მთავარი,სიახლეები

28 წლის ქალი ხუთი ბავშვით ნაქირავებ ბინაში დახმარების გარეშე დარჩა

07.04.2020 • 2367
28 წლის ქალი ხუთი ბავშვით ნაქირავებ ბინაში დახმარების გარეშე დარჩა

28 წლის ხათუნა ბათუმში ორ შვილს და სამ არასრულწლოვან და-ძმას მარტო ზრდის, მას   საცხოვრებელი სახლი არ აქვს. ბინას სოციალური დახმარების თანხით ქირაობდა, თუმცა ახლა დახმარებასაც ვერ იღებს.

ხათუნა მეუღლეს 2015 წელს დაშორდა და ამ დროიდან  შვილებთან ერთად დედასთან ცხოვრობდა, დედა 2016 წელს გარდაიცვალა და ამის შემდეგ ხათუნა ხუთ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს.

ხათუნა ამბობს, რომ დახმარების შეწყვეტამდე სოციალური აგენტი არ მისულა და არ შეუმოწმებია, შეიცვალა თუ არა მათი ეკონომიკური მდგომარეობა. არც სოციალურ სააგენტოში მიუციათ რაიმე ახსნა-განმარტება, ამიტომაც მან დღემდე არ იცის, რატომ შეუწყვიტეს სოციალური შემწეობა, რომლითაც ხუთი არასრულწლოვნის კვებას უზრუნველყოფდა:

„520 ლარს ვიღებდი ხელზე და 150 ლარს პროდუქტის ვაუჩერის სახით, 2020 წლის იანვრიდან ეს თანხა აღარ დარიცხულა,“ – გვეუბნება ხათუნა.

ხუთივე ბავშვი სკოლის მოსწავლეა და ბათუმის ერთ-ერთ  საჯარო სკოლაში სწავლობენ. ყველაზე პატარა მეორე კლასშია, უფროსი კი 14 წლისაა.

ხათუნა ამბობს, რომ პერიოდულად  მას ნაცნობებიც ეხმარებიან, ზოგჯერ – ბავშვების ტანსაცმლით, ზოგჯერ – პროდუქტით, მაგრამ შიშობს, რომ სტაბილური სოციალური დახმარების გარეშე მას გაუჭირდება და შესაძლოა, ბავშვებთან ერთად ქუჩაშიც აღმოჩნდეს:

„ნაცნობებმა სამუშაოც შემომთავაზეს, მაგრამ მე რომ ვიმუშაო, ბავშვებს ვერავინ მიხედავს, ვერავინ ამეცადინებს, ბებია ან ბაბუაც კი არ ჰყავთ, რომ მათთან დავტოვო“.

ხათუნა გვიყვება, რომ ყოფილი მეუღლე შვილებს  იშვიათად, მხოლოდ  20 ან 30 ლარით ეხმარება:

„სასამართლომ მას ალიმენტის გადახდა დააკისრა, მაგრამ თანხას არ რიცხავს. რამდენჯერმე ახსნის შემდეგ, რომ ბავშვებს სჭირდებათ, ორჯერ თუ სამჯერ მხოლოდ 20-30 ლარი დაგვირიცხა.“

თავისი შვილების დახმარების შესაძლობლობა არც ხათუნას მამინაცვალს აქვს.

28 წლის დედას კიდევ ერთი პრობლემა აქვს:

„ბინის შეცვლა ხშირად მიწევს, თან ქირაობაც მიჭირს. როცა იგებენ, რომ ხუთი ბავშვით ვარ, ძირითადად უარს მეუბნებიან. რამდენჯერმე დავმალე, ვთქვი, რომ ორი ბავშვით ვარ. როცა მეპატრონემ ხუთივე ნახა, ვუთხარი, რომ სტუმრად არიან.“

ხათუნა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც მისწერა და დახმარება სთხოვა:

„ვთხოვდი რაიმე ფართი მოეცათ, თუნდაც პატარა გარაჟის მსგავსი, რაშიც ქირის თანხა არ მექნებოდა გადასახდელი, მივმართე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ შედეგი არ არის“.

მას შემდეგ, რაც დახმარების გარეშე დარჩა, ქირის საფასური 2020 წლის 20 აპრილამდე ხათუნას საინიციატივო ჯგუფმა „სიკეთის ქალაქმა“ გადაუხადა. ის იმედოვნებს, რომ მაისში დახმარებას აღუდგენენ:

„მაგრამ სახლის მეპატრონე არ დამელოდება მაისის ბოლომდე, ამ პერიოდში არ ვიცი სად უნდა წავიდე,“ – ამბობს ხათუნა. ის მთავრობას სთხოვს შეისწავლოს მისი პრობლემა და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, ვიდრე სოციალურ შემწეობას აღუდგენენ.

გადაბეჭდვის წესი