მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს

14.11.2019 • 2563
ბათუმის ნავთობტერმინალი ნავთობპროდუქტების 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს

ბათუმის ნავთობტერმინალი 5 000 კუბ/მ მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავ 5 ახალ რეზერვუარს ააშენებს. რეზერვუარები ტერმინალის ძირითად ტერიტორიაზე [მაიაკოვსკის ქუჩა N4] აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სკოპონგის დასკვნა უკვე გასცა. ამ დასკვნის საფუძველზე ნავთობტერმინალმა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში [გზშ] უნდა მოამზადოს.

დასკვნის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიიდან დასახლებულ ადგილამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 190 მეტრია. ახალი რეზერვუარების ზომებია: დიამეტრი – 20,92 მ, სიმაღლე – 15 მ. რეზერვუარები შემოიღობება ბეტონის კედლით.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო 2019 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და ესწრებოდნენ კომპანიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. საჯარო განხილვაზე, ასევე სკოპინგის ანგარიშის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან შენიშვნები/მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა“.

„ახალი საცავების აშენების აუცილებლობა გამოიწვია საწარმოო უბნის – „ბენზინისა და ნავთის მიღების და გადატვირთვის სადგურის“ (ნავთის უბანი) ტერიტორიაზე არსებული ძველი რეზერვუარების ამორტიზირებულმა მდგომარეობამ. ძველი რეზერვუარები განლაგებულია ძირითადი ტერიტორიის მიმდებარედ, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი კვარტალის ბოლომდე, უნდა დაექვემდებაროს დემონტაჟს… სადემონტაჟო სამუშაოების დროს უზრუნველყოფილი იქნება ხმაურისაგან და ჰაერის დამტვერით დაბინძურებისგან დაცვის ღონისძიებები,“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს – ახალი 5 რეზერვუარის აშენების გარდა პროექტით დაგეგმილია: ამ რეზერვუარების აღჭურვა ტექნოლოგიური, ხანძარსაწინააღმდეგო წყლის, ქაფის, კანალიზაციის და აირგამყვანი მილსადენების სისტემებით; №5 სარკინიგზო ესტაკადის ტექნიკური გადაიარაღება, რაც გულისხმობს: ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ტექნოლოგიური მილსადენების და მთავარი კოლექტორის მონტაჟს; ვაგონცისტერნების მომსახურების მოძრავი პლატფორმების აღჭურვა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით გადასასვლელი ბაქნებით; სარკინიგზო ესტაკადების აღჭურვა სპეციალური საჰერმეტიზაციო სარქვლებით; აგრეთვე ნათელი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის სატუმბო სადგურისთვის ფარდულის მშენებლობა და ნავთის უბნიდან დაშლილი 4 სატუმბო დანადგარის მონტაჟი.

სკოპინგის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე, გათვალისწინებულია მეხდაცვის ანძების მონტაჟი საპროექტო ობიექტების მოედნების გარშემო. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის დროს სანიაღვრე წყლების არინებისთვის გათვალისწინებული იქნება დროებითი მილსადენებით წყლის ორგანიზებულად გაყვანა და საწარმოს არსებულ საკანალიზაციო ქსელში ჩართვა.

ექსპლუატაციის ეტაპისთვის კი გათვალისწინებული იქნება საწარმოო-სანიაღვრე და სასაქონლო წყლების გაყვანისთვის კანალიზაციის სისტემების მოწყობა, რომელიც მიუერთდება ცენტრალურ ნავთობდამჭერს გასაწმენდად.

დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საწარმოო კომპლექსი ტერიტორიულად განლაგებულია ბათუმში და 85,3 ჰექტარი ფართობი უკავია. საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვის და გადატვირთვის ოპერაციები (საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით). ნავთობტერმინალი წლის განმავლობაში მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. ნავთობტერმინალის საწარმოო ობიექტები განთავსებულია ერთმანეთისგან ტერიტორიულად დაშორებულ 5 მიწის ნაკვეთზე: მაიაკოვსკის ქუჩის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე – ძირითადი ტერიტორია, ვოლსკის ქუჩის გასწვრივ არსებულ მონაკვეთზე, სოფელ კაპრეშუმში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.

– – –

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობასაც გეგმავს.

უშუალოდ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კი კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა გზშ-ს გარეშე მიმდინარეობს. ეს ტერიტორია კერძო კომპანიას აღნაგობის უფლებით „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ გადასცა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორია / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: