ – ამბობს დათიაშვილი.

მისივე თქმით, კომპანია მძღოლს დაუკავშირდება და მის პოზიციასაც მოისმენს.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

 

 

 

ბათუმში 3 პირი ინფექციურში გადაიყვანეს – COVID19

ბათუმში, თვითიზოლაციაში მყოფი სამი ადამიანი, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურა. „ანალიზები აღებულია და ველოდებით პასუხს“-აცხადებენ სამინისტროში.

ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 30-მდე გაიზარდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული.

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო ახალი 5 შემთხვევაც იტალიასთანაა კავშირში.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 პაციენტი, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ტურიზმის სფეროში საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადავადდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული [4 თვის] ვალდებულების გადახდის გადავადება, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე [სასტუმრო, ჰოსტელი] ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

„შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე“ – განაცხადა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით, რომელიც ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის 16 მარტიდან იქნება.

ლევან დგებუაძემ გადასახადების გადამხდელებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისათვის, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გადამხდელებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გაეცნონ ან ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის სერვისით [2 299 299].

Exit mobile version