მზადაა 3 500 საწოლი, ექიმების დეფიციტი არ გვაქვს – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების დეფიციტი არ არის და, შესაბამისად, არ არის სამედიცინო პერსონალის დამატებით მობილიზების აუცილებლობა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა 3 500 საწოლი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 8 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მობილიზაცია უკვე არის მომხდარი, ასევე, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებულ საკარანტინე ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის იყოს უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან ასევე თქვა, რომ ქვეყანაში მზადაა 3 500 საწოლი კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ. ეს იმას გულისხმობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ერთი თვის განმავლობაში, შეფერხების გარეშე შეძლებს დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას.

„პარალელურ რეჟიმში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ ტრენინგს ოჯახის ექიმებისას, ჩვენ დამატებით შეგვიძლია საკარანტინე სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება საკარანტინე ზონებში. საერთო ჯამი არის დაახლოებით 10 000-მდე  პაციენტი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის მანძილზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911.

ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 141 942-ია, მათგან გარდაიცვალა 14 045, გამოჯანმრთელდა – 43 208;

იტალიაში დადასტურებული შემთხვევები არის – 135 586, მათგან გარდაიცვალა – 17 127, გამოჯანმრთელდა – 24 392.

საქართველოში ბოლო მონაცემებით [8 აპრილი, 14:00] 160 ადამიანია ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა – 48 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.

კარანტინის რეჟიმში, 86 სხვადასხვა სასტუმროში, იმყოფება – 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 პირი. ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადებით, საქართველოში საკარანტინო პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახია მობილიზებული. 

სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა

„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში.

თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად ქუჩაში უწევდა ცხოვრება. და-ძმა სკოლაშიც იშვიათად დადიოდა. ანამ გვითხრა, რომ ახლა ისევ „კარდონებში“ სძინავს და სკოლაც სანატრელი გაუხდა.

ანასა და სიღარიბეში მცხოვრები სხვა ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. წიგნი ან წიგნები შეგიძლიათ დატოვოთ „იალქნის“ შესასვლელთან – ბათუმი, ჭავჭავაძის 27, ბინა 16. ეს ოფისი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზეა.

„ოფისის შესასვლელთან დავდგამ ყუთს და დავაწერ, რომ ის წიგნებისთვისაა განკუთვნილი. ადამიანებს შეუძლიათ აქ დატოვონ წიგნები. ჩვენ მათ ოჯახებს მივუტანთ, როცა საკვები პროდუქტების გასატანად ისევ გავალთ…“ – გვითხრა თიკო აბაშიძემ. მისივე თქმით, წიგნებს ბავშვებთან მიტანამდე სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავებენ.

თიკო აბაშიძე ასევე სთხოვს ადამიანებს, რომლებსაც ბავშვებისთვის წიგნების ჩუქება შეუძლიათ, წიგნი ერთჯერად პარკში მოათავსონ და ისე ჩადონ წიგნების ყუთში.

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს.

ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

[checklist]

  • მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
  • მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
  • ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში;
  • ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან – Apple Pay ან TBC Wallet;
  • Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

[/checklist]

„ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ – დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათ კიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, – ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც გარკვეული პირობებით არ იზღუდება

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, გაიზარდა.

ჩამონათვალს დაემატა რამდენიმე სფერო, რომელთა საქმიანობა, გარკვეული პირობებით, არ შეიზღუდება, მათ შორის მიწოდება/რეალიზაცია.

8 აპრილის მდგომარეობით ასეთი ეკონომიკური საქმიანობებია:
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია;
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა  სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები
    (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
  • IT  და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
  • საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
  • 24-საათიანი  სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად);
  • საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭდი ქაღალდის/რულონის მიწოდება;
  • მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი,
    გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.

საქართველოში 2020 წლის 22 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის ვადით კი ქვეყანაში შეჩერებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისის გარდა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუშაობის უფლება მიეცა ასევე სხვადასხვა კომპანიებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამ თემაზე:

როგორ შეიძლება მოიპოვოს კომპანიამ მუშაობის გაგრძელების უფლება – მინისტრის განმარტება

საკონსტიტუციოს ახალი მოსამართლის ფიცი ცარიელ დარბაზში

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ხვიჩა კიკილაშვილმა დღეს, 8 აპრილს, ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიალს პანდემიის გამო მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდა. სხვა პირებს, მათ შორის, პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცის დადებას უნდა დასწრებოდა, პრესცენტრი მიაწვდის წერილობით ინფორმაციას.

ხვიჩა კიკილაშვილი 3 აპრილს დანიშნა უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებად შეაფასა.

ხვიჩა კიკილაშვილი ამ დრომდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა, მანამდე კი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მიქაუტაძის საქმის განმხილველი მოსამართლეა. ამ საქმის განხილვის შემდეგ დააწინაურეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი.

საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბავშვის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.

5 და 7 წლის ბავშვებთან გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 9 წელი მიუსაჯეს

თბილისში 5 და 7 წლის გოგონებთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის დ.ძ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. იგი წარსულშიც არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს.

შემთხვევა 2019 წლის ივლისში მოხდა. დ.ძ. სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ არაერთგზის.

Google-ის კონკურსი სტუდენტებისთვის საქართველოდან

„გუგლი“ საქართველოში დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერებს ეძებს. დეველოპერების სტუდენტური კლუბი (DSC) Google-ის დეველოპერების ერთ-ერთი პროექტია. ეს უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ტექნოლოგიებით დაინტერესებული სტუდენტების გაერთიანებაა.

სტუდენტური კლუბის ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე საქართველოში, წელიწადში ერთხელ შეირჩევიან. წელს აპლიკაციების მიღება „გუგლმა“ 1-ელ აპრილს დაიწყო და 15 მაისამდე გაგრძელდება.

კლუბის ლიდერობა არაანაზღაურებადია და „გუგლის“ გუნდთან მოხალისებრივ თანამშრომლობას გულისხმობს.

სტუდენტური კლუბის ლიდერების კონკურსში, „გუგლის“ მოთხოვნა აპლიკანტების მიმართ ასეთია:

  • კონკურსანტი უნდა იყოს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი
  • ჯერ კიდევ დარჩენილი უნდა ჰქონდეს ორი წელი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე
  • უნდა სურდეს საკუთარ თემში სიახლეების შეტანა და ტექნოლოგიების დახმარებით ცვლილებების განხორციელება;
  • უნდა ესმოდეს კომპიუტერული მეცნიერებებისა და პროგრამირების ტექნიკური საკითხები;
  • უნდა ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება. ეს შეიძლება მოიცავდეს სკოლის პროექტის, კლუბის, მოხალისებრივი აქტივობის განხორციელების გამოცდილებას (არ არის აუცილებელი ეს გამოცდილება შეეხებოდეს ტექნოლოგიებს).

DSC კლუბის შერჩეულ ლიდერებს Google შესთავაზებს:

კონკურსში გამარჯვებულები ერთი წლის განმავლობაში იქნებიან Google-ის უახლესი ტექნოლოგიების მენტორები საქართველოში და Google-ი მათ მისცემს შესაძლებლობას, დაესწრონ რეგიონულ და გლობალურ სამიტებს, კომპანია ასევე დააფინანსებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ადგილობრივ ღონისძიებებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია Google-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის შექმნილია facebook ჯგუფი DSC Georgia, სადაც პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებზე გაგცემენ ამომწურავ პასუხს.


გასულ, 2019 წელს, Google-მა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სულ 60 მოხალისე სტუდენტი აარჩია კონკურსისა და გასაუბრების წესით, მათ შორის, საქართველოდან იყო 20 წლის თამთა კაპანაძე.

google-ის 20 წლის მოხალისე დეველოპერი საქართველოდან

ბოლო 10 საათის განმავლობაში პოლიციამ 121 ადამიანი დააჯარიმა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ 8 აპრილის დილის 06:00  საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 121 მოქალაქე დააჯარიმა.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 4 მოქალაქე დაჯარიმდა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი პოლიციამ კიდევ 31 პირი დააჯარიმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ქობულეთის სოფელში შესაძლოა კარანტინი გამოაცხადონ – გვარაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, დღის ბოლოს კი მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გადაწყდება გამოაცხადებენ თუ არა ამ სოფელში კარანტინს. სწორედ ამ სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში, სტუმრად იმყოფებოდა 54 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება ლაბორატორიულად დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევა, რომელზეც  მან განცხადება დღეს დილით გააკეთა. 

ამ პაციენტთან კონტაქტის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 პირი, ასევე სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი. სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი, სოფელში 1089 ადამიანი ცხოვრობს.

