მთავარი,სიახლეები

„გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია“ – თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია სარფში

15.06.2020 • 3471
„გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია“ – თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია სარფში

დღეს, 15 ივნისს, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე თურქეთში მუშაობდნენ, სარფში საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ სარფის საბაჟო უნდა გახსნას, ან დაასაქმოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, ან თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს.

„ჩვენ არანაირი შემოსავალი აღარ გვაქვს, საზღვარი დაკეტილია და უმუშევარი დავრჩით. გვინდა გახსნან საზღვარი, ან მოგვცენ კომპენსაცია. რა ვქნათ, მშიერი დავრჩით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის მონაწილე ასმათ ცენტერაძე.

„ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას, ან დაგვასაქმოს, ან გაგვიხსნას საზღვარი, რომ შევძლოთ მუშაობა. ვირუსიც გაგვეგება და საფრთხეებიც, მაგრამ თუ ტურისტისთვის შეიძლება შემოსვლა, მაშინ ჩვენთვისაც შეიძლება გასვლა. თუ არა და, რა კოვიდ 19-ს მოვუკლივარ და რა შიმშილს. ოჯახს თუ შიმშილის მოვკლავთ, არავითარი აზრი არ აქვს“, – ამბობს ციალა თებიძე. რომელიც ასევე დასძენს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, პირადად გადასცეს უმუშევრად დარჩენილმა ქალებმა განცხადებები, თუმცა აჭარის მთავრობის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მიუღიათ.

უმუშევრად დარჩენილი ციალა თებიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა იპოვოს.

„რომ არ მუშაობს ამდენი ადამიანი, ამათ დახმარება არ უნდათ? ყოველდღიურად რომ 5 ათასი კაცი გადადიოდა საზღვარზე და ახლა ვეღარ გადადის, რითი ირჩენს თავს, არ უნდა დაფიქრდეს? ჩვენი თურქეთში მუშაობით რამდენი ათასი კაცი იყო ქვეყანაში დაპურებული, ამას ხელისუფლება ვერ ხედავს? ამიტომ იყო რომ შიმშილით არ კვდებოდა საქართველო, ეს ხომ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ“.

„ბათუმელები“ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს მზია მჟავანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, აქციის მიზანია, საქართველომ გახსნას სარფის საზღვარი, რომ უმუშევრად დარჩენილმა მოსახლეობამ დასაქმება შეძლოს. „როგორც თურქეთმა გახსნა საზღვარი, გვინდა, რომ საქართველომაც გახსნას. ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს ოჯახში, ფული გამოგველია, მამა მყავს მოხუცი, ორი შვილი მყავს და საარსებო წყარო აღარ გვაქვს. გახსნან საზღვარი, რომ გადავიდეთ და ვიმუშაოთ“, – ამბობს მზია მჟავანაძე.

თურქეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ათეულობით საქართველოს მოქალაქე დარჩა შემოსავლის გარეშე. კორონავირუსის ეპიდემიამდე, სარფის საზღვარს დღეში ათასობით ადამიანი კვეთდა. საქართველოს მოქალაქეები საზღვრისპირა მაღაზიებში, კაფე-ბარებსა და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებში იყვნენ დასაქმებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქეთში დასაქმებული ქალები აქციას მართავენ.

ამავე თემაზე:

 

თურქეთში დასაქმებული ქალების აქცია ბათუმში – „დაიწყება მასობრივი შიმშილობა“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: