პირბადის ტარების წესი, რომლის დარღვევისთვის უკვე დაგაჯარიმებენ

საქართველოს მთავრობამ „პირბადის ტარების  წესი“ გუშინ, 15 ივნისს, დაამტკიცა, რომელიც იმავე დღეს შევიდა ძალაში. ამ წესით განსაზღვრულია, თუ სად არის აუცილებელი პირბადის გამოყენება. ასევე განსაზღვრულია გამონაკლისი, თუ ვის აქვს უფლება, არ ატაროს პირბადე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 12 ივნისს შესული ცვლილების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი – 500 ლარით.

ვინაიდან ამ დრომდე არ იყო დამტკიცებული პირბადის ტარების წესი, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის თუ დახურულ საჯარო სივრცეში ყოფნისთვის, ფაქტობრივად, არავის აჯარიმებდნენ.

მთავრობის 15 ივნისის დადგენილებით კი, პირბადის ტარების წესის შესრულებაზე „კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს“.

ექნება თუ არა ბათუმში მოქალაქეების პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების უფლება მუნიციპალურ ინსპექციას, რომელიც ამ კუთხით მონიტორინგს ისედაც ახორციელებს? – მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შესაბამისი იურიდიული პროცედურები.

პირბადის გამოყენება აუცილებელია:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში;
  • შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში), მატარებელით, ავტობუსით, მიკროვატობუსით და ტაქსით გადაადგილებისას.

პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

  •  6 წლამდე ასაკის ბავშვს;
  • თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;
  • პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);
  • პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;
  • მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;
  • პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

[toggle title=”პირბადის ტარების წესი სრულად ნახეთ აქ:“]

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პირბადე და მისი გამოყენების წესები

1. პირბადე წარმოადგენს რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფ საშუალებას, რომელიც ახდენს სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას. პირბადე შესაძლოა იყოს სამედიცინო ან არასამედიცინო.

2. სამედიცინო პირბადე განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პერსონალისთვის. ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო პირბადის საწყისი ფილტრაციის მაჩვენებელია წვეთოვანი ნაწილაკების არანაკლებ 95%-ის შეკავების უნარი. სამედიცინო პირბადე შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) სითხეებისადმი რეზისტენტული ქსოვილი (რომელიც ეფექტურია მტვრისა და სხვა მიკრონაწილაკების შესაკავებლად);

ბ) რეგულირებადი ცხვირის ფირფიტა (რომელიც საჭიროა ცხვირსა და სახეს შორის სიცარიელის შესავსებად);

გ) ფილტრის შრე;

დ) კანთან საკონტაქტო ფენა;

ე) ყურის ელასტიკური მარყუჟები.

3. არასამედიცინო პირბადეს წარმოადგენს სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული ნიღბები. მსგავსი პირბადის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ინფექციის წყაროს კონტროლისათვის (ანუ დაავადებული ადამიანისგან ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით) და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც თავდაცვის საშუალება საყოფაცხოვრებო პირობებში.

4. არასამედიცინო პირბადის მახასიათებლებია:

ა) პირბადის ქსოვილი: სხვადასხვა ქსოვილის პირბადის ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6%-დან 70%-მდე. მასალა არ უნდა იყოს წელვადი;

ბ) შრეების რაოდენობა: რეკომენდებულია პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრისა ფილტრაციის უნარის გასაზრდელად. შიდა შრე უნდა იყოს ჰიდროფილური და უზრუნველყოფდეს გამოყოფილი ნაწილაკების შეჩერებას, ხოლო გარე შრე – ჰიდროფობური, რათა მოახდინოს მის ზედაპირზე მოხვედრილი ნაწილაკების შეკავება;

გ) პირბადის ფორმა: პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.

5. პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელის ჰიგიენის დაცვა.

6. დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.

მუხლი 3. პირბადის გამოყენების აუცილებლობა

1. პირბადის გამოყენება აუცილებელია:

ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ:

ა.ა) საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;

ა.ბ) საერთო სარგებლობის ლიფტებში;

ა.გ) სავაჭრო ობიექტებში;

ა.დ) ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, მეტროპოლიტენში) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას;

გ) „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.

მუხლი 4. საგამონაკლისო შემთხვევები

1. პირბადის გამოყენება აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში.

2. ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება:

ა) თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელსა და სამართალდამცავ პირს, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;

ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს);

გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს;

დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით;

ე) მემანქანეს მეტროპოლიტენით/რკინიგზით გადაადგილებისას;

ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).

4. საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ 2 მეტრის სოციალურ დისტანციას.

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის

ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11  მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6. დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები

ამ დადგენილების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.

[/toggle]

 

ამ თემაზე:

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

 

თურქეთის ქალაქებში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლისთვის დაჯარიმდებით – საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს თურქეთის ქალაქებში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ.

„კორონავირუსის შემდგომი გავრეცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში, სადაც, ასევე ვკითხულობთ, რომ პირბადის წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

___________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესსააგენტო EPA-EFE/TOLGA BOZOGLU

ამავე თემაზე: 

უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

კაცი თავისი შვილის სახელით FB-ზე დარეგისტრირდა და 12 წლის გოგოს გარყვნილი შინაარსის ტექსტებს სწერდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,  ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტომასალას უგზავნიდა.

დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.

გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

უცნობია, როდის განახლდება თურქეთთან მიმოსვლა – ელჩის განცხადება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა საელჩოს ფეისბუქგვერდზე ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. ელჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მიმოსვლა საქართველო-თურქეთს შორის.

„იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩემს ინფორმატიულ სტატუსებზე კომენტარის სახით და ასევე, პირადი შეტყობინების საშუალებით, კითხვებით მომმართავს არაერთი ადამიანი (მხოლოდ დღეს, მივიღე მოქალაქეთა რამდენიმე ასეული შეტყობინება), გადავწყვიტე, რომ გაგცეთ კრებსითი პასუხი შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

– ამ ეტაპისთვის, არ არსებობს კონკრეტული თარიღი, თუ როდიდან იქნება შესაძლებელი საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივად მიმოსვლის აღდგენა. აღნიშნული დამოკიდებულია COVID19 პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე;

– რაც შეეხება საქართველოში გამგზავრების მსურველ ჩვენს მოქალაქეებს: როგორც თქვენთვის ცნობილია, თურქეთის ქალაქებს შორის უკვე აღდგა მიმოსვლა და შესაბამისად, საელჩოს მეშვეობით აღარ ხდება ნებართვების მოპოვება საქართველოში გამგზავრების მიზნით. ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ანკარიდან, სტამბოლიდან, იზმირიდან და სხვა ქალაქებიდან სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შესვლისას, მათთვის კვლავ ძალაში რჩება 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის რეჟიმი;

– რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თურქეთში შემოსვლას (რომელთაც აქვთ ამის დამადასტურებელი ცნობები და ასევე, შესაძლოა, ჰყავდეთ მცირეწლოვანი შვილები), კარგად გვესმის საკითხის მეტად მნიშვნელოვანი და პრობლემატური ხასიათი და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ამ მიმართულებით, ახალი განვითარების თაობაზე გეცნობებათ დამატებით;

– ჩემს პირად FB გვერდზე ინფორმაციების გავრცელების მიზანია ოპერატიულ რეჟიმში თქვენი ინფორმირება,“ – წერს გიორგი ჯანჯღავა.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. საქართველოში სარფის საბაჟოს გავლით დაბრუნება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო საქართველოდან თურქეთში წასვლა შეუძლიათ მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს.

17 ივნისს ბათუმში 9 ქუჩაზე გაზი შეწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს, 12:00 საათიდან 19 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ბაგრატიონის, ჰაიდარ აბაშიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, კომახიძის ქუჩის აბონენტებს.

გაზი შეწყდება ასევე, 17 ივნისის 11 საათიდან 17 ივნისის 18 საათამდე, ლეონიძის, ტაბიძის, აღმაშენებლის, რურუას და ხახულის ქუჩებზე. 

გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

„სოკარის“ განცხადებით, აბონენტებს ბუნებრივ გაზს სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიაწვდიან.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში უმეტესად უნალექო დღეებია მოსალოდნელი, ზღვის წყალი 22 გრადუსამდე გათბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

18 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს, 19-20 ივნისს, ზოგან იწვიმებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 -23 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე 22 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე – რა მიუსაჯეს 3 ბრალდებულს

„ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე“ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო განხილვები სხვა პირების მიმართ, მათ შორის, 10 მშობლის და სკოლის ერთი მასწავლების მიმართ, გრძელდება.

სასამართლომ ამჯერად საქართველოს ორ მოქალაქეს მიუსაჯა 19 – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ავსტრალიის მოქალაქეს კი – 20 წლით. ისინი ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებისა და გასაღებისთვის გაასამართლეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში  გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.

ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებისთვის 11 პირი, მათ შორის, ბავშვების მშობლები 2019 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000-მდე ლარს უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ნეტგაზეთთან.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან საქართველოში 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა რიცხვმა 724-ს მიაღწია.

საქართველოში სულ კორონავირუსის 879 შემთხვევა დასტურდება, აქედან 724 გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

________________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

რა შემთხვევაში აღიარებს სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურად მიღებულ განათლებას

საქართველოს პრეზიდენტის 12 ივნისის ბრძანებით, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ განათლება მიღებულია შესაბამის ქვეყანაში პანდემიის გამო და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. სხვა შემთხვევაში, ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას.

ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე, ამ კანონის ამოქმედებამდე უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებაზე, თუ განათლება მიღებულია 2020 წელს, შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან პანდემიის პრევენციის მიზნით ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პირბადეები და რეზინის ხელთათმანები ბათუმის სანაპიროზე და ზღვაშიც ყრია [ფოტო]

COVID19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადეები და რეზინის ხელთათმანები შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა.

უცხოელმა გარემოსდამცველებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს იმის შესახებ, რომ პანდემიის პრევენციისთვის გამოყენებული ნივთები საგრძნობლად აბინძურებს გარემოს პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და ზღვის ძირითადი დამაბინძურებლების გვერდით.

მიუხედავად მკაცრი რეკომენდაციისა, რომ  COVID19- ის პრევენციისთვის გამოყენებული ინვენტარი: პირბადეები და რეზინის ხელთათმანები გამოყენების შემდეგ თავდახურულ ურნაში მოათავსონ, მსგავს ნარჩენებს ბათუმის ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.

პანდემიის პერიოდში ურნებს აცდენილი ერთჯერადი პირბადეები და რეზინის ხელთათმანები საბოლოოდ ქუჩებში, ზღვებსა და ველურ ბუნებაში ხვდება.

ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენად გადამდებია ინფიცირებული პაციენტის მიერ ზღვაში ჩაგდებული პირბადე ან ხელთათმანი – არ იძებნება. ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ifremer წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით, რომლის ფარგლებშიც ზღვის წყალი და მოლუსკები შეამოწმეს, აღებულ სინჯებში SARS-CoV-2-ის ნიშნები არ დადასტურდა. ინსტიტუტის ცნობით, კვლევის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი საკანალიზაციო წყლებში დაფიქსირდა. მანამ სანამ ზუსტი ცნობები ზღვის წყალსა და COVID-19-ის ვირუსის შესახებ არ იქნება ცნობილი, დაზუსტებით ერთი რამ შეიძლება ითქვას –  თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაბინძურებული ზღვებისა და ოკეანეების მდგომარეობა, კიდევ უფრო დამძიმდება.

პლაჟის დაბინძურებისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 80 ლარიანი ჯარიმა აქვს დაწესებული. „მას შემდეგ რაც ტენდერი გამოცხადდება, (პლაჟის მიმდებარედ) მოიჯარეებმა უნდა უზრუნველყონ მათ სექტორში სისუფთავის დაცვა, ურნებსაც დადგამენ. დილაობით პლაჟს ალაგებს სანდასუფთავების სამსახური, ასევე გვყავს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს ბულვარის ტერიტორიაზე” – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

წელს ბულვარისა და მის მიმდებარედ პლაჟის დანაგვიანების გამო ჯერ არავინ დაჯარიმებულა, თუმცა ბულვარის ადმინისტრაციის ცნობით, პანდემიის პირობებში პლაჟის დანაგვიანებაზე ზედამხედველობა გამკაცრდება.

პლაჟის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ბულვარის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე: 0422 27 88 08

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, უშუალოდ წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, ორასიდან სამას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

COVID-19-ის პრევენციისთვის გამოყენებული პირბადე, ამოტანილია ზღვიდან
ზღვიდან ამოტანილი რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი, რომელიც წყლით იყო სავსე და ბოლოში, ბუშტივით იყო განასკვული
COVID-19 ის პრევენციისთვის გამოყენებული მრავალშრიანი პირბადე ბათუმის სანაპიროზე

სეზონის გახსნასთან ერთად, ბათუმის სანაპიროზე “ტრადიციული” ნარჩენებიც გამოჩნდა:

ბათუმის ახალ სტადიონზე „სინემა პარკი” მოეწყობა

სექტემბრიდან ბათუმის ახალი სტადიონის პარკინგი კინოთეატრად გადაიქცევა. Drive In კინოთეატრის მეშვეობით მოქალაქეები სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა დაუდასტურა.

„საპარკინგე სივრცეების მოწყობას მალე ვასრულებთ.  კინოთეატრის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და პროექტთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ და მალე მონახაზი გვექნება. ტენდერს გამოვაცხადებთ და ვფიქრობთ შემოდგომისთვის უკვე შესაძლებელი იქნება კინოთეატრმა მაყურებელს უმასპინძლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა ჯაბა სურმანიძემ.

მისივე ინფორმაციით, სტადიონის საპარკინგე სივრცე 1200 ავტომობილზეა გათვლილი. პარკინგზე მოსახვედრად ბილეთი იქნება საჭირო. პროექტს შპს „სტადიონი“  ახალგაზრობის რეგიონულ ცენტრთან ერთად განახორციელებს. პროექტისთვის საჭირო თანხას შპს “სტადიონი” საკუთარი შემოსავლებიდან გაიღებს.

რა შემთხვევაში შეუძლიათ არალეგალებს თურქეთის ივნისის ბოლომდე დატოვება ჯარიმის გარეშე

თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, ამა წლის 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 2020 წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად.

„საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები,“ – აცხადებს საელჩო.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საელჩოს ან საკონსულოებს ცხელ ხაზზე:

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  • იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში 

,,დიასახლისი ვიყავი აქამდე, დიდი ოჯახი გვაქვს: მეუღლე, სამი შვილი, მული, დედამთილი. მიწას ვამუშავებთ, ძროხებს ვუვლით. შვილები უკვე დაიზარდნენ. მომწყინდა სახლში და მუშაობა დავიწყე“, – ხულოში მცხოვრები მადონა დუმბაძე სულ ერთი კვირაა, რაც ნიღბებისა და მაისურების კერვას სწავლობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო, პირველად წავიდა ერთი კვირის წინ სახლიდან სამსახურში და მალე საკუთარი პირველი ხელფასიც ექნება. 19 წლის დაქორწინდა, მიიჩნევს, რომ აქამდე მთელი მისი ენერგია შვილებს და ოჯახს სჭირდებოდა, ახლა კი თავისუფალი დრო აქვს და მუშაობას შეძლებს.

,,მედდის საქმე ვიცი, მაგრამ არ მიმუშავია. სახლიდან გასვლა ჩემთვის ხალისს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ნიშნავს. თავისუფლება ნიშნავს ყველა თანაბრად ვიყოთ თავისუფლები, ქალებიც, კაცებიც და განვვითარდეთ“, – ამბობს მადონა.

სამკერვალო ,,ბეკი” ხულოში

სამკერვალოში ,,ბეკი”, სადაც მან რამდენიმე დღის წინ დაიწყო მუშაობა, კიდევ 8 ქალი დასაქმდა. ზოგისთვის ეს, მადონას მსგავსად, პირველი სამსახურია. ,,ბეკიში” ახლა ნიღბებსა და მაისურებს კერავენ, გეგმავენ სასტუმროს ხალათებისა და პირსახოცების კერვასაც, რაზეც აჭარაში ტურიზმის განვითარების მზარდი ტენდენციის ფონზე დიდი მოთხოვნაა.

ხულოში მცირე საწარმოს გახსნის იდეა ერეკლე კირთაძეს მას შემდეგ მოუვიდა, რაც ხულოს სოფლების განვითარებისთვის ევროკავშირმა აქ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაიწყო. მთის კანონის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესი სახელმწიფო გადასახადებისგან თავისუფლდება. ეს ნიშნავს, რომ მცირე საწარმოს საკუთარი მოგება თითქმის სრულად დარჩება.

სწორედ აქედან გამომდინარე, ერეკლე კირთაძე ფიქრობს, რომ მისი პროექტი წარმატებული იქნება, შესაბამისად, ამ პროექტში ჩართულ 8 ქალს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

სამკერვალო ,,ბეკი” ხულოში

„თავიდან ვფიქრობთ დისტრიბუციაზე აჭარის რეგიონში. შემდეგ კი, თუ ისე გავაფართოვებთ საწარმოს, როგორც გეგმაში გვაქვს, მთელ საქართველოში გავყიდით პროდუქტს, ვიმუშავებთ შეკვეთებზეც“, – ამბობს ერეკლე კირთაძე. მისი თქმით, მცირე საწარმოში დასაქმებულებს ხელფასი იმაზე მეტი ექნებათ, ვიდრე აჭარის სხვა სამკერვალოებში აქვთ.

სამკერვალო ხულოში 8000 ევროთი დაფინანსდა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD 2-ის  ფარგლებში.

ადგილობრივი მეწარმეობის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონების, მათ შორის, ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ხშირად აქ მცხოვრები ადამიანები ტოვებენ სახლ-კარს ქალაქში სამსახურის პოვნის იმედით, რადგან ადგილზე დასაქმება ჭირს.

„მინდოდა სამსახური, სადაც უფროსი არ მეყოლებოდა“

ალბათ ვერც კი იფიქრებთ, რომ ერთმა პატარა სასურსათო მაღაზიამ ხულოს ცენტრში შეიძლება ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს. როგორც რამინ სოლომონიძე ამბობს, ასეთმა მაღაზიამ მისი ცხოვრება შეცვალა და მეტიც, მას თავისუფლება დაუბრუნა.

„ბათუმში ვცხოვრობდი, ნაქირავებში, ვმუშაობდი სადღაც, მშენებლობაზე, მოსაწყენია სხვისთვის ასე მუშაობა, ხელფასზე დამოკიდებულება. მინდოდა სამსახური, სადაც უფროსი არ მეყოლებოდა. ჩემთვის მთავარი იყო თავისუფალი ვყოფილიყავი და ვარ. არ ვამბობ, რომ საოცარი ბიზნესი მაქვს და რამე განსხვავებულს ვაკეთებ, მაგრამ არაფერს მიმითითებს არავინ, ჩემთვის მთავარი ესაა. ასეთი ადამიანი ვარ: არ შემიძლია ვინმეს დავემორჩილო, ზუსტად იმ დროს ავდგე, რა დროსაც სხვა მეტყვის.

ახლა, როცა ჩემი მაღაზია მაქვს, შეიძლება დილის 6-ზეც ავდგე ხანდახან და არ მეზარება. ვიცი, ამას არავინ მაძალებს და ჩემი ნებით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩემი დამსახურება იქნება, ყველაფერი, რასაც შედეგად მივიღებ“, – გვიყვება სასურსათო მაღაზიის მეპატრონე. როგორც ის ამბობს, ასეთი მაღაზიის გახსნაც არ არის მარტივი და ერთი შეხედვით, წვრილმანების გაუთვლელობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს ისე, რომ ძალიან გაჭირდეს საწყის პოზიციაზე დაბრუნება.

მართალია, რამინის მაღაზია პატარაა, მაგრამ ხულოს ცენტრში ისეთ ადგილზეა, სადაც ზაფხულობით აქ ჩამოსული ყველა ტურისტი გაივლის და ტრანსპორტიც აქ იყრის თავს. გადაწყვიტა, რომ ჩამოსასხმელი ნაყინი კარგად გაიყიდებოდა და პროექტი დაწერა ევროკავშირის კონკურსისთვის – 2600 ევროთი დააფინანსეს და ჩამოსასხმელი ნაყინის ერთადერთი აპარატი ახლა ხულოში რამინის მაღაზიაში. სულ 20, 25 დღეა რაც დანადგარი გამართა და ნაყინის ჩამოსხმა ისწავლა და ცდილობს ნელ-ნელა დახვეწოს, მანამდე კი უფასოდ ხშირად უმასპინძლდება სიცხეში ხულოს ცენტრში შეკრებილ ბავშვებსა და უფროსებს შოკოლადის, მარწყვისა და ვანილის ნაყინით.

რამინ სოლომონიძე

როცა ბეშუმში ტურისტები ჩავლენ, გეგმავს ცივი წვენებისა და ნაყინის ადგილზე მიტანის მომსახურება დანერგოს კურორტზე. ნაყინის დანადგარსაც დროებით იქ წაიღებს.

რამინ სოლომონიძის სასურსათო მაღაზია ერთადერთია ხულოში, სადაც ჩამოსასხმელი ნაყინის დაგემოვნებაა შესაძლებელი

ევროკავშირმა, სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ხულოსთვის 2 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის [ENPARD], ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს. პროგრამას ადგილობრივ დონეზე ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი (HMMR) და PMC კვლევითი ცენტრი. პროექტის ფინანსური კონტრიბუტორები არიან ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 მლნ ევროს, საიდანაც ერთი მლნ ევრო მიეკუთვნება საგრანტო კომპონენტს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინა რამინმა ნაყინის ჩამომსხმელი დანადგარი. ევროკავშირის დაფინანსებითვე გაიხსნა სამკერვალო საწარმო „ბეკი“.

ბოლო მონაცემებით, არასასოფლო სამეურნეო მეწარმეობის, კერძოდ მცირე ბიზნესის განსავითარებლად 417 514 ევრო დაიხარჯა. ამასთან, ბენეფიციარების ფინანსურმა თანამონაწილეობამ შეადგინა 127 363 ევრო. თითოეულ ბიზნესიდეის ავტორს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2-დან 60 ათას ევრომდე მოცულობის პროექტის დაწერა შეეძლო. აუცილებელი პირობა იყო ბიზესსაქმიანობა ეწარმოებინათ ხულოს მუნიციპალიტეტში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ იურიდიულ პირად. საერთო ჯამში,  აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით 71 პროექტი დაფინანსდა.

 

“თორნიკე რიჟვაძის მამა არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა”- დაკავებულის ძმა

“თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, პოლიციის განყოფილებაში შეგვხვდა და არჩევნებისთვის დახმარებას გვთხოვდა, ჩვენ სპორტსმენები ვართ… უარი ვუთხარით და სამაგიერო ასე გადაგვიხადეს,” – აღნიშნა დღეს, 15 ივნისს, აჭარის მთავრობის სახლთან ფირუზ წულუკიძემ. ის ხულიგნობის მუხლით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმაა. ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დააკავეს და კონფლიქტის მეორე მხარეს ვინც იყო და ბრალდებულები დაჭრა კიდეც, არ დაუკავებიათ.

“საუბარია ზონდერობაზე? რას გთხოვდნენ?” – ჟურნალისტების კითხვას ფირუზ წულუკიძემ მოკლედ უპასუხა, რომ სიტყვა „ზონდერი“ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, მაგრამ, ფაქტობრივად, დავით რიჟვაძე, რომელიც პოლიციაში წლების განმავლობაში მუშაობდა, წინასაარჩევნოდ ზონდერჯგუფს ქმნიდა.

ფირუზ წულუკიძის თქმით, კონსპირაციული შეხვედრა პოლიციის განყოფილებაში რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე შედგა.

“ამ შეხვედრას ვესწრებოდი მეც და კოტე ანანიაშვილიც,” – დასძინა ფირუზ წულუკიძემ. კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის უფროსია.

თუ ეს სიმართლეა, რატომ არ თქვა ამის შესახებ წინა აქციებზე, სადაც ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებთან წინააღმდეგობის გაწევისთვის 30-მდე პირი დააკავეს?

“მაშინ მოლოდინი გვქონდა, რომ პროკურატურა მოლაპარაკებაზე წამოვიდოდა… იყო საუბარი, რომ პირობითი მსჯავრი იქნებოდა. თუ არ გაათავისუფლებენ რეზოს და ელდარს, ჩვენ ფაქტებსაც წარმოვადგენთ ამ შეხვედრის შესახებ,” – გვიპასუხა ფირუზ წულუკიძემ.

ფირუზ წულუკიძის თქმით, ის და მისი მეგობრები ხულოს მაღალმთიან სოფლებში საკვებ პროდუქტებს არიგებდნენ და ამით მიიქციეს მთავრობის ყურადღება. იგი გამორიცხავს იმას, რასაც აქციის მონაწილეები და ამ ოჯახის ახლობლები ამბობდნენ წინა აქციებზე – ბიზნესმენებისგან ფულის მიღება იმის სანაცვლოდ, რომ მათ “შემწერისგან” გათავისუფლებაში ეხმარებოდნენ.

აქცია ბათუმში, მთავრობის სახლთან

“ჩვენი ფულით და ჩვენი ინტერესით ვაკეთებდით ამას, არავითარი პოლიტიკა აქ არ იყო… ბინაც გავყიდე მანამდე და იმ ფულსაც ხალხს ვახმარდი”, – ირწმუნება ფირუზ წულუკიძე.

აქციის მონაწილეები ჯერ არ აზუსტებენ, რა ფორმით გაგრძელდება ამჯერად საპროტესტო აქცია.

___

ამავე თემაზე:

აქცია აჭარის მთავრობასთან 2 დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით

 

ქალის სექსუალური შევიწროვებისთვის კაცი 300 ლარით დააჯარიმეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. 300 ლარით დააჯარიმეს.

პოლიციის ინფორმაციით, ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული

სექსუალური შევიწროების შესახებ. „პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ს.ჯ. სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა“.

„გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია“ – თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია სარფში

დღეს, 15 ივნისს, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სარფში საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ სარფის საბაჟო უნდა გახსნას, ან დაასაქმოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, ან თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს.

„ჩვენ არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს, საზღვარი დაკეტილია და უმუშევარი დავრჩით. გვინდა გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია. რა ვქნათ, მშიერი დავრჩით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილე ასმათ ცენტერაძე.

„ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას, ან დაგვასაქმოს, ან გაგვიხსნას საზღვარი, რომ შევძლოთ მუშაობა. ვირუსიც გაგვეგება და საფრთხეებიც, მაგრამ თუ ტურისტისთვის შეიძლება შემოსვლა, მაშინ ჩვენთვისაც შეიძლება გასვლა. თუ არა და, რა კოვიდ 19-ს მოვუკლივარ და რა შიმშილს. ოჯახს თუ შიმშილის მოვკლავთ, არავითარი აზრი არ აქვს“, – ამბობს ციალა თებიძე. რომელიც ასევე დასძენს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, პირადად გადასცეს უმუშევრად დარჩენილმა ქალებმა განცხადებები, თუმცა აჭარის მთავრობის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მიუღიათ.

უმუშევრად დარჩენილი ციალა თებიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა იპოვოს.

„რომ არ მუშაობს ამდენი ადამიანი, ამათ დახმარება არ უნდათ? ყოველდღიურად რომ 5 ათასი კაცი გადადიოდა საზღვარზე და ახლა ვეღარ გადადის, რითი ირჩენს თავს, არ უნდა დაფიქრდეს? ჩვენი თურქეთში მუშაობით რამდენი ათასი კაცი იყო ქვეყანაში დაპურებული, ამას ხელისუფლება ვერ ხედავს? ამიტომ იყო რომ შიმშილით არ კვდებოდა საქართველო, ეს ხომ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ“.

„ბათუმელები“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს მზია მჟავანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, აქციის მიზანია, საქართველომ გახსნას სარფის საზღვარი, რომ უმუშევრად დარჩენილმა მოსახლეობამ დასაქმება შეძლოს. „როგორც თურქეთმა გახსნა საზღვარი, გვინდა, რომ საქართველომაც გახსნას. ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს ოჯახში, ფული გამოგველია, მამა მყავს მოხუცი, ორი შვილი მყავს და საარსებო წყარო აღარ გვაქვს. გახსნან საზღვარი, რომ გადავიდეთ და ვიმუშაოთ“, – ამბობს მზია მჟავანაძე.

თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ათეულობით საქართველოს მოქალაქე დარჩა შემოსავლის გარეშე. კორონავირუსის ეპიდემიამდე, სარფის საზღვარს დღეში ათასობით ადამიანი კვეთდა. საქართველოს მოქალაქეები საზღვრისპირა მაღაზიებში, კაფე-ბარებსა და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებში იყვნენ დასაქმებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთში დასაქმებული ქალები აქციას მართავენ.

ამავე თემაზე:

 

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

ბათუმის აეროპორტის გასაფართოებლად სამუშაოები დაიწყო

„ტავ ჯორჯიამ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.  კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უკვე შემოისაზღვრა ტერიტორია, სადაც ივლისიდან სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის „ტავ ჯორჯია“ 14 მილიონ დოლარს დახარჯავს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად 2021 წლის თებერვალია გათვალისწინებული. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

მთავარი ფოტო: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი/ტავ ჯორჯია

ამავე თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

გორგილაძის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ ცალმხრივი გახდება

ბათუმის მერია ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეცვლას გეგმავს.

დაგეგმილი ცვლილებით:

გორგილაძის ქუჩაზე იქნება ცალმხრივი მოძრაობა ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საპირისპიროდ კი, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს;

ცალმხრივი მოძრაობა იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე, ამავე მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთშიც საპირისპირო მიმართულებით მხოლოდ ავტობუსი იმოძრავებს;

ცალმხრივი გახდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, ლორიას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით;

გრიბოედოვის ქუჩა კი, ცალმხრივი გახდება ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და მოძრაობა მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება. გრიბოედოვისა და რუსთაველის კვეთაში გაიხსნება გზაგამყოფი, განთავსდება შუქნიშანი და გრიბოედოვის ქუჩიდან ავტომობილებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ რუსთაველის ქუჩაზე, როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით;

გორგასლის ქუჩაზე კი, დღეს არსებული ცალმხრივი მოძრაობა [ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით] მთლიანად შეიცვლება და ამ ქუჩაზე მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით იქნება – გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან ბარათაშვილის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია. ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვისათვის ჩვენ მიერ მუშავდება ახალი მოდელი… ცვლილებები შემუშავებულია მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქში BUS LANE-ების სისტემის დანერგვის მიზნით. ცვლილებების შემდეგ ქალაქში გაცილებით უკეთესი მოცემულობა გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა დღეს, 15 ივნისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

BUS LANE-ებსა და ქუჩებზე მოძრაობის დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ არ აღდგება – ჯანდაცვის მინისტრი

8 მილიონს უახლოვდება მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღეისათვის ვირუსით დაინფიცირებულია 7 930 989 ადამიანი. მათგან 3 786 462 ადამიანი განიკურნა, 433 783 კი – გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი, 2 094 069 ადამიანი დაინფიცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაიცვალა 115 732 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც დაინფიცირდა 867 624 ადამიანი, მათგან 43 332 – გარდაიცვალა.

მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაინფიცირდა 536 484 ადამიანი, მათგან 7 081 პაციენტი გარდაიცვალა.

41 783 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში, 34 345 – იტალიაში, 29 410 – საფრანგეთში, 27 136 – ესპანეთში, 17 141 – მექსიკაში და 9 661 – ბელგიაში.

ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელება ჩინეთში  დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევებიდან 6 თვის შემდეგ მსოფლიოში სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 7 930 989 შემთხვევა. მხოლოდ ბოლო ექვს დღეში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 794 623 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვინ არიან 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – დასახელდა ათეული

გამოვლინდა 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. სწორედ ამ ათეულიდან დასახელდება ოქტომბერში 2020 წლის საუკეთესო მასწავლებელი, რომელსაც ჯილდოდ 10 ათას ლარს გადასცემენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის ფინალისტები არიან:

  • ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
  • ნათელა დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი
  • ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიოცემა.  კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის –The Global Teacher Prize-ის ნაწილია.

დღეს ზაზა თავაძე საკონსტიტუციოდან მიდის, როდის აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაახლოებით ორ კვირაში ეყოლება – მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება დღეს საღამოს ეწურება.

ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა 2016 წლის ოქტომბრიდან, თუმცა ის მოსამართლე 2010 წლის 15 ივნისს გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლის ვადით ნიშნავენ.

ჯერ უცნობია, ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. სასამართლოს პრესცენტრში განმარტეს, რომ სამ-სამი მოსამართლე ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს კანდიდატებს, რის შემდეგაც პლენუმი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოსამართლე ზაზა თავაძის ადგილს კი 17 ივნისს ვასილ როინიშვილი დაიკავებს, როცა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ვასილ როინიშვილი მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ 29 მაისს დანიშნა. მანამდე – 2006-2008 წლებში ვასილ როინიშვილი აჭარის პროკურორი იყო. მისი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება არაერთი რეზონანსული საქმე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო სერჟანტ როინ შავაძის წამებით მკვლელობის საქმე. აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმის ქუჩაში მოკლული სერჟანტის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.

საკონსტიტუციო სასამართლოში პანდემიის დროს, 3 აპრილს, კიდევ ერთი მოსამართლე გახდა ხვიჩა კიკილაშვილი. ამ პროცესს მესამე სექტორის პროტესტი მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს პროცესი გამჭვირვალე არ არის.

ამ თემაზე:

„წარმოიდგინეთ, პირველკურსელი უცებ გაამწესეს მეცნიერებათა აკადემიაში“ – დოლიძე კიკილაშვილის საკონსტიტუციოში დანიშვნაზე

ეკლესიის გაქურდვისთვის დაკავებული კაცი: მარტში პოლიციამ ისე მცემა, ვერ დავდიოდი

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 27 წლის თემურ ღ.-ს, მას ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის გაქურდვა ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2 ივნისს გაქურდეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30-მდე ლარს და საეკლესიო ნივთებს, რაც ჯამში 1317 ლარის ღირებულების იყო. ბრალდებული სამართალდამცველებმა 13 ივნისს დააკავეს.

ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. პროკურატურა მას მარტსა და აპრილში ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მაცივარში 140 ლარის ღირებულების ნაყინის მასალის მოპარვასაც ედავება, ასევე მოქალაქისთვის ქუჩაში საფულის და მობილურის მოპარვას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში, საბაგიროსთან ახლოს,  სუვენირების მაღაზიაც გაქურდა.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე ბრალთან დაკავშირებით თემურ ღ.-მ არაფერი თქვა. მას სახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი დავით კეკელიძე იცავს, თუმცა დღეს ის პროცესზე არ იყო. პროცესს სხვა ადვოკატი – დავით გოგუაძე ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დავით გოგუაძემ ასევე მოითხოვა ბრალდებულისთვის პატიმრობა არ შეეფარდებინათ, რადგან „არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“.

ბრალდებულმა დუმილი მაშინ დაარღვია, როცა მას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ჰკითხა, ხომ არ იძალადეს მასზე დაკავების დროს ან მას შემდეგ.

„მე პოლიციელებმა მცემეს, ისე მცემეს, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა თემურ ღ.-მ გისოსებით გამოყოფილი ადგილიდან ისე, რომ ფეხზე არ წამომდგარა. მან დააკონკრეტა, რომ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების პოლიციელებმა სცემეს, როცა ის მარტში დააკავეს.

ადვოკატის თქმით, მარტში ბრალდებული ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„ყურებიც საშინელ მდგომარეობაში მქონდა, ვერაფერს ვაკეთებდი, ბებია მეხმარებოდა სახლში, რომ გამევლო, ექსპერტიზაც გავიარე…“ – თქვა ბრალდებულმა.

„ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე… როგორც ჩანს, მსვლელობა დაწყებულია,“ – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს და პროკურორ ლევან მურვანიძეს გახედა. მოსამართლემ აქვე განმარტა, რომ სასამართლო საგამოძიებო ორგანო არ არის, ხოლო ამ ფაქტის შესახებ ის ინფორმაციას პროკურატურას მიაწვდის.

„ვაპირებთ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც,“ – აღნიშნა პროკურორმა ლევან მურვანიძემ და თავის გამოსვლაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქმის პროკურორი იყო მაშინაც, როცა თემურ ღ. ქურდობისთვის გაასამართლეს.

ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე თქვა ისიც, რომ მას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს და უმუშევარია. სასამართლო პროცესს მისი რომელიმე ოჯახის წევრი ან ახლობელი არ დასწრებია.

სეტყვამ ქედასა და შუახევში ნარგავები გაანადგურა, როგორ დაეხმარება მთავრობა დაზარალებულებს

მუნიციპალიტეტების მერები ქედისა და შუახევის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან, სეტყვამ სოფლებში ერთწლიანი ნარგავები შაბათს, 14 ივნისს, დააზიანა.

დაახლოებითი მონაცემებით, რაც ქედის მერმა ლევან გორგილაძემ მოგვაწოდა, სოფლებში – დანდალოში, ხარაულაში, ტაკიძეებსა და ჯალაბაშვილებში მოსავალი გაუნადგურდა 130-მდე ოჯახს:

„სხვაგან შედარებით ნაკლებია ზიანი. კომისია შექმნილია და დაზუსტებაზე მუშაობს. მას შემდეგ, რაც ოჯახების იდენტიფიცირება დასრულდება, კომისია დაასურათებს ვითარებას და დაიწყებს ზიანის  ინდივიდუალურ შესწავლას.“

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც გეგმავს: „ამ წუთებში მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მივდივართ ადგილზე ვითარების გასაცნობად“.

რას დაჰპირდება თორნიკე რიჟვაძე დაზარალებულების, ამის შესახებ სავარაუდოდ მისი პრესსამსახური შეხვედრის შემდეგ გაავრცელებს ინფორმაციას. „ამის შემდეგ გადაწყდება როგორ დავეხმარებით მათ“, – გვითხრა ლევან გორგილაძემ.

სეტყვამ მოსავალი დააზიანა ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ზედაყანასა და ტაკიძეები-ცივაძეებში. მერის ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ სოფლებში დაზარალდა დაახლოებით 60 ოჯახი. დახმარების საკითხი ჯერ არც აქ გადაუწყვეტიათ.

კორონავირუსზე ტესტირება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან, 15 ივნისიდან, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი გაფართოვდება და მისი ჩატარება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში ამბოლატორიულად იქნება შესაძლებელი.

„დღეს სიახლე გახლავთ ის, რომ დამტკიცდება ახალი დადგენილება მთავრობის, რომელიც შეეხება პისიარ ტესტირებასა და ზოგადად ტესტირების კიდევ უფრო გაფართოვებას ქვეყანაში.

ჩვენ ტესტირების საშუალო მაჩვენებელი თებერვალში დღიური გვქონდა – 27, მარტში გვქონდა – 73, აპრილში – 473 და მაისსა და ივნისში, საშუალოდ, დღიურად ვართ 1 480- 1 500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება ტესტირებაში,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ადამიანებს უფრო მარტივად უნდა შეეძლოთ ტესტირება:

„ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს ნებისმიერი ტემპერატურით აუცილებელია, რომ პირმა მიმართოს ცხელების ცენტრს. ხვალიდან ან ზეგიდან კი უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა 25 პოლიკნიკურ დაწესებულებას მიმართონ საქართველოს მასშტაბით, სადაც ამბოლატორიულ პირობებში მათ პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ.“

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა.

გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა.

9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან კი გარემოვაჭრეები გამოჩნდნენ, რომლებიც მუშაობის უფლებას ითხოვდნენ ბათუმში, ფალავანდიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე. გარემოვაჭრეები გასაყიდი ტანსაცმლით თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი საბჭოს შესასვლელში დახვდნენ, მათ არც თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

„არ მიგვიღეს, გვითხრეს, რომ სხდომაა ახლა და არ სცალიაო. ის მაინც ეთქვათ, სხდომა დასრულდება და მერე მოგისმენთო, ძალიან გავბრაზდით,“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი, რომელსაც დეპუტატის სავარძლის დატოვება რამდენიმე წუთში მოუწია.

„…დავჯექი და მიკროფონი გავასწორე. ბუნდოვნად მახსოვს, თორნიკე რიჟვაძე რაღაც ციფრებზე საუბრობდა, როგორ ეხმარებიან ხალხს, ვერ ვუსმინე, არ მაცალეს, ვიღაც თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, ეს დეპუტატის სავარძელია, გვერდით, მოქალაქეების სკამზე გადაჯექითო. ვუთხარი, სადაც მიმითითეს, იქ დავჯექი-მეთქი… ჩემ გვერდით დეპუტატი გია აბულაძე იჯდა, მერე იმას უთხრა, ადგესო. არ ადგებაო იმან უპასუხა, მაგრამ შევწუხდი, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. არაა ლამაზი თქვენი საქციელი ქალბატონოო, რომ მითხრა, ავდექი და გამოვედი,“ – გვიყვება ნანა კინწურაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ არ მოუსმინეს, გარემოვაჭრეები ელიან, ახალ მისამართზე შეძლებენ მუშაობას და ბათუმის მერიას ინიციატივა უკვე შესთავაზეს.

„ჩვენ შევთავაზეთ 23-ე სკოლის უკანა ადგილი, რომელიც ბაზრის გაგრძელებაა… ჯერ პასუხი არ მიგვიღია, სხვანაირად ჩვენს მუშაობას აზრი არა აქვს,“ – დასძინა ნანა კინწურაშვილმა.

ნანა კინწურაშვილი უკვე ათი წელია გარემოვაჭრედ მუშაობს. ამბობს, რომ ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობს შვილებთან ერთად, ბანკის ვალები აქვს და ოჯახის ყოფით პრობლემებზე საუბარი არ სურს.

„გადაკარგეს ხალხი საქართველოდან… მყავს შვილები და მაქვს ბევრი ვალდებულება, ბანკის ვალები… თუ უმუშევარი დავრჩი, ვერც ბანკს მივხედავ და ვერც შვილებს… “ – ამბობს ნანა კინწურაშვილი.

„ნიღაბამოფარებული მთავრობა გვყავს, რომელსაც უბრალო ხალხი არ აინტერესებს,“ – მიიჩნევს გარემოვაჭრე, რომელსაც ასევე ვკითხეთ, თუ რის მიხედვით აკეთებს პოლიტიკურ არჩევანს.

„მე არჩევნებზე მაინც მივალ და ჩემს ხმას დავიცავ, სხვა რა გითხრათ?“ – კითხულობს გარემოვაჭრე.

_____

მთავარი ფოტო: ნანა კინწურაშვილს დეპუტატის სავარძელში ჯდომის უფლება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში მისცეს.

ვისთვის არ იქნება სავალდებულო პირბადის ტარება – მთავრობის განმარტება

დღეს, 15 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, ვისთვის არის სავალდებულო და ვისთვის – არა, საჯარო სივრცეში პირბადეს ტარება.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით პირბადის ტარების სავალდებულო წესი არ შეეხება:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებს
  • მას, ვისაც აქვს სასუნთქი სისტემის პრობლემები, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ბრონქული ასთმის მქონე პირებს
  • შშმ პირებს
  • იმ პირებს, რომლებსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება

ასევე, პირბადის ტარება არ იქნება სავალდებულო, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას. „მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება, ნათელი რომ იყოს საზოგადოებისთვის, რას ვგულისხმობთ,“ –  განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი განცხადებით, პირბადის ტარება სავალდებულოა საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია ორი მეტრი დისტანციის დაცვა:

„შეხვედრაზე გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე, თუ ამ ადამიანს შეუძლია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. პირბადეს გაკეთება სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება მათ შორის ტაქსები და მეტროპოლიტენი.“

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს? – გთავაზობთ რჩევებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრის უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით (ტალღების საერთო ენერგიით) და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს:

  • თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;

როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ შენობაში ვიმყოფებით:

  • სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
  • მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
  • არ ისარგებლოთ ლიფტით;
  • დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
  • თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
  • არ ისარგებლოთ ასანთით.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით:

  • გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
  • არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ.

აჭარაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ,სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, 9 – ქობულეთში. სამუშაოები მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების დაცვით და მაღალი ხარისხით.

ასევე, გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან და მოინახულეს ის სკოლები, სადაც არის გარკვეული გამოწვევები ინფტრასტრუქტურის მიმართულებით და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები.

რა ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის სამსახურებს – სიახლე

ბათუმის მერიამ ე.წ. ქოლცენტრი აამოქმედა, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პირდაპირ დაუკავშირდეს კონკრეტულ სამსახურს.

ქოლცენტრის ნომერია 0 800 000 810 – ამ ნომრიდან შეძლებთ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის კანცელარიის, ჯანდაცვის, ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის, განათლების, ქონების მართვის, მუნიციპალური ინსპექციის, კეთილმოწყობისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურებს.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 15 ივნისს, ისაუბრა შიდა ტურიზმის ამოქმედების შესახებ და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს.

„ბათუმი მზადაა ტურისტების მისაღებად, ინსპექცია ამოწმებს ტურისტულ ობიექტებს დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, გთხოვთ, როგორც ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს, ასევე მოქალაქეებს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ მწვანე ქალაქის სტატუსი,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალურ ინსპექციას შემოწმებული აქვს ასზე მეტი ობიექტი რეგულაციების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის სასტუმროები, აუზები და სილამაზის სალონები.

მალხაზ რეხვიაშვილმა აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა [EMC] მალხაზ რეხვიაშვილის სახელით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მალხაზ რეხვიაშვილი საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების ყოფილი თანამშრომელი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეა. იგი მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

რეხვიაშვილის სამსახურიდან გაუშვეს ფეისბუქში გამოქვეყნებული, ჟურნალისტ თეონა თურმანიძის მხარდასაჭერი სტატუსის გამო.

„მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და ვერ აკმაყოფილებს ამგვარი გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისათვის აუცილებელ წინაპირობებს. სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დასაქმებულისთვის მინიმალური და ბაზისური შრომითი უფლებების დარღვევის გზით, რამაც უხეშად შელახა დასაქმებულის ინტერესები.

EMC-ი მიიჩნევს, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამაგალითო დასჯის აქტს და არის კრიტიკული აზრის ჩახშობის ღია მცდელობა. ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს მენეჯმენტის ღია პოლიტიკას, რომ სათანადო საფუძვლის გარეშე წამოიწყოს თანამშრომლების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები და მიიღოს დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებები. ამის შედეგია ისიც, რომ მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მხრიდან ათზე მეტი სარჩელი არის შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში,“ – აცხადებს EMC-ი.

_____________________

ამავე თემაზე: 

მე-9 სარჩელი კოხრეიძის წინააღმდეგ, რომელმაც ჟურნალისტებს ქცევის წესები განუსაზღვრა სოცქსელში

15 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის პირველწყაროს ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ ეძებენ.

„15 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 – საკარანტინო სივრციდან, ოღონდ ე.წ. შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევებია. დანარჩენი 5 ასევე საკარანტინო სივრციდანაა, ოღონდ მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დაკავშირებული შემთხვევა და ორის წყაროს მოძიება გრძელდება,“ – თქვა ეზგუბაიამ.

მან ასევე დასძინა, რომ ახალი შემთხვევების მატება მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების უგულებელყოფას უკავშირდება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქცევით სწორად. არ ვაკეთებთ დისტანცირებას და არ ვხმარობთ პირადი დაცვის საშუალებებს,“ – განაცხადა მან.

მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 704 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

ბათუმში უარყოფითია 128 პირის ანალიზის შედეგი კორონავირუსზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 128 ლაბორატორიული კვლევის შედეგი Covid19-ზე, უარყოფითია.

სამინისტროს ცნობით, დღეს, 15 ივნისს, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 23 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 16 113 პირს.

აჭარაში უკვე ერთ თვეზე მეტია Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. მათგან კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა პაციენტმა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

ამჟამად აჭარაში არ არის კოვიდდადებითი პაციენტი.

მოლდოველი ჟურნალისტი ქალებზე საქართველოს სოფლიდან

წყარო: platzforma.md

ქალი საქართველოს სოფლიდან თანასწორობასა და რეალობას შორის

„ქალის როლი საქართველოში დიასახლისობა, მზარეულობა, ბავშვების მოვლა და სახლის საქმეების კეთებაა,“ – ასე მითხრა ყველა კაცმა და ქალმა, რომლებსაც სოფელ ზემო მაჩხაანში შევხვდი. სოფელი დედაქალაქ თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კახეთის რეგიონში, ქალაქ სიღნაღთან ახლოს, მთიან ზონაში მდებარეობს და მისი მოსახლეობა სამი ათასზე ოდნავ ნაკლებია.

მთებში ორი საათის მგზავრობის შემდეგ, სოფელ ზემო მაჩხაანში ჩავედით, სადაც რამდენიმე დღე ადგილობრივი მცხოვრებლის ოჯახში გავატარეთ. ავტობუსის კარის გახსნისთანავე მოგვესალმა დაახლოებით 45 წლის კაცი, სახელად ზაქარია, რომელიც მოკლე მისალმების შემდეგ ისე თბილად ჩაგვეხუტა, ისე, თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრება ვიცნობდით და ჩვენი ნივთების გადმოტვირთვა დაიწყო.

ზაქარიამ სახლში ტვირთის გადასაზიდი მიკროავტობუსით წაგვიყვანა. დაგვათვალიერებინა მიდამო, ვნახეთ V საუკუნეში აშენებული რამდენიმე ეკლესია, ასევე კულტურის სახლი და მაღაზიები, რომლებიც გზის პირას მდებარეობს. მიკროავტობუსმა რამდენიმე ასეულ მეტრში უასფალტო გზაზე შეუხვია და ერთ-ერთი სახლის წინ გაჩერდა, რომლის კარიც ღია იყო. აქ დაგვხვდა ნარგიზი, ზაქარიას ცოლი, გოგა, მათი შუათანა ვაჟი და დისშვილი მარიანა, რომელიც არდადეგებზე ბორჯომიდან ჩამოვიდა (დიახ, ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ცნობილი სამკურნალო წყალი მოდის).

ნარგიზი აღელვებული და ამავე დროს გულწრფელი ღიმილით ჩაგვეხუტა, ისე, როგორც დიდი ხნის მონატრებულ ძველ მეგობრებს და გატეხილი რუსულით გვკითხა:

– „Вы не устали? Вы голодные? Пойдёмте, я вам покажу ваши комнаты“ / არ დაიღალეთ? ხომ არ გშიათ? წამოდით, თქვენს ოთახებს გაჩვენებთ. – შეიძლება ბარგი ასე დავაწყოთ?

და წაგვიყვანა სახლის დასათვალიერებლად, რის შემდეგაც სუფრა გაგვიშალეს.

სტუმარს ქართველების სახლში უფრო უკეთ ეპყრობიან, ვიდრე ოჯახის წევრს, მას სთავაზობენ ყველაფერ საუკეთესოს, ხოლო სუფრა სავსე უნდა იყოს ყველაფრით და ასევე მნიშვნელოვანია სუფრაზე ადამიანთა სიმრავლეც. მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს – ყველას ეპატიჟებიან, ყველასთვის იძებნება ადგილი და თითოეულ შევსებულ სასმისთან ერთად, ტრადიციის შესაბამისად, წარმოთქვამენ სადღეგრძელოებს.