დღეს გაირკვა, რომ სასწრაფოს პერსონალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

4 აპრილს 54 წლის ქალმა მუცლის მწვავე ტკივილის გამო 112-ზე დარეკა და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

ვინაიდან ეროვნული პროტოკოლით მოწოდებული დეფინიციით არ შეესაბამებოდა პაციენტის ჩივილები სავარაუდო კოვიდ 19-ის კრიტერიუმებს, მას მხოლოდ მუცლის ტკივილის შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში 5 აპრილს, დილით, – განმარტეს სამედიცინო ცენტრში.

5 აპრილს, საღამოს, 54 წლის ქალმა სასწრაფო დახმარება მეორედ გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ამჯერად სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ეპიდემიოლოგები ქობულეთის საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციასაც შეისწავლიან.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – სამეზობლო კონტაქტები სოფელ გვარაში

მთავრობა $1,3 მილიონის პირბადეებსა და დაცვის საშუალებებს ყიდულობს სტრუქტურებისთვის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შპს Weekend-თან 6 აპრილს პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვაზე 1 329 680 აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმა.

კომპანიამ სამინისტროს უნდა მიაწოდოს სხვადასხვა სახის პირბადე, თერმომეტრები, ერთჯერადი სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები.

„მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელმა უნდა მოამარაგოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19 გავრცელების ხელშეშლისათვის საჭირო დეფიციტური პროდუქციით. პანდემიის შედეგად მსოფლიოში დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვების პირობებში და ასეთი პირობების გათვალისწინებით, მიმწოდებელი აცხადებს, რომ იგი  გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას იმისათვის, რომ შეასრლოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები – შესაძლებლობის ფარგლებში.“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

შესასყიდი საქონელი და ფასები / ხელშეკრულებიდან

საქონლის მიწოდების საბოლოო ვადაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად ჩარიცხვიდან 13 სამუშაო დღე.

ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „მიწოდების საბოლოო ვადა შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს) მხოლოდ მომწოდებელ/გამომგზავნ/წარმოების ქვეყანაში ან საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული საგანგებო რეჟიმის/გამკაცრებული რეჟიმის ან სხვა რეგულაციების გამო, რომლის შესახებაც წინასწარ ეცნობება შემსყიდველს წერილობით (შესაბამისი მტკიცებულებით), რაც წარმოადგენს მიწოდების ვადის ავტომატურად გადაწევის საფუძველს.“

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვაზე პირდაპირი წესით სხვადასხვა კომპანიასთან აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. სამინისტრო, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაბამის ხელშეკრულებებს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე აფორმებს.

____________________

2020 წლის 8 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული  შემთხვევათა რაოდენობაა – 208, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 46,  გარდაცვლილია – 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 674, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 ადამიანი.

COVID 19 აღმოაჩნდა კაცს, რომელმაც ქობულეთში კლინიკას მიმართა – ცენტრმა მუშაობა შეაჩერა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს.

სამედიცინო ცენტრის მუშაობის შეჩერების მიზეზი გახდა პაციენტი, რომელსაც კლინიკამ მომსახურება გაუწია და მას დღეს, 8 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კაცი, რომელმაც ქობულეთის სამედიცინო ცენტრს მიმართა, 54 წლის ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტირებული პირი, აქედან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია. 20 ოჯახური კონტაქტი. ლაბორატორიული კვლევისთვის 16 ნიმუში აიღეს და აქედან ვირუსი 5-ს დაუდასტურდა. ამ ხუთიდან ორი 54 წლის ქალის ოჯახის წევრია, ხოლო სამი ქალის სამეზობლოს კონტაქტი,“ – განმარტა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები ინტენსიურად მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე.

„ვმუშაობთ ყველა  მიმართულებით, ვსწავლობთ თითოეული პაციენტის კვეთის ადგილებს, ვისთან ჰქონდათ კვეთა, რომელ სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. ამიტომ, თითოეული პაციენტის ირგვლივ შეისწავლება ყველა კონტაქტირებული პირი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალს COVID19 არ აღმოაჩნდა

უკვე ცნობილია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 6 თანამშრომლის პასუხი COVID19-ის ანალიზზე. მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. სულ კვლევა ჩაუტარდა 17 პირს სამედიცინო დაწესებულებებიდან, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, გუშინ გადაიყვანეს კარანტინში. მათ კონტაქტი ჰქონდათ ქალთან, რომელსაც 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა. ქალმა ორჯერ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. მისი ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  არიან თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადები სპეციალური ფორმებით აღჭურვილები, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა, მინდია კახიძემ გვიპასუხა, რომ C დონის აღჭურვა გააჩნია ყველა ბრიგადას, მაგრამ აღჭურვილობა გამოიყენება გრიპისმაგვარ დაავადებებთან და არა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არანაირ სიმპტომატიკას არ აფიქსირებს.

„ამ პაციენტთან სპეცფორმით არ მისულან და არც უნდა მისულიყვნენ. იმიტომ, რომ ქალბატონმა, როდესაც დარეკა 112-ში, თქვა, რომ არ ყოფილა უცხოეთში, ამასთან არც ტემპერატურა ჰქონდა, არც ხველა, არც სურდო. არაფერი არ უთქვამს ისეთი, რაც ვირუსის სიმპტომატიკასთან იყო დაკავშირებული. ნაღვლის ბუშტის პრობლემა მაქვს, ელენთა მაწუხებსო, ასე თქვა,“ – გვითხრა მინდია კახიძემ.

სამედიცინო პერსონალი, რომელთაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ქალთან, 14 დღის განმავლობაში კარანტინსა და თვითიზოლაციაში რჩება.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – სამეზობლო კონტაქტები სოფელ გვარაში

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„წუხელ ღამით დაგვემატა 5 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ხუთივე არის ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირი. ეს გახლავთ შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ არ არის დადგენილი და მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის კონტაქტები, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სამეზობლოს კონტაქტები,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველ ეტაპზე მოძიებულ იქნა 37 კონტაქტირებული პირი, რომელთაგანაც 17 პირი სამედიცინო დაწესებულების პერსონალია, 20 – ოჯახური კონტაქტი.

„აღებულ იქნა 16 ნიმუში და მათგან 5 დადასტურდა. ამ ხუთიდან ორი ოჯახის წევრია, ხოლო 3 – სამეზობლოს კონტაქტი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ინფიცირებული ქალის შვილს და მამას. სამეზობლო კონტაქტები ქობულეთის სოფელ გვარას უკავშირდება, სადაც ინფიცირებული ქალი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი ჯგუფი, სულ ექვსი ადამიანი, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტთან იმყოფებოდნენ, კარანტინში გადაიყვანეს. მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია 54 წლის ბათუმელი ქალის ინფიცირების წყარო.  

„მსგავსი ტიპის შემთხვევები მომდევნო პერიოდში გვექნება, ეს არის ლოგიკური მატება პანდემიის პირობებში, ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები,“ – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა

8 აპრილის [ 10 სთ] ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი. 

გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4 674 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 362 პირი მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსის მაჩვენებლების მატებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს  კორონავირუსის შემთხვევები 1000-1200-მდე შეიძლება გაიზარდოს. მოიმატებს გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც.

 

ნატოს 4 ხომალდი ფოთის პორტში შემოვიდა

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი შემოვიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN [იტალია], HMCS FREDERICTON [კანადა], ROS REGINA MARIA [რუმინეთი] და BGS VERNI [ბულგარეთი]. დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში შენაერთის მეხუთე ხომალდიც  – TCG SALIHREIS [თურქეთი] ჩაერთვება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები “ოჩამჩირე” და “დიოსკურია” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში.

2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ – აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

ჰელინ ბოლექის შეწყვეტილი სიმღერა – მუსიკოსი შიმშილობის 288-ე დღეს გარდაიცვალა

3 აპრილს, საპროტესტო შიმშილობის 288-ე დღეს, გარდაიცვალა თუქრული მემარცხენე მუსიკალური კოლექტივის Grup Yorum-ის წევრი ჰელინ ბოლექი.

3 აპრილს Grup Yorum-ის ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ასაკში სტამბოლში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი. მან სიცოცხლის ბოლო 288 დღე ჯგუფის სხვა ორ წევრთან, მუსტაფა კოჩაკთან და იბრაჰიმ გოკჩეკთან ერთად, პროტესტს მიუძღვნა. შიმშილის ეს ფორმა ტრაგიკულია, ადამიანები ამ დროს იღებენ მხოლოდ სითხეს, რათა გაიხანგრძლივონ დარჩენილი დღეები პროტესტის მაქსიმუმის გამოსახატავად. 

ჰელინ ბოლექის ოჯახი წარმოშობით ქალაქ დიარბაქირიდანაა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქიდან, რომელიც  ცენტრალურ ქალაქად მიიჩნევა თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის.

ცოტა რამ Grup Yorum-ის შესახებ

Yorum თურქულიდან ითარგმნება როგორ კომენტარი, ერთგვარი ინტერპრეტაცია. ჯგუფი მარმარას უნივერსიტეტის 4-მა სტუდენტმა ჩამოაყალიბა 1985 წელს. მაშინ ისინი შთაგონებულები იყვნენ ლათინო-ამერიკული მოძრაობით Nueva canción [ახალი სიმღერა]. ჯგუფის წევრებმა გააერთიანეს თურქული და ქურთული ფოლკსიმღერები, დაუმატეს მემარცხენე საკულტო მუსიკა და ეს ყველაფერი სატირული პერსპექტივიდან გააჟღერეს. Grup Yorum-ის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მას არ ჰყავს, ასე ვთქვათ, მუდმივი წევრები. ჯგუფის წევრად თავს ყველა ის მუსიკოსი მიიჩნევს, ვინც ეთანხმება Grup Yorum-ის მსოფლმხედველობას, ვინც არ ურიგდება არსებულ მდგომარეობას და მზადაა, მათთან ერთად უმღეროს რევოლუციას და რევოლუციონერებს.

Grup Yorum-ის კონცერტი იზმირში 2015 წ. წყარო: www.hurriyet.com.tr

დღემდე ჯგუფის აქტივზე 23 ალბომი და ერთი ფილმი ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა ხშირად ირწმუნება, რომ Grup Yorum-ს კავშირი აქვს რევოლუციურ სახალხო განმათავისუფლებელ პარტიასთან [DHKP-C], ჯგუფის გულშემატკივარს ფართო მემარცხენე სპექტრის თურქი და ქურთი მსმენელი წარმოადგენს.

დევნისა და დარბევის სერია

სააგენტო ბიანეტის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული 2017-2018 წლებში სტამბოლში მდებარე იდილის კულტურის ცენტრი პოლიციამ 6-ჯერ დაარბია. აქ Grup Yorum-ის წევრებს რეპეტიციები ჰქონდათ. პოლიციამ რეიდების დროს დაამტვრია მუსიკალური ინსტრუმენტები, დააზიანა ჩანაწერები. ჯგუფის წევრების განცხადებით, ამ პერიოდში დააკავეს 30 მათგანი. 7 წევრი მაშინ საპატიმროში დარჩა. მათ შორის ჰელინ ბოლექიც.

ინანი და სელმა

ჯგუფის 6 წევრი ე.წ. ნაცრისფერ სიაში მოხვდა როგორც ძებნილი ტერორისტი. მაგალითად, ჯგუფის სოლისტი სელმა და ინან ალთინები. მათ მოგვიანებით საფრანგეთს შეაფარეს თავი.

მომაკვდინებელი გაფიცვა

“ბოლექმა და ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, იბრაჰიმ გოქჩეკმა, შიმშილი ჯგუფის წევრების გათავისუფლების მოთხოვნით ციხეშივე ყოფნისას დაიწყეს”, –  წერს გარდიანი. მათ დატოვეს ციხე, თუმცა ორი წევრი, მათ შორის გოქჩეკის მეუღლე, კვლავ საპყრობილეში რჩება. ბოლექმა და გოქჩეკმა გააგრძელეს შიმშილი, მოთხოვნები თითქმის იგივე დარჩა:

  • შეწყდეს სტამბოლში მდებარე იდილის კულტურის ცენტრის პოლიციის მხრიდან დარბევა და დატერორება;
  • ამოიღონ Grup YORUM-ის წევრები ძებნილთა სიიდან;
  • გაუქმდეს აკრძალვები ჯგუფის კონცერტებზე;
  • შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესები;
  • გათავისუფლდეს ჯგუფის ყველა წევრი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია;

11 მარტს მოშიმშილეები ძალდატანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა 1 კვირაში მათ უარი თქვეს მკურნალობაზე და სახლში დაბრუნდნენ.

ჰელინ ბოლექი, წყარო Twitter/Grup Yorum

სწორედ ასეთ ვითარებაში გარდაიცვალა ჰელინ ბოლექი. გარდაცვალებამდე მას დედა უვლიდა, რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა მისი წერილიც, სადაც ის ამბობს:

“ჩემს შვილს ძილი აღარ შეუძლია, რადგან ის დიდ ტანჯვას განიცდის. მინდა ჩემმა შვილმა ისევ იმღეროს ფოლკსიმღერები. არ მინდა, რომ ის მოკვდეს. ნუთუ, არ გსურთ მისთანა ადამიანების სცენაზე ხილვა? გთხოვთ ყველას, ვისაც ჩემი სიტყვები ესმის, მოიმოქმედეთ რამე, ოღონდ ძალიან სწრაფად.”

3 აპრილს ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში ბოლექის გარდაცვალების კადრები, ის, თუ როგორ ალაგებდნენ წითელ მიხაკებს მის ცხედართან.

4 აპრილს მის დაკრძალვაზე შეკრებილი ადამიანები პოლიციამ წყლის ჭავლისა და ძალის გამოყენებით დაშალა, კადრები ტვიტერის საშუალებით გაავრცელეს მოქალაქეებმა:

დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდა იბრაჰიმ გოქჩეკი, მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, ამის მიუხედავად, ის აგრძელებს შიმშილს.

წყარო: Twitter / Grup Yorum

გასულ თებერვალს ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ ატარებდა ბოლექი სიცოცხლის ბოლო თვეებს.

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის შემთხვევებმა იტალიის მონაცემებს გადააჭარბა

7 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 139 ათასს მიაღწია, რაც აღემატება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობას იტალიაში, სადაც ბოლო მონაცემებით 135 586 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით.

აშშ-ი კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებულია – ჯამში 383 256 ადამიანი. ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ნიუ იორკის შტატი. ბოლო 24 საათში ნიუ იორკის შტატში 731 ადამიანი გარდაიცვალა COVID19-სგან.

რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 135 586 შემთხვევა, გარდაიცვალა 17 127 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 24 392 პირი.

აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთშია დადასტურებული – ჯამში 140 511. ქვეყანაში COVID19-ით გარდაიცვალა 13 897 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 43 208 პირი.

__________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

აპრილი და მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული იქნება.

„დღეს არის 196 შემთხვევა, ველოდებით, რომ ამ კვირის ბოლოს ეს რიცხვი სულ მცირე გაორმაგდება, შემდეგ კიდევ ერთხელ გაორმაგდება. აპრილის ბოლოს ჩვენი პროგნოზია, რომ იქნება 1000-1200 ფარგლებში ინფიცირებული, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც მოიმატებს.

ჩვენ არ გვინდა  მივიღოთ გეომეტრიული პროგრესია და ამიტომაც ვითხოვთ რეკომენდაციების დაცვას.

არის [მოვლენების განვითარების] სცენარის სამი ვერსია და ამ ციფრებზე მე უკვე აღარ მოგახსენებთ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს ქვეყანაში. ეს სცენარები არ არის იმისთვის გამიზნული, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ, იმიტომ, რომ ეს მათემატიკური მოდელირება ყოველთვის არ მართლდება.

პანიკაში არ უნდა ჩავაგდოთ ხალხი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მივცეთ დამშვიდების საშუალება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ რთული იქნება აპრილი და რთული იქნება მაისის განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ციფრები ინფიცირებისა მოიმატებს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

__________________

კანონი ერთია ყველასთვის – გამყრელიძე ეკლესიაში შეკრებაზე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ მისი რეკომენდაცია ეკლესიაში შეკრებასა და სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით უცვლელია.

„ეს კითხვა ხშირად ისმის. ზოგი გაურბის პასუხს, ზოგს აქვს არაერთმნიშვნელოვანი პასუხი.

ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლის.  ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი, ფუნდამენტური უფლება. რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ.

კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდომარეობიდან გამომდინარე და ის ერთია ათეისტისთვის, მორწმუნესთვის და ყველასთვის, რომ ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფ სამ ადამიანზე მეტი.

ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია.

რაც უფრო ნაკლები ადამიანი შეიკრიბება, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

__________________

მედცენტრი -„ვისაც სისხლის გაღების სურვილი აქვს, ამისთვის უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ“

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს, სამწუხაროდ, სისხლის მარაგების ნაკლებობაც დაემატა.

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

პრობლემები იქმნება სისხლის მარაგების მხრივ. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ჯანმრთელია და აქვს ამის ფიზიკური შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით რეგიონში? ამის თაობაზე „მედცენტრის“ კლინიკური დირექტორი მედეა ქაჯაია საუბრობს.

„მედცენტრის“ კლინიკურ დირექტორი  მედეა ქაჯაია
„მედცენტრის“ კლინიკურ დირექტორი  მედეა ქაჯაია

ქალბატონო მედეა, არის თუ არა რეგიონში სისხლის მარაგის პრობლემა?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ ახლახან „სისხლის ბანკი“ ამოქმედდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს, სამწუხაროდ, სისხლის მარაგის ნაკლებობაც დაემატა. არიან პაციენტები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლის მიწოდება. ამიტომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საზოგადოებას, გამოიჩინონ გულისხმიერება, გაიღონ სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!

 რამ გამოიწვია სისხლის მარაგის სიმცირე?

ამაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველი – ეს არის მოწოდება „დარჩი სახლში“, რასაც ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას დაემატა ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, გეგმური ოპერაციების მოცდის პერიოდი 4 თვემდე გაიზარდა. გეგმური ოპერაციების დროს კლინიკაში ორგანიზებულად ხდებოდა პაციენტთა ახლობლების მობილიზება და დონაცია, რითაც ხეხრდებოდა სისხლის ბანკის შევსება, თუმცა მაშინაც კი ხშირად გვქონდა სისხლის კომპონენტების დეფიციტი.

მოწოდებადარჩი სახლში“, ბუნებრივია, ყველამ უნდა გავითავისოთ, მაგრამ ალბათ სისხლის უანგარო გაღება ის შემთხვევაა, როცა გარეთ უნდა გამოვიდეთ.

გეთანხმებით, ამ შემთხვევაში „დარჩი სახლში“ მოწოდებას თუ დავარღვევთ, ეს გამართლებული იქნება. თუ ყველანი დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რაც პირველ რიგში, სოციალურ დისტანცირებასა და პირადი ჰიგიენის დაცვას ეხება, თუ სიფრთხილით მოვეკიდებით ყველაფერს, მერწმუნეთ, სისხლის გაღებით არც დავზარალდებით და ბევრი ადამიანის სიცოცხლესაც გადავარჩენთ.

მედცენტრი
მედცენტრი

ოსახლეობის ნაწილი შიშობს იმასაც, რომ კლინიკა არაა უსაფრთხო ადგილი, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ.

„მედცენტრის“ შემთხვევაში ხაზგასმით მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა სტანდარტს მაქსიმალურად და ზედმიწევნით ვიცავთ. კლინიკაში ნებისმიერი შემომსვლელი კონტროლდება, მათ შორის მედპერსონალი. ამდენად, ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ სისხლი გაიღოს, ამისთვის უსაფრთხო გარემოს ვთავაზობთ. კლინიკაში, სისხლის ჩაბარების მსურველს გაესაუბრება კვალიფიციური თერაპევტი, შეკრებს მოკლე ანამნეზს, შემდეგ სისხლში ჰემოგლობინს განსაზღვრავენ და პაციენტის მდგომარობის შეფასების შემდეგ მოხდება დონაცია.

დღეს ბევრ სხვა პრობლემას გადაადგილების შეზღუდვები ემატება. თუ ადამიანს სისხლის გაღების სურვილი აქვს, მაგრამ კლინიკამდე მოსვლას ვერ ახერხებს, ამ შემთხვევაში რას სთავაზობთ?

მსურველმა უნდა დარეკოს „სისხლის ბანკში“ ( 514 07 79 79 ან 596 22 60 60) და ჩვენ მათ ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ, როგორც კლინიკაში მოყვანისას, ისე სახლში დაბრუნებისას.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას – ამ მძიმე პერიოდში, როცა ერთმანეთის გვარდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „დარჩით სახლში“, მაგრამ სიფრთხილის დაცვით თუ შეძლებთ სისხლის გაღებას, ამით ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენთ!

გვარა – ქალის ისტორია, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა

7 აპრილს ბათუმში 54 წლის ქალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეს, 20:00-ისთვის არსებული მონაცემებით, ამის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო  სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 ადამიანი, სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი. სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმში ცხოვრობს. თუმცა ის რამდენიმე დღით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში  იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ეპიდკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალი შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა.

„კიდევ გავიმეორებ ჩემს თხოვნას, რომ დარჩით სახლში. იმიტომ, რომ ამ მოქალაქეს რომ არ ჰქონოდა იმ სამეზობლოსთან კონტაქტი, ან მეზობლებს ამ ოჯახთან და მას არ ჰქონოდა  გადაადგილების ამდენი შემთხვევა, რა თქმა უნდა, კონტაქტების წრე იქნებოდა მინიმალური. მე ამ დადასტურებულ შემთხვევაზე არ მაქვს საუბარი, არამედ იმ სავარაუდო მოქალაქეზე, რომლისგანაც მოხდა ამ ინფექციის გადაცემა,“ – თქვა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის თქმით, სოფელ გვარაში თვითიზოლაციის რეკომენდაცია 14 ადამიანს მისცეს. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ეს შემთხვევა იქცეს საკარანტინო ზომების გამკაცრების მიზეზად, ზაალ მიქელაძემ თქვა: „რამდენად ითვლება ასეთი განსაკუთრებული ზომების გასატარებელ შემთხვევად, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ, როდესაც დასრულდება ყველა ამ კონტაქტის კვლევა“.

მინისტრის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები მთელი დღის  მანძილზე მუშაობდნენ სოფელ გვარაში. ვირუსდადასტურებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფ 14 ადამიანს აუღეს ნიმუში და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები დღეს, გვიან ღამით გახდება ცნობილი.

[red_box]რა მოხდა?[/red_box]

4 აპრილს 54 წლის ქალმა მუცლის მწვავე ტკივილის გამო 112-ზე დარეკა და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში გადაიყვანა.

„პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 4 აპრილს ღამით შემოიყვანა. წინასწარი დიაგნოზით, ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა-პირღებინება. პაციენტის ქვეტრიაჟისა და ტრიაჟის შემდგომ, შესაბამისად აღჭურვილი მედპერსონალის მიერ (პერსონალური დაცვის აღჭურვილობას ვგულისხმობ), უსაფრთხოების სტანდარტული ზომების გათვალისწინებით მოთავსდა ემერჯენსის დეპარტამენტში.

ვინაიდან ეროვნული პროტოკოლით მოწოდებული დეფინიციით არ შეესაბამებოდა პაციენტის ჩივილები სავარაუდო  კოვიდ 19-ის კრიტერიუმებს, ჩაუტარდა მუცლის ტკივილის შესაბამისი მკურნალობა და გაეწერა ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში 5 აპრილს დილით,“ –  მოუყვა „ბათუმელებს“ სოსოს ჯახია, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი.

5 აპრილს, საღამოს, 54 წლის ქალმა სასწრაფო დახმარება მეორედ გამოიძახა. სასწრაფომ ქალი ამჯერად სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანა. მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ბათუმში, ამბობს: „როდესაც ქალბატონმა დარეკა 112-ში, თქვა, რომ არ ყოფილა უცხოეთში. ამასთან, არც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, არც ხველება, არც სურდო. არაფერი არ უთქვამს ისეთი, რაც ვირუსის სიმპტომატიკასთან იყო დაკავშირებული. ნაღვლის ბუშტის პრობლემა მაქვს, ელენთა მაწუხებსო“.

„პაციენტმა მომართა ჩვენი კლინიკის ენდოსკოპისტს, შემოსვლისთანავე შეიკრიბა ანამნეზი, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და ანამნეზით მიღებული შედეგით ივარაუდეს, რომ იყო კოვიდინფიცირებული. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „მედინას“ გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია.

[red_box]სად არიან სასწრაფოსა და კლინიკების მედპერსონალი?[/red_box]

კლინიკა „მედინას“ თანამშრომლები იზოლაციაში არიან დაკვირვების ქვეშ. მათ კორონავირუსზე ჯერ ტესტი არ ჩატარებიათ. კლინიკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ისინი მკაცრად იცავდნენ პაციენტებთან უსაფრთხო კონტაქტის წესებს. მისივე თქმით, „მედინაში“ ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარდა და კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

თვითიზოლაციაშია ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის  4 თანამშრომელი.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესი იყო დაცული და იყო უსაფრთხო კონტაქტი მედპერსონალის პაციენტთან, მიზანშეწონილად  ჩავთვალეთ მათი იზოლაცია. ვინაიდან რამდენიმე თანამშრომელს ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი აღნიშნულ პაციენტთან, ვურჩიეთ, მივეცით რეკომენდაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად, თვითიზოლაციაში გადასვლაზე,“ – ამბობს სოსო ჯახია, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი.

კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 თანამშრომელი.

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე.

ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.

მსოფლიოში დაახლოებით 28 მილიონი მედდა მუშაობს. 2013-დან 2018 წლამდე მათი რაოდენობა 4.7 მილიონით გაიზარდა. თუმცა ექთნების დეფიციტი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება და ეს დანაკლისი 5,6 მილიონ კადრს შეადგენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, რომ გაზარდონ საექთნო საქმის კურსდამთავრებულთა რაოდენობა წელიწადში 8%-ით მაინც. ამის პარალელურად შექმნან სამუშაო ადგილები და მიიღონ ზომები ჯანდაცვის სფეროში ექთნების შესანარჩუნებლად.

ექთნების სიმცირე პანდემიის დროს განსაკუთრებით საშიშია, რადგან ისინი პირველ ხაზზე არიან ვირუსთან ბრძოლის ველზე. მედპერსონალის, მათ შორის, ექთნების ინფიცირების ფაქტები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა. ექთნის დაინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა ბათუმშიც.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც საექთნო საქმე საქართველოში არ არის მიმზიდველი – დაბალი ანაზღაურებაა. ამის შესახებ „ბათუმელებიც“ წერდა:

ექთნებს ხელფასებს უმცირებენ – მთავრობის 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი

„აპრილში ავიღე ხელფასი 17 ლარი და 55 თეთრი“ – ექთნები ბათუმის „რესპუბლიკურიდან“

რა ღირს ექთნის შრომა

ჯანმო: ექთნების პერსონალის რაოდენობას ემუქრება სიბერეც: ყოველი მეექვსე ექთანი მსოფლიოში პენსიაში გავა 10 წელიწადში.

“პოლიტიკოსებმა იციან, რა ღირს პროფესიონალი ექთნების  მომზადება და მათი დარგში შენარჩუნება, მაგრამ ბევრი მათგანი რეალურად მხოლოდ ახლა იაზრებს ექთნების პერსონალის ჭეშმარიტ ფასს”, – წერს ექთნების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ანეტ კენედი. – “ყოველ დოლარს, ჩადებულს საექთნო საქმის განვითარებაში, მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობისთვის ძალიან თვალსაჩინო და ხელშესახები შედეგი.”

ჯანმოს ანგარიშის საფუძველზე პარტნიორი ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობებს: გაზარდონ ექთნების მომზადებასა და დასაქმებაში დაფინანსება, ასევე გააუმჯობესონ ექთნების სამუშაო პირობები, მათ შორის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების სახით და დაიცვან მათი უფლებები უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნაწილში.

ახალი ცნობა COVID 19-ზე: ასიმპტომურად მიჩნეულ პაციენტებს სიმპტომები მაინც განუვითარდათ

ახალი კორნავირუსის გავრცელებასთან ერთად მატულობს ვირუსის შესახებ ინფორმაციაც. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გადადება შეუძლიათ არა მარტო სიმპტომების მქონე, არამედ პრესიმპტომატურ პაციენტებსაც, ინფიცირების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენამდე 1-3 დღით ადრე.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] ეპიდემიოლოგი მარია ვან კერჰოვი აცხადებს, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტებს საბოლოოდ მაინც განუვითარდათ სიმპტომები:

„ჩინეთის მონაცემებით, უსიმპტომოთა კატეგორიას მიკუთვნებული პაციენტების დაახლოებით 75%-ს საბოლოოდ სიმპტომები უვითარდებათ. ისინი სინამდვილეში არიან არა უსიმპტომო, არამედ პრე-სიმპტომატური პაციენტები.

ინფექციის გადადება ძირითადად ხდება სიმპტომური პაციენტისგან და ეს შეიძლება მოხდეს სიმპტომების გამოვლენის საწყის ეტაპზე, როცა ისინი სულ მცირედით გრძნობენ თავს შეუძლოდ და არიან პრესიმპტომატურ ფაზაში,“ – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა. 

„არსებობს კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც რეალურად უსიმპტომოა და ამ დროისთვის არ დადასტურებულა უსიმპტომო გადადების შემთხვევა. თუმცა ეს არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას,“ – წერია ჯანმოს 2 აპრილის ანგარიშში.

მარია ვან კერჰოვმა ბრიფინგზე განმარტა, რომ ძირითად შემთხვევებში უსიმპტომო პაციენტები არიან სხვა ინფიცირებულის კონტაქტებზე გასვლით ნაპოვნი ადამიანები, რომლებიც ოპერატიულად იპოვეს და მათ ჯერ არ განვითარებიათ სიმპტომები.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ სიმპტომები, ვირუსის გადადება მაინც შეგიძლიათ ცხვირიდან ან პირიდან გამოსული წვეთებით და ამ წვეთების მიერ დაბინძურებული ზედაპირებით, რომელთაც სხვა შეეხება და შემდეგ სხეულის ლორწოვან გარსზე მიიდებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მაქსიმალურად დავიცვათ როგორც რესპირატორული, ისე ხელის ჰიგიენა.

ასევე, გვაქვს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც არსებობს საკმაოდ დიდი რიცხვი, ვირუსის „ამოუცნობი“ გზით გადადებისა და ამ სიტყვას ვიყენებ შეგნებულად, რადგან არ ვამბობ „უსიმპტომოს“.  მე ვამბობ, რომ ჩვენ შესაძლოა გამოგვრჩა ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც სადღაც არიან და ეს სრულად შესაძლებელია მსოფლიოს ძალიან ბევრ ადგილას,“ – ამბობს მარია ვან კერჰხოვი.

ჯანმოს წინა ბრიფინგზე, ვან კერხოვმა აღნიშნა, რომ ასიმპტომური პაციენტების სრულ უმრავლესობას, რომელთა შესახებაც ჩინეთში ვიზიტისას მიიღეს ინფორმაცია, საბოლოოდ სიმპტომები მაინც განუვითარდათ.

ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: ცხელება, დაღლილობა, მშრალი ხველი, ასევე: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, ყელის ტკივილი, შედარებით იშვიათად კი: დიარეა, ღებინება და სურდო.

„ვირუსის დაცვისგან ფიქრი ჩვენთვის ფუფუნებაა“ – ტრანსგენდერი ქალები პანდემიის დროს

„სამუშაო აღარ არის. რომ იყოს კლიენტი, მივიღებდი, მშიერი ვერ ვიქნები… ნაქირავებში ვცხოვრობ, საჭმელს „ხაზეიკა“ მაჭმევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 22 წლის ანა [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ტრანსგენდერი ქალია, სექსმუშაკად მუშაობს და ბათუმში ცხოვრობს. ტრანსგენდერი ქალები ლგბტქ თემიდან ყველაზე დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი სექსმუშაკობით ირჩენს თავს. პანდემიამდე და ახლაც ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას ოჯახთან ან ნათესავებთან ურთიერთობა არ აქვს.

„…მე 16 წლის ვიყავი, როცა წამოვედი ოჯახიდან. მას შემდეგ აღარ მაქვს კონტაქტი… ჯერ სილამაზის სალონში ვმუშაობდი, მერე სექსსამსახური დავიწყე. დედასთან მაქვს ურთიერთობა. ის საზღვარგარეთ მუშაობს. ისიც იზოლაციაშია ახლა, ვერ მუშაობს, ვერ მიგზავნის ფულს, თორემ კი დამეხმარებოდა,“ – გვიყვება ანა.

რამდენიმე ტრანსგენდერი კი ამბობს, რომ კლიენტები არიან, თუმცა ისინი არიდებენ თავს სექსმომსახურებას პანდემიის პირობებში. სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემის უფლებების დაცვაზე მუშაობენ, მათ მოუწოდებენ, რომ პანდემიის პირობებში სექსმომსახურების გაწევისგან თავი შეიკავონ.

არიან განსხვავებულებიც.

„სად გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ვირუსისგან დაცვაზე და უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ?“ – კითხულობს 21 წლის სალომე. ის ჰყვება, რომ ბინის ქირას ვეღარ იხდიდა, სოლიდარობის ფონდიდან დაეხმარნენ და ახლა ბინის ხელახლა დასაქირავებლად არ აქვს ფული, რომ მუშაობა განაგრძოს.

„ისე ბინაში არავინ შემიშვებს, თუ წინასწარ არ გადავიხადე. ამ ფულს ვეძებ, რომ მარტო გადავიდე და ისევ მივიღებ კლიენტებს, სხვანაირად მშიერი მოვკვდები. ახლა სხვა მიყოფს საკვებს,“ – ამბობს სალომე.

ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებლად სოლიდარობის ჯგუფი ფეისბუქში რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. ორგანიზაციების და მოქალაქეების შემოწირულობით ამ დრომდე ჯამში დაახლოებით 16 ათასი ლარი შეგროვდა. ეს ფული იმ ტრანსგენდერებს მისცეს, რომლებიც აქამდე სექსმუშაკობით ირჩენდნენ თავს. ამ ჯგუფში მითითებულ ანგარიშზე ახლაც არის შესაძლებელი ტრანსგენდერი ქალების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა.

„ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 45 ტრანსგენდერი ქალია, რომელიც სექსინდუსტრიაშია ჩართული, თუმცა ისინი არავის დაუთვლია, კვლევა არ ჩატარებულა…“ – გვიყვება ტრანსაქტივისტი ნატა ტალიკიშვილი. მისი თქმით, როცა სოლიდარობის ფონდის ანგარიში შეიქმნა, რამდენიმე გეიბიჭიც დარეგისტრირდა, როგორც დახმარების მიღების მსურველი – ისინიც სექსმომსახურებით ირჩენდნენ თავს.

„ყველაზე მოწყვლადი მაინც ტრანსგენდერი ქალები ვართ, ჩვენი საზოგადოების სტერეოტიპების და შეხედულებების გამო… ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას ოჯახებთან კონტაქტი არ აქვთ, არც პროფესია, რომ სამსახური იშოვონ. მეც 14 წლიდან აღმოვჩნდი ქუჩაში,“ – ამბობს ნატა ტალიკიშვილი.

ტრანსაქტივისტი უფლებადამცველ ორგანიზაციებში „თანასწორობის მოძრაობა“ და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ მუშაობს. მას ხშირად აქვს ურთიერთობა ტრანსგენდერ ქალებთან. ნატა ტალიკიშვილის თქმით, ტრანსგენდერი ქალების უმთავრესი პრობლემა ახლა, პანდემიის დროს, ნაქირავებ ბინაში ქირის გადახდა და საკვების ფულია.

„ერთჯერადად ეს დახმარება გაიცა, მაგრამ ეს არაა, რა თქმა უნდა, საკმარისი… მე, მაგალითად, ვარ ორგანიზაციებში და ახლა არ მაქვს იმის საჭიროება, რომ სექსმომსახურებაში ჩავერთო, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: რა კორონას მოვუკლივარ და რა შიმშილსო.

ისეთებიც არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. სამი თუ ოთხი შემთხვევაა ასეთი,“ – უთხრა ნატა ტალიკიშვილმა „ბათუმელებს“.

ტრანსაქტივისტი ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იმ ტრანსგენდერ ქალებს აქვთ, ვისაც ტრანზაქციის ეტაპი არ დაუსრულებია.

„ეს ზოგჯერ რამდენიმე წელი გრძელდება, ზოგს ჰორმონალური თერაპია აქვს დაწყებული, ბანკის სესხი აქვს აღებული და ასე შემდეგ… ვისაც დასრულებული აქვს უკვე ეს ეტაპი, მას სამსახურიც შეუძლია და, ზოგადად, სხვა შესაძლებლობები აქვს,“ – დასძინა ჩვენთან საუბრისას ტრანსაქტივისტმა.

„არ მოუმართავთ. თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია მათთვის სასურსათო კალათის მიწოდება,“  – ამბობს მარიამ ქაჯაია. იგი „იდენტობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მარიამი განმარტავს, რომ ტრანსგენდერ ქალებს შეუძლიათ ამ ორგანიზაციის სოცმუშაკებს მიმართონ და ისინი დაეხმარებიან ბაზისური საჭიროებების რესურსების მოძიებაში. მარიამი ამბობს, რომ თუკი მოთხოვნა იქნება, ის სასურსათო კალათის მისაღებად აჭარის მთავრობას მიმართავს.

„ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება იყოს სექსსამუშაო, როცა უცნობ ადამიანებთან გიწევს კონტაქტი. ჩვენ ასევე გვყავს ექიმი კონსულტანტი, რომელიც მათ მიაწვდის უფასოდ ინფორმაციას COVID- 19-თან დაკავშირებით,“ – გვითხრა მარიამ ქაჯაიამ.

ამ თემაზე:

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

 

ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება

ბათუმში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების [გზშ] საჯარო განხილვები აღარ გაიმართება.

ტერმინალი თხევადი აირის 7 ახალი საცავი რეზერვუარისა და ნავთობპროდუქტების 5 ახალი რეზერვუარის მოწყობა-აშენებას გეგმავს. გაზსაცავების ჯამური მოცულობა 21 000 კუბ/მ, ხოლო რეზერვუარების – 25 000 კუბ/მ იქნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებამდე საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ შესაბამისად, სკოპინგის ანგარიშის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გადაიდო.

თუმცა, მოგვიანებით სამინისტრომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – საჯარო განხილვები ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საერთოდ აღარ ჩატარდება და „საზოგადოების მხრიდან მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით“.

„საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები,“ – აცხადებს სამინისტრო.

ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ დაგეგმილი გაზისა და ნავთობის რეზერვუარების მშენებლობებთან [გზშ-ებთან] დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წერილობით წარუდგინონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 2 ივნისამდე [გაზსაცავებთან დაკავშირებით] და 4 ივნისამდე [ნავთობის რეზერვუარებთან დაკავშირებით] შემდეგ მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

____________________

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობას აპირებს;

ასევე გეგმავს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას, რათა უზრუნველყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

ამ პროექტის განხორციელებით, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ თხევადი გაზის გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე, ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ბათუმში გზშ-ს განხილვა კი, ამ შემთხვევაში 7, შემდეგ კი, 14 აპრილს იყო ჩანიშნული.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების საცავ 5 ახალ რეზერვუარს, ისინი ტერმინალის ძირითად ტერიტორიაზე [მაიაკოვსკის ქუჩა N4] აშენდება. საპროექტო ტერიტორიიდან დასახლებულ ადგილამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 190 მეტრია.

 

ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]

7 აპრილის 18 საათის მონაცემებით საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 195 შემთხვევაა, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია – 4708. ამ ყველაფერს ემატება ეპიდკონტაქტების კვლევა, პირადი უსაფრთხოების დაცვა პაციენტებთან ურთიერთობისას, რომ მედპერსონალიც არ იქცეს ვირუსის გამავრცელებლად. მათ პანდემიის პირობებში მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ეროვნული ბიბლიოთეკა ქართველი მედპერსონალის შესახებ ციფრულ გამოფენას სთავაზობს გვერდის ვიზიტორებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნინო ვარამაშვილი. ექიმებისა და ექთნების სახეზე ანაბეჭდებს სამედიცინო ეკიპირება ტოვებს
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი პაატა ვეფხვაძე
ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი
ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი
ქართველი ეპიდემიოლოგები საველე ტესტირებისას
ქართველი ეპიდემიოლოგები საველე ტესტირებისას
ქართველი ეპიდემიოლოგი საველე კარავთან
ქართველი ეპიდემიოლოგი საველე სამუშაოზე

 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ინფექციონისტი ნესტან ჭეიშვილი

 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი

ხულოს მერი: დანამატები დააბრუნეს, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ

„დანამატები დააბრუნეს, ჩვენ უკვე განმარტება გავავრცელეთ, მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებ…“ – გვიპასუხა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ. მან პანდემიის პირობებში თანამშრომლებს დანამატები ჩაურიცხა.

რატომ გაიცა დანამატები ახლა, როცა პანდემიის გამო ხელისუფლებამ ხელფასის ერთი მესამედის ფონდში ჩარიცხვა დაანონსა? – ეს ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს ვკითხეთ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

„არ მესმის თქვენი ხმა, ცუდად ისმის… დაუკავშირდით პრესსამსახურს,“ – გვიპასუხა ხულოს მერმა.

ხულოს მერიის ოფიციალურ გვერდზე განმარტება დანამატების გაცემის ან მისი უკან დაბრუნების შესახებ არ დევს. ხულოს მერიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნური გორგაძემ კი, რომელმაც ასევე აიღო დანამატი, გვითხრა, რომ „განმარტება“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში,“- წერს ნური გორგაძე ფეისბუქზე.

ნური გორგაძის თქმით, საუბარია 16 თანამშრომლისთვის ჯამში 7500 ლარის ჩარიცხვაზე.

„ ეს მოხდა მარტში, ახლა აპრილია… აპრილში მეც ვაპირებ ხელფასის ერთი მესამედის ფონდში ჩარიცხვას. ახლა ყველა საგანგებო ვითარებაში ვმუშაობთ,“ – განმარტა „ბათუმელებთან“ ნური გორგაძემ.

რა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ჩაირიცხა დანამატები გასულ წელს და რატომ გადაწყვიტა მერიამ თანამშრომლებისთვის ახლა, პანდემიის პირობებში დაერიცხა დანამატები? – ხულოს მერიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა კონკრეტული ვერაფერი გვითხრა. მისივე ნახსენები „საგანგებო ვითარებაში მუშაობის“ მიუხედავად, შეგვახსენება, რომ სამუშაო საათები ამოწურულია და ახლა ვერ გაარკვევს, რის გამო არ გაიცა დანამატი შარშან. მან არც ის დაგვიზუსტა, კონკრეტულად რომელ მარტს ჩაერიცხა მას და სხვა თანამშრომლებს დანამატები.

ხულოს მერიის 16 თანამშრომლისთვის დანამატების გაცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გუშინ, 6 აპრილს, გაავრცელა. ამ საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთან ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს არ გაუკეთებია.

დანამატების გაცემას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. „თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ამ განცხადების შემდეგ ხულოს მერიის საჯარო მოხელეებმა დანამატები უკან დააბრუნეს.

„ქურდული სამყაროს“ საქმეზე 3 პირი, მათ შორის, გამომძიებელი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის ორი პირი დააკავეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და„ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ,“ – აცხადებს შსს. 

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული შეკრება“ და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს-ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას.

ასევე, შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამავე საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, მას ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ბათუმში მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მეხუთე პაციენტი გამოჯანმრთელდა და იგი კლინიკას დატოვებს.

ახლა ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 9 პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 45-ია.

დღეის [18 სთ] მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის  195 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. 

კარანტინში იმყოფება 4708 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი. 

45 ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ბოლო მონაცემები

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეის [18 სთ] მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის  195 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. 

კარანტინში იმყოფება 4708 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი. 

________

ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/YONHAP

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის 86 წლის იყო და ჰქონდა თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. ამასთან აღენიშნებოდა სეფსისი, მძიმე ორმაგი პნევმონია. პაციენტი რეანიმაციაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

მისი თქმით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოფიციალური მონაცემებით, 7 აპრილს [18 სთ] ქვეყანაში კორონავირუსის 195  შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 45. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 პირი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370 ადამიანი. 

აგრარული ბაზრები იმუშავებენ, თუ სტანდარტებს დაიცავენ – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრები დიდწილად წარმოადგენენ დაავადების გავრცელების მაღალ რისკს, ამიტომ მათი ფუნქციონირება შეიზღუდა, თუმცა იქნება გამონაკლისებიც.

„კონკრეტულად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას შეძლებენ. სტანდარტი შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც.

აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მოვაჭრე პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეციალური დამცავი საშუალებები, ბაზარში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენური პირობები და სადეზინფექციო საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს ყოველდღიურად.
  • თითოეული მოვაჭრის შესახებ უნდა არსებობდეს ინფორმაცია. უნდა მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს ყველა მოვაჭრე, თუ სად მოგზაურობდნენ და როგორი იყო მათი მოძრაობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში.
  • მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები, იმიტომ, რომ არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.
  • მნიშვნელოვანია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანცია დახლებს შორის.
  • თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების გადაწყვეტილებით, ეს უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან და დაცული უნდა იყოს ყველა ეს მოთხოვნები, რაც წარმოვადგინეთ.

გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, როგორც დავითაშვილი ამბობს, სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევის წესებსაც. მათ შორის იმას, რომ თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური წესები და სხვა ვალდებულებები.

ასევე, დადგენილია მომხმარებლის და მყიდველის ვალდებულებები. სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში სანქციები გავრცელდება როგორც ბიზნესოპერატორსა და მოვაჭრეებზე, ასევე მომხმარებელზეც.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ბაზარი დაიკეტა, მიმდებარე ქუჩებზე ხილ-ბოსტნეული აღარ იყიდება [ფოტო]

სახლიდან წასული 13 წლის გოგოს დედა: არ ვიცი, ვისთან ერთადაა, რას აკეთებენ 

„ჩემი შვილი მხოლოდ დღისით მოდის სახლში, როცა შივდება, ჭამს და მაშინვე გარბის… ხშირად ნასვამია, თვალები დაწითლებული აქვს… ამბობს, რომ თანატოლებთან ერთადაა, მაგრამ ვისთან ერთადაა, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, არაფერი ვიცი… პანდემიის დროსაც ბავშვები ღამით გარეთ არიან. სოციალურ სამსახურშიც ვრეკავ, პოლიციაში, მაგრამ ვერავინ მეხმარება. მაინც და მაინც დანაშაული უნდა ჩაიდინონ, ან ვირუსი შეეყაროთ, რომ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს?“ – ამბობს 13 წლის გოგოს დედა, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.

სახელმწიფოს 2020 წლის იანვრიდან აქვს რეფერირების მექანიზმი, რომელიც რთული ქცევის მქონე მოზარდების სპეციალურ პროგრამაში ჩართვას გულისხმობს. თუმცა ამ დრომდე თუნდაც ეს მოზარდი, ვისი დედაც ჩვენ დაგვიკავშირდა, პროგრამაში ჩართული არ არის. კანონით გაწერილი ვალდებულების მიუხედავად, რეფერირებისთვის არც სოცმუშაკებს მიუმართავთ, არც – სამართალდამცველებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი ან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების საჭიროებებზე ჯერ არ უფიქრიათ არც თვითმმართველობაში.

13 წლის გოგოს შესახებ, რომელიც არც სკოლაში დადიოდა და სახლში გაჩერებაც არ სურდა, „ბათუმელები“ 2020 წლის თებერვალში წერდა. მაშინ მოზარდმა სკოლაში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მალევე, პანდემიის გამო სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ბოლო ორი კვირაა გოგო საერთოდ აღარ ჩერდება ღამით სახლში.

„…პოლიციამ გამომკითხა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მეუბნებიან, თქვენ თუ გაიგებთ, სად არიან, ჩვენ მივალთო. ვიღაცებმა მითხრეს, მშენებარე შენობის სარდაფში იკრიბებიანო, მეორე დღეს იქ აღარ იყვნენ… ეს არასრულწლოვნები, ვისთანაც ჩემი შვილი მეგობრობს, სავარაუდოდ კანონთან კონფლიქტში არიან ან ქუჩაში მუშაობენ,“ – გვიყვება არასრულწლოვნის დედა.

რა ინფორმაცია აქვს პანდემიის დროს ქუჩაში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს? – ამ უწყებაში არიან სოცმუშაკები, რომლებიც არასრულწლოვნებთან მუშაობენ, მათ შორის, იმ გოგოსთან, რომელიც სახლში არ ჩერდება.

„სოცმუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს ამ მოზარდთან. სოცმუშაკის თქმით, მინიმუმ კვირაში ერთხელ  მოზარდთან აქვთ ურთიერთობა. სოცმუშაკმა შეიმუშავა ექვსთვიანი მონიტორინგის გეგმა… ეს რთული საქმეა და ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ეს მოიცავს მუშაობას, როგორც მოზარდთან, ისე მის დედასთან, რომ შვილს სახლში გაჩერება მოუნდეს,“ – გვითხრა მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა ჯინჯიხაძემ.

ამ უწყების ინფორმაციით, ქუჩაში ამ დროისთვის აღარ არიან მოზარდები. ხოლო ისინი, ვინც ქუჩაში იყვნენ,  თბილისის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეში სულ 10 მოზარდია.

ახერხებს თუ არა სოცმუშაკი ბოლო ორი კვირის მანძილზე კონკრეტულად 13 წლის მოზარდთან ურთიერთობას და რა გამოსავალს ხედავს ეს უწყება, როცა პანდემიის დროს არასრულწლოვანი სახლში არ ჩერდება? – უწყებაში, სადაც ბავშვებზე უნდა ზრუნავდნენ, გვიპასუხეს, რომ ფიზიკურად არ გადაუმოწმებიათ, მოზარდი რეალურად  სად არის და „სხვა რესურსი არ აქვთ“ გარდა იმისა, რომ სოცმუშაკი დროდადრო მოზარდს ტელეფონზე ესაუბრება.

„სოცმუშაკი ახერხებს მასთან [მოზარდთან] ტელეფონით კომუნიკაციას, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურად არ შეხვედრია… ისე არ არის, რომ არ პასუხობდეს, პასუხობს და ამბობს, რომ მეგობართანაა და მეგობრის ოჯახში ურჩევნია დარჩენა… ჩვენ არ გვინახავს ფიზიკურად და ასე შეუძლებელია ყოველდღიურად გადამოწმება,“ – გვიპასუხა ლაშა ჯინჯიხაძემ.

საიდან იცის სოციალურმა სამსახურმა, რომ მოზარდი ნამდვილად მეგობრის ოჯახშია, ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი მოზარდს რამე დაუშავდება, ან დანაშაულს ჩაიდენს? – ლაშა ჯინჯიხაძემ გვითხრა, რომ „მშობელი პოლიციას უნდა დაუკავშირდეს, თუკი მოზარდი ღამით სახლში არ არის.“

არც სოცმუშაკს და არც პოლიციელს ამ დრომდე მთავრობის დადგენილება არ შეუსრულებია და არ მიუმართავს არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმისთვის, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მოქმედებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში შექმნილია მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც „რთული ქცევის ბავშვებთან“ მუშაობს – ამ ჯგუფში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. რეფერირების ცენტრში თითოეულ მსგავს მოზარდზე ინდივიდუალური გეგმა უნდა შემუშავდეს და საჭირო ღონისძიებები დაფინანსდეს. დადგენილების მიხედვით, თუ ეს პროგრამა შედეგს ვერ გამოიღებს, მოზარდი არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ [ეს დაწესებულება სამტრედიის სკოლა-პანსიონია].

2019 წლის 31 დეკემბერს მიღებული მთავრობის ეს დადგენილება 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს ეხება, ვისაც რთული ქცევა აქვთ. ამავე დადგენილების მიხედვით, „რთული ქცევა არის ქცევა, რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს“.

რატომ არ მიმართა პოლიციამ რეფერირების მექანიზმს, ან დაიწყება თუ არა რეფერირების პროცედურა ამ შემთხვევაში? – კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუსვით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„სახელმწიფომ დაარღვია ვალდებულება, რომ ემოქმედა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით… მშობელს მიმართული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რასაც უნდა მოჰყოლოდა მყისიერი რეაგირება მთავრობის დადგენილების ფარგლებში“, – მიიჩნევს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

მშობელს რომ პოლიციისთვის მიმართული ჰქონდა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ამ კონკრეტული მოზარდის გაუჩინარების შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

რა შეუძლია თვითმმართველობას „რთული ქცევის“ მოზარდებისთვის?

„თვითმმართველობას ამ კუთხით ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია,“ – მიიჩნევს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. ის და სხვა სპეციალისტები ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით მიიჩნევენ, რომ, პირველ რიგში, თვითმმართველობამ უნდა დაინახოს საკუთარი როლი, როცა საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ ან რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებს ეხება.

მაია ცირამუა, ვისთანაც ჩვენ ამ საკითხზე ინტერვიუ ჩავწერეთ, ამბობს, რომ თვითმმართველობაში უნდა შეიქმნას ორგანო, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იმსჯელებს პრობლემის იდენტიფიცირებაზე და შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე – მაგალითად, ცენტრების მოწყობაზე, სადაც მოზარდები შეძლებენ გართობას, სპორტით დაკავებას, შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას.

ბათუმის თვითმმართველობაში ამ საკითხზე ჯერ არ უფიქრიათ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დაგვპირდა, რომ ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

„ეს ძალიან სერიოზული თემაა, პირველივე სხდომაზე, როცა ჩვენ შევიკრიბებით და ეს ალბათ ხვალ იქნება, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს და იმის შესაბამისად გიპაუხებთ… არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ალბათ მთავრობას აქვს ამ კუთხით კონკრეტული ღონისძიებები და ქმედითი ნაბიჯები გადადგმული… მესმის, რომ პრობლემაა და ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში,“ – გვიპასუხა სულიკო თებიძემ.

გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. პრესცენტრებში ამ პირებთან დაკავშირებას დაგვპირდნენ. მათ პოზიციებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.

_____

მთავარი ფოტო: მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

_______

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

_____

ამ თემაზე:

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

 

სმენისარმქონე მოქალაქეები COVID19-ზე ბრიფინგების ჟესტურ ენაზე თარგმნას ითხოვენ

„საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. როდის დაიწყება ზრუნვა ინფორმაციის მისაწვდომობაზე?“- კითხვით ბათუმში მცხოვრები სმენისარქონე ადამიანები ხელისუფლებას მიმართავენ.

მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში.

პალინა ჯაღათაშვილი სმენისარმქონე პირია, ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ სმენისარმქონე ადამიანები, ფაქტობრივად, ინფორმაციის გარეშე დარჩნენ, რადგან ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადებები ჟესტურ ენაზე არ ითარგმნება.

„მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოება დროულად იყოს ინფორმირებული ყველა სიახლესთან დაკავშირებით, მათ შორის, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბრიფინგი და სიახლე, რასაც აცხადებენ, იყოს ჟესტურ ენაზე თარგმნილი, რათა სრულად ვფლობდეთ ინფორმაციას. აუცილებლად უნდა თარგმნიდნენ ყველა განცხადებას ჟესტური ენით, ვინაიდან ინფორმაციის ნაკლებობაა და ეს დიდ გაუგებრობას და დაბნეულობას იწვევს სმენისარმქონე ადამიანებში,“ – გვეუბნება პალინა.

მისი თქმით, მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხელისუფლება უზრუნველყოფს სმენისარმქონე პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. „ჩვენ ინფორმაციას ძირითადად ვიღებთ სოციალური ქსელებიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლების იმ გადაცემებიდან, რომლებიც არის თარგმნილი ჟესტურ ენაზე. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საგანგებო ბრიფინგები, მთავრობის წევრების განცხადებებიც უნდა ითარგმნებოდეს ჟესტურ ენაზე,“ – ამბობს პალინა.

ის ფეისბუქში ამის საილუსტრაციოდ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს, სადაც წარმოდგენილია 31 ევროპული ქვეყნის ლიდერების ფოტოები პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჟესტური ენის თარჯიმნის თანხლებით. „მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრია, შავ-თეთრ ფოტოზე, თარჯიმნის გარეშე,“ – ამბობს პალინა.

ფოტოკოლაჟი: 31 ევროპული ქვეყნის ლიდერების ფოტოები პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჟესტური ენის თარჯიმნის თანხლებით.

სმენისარმქონე პირების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოების შშმ წევრებსაც ისევე მიაწოდოს კორონავირუსის საფრთხის პრევენციასა და სიმპტომებზე, ასევე უსაფრთხოებაზე ინფორმაცია, როგორც საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აწვდის.

_____________________

ფოტოზე: სმენისარმქონე მოზარდების აქცია ბათუმში, ფოტო არქივიდან. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

28 წლის ქალი ხუთი ბავშვით ნაქირავებ ბინაში დახმარების გარეშე დარჩა

28 წლის ხათუნა ბათუმში ორ შვილს და სამ არასრულწლოვან და-ძმას მარტო ზრდის, მას   საცხოვრებელი სახლი არ აქვს. ბინას სოციალური დახმარების თანხით ქირაობდა, თუმცა ახლა დახმარებასაც ვერ იღებს.

ხათუნა მეუღლეს 2015 წელს დაშორდა და ამ დროიდან  შვილებთან ერთად დედასთან ცხოვრობდა, დედა 2016 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ ხათუნა ხუთ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს.

ხათუნა ამბობს, რომ დახმარების შეწყვეტამდე სოციალური აგენტი არ მისულა და არ შეუმოწმებია, შეიცვალა თუ არა მათი ეკონომიკური მდგომარეობა. არც სოციალურ სააგენტოში მიუციათ რაიმე ახსნა-განმარტება, ამიტომაც მან დღემდე არ იცის, რატომ შეუწყვიტეს სოციალური შემწეობა, რომლითაც ხუთი არასრულწლოვნის კვებას უზრუნველყოფდა:

„520 ლარს ვიღებდი ხელზე და 150 ლარს პროდუქტის ვაუჩერის სახით, 2020 წლის იანვრიდან ეს თანხა აღარ დარიცხულა,“ – გვეუბნება ხათუნა.

ხუთივე ბავშვი სკოლის მოსწავლეა და ბათუმის ერთ-ერთ  საჯარო სკოლაში სწავლობენ. ყველაზე პატარა მეორე კლასშია, უფროსი კი 14 წლისაა.

ხათუნა ამბობს, რომ პერიოდულად  მას ნაცნობებიც ეხმარებიან, ზოგჯერ – ბავშვების ტანსაცმლით, ზოგჯერ – პროდუქტით, მაგრამ შიშობს, რომ სტაბილური სოციალური დახმარების გარეშე მას გაუჭირდება და შესაძლოა, ბავშვებთან ერთად ქუჩაშიც აღმოჩნდეს:

„ნაცნობებმა სამუშაოც შემომთავაზეს, მაგრამ მე რომ ვიმუშაო, ბავშვებს ვერავინ მიხედავს, ვერავინ ამეცადინებს, ბებია ან ბაბუაც კი არ ჰყავთ, რომ მათთან დავტოვო“.

ხათუნა გვიყვება, რომ ყოფილი მეუღლე შვილებს  იშვიათად, მხოლოდ  20 ან 30 ლარით ეხმარება:

„სასამართლომ მას ალიმენტის გადახდა დააკისრა, მაგრამ თანხას არ რიცხავს. რამდენჯერმე ახსნის შემდეგ, რომ ბავშვებს სჭირდებათ, ორჯერ თუ სამჯერ მხოლოდ 20-30 ლარი დაგვირიცხა.“

თავისი შვილების დახმარების შესაძლობლობა არც ხათუნას მამინაცვალს აქვს.

28 წლის დედას კიდევ ერთი პრობლემა აქვს:

„ბინის შეცვლა ხშირად მიწევს, თან ქირაობაც მიჭირს. როცა იგებენ, რომ ხუთი ბავშვით ვარ, ძირითადად უარს მეუბნებიან. რამდენჯერმე დავმალე, ვთქვი, რომ ორი ბავშვით ვარ. როცა მეპატრონემ ხუთივე ნახა, ვუთხარი, რომ სტუმრად არიან.“

ხათუნა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც მისწერა და დახმარება სთხოვა:

„ვთხოვდი რაიმე ფართი მოეცათ, თუნდაც პატარა გარაჟის მსგავსი, რაშიც ქირის თანხა არ მექნებოდა გადასახდელი, მივმართე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ შედეგი არ არის“.

მას შემდეგ, რაც დახმარების გარეშე დარჩა, ქირის საფასური 2020 წლის 20 აპრილამდე ხათუნას საინიციატივო ჯგუფმა „სიკეთის ქალაქმა“ გადაუხადა. ის იმედოვნებს, რომ მაისში დახმარებას აღუდგენენ:

„მაგრამ სახლის მეპატრონე არ დამელოდება მაისის ბოლომდე, ამ პერიოდში არ ვიცი სად უნდა წავიდე,“ – ამბობს ხათუნა. ის მთავრობას სთხოვს შეისწავლოს მისი პრობლემა და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, ვიდრე სოციალურ შემწეობას აღუდგენენ.

Exit mobile version