მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31.03.2020 • 2589
რა საფრთხეების წინაშე დგას ტრანსგენდერი თემი COVID-19-ის პანდემიისას

31 მარტი ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ მოწყვლადი თემის სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ის ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს.

კვლევა: გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ტრანსგენდერი ქალების სექსსამუშაოში მასიური ჩართვის მთავარი მიზეზია.

COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პიროებებში, ტრანსგენდერი ქალები ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ბევრი მათგანი ცხოვრობს ქირით და არის საფრთხე, რომ საკვების გარდა თავშესაფრის გარეშეც დარჩებიან.

„ქვიარ ასოციაცია – თემიდა“ განცხადებით ეხმაურება ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის დღეს და წერს, რომ „ტრანსგენდერი ადამიანები წელიწადში 365 დღე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით ცხოვრობენ“.

„თავისუფლად გადაადგილებას ბევრი ტრანსგენდერი ქალი და კაცი მხოლოდ გვიან საღამოს ახერხებს. მაგრამ დაცულობის განცდა არ გვაქვს არც დღისით და არც ღამით. გავრცელებული სიძულვილის გამო ახლაც, როცა ამ წერილს ვწერთ, ჩვენი მეგობარი, ტრანსგენდერი ქალი სიკვდილს ებრძვის.

„მსოფლიო პანედმიამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო სახელმწიფოს სოციალური სერვისების სიმწირე. უკვე ნათელია, ვის დააზიანებს ეს ვირუსი ყველაზე მეტად. ღარიბ მოსახლეობას და გარიყულ ჯგუფებს, ვისთვისაც უსახლკარობა, უმუშევრობა და სიღარიბე ყოველდღიურობაა“ – წერს „თემიდა“.

ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ მოახდინოს უსახლკარობის პრევენცია და შექმნას უფრო მეტი თავშესაფარი.

„უნდა შეიმუშავდეს საყოველთაო კრიტერიუმები და პროგრამა მოქალაქეთა ქირით უზრუნველყოფისთვის. … არსებული ტრანსფობიური გარემოს გამო ოჯახები ხშირად ძალადობენ ან უარყოფენ ტრანსგენდერ პირებს. ოჯახში ძალადობას ეს განზომილებაც აქვს და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს როგორც ამ ძალადობის პრევენცია, ასევე შესაბამისი სერვისებით მხარდაჭერა” – წერია მიმართვაში.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი, რომლის მიზანია შეგროვდეს თანხა, რომელიც თანაბრად გადაუნაწილდებათ მათ, ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების შესაძენად, მსურველებმა შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჯგუფში მითითებულ ანგარიშებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: