მთავარი,სიახლეები

სუსმა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი დააკავა

14.06.2020 • 2232
სუსმა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი დააკავა

„არ ვიცი, რის გამო დააკავეს, რა იყო მიზეზი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, თეიმურაზ ხალვაში. მისი თქმით, მერაბ კახიძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში მიწის მართვის სამსახურის უფროსია და 2014 წლიდან ხელვაჩაურის მიწის კომისიის მოწვეულ სპეციალისტად მუშაობდა.

მერაბ კახიძე სუს-ის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში გუშინ, საღამოს 6 საათზე, დააკავეს.

საქმის დეტალებს ჯერჯერობით არც სუს-ი განმარტავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.

„მე როგორც ვიცი, ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, მეტი არაფერი ვიცი,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მიწის კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ხალვაში. მისი თქმით, მას გამომძიებლებმა არ უთხრეს, რას ედავებიან მერაბ კახიძეს.

„ზოგადი დახასიათება მთხოვეს, ზოგადი ინფორმაცია, რამდენი ხანი მუშაობდა, რა იყო მისი უფლებამოსილება, როგორ მუშაობდა. ვუთხარი, რომ ის მოწვეული სპეციალისტია, სულ ეს იყო,“ – აღნიშნა თეიმურაზ ხალვაშმა.

გადაბეჭდვის წესი