პირველ სიტყვას სახლის მეპატრონე ამბობს, ანუ კაცი, რომელსაც „თამადას“ უწოდებენ. პირველი სადღეგრძელო და მომდევნოებიც, რა თქმა უნდა, ქალების იყო და ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ ჩვენ, სტუმრები სოფელში მცხოვრები ქალების შესახებ მასალის გადასაღებად ჩამოვედით. განსაკუთრებული როლი, რომელიც საქართველოში ენიჭება ქალს, საწყისს ისტორიიდან იღებს, ეს მეფე თამარის დამსახურებაა, პირველი ქალისა, რომელიც საქართველოს მმართველი იყო. ამავდროულად ქალების პატივისცემას განსაზღვრავს დედის სიმბოლოც – ქართლის დედა, რომლის მონუმენტიც თბილისში დგას. ესაა ქალის ფიგურა, რომელსაც მარცხენა ხელში ღვინით სავსე ფიალა უჭირავს, რათა შეეგებოს მეგობრად მოსულ სტუმრებს, ხოლო მარჯვენაში ხმალი, მათთვის ვინც მტრად არის მოსული.

სადღეგრძელოებამდე ცოტა რამ უნდა გიამბოთ ზაქარიას და ნარგიზის ცხოვრების შესახებ. ისინი ამ სოფელში დაიბადნენ და ერთად სწავლობდნენ სოფლის სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ზაქარია გაემგზავრა სამხედრო სამსახურში – ჯარში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საინჟინრო ფაკულტეტზე. ნარგიზიც თბილისში წავიდა, სადაც 6 წლის განმავლობაში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, პროფესიით ის საბავშვო ბაღის მასწავლებელია. სოფელში დაბრუნების შემდეგ ზაქარიამ მას ცოლობა სთხოვა (თვითონ ამბობს, რომ პირიქით იყო, ნარგიზმა სთხოვა, ცოლად მოეყვანა), რადგან ნარგიზს ჯერ კიდევ სკოლიდან მოსწონდა ზაქარია, რომელიც კარგად მღეროდა, უკრავდა გიტარაზე, ძალიან კარგად ცეკვავდა და მოზარდობიდან დაიპყრო ნარგიზის გული. ზაქარია მისი პირველი სიყვარული იყო.

ძველი ტრადიციის მიხედვით, რომელსაც განსაკუთრებით იცავდნენ სოფლებში, ქალს არ ჰქონდა თავისუფლება თავად აერჩია ქმარი; ნარგიზის თქმით, ისინი ურთიერთსიყვარულით დაქორწინდნენ. ზოგიერთ მთიან სოფელში ჯერ კიდევ არსებობს შემთხვევები, როდესაც გოგოებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ მამები მათი თანხმობის წინააღმდეგ, რითაც ართმევენ არჩევნის და განათლების უფლებას. ნარგიზი ამბობს, რომ ბოლო დროს ასეთი შემთხვევები სულ უფრო ნაკლებად ხდება.

ნარგიზი განათლებით საბავშვო ბაღის მასწავლებელია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან გათხოვების შემდეგ მალევე დაორსულდა, საჭირო გახდა ბავშვის აღზრდა. მალევე დაიბადა მეორე ბავშვიც, ტრადიციის მიხედვით და მისივე სურვილით მას წილად ხვდა დიასახლისობა და ბავშვების მოვლა. ნარგიზს არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ვერ მოახერხა სამსახურის დაწყება, ბედნიერია იმით, რომ შეუძლია იყოს შვილების გვერდით და დედობრივი სიყვარული არ მოაკლოს მათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნარგიზმა დედაქალაქში 6 წელი იცხოვრა, ამბობს, რომ მშობლიურ სოფელში კარგად ცხოვრობს და არ გრძნობს განსხვავებას ქალაქური ცხოვრებისგან. პირიქით, სოფელში მეტი სიმშვიდეა, დიასახლისის მოვალეობები მას არ ღლის, რადგან ქმარი უზრუნველყოფს ყველანაირი საოჯახო ტექნიკით, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებელი ქალები იყენებენ. ძალიან იღბლიანად და ბედნიერად გრძნობს ქმრის გვერდით და ამბობს, რომ თავის ვაჟებსაც უსურვებს ჰქონდეთ ცოლებთან ასეთივე სიყვარული, როგორც მას და ზაქარიას აქვთ.

– ვინ არის მთავარი ოჯახში?

– მე, – პასუხობს ზაქარია სიცილით.

– რატომ?

– რადგან მამაკაცი ვარ.

– ორივე ერთად არ იღებთ ხოლმე გადაწყვეტილებებს სახლში?

– რა თქმა უნდა, ორივე. ჩვენთან არსებობს თანასწორობა, მაგრამ საქართველოში ცოტა განსხვავებული სიტუაციაა, აქ მამაკაცია ოჯახის თავი. ქალის და მამაკაცის როლი განსაზღვრული უნდა იყოს. ჩვენ იმდენად პატივს ვცემთ ერთმანეთს, რომ არ ვკამათობთ იმის შესახებ, თუ ვინ არის მთავარი ოჯახში.

ზაქარია შეეცადა აეხსნა თავისებურებანი და განსხვავებები, რომელიც არსებობს საქართველოში წყვილების ურთიერთობებში.

ოჯახში ყველა მნიშვნელოვანი და თანასწორია: ქმარი, ცოლი და ბავშვები – განმარტავს ნარგიზი. ქალს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან მამაკაცები, რადგან ისინი დედები არიან, ხოლო დედებს დიდ პატივს სცემენ ქართულ საზოგადოებაში.

– ასე ვართ ჩვენ, ქართველები, ეს არის კავკასიური ქვეყნების სპეციფიკა და ჩვენ ეს მოგვწონს, – მხარს უჭერს ქმარს ნარგიზი.

ოჯახში როლებს ორივე მეუღლე ინაწილებს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია შრომის განაწილებაზე. ზაქარია, სანამ ძალ-ღონე ექნება, არ მისცემს ცოლს მძიმე სამუშაოს შესრულების უფლებას და ის აკეთებს ყველა საქმეს, რომელიც ჩვეულებრივად მამაკაცის გასაკეთებელია. მაგალითად, მეორე დღეს ბალახი იყო გასათიბი სახლის უკან. ზაქარიამ გაამზადა ელექტროცელი და წავიდა სამუშაოდ, ცოლიც მალევე გაყვა ბაღში და მორწყა რამდენიმე ახალდარგული ხე.

– ამ შემთხვევაში ჩემი საქმე არის ხეების მორწყვა, ხოლო ბალახის თიბვა კაცის საქმეა, – განმარტავს ნარგიზი.

– მე ვერ მივცემ უფლებას ცოლს, რომ თიბოს ელექტროცელით, რადგან საშიშია. საქმე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქალს, მამაკაცმა უნდა გააკეთოს. ქალებს საქმე აქვთ შინ, სახლში, ხოლო მამაკაცებს გარეთ, ამაში გამოიხატება თანასწორობა. აბა, ქალი ხომ არ იმუშავებს სახლშიც და გარეთაც?! – ხუმრობს ზაქარია.

ოჯახში სქესის მიხედვით როლების ამგვარი განსაზღვრა მოცემულობად ითვლება, რომელიც ისტორიას, ტრადიციას და რელიგიას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ ესმით გენდერული თანასწორობა სოფელში, გეტყვით, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ არის ის, ვინც ზრუნავს თავის ცოლზე. ზაქარიას და ნარგიზის ოჯახში, ქმარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ცოლს ჰქონდეს ყველანაირი საოჯახო ტექნიკა შრომის გასაადვილებლად, მაგალითად, სარეცხი მანქანა ან სამზარეულოს მოწყობილობები.

ქალი საქართველოში ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რადგან ყოველ დღე უწევს საჭმელის მომზადება ოჯახისთვის, ხოლო მაშინ, როდესაც მოდიან სტუმრები და მენიუ უფრო მრავალფეროვანია, სამზარეულოში დასახმარებლად მოდიან მეზობლები, ნათესავები და მეგობრები. სუფრის გამზადებასაც აქვს გარკვეული წესები გენდერის მიხედვით. ქალები ამზადებენ საჭმელს და შლიან სუფრას, ხოლო კაცები ზრუნავენ სასმელის მოტანაზე (როგორც წესი ღვინის) და საუბრით ართობენ სტუმრებს. თუ მენიუში გათვალისწინებულია მწვადი, მას მხოლოდ კაცები ამზადებენ.

– ქალებმა არ იციან ხორცის მომზადება, – ამბობს ზაქარია.

ევროპელებისთვის ცხადია, მსგავსი აფირმაცია [მტკიცება] აღიქმება დისკრიმინაციად გენდერის ნიშნით, მაგრამ ასე არ არის კავკასიის ქვეყნებში, სადაც ქალები თვითონ ამზადებენ საჭმელს სახლში და ძირითადად, არ სადილობენ რესტორანში. ზაქარიას და განმარტავს, რომ კაცები ყოველთვის უკეთესი მზარეულები არიან, ამიტომ იშვიათია, რომ რესტორნებსა და კაფეებში ქალები მუშაობდნენ მზარეულებად, განსაკუთრებით მაშინ, თუკი რესტორანში მწვადიც მზადდება. ამავდროულად, კაცებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ქალებს საჭმლის მომზადებისას, მაგალითად ზაქარია ოსტატურად ახვევს ხინკალს (ტრადიციული საჭმელი ცომში გახვეული გატარებული ხორცით) და ამაყობს იმით, რომ ეხერხება საჭმლის კეთება.

ქალთა თავისუფლებას ზოგან თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციები აკნინებს. ნარგიზის მეზობელი 75 წელს გადაცილებული ქალი ამბობს, რომ ქალი უნდა იყოს დიასახლისი, უნდა იზრუნოს ქმარსა და შვილებზე. მაგალითად, განათლების მიღება და ოცნებების მიღწევა არ უნდა იყოს ქალის პრიორიტეტების სიაში, რადგან მისი დანიშნულება სხვაა; თუკი რომელიმე ოჯახში ქალი დაჟინებით ითხოვს, წავიდეს, იმუშაოს და განვითარდეს პროფესიული კუთხით, ამან ჩხუბი და შესაძლოა, განქორწინებაც გამოიწვიოს. თუმცა, ამასთან ერთად, ოჯახურ ურთიერთობებში არსებობს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთდახმარება.

მიუხედავად იმ ვალდებულებებისა, რომლებიც აქვთ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ისინი მაინც ახერხებენ მოძებნონ თავისუფალი დრო, რომელსაც, როგორც წესი, ბავშვებთან და მეზობელ ქალებთან ერთად ატარებენ. მას შემდეგ, რაც საუზმეს მოამზადებს, ნარგიზი თავისუფალ დროს ყავას სვამს მეზობელ ქალებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან მისი მეგობრებიც, ან ისევ მათთან ერთად მიდის სოფლის სპორტულ დარბაზში. ქალების თავისუფალ დრო და გართობა მრავალფეროვანი არ არის, მაგრამ მაინც ახერხებენ კარგი დროს გატარებას – უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ მუსიკას ან ქსოვენ. ვინაიდან საჭმლის კეთება საკმაოდ დიდ დროს იკავებს ქალების ცხოვრებაში, სოფელში მცხოვრები ქალები ცდილობენ დაიტოვონ თავისუფალი დროც და სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლისთვის საჭმლის მომზადებაც მოასწრონ.

ნარგიზის უფროსი ვაჟი, გოგა, უნივერსიტეტის სტუდენტია და ძალიან ოპტიმისტურად უყურებს საქართველოში გენდერულ თანასწორობას. ის თვლის, რომ ქვეყნის პროევროპულმა განვითარებამ და სქესის მიხედვით დისკრიმინაციის შემცირებამ უკვე გამოიღო თავისი ნაყოფი, რადგან უფრო და უფრო მეტი ქალი ითავსებს სახელმწიფოში მნიშვნელოვან ფუნქციებს, ეწყობათ ხელი, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კაცის აზრით, ქალის ადგილი სამზარეულოშია, ცვლილებებისა და რეფორმების წყალობით, ახალ თაობაში გენდერული თანასწორობის პრობლემა აღარ იქნება ასეთი მძაფრი, რადგან ახალგაზრდების ხედვა ბევრად განსხვავდება წინა თაობის ხედვისაგან, ხოლო ტრადიციების მიერ დადგენილი შეზღუდვის წესები ქრება. მის ოჯახში ერთმანეთის აზრს პატივს სცემენ და მხარს უჭერენ, სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ გოგას და მის ძმებს თავისუფალი აზროვნება ჩამოუყალიბდათ.

ბოლოს, როგორ შეიძლება ვუპასუხოთ კითხვას, დაცულია თუ არა ქალის უფლებები საქართველოს სოფლებში? კითხვაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკის კაცებს და ქალებს დავუსვით, პასუხი ყოველთვის დადებითი იყო. ქალებს და კაცებს აქვთ თანასწორი უფლებები, მაგრამ არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, რომლებიც ტრადიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს დაცული. ქალმა და კაცმა იციან საკუთარი როლი, განსაკუთრებით ქალებმა და ამას ღებულობენ.

– მე ძალიან კარგად ვცხოვრობ სოფელში. ვზრუნავ ჩემ ქმარსა და შვილებზე, ხოლო ის, თავის მხრივ, ზრუნავს ჩვენზე. ბედნიერები ვართ ერთად და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

ბოლოს ნარგიზს უნდოდა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ სიყვარული მთავარი იდეაა, რომელიც განსაზღვრავს მისი, როგორც სოფლის მაცხოვრებელი ქალის ცხოვრებას.

საქართველოში სოფლად დასაქმების მთავარი სფერო სოფლის მეურნეობაა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალების ანაზღაურება კი 35%-ით ნაკლებია კაცების ანაზღაურებაზე.

როგორც წესი, კაცები იკავებენ უფრო მნიშვნელოვან პოზიციებს, ვიდრე ქალები.

ქალები ძირითადად ითვლებიან დიასახლისებად და ბავშვების მომვლელებად, ეს არის მათი მოვალეობა ოჯახში და ეს არაანაზღაურებადი სამუშაოა;

გენდერის მიხედვით შრომის განაწილების გამო, ქალებს შეზღუდული წვდომა აქვთ ტრენინგებსა და გრანტებზე, რაც მათ მისცემდა პროფესიული თვითრეალიზების მეტ საშუალებას.

 

ტექსტი და სურათი: სერჯიუ ბეჟენარუ

რეჟისორი: ვიორიკა ტატარუ.

პროექტის მეორე ეპიზოდი: „ქალი მოლდოვის სოფლიდან თანასწორობასა და რეალობას შორის“ იხილეთ ქვემოთ

ქალი მოლდოვის სოფლიდან. თანასწორობასა და რეალობას შორის

თურქეთში მიწისძვრა განმეორდა, ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

თურქეთში, ბინგოლის პროვინციაში მიწისძვრა განმეორდა, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ბათუმში, მაღლივ კორპუსებში იყო. ბინგოლის პროვინციაში, გუშინ, 14 ივნისს 5,9 მანგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად არ შეცვლილა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს მიწისძვრის სიმძლავრე 5.4 იყო და თბილისის დროით 10 საათსა და 51 წუთზე დაიწყო. ცენტრში ასევე გვითხრეს, რომ მიწისძვრის მსუბუქი ტალღები გუშინაც დაფიქსირდა, მაგრამ იგი საგრძნობი არ იყო.

„ეს ძლიერ მიწისძვრებს ახასიათებთ, გუშინაც იყო, ახლა 5.4 დაფიქსირდა… ეს ბათუმიდან დაახლოებით 270 კილომეტრითაა დაშორებული, ჩვენ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს,“ – გვითხრეს სეისმურ ცენტრში.

მთავარი ფოტო: 14 ივნისის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთში

აჭარაში თანამდებობის პირი და ექსპერტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსი და ერთი პირი, ხოლო ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე – ექსპერტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიწის მართვის სამსახურის უფროსმა, რომელიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრია, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობების საკუთრების უფლებით აღიარების სანაცვლოდ, ერთი პირის დახმარებით ქრთამის სახით 4 000 აშშ დოლარი გამოართვა.

„აგრეთვე ექსპერტმა, ზემოაღნიშნული პირების მითითებით, 1000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით აღსაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 2002-2006 წლებში აშენების თაობაზე, ყალბი ექსპერტიზის დასკვნა დაამზადა“ – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარებისა და ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ფინკა ბანკში 15 ივნისიდან ფულადი გზავნილების ახალი აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში ფულადი გზავნილების აქცია ბრუნდება. მომხმარებლებს საშუალება აქვთ 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყველანაირი ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, მარტივად განახორციელონ გზავნილი* და ყოველთვე მიიღონ 10, 20, 30, 40, 50 ლარიანი „ქეშბექი“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის –  ამ სამთვიანი აქციის დასასრულს ბანკი 36 სერვის ცენტრიდან გამოავლენს 36 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს  და საჩუქრად 100 ლარის ოდენობის დეპოზიტს გადასცემს, ხოლო სპეციალური პრიზი – 200 ლარიანი დეპოზიტი კი გადაეცემა ყველაზე აქტიურ 10 მომხმარებელს ვინც აქციის პერიოდში ყველაზე მეტი რაოდენობის საერთაშორისო ფულადი გზავნილი განახორციელა.

ისარგებლეთ ფინკა ბანკის ფულადი გზავნილებით, იაქტიურეთ და მიიღეთ პრიზები.

ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისთვის.

აქციის შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ აქ

Exit mobile version