Batumelebi | კორონავირუსზე ტესტირება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე კორონავირუსზე ტესტირება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე – Batumelebi
RU | GE  

კორონავირუსზე ტესტირება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან, 15 ივნისიდან, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი გაფართოვდება და მისი ჩატარება საქართველოს მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში ამბოლატორიულად იქნება შესაძლებელი.

„დღეს სიახლე გახლავთ ის, რომ დამტკიცდება ახალი დადგენილება მთავრობის, რომელიც შეეხება პისიარ ტესტირებასა და ზოგადად ტესტირების კიდევ უფრო გაფართოვებას ქვეყანაში.

ჩვენ ტესტირების საშუალო მაჩვენებელი თებერვალში დღიური გვქონდა – 27, მარტში გვქონდა – 73, აპრილში – 473 და მაისსა და ივნისში, საშუალოდ, დღიურად ვართ 1 480- 1 500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება ტესტირებაში,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ადამიანებს უფრო მარტივად უნდა შეეძლოთ ტესტირება:

„ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს ნებისმიერი ტემპერატურით აუცილებელია, რომ პირმა მიმართოს ცხელების ცენტრს. ხვალიდან ან ზეგიდან კი უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მოქალაქეებმა 25 პოლიკნიკურ დაწესებულებას მიმართონ საქართველოს მასშტაბით, სადაც ამბოლატორიულ პირობებში მათ პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.