მთავარი,სიახლეები

„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში 

15.06.2020 • 3454
„45 წლის ასაკში პირველად დავსაქმდი“ – ევროკავშირის დაფინანსებული ბიზნესი ხულოში 

,,დიასახლისი ვიყავი აქამდე, დიდი ოჯახი გვაქვს: მეუღლე, სამი შვილი, მული, დედამთილი. მიწას ვამუშავებთ, ძროხებს ვუვლით. შვილები უკვე დაიზარდნენ. მომწყინდა სახლში და მუშაობა დავიწყე“, – ხულოში მცხოვრები მადონა დუმბაძე სულ ერთი კვირაა, რაც ნიღბებისა და მაისურების კერვას სწავლობს, საქმეს ალღო ადვილად აუღო, პირველად წავიდა ერთი კვირის წინ სახლიდან სამსახურში და მალე საკუთარი პირველი ხელფასიც ექნება. 19 წლის დაქორწინდა, მიიჩნევს, რომ აქამდე მთელი მისი ენერგია შვილებს და ოჯახს სჭირდებოდა, ახლა კი თავისუფალი დრო აქვს და მუშაობას შეძლებს.

,,მედდის საქმე ვიცი, მაგრამ არ მიმუშავია. სახლიდან გასვლა ჩემთვის ხალისს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას ნიშნავს. თავისუფლება ნიშნავს ყველა თანაბრად ვიყოთ თავისუფლები, ქალებიც, კაცებიც და განვვითარდეთ“, – ამბობს მადონა.

სამკერვალო ,,ბეკი” ხულოში

სამკერვალოში ,,ბეკი”, სადაც მან რამდენიმე დღის წინ დაიწყო მუშაობა, კიდევ 8 ქალი დასაქმდა. ზოგისთვის ეს, მადონას მსგავსად, პირველი სამსახურია. ,,ბეკიში” ახლა ნიღბებსა და მაისურებს კერავენ, გეგმავენ სასტუმროს ხალათებისა და პირსახოცების კერვასაც, რაზეც აჭარაში ტურიზმის განვითარების მზარდი ტენდენციის ფონზე დიდი მოთხოვნაა.

ხულოში მცირე საწარმოს გახსნის იდეა ერეკლე კირთაძეს მას შემდეგ მოუვიდა, რაც ხულოს სოფლების განვითარებისთვის ევროკავშირმა აქ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაიწყო. მთის კანონის მიხედვით, მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესი სახელმწიფო გადასახადებისგან თავისუფლდება. ეს ნიშნავს, რომ მცირე საწარმოს საკუთარი მოგება თითქმის სრულად დარჩება.

სწორედ აქედან გამომდინარე, ერეკლე კირთაძე ფიქრობს, რომ მისი პროექტი წარმატებული იქნება, შესაბამისად, ამ პროექტში ჩართულ 8 ქალს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.

სამკერვალო ,,ბეკი” ხულოში

„თავიდან ვფიქრობთ დისტრიბუციაზე აჭარის რეგიონში. შემდეგ კი, თუ ისე გავაფართოვებთ საწარმოს, როგორც გეგმაში გვაქვს, მთელ საქართველოში გავყიდით პროდუქტს, ვიმუშავებთ შეკვეთებზეც“, – ამბობს ერეკლე კირთაძე. მისი თქმით, მცირე საწარმოში დასაქმებულებს ხელფასი იმაზე მეტი ექნებათ, ვიდრე აჭარის სხვა სამკერვალოებში აქვთ.

სამკერვალო ხულოში 8000 ევროთი დაფინანსდა ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD 2-ის  ფარგლებში.

ადგილობრივი მეწარმეობის დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონების, მათ შორის, ხულოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ხშირად აქ მცხოვრები ადამიანები ტოვებენ სახლ-კარს ქალაქში სამსახურის პოვნის იმედით, რადგან ადგილზე დასაქმება ჭირს.

„მინდოდა სამსახური, სადაც უფროსი არ მეყოლებოდა“

ალბათ ვერც კი იფიქრებთ, რომ ერთმა პატარა სასურსათო მაღაზიამ ხულოს ცენტრში შეიძლება ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს. როგორც რამინ სოლომონიძე ამბობს, ასეთმა მაღაზიამ მისი ცხოვრება შეცვალა და მეტიც, მას თავისუფლება დაუბრუნა.

„ბათუმში ვცხოვრობდი, ნაქირავებში, ვმუშაობდი სადღაც, მშენებლობაზე, მოსაწყენია სხვისთვის ასე მუშაობა, ხელფასზე დამოკიდებულება. მინდოდა სამსახური, სადაც უფროსი არ მეყოლებოდა. ჩემთვის მთავარი იყო თავისუფალი ვყოფილიყავი და ვარ. არ ვამბობ, რომ საოცარი ბიზნესი მაქვს და რამე განსხვავებულს ვაკეთებ, მაგრამ არაფერს მიმითითებს არავინ, ჩემთვის მთავარი ესაა. ასეთი ადამიანი ვარ: არ შემიძლია ვინმეს დავემორჩილო, ზუსტად იმ დროს ავდგე, რა დროსაც სხვა მეტყვის.

ახლა, როცა ჩემი მაღაზია მაქვს, შეიძლება დილის 6-ზეც ავდგე ხანდახან და არ მეზარება. ვიცი, ამას არავინ მაძალებს და ჩემი ნებით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. წარმატებაც და წარუმატებლობაც ჩემი დამსახურება იქნება, ყველაფერი, რასაც შედეგად მივიღებ“, – გვიყვება სასურსათო მაღაზიის მეპატრონე. როგორც ის ამბობს, ასეთი მაღაზიის გახსნაც არ არის მარტივი და ერთი შეხედვით, წვრილმანების გაუთვლელობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს ისე, რომ ძალიან გაჭირდეს საწყის პოზიციაზე დაბრუნება.

მართალია, რამინის მაღაზია პატარაა, მაგრამ ხულოს ცენტრში ისეთ ადგილზეა, სადაც ზაფხულობით აქ ჩამოსული ყველა ტურისტი გაივლის და ტრანსპორტიც აქ იყრის თავს. გადაწყვიტა, რომ ჩამოსასხმელი ნაყინი კარგად გაიყიდებოდა და პროექტი დაწერა ევროკავშირის კონკურსისთვის – 2600 ევროთი დააფინანსეს და ჩამოსასხმელი ნაყინის ერთადერთი აპარატი ახლა ხულოში რამინის მაღაზიაში. სულ 20, 25 დღეა რაც დანადგარი გამართა და ნაყინის ჩამოსხმა ისწავლა და ცდილობს ნელ-ნელა დახვეწოს, მანამდე კი უფასოდ ხშირად უმასპინძლდება სიცხეში ხულოს ცენტრში შეკრებილ ბავშვებსა და უფროსებს შოკოლადის, მარწყვისა და ვანილის ნაყინით.

რამინ სოლომონიძე

როცა ბეშუმში ტურისტები ჩავლენ, გეგმავს ცივი წვენებისა და ნაყინის ადგილზე მიტანის მომსახურება დანერგოს კურორტზე. ნაყინის დანადგარსაც დროებით იქ წაიღებს.

რამინ სოლომონიძის სასურსათო მაღაზია ერთადერთია ხულოში, სადაც ჩამოსასხმელი ნაყინის დაგემოვნებაა შესაძლებელი

ევროკავშირმა, სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ხულოსთვის 2 მილიონი ევრო გამოყო

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის [ENPARD], ხულოს მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს. პროგრამას ადგილობრივ დონეზე ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელი (HMMR) და PMC კვლევითი ცენტრი. პროექტის ფინანსური კონტრიბუტორები არიან ევროკავშირი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 2 მლნ ევროს, საიდანაც ერთი მლნ ევრო მიეკუთვნება საგრანტო კომპონენტს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინა რამინმა ნაყინის ჩამომსხმელი დანადგარი. ევროკავშირის დაფინანსებითვე გაიხსნა სამკერვალო საწარმო „ბეკი“.

ბოლო მონაცემებით, არასასოფლო სამეურნეო მეწარმეობის, კერძოდ მცირე ბიზნესის განსავითარებლად 417 514 ევრო დაიხარჯა. ამასთან, ბენეფიციარების ფინანსურმა თანამონაწილეობამ შეადგინა 127 363 ევრო. თითოეულ ბიზნესიდეის ავტორს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2-დან 60 ათას ევრომდე მოცულობის პროექტის დაწერა შეეძლო. აუცილებელი პირობა იყო ბიზესსაქმიანობა ეწარმოებინათ ხულოს მუნიციპალიტეტში და დარეგისტრირებული ყოფილიყვნენ იურიდიულ პირად. საერთო ჯამში,  აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით 71 პროექტი დაფინანსდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: