მთავარი,სიახლეები

რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

15.06.2020
რის თქმას აპირებდა გარემოვაჭრე, რომელიც დეპუტატის სავარძელში 5 წუთით აღმოჩნდა

„გონებაში მუდმივად ვალაგებდი, როგორ დამესვა კითხვა, რა მეკითხა, როგორ დამელაგებია სიტყვები…“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი. ის გარემოვაჭრეა და 9 ივნისს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა.

გარემოვაჭრეს სავარძელი დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მას შემდეგ დაუთმო, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გარემოვაჭრეებს სხდომაზე დასწრებაზე უარი უადგილობის გამო უთხრა.

9 ივნისს უმაღლეს საბჭოს ანგარიშს თორნიკე რიჟვაძე აბარებდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს შესასვლელთან კი გარემოვაჭრეები გამოჩნდნენ, რომლებიც მუშაობის უფლებას ითხოვდნენ ბათუმში, ფალავანდიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე. გარემოვაჭრეები გასაყიდი ტანსაცმლით თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი საბჭოს შესასვლელში დახვდნენ, მათ არც თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და არც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

„არ მიგვიღეს, გვითხრეს, რომ სხდომაა ახლა და არ სცალიაო. ის მაინც ეთქვათ, სხდომა დასრულდება და მერე მოგისმენთო, ძალიან გავბრაზდით,“ – იხსენებს ნანა კინწურაშვილი, რომელსაც დეპუტატის სავარძლის დატოვება რამდენიმე წუთში მოუწია.

„…დავჯექი და მიკროფონი გავასწორე. ბუნდოვნად მახსოვს, თორნიკე რიჟვაძე რაღაც ციფრებზე საუბრობდა, როგორ ეხმარებიან ხალხს, ვერ ვუსმინე, არ მაცალეს, ვიღაც თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, ეს დეპუტატის სავარძელია, გვერდით, მოქალაქეების სკამზე გადაჯექითო. ვუთხარი, სადაც მიმითითეს, იქ დავჯექი-მეთქი… ჩემ გვერდით დეპუტატი გია აბულაძე იჯდა, მერე იმას უთხრა, ადგესო. არ ადგებაო იმან უპასუხა, მაგრამ შევწუხდი, ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. არაა ლამაზი თქვენი საქციელი ქალბატონოო, რომ მითხრა, ავდექი და გამოვედი,“ – გვიყვება ნანა კინწურაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ არ მოუსმინეს, გარემოვაჭრეები ელიან, ახალ მისამართზე შეძლებენ მუშაობას და ბათუმის მერიას ინიციატივა უკვე შესთავაზეს.

„ჩვენ შევთავაზეთ 23-ე სკოლის უკანა ადგილი, რომელიც ბაზრის გაგრძელებაა… ჯერ პასუხი არ მიგვიღია, სხვანაირად ჩვენს მუშაობას აზრი არა აქვს,“ – დასძინა ნანა კინწურაშვილმა.

ნანა კინწურაშვილი უკვე ათი წელია გარემოვაჭრედ მუშაობს. ამბობს, რომ ბათუმში, ნაქირავებში ცხოვრობს შვილებთან ერთად, ბანკის ვალები აქვს და ოჯახის ყოფით პრობლემებზე საუბარი არ სურს.

„გადაკარგეს ხალხი საქართველოდან… მყავს შვილები და მაქვს ბევრი ვალდებულება, ბანკის ვალები… თუ უმუშევარი დავრჩი, ვერც ბანკს მივხედავ და ვერც შვილებს… “ – ამბობს ნანა კინწურაშვილი.

„ნიღაბამოფარებული მთავრობა გვყავს, რომელსაც უბრალო ხალხი არ აინტერესებს,“ – მიიჩნევს გარემოვაჭრე, რომელსაც ასევე ვკითხეთ, თუ რის მიხედვით აკეთებს პოლიტიკურ არჩევანს.

„მე არჩევნებზე მაინც მივალ და ჩემს ხმას დავიცავ, სხვა რა გითხრათ?“ – კითხულობს გარემოვაჭრე.

_____

მთავარი ფოტო: ნანა კინწურაშვილს დეპუტატის სავარძელში ჯდომის უფლება მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში მისცეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